მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რამდენით გაიზარდა ხელფასები ქედაში

18.01.2018
რამდენით გაიზარდა ხელფასები ქედაში

ქედის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ თანამშრომლებს სახელფასო სარგო გაეზარდათ. თანამდებობრივი სარგოს ცვლილება ქედის საკრებულომ დღეს, 18 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ყოველთვიურად ხელფასის სახით 3 500 ლარს, მოადგილე კი – 2 200 ლარს აიღებს. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები – 1 700, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები კი – 1200 ლარს აიღებენ.

თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ საკრებულოს რიგით წევრებსაც, ისინი 497 ლარის ნაცვლად 525 ლარს აიღებენ. საკრებულოს აპარატის უფროსის სახელფასო სარგო – 1 500, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი კი 900 ლარია.

რაც შეეხება მერიას, ქედის მერის ხელფასი – 3 500, მერის პირველი მოადგილის – 2 200, მოადგილისა კი  1800 ლარია. მერიის პირველი რანგის თანამშრომლის ანაზღაურება 1 500, მეორე რანგის – 1 200 და მესამე რანგის თანამშრომლის ხელფასი 800 ლარით განისაზღვრა.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე ამბობს, რომ თანამშრომლები დანამატს ვეღარ მიიღებენ და ხელფასის ზრდაც ამან განაპირობა.

„ერთიანი თანამდებობრივი სარგო ჩამოყალიბდა, დანამატი, პრემია აღარ იქნება და განსაკუთრებულად შესრულებული სამუშაოსთვის მხოლოდ ფულადი ჯილდო იქნება. თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა გასული წლის შემოსავლიდან შრომის ანაზღაურების ნაწილის საშუალო მაჩვენებლიდან მოხდა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა, თანამდებობის პირთა ანაზღაურებასთან ერთად შეიცვალა რიგითი დეპუტატების უფლებამოსილების განხორციელებისთვის ანაზღაურება. ჩემი ხელფასის ზრდა უმნიშვნელოა, გასულ წელს ჩემი ანაზღაურება დანამატთან ერთად თვეში 3 000 ლარზე მეტი იყო, დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩემი ხელფასი კი 3 500 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება საკრებულოს რიგით წევრებს, მათი ანაზღაურება განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის შესაბამისად, მათ შეიძლება ჰქონდეთ საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის არაუმეტეს 15 %, შესაბამისად განვსაზღვრეთ მათი ხელფასი,“ – ამბობს შუქრი თურმანიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.