საზოგადოება „ბათომი“ ზურაბ პატარაძეს შეხვდება

დღეს, 31 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, საზოგადოება „ბათომის“ წევრებს შეხვდება. შეხვედრის მიზანი ზონალური საბჭოს დაკომპლექტების წესის განხილვაა.

„ბათომის“ წევრები მიიჩნევენ, რომ ზონალური საბჭო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ არსებულ შენობებზე დაშენების, მიშენების ან ახალი პროექტების განხორციელებაზე გასცემს ნებართვებს,  დაკომპლექტებულია მერიისა და სამინისტროებში მომუშავე ჩინოვნიკებით და არა – პროფესიონალებით, რამაც, ურბანული თვალსაზრისით, მძიმე შედეგები მოუტანა ქალაქს. „ბათომი“ მიიჩნევს, რომ მნიშნელოვანია ზონალურ საბჭოში დარგის სპეციალისტები მოხვდნენ.

„ბათომმა” ზურაბ პატარაძეს შეხვედრის მოთხოვნით ოფიციალური წერილი რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა, შეხვედრა გუშინ, 30 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ამავე თემაზე:

კორუფცია და საზოგადოების ინტერესების გათელვა – ბათომის მიმართვა ზურაბ პატარაძეს 

ქალაქი შენი ფანჯრიდან 

 

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი: სოლიდარობას ვუცხადებ გურამ კაშიას

უცხადებს თუ არა სოლიდარობას ქართველ ფეხბურთელებს და რას ფიქრობს ჰომობოფიის შესახებ? „ბათუმელებმა“ ამ კითხვით  ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს  ოთარ ფედიჩკინს მიმართა. გთავაზობთ კომენტარებს სტილის დაცვით.

ბატონო ოთარ, „ქართველთა  მარშის“ წევრები ფეხბურთის ფედერაციის  წინააღმდეგ აპირებენ აქციის გამართვას, თქვენი პოზიცია როგორია, ვის უცხადებთ მხარდაჭერას, გურამ კაშიას, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლგბტ ადამიანებს, თუ ამ ჯგუფს? 

რა გითხრათ აბა? თქვენ რას ფიქრობთ… რა თქმა უნდა, ვუცხადებ სოლიდარობას კაშიას…

ანუ, ჰომოფობიურ ნიადაგზე ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგი ხართ თუ არა?

მე, პირადად, სოლიდარობას ვუცხადებ გურამ კაშიას. მართლაც ვაჟკაცი ბიჭია, ძალიან მაგარი კაცია, საამაყო ქართველია, დანარჩენი არ ვიცი რა. ჩაგვრის წინააღმდეგი ვარ, გაჭირვებული ხალხია (ლგბტ თემი) და, რა თქმა უნდა, ძალადობა არ არის ლამაზი.

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ გენერალურმა დირექტორმაც განაცხადა, რომ საქართველოში ჰომოფიბია უნდა დასრულდეს.  თქვენი აზრით, უნდა დასრულდეს ჰომოფობია საქართველოში?

რა გითხრათ ეხლა მითხარი. რომ ვთქვა და მერე ამას მოჰყვეს, ეს ჰომოფობი ყოფილა და ა.შ. მე ქრისტიანი კაცი ვარ, ეკლესიაში, მონასტრებში დავდივარ…

მაღალმთიან სოფლებში თოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვს. თოვა დილით დაიწყო და ამ დროისთვის თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრია.

ფოტოები გადაღებულია ღორჯომის ხეობაში, სოფელ მერჩხეთში. ფოტოს ავტორი: ზაზა ბერიძე.

ზაზა ბერიძის ფოტო
ზაზა ბერიძის ფოტო
ზაზა ბერიძის ფოტო
ზაზა ბერიძის ფოტო
ზაზა ბერიძის ფოტო
ზაზა ბერიძის ფოტო

წყალგამძლე ქინდლის ახალი მოდელი ამაზონისგან

ელექტრონული რიდერების მოყვარულებისთვის ამაზონი ხვალ, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან  Amazon Kindle Oasis e-reader -ის მეორე თაობის მოდელს უშვებს, რომელსაც 7 დუიმიანი ეკრანი, წყალგამძლე დიზაინი და აუდიო მხარდაჭერა აქვს, რაც  ქინდლის ისტორიაში პირველად, აუდიო-წიგნების მოსმენის საშუალებასაც იძლევა. ახალი ქინდლი 194 გრამს იწონის და amazon.com-ზე 249,99 $ ეღირება, მის წინამორბედთან შედარებით, რომელიც 289,99 $ ღირს ეს 40$-ით ნაკლები ფასია.

ახალი დიზაინი წინამორბედისას ჰგავს: მარცხენა მხარე შედარებით სქელია და მოსახერხებელია ხელში დასაჭერად, ეს შტრიხი წიგნის ასოციაციას უქმნის მკითხველს. ამჯერად ამაზონმა მკვებავი ელემენტი ელექტრონულ წამკითხვლშივე ჩააშენა. Kindle Oasis-ი ორ საათში იმუხტება კომპიუტერთან USB კაბელის მიერთებით.

განახლებულ ქინდლს დღემდე გამოსულ სხვა მოდელებთან შედარებით ყველაზე დიდი და ნათელი ეკრანი აქვს, რასაც 12 შუქდიოდური ინდიკატორი უზრუნველყოფს. როგორც ამაზონ ქინდლის ყველა სხვა მოდელი, Oasis Kindle-ც თვალებისთვის უსაფრთხოა. შუქი მხოლოდ ეკრანს ანიჭებს ქათქათა ფურცლის ეფექტს და გამოსხივება არ არის მიმართული მკითხველისკენ.

ფოტო: Amazon.com

Oasis Kindle-ის 2017 წლის ახალი მოდელის ზედაპირი ორივე მხრიდან ალუმინის თხელი ფენითაა დაფარული და წყალგაუმტარობას უზრუნველყოფს. აქვს აუდიო, განახლებადი პროგრამული მხარდაჭერა. როგორც ამაზონში ამბობენ, ქინდლის შედარებით ძველ მოდელებსაც ჩაერთვებათ აუდიო მხარდაჭერა შესაბამისი პროგრამის განახლების შემდეგ.

სხვადასხვა მეხსიერების მქონე ახალ Oasis Kindle-ს  ფასიც სხვადასხვა აქვს. 8 გიგაბაიტიანი მოდელი 249,99 $,  32 გიგაბაიტიანი 279,99$ და 32 გიგაბაიტიანი მოდელი Wi-Fi მხარდაჭერით 349,99 $ ღირს ამერიკაში.

ქინდლის მოყვარულები მიიჩნევენ, რომ გაჯეტისთვის ეს ფასი საკმაოდ მაღალია, მით უფრო, რომ 119 $-ად ძველი მოდელის, Kindle Paperwhite-ის შეძენა შეიძლება, რომელსაც მართალია Kindle Oasis-ვით დიდი ეკრანი არ აქვს და არც წყალგამძლეა, თუმცა კითხვისთვის საკმაოდ მოსახერხებელია.

მოქალაქე: ციხისძირში ისტორიულ სახლებს ანადგურებენ

ციხისძირში, ზღვასთან ახლოს, სასტუმრო „კასტელო მარისთან“ ახლოს მდებარე ისტორიული აგარაკები ნადგურდება. 6 აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2016 წელს მიანიჭა ძეგლის სტატუსი. სტატუსის მინიჭების შემდეგ აგარაკების მდგომარეობა არ შეცვლილა. პირიქით, ადგილობრივები ამბობენ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ აგარაკებს მიზანმიმართულად ანადგურებენ.

„არ ვიცი, ვინ ანადგურებს, მაგრამ ამ სახლს ფანჯარა ჰქონდა და მოხსნეს, მალე ალბათ სახურავსაც გადახსნიან. ვიღაცას დანგრევა უნდოდა და ამ სახლების მოშორება აქედან. რომ დაინგრევა, მერე რაღა აზრი აქვს, არ აქცევს არავინ ყურადღებას,“ – ამბობს ციხისძირში მცხოვრები ილია ევანი. მან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ციხისძირის აგარაკები შაბათს, 28 ოქტომბერს მოინახულეს, ძეგლები ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ იქ არ უნახავთ ვინმე, ვინც ყოფილ აგარაკებს ანადგურებდა. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ სახლები დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც იყო გასულ წელს, ძეგლის სტატუსის მინიჭების დროს.

„ამ აგარაკებს ჰყავს კონკრეტული მესაკუთრეები, რომლებსაც კანონის მიხედვით აქვთ ძეგლის მოვლა-შენახვის ვალდებულება. მოვლის განუხორციელებლობაზეც მესაკუთრე აგებს პასუხს. ჩვენ მესაკუთრეებს წერილობით მივმართავთ და შევატყობინებთ ამის შესახებ. ამის შემდეგ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო ხელშეკრულებებს გააფორმებს მესაკუთრეებთან მოვლა-პატრონობაზე. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა ძეგლის გადასარჩენად, “ – აღნიშნა მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა.

რატომ არ მიმართა სააგენტომ ყოფილი აგარაკების მესაკუთრეებს აქამდე? – მირზა ცეცხლაძე ამბობს, რომ ამ კითხვას პასუხი ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გასცეს, რომელსაც აქვს ძეგლის მესაკუთრეებთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება.

„იქ უნდა დადგინდეს, ვინმე მიზანმიმართულად ანადგურებს ამ ძეგლებს, თუ ბუნებრივი პირობების გამო ზიანდება. გეთანხმებით, რომ ამ სახლებს სასწრაფო წესით სჭირდება შველა და სააგენტო ყველაფერს გააკეთებს მათ გადასარჩენად,“ – გვითხრა მირზა ცეცხლაძემ.

ვინ დაადგენს, რა აზიანებს ძეგლებს და მიმართა თუ არა სააგენტომ პოლიციას – სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან ადგილზე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი არ შეუნიშნავთ, საჭიროების შემთხვევაში კი, არ გამორიცხავენ სამართალდამცველებიც ჩართონ ამ პროცესში. მირზა ცეცხლაძის თქმით, ისინი უახლოეს დღეებში დაუკავშირდებიან ყოფილი აგარაკების მესაკუთრეებს და საქმის მასალებს რეაგირებისთვის ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნიან.

სააგენტოს ინფორმაციით, მესაკუთრეები კერძო ფიზიკური პირები არიან, რომლებთანაც ნასყიდობის ხელშეკრულებები 2015 წელსაა გაფორმებული.

ყოფილი აგარაკის შენობები ციხისძირში / აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფოტოები

“ყველამ იცოდა და ყველა დუმდა” – ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია

„არა, მსხვერპლი კი არ ვიყავი, ახლაც ვარ,“ – მითხრა მან, როცა ტელეფონზე დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ნანა [სახელები სტატიაში შეცვლილია. ავტ.] 13 წელი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი ყოფილი მეუღლე – მერაბი ძალადობისთვის არ დასჯილა. ის 2007 წელს განზრახ მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ნანა ამბობს, რომ ყოფილი ქმარი ციხიდან ხშირად ურეკავს და ეუბნება, რომ მალე გათავისუფლდება. ნანა მარტო ცხოვრობს, თავისი ცხოვრება აქვს და საქმე, მაგრამ მოძალადე მისი ცნობიერებიდან ვერ გაქრა. გასაუბრების დროს მან რამდენჯერმე ახსენა, რომ მისი ფსიქიკა ახლა კარგად ყოფნას ვერ ეგუება.

„ბავშვსაც კი, არავინ მისმენდა“

„ის ბავშვობიდანვე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მას შემდეგ მე მუდმივად გავრბივარ, ის კი მომდევს და ჩემს განადგურებას ცდილობს,“ – მითხრა ნანამ, მერე ბათუმური ყავა ჩამოასხა ფინჯნებში, სავარძელში დაძაბული დაჯდა და  განაგრძო:

„სკოლაში ერთად ვსწავლობდით. ჩემი ქმარი, ყოფილ ქმარს ვერ ვეძახი იმდენად ვერ გავიდა იგი ჩემი ცნობიერებიდან, საუკეთესო მოსწავლე იყო, ზრდილობიანი, გალანტური, ულამაზესი… ვგრძნობდი, რომ სადიზმი იყო მასში. სადაც არ უნდა წავსულიყავი, უცებ იქ ჩნდებოდა სრულიად მოულოდნელად, მაკონტროლებდა. შიში ამეკიდა, საპირფარეშოში რომ გავიდოდი, მეგონა, რომ იქაც დამხვდებოდა. ჩემმა ოჯახმა ამის შესახებ იცოდა, მაგრამ არავის უნდოდა ჩემი მოსმენა. ბავშვსაც კი არავინ მისმენდა. მესმოდა, როცა ამბობდნენ, კარგი ოჯახისშვილია, კარგი გვარი აქვს, ლამაზია და ჭკვიანი, მეტი რა გინდაო. მერაბი ბავშვობიდან ასეთი იყო, იმორჩილებდა ქალსაც და კაცსაც. არ მინდოდა, მაგრამ სასწავლებელი როცა დავასრულე და მუშაობა დავიწყე, მომიტაცა. მაშინ 21 წლის ვიყავი, ის – ოცდასამის. აბაშიძის ხელისუფლება იყო. ჩემი მეუღლე ერთ-ერთ დაწინაურებულ გვარს წარმოადგენდა, მეც… მერაბი ამ დროს უკვე შეიარაღებული დადიოდა. ისეთი დრო იყო, ვინ ვის კლავდა და რომელ ორღობეში ცხრილავდა, ვერ გაიგებდი. ჩემი მოტაცება არაფერი ამბავი არ იყო მაშინ. რა თქმა უნდა, დამტოვეს… შემეძლო და ალბათ უკეთესიც იქნებოდა მაშინვე წამოვსულიყავი, მაგრამ შენს გარშემო ვიღაც ხომ უნდა გამოხატავდეს ჩემი მხარდაჭერის სურვილს? მახსოვს, თეთრი სადედოფლო კაბა ჩამაცვეს ქორწილში და სასტიკად მომინდა იქედან კივილით გამოქცევა. ვერ გავბედე, ვერ შევძელი.

„მცემდა უმოწყალოდ, ვიდრე სისხლს არ დაინახავდა… ყველამ იცოდა, ყველა დუმდა“

„ქორწილიდან რამდენიმე დღეში მცემა პირველად. არც მაშინ და არც შემდეგ არასდროს უთქვამს, რისთვის მცემდა. როცა სხვები დაიძინებდნენ, მოითხოვდა, რომ გავშიშვლებულიყავი და იწყებდა ცემას. გაშიშვლება იყო მიზეზი, რომ არ გავქცეულიყავი. მცემდა უმოწყალოდ, ვიდრე სისხლს არ დაინახავდა… მირტყამდა ხელს, ფეხს, ნივთებს მესროდა. ახლა ვხუმრობ, რომ რაც არ უნდა მესროლოს ვინმემ, ვერ მომარტყამს, ხელის მოძრაობას თვალდახუჭული ვგრძნობ. პურის საჭრელი დანაც ახლახანს ვიყიდე. ისე გადავეჩვიე, კარაქის დანით ვჭრიდი პურს. არადა რა მარტივი ყოფილა პურის დაჭრა…“

ნანას ცრემლიანი ღიმილი უკან მიაქვს, რამდენიმე წამით ფიქრობს და მერე აგრძელებს:

„მერე, როცა წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ მქონდა, ჩერდებოდა. მეფერებოდა და ამტკიცებდა, რომ უზომოდ ვუყვარვარ, რომ ჩემს გარეშე არ შეუძლია… ახლაც იგივეს იმეორებს, როცა ციხიდან რეკავს. ჩემი ქმარი ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი იყო, მაგრამ ფხიზელი უფრო საშიში იყო. ერთხელ, მორიგი ძალადობის შემდეგ, დანა მოიტანა, ხელში დამაჭერინა და კისერზე მიიდო, მიდი, მომკალი, გამანადგურეო, მევედრებოდა…

ხალხში, არც ოჯახის წევრებთან არასდროს ძალადობდა ჩემზე, თავაზიანი მეუღლის როლს თამაშობდა, მაგრამ გარეთ ხშირად მეტყობოდა ჩაშავებული სხეული, თვალები… ყველამ ყველაფერი იცოდა, ყველა დუმდა. არავის უნდოდა ხმის ამოღება, რადგან გრძნობდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა. მას ჰქონდა გავლენა, შეიარაღებული დადიოდა… მე უხმოდ ვიჯექი სახლში. მთელი 13 წელი ჩემი ხმა არავის გაუგონია. რის მუშაობა, მაგის უფლებას ვინ მომცემდა.

ერთხელ ახლობელი ქალი მესტუმრა. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უთქმელად გრძნობენ ტკივილს? აი, ასეთი ქალი იყო ისიც. ძალადობაზე საერთოდ არაფერი მითქვამს, მაგრამ როცა დამემშვიდობა და მიდიოდა, უცებ შემოტრიალდა და მითხრა, თუ წამოსვლა გინდა, წამოდი, მე გეპატრონებიო.

ერთ-ერთი ცემის შემდეგ მართლაც გავიქეცი. იმ დროს უკვე ბათუმში ვცხოვრობდით ნაგირავებ ბინაში. შვილი ბათუმის სკოლაში შევიყვანე პირველ კლასში.

საგვარეულო შეკრება სარიტუალო დარბაზში

„რამდენჯერაც წამოვედი, იმდენჯერ მიმაბრუნეს უკან, შეგვარიგეს,“ – ბოლო სიტყვას განსაკუთრებული ირონიით ამბობს ნანა. გვიყვება, რომ მოძალადესთან „შერიგებაში“ მუდმივად იყო ჩართული ე.წ. ორი წარჩინებული გვარი და გვარის უხუცესები. ნანა ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს, რომელიც ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში შემდგარა.

„გვერდიგვერდ იყვნენ ჩამწკრივებული უხუცესები… საბოლოოდ განაჩენი იქ, სარიტუალო დარბაზში გამომიტანეს – ხმა გაკმინდე, ქალო, აბა, ბავშვს რა ვუყოთო. ბავშვი იყო პრობლემა, თან ბიჭი. მშობლებიც ამას მეუბნებოდნენ მანამდე, გოგო რომ იყოს, კიდევ არაა პრობლემა, გავამზითვებთ და ეს იქნება, სხვისი გვარის ბიჭი სად წავიყვანოთო. მაშინ ძმა ძმას კლავდა…“

სარიტუალო დარბაზში არავინ გააპროტესტა „შერიგება“? – ვეკითხები ნანას. ის თავს წუხილით აქნევს, არაო. მერე ამატებს:

„ერთი კაცი იყო, ჩემი გვარის წარმომადგენელი, იმან გააპროტესტა. თქვა, ექიმი ვარ და მომისმინეთ, მე გეუბნებით, არ შეიძლება მსხვერპლის დაბრუნება იმ კაცთან, სამედიცინო დასკვნას მოგცემთ, თუ საჭიროაო… რა თქმა უნდა, არ მოუსმინეს. „შერიგება“ ისევ დარბაზში აღნიშნეს საზეიმო ქეიფით.

ერთხელ, ვიდრე ისევ წამოვიდოდი ოჯახიდან, ჩემმა ძმამ დაჭრა ფეხში მერაბი, ჩემი მეუღლე. მერე ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას, ან ქალი შემირიგდება, ან მისი ძმა ჩაჯდება ციხეშიო. საქმე მუნიციპალიტეტის გამგეობაში განიხილეს. იქ იკრიბებოდნენ მაშინ გვარის უხუცესები, დაზარალებული და პროკურორებიც.

მაშინ მე ვთქვი, რომ წავიდოდი ციხეში ჩემი ძმის ნაცვლად. მართლა ასე მერჩივნა. თან ვფიქრობდი, რომ ასე თავს დავაღწევდი ქმარს. არაფერი გამოვიდა. ისევ შეთანხმდნენ და არავინ დასჯილა ჩემს გარდა.“

 

„ძლივს მოვიხსენი შვილისგან დადებული ბორკილები“

შეესწრო თუ არა შვილი დედაზე ძალადობას? – ნანა ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა რამდეჯერმე იყო და იგი შვილმა გადაარჩინა.

„პირველად სულ პატარა იყო, პირველ კლასში, მეგონა, რომ ეძინა. როცა მერაბმა მცემა, შვილის ოთახში შევედი, ის ლოგინზე იყო წამომჯდარი… გვერდით დავუჯექი, მკითხა, გტკივა ძალიანო?“

ნანას მიაჩნია, რომ შვილის გამო გაუძლო ქმრისგან წლების განმავლობაში ძალადობას. ახლა შვილი სრულწლოვანია და დედასთან ურთიერთობა აღარ სურს. ნანა თვლის, რომ მამამ შვილზეც მოახდინა გავლენა.

„მერაბი არის არა მხოლოდ გონიერი, არამედ კრიმინალური აზროვნების მქონე ადამიანი, ისე შეუძლია საუბარი, დამაჯერებლად, იშვიათია ვინმე, რომ მისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეს. ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ აღმოჩნდა… როცა გვაქვს ურთიერთობა მე და ჩემს შვილს, ყოველთვის გამოდის კონფლიქტი. სხვანაირად არ გამოდის… ვიცი, ბევრი გამკიცხავს ამის გამო, რომ შვილთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ დავიღალე ყველაფრით. მე შვილის გამო მოვითმინე ამდენი. როგორც იქნა, ახლა ამ ბორკილებიდან გავთავისუფლდი“, – ამბობს ნანა.

„ჩემი ფსიქიკა ვერ ეგუება კარგად ყოფნას“

2007 წლამდე, ვიდრე მერაბს მკვლელობის გამო დაიჭერდნენ, ნანა მასთან განქორწინდა. ამის მიუხედავად, ნანას თქმით, ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურად ისევ ძალადობდა და შვილით მანიპულირებდა. ყოფილი ქმრის დაპატიმრების შემდეგ, ნანა ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად ჯერ ნაქირავებ, შემდეგ – ნაგირავებ ბინაში. ნანა მასწავლებელია. ამაყობს, რომ თავის გადარჩენა და დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლო, შვილს კი განათლების მიღებაში დაეხმარა.

„მაგრამ ახლა ეს თავისუფლება მახრჩობს. ჩემი ფსიქიკა ვერ ეგუება კარგად ყოფნას,“ – ამბობს ნანა და რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, თუ როგორ სცადა დამამცირებელ მდგომარეობაში შეგნებულად თავის ჩაყენება.

„რა უფრო კარგად ვარ, მით უფრო მეტი შფოთვა მაქვს. რამდენჯერმე ქუჩაში როცა მივდიოდი, სასტიკად მომინდა მარჯვენა ყურზე დაერტყა ვინმეს. ქმარი ყურზე მირტყამდა ყველაზე ხშირად… მომინდა იმ დამამცირებელი სიტუაციის განცდა, რაშიც ჩემი ქმარი წლების განმავლობაში მამყოფებდა. მინდოდა, მეგრძნო, რომ არარაობა ვარ.

მიმართა თუ არა ფსიქოლოგს? – ნანა ამბობს, რომ ფსიქოლოგებთან არ მისულა, რადგან უფრო საკუთარი თავის სჯერა. ამ ქმედებას საშიშად არ მიიჩნევს, რადგან ეს საქციელი „მსხვერპლმა ნანამ“ ჩაიდინა და არა „თავისუფალმა ნანამ“. მიიჩნევს, რომ სტრესის მიუხედავად საკუთარ ქმედებების კონტროლი შეუძლია. „ძლიერი ქალი ვარ, მჯერა საკუთარი თავის,“ – ამატებს ის და მზერას მისწორებს.

„ახლაც დამირეკა ციხიდან. მკითხა, როგორ ხარო“

ნანამ უკვე მეორეჯერ მიმართა წერილობით სასჯელაღსრულების სამინისტროს და დახმარება ითხოვა. მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ხშირად ურეკავს და შეხვედრას აიძულებს.

„მირეკავდა ხშირად. მეუბნებოდა, რომ თუ შვილის შენარჩუნება მინდოდა, უნდა ავსულიყავი მასთან ციხეში, უნდა დავრჩენილიყავი მის ცოლად… მაკონტროლებდა ციხიდან. იცოდა ყველაფერი, სად დავდიოდი, ვის ვხდებოდი და ასე შემდეგ… ციხეში რამდენჯერმე შევხვდი შვილთან ერთად. სააკაშვილის მმართველობის დროს მკაცრად კონტროლდებოდა პაემნები, 2012 წლის შემდეგ კი ადმინისტრაციასთან ისე აწყობდა საქმეს, 5 საათი მაინც ვრჩებოდით შეხვედრაზე. ბოლოს ღამით დარჩენასაც მთხოვდა, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარი. ბოლო წლებში უფრო გალაღდა, მეუბნებოდა, რომ მალე გამოვიდოდა ციხიდან, შეიწყალებდნენ და ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე. როცა მოუნდებოდა, მაშინ რეკავდა, ციხეში საუკეთესოდ ჩაცმულ-დახურული გვხვდებოდა გიშრის ჯვრით და ძვირადღირებული საათით…

რამდენიმე წლის წინ თურქეთში წავედი. ვიფიქრე, ასე დავამთავრებდი მის არსებობას ჩემში. იქაც მომაგნო და ციხიდან დამირეკა თურქეთის რესპუბლიკაში. მხოლოდ ეს მითხრა, შენ შვილი გინდაო? სამინისტროს მივწერე, დაიწყეს გამოძიება, მაგრამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი არ მქონდა. სატელეფონო კომპანიის ოფისის ამონაწერიდან კი დადასტურდა, რომ ნამდვილად მირეკავდა, მაგრამ რომ მაშანტაჟებდა შვილით, ეს არ ჩანდა არსად. თურქეთიდან როცა დავბრუნდი, სახლში აღარ შემიშვა. მეზობლებისთვის დაურეკავს, რომ იქ არ უნდა შევსულიყავი. ორი კვირის წინ ისევ მივწერე სასჯელაღსრულების სამინისტროს. ბოლო დროს საერთოდ აღარ ვპასუხობ მის სატელეფონო ნომრებს, მაგრამ როცა ზარი შემოდის, ესეც სტრესში მაგდებს..“

დამშვიდობებიდან რამდენიმე წუთში ნანა მირეკავს: „როგორც კი გახვედით ჩემგან, მან დამირეკა. უცებ მშობლის ნომერი მეგონა და ვუპასუხე. მკითხა, როგორ ხარო…“


სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

 

 

რა არის საქართველოს სატრანსპორტო დარგის მმართველობითი სისუსტე

ავტორი: ჯაბა თარიმანაშვილი – ბსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია ტრანს ლოგისტიკის დირექტორი, ბიზნესის ანალიტიკოსი

საქართველოს სატრანსპორტო ინდუსტრიის პრობლემატიკა, უფრო მეტად ხელშესახები რომ გავხადოთ, გავავლოთ პარალელი მუსიკალურ ხელოვნებასთან, რომელიც ნებისმიერი ქართველისთვის ნაცნობი სფეროა.

თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: საკონცერტო დარბაზის მიზანია, ჰქონდეს ისეთი ხარისხიანი და ჰარმონიული მუსიკალური ჟღერადობა, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. ამისათვის საჭიროა შემდეგი კომპონენტები:

[checklist]

  • მუსიკოსები (საშუალებები),
  • ინსტრუმენტები (ინფრასტრუქტურა),
  • ტექნიკური პერსონალი და ხმის რეჟისორი (მართვა).

[/checklist]

იმისათვის, რომ ხმის რეჟისორმა შეძლოს მსმენელს სასიამოვნო ჟღერადობა მიაწოდოს, ყველა ინსტრუმენტი და მუსიკოსის ხმა, მის სამართავ საშუალებაში (მიქშერში) უნდა შედიოდეს, რის შემდეგაც ხმის რეჟისორი, სხვადასხვა ინსტრუმენტის ტემბრალური ფუნქციისა და მნიშვნელობის მიხედვით, მოახდენს სინთეზსა და ბალანსს (რეგულირებას). აღნიშნული კომპონენტების ჰარმონიული (შეხმატკბილებული და ერთსულოვანი) მუშაობა, ქმნის ხარისხიან მუსიკას, რისი მოსმენაც ყურსა და გულს უხარია.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ აღნიშნული კომპონენტები არის ცალკე, ისევე, როგორც საქართველოს სატრანსპორტო ინდუსტრიაშია, მაგალითად, მუსიკოსი (საშუალებები) იყოს ცალკე, ინსტრუმენტები (ინფრასტრუქტურა) ცალკე და ხმის რეჟისორი ტექნიკურ პერსონალთან ერთად (ლოგისტიკის პოლიტიკა და მართვა) ცალკე, ხოლო საერთო ჯამში, იქმნებოდეს ქაოსი, რის შედეგადაც საკონცერტო დარბაზი (საქართველოს სატრანსპორტო დარგი) ყოველწლიურად კარგავდეს მსმენელს (კომპანიებსა და ტვირთნაკადებს) და მიუხედავად ამისა, დარბაზის ხელმძღვანელი (მთავრობა) არ ცვლის არაფერს (რეფორმებს).

შედეგად საკონცერტო დარბაზმა (საქართველოს დერეფანმა) წლების მანძილზე 50-70%-მდე დაკარგა მაყურებელი (ტვირთი), ამიტომ ასეთი უმოქმედობა, დარბაზის ეკონომიკაზე და პერსონალზეც (საქართველოს ბიუჯეტზე, დარგის წარმომადგენლებზე, განვითარებაზე და მოქალაქეებზე) უარყოფითად აისახა.

ჩინური სიბრძნე ამბობს, რომ „ამღვრეულ წყალში, თევზის დაჭერა უფრო ადვილია“. შესაძლებელია, გარკვეულ პიროვნებებს, იმისათვის, რომ „ხელი მოითბონ“ აწყობთ ასეთი ქაოსი და ბუნდოვანება. წლების მანძილზე, საკმაოდ დიდი რაოდენობის „თევზს იჭერენ“ გარკვეული ჯგუფები მოქალაქეების ხარჯზე. ამიტომ დროა მთავრობამ გაატაროს რეფორმა, ფიქრი კონსოლიდაციასა და განვითარებაზე.

მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგის – ტრანსპორტის ინდუსტრიის, გამოწვევების და პრობლემატიკის არსი. ტრანსპორტის ინდუსტრიას სამი მთავარ კომპონენტი აქვს:

[checklist]

  • ინფრასტრუქტურა (გზა, რკინიგზა, პორტები, ტერმინალები, აეროპორტები);
  • სატრანსპორტო საშუალებები (ავტობუსი, ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი, გემი);
  • მართვა (ფინანსები, პოლიტიკა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სისტემების შექმნა, პროექტების დაგეგმვა და კოორდინირება);

[/checklist]

ორი კომპონენტი: ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო საშუალებები, ავად თუ კარგად დღეისათვის არსებობს საქართველოში. ხოლო ძირითადი კომპონენტი, რომელიც ქმნის, არეგულირებს, კოორდინირებას უწევს ამ ორ კომპონენტს – მართვა, არ არის გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული.

ვიცით, რომ არსებობს ეკონომიკის სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი, რომელიც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარებაზე, პოლიტიკის შექმნაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ რამდენად აძლევს სამინისტროების, სატრანსპორტო დარგში შემავალი კომპონენტების სისტემური მოწყობა და დეპარტამენტში მომუშავეთა კომპეტენციები ამის საშუალებას.

მე, როგორც დარგის ერთ-ერთ რიგით წარმომადგენელს, არ მინახია აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომელი არც ერთ სატრანსპორტო ფორუმზე და კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველგან – საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ვესწრები ფორუმებსა და კონფერენციებს.

საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგში, ფაქტობრივად, არ არის ერთიანი პასუხისმგებელი პირი, არ არის არც ძლიერი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც იმუშავებენ ანალიტიკაზე და დააკვირდებიან ტენდენციებს. ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ არ გატარდეს არანაირი რეფორმა, წლების მანძილზე ტვირთნაკადების დაღმავალი ტენდენციების განვითარების მიუხედავად? სად არის სტრატეგია და ხედვა? რა გვინდა, რისკენ ვისწრაფვით? ასეთ გაუგებარ მდგომარეობაში ყოფნას, ავტომატურად უარყოფით შედეგებამდე მიყავს დარგი.

ბიზნესი პლატფორმის გარეშე ვერ მუშაობს, ბიზნესი თავად ვერ განვითარდება, თუ მთავრობამ არ შეუქმნა სამოქმედო არეალი და სისტემები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ტრანსპორტის ინდუსტრიის მესამე, მთავარი კომპონენტის – მართვის არქონაზე, რომელიც სისტემური პრობლემაა საქართველოში. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რკინიგზა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტი, არის ცალკე მდგომი ერთეულები, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ამის გამო, სავარაუდოდ, არის კოორდინირების, კომუნიკაციის, ერთიანი ხედვისა და მოქმედების პრობლემა. შედეგად ვიღებთ იმას, რომ საქართველოს არ ჰყავს მოლაპარაკების უნარის მქონე, სატრანსპორტო დარგზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც გადაჭრის პრობლემებს საქართველოზე გამავალი დერეფნის შემადგენელ ქვეყნებში. პირი, რომელიც შეძლებს მოლაპარაკებებს მთავრობების, რკინიგზის, პორტების,  ტერმინალების და საბორნე გადამზიდავების ხელმძღვანელებთან, იმისათვის, რომ შემუშავდეს ერთიანი პოლიტიკა, რომელიც შექმნის თავის მხრივ ბარიერების არმქონე, გახსნილ და ხელმისაწვდომ პლატფორმას ბიზნესის საკეთებლად. ეს, საბოლოო ჯამში, ჩვენს კონკურენტ დერეფნებთან შედარებით, საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს გახდის უფრო ეფექტიანს და კონკურენტუნარიანს.

ადამ სმიტის მსჯელობა, რომ გავიმეოროთ: უხილავი ხელი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი მთავრობა საბაზრო ეკონომიკის კანონების  განხორციელებას და ინსტიტუტების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, რაც მთავრობის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ხოლო სახელმწიფოს ინტერვენცია ეკონომიკაში უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ეფექტიანობისა და თანასწორობის ხელშეწყობას“.  

იმისათვის, რომ გადაიჭრას რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები, ერთიანი ხედვის და მოქმედებისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით, განხორციელდეს სატრანსპორტო ინდუსტრიის ყველა კომპონენტის კონსოლიდაცია. რაც შეეხება ბარიერებს, უნდა გამოირიცხოს შუალედური კომპანიების სიმრავლე, ადამიანური და პირადი ინტერესების ფაქტორები, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ბიზნესისთვის საინტერესო გარემოსა და პლატფორმა რომ შეიქმნას. ასეთი რეფორმა, ავტომატურად მოიზიდავს ტვირთნაკადებს, გაზრდის ვაჭრობას და შექმნის დოვლათს. მონოპოლიების ან ექსკლუზივების აღმოფხვრა და შექმნილი სიმდიდრის საზოგადოებაზე გადანაწილება გახდის საქართველოს მოსახლეობას მდიდარს, ბედნიერს და გალაღებულს.

 

ბათუმელი იეზიდების თვითგადარჩენის ისტორია

ქურთი, იეზიდი გათენებისას იღვიძებს, რომ მზის ამოსვლას შეხვდეს, მისი დანახვისას კი ღმერთს მადლობას უხდის, კიდევ ერთი დღისთვის – ეს იეზიდური რელიგიური რიტუალია. რწმენა და ქურთული ენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიალექტი – კურმანჯი, ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც ბათუმელ ქურთებს, იეზიდებს, იდენტობის შენარჩუნებაში დაეხმარა. მათი წინაპრების საქართველოში დასახლებას სწორედ იდენტობის გადარჩენის შესაძლებლობით ხსნიან ბათუმში მცხოვრები იეზიდები.

„პირველად ბათუმში დიდი ბებია-ბაბუა და მათი და-ძმები ჩამოსულან. მაშინ ბევრი დარჩა თბილისში, ბევრიც სომხეთში გადავიდა. აქ ენის ბარიერი ხელს არ უშლიდათ, დიდმა ბაბუამ და ბებიამ იცოდნენ რუსული ენა. იმ პერიოდში ბევრი ნათესავი ცხოვრობდა სომხეთში. ლამაზი სიტყვაა ტოლერანტობა, მაგრამ სარწმუნოების  შენარჩუნება იქ რთული იყო, თანაც აქ ხალხი, ჰავა და გარემოც მოეწონათ.

ბაბუაჩემმა სრულყოფილად იცოდა თურქულიც. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი არ იყო, ხშირად დადიოდა ჯამეში, რადგან ძმაკაცები დადიოდნენ, თავადაც დადიოდა, მეც დავყავდი, კანფეტს მპირდებოდა იქ წაყოლის სანაცვლოდ.  სომხურიც იცოდა, უახლოესი მეგობარი ჰყავდა – აღა ჯანი,“ – ამბობს ბათუმელი მემედ ომაროვი. ის პროფესიით იურისტია.

მემედ ომაროვი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმში ოცდაათამდე ქურთი, იეზიდური აღმსარებლობის ოჯახი ცხოვრობს, მათი წინაპრები საქართველოში XIX საუკუნის ოთხმოციან წლებში დასახლებულან. იმ დროს თბილისის გუბერნიაში შედიოდა ახალქალაქის, ახალციხისა და ბორჩხალოს მაზრები, სადაც მაშინ 3000-მდე ქურთი ცხოვრობდა. თბილისის გუბერნიის გარდა 800-ზე მეტი ქურთი აჭარაში დასახლებულა. მთელი ამ დროის განმავლობაში იეზიდებს საქართველოში არასდროს ჰქონიათ როგორც ქართველებთან, ასევე სხვა ერებთან თანაცხოვრების პრობლემა.  როგორც თავად ყვებიან, ცხოვრობდნენ, თავს დაცულად გრძნობდნენ, იღებდნენ განათლებას, მუშაობდნენ და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ საქართველოს განვითარებაში.

„ბაბუამ  ბათუმში საკუთარი ენაც შეინარჩუნა და ჩვენც გვასწავლა. მადლობელი ვარ დიდი ბაბუასი, რომ ბათუმში დარჩენა გადაწყვიტა. თბილი ურთიერთობა გვაქვს როგორც ქართველებთან, ასევე აქ მცხოვრებ სხვა ერებთან. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ჩვენი ახალგაზრდები რუსეთში, საფრანგეთში, ან სხვა ქვეყნებში წავიდნენ განათლების მისაღებად, რადგან საქართველოში რუსულენოვან სასწავლებლებს ხურავდნენ“, – გვიყვება მემედ ომაროვი.

მემედ ომაროვისთვის დედის ქართველი მეგობრის მამის სახელი დაურქმევიათ, მის დას კი ამ მეგობრის სახელი – ლიანა დაარქვეს.

1944 წელს სამი ათასზე მეტი ქურთი სამცხე-ჯავახეთიდან, ორი ათასზე მეტი კი აჭარიდან  შუა აზიაში გადაუსახლებიათ. მათ შორის ყოფილა მემედ ომაროვის ოჯახიც, მისი ბებია და ბაბუა.

„ძირითადად მუსლიმებს ასახლებდნენ, ჩვენ არ ვართ მუსლიმები, ჩვენი რელიგია შევინარჩუნეთ, მაგრამ, ზოგადად, ქურთებს მუსლიმებად აღიქვამდნენ, ზოგიერთმა ისლამი მიიღო და იმიტომ. ჩემი ოჯახი ყირგიზეთში გაასახლეს. გადმოცემით ვიცი, რომ იქ კარგად დახვდნენ და ჩასვლისთანავე დააბინავეს.“

მემედ ომაროვის ბაბუას იქ სახლი და ხილის ბაღი ჰქონია, ორი ძროხაც ჰყოლიათ, მაგრამ 1953 წელს, მას შემდეგ, რაც სტალინი გარდაიცვალა და გასახლებულების ეტაპობრივად დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს,  მაინც ბათუმში დაბრუნება არჩიეს:

„ბაბუას იქ დარჩენაზე არ უფიქრია, მაშინვე მიატოვა ის ყველაფერი და ბათუმში დაბრუნდა, რადგან აქ უფრო თბილი გარემო ეგულებოდა. ბაბუა ამბობდა, რომ ბათუმში ცხოვრება შესაძლებელი იყო“.

ომაროვების ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისის ქუჩაზე დასახლებულა. თავიდან ღარიბულად ცხოვრობდნენ: „… საბჭოთა პერიოდის დროს განათლება მიუღიათ, ერთი დეიდა ბავშთა ბაღში მუშაობდა, მეორე – გერმანულს და რუსულს ასწავლიდა.“

ქურთი იეზიდები ერიდებოდნენ შერეულ ქორწინებას. იეზიდური ტრადიციის თანახმად, შერეული ქორწინების შემთხვევაში, მათი შვილი იეზიდად აღარ მიიჩნევა. ეზიდად აღარ მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვა რელიგიას მიიღებს.

ირაკლი მირზოევიც ბათუმელი იეზიდია. ის ბათუმში დაიბადა და გაიზარდა, დედაც იეზიდი ჰყავს და მამაც, მაგრამ ირაკლი არაიეზიდზე დაქორწინდა, ამიტომაც მისი შვილი იეზიდად არ მიიჩნევა. ირაკლი იხსენებს, რომ მისი გადაწყვეტილება არაეზიდთან დაქორწინებაზე ოჯახში ძალიან განიცადეს. დედა წინააღმდეგი იყო, მაგრამ ახლა „რძალი შეუყვარდა და ბედს შეურიგდა“.

ირაკლი მირზოევი
ფოტო : მანანა ქველიაშვილი

იეზიდური ტრადიციებით ჩაუტარებიათ ირაკლის ძმის ქორწილი, ამ ქორწილში ირაკლიმ ქართველი მეგობრებიც დაპატიჟა. ირაკლის მეგობრებმა ბევრი რამ იციან იეზიდებზე და მათ ტრადიციებზე, მაგრამ ქორწილში მაინც გაკვირვებულები დარჩნენ და ირაკლის ბევრი კითხვა დაუსვეს იმაზე, რაც ქორწილში ნახეს.

„ქორწილი სამდღიანია, ძირითადად, პარასკევს იწყება და კვირას მთავრდება. მექორწილეებს მიაქვთ დიდი ხის ტოტი, რომელზეც ხილი და მონეტებია დამაგრებული, რთავენ ისე, როგორც ქართველები ნაძვის ხეს. ჩემი ძმის ქორწილში  პირდაპირ გზაზე მიდიოდა წრე და ამ წრეში ცეკვავდნენ“, – ამბობს ირაკლი მირზოევი.

იეზიდები ქორწილში მადლიერების ნიშნად ღმერთს შესაწირავს წირავენ, ძირითადად ცხვარს, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა ცხოველიც.

რელიგია

იეზიდები მზის  თაყვანისმცემლები არიან, მას სიცოცხლის, ახალი დღის საწყისად მიიჩნევენ. მზე მათ დროშაზეცაა გამოსახული. იეზიდური რელიგიის მიხედვით, „ღმერთის წარმომადგენელი დედამიწაზე“ ფარშევანგია, ამიტომაც მას წმინდა ფრინველად აღიარებენ. იეზიდების სალოცავს „ლალიში“ ჰქვია. ბათუმში ლალიში არ არის, თუმცა ბათუმელი იეზიდები ამაყობენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც იეზიდებს ლალიშის აგების შესაძლებლობა მისცეს. ლალიში თბილისში 2015 წელს იეზიდი ბიზნესმენების დაფინანსებით ააშენეს.

ირაკლი მირზოევმა გვაჩვენა მედალიონი მზის გამოსახულებით, რომელშიც ლალიშია მოთავსებული.   ის მედალიონს ატარებს, როგორც რელიგიურ სიმბოლოს. გარდა ამისა, ყველა იეზიდურ ოჯახში აქვთ რელიგიური სიმბოლო ფარშევანგის გამოსახულებით.

ლალიში მზეში

ტრადიცია და თანაცხოვრება

ზაირა ჯავარიანი ბათუმში ძმასთან, მალხაზ ჯავარიანთან, ძმისშვილებთან და რძალთან ერთად ცხოვრობს. ზაირა გვიყვება, რომ ბათუმში იეზიდური ტრადიციებისა და დღესასწაულების შესახებ ყველა მისმა ქართველმა მეგობარმა იცის: „შემახსენებენ ხოლმე, რომ დღესასწაული მოდის, შემდეგ თავადაც მონაწილეობენ“.

მალხაზ ჯავარიანი

ზაირას ძმისშვილები ქართულად ლაპარაკობენ, ისე როგორც მათი მეზობლები ქურთულად – ბავშვები ეზოში თამაშის დროს სწავლობენ ერთმანეთის ენას.

მალხაზ ჯავარიანი ყვება, რომ მის ბებიასა და ბაბუას ქართველ მეზობლებთან თბილი ურთიერთობა ჰქონიათ. ამ ურთიერთობის გავლენით ყოფილა, რომ შვილიშვილებს ქართული სახელები ჰქვიათ, ძირითადად, მათი სახელები, ვისთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

ზაირამ გვაჩვენა ხოდანი, წმინდა ადგილი სახლში, სადაც იეზიდები ლოცულობენ. ზაირას ძმის, მალხაზის თქმით, ხოდანი თითქმის დავიწყებული ტრადიციაა და თანამედროვე ოჯახებში არ აქვთ, მაგრამ მალხაზისა და ზაირას ეს ტრადიციაც შეუნარჩუნებიათ. ხოდანი იგივე საწოლია, სადაც რამდენიმე ლეიბი და საბანია დალაგებული, ამ ლეიბებს სტუმრებისთვის იყენებენ.

„მზე რომ ჩადის, ამას ნახევრად ვხსნით და ლოცვას ვკითხულობთ. როცა გასაჭირი მაქვს,  ხოდანთან ვდგები და ლოცვას ვკითხულობ, ღმერთი მიფარავს“, – ამბობს ზაირა და გვიხსნის, რომ ეს ისეთივე წესია, რაც ქრისტიანობაში ხატისთვის სანთლის დანთება.

ზაირამ ხუთი ენა იცის: თურქული, რუსული, სომხური, ქურთული და ქართული.

ზაირას რძალს ანა ჰქვია, ანაც იეზიდია. ზაირა ამბობს, რომ ანა ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და დღემდე მკაცრად იცავს ამ ტრადიციებს, ამიტომაც მამამთილთან საერთოდ არ საუბრობს. იეზიდური ტრადიციის თანახმად, ქალი ოჯახში გადაწყვეტილებას არ იღებს.

„…ეს ძალიან დიდი ტრადიციაა, ეს ნიშნავს, რომ უფროსს აფასებ. სახლში მარტო დავრჩით ერთხელ და რაღაც მკითხა, მეც მიმიკით ვუპასუხე და მიხვდა. მომწონს ეს ტრადიცია. ამას ჩემს შვილებსაც ვასწავლი, დედას პირობა მივეცი, რომ სანამდე შევძლებ, მამამთილს არ დაველაპარაკები“, – გვიყვება ანა.

ანა ჯავარიანი

მალხაზ ჯავარიანმა გვაჩვენა ასევე მძივი, რომელიც იეზიდური ტრადიციის თანახმად ქალმა 40 წლის შემდეგ უნდა ატაროს.

წყაროებიდან

იეზიდები, ძირითადად, ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, შედარებით მცირერიცხოვანი თემები – სომხეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიასა და უკრაინაში. ბევრი იეზიდია ემიგრირებული ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მათი საერთო რაოდენობა, სავარაუდოდ, ერთი  მილიონია. ისინი მეტყველებენ ქურთული ენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე – კურმანჯიზე.

იეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით ჰყავთ წარმოდგენილი; თაყვანს სცემდნენ აგრეთვე შამსს, რომელიც მზის ღვთაებაა იეზიდდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთს, ანუ მზის ამომავალ მხარეს.

ქურთებს სახელმწიფო არ აქვთ, მაგრამ დღევანდელი ქურთისტანის ტერიტორიაზე შუა საუკუნეებში დამოუკიდებელი ქურთული სამთავროები არსებობდა. დღეს ეს ტერიტორიები გადანაწილებული აქვს ოთხ სახელმწიფოს – თურქეთს, სირიას, ერაყსა და ირანს. ქურთული ტომები ცდილობენ სახელმწიფოებრიობის აღდგენას და თავიანთი ძველი რელიგიის შენარჩუნებას. ამ ნიადაგზე ისინი ყველა მეთოდით იბრძვიან ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოების წინააღმდეგ.

__________________logo11მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

„ჭკვიან კამერებს“ ხულოსა და შუახევშიც დაამონტაჟებენ

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ხულოსა და შუახევის მონაკვეთზე ავტომობილების სანომრე ნიშნის ამომცნობი ვიდეოთვალები დამონტაჟდება. ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ შეძენა-მონტაჟისა და ერთიან ქსელში ჩასართავად საჭირო მომსახურება ხულოსა და შუახევის გამგეობებმა გამარტივებული წესით შეისყიდეს, ხელშეკრულება კი შპს „დელტა კონსალტინგთან“ გააფორმეს.

შუახევის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის, ომარ აბუსელიძის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში სულ ექვსი ვიდეოთვალი განთავსდება. ვიდეოთვალების შეძენა-მონტაჟისა და ერთიან ქსელში ჩასართავად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 21 570 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება ლოკაციებს, თუ სად განთავსდება ანალიტიკურ-პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი ვიდეოთვალები, გამგეობის ინფორმაციით, შსს-ს ანალიტიკური ცენტრი განსაზღვრავს.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ სამი ვიდეოთვალი დამონტაჟდება, შეძენა-მონტაჟსა და ინსტალაციაზე კი ხელშეკლრულება 10 785 ლარზეა გაფორმებული.

ხულოს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზაზა აბულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვიდეოთვალები შეძენილია, უახლოეს დღეებში კი მათი დამონტაჟება დაიწყება. რაც შეეხება ზუსტ ლოკაციებს, შუახევის მსგავსად, აქაც შსს განსაზღვრავს.

შსს-მ შეარჩია „ჭკვიანი კამერების“ ლოკაციები ქედაშიც. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე განთავსებული 17  ვიდეოთვალიდან ათი დაბაშია დამონტაჟებული, ორი – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ქედა-ხელვაჩაურის საზღვარზე, ორი – მახუნცეთის სკოლასთან, სამი – ქვედა მახუნცეთში, სადაც ვიდეოთვალები ცენტრალურ გზაზე, ჩანჩქერთან და თამარის ხიდთანაა განთავსებული, იმ ტერიტორიებზე, სადაც ტურისტები ხშირად გადაადგილდებიან.

ფერმერებს არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო წელსაც 10 თეთრს გადაუხდის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გასული წლის მსგავსად, წელსაც 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინში, ფერმერებს სუბსიდირების სახით 10 თეთრს გადაუხდის, სუბსიდირება კი მხოლოდ ციტრუსის მიმღებ და გადამამუშავებელ საწარმოებში ჩაბარებულ მანდარინზე გავრცელდება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული [„ენესი“] მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრია, საიდანაც ღირებულების – 10 თეთრს საწარმო გადაიხდის, დარჩენილი 10 თეთრი კი სუბსიდირების სახით ანაზღაურდება.

არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება ლიმიტირებული არ იქნება და სახელმწიფო იმ ოდენობის მანდარინის მიღებას დააფინანსებს, რა ოდენობის მანდარინსაც ჩააბარებენ ფერმერები.

არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ დროისთვის 600 000-მდე ლარი აქვს გამოყოფილი. იმ შემთხვევაში, თუ გამოყოფილი თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება, სამინისტრო თანხის დამატებას  გეგმავს.

ბეტი – ტაქსის მძღოლი გოგო ბათუმის ქუჩებში

ძლიერება და გაბედულება ცხოვრებისეული ცვლილებების უშფოთველად მიღება, თავგადასავლებისთვის მუდმივი მზადყოფნაა, რის გარეშეც ვერ ვვითარდებით. ბეტი ხოხიაშვილი ასეთი გოგოა. მან ოთხი წლის წინ დატოვა ხალხმრავალი პეტერბურგი, მამის სამშობლოში, საქართველოში ჩამოვიდა, ბათუმში დასახლდა და „ტაქსი პლუსში“ დაიწყო მუშაობა. ბეტი აქაურობაზე გვიყვება.

„ბათუმში განსაკუთრებული, განსხვავებული ატმოსფეროა, რომელსაც დიდი ქალაქის ხმაურზე ვერ გაცვლი. მთა და ზღვა ერთად, სიმყუდროვე, ირგვლივ ყურადღებიანი, თბილი ადამიანები და გემრიელი კერძები, მეტი რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? როცა ამ ყველაფერს ეჩვევი, ძნელია სადმე წასვლა მოგინდეს. საქართველოში ულამაზესი ბუნებაა, ფოტოებით ვერ გადმოსცემ სიამოვნებას, რომელსაც აქაურობა განიჭებს. პერტერბურგი ძალიან მიყვარს, მაგრამ იქ აჩქარებული ცხოვრების რიტმი, ბევრი ხალხი და ცოტა მზეა, ყოველთვის ყველა ჩქარობს და ადამიანებს ერთმანეთისთვის თითქოს არ სცალიათ. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, სად გვეჩქარება? რა არის ურთიერთობებზე და ცხოვრებით ტკბობაზე უფრო მნიშვნელოვანი? მძღოლობაც ამიტომ ავირჩიე: აუჩქარებლად დაკვირვება მიყვარს ყველაფერზე,  მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ გზა დაუკვირვებლობას და აჩქარებს არავის პატიობს”.

თამარ ნერგაძის ფოტო

ბეტი ტაქსის მძღოლობას შემოქმედებითად აღიქვამს. ქალაქის ყველა წერტილში უწევს მისვლა, სხვადასხვანაირ ადამიანს ხვდება ყოველდღე, გამოცდილებასთან, თავგადასავლებთანაა დაკავშირებული მისი საქმიანობა. როცა ტაქსის იძახებენ და ქალი მიდის გამოძახებაზე, ხშირად უკვირთ, ზოგი ხმამაღლა, მხიარულად გაიძახის, სურვილი უნდა ჩავიფიქრო, პირველად ვმგზავრობ ქალის ტაქსითო. ბეტის მოსწონს, დროდადრო ადამიანების მხიარულებანარევი გაკვირვების მიზეზი რომ ხდება.

„პეტერბურგში ასე არ იყო“, – ამბობს ის. – „დიდი ქალაქია და ხშირად დაინახავთ ქალებს ტაქსის, ავტობუსის მძღოლებად. გზა უნდა გიყვარდეს, მისი უნდა გესმოდეს, მხოლოდ ასე შეიძლება მშვიდი მძღოლი იყო და საფრთხე არავის შეუქმნა. მიყვარს გზა, მამშვიდებს, თუმცა რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, როცა მოძრაობის წესებს არღვევენ. კარგადაც  რომ მართავდე საჭეს, ყოველთვის ჩნდება ვინმე, ვინც ცდილობს დაგიმტკიცოს რა შეუძლია და გასწრებს ან თავხედურად გიჭრის გზას. არ უნდა აყვე და არ უპასუხო ასეთებს, ადამიანებზე ხარ პასუხისმგებელი, შენი მანქანით რომ მგზავრობენ. ამიტომაცაა ტაქსისტობა ცოტათი სახიფათო საქმე. ძალიან ცუდი მდგომარეობაა გადასასვლელებზე. შემინიშნავს, სკოლის მოსწავლეები უფრო დაკვირვებით გადადიან, ვიდრე მოზრდილები და უფროსები. ალბათ სკოლაში ასწავლიან ბავშვებს მოძრაობის წესებს. ყოველთვის ელოდებიან შუქნიშანს, უფროსები ხანდახან არც აკვირდებიან, არ უყურებენ  მანქანა მოდის თუ არა. ვერ აცნობიერებენ დაუდევრობა როგორი სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვისაც და მძღოლისთვისაც“.

ბეტის მეორე პროფესია ფოტოგრაფობაა. ადამიანებს და დღესასწაულებს იღებს. ორი საქმე ცოტა თავისუფალ დროს უტოვებს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს რაღაცისთვის კარგია: აფასებს დროს და  გრძნობს ზღვარს მნიშვნელოვანსა და მეორეხარისხოვანს შორის, ხვდება რა უფრო სჭირდება და რაში სჯობს დროის ხარჯვა, კლუბში წასვლა ურჩევნია კონკრეტულ მომენტში თუ წიგნის კითხვა, რომლის წაკითხვაც დიდი ხანია უნდოდა.

თამარ ნერგაძის ფოტო

მოსწონს ქართული ცეკვა და სიმღერა, მაგრამ ზოგი ტრადიცია მისთვის გაუგებარია.

„ცოტა ხნის წინ პარკში, ტბის პირას ისხდნენ ახალგაზრდები, გიტარაზე უკრავდნენ და მღეროდნენ, ნელ-ნელა უამრავი ხალხი შეუერთდა და საოცრებებს მღეროდნენ ერთად, ვიჯექი და მთელი საღამო ვუსმენდი, ჩემთვის ესაა შინაგანი თავისუფლება და სილაღე. მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ ქორწინდებიან საქართველოში ადრეული ასაკიდანვე. მამაჩემი ქვედა სიმონეთიდანაა, ქუთაისის მახლობელი სოფლიდან, იქ მინახავს 16, 17 წლის წყვილების ქორწილი. არ უნდა ამბობდნენ ადამიანები უარს დაქორწინებულის სტატუსის გამო თვითგანვითარებასა და განათლებაზე. თუმცა, არ ვიცი, ვერ განვსჯი, იქნებ ეს არის, რაც უნდათ და მორჩა.

რას გაიგებ, ყველას თავისი ბედნიერება აქვს. მე მინახავს, მაგალითად, ბედნიერი მეძავი და გამკვირვებია, მაგრამ ფაქტია, რომ ბედნიერი იყო თავისი საქმით. მაშინ პეტერბურგში ვმუშაობდი და ტაქსი გამოიძახეს, მივედი, დამხვდა ძალიან ლამაზი ქალი, უზომოდ მოწესრიგებული თავიდან ფეხის ფრჩხილამდე, აღმოჩნდა, რომ მერსედესი გზაში გაუფუჭდა და სახლამდე უნდა მიმეყვანა. მომიყვა, როგორ ატარებდა მთელ თავისუფალ დროს სპა-სალონებსა და სილამაზის ცენტრებში. ძვირადღირებული მეძავი იყო, უზომოდ მოვლილი, ამაყობდა საკუთარი პროფესიით და აშკარად ბედნიერი იყო. მაშინ დავფიქრდი, თუკი ეს პროფესია სულ არსებობდა და სულ იარსებებს, ბარემ ყველა ასეთი მოწესრიგებული და ბედნიერი იყოს და არა გასაცოდავებული-მეთქი. ასეა, ყველამ თავისი ბედნიერება უნდა იპოვოს ცხოვრებაში, ყველა ადამიანი თავად წყვეტს რა გააბედნიერებს“, – ასე ფიქრობს ბეტი.

უბრალო, ყოფითი სურვილები აქვს, სურს არასოდეს იჩქარონ მოქალაქეებმა გადასასვლელებზე და გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. ბეტი არ გამორიცხავს ბათუმში სამუდამოდ დარჩეს საცხოვრებლად. როგორც ამბობს ბედნიერია, როცა ირგვლივ გახარებულ ადამიანებს ხედავს, თითონ კი ბედნიერების და სიმშვიდის განცდა აქვს, როცა საჭეს მართავს და მყუდრო სალონიდან აკვირდება სამყაროს. შეიძლება ვიღაცისთვის მანქანა უბრალო რკინის კონსტრუქცია იყოს, მაგრამ მისთვის მანქანა მეგობარია, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

თამარ ნერგაძის ფოტო

მაღალი თუ დაბალი? ფინკა ბანკის დაბალი სესხის კამპანია დაიწყო

დაფიქრებულხართ, რომელი გირჩევნიათ, მაღალი სართული და ხედი, თუ დაბალ სართულზე ცხოვრება და კიბეზე არბენა. რომელი უფრო კომფორტულია – მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თუ დაბალქუსლიანი? ფინკა ბანკმა ახალი სარეკლამო კამპანია სწორედ მაღალისა და დაბალის შედარებაზე ააგო. დიახ, როცა საქმე გემოვნებას ეხება, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, მაგრამ რა არის ის, რაზეც არავინ კამათობს….ეს ფინკა ბანკის დაბალი სესხია, რომელსაც ირჩევს ყველა. სარეკლამო კამპანია ფინკა ბანკმა Inspiration Marketing-ის გუნდთან ერთად დაგეგმა და განახორციელა.

მარიკა ესებუა, ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი: ბოლო 1 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბანკისთვის. გამარტივდა ბიზნეს პროცესები, განახლდა საპროცენტო განაკვეთები, დავნერგეთ ახალი სერვისები და მომხმარებლებლებს ბევრი სიახლე შევთავაზეთ, ერთ-ერთი კი სწრაფი სესხია, რომელსაც მარტივი პროცედურებით აიღებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შემოსავალი აქვს. როცა ამ პროდუქტის საკომუნიკაციო კამპანიაზე მუშაობა დავიწყეთ, ვფიქრობდით გვეპოვა ის უნივერსალური მესიჯი, რომელიც ყველასთვის ერთნაირად გასაგები და მარტივი იქნებოდა. ამიტომაც ავირჩიეთ საინტერესო შინაარსისა და კონცეფციის კამპანია, რომელიც მაღალისა და დაბალის სტერეოტიპულ  შედარებას ემყარება. ადამიანები უმეტეს შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ყველაფერი მაღალი ჯობია დაბალს ისევე, როგორც მეტი ჯობს ნაკლებს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არაა,  აქ დაბალი ჯობს მაღალს და ეს ფინკა ბანკის – დაბალი სესხია.

სპეციალურად კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდი  www.Dabali.ge, სადაც მომხმარებელს მარტივად შეუძლია განაცხადის ფორმის შევსება.

დაბალი სესხის მიზნობრიობა შეუზღუდავია. დაბალი სესხით მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ საოჯახო ტექნიკა, გადაიხადონ დასვენების ხარჯები, გაარემონტონ ბინა, შეავსონ ბიზნეს მარაგები, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და სხვა. სესხის ვადა 24 თვემდეა, საშეღავათო პერიოდი –  6 თვემდეა, რაც კარგი საშუალებაა სესხის გადახდა მოგვიანებით დაიწყოთ. სესხის უზრუნველყოფა, ისევე როგორც შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება – არ მოითხოვება.

დაბალი სესხის  მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვმართონ ვებ გვერდზე: www.Dabali.ge, დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე *4949 ან გვეწვიონ ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

ფინკა ბანკის სესხების კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

სკოლა ბულინგის გარეშე – ესტონური გამოცდილების გაზიარება

დღეს, 30 ოქტომბერს, ესტონელი ექსპერტები გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მიზნით 30-მდე სკოლის პედაგოგს, სკოლის ფსიქოლოგებს, მანდატურის სამსახურის და სკოლის ადმინისტრაციის  წარმომადგენლებს  ბათუმში, სასტუმრო „დივანში“ ხვდებიან.

პროექტს ახორციელებს ასოციაცია „ერთმანეთისთვის“. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფორმატში განიხილება ესტონური გამოცდილება და მოდელი ე.წ. „ბულინგის“ სკრინინგისა და პრევენციის საკითხებში, პროცესის მონაწილე ყველა სტრუქტურის უფლებამოსილება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის კონკრეტული ქეისები და რეაგირების მექანიზმები.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს განათლების მაგისტრი, ფსიქოთერაპევტი მარიტ ლეჯე, რომელიც 2010 წლიდან არის პროგრამის – „ბულინგის გარეშე“ პედაგოგი.

შეხვედრა იმართება პროექტის – „ესტონურ-ქართული ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანება ქალთა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერისთვის აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.

ქედის შესასვლელთან გზის საყრდენი კედლის აღსადგენად 1,4 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, დაბა ქედის შესასვლელთან, დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოებისთვის 1,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ საყრდენი კედელი დაახლოებით 204 მეტრზე გაკეთდება, ამასთან გაფართოვდება ავტომაგისტრალის სავალი ნაწილიც.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც შედგენილია „პროექტმშენკომპანის“ მიერ, აღნიშნულია, რომ „საავტომობილო გზის ბათუმი-ახალციხის 38-ე კმ მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრთან ახლოს, მდინარე აჭარისწყლის მიმდებარედ. საპროექტო მონაკვეთზე მდებარე ქვედა საყრდენი კედელი დაზიანებულია, ბეტონი გამოფიტულია და აღენიშნება ბზარები. გზის სავალი ნაწილის სიგანე შეადგენს 6 მეტრს და არ გააჩნია გვერდილები, რაც იწვევს ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხებას და საფრთხეს უქმნის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას“.

დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ვინაიდან საპროექტო მონაკვეთზე არსებული გზა არ შეესაბამებოდა მოქმედი ნორმების სტანდარტებს, პროექტით მოხდა არსებული გზის გაუმჯობსება და სათანადო პარამეტრებში მოყვანა. კერძოდ, გზის გაბარიტი შეირჩა მოქმედი ნორმების შესაბამისად 7.5 მ და გვერდულები 1.5 მეტრი. ასევე მოხდა არსებული მილების დაგრძელება. გზის მარცხენა მხარეს მოეწყო კიუვეტი სიგრძით 170მ“.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, ამიტომ საყრდენი კედლის აღდგენისა და გზის გაფართოების სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეისყიდის. დეპარტამენტმა შესაბამისი ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2017 წლის 15 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს დასრულდება. სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

 

გზის ქვედა საყრდენი კედლის აღდგენის საპროექტო დოკუმენტაციიდან

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე დაბა ქედაში მისვლამდე, სოფელ პირველ მაისთან გზის მონაკვეთი ხშირად იხერგება აქ მეწყრული პროცესების გამო. ამ მონაკვეთში მეწყერი ბოლოს, მიმდინარე თვის დასაწყისში ჩამოწვა. აქ დაზიანებულია ფერდის გასამაგრებელი კედელიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით მუშაობენ საპროექტო დოკუმენტაციაზე, რომლის მომზადებისთანავე გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი.

 

ავარიის დროს დაშავებული ექვსი პირიდან სამი საავადმყოფოში რჩება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოებში რჩებიან. რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამი ადამიანი გადის ამბულატორიულ მკურნალობას, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმები აღენიშნება და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ორი ადამიანი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის სტაციონალურ მკურნალობას. „ისინი ნეიროქირურგიულ მკურნალობას გადიან“ – გვეუბნებიან საავადმყოფოში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით, ჩაქვის გვირაბთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, შედეგად ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავარიის შედეგად სულ 6 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

ბათუმის ოლქმა საჩივრები განიხილა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრები დღეს, 29 ოქტომბერს განიხილა. ოლქის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა საუბნო კომისიის წევრს გაფრთხილება და შენიშვნა მისცეს. ოლქს მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა, მაგალითად, შრომის ანაზღაურების დაქვითვა, არ გამოუყენებია.

ეს საჩივრები საიამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების დღეს დაწერეს, თუმცა მათ განხილვაზე ოლქმა უარი იმ მოტივით თქვა, რომ ისინი დაუყოვნებლივ არ წარადგინეს ორგანიზაციებმა საოლქო კომისიაში. ოლქის ამგვარი მიდგომა ბათუმის საქალაქო სასამართლომაც გაიზიარა, თუმცა გუშინ, 28 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

„სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია დაავალდებულა განუხილველი საჩივრების განხილვა, რაც კარგი პრეცედენტია იმისათვის, რომ სამომავლოდ თავიდან აცილებული იქნას მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება დისციპლინური პასუხისმგებლობების დაკისრების ვადებზე,“ – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი.

საოლქო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე გაფრთხილება მისცა 29-ე უბნის კომისიის თავმჯდომარეს, ნაკადის მარეგულირებელს და რეგისტრატორს. ამ უბანზე რეგისტრატორი ამომრჩეველს ბიულეტენს უნომრავდა, გარდა ამისა, ორ მარკირებულ პირს ხმის მიცემის უფლება მისცეს.

მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი: „მე-2 უბანზე კომისიის წევრს შენიშვნა, ხოლო რეგისტრატორს გაფრთხილება მისცეს. ამ უბანზე 3-3 ბიულეტენი მისცეს ამომრჩეველს, რომელიც სპეციალურ სიაში იყო. სპეცსიაში მყოფ ამომრჩეველს კი, არ აქვს უფლება, მაჟორიტარი კანდიდატი აირჩიოს. საოლქო კომისიამ ასევე განიხილა მე-6 უბნის შემთხვევა, სადაც შემაჯამებელ ოქმს რეკვიზიტები აკლდა. მე-6 უბანზე ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ოლქმა წინა სხდომაზე, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ საოლქო კომისიას დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა შეეფარდებია კომისიის წევრებისთვის. მე-6 უბნის თავმჯდომარეს და მდივანს შენიშვნა მისცეს. დღევანდელ სხდომაზე საოლქო კომისიამ მხოლოდ მე-60 უბანზე არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით. ამ უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი დახია. ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, ამომრჩეველს უნდოდა ბიულეტენი გარეთ გაეტანა, რის უფლებაც კომისიის თავმჯდომარემ მას არ მისცა, მაგრამ მისცა მითითება, რომ დაეხია ბიულეტენი.“

საოლქო კომისიამ სრულად დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრები. მე-2, 29-ე, 49-ე, მე-16 და 102-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს გაფრთხილება და შენიშვნა მისცეს.

 

 

140 ათასი ლარი ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობის კონტროლისთვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში ესტაკადის მშენებლობის ზედამხედველობისთვის ბიუჯეტში 140 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ზედამხედველს სამინისტრო ელექტრონული ტენდერით გამოავლენს, სადაც წინადადებების მიღება 4 ნოემბერს დაიწყება და 6 ნოემბერს დასრულდება.

ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება მოიცავს სამუშაოების ხარისხის სისტემატიური კონტროლის განხორციელებას. სატენდერო პირობების თანახმად, სხვა მოთხოვნებთან ერთად „ზედამხედველმა უნდა შეამოწმოს სამუშაოს წარმოებისას გამოსაყენებელი მასალების, დეტალების, კონსტრუქციების, მოწყობილობების პასპორტების (სერთიფიკატების), ლაბორატორიული ანალიზების, გამოცდების არსებობა და მათი შესაბამისობა პროექტით მოთხოვნილ პარამეტრებთან;

საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს სამშენებლო კომპანიისაგან საშენი მასალების დამატებითი ლაბორატორიული გამოცდების განხორციელება;

ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი თვის ბოლოს ტექნიკურმა ზედამხედველმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ყოველთვიური ტექნიკური ანგარიში განვლილ პერიოდში მის მიერ განხორციელებული ტექნიკური ზედამხედველობის შედეგების შესახებ; ტექნიკურ ანგარიშში ასახული უნდა იყოს სამშენებლო პროცესის ყველა ხარვეზი ფოტოფიქსაციის მასალებთან ერთად, რეკომენდაციები მათ გამოსასწორებლად და მათი გამოსწორების შედეგები და სხვ.“


ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამარჯვებული კომპანია გამოავლინა, რომელიც ესტაკადას 14 370 000 ლარად ააშენებს. ტენდერში გამარჯვებული „კავკასუს როუდ პროჯექტია“, რომელმაც ესტაკადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 320 დღეში უნდა ააშენოს.

კომპანიასთან ესტაკადის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის.

ამავე თემაზე:

კომპანია, რომელმაც ბათუმის პორტთან ესტაკადა უნდა ააშენოს, გამოვლენილია

 

ინდაური ფაროსანას საწინააღმდეგოდ [ვიდეო]

მითი იმის შესახებ, რომ აზიურ ფაროსანას საქართველოში ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, გურიაში ფაქტობრივად დაიმსხვრა. აქ, საცხოვრებელ სახლებში დაბუდებულ ფაროსანას წინააღმდეგ ინდაურებს [ქათმებსაც] იყენებენ. დაკეცილ, თუ ყუთებში ჩალაგებულ ტანსაცმელს და სხვა ნივთებს ამ შინაური ფრინველების თანდასწრებით ხსნიან. ფრინველები კი ფაროსანას ჭამენ.

„აგი რაცხა ფიროსმანაა [ფაროსანა-ავტ.] სიმინდი კი შეჭამა, მოსავალი არაა და ახლა ინდაურებს მაგით ვკვებავთ – ხუმრობენ გურიაში – ინდაურის ხორცსაც უკარგავს გემოსო, მაგრამ არ ვიცით ჯერ რა გემო ექნება“.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი მოსახლეობას დაურიგეს, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ შეწამვლა ახლა დაგვიანებულია, ვინაიდან ფაროსანა უკვე საცხოვრებელ სახლებსაა შეფარებული გამოსაზამთრებლად, სახლებში კი საწამლავს ვერ გამოიყენებენ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პრეპარატით წამლობას საცხოვრებელ სახლშიც ატარებს.

„საშიშია, აწერია ზედ საწამლავსაც… სახლში მაგას ვერ გამოვიყენებ და გაზაფხულზე რომ დაიწყებს სახლიდან გამოსვლას, შემდეგ შევწამლავ ალბათ ეზოს, მაგრამ შინაური ფრინველებისთვისაც საშიშიაო და არ ვიცი“ – გვეუბნება ერთ-ერთი მოქალაქე გურიაში.

მოსახლეობა პრეპარატის გამოყენებისგან აჭარის სოფლებშიც იკავებს თავს. „ისეთი ინსტრუქცია ახლავს, მაგის გამოყენებას ტრაქტორები და სპეციალური ტექნიკა სჭირდება. თან ჩვენთან ოთხ ოჯახზე თითო პრეპარატი დაარიგეს, არ არის საკმარისიო“ – გვეუბნება მოქალაქე, რომელიც ქედის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციიდან
ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი
ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი

 

 

 

 

ქედაში ავტობუსიდან ბავშვების გადმოცვენაზე გამოძიება დაიწყო

ქედაში, სოფელ წონიარისთან, მოძრავი ავტობუსიდან ბავშვები გადმოცვივდნენ. სამი დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში რჩება. ერთ არასრულწლოვანს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს მოხდა. ბავშვები ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და სხალთაში იყვნენ ექსკურსიაზე. ავტობუსის კარი სხალთიდან ბათუმში დაბრუნების დროს გაიხსნა, რა დროსაც 6 ბავშვი დაშავდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, ერთ-ერთ არასრულწლოვანს თავის ქალის ტრავმა ჰქონდა, ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ქირურგიულ განყოფილებაში რჩება ორი არასრულწლოვანი, რომლებსაც თავის ტვინის შერყევა აქვთ, მაგრამ ძალიან მსუბუქი ფორმით. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება რაიმე მძიმე ფორმის დაზიანება, მოტეხილობა და ასე შემდეგ. სამ მოსწავლეს ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა და ისინი გუშინ ღამით გაწერეს კლინიკიდან,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ვინ დაეხმარება ოჯახს, რომელსაც „ოცნების ქალაქში“ სახლი დაეწვა

შოთა ბოლქვაძე „ოცნების „ქალაქში“ 2012 წლიდან ცხოვრობს. დღეს გაჩენილმა ხანძარმა მისი ხის სახლი მთლიანად გადაწვა. ოჯახმა სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლო. ვიდრე მცირეწლოვანებს და ასაკოვან ბებიას სახლიდან გამოიყვანდნენ, ყველაფერი განადგურდა.

„სამი ძმაა სულ, ჯამში 17 სული. ამ ოჯახს შვიდი შვილი ჰყავს. მეორე ძმა 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ცხოვრობს, მესამე – ნაქირავებშია. სოფელ ირემაძეებიდან არიან და სახლი მართლა დაემეწყრათ, იმ სახლში არ იცხოვრება. მთავრობა 25 ათას ლარს სთავაზობს, მაგრამ რა სახლი უნდა ნახო ამ ფასად, რომ შიგ 17 სული დაეტიოს?“ – კითხულობს მარინა ბერიძე, რომელიც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს და არასამთავრობო ორგანიზაციის „ოცნების ქალაქის“ ხელმძღვანელია.

მარინა ბერიძის თქმით, ხანძარი „ოცნების ქალაქში“ კუსტარულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. „ეს საკითხი ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ, რომ მოექციათ ყურადღება. თუკი გვაძლევთ ელექტროენერგიას, შესაბამისი გაყვანილობაც უნდა მოყვეს ამას. ეს მეშვიდე სახლია უკვე, რომელიც „ოცნების ქალაქში“ დაიწვა“, – ამბობს ის.

„ჩვენ მოვინახულეთ ოჯახი. ამ ოჯახს ხულოს გამგეობა დროებით გადაუხდის ქირას. ბოლქვაძეების ოჯახი ნამდვილად ეკომიგრანტია და ჩვენ ამ ოჯახს შევთავაზეთ წლების წინ 25-ათასლარიან პროგრამაში ჩართვა, ძმები ვერ თანხმდებიან ამაზე,“ – გვითხრა რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

სად უნდა წავიდეს ბოლქვაძეების ოჯახი ამაღამ? – რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ოჯახი რომელიმე მიტოვებულ ქოხში შევა ისევ „ოცნების ქალაქში“.

„არსად არ შევსულვარ, ეზოში ვარ ისევ, არ ვიცი, სად წავიდე…“ – ამბობს შოთა ბოლქვაძე. მისი თქმით, მიტოვებული ქოხები არსებობს, მაგრამ იქ საწოლიც კი არ არის. შოთა ბოლქვაძე ამაღამ მეზობელთან აპირებს ღამის გათევას.

ოლქს დარღვევების განხილვა მოუწევს – ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმეს

ბათუმის საარჩევნო ოლქს საარჩევნო დარღვევების განხილვა მაინც მოუწევს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების: ჯუმბერ ბეჟანიძის და ლაშა თავართქილაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქუთაისის სააპელაციომ სასამართლომ დღეს, 28 ოქტომბერს გააუქმა.

საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნების“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ არჩევნების დღეს დაწერილ საჩივრებზე, რომლის განხილვაზეც ბათუმის ოლქმა უარი თქვა. ოლქი საარჩევნო კოდექსის იმ ჩანაწერს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც აღმოჩენილ დარღვევებზე საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა დაიწეროს. არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით კი, დაუყოვნებელი საჩივრის დაწერა სავალდებულო უბანზეა და არა ოლქში.

ბათუმის ოლქის პოზიცია სრულად გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. ჯუმბერ ბეჟანიძის და ლაშა თავართქილაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლეებმა მურთაზ მეშველიანმა, გოჩა აბუსერიძემ და ხათუნა ხომერიკმა ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს.

„სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საარჩევნო ოლქმა უნდა განიხილოს საჩივრები, რაც ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობების დაკისრებას. არ დაკმაყოფილდა მხოლოდ უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა. ასეთი მოთხოვნა ჩვენს ორგანიზაციას მხოლოდ ორ უბანზე ჰქონდა,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ანალოგიურად დაკმაყოფილდა „სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნაც. ბათუმის ოლქი ვალდებულია ორი დღის ვადაში განიხილოს ამ ორგანიზაციის საჩივრებიც, რადგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საარჩევნო დავებზე აღარ საჩივრდება.

„სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე ამბობს, რომ დღეს, 28 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემაც დააკმაყოფილა კიდევ ერთი სარჩელი.

„ჩვენ მოვითხოვდით მე-6 უბნის თავმჯდომარისთვის და მდივნისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამ უბნის შემაჯამებელ ოქმს აკლდა რეკვიზიტები: თარიღი, დრო… საოლქო კომისია ამტკიცებდა, რომ არ აკლდა და ოქმი, რომელიც მათ ჩაჰბარდათ, სრულად იყო შევსებული. ჩვენმა დამკვირვებელმა უბნიდან წამოიღო შემაჯამებელი ოქმის ასლი, სადაც ეს რეკვიზიტები არ იყო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, ბათუმის ოლქი ვალდებულია ხელახლა განიხილოს ეს საკითხი და დააკისროს კომისიას შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობა,“ – აღნიშნავს მადონა ბერიძე.

ამავე თემაზე:

საია: გამოდის, ჩვენ წამებში უნდა დავწეროთ საჩივრები

მოსამართლე: ამომრჩეველს არ ჰქონია პრეტენზია ბიულეტენების დანომვრაზე

 

 

ყოფილი მოსამართლე პარლამენტის წინააღმდეგ

ლანჩხუთის ყოფილი მოსამართლე მაგული კუნჭულია პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დაობს. იგი იმ კანონს ასაჩივრებს, რომლითაც ყოფილი მოსამართლისთვის კომპენსაციის მიცემა რეგულირდება პენსიაში გასვლის შემდეგ. მაგული კუნჭულია მოსამართლედ მუშაობდა 1982 წლიდან 2009 წლამდე. ლანჩხუთის სასამართლოს ლიკვიდაციის შემდეგ იგი რეზერვის მოსამართლედ ირიცხებოდა, უფლებამოსილების ვადა კი, 2013 წელს ამოეწურა.

მაგული კუნჭულია 62 წლისაა, ანუ საპენსიო ასაკის მქონე, მაგრამ ვერ იღებს 560 ლარს, რაც ყოფილი მოსამართლეებისთვისაა გათვალისწინებული. კანონი „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კომპენსაციის გაცემას მხოლოდ 65 წლის ასაკიდან ითვალისწინებს. ასეა საერთო სასამართლოს მოსამართლეებისთვის, მაგრამ კანონმდებლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე სახელმწიფო კომპენსაციის გაცემისთვის არ აწესებს 65 წელს მიღწევის მოთხოვნას. უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი ქალი მოსამართლეები 60 წლის ასაკიდან იღებენ განსხვავებულ პენსიას.

ამას გარდა, მაგული კუნჭულია მიიჩნევს, რომ კომპენსაციის დანიშვნის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაო გამოცდილება. მაგული კუნჭულიას 27 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ამის მიუხედავად, ის და სხვა ადამიანიც, ვინც, მაგალითად, 10 წელი იყო მოსამართლე 560 ლარს მიიღებს.

სარჩელში ყოფილი მოსამართლე ხაზს უსვამს იმასაც, რომ განსხვავებული მიდგომაა საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების შემთხვევაში, რომელთა ყოველთვიური კომპენსაცია, ანუ პენსია თვეში 1200 ლარია. მაგული კუნჭულია თანასწორობის პრინციპის დაცვაზე საუბრობს, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული.

„კომპენსაციის იმგვარი მაქსიმალური ოდენობის (560 ლარი) დადგენით, რომელიც მხედველობაში არ იღებს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის სამუშაო სტაჟს, ხორციელდება არსებითად უთანასწორო პირების თანასწორი მოპყრობა, რასაც არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, გააჩნია თვითმიზნური, შესაბამისად დისკრიმინაციული ხასიათი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს,“ – აღნიშნავს მოსარჩელე.

მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმებით ამგვარ დიფერენცირებას არ გააჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი გამართლება და ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. თანასწორობის ძირითადი უფლების არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“.

ყოფილი მოსამართლის ინტერესებს საკონსტიტუციოში სასამართლოში პარტნიორობა „ადამიანის უფლებებისთვის“ დაიცავს.

„ოცნების ქალაქში“ ხანძარია

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ხანძარია. ცეცხლი თავდაპირველად ხის სახლში გაჩნდა, სადაც ბოლქვაძეების ცხრასულიანი ოჯახი ცხოვრობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

ადგილზე უკვე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ დროისთვის ბოლქვაძეების საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.

ხანძარი „ოცნების ქალაქში“ /28.10.2017/ როინ გუნდაძის ფოტო

ბათუმის სამშობიარო სახლთან მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, სამშობიარო სახლის მიმდებარედ, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგლიდან მიიმალა. შემთხვევა დაახლოებით ღამის 9 საათზე მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებული გადაყვანილია საავადმყოფოში. რაც შეეხება მძღოლს, უწყების ინფორმაციით, „მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“.

„ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ – „ბათუმელების“ ჟურნალისტმა პირველი ადგილი აიღო

დღეს, 27 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში კონკურსის – „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიგელები გადასცა. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია „ბათუმელების“ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე, რომელმაც სტატიისთვის – „შეზღუდვა უსაფრთხოების სახელით“ პირველი ადგილი მიიღო ბეჭდურ მედიაში  გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომისთვის.

კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტმა“ (EARI)  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.

კონსტიტუციონალისტებითა და ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ პირველ და მეორე ადგილებზე გასული სულ 8 გამარჯვებული გამოავლინა. წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმები იყო: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე და საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა.

საუკეთესო სატელევიზიო ნაშრომისათვის დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები: I ადგილი – ეკა კოპალიანი, II ადგილი – სოფო ზურაბიანი; საუკეთესო ელექტრონული ნაშრომისათვის I ადგილი – რუსუდან მაჩაიძე; II ადგილი – მანანა ვარდიაშვილი; საუკეთესო საგაზეთო ნაშრომისათვის I ადგილი – ლელა დუმბაძე; II ადგილი – თიკო ოსმანოვა; საუკეთესო რადიო ნაშრომისათვის I ადგილი – ნათია არველაძე, II ადგილი – მანანა დევაძე.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულმა ნომინანტებმა ფულადი ჯილდოებიც მიიღეს.

რისი ეშინოდათ კაცებს – პროპაგანდისტული პოსტერები ქალთა უფლებების წინააღმდეგ

1867 წლის 20 მაისს ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ეკონომისტმა და პარლამენტის წევრმა, ჯონ სტიუარტ მილმა, ქალებისთვის ხმის უფლების დაკანონება მოითხოვა, რასაც თემთა პალატის დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა ფემინისტების აქტიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და 1869 წელს ამერიკაში, ვაიომინგის შტატში, ქალებმა პირველად მსოფლიოში ხმის უფლება მოიპოვეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920 წელს კონსტიტუციის შესწორების შედეგად კი სამუდამოდ დაკანონდა ქალთა უფლებები. ბევრ ქვეყანაში მოიპოვეს ქალებმა ხმის უფლება მეოცე საუკუნის დასაწყისში,  თუმცა საუდის არაბეთში 2011 წლამდე ამ უფლებით ქალები ვერ სარგებლობდნენ.

1900-იანი წლების პოსტერები აჩვენებს, როგორ აღიქვამდა მამაკაცების უმეტესობა იმ პერიოდში ქალთა უფლებებს, მათი ხმის უფლებას. ქალების გააქტიურება მხოლოდ არასასიამოვნო, არამედ ძალიან სახიფათო მოვლენად მიიჩნეოდა.

პროპაგანდისტული პოსტერები ქალთა უფლებებს ოჯახური ღირებულებების დამანგრეველ მოვლენად წარმოაჩენდა. ნახატები მამაკაცების შიშს ასახახავს ქალების გააქტიურების შემდეგ.

გენდერული საკითხების მკვლევარი, ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტის პროფესორი, კატრინ პალჩევსკი პროპაგანდისტული პოსტერების კოლექციას 15 წელი აგროვებდა. ქვემოთ ნაჩვენები პოსტერები  პალჩევსკის დიდი არქივის მხოლოდ ნაწილია.


,,გოლდენ სიი“-ს დუალური სწავლების პირველი გამოშვება, უმრავლესობა დასაქმებულია

დღეს, 27 ოქტომბერს, სასტუმრო „კოლიზეუმში“ საერთაშორისო კოლეჯი ,,გოლდენ სიი“-ს პირველი გამოშვება შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ,,გოლდენ სიი“ ერთ-ერთი პირველია, რომელიც სასწავლო პროცესს დუალურად წარმართავს.

კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი სასტუმრო „კოლიზეუმში“ და „პიაცა ბათუმში“ გადიოდნენ სასწავლო პრაქტიკას. მათი უმეტესობა უკვე დასაქმებულია, როგორც აღნიშნულ კომპანიებში, ასევე ბათუმში არსებულ სხვდასხვა მომსახურების პროფილის ბრენდულ საწარმოში, მათ შორის სასტუმო „ლეოგრანდიში“, რესტორან „შატილში“ და სხვა.

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს კოლეჯის დირექტორმა ლეილა გოგიტიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსმა გოჩა გოგიტიძემ, „პიაცა ბათუმის“ რესტორან „მიმინოს“ შეფ-მზარეულმა ლევან გოგიტიძემ, კომპანია თერგი XXII პეზიდენტმა ედნარ ბაგრატიონმა და სასტუმრო „კოლიზეუმის“ კომერციულმა დირექტორმა ნიკო შეყლაშვილმა.

ლეილა გოგიტიძის თქმით, ,,ეს დღე მნიშნელოვანი იყო ყველასთვის. სტუდენტთა ეს ნაკადი იყო პირველი, რომლებიც სასურველ პროფესიებს დაეუფლნენ ,,დუალური სწავლების“ მეთოდით. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენი კოლეჯის სტუდენტები, რომლებიც თორიულ და პრაქტიკულ სწავლებას დამსაქმებელთან გადიოდნენ, დასაქმდნენ სწორედ იმ ადგილებზე, სადაც მიმდინარეობდა სასწავლო კურსი (სასტუმრო „ლეოგრანდი“, სასტუმრო „პიაცა“). ჩვენ ძალიან გვახარებს თითოეული მათგანის წარმატება და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ საქმეს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით და მონდომებით“.

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ არის დასავლეთ საქართველოში პირველი პროფესიული სასწავლებელი, რომელმაც დუალური სწავლება განახორციელა.

ლეილა გოგიტიძე – შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი
ლეილა გოგიტიძე – შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი

დუალური სწავლება – სწავლების გერმანული მოდელია, რაც დამსაქმებლის მეთვალყურეობით თეორიისა და პრაქტიკის ერთდროულ ჩართულობას გულისხმობს. დუალური სწავლების პირობებში სტუდენტი თავსდება იმ სივრცეში, იმ სპეციალობითა და იმ დამსაქმებელთან, სადაც შემდგომში აპირებს დასაქმებას. ეს მეთოდი არის მოკლე და ეფექტური გზა ბაზარზე კონკურენტუნარიან კადრის მოსამზადებლად.

ქედაში საავტომობილო გზაზე კამერებს რთავენ

ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე ქედის გამგეობის მიერ რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებულ ვიდეოსათვალთვალო კამერებს ქსელში რთავენ. კამერების ქსელში ჩართვას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გლობალ ტექნოლოჯი გრუპი“ ახორციელებს.

17  კამერის სისტემის ჩამწერ მოწყობილობასთან დასაკავშირებლად და ქსელში ჩასართავად ქედის გამგეობას სულ 28 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება კი ტენდერის სავარაუდო ფასზე – 28 000 ლარზეა გაფორმებული.

ქედის მუნიციპალიტეტის დაბებსა თუ ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე განთავსებული 17  ვიდეოთვალიდან ათი დაბაშია დამონტაჟებული, ორი – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ქედა-ხელვაჩაურის საზღვარზე, ორი – მახუნცეთის სკოლასთან, სამი – ქვედა მახუნცეთში, სადაც ვიდეოთვალები ცენტრალურ გზაზე, ჩანჩქერთან და თამარის ხიდთანაა განთავსებული, იმ ტერიტორიებზე, სადაც ტურისტები ხშირად გადაადგილდებიან.

ვიდეოთვალების დასაყენებლად ადგილები ქედაში შსს-მ შეარჩია.

„ევროპა სახლია“ – საინფორმაციო შეხვედრა ქედაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ქედაში, არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიის –  „ევროპა სახლიას“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და ადგილობრივ მოსახლეობას ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გააცნო.

საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ქედის ოფისში ჩატარდა, ოფისის მენეჯერმა, დავით ანანიძემ, შეხვედრის მონაწილეებს ევროპაში გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტებზე ესაუბრა. მან ყურადღება  გაამახვილა უვიზო მიმოსვლის სასარგებლო მხარეებსა და შესაძლო საფრთხეებზე, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში უნებართვოდ დარჩებიან.

„არის მითები, რომ მოსახლეობა ვერ შეძლებს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას. ჩვენ, სამოქალაქო სექტორი, ვცდილობთ, მოსახლეობას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ როგორ  შეძლებენ გამგზავრებას, რა სჭირდებათ ამისთვის, რა საფრთხეების შემცველია კანონის დარღვევა, კამპანიის ფარგლებში ჩვენს ორგანიზაციას, ნოემბრის თვის დასაწყისში, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება გვაქვს დაგეგმილი ხულოშიც“ – ამბობს დავით ანანიძე.

ტრენინგის  მონაწილეებს ქედაში, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით სპეციალურად დამზადებული  საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ.

კამპანია „ევროპა სახლია“ იმართება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით. კამპანიის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, ,,ღია საზოგადოების ფონდები“ და სს ,,ლიბერთი ბანკი,“ ხოლო მისი განმახორციელებლები არიან: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).

გაჩუმება, ჩრდილში დგომა – სოციალური მუშაკი ყოფილი პატიმრების არჩევანზე

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდასაჭერი პროგრამა ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროექტს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს: აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და გურიაში. ორგანიზაცია სამი წლის განმავლობაში ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს სარეაბილიტაციო მომსახურებას გაუწევს. პროექტი 2019 წლის 31 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ნესტან კახაძე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის სოციალური მუშაკია. ამ სფეროში 2005 წლიდანაა ჩართული და ყოფილ პატიმრებთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს.

„18 წლის ვიყავი, როცა პირველად დავიწყე არასრულწლოვან პრობაციონერებთან მუშაობა, სასიამოვნოდ გამოგვდიოდა საქმე, რადგან თანატოლად მთვლიდნენ და მენდობოდნენ. ერთი წელი ვიმუშავე და მივხვდი: ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა თუნდაც ერთ ადამიანს მაინც უწვდი ხელს დასახმარებლად და ახალ გზაზე აყენებ. შეუძლებელია ასეთ დროს მათგანაც არ იგრძნო მადლიერება,“ – გვეუბნება ნესტანი.

პატიმართა დახმარების პროგრამები ევროპასა და ამერიკაში

ნესტანი უცხოეთის პრაქტიკაზეც გვიყვება, სადაც ასეთი პროგრამების საჭიროება ნაკლებადაა: ,,ყოფილ პატიმართა მხარდასაჭერი პროექტები ძალიან ცოტაა ევროპასა და ამერიკაში -სარეაბილიტაციო პროექტები პენიტენციურ სისტემაშივეა ხელმისაწვდომი. ციხეშივე ამზადებენ ადამიანებს გათავისუფლებისთვის, მერე უკვე სახელმწიფო სთავაზობს ყოფილ პატიმრებს უამრავ საშუალებას ცხოვრების თავიდან დასაწყებად. ჩვენთან კი, ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ამარა რჩებიან და ელოდებიან, როდის დაეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები.’’

ნესტანი მიიჩნევს, რომ პრევენციის ცენტრის შექმნა სახელმწიფოს მხრიდან წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი რესურსი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რეინტეგრაციისთვის.

„დემოკრატიის ინსტიტუტს“ არ აქვს უფლება ციხეში შესვლის და მონიტორინგის წარმოების. მით უფრო, რომ ბათუმის მესამე საპყრობილე ნახევრად დახურული ტიპის ციხედ  გადაკეთდა. თუმცა, კოლონიებში შედიან ორგანიზაციები, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები და ატარებენ სემინარებს, დაინტერესებული პირები ესწრებიან ტრენინგებს და იღებენ სერტიფიკატებს. მაგრამ იმდენი ვერ კეთდება, რამდენიც საჭიროა.

როცა ციხეში დაბრუნება გიჯობს

არის შემთხვევები, როცა ციხიდან გათავისუფლება ყოფილი პატიმრისთვის სულაც არ ასოცირდება დადებით ემოციებთან. როგორც ნესტან კახაძის გამოცდილებიდან ვიგებთ, „ყველაზე რთული საპატიმროდან გათავისუფლებული ადამიანების დასაქმებაა, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა გაუკეთო ადამიანს: ასწავლო, გადაამზადო, სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამაში ჩართო, მთავარ პრობლემად რჩება დასაქმება და თუ ადამიანს საცხოვრებლის პრობლემაც აქვს, ამ დროს უკვე ძალიან მძიმდება გარემოება. სამი ადამიანი გვყავს ასეთი, რომლებსაც სახლი არ აქვთ. ერთი ჩვენი დახმარებით ურეხის თავშესაფარში მოათავსეს. ერთი ბერს შეეკედლა და მასთან ერთად კელიაში ცხოვრობს, მესამე ახლა ელოდება თავშესაფარს.

სახელმწიფო საპატიმროდან გამოსულ, მიუსაფარ ყოფილ პატიმრებს საცხოვრისით ვერ უზრუნველყოფს. თავშესაფარში ყოფილი პატიმარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი ძალისხმევით მოხვდა: ქუჩაში დარჩა, იქვე ეძინა, წასასვლელი არ ჰქონდა და პატრული გამოვიძახეთ, ამის შემდეგ გადაიყვანა ეკიპაჟმა თავშესაფარში. ასეთი ადამიანები სამომავლოდ ისევ პოტენციური პატიმრები არიან. ურჩევნიათ ისევ დანაშაულის ჩადენაზე იფიქრონ, რომ ციხეში მაინც შეძლონ ღამის გათევა. თითქმის ყველას ჰყავს ოჯახი და ნათესავები, მაგრამ არ სურთ ,,ცუდი წარსულის’’ ყოფილი პატიმრების შინ მიღება. გააჩნია, ვის როგორი ოჯახი ჰყავს. სამი მაგალითიდან ერთს ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ არ იღებენ, არ პატრონობენ.

სახელმწიფოს სუსტი მხარე

„წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც 15 წელი გაატარა ციხეში, შევიდა 20 წლის და გამოვიდა 35-ის – გამოტოვა პერიოდი, როცა შეიძლებოდა საინტერესო გამოცდილება დაეგროვებინა. სად შეიძლება დასაქმდეს ეს ადამიანი? ხშირად დარაჯებად, მუშებად იწყებენ მუშაობას და თუ დამსაქმებელი არ არის ახლობელი ან ვინმე თავდებად არ უდგება, ყოფილ პატიმრებს დამსაქმებლები უარით ისტუმრებენ, რახან ციხეში აქვთ გატარებული ცხოვრების გარკვეული პერიოდი. ეს პრობლემა ნამდვილად დგას. ყველაფერი ინდივიდუალურია, გააჩნია იმასაც, ადამიანს როგორი პირობები ჰქონდა ციხეში. ზოგიერთი ისეთი დათრგუნული და გაუბედურებული გამოდის, რომ  სერიოზული მუშაობა სჭირდება, იმედი და მოტივაცია რომ გავუჩინოთ.

ერთეულებს შეუძლიათ დახმარების გარეშე ფეხზე დადგომა, მაგალითად, თუ 5000 ადამიანთან გვიმუშავია, ამათგან მხოლოდ 2-3 თუ იყო ისეთი, ვინც მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით დასაქმდა. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენამდე არ მოსულან და ცხოვრება თავისუფლად გააგრძელეს.

ყველაზე რთული შემთხვევები

სოციალური მუშაკის თვალით ყველაზე რთულია, როცა ადამიანი ციხიდან თავისუფლდება, არც საცხოვრებელი აქვს, არც სამსახური და ხვდება სრულიად განსხვავებული, შეცვლილი გარემო. ამას ემატება ისიც, რომ არ ჰყავს არავინ, სოციალურად დაუცველია და თან ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს.

,,ასეთ დროს, პირველ რიგში, გვიწევს ვიფიქროთ მის საცხოვრებელზე, მერე სოციალურ სტატუსზე, რომლის საშუალებითაც, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს უფლება ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის და ამ მნიშვნელოვანი საჭიროებების მოგვარების შემდეგ უკვე იწყება სამომავლო ნაბიჯების გადადგმა. ტრენინგები, სემინარები მისთვის საინტერესო სფეროში და ა.შ.’’ – ამბობს ნესტანი.

რატომ სდუმან ყოფილი პატიმრები

ნესტანი გვიხსნის, რატომ არჩევენ ყოფილი პატიმრები დუმილს საკუთარ წარსულზე:

„ფიქრობენ, რომ ლაპარაკი მათ არაფერს მოუტანს და გაჩუმებას, ჩრდილში დგომას არჩევენ. ტელევიზია ან ფოტოაპარტი მათზე ცუდად მოქმედებს. ხშირად არ სიამოვნებთ საკუთარი თავის აფიშირება, რადგან საზოგადოებას მაინცა და მაინც დადებითი რეაქციები არ აქვს ყოფილ პატიმრებზე. როცა ადამიანს დანაშაულის გამო არ ენდობა საკუთარი ცოლ- შვილი, ის ფიქრობს, რომ ნდობა არც არავისგან ექნება და ჩაკეტვას არჩევს. ვერ წარმოუდგენია, რომ ვინმე არ გაკიცხავს. თუ ხვდებიან ისეთ გარემოში, სადაც არ იციან, რომ პრობაციონერები ან ყოფილი პატიმრები არიან, საერთოდ არ საუბრობენ ამაზე.

ვფიქრობ, საზოგადოება ნებისმიერი ადამიანის მიმართ უნდა იყოს შემწყნარებელი, მათ შორის განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ, მერე რა რომ ვიღაც ყოფილი პატიმარია, ან რა მნიშვნელობა აქვს სტატუსებს. მაგრამ საზოგადოება ჯერ ვერ გაიზარდა, სხვების კრიტიკაზე მაღლა ვერ ვდგებით, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ ყოველთვის ყველაფერი შევაფასოთ და რაღაცაზე, ვიღაცაზე ვთქვათ, რომ კარგია ან ცუდი.“

საუკეთესო შედეგები

მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ყოფილი პატიმრების გასაძლიერებელ პროგრამაში უამრავი შედეგი მიიღწევა.

,,ვინც არასდროს ეგუება მარცხს, ესენი არიან ქალები, ქალები გამოდიან ციხიდან, საკმაოდ დიდ სასჯელსაც იხდიან, რეაბილიტაციას გადიან, მუშაობას იწყებენ. რამდენიმე ქალი მახსენდება, რომლებსაც იქეთ შეუძლიათ დაეხმარონ სხვებს ფიზიკურად, ფინანსურად თუ მორალურად.“

„სახელმწიფოს წარმომადგენელი რომ ვიყო“

ნესტანი იმ საჭიროებებზეც საუბრობს, რომელთა მოთხოვნაც დიდია, მაგრამ არ არის რესურსი.

„ადამიანი, რომელსაც სულიერი პრობლემა აქვს და არ არის ჯანმრთელი, როგორი სახალისო აქტივობაც უნდა შესთავაზო მას, რა ღონისძიება და ექსკურსიაც არ უნდა მოუწყო, არ არის დაინტერესებული ჩაერთოს ამ ამბებში. ამიტომ, პირველ რიგში, რაშიც დიდი თანხა უნდა იხარჯებოდეს, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ციხიდან დაავადებების სხვადასხვა ნაკრებით, ტრავმებით გამოდიან. პირველი, რაც ამ ადამიანებს სჭირდებათ, ეს არის საფუძვლიანი მკურნალობის პროგრამები, რადგან ბევრი ყოფილი პატიმრის ჯანმრთელობა სავალალო მდგომარეობაშია. ამას ემატება გაჭირვება, უსახლკარობა და ა.შ.

ძალიან ბევრჯერ დავფიქრებულვარ, სად შეიძლება ვიყო, რომ არა მათი გაძლიერების პროგრამაში? და ყოველ ჯერზე მხოლოდ ისეთი სამსახურები მაფიქრდება, სადაც სხვისი დახმარებაა საჭირო. მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო“.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადასასვლელი ხიდი მოაჯირის გარეშე

ბარცხანის დასახლებაში რკინიგზაზე გადასასვლელ ხიდს გარკვეულ მონაკვეთში მოაჯირი არ აქვს. რკინის მოაჯირი რამდენიმე დღეა მორღვეულია, რაც საფრთხეს უქმნის ხიდზე ქვეითებს. მოაჯირის ნაცვლად ლენტია გაბმული.

ხიდის მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ქალაქ ბათუმის მერიაა. ბათუმის მერიაში არ იციან, რამ დააზიანა მოაჯირი, მაგრამ არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ლითონის კონსტრუქციის ნაწილი მოიპარეს, თუმცა შესაძლო ქურდობის ფაქტზე არც შესაბამისი ორგანოებისთვის მიუმართავთ. „რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, მაქ რომ მომხდარიყო, არ დაიმალებოდა ეს ფაქტი,“ – ამბობენ მერიაში.

ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ჩხეიძის განცხადებით, მოაჯირის კონსტრუქციის დარჩენილი ნაწილი მათ გადაიტანეს, მზადდება ხარჯთაღრიცხვა და „რაც შეიძლება ოპერატიულად აღვადგენთ მოაჯირს“.

ბარცხანის ხიდი / 25.10.2017
ბარცხანის ხიდი / 25.10.2017
ბარცხანის ხიდი / 23.10.2017
ბარცხანის ხიდი / 23.10.2017 / ბათუმი / გურამ მურვანიძის ფოტოები

ქედის საკრებულოს წევრი ყოველ ექვს თვეში ამომრჩეველს ანგარიშს ჩააბარებს

ყოველ ექვს თვეში ერთხელ ქედის მუციპალიტეტის საკრებულოს წევრები ამომრჩეველს ანგარიშს ჩააბარებენ – დღეს, 27 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომაზე მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილ პეტიციას.

პეტიციის განხილვას საკრებულოში ხმაური მოჰყვა. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ქედის ოფისის მენეჯერი, დავით ანანიძე პეტიციით ითხოვდა, რომ საკრებულოს წევრს სამ თვეში ერთხელ ჩაებარებინა საკუთარ მოსახლეობისთვის ანგარიში, რასაც საკრებულოს წევრები არ დაეთანხმნენ.

„შეხვედრისთვის ორგანიზებას მე, ოპოზიციას, საკრებულოს აპარატი გამიკეთებს? მალე ახალი საკრებულო შეიკრიბება და ახალმა საკრებულომ იმსჯელოს ამ საკითხებზე, მე რატომ დავუწესო ანგარიშვალდებულება და გადავწყვიტო მათი ბედი? რეგლამენტში ისედაც წერია, რომ საკრებულოს წევრმა ანგარიში უნდა წარადგინოს, მაგრამ რა ფორმით, ეს დეპუტატმა უნდა შეარჩიოს. 65 სოფელია ქედაში, როგორ განვსაზღვრო, სად ჩავატარო შეხვედრა. სადაც აუცილებლობა იქნება და პრობლემა, იმ სოფელში ვატარებ მოსახლეობასთან შეხვედრას,“ – განაცხადა საკითხის განხილვისას საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ პეტიციის განხილვისას მოითხოვა, რომ სამი თვის ნაცვლად, საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობისა და საკრებულოს წინაშე ანგარიშის წარდგენის ვადა ექვსი თვით განესაზღვრათ. შესაბამისად, დეპუტატებმა პეტიციას საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასახელებულ ვადას დაუჭირეს მხარი და დღეს მიღებული დადგენილებით ქედის საკრებულოს წევრი ვალდებულია ანგარიში ექვს თვეში წარადგინოს როგორც ამომრჩევლის, ასევე საკრებულოს წინაშე.

„სულ სამი პეტიცია შევიტანეთ, აქედან, ერთი პეტიცია, რომელიც საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულებას ეხებოდა, საკრებულომ დაამტკიცა. რადგანაც მოსახლეობა ირჩევს თავის დეპუტატს, საკრებულოს წევრმა მის ამომრჩეველს მაინც უნდა წარუდგინოს და გააცნოს საკუთარი ანგარიში,“ – ამბობს დავით ანანიძე.

„ნამდვილად საჭიროა დეპუტატმა ექვს თვეში ერთხელ ანგარიში გააკეთოს, თუ რა გააკეთა საკუთარი ამომრჩევლის საკეთილდღეოდ. თუ საკრებულოს ახალი  შემადგენლობა ჩათვლის, რომ უფრო მეტჯერ არის საჭირო ანგარიში წარადგინოს დეპუტატმა, ამ საკითხზე ახალმა საკრებულომ იმსჯელოს,“ – ამბობს ამირან ცინცაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე.

პეტიციის სახით წარდგენილ დებულებას მხარი 19 წევრიდან 15-მა დაუჭირა.

,,მედეას ტრაგედიას’’გონიოს ციხის შემდეგ ქობულეთის მუზეუმი უმასპინძლებს

2017 წლის 31 ოქტომბერს, 15:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ქობულეთის მუზეუმში სპექტაკლის „მედეას ტრაგედია“ ჩვენება გაიმართება, რომელიც ბერძნული მითოსის ცნობილი კოლხი პერსონაჟის ტრაგედიას მოგვითხრობს.

პირველად აღნიშნული სპექტაკლი სააგენტოს ინიციატივით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში დაიდგა და მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლი ასევე ნაჩვენები იქნა მაჩხაანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.

„სპექტაკლი დადგმულია ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით. ემსახურება უძველესი თეატრის გაცოცხლებას და მაქსიმალურად არის დაახლოვებული ანტიკური თეატრის ესთეტიკასთან,“ – ამბობს რეჟისორი ოთარ ქათამაძე.

მონაწილეობენ: მარინა ბურდული, მიშიკო ღომიძე, იაგო მორთულაძე, ირაკლი კვერღელიძე, გიორგი ყურავა, გვანცა მხეიძე, მეგი ლომინაძე, ლინდა ხალვაში.

ხულოში ვეტერინარული კლინიკა აშენდება

აგროსერვისცენტრი ხულოში ვეტერინარული კლინიკის მშენებლობას იწყებს. კლინიკის მშენებლობისთვის 47 650 ლარია გათვალისწინებული. ვეტერინარული კლინიკა დაბა ხულოში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, N3-ში აშენდება.

შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება 30 ოქტომბერს დასრულდება, კლინიკა კი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა აშენდეს.

აგროსერვისცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კლინიკა მოემსახურება როგორც მსხვილფეხა, ასევე სხვა შინაურ ცხოველებსაც [მაგალითად, ძაღლი, კატა].

ანალოგიური კლინიკა მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნა ქობულეთშიც, სოფელ გვარაში. ვეტერინარულ კლინიკაში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი ფერმერებისთვის, ლაბორატორია, საოპერაციო ოთახი და ვეტერინალური აფთიაქი.

კლინიკა ქობულეთში პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ ფაზა2-ის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARD ცენტრის მხარდაჭერით აშენდა. ამავე პროექტის ფარგლებში აშენდება კლინიკა ხულოშიც.

აგროსერვისცენტრში აცხადებენ, რომ პარალელურად ხორციელდება ვეტერინართა გადამზადების პროგრამაც და აღნიშნული კლინიკები სამომავლოდ გადაეცემა კერძო ვეტერინარებს, თუმცა არანაკლებ სამ ვეტერინარს. შესაბამისად, გარკვეული მომსახურება კლინიკაში იქნება ფასიანი, თუმცა ტარიფებს აგროსერვისცენტრი გააკონტროლებს. ამასთან, კლინიკაში კონსულტაციები, მათ შორის სატელეფონოც, იქნება უფასო. რაც შეეხება ოპერაციებს, „უკვე გასვლითი ოპერაციებიც ტარდება,“ – აცხადებენ აგროსერვისცენტრში.

ადგილი დაბა ხულოში, სადაც ვეტერინარული კლინიკა უნდა აშენდეს / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

ამავე თემაზე:

ქობულეთში ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა

გია ყანჩელი პაუზებს შორის

„არა, ოვაციებს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,“ – მითხრა მან მტკიცედ და გაჩუმდა, ხელჯოხი ოდნავ შეაქანა და იატაკს მიაჩერდა რამდენიმე წამით. მაგიდასთან ვსხედვართ. ჰოლიდან ჩვენამდე მხოლოდ ნაბიჯების ხმა ისმის, ადამიანები მიდი-მოდიან… მერე მზერა გამისწორა.

„როდესაც მთავრდება შესრულება, თითქმის ყველა ჩემი ნაწარმოები გადადის სიჩუმეში“, – განაგრძო მან კიდევ უფრო მშვიდი ხმით. – „ეს სიჩუმე გრძელდება 5 წამი, 10, 15 წამი. მე ეს სიჩუმე მიყვარს ყველაზე მეტად. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ოვაცია. მერე უკვე აღარ მაინტერესებს, ვის მოეწონა, არ მოეწონა… იცით, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს სიჩუმე, მით უფრო მიმაჩნია, რომ გარკვეულ მიზანს მივაღწიე… ერთხელ, ლაიფციგში, დიდხანს გაგრძელდა პაუზა, ვიდრე მსმენელი ოვაციას გამოხატავდა. შეწყდა ჩემი მუსიკა და აღარ დამთავრდა სიჩუმე დარბაზში, სადაც 200 კაცი იჯდა… მერე ჩანაწერი მოვითხოვე და დავთვალე – 40 წამზე მეტხანს გაგრძელებულა თურმე ეს სიჩუმე.“

და რას ნიშნავს სიჩუმე თქვენთვის? – ვეკითხები. ამჯერად პაუზის გარეშე გამოხატავს კითხვის უხერხულობას. ხელჯოხს აქეთ-იქეთ რიტმულად ათამაშებს. „არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ… ბევრი რამის აღწერა შეუძლებელია სიტყვებით“, – ამბობს და პაუზის შემდეგ აგრძელებს:

„მიმაჩნია, რომ ადამიანის მარტოობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა… ეს მარტოობა დაკავშირებულია სწორედ სიჩუმესთან… რაც უფრო ხმამაღალია ეს ჩვენი საუკუნე, მით უფრო მეტად მინდა ხოლმე, რომ გამოვხატო სიჩუმე. მუსიკაში ეს ძალიან რთულია.“

ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს, „ბათუმელები“ ბათუმში გამართული მასტერკლასის შემდეგ ესაუბრა. კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა წელს გია ყანჩელი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. იგი ამჟამად ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს.

  • „ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ვიყავი დამხმარე ძალა“

გია ყანჩელი 50-მდე კინოფილმის მუსიკის ავტორია. „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“… წერდა მუსიკას სპექტაკლებისთვის, მაგალითად, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“. გია ყანჩელი მუსიკას წერს ახლაც. იგი 82 წლისაა.

რომელ ფილმზე მუშაობა იყო განსაკუთრებით საინტერესო და როგორ იქმნებოდა მუსიკა ფილმებისთვის?

„ყოველთვის მერჩივნა, ჯერ აწყობილიყო კადრები, მენახა ფილმი და თავად მეგრძნო, სად რომელი თემა იყო საჭირო“, – მპასუხობს იგი. – „ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ვიყავი დამხმარე ძალა რეჟისორისთვის. ვფიქრობ, ეს იყო ნორმალური და მადლობელი ვარ ამ რეჟისორების. მე ვასრულებდი მათ სურვილებს. მაგალითად, რობერტ სტურუასთან მუშაობის დროს უნდა გამომეყენებინა როგორც სიმფონიური, ასევე კამერული მუსიკა, საცირკო მუსიკა. მე ამას ვაკეთებდი, რადგან მას სჭირდებოდა. ელდარ შენგელაიასთან მუშაობის დროს მუსიკა დავწერე, 30 წუთი იყო სულ. სამონტაჟოში ვიყავით, რომ მოგვერგო მუსიკა… ვატყობდი, რაღაც ბოლომდე არ მოსწონდა, ისე დადიოდა წინ და უკან. უფრო მარტივი რამე უნდოდა. ხელახლა დავწერე მუსიკა და ის 30 წუთი წავიდა ნაგავში… ეს ფილმი – „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ისევე როგორც დანელიას „არ დაიდარდო“ არ ბერდება, ჩაპლინის სურათებივით არიან.

სხვათა შორის, გიორგი დანელიასთან მუშაობა სასჯელივით იყო. ცხოვრებაში პატიმარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ამას უდრიდა. „არ დაიდარდოზე“ მუშაობის დროს არაფერი არ მოსწონდა დანელიას, ყველას აწვალებდა. ვუთხარი, რომ ასე ვერ ვიმუშავებდი და წამოვედი. რამდენიმე დღის მერე დამირეკა, თუ შეიძლება, შენთან ერთად ჩაი დავლიოო… გავაგრძელეთ. არაჩვეულებრივი მუსიკა ახასიათებს დანელიას, იცის, რა უნდა და სანამ არ მიაღწევს იმას, რაც უნდა, მანამდე აწვალებს ყველას: მსახიობს, მხატვარს, კომპოზიტორს, სცენარისტს… ამ ყველაფრის პარალელურად ცალკე ვმუშაობდი ჩემს შემოქმედებაზე, სადაც რეჟისორიც მე ვიყავი, მხატვარიც, გამნათებელიც, ქორეოგრაფიც…“

  • უთქვამს თუ არა უარი რომელიმე ფილმის მუსიკის დაწერაზე გია ყანჩელს?

„არც ერთი რეჟისორისთვის არ მითქვამს უარი“, – მპასუხობს კითხვის მოსმენისთანავე. ამბობს, რომ ზოგიერთი ფილმისთვის მუსიკა ორ კვირაშიც კი დაუწერია. „ეს რეკორდული დროა, ხომ იცით, კინო მუსიკისთვისო“, – დასძენს. იმ მუსიკას კი, რომლის მოსმენა მაშინვე კონკრეტულ ფილმს თვალწინ კადრებად გვიშლის, გია ყანჩელი დაახლოებით ექვს თვეს, ზოგჯერ კი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში წერდა.

„რაც უფრო ცუდი სცენარი იყო და საშუალო დონის რეჟისორი, მით უფრო მარტივად ვეთანხმებოდი მუსიკის დაწერას… კი, ასე იყო. ვიცოდი, იმათ არ ექნებოდათ ბევრი პრეტენზია. სამი წელიწადი რომ მეწერა ერთი სიმფონია, ოჯახი უნდა მერჩინა. 50 ფილმისთვის დავწერე მუსიკა და აქედან ათით ვამაყობ, ის 40 აღარც კი მახსოვს. ასე შევძელი ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება საბჭოთა პერიოდში. ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი ამას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მეწერა სიმღერები პარტიაზე, დიად სამშობლოზე… რა უნდა მექნა?“

„მოგისმენიათ თუ არა თქვენი მუსიკა იქ, სადაც არ ელოდით?“ – ვეკითხები. ისევ პაუზა. მერე შეკითხვას თავად მისვამს:

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი რესტორანი იყო საბჭოთა კავშირში? ალბათ, მილიონი… ერთ დროს ყველა რესტორანში „ჩიტო-გვრიტოს“ მღეროდნენ. ამიტომ მე ამ სიმღერას დავარქვი ვენერიული სიმღერა. არ მსიამოვნებდა. ხშირად სხვადასხვა შეხვედრაც კი ამ სიმღერით იწყებოდა. მერე ინტერვიუებში ვთქვი, რომ „ჩიტო-გვრიტო“ დანელიამ დაწერა, მე, უბრალოდ, გავამუსიკე-მეთქი.“

  • „მე მხოლოდ დადებითი რეცენზიების მომსწრე არ ვარ“

ფიქრობს, რომ კრიტიკას ყოველთვის ნორმალურად იღებს. აგროვებს და საგულდაგულოდ ინახავს მასზე დაწერილ კრიტიკულ რეცენზიებს. რამდენიმე მათგანი კი, განსაკუთრებულად ახსოვს:

„ერთხელ ლონდონში შეასრულეს ჩემი ნაწარმოებები. რეცენზიაში დაწერეს, მინდოდა ძაფი მქონოდა დარბაზში და ქსოვას დავიწყებდიო, თან წითელი ფერის ძაფი, რომ ყურადღება მიმექციაო… და, საერთოდ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოვკვდი მაღაზიაში, სადაც არის შამპუნები და ვეღარ შევძელი გარეთ გასვლაო…

კიდევ ერთი შემთხვევა იყო: ესპანეთში გამოსცეს ჩემი მეექვსე და მეშვიდე სიმფონია კომპაქტდისკის სახით. გარეკანზე იყო წითელ წრეში თეთრი წარწერა – გაუფრთხილდით დინამიურ ცვლილებას. რეცენზიაში დაწერეს, თუ ეს არ წაიკითხა ადამიანმა და პირდაპირ ჩართო მუსიკა, იწყება ყველაფერი ჩუმად, ძალიან ჩუმად და მერე შეიძლება ისე მოხდეს, ადამიანი ცუდად გახდეს და წაიყვანონ საავადმყოფოშიო. თუ გადარჩა და სახლში დაბრუნდა, დაამსხვრევს აუცილებლად ყველა ფანჯარასო…

ეგ კი არა, ქართული ტრადიციების მტრადაც მაცხადებდნენ. ეს ქართულ ხალხურ სიმღერას უარყოფს და არ ცნობსო.“

„ჩემთვის სიბნელეა ფუნდამენტალიზმი“

მის ერთგან ნათქვამ ფრაზას ვახსენებ: „მინდა, აღიქვან ჩემი მუსიკა, როგორც სიბნელისგან თავის დაღწევის მცდელობა“ და რა არის სიბნელე თქვენთვის? – ვეკითხები.

„ჩემთვის სიბნელეა ფუნდამენტალიზმი, ნაციონალიზმი, ვაიპატრიოტული გამოვლინებები, რომლებსაც მოაქვთ მხოლოდ ზიანი…. მე დღესაც ვერ გამიგია, ვინ არიან ეს ადამიანები, სად გაიზარდნენ, ვინც ტერორისტული აქტები მოაწყვეს. ეს სიბნელეა, სიბნელე, აბა, რა არის? მუსიკაც ხშირად უძლურია სიბნელის წინააღმდეგ… უძლური რომ არ იყოს, მაშინ ბახის მუსიკა იქნებოდა მხოლოდ საკმარისი, რომ ქვეყანა ყოფილიყო უფრო ლმობიერი. ბახის გარდა კიდევ რამდენი გენიალური მუსიკოსია, მხატვარი ან პროზაიკოსი. მოიტანა თუ არა ამ გენიალურმა ქმნილებებმა დადებითი შედეგი?“ – კითხულობს გია ყანჩელი, ტრიალდება ფანჯრისკენ და მზის სხივის დაჭერას ცდილობს, ოდნავ ხუჭავს თვალებს და ბრაზმორეული დასძენს:

„სამყარო უფრო და უფრო სასტიკი ხდება, უფრო ხმაურიანი, უფრო კაცთმოძულე… რაღაც ნაპრალები ჩნდება, რომელთა ამოვსება არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს…“ – ღრმად ამოისუნთქა, შემომხედა და მორიგი კითხვის დასმამდე მითხრა, უნდა დავისვენო აწიო. დამემშვიდობა, წამოდგა და წავიდა ფრთხილი, ჩუმი ნაბიჯებით.

გია ყანჩელი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
გია ყანჩელი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
  • რატომ დატოვა საქართველო გია ყანჩელმა

ინტერვიუმდე გია ყანჩელმა მასტერკლასის დროს ბევრ რამეზე ისაუბრა. მაგალითად, იმაზე, თუ როგორ დაუწერეს ორიანი მუსიკალურში მისაღებ გამოცდაზე და მერე გაბრაზებულმა გეოლოგიურზე ჩააბარა. სტუდენტობის დროს კი, ერთ-ერთ ექსპედიციაში, საძილე ტომარაში დაძინებამდე გონებაში ის პროფესიები ჩამოწერა, რომლის არჩევის შემთხვევაში არსად წასვლა არ დასჭირდებოდა. ბოლოს გეოლოგიის ფაკულტეტი დაუსრულებია და მაინც კონსერვატორიაში მისულა. „იქ რომ ჯანსუღ კახიძე არ დამხვედროდა, ვინ იცის, კიდევ რა დამემართებოდაო“, – იხსენებს ღიმილით.

გია ყანჩელმა საქართველო 90-იან წლებში დატოვა. ქვეყნიდან წასვლის მიზეზად იმდროინდელ ხელისუფლებას ასახელებს, ნაციონალისტურ გზავნილებს, მაგალითად, „საქართველო მხოლოდ ქართველებს“.

„ამის შედეგია, რომ ლეგენდარული ფარაჯანოვის მუზეუმი ახლა ერევანშია და არა – თბილისში. იმ მუზეუმში თითქმის ყველა ნივთი თბილისიდანაა წაღებული. მე არ შემეძლო ამ ყველაფრის ატანა. იმ დროს გერმანიიდან მივიღე სტიპენდია და ერთი წლით წავედი. მერე ისე მოხდა, რომ შეთავაზება მივიღე და ეს შეთავაზებები აღარ დასრულდა. ასე შემოვრჩი ევროპაში, თუმცა ანტვერპენშიც მგონია, რომ თბილისში ვარ. იქ ერთი მყუდრო სახლი შევარჩიე, გარემოც ისეთია, მრავალეთნიკური…“

  • „ეკლესიაში მიყვარს შესვლა მაშინ, როდესაც იქ ხალხი არაა“

არის თუ არა გია ყანჩელის მუსიკა რელიგიური? – შეხვედრაზე დასმულ ამ შეკითხვას მუსიკოსმა პაუზის გარეშე უპასუხა:

„მე ვარ არარელიგიური და რელიგიის მიმართ მაქვს საკმაოდ რთული დამოკიდებულება… ძალიან კარგად მესმის, რომ რელიგია იმედსაც აჩენს და სისხლისღვრასაც. სინათლესთან ერთად რელიგიას მოაქვს სიბნელეც… მე ახლა არ მოვყვები იმას, რაც ხდებოდა შუა საუკუნეებში, მაგრამ თუ გადავხედავთ იმას, რაც ხდება დღეს, რაც მიმდინარეობს ჩვენს პლანეტაზე, გამოწვეული არის რელიგიური ფანატიზმით, ფუნდამენტალიზმით…

თუ სადმე მოვხვდები ეკლესიაში, მიყვარს შესვლა მაშინ, როდესაც იქ ხალხი არაა. მაშინ ეს შესანიშნავია. საერთოდ მიმაჩნია, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ჩვენ, ყველას გვყავს ჩვენი ღმერთი… დედაჩემი კათოლიკე იყო. ახლა ვფიქრობ, თუ დღეს კათოლიკეებმა და მართლმადიდებლებმა ვერ მიაღწიეს ერთობას, რას უნდა მოველოდეთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებისგან? თქვენ ალბათ საქმის კურსში ხართ, რა ხდება იმ დაჯგუფებებში, რომლებსაც ჰქვია ისლამური.

ჩემს ნაწარმოებებში გამოყენებული მაქვს ბიბლიიდან რაღაც ფრაზები, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური არ ვარ. არ დავდივარ ეკლესიაში, აღარ გავაგრძელებ მოკლედ…“

  • არარელიგიური კომპოზიტორის სტუმრობა პატრიარქთან

გია ყანჩელმა პატრიარქთან შეხვედრაც გაიხსენა, სამი წლის წინ რომ შედგა:

„რელიგიის მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, პატრიარქმა მომანიჭა ყველაზე მაღალი საეკლესიო ჯილდო – წმინდა გიორგის ორდენი. საღამოს მე და ჩემი მეუღლე მიგვიწვია ვახშამზე. მივედით. დაახლოებით 20 ადამიანი იყო სუფრასთან. ჩვენ მოპირდაპირე მხარეს დაახლოებით 8-10 მღვდელი იყო, სუფრის თავში – პატრიარქი. ვახშმის დროს პატრიარქი უცებ ეუბნება ერთ-ერთ ქალბატონს, ჩართეთ ტელევიზორიო… სუფრის წინ უზარმაზარი მონიტორი იყო. ჩართეს მონიტორი და გამოჩნდა ჩემი მსხვილი კადრი, სადაც მე ვამბობ, რომ რელიგიის მიმართ მაქვს ძალიან რთული დამოკიდებულება. არ ვიცი, იქნებ მოწყობილი იყო ეს ამბავი…

მიმაჩნია, რომ ჩვენი პატრიარქი აბსოლუტურად ნორმალური პიროვნებაა, ალბათ მისთვის ეს შეურაცხმყოფელი არ იყო, მაგრამ რომ გადავხედე მღვდლებს, მივხვდი, რომ მაინცა და მაინც კმაყოფილები არ დარჩნენ ჩემი დამოკიდებულებით. პატრიარქს არაფერი აღარ უკითხავს ჩემთვის. ჩვეულებრივად გაგრძელდა ვახშამი.

„რა მოგონებები გაქვთ ბათუმთან? როგორც ვიცი, დედათქვენი ბათუმელი იყო“ – ეს შეკითხვა გია ყანჩელს შეხვედრაზე დაუსვეს.

„არაფერი,“ – მოკლედ უპასუხა მან და გრძელი პაუზის შემდეგ განაგრძო, – „როცა დედა ლოგინად ჩავარდა, დილის სამი თუ ოთხი საათი იქნებოდა, მესმოდა მისი ოთახიდან, მამას ეუბნებოდა, ბათუმში მივდივართ და მატარებელზე გვაგვიანდებაო. მამაჩემი არწმუნებდა, თბილისში ვართ, არსადაც არ მივდივართო, მაგრამ დედა ისევ იმეორებდა ჯიუტად… შევედი და მეც ვუთხარი, ბათუმში არ მივდივართ-მეთქი. მაშინ გამოერკვა, არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა და მიპასუხა, კარგი, ჰო, მაშინ ბათუმში ვართ და თბილისში მივდივართო.“

და კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც გია ყანჩელს მასტერ კლასის დროს დაუსვეს: „რისთვის ქმნით მუსიკას“?

„ჩემთვის,“ – უპასუხა მან.

ამავე თემაზე: 

შეამოწმე, როგორ გესმის ყანჩელის | ტესტი

ოქტომბრის ბოლო, უნალექო შაბათი ბათუმში – ამინდის პროგნოზი

ხვალ, 28 ოქტომბერს, ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექო. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში,“ – ამბობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

სინოპტიკოსების თქმით, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით კი 17-22 გრადუსი იქნება. მთაში მოსალოდნელია ღამით 1- 6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო.

29 ოქტომბრიდან კი ბათუმში და აჭარის სხვა რეგიონებში ამინდი ისევ შეიცვლება: მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში კი – ითოვებს.

Exit mobile version