მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

უბანი გზის გარეშე

19.01.2018 • 2246
უბანი გზის გარეშე

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანში მცხოვრები ოჯახები გარე სამყაროს საცალფეხო ბილიკითა და მდინარე აჭარისწყალზე არსებული ბაგირის ხიდით უკავშირდებიან. როცა მდინარეში წყალი მატულობს, მდინარის კალაპოტიდან წყალი გადმოდის და ბაგირის ხიდამდე მისასვლელ ტერიტორიას ტბორავს.

დუმბაძეების უბანთან დასაკავშირებლად არის შემოვლითი გზაც, რომელიც იმდენად არის მწყობრიდან გამოსული, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილიც კი ვერ გადაადგილდება. ეს გზა გასულ საუკუნეშია გაკეთებული, როდესაც დუმბაძეების უბნის მიმდებარედ ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული.

ქედის მერიის ინფორმაციით, მერია დუმბაძეების უბანთან დასაკავშირებლად ახალ გზას აშენებს – სოფელ ჭალახმელადან.

ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის თქმით, პირველ ეტაპზე გრუნტის გზა მოეწყობა, დაახლოებით სამი კილომეტრი გზა გაიჭრება და საცხოვრებელ სახლებამდე მსუბუქი ავტომობილი რამდენიმე თვეში ათეული წლების შემდეგ ისევ მივა.

„გზის მშენებლობა დაწყებულია, დაახლოებით სამი კილომეტრი ახალი გზა გავა. რაც შეეხება შემოვლით გზას, რომელიც წლების წინ გაკეთდა და რომელზეც გადაადგილებას მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილი თუ შეძლებს, მეწყერი ხშირად ვითარდება და გზას კეტავს, შესაბამისად, ამ გზის მოწესრიგება არახელსაყრელი იყო. ახალი გზა მაისამდე გაიხსნება, ამ გზით ის ადამიანებიც ისარგებლებენ, რომლებსაც იმ ტერიტორიაზე სავარგულები აქვთ და იმის გამო, რომ ავტომობილი ვერ გადაადგილდებოდა, არ ამუშავებდნენ,“ – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.

ახალი გზის მშენებლობისთვის ქედის მერიას 65 643 ლარი აქვს გამოყოფილი და ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულებაც დადებულია.

ბაგირის ხიდთან მისასვლელი გზა ქოსოფელში

ბაგირის ხიდი ქოსოფელში დუმბაძეების უბანთან დასაკავშირებლად ერთადერთი საშუალებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: