მთავარი,სიახლეები

ასლან აბაშიძის ოჯახმა ვაჟა-ფშაველას #16-ში ბინა იყიდა და სამუშაოებს უნებართვოდ ატარებს

18.01.2018
ასლან აბაშიძის ოჯახმა ვაჟა-ფშაველას #16-ში ბინა იყიდა და სამუშაოებს უნებართვოდ ატარებს

ასლან აბაშიძის შვილის ოჯახი, კონკრეტულად გიორგი აბაშიძის მეუღლე, სალომე ბაჯელიძე, ბათუმში შეძენილი ბინის გარე ფასადზე სამუშაოებს ატარებს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ის ამას უნებართვოდ აკეთებს. სალომე ბაჯელიძის 254 კვადრატული მეტრი ბინა ბათუმის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. კორპუსში, სადაც სალომე ბაჯელიძეს ბინა აქვს ნაყიდი, 1 კვადრატული მეტრი კარკასის ფასი 800 დოლარია. შენობის მეათე, ბოლო სართულზე ბინა კომპანია „დს გრუპმა“ გაყიდა.

რის საფუძველზე ატარებს სალომე ბაჯელიძე სამუშაოებს? – მერიაში გვითხრეს, რომ უწყებას არც დაშენების და არც სხვა რაიმე ტიპის სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი [მოვალეობის შემსრულებელი] მირიან მეტრეველი ადასტურებს, რომ კომპანია დს ჯგუფის მიერ „შემოტანილი იყო განცხადება, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ასახავდა მიმდინარე სამუშაოებს, არსებულ მდგომარეობს“.

არსებული მდგომარეობა კი არის ის, რომ გიორგი აბაშიძის მეუღლეს უკვე მოწყობილი აქვს ახალი სახურავი. ამ ეზოში ამბობენ, რომ ოჯახი ყრუ კედლიდან ფანჯრების გაჭრასაც გეგმავს.

კორპუსი, რომელიც დღეს 10-სართულიანია, თავდაპირველი გეგმით სულაც არ უნდა ყოფილიყო ამ მასშტაბის – პროექტის პირვანდელი ვერსიით სახლი 7-სართულიანი უნდა ყოფილიყო. პროექტი შეიცვალა, ბათუმის მერიამ ეტაპობრივად გასცა სართულების დამატების ნებართვა და ასე გაიზარდა კორპუსი 10 სართულამდე.

თუ სალომე ბაჯელიძის მიერ ჩატარებული სამუშაოებით ვიმსჯელებთ, არ არის გამორიცხული კორპუსი სიმაღლეში კიდევ გაიზარდოს.

კორპუსი ააშენა კომპანია „დს გრუპმა“, რომლის 100% წილის მფლობელი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ბენია დავიდოვია.

კორპუსი, სადაც გიორგი აბაშიძის მეუღლე სამუშაოებს უნებართვოდ ატარებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: