მთავარი,სიახლეები

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის გამო ქვის ჯვარს გადაიტანენ

10.01.2018 • 2994
საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის გამო ქვის ჯვარს გადაიტანენ

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია – მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება. სამშენებლო ტერიტორიაზე აღმართულია ჯვარიც, რომლის გადატანის საკითხზე მოლაპარაკება ეკლესიის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა და ჯვარს ეკლესიის მიერ შერჩეულ ადგილზე გადაიტანენ, თუმცა სად, მთავრობაში ვერ აკონკრეტებენ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც სტადიონი უნდა აშენდეს, ფიქრობდნენ ახალი საკათედრო ტაძრის აშენებას. იყო შესაბამისი ხელმოწერებიც, თუმცა ამ დროისთვის ადგილი ბათუმში, სადაც საკათედრო ტაძარი აშენდება, შერჩეული არ არის.

„ჯვარს, ვიდრე საკათედრო ტაძრის მშენებლობის საკითხი გადაწყდება, დროებით, რომელიმე მშენებარე ტაძართან გადაიტანენ“, – გვითხრეს ეპარქიაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შესაძლოა ჯვარი დროებით, ბაგრატიონის ქუჩის მხარეს გადაიტანონ, საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, რათა სამუშაოები არ შეფერხდეს.

ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს. შპს „სტადიონმა“, რომელიც სტადიონის მშენებლობას უწევს ზედამხედველობას, რამდენიმე დღის წინ მშენებლობის ეტაპების დასრულების დადასტურების საექსპერტო მომსახურებაზე გამოაცხადა ტენდერი.

როგორც შპს „სტადიონში“ აცხადებენ, საფეხბურთო სტადიონი V კლასს მიკუთვნებული ნაგებობაა, რომლის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. ამასთან, კანონით, აუცილებელია სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის განხორციელების ეტაპების დასრულება დაადასტუროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

„ტენდერით შევარჩევთ ექსპერტს, რომელიც ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ვალდებული იქნება მოვიდეს, დაადასტუროს და ეს ინფორმაცია გადაიგზავნება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში. სულ იქნება დაახლოებით 13-დან 15-ეტაპამდე“, – აცხადებს სულხან ხალვაში, შპს „სტადიონის“ დირექტორი.

შპს „სტადიონმა“ კიდევ ერთ, მშენებლობის ზედამხედველის შერჩევაზე უნდა გამოაცხადოს ტენდერი, რომელიც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას გააკონტროლებს. ტენდერის გამოცხადებამდე კი, როგორც კომპანიაში გვითხრეს, მიმდინარე სამუშაოებს მათი ინჟინერი ზედამხედველობს.


შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე, ხელშეკრულება 2016 წლის დეკემბერში გაფორმდა. შპს „ანაგი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საფეხბურთო სტადიონი 34 თვეში უნდა ააშენოს.

ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ბიუჯეტიდან მშენებელ კომპანიას შპს „სტადიონის“ ანგარიშიდან გადაუხდიან არა 99,4 მილიონს, არამედ 117,3 მილიონ ლარს, საიდანაც „ანაგი“ 18 მილიონამდე ლარს, როგორც დღგ-ს, გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტში.

ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია ბათუმში, სადაც საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს / 7.01.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: