შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოძრავი სერვისცენტრები გადამხდელებს ხულოში, შუახევსა და ქედაში ადგილზე მოემსახურება.
მომსახურების გაწევის ადგილი და დრო:
[checklist]
ხულო – 6.11.2017, გამგეობის შენობის წინ; 10:00-17:00 სთ;
შუახევი – 7.11.2017, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 10:00-17:00 სთ;
ქედა – 8.11.2017 დაბა ქედა, ცენტრში; 10:00-17:00 სთ.
[/checklist]
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR, გადასახადის გადამხდელებს პერიოდულად, იმ რეგიონებში ემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
მთავარი ფოტო: მოძრავი სერვისცენტრი ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ქობულეთში, ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებული პირები, მათ შორის პატარძალი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
1992 წელს მოხალისეთა მიერ ნიუ-იორკში დაარსებული საქველმოქმედო კონკურსი CANSTRUCTIONNEWYORK ყოველ წელს ტარდება, გამოფენების მომწყობ ორგანიზაცია Arts Brookfield-ის დახმარებით.
დიზაინერებისა და არქიტექტორების 27 სხვადასხვა გუნდი გაუხსნელი, საკვებად ვარგისი კონსერვებისგან სხვადასხვა ფორმისა და ზომის კონსტრუქციებს აწყობს ნიუ-იორკის სხვადასხვა უბანში.
კონკურსის დასასრულს კი არქიტექტორთა საუკეთესო გუნდი ვლინდება.
როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, 2017 წლის კონკურსზე 80 ათასი ქილა საკვები გაიცემა, რაც 45 ათასი ოჯახის დაპურებას ნიშნავს. წლების განმავლობაში კი, რაც კონკურსი არსებობს, საერთო ჯამში 22 მილიონი კილოგრამი საკვები დაურიგადა შეჭირვებულ ოჯახებს.
არქიტექტორების გამარჯვებულ გუნდს 6 ნოემბერს აირჩევენ, გამოფენა კი ნიუ-იორკში 15 ნოემბრამდე გასტანს. ამის შემდეგ კონსერვებისგან დამზადებულ „ექსპონატებს“ ნიუ-იორკის საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადაიტანენ და დაარიგებენ.
საბავშვო ბაღების რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ იწყებს, ყველა ტიპის საბავშვო ბაღების ავტორიზაციას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, სახელმწიფოს არც ერთი ორგანო კერძო საბავშვო ბაღებს არ აკონტროლებს. რამდენი კერძო საბავშვო ბაღი მოქმედებს ბათუმში და როგორია მათი სასწავლო-აღმზრდელობითი სტანდარტები, როგორც განათლების სამინისტროსთვის, ასევე ბათუმის მერიისთვისაც უცნობია.
ბათუმის მერიის, განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა ბოლქვაძე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავრობამ დაადგინა საბავშვო ბაღების სტანდარტი. თუმცა, მონიტორინგის განხორციელების უფლება ბათუმის მერიას მანამდე არ ექნება, სანამ საბავშვო ბაღები ავტორიზაციას არ გაივლიან.
„ჩვენ მივიღეთ მონიტორინგის უფლება, თუმცა მონიტორინგის უფლება გვაქვს მხოლოდ იმ ბაღებში, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან. ავტორიზაციის მინიჭების პროცესი კი დროშია გაწელილი და 2018 წლის დეკემბრამდე გრძელდება“, – გვეუბნება ლამზირა ბოლქვაძე. საბავშვო ბაღი, რომელიც ავტორიზაციას ვერ გაივლის, ფუნქციონირებას შეწყვეტს.
„ამ დროისთვის ავტორიზაციას არც ერთ საბავშვო ბაღს არ აქვს გავლილი. აქამდე არც ბაღის გახსნაზე არსებობდა რეგულაციები და ნებისმიერს შეეძლო საბავშვო ბაღის გახსნა სტანდარტების გარეშე, მხოლოდ სურსათის უვნებლობა ამოწმებდა მათ. ახალი კანონის მიხედვით კი, საბავშვო ბაღის გახსნა და მისი ფუნქციონირება ავტორიზაციაზე და სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტის დაცვაზე იქნება დამოკიდებული“, – ამბობს ლამზირა ბოლქვაძე.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში დაახლოებით 40-მდე საბავშო ბაღი ფუნქციონირებს. „ბათუმელებმა“ მხოლოდ ნაწილთან შეძლო დაკავშირება, რადგან მათი საკონტაქტო ინფორმაცია არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ არის რეგისტრირებული.
რა ღირს ბათუმში მოქმედ კერძო საბავშვო ბაღებში სწავლა და შეძლებენ თუ ვერა ისინი ავტორიზაციის გავლას?
„მადაგასკარის“ ხელმძღვანელის მზევინარ დიდმანიძის თქმით, მათ საბავშვო ბაღში სწავლის ღირებულება 250-200 ლარია. საბავშვო ბაღში მშობლებს ბავშვის მიყვანა 6 თვიდან შეუძლიათ. ბაგის ჯგუფის საფასური 250 ლარია, მაღალ ჯგუფებში კი 200 ლარი ღირს.
მზევინარ დიდმანიძის თქმით, საბავშვო ბაღი 1 250კვ/მეტრზეა განთავსებული და, სავარაუდოდ, რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულ სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს. „ვფიქრობ, ავტორიზაციის პრობლემა არ გვექნება“, – ამბობს ის.
„ბემბილენდი 2“ და „ბემბილენდი 3“-ის ხელმძღვანელ მაგდა ლორიასაც იმედი აქვს, რომ მათი საბავშვო ბაღი ავტორიზაციას გაივლის.
საბავშვო ბაღში სწავლა 220 ლარი ღირს. ბაღი ორ სხვადასხვა შენობაშია განთავსებული, „თუმცა პირობები ორივე შენობაში ერთნაირია“, – ამბობს ხელმძღვანელი.
„ლიდერსტარში“ ბავშვის შეყვანის შემთხვევაში, მშობელს 200 ლარის გადახდა მოუწევს თვეში. საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი ინეზა ბაჯელიძე ამბობს, რომ ბაღში ახალი სასწავლო პროგრამა დანერგეს. ამ დროისთვის ბაღში 80 ბავშვი სწავლობს.
„რეფორმის მოთხოვნებს ვიცნობთ და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ“, – გვეუბნება ის.
„ცისარტყელას“ ხელმძღვანელის ლელა მახარაძის თქმით, საბავშვო ბაღის საფასური თვეში 180 ლარია. ბაღში ამ დროისთვის 170 ბავშვი ჰყავთ. „გვაქვს საკუთარი ეზო და შენობის ფართობიც საკმაოდ დიდია. კარგი იქნება თუ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი იქნება კონტროლი“, – გვეუბნება ის.
„ჩვენი სახლის“ დამფუძნებლის ნათია კალანდაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში სწავლის საფასური 250 ლარია. ბაღი 300 კვ.მეტრზეა განთავსებული. „ფართობი ნაქირავები გვაქვს, მინდა რომ უკეთესი ფართობი ავიღო, რადგან მინდა ბავშვებს ეზო ჰქონდეთ. ბაღს ვერანდა აქვს, მაგრამ უკეთესი გარემო გვინდა. კონკრეტული სტანდარტები სახელმწიფოს არ მოუთხოვია, თუმცა ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებული ვართ“, – ამბობს ის.
„ცოდნის კარიბჭეში“ სწავლა 220 ლარია. იმ შემთხვევაში, თუკი ერთი ოჯახიდან ორი ბავშვი ივლის, ოჯახი 30-ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს. ბაღის მფლობელი მაიკო დიდმანიძე მიიჩნევს, რომ მათი საბავშვო ბაღი ავტორიზაციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ავტორიზაციის გავლის იმედი აქვს საბავშვო ბაღ „კოლიბრის“ ხელმძღვანელსაც. „ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ ხარისხზე“, – გვეუბნება მაია ხაჭაპურიძე. საბავშვო ბაღში სწავლა 220 ლარია.
საბავშვო ბაღი „პეპი“, ხელმძღვანელის თქმით, 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ბაღში სწავლა 170-180 ლარი ღირს. „როგორც სახელმწიფო მოითხოვს, ისეთი მექნება სტანდარტებიც“, – გვეუბნება დოდო ლაღაძე.
„მასტერკლასში“ სწავლის საფასური 230 ლარია. „ერთი ბაღი ჟორდანიას ქუჩაზეა, რომელსაც დიდი ფართი აქვს. 1200 კვადრატულ მეტრია ეზო, შენობა კი 700 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მეორე ბაღიც გვაქვს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, 800 კვადრატულია ეზო, შენობა კი 800 კვადრატულზეა განთავსებული. ორივე ბაღში ორასი ბავშვია“, – გვეუბნება ნათია ნიკაჭაძე.
„მონპარნასი“ ერთ-ერთი პრესტიჟული ბაღია ბათუმში. სწავლის საფასური აქ 220 ლარია. „ეზო აქვს ბაღს და ფართობიც სტანდარტებს აკმაყოფილებს. დიდი დარბაზები, ნათელი ოთახები. გათბობა ცენტრალურია აქვს და ყველა სართულზეა სველი წერტილები. როცა კონკრეტულ სტანდარტს მოგვაწვდის სახელმწიფო, შემდეგ უკვე იქედან გამომდინარე შევხედავთ“, – გვეუბნება ბაღის მენეჯერი ნინო მაკარიძე.
საბავშვო ბაღ „ირინაში“ სწავლა 3 წლამდე ბავშვებისთვის 180 ლარია, 6 წლამდე ბავშვებისთვის კი 160 ლარი. ბაღი დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობს. „იმ შემთხვევაში თუკი მშობელს ტრანსპორტის მომსახურება უნდა, 40 ლარს ამატებს. საბავშვო ბაღი 1200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, ეზო გვაქვს ორი ათასი კვადრატი“, – გვეუბნება ბაღის ხელმძღვანელი ლეილა დიდმანიძე.
„ათინათში“ ბავშვის მიღების შემთხვევაში მშობელი 200 ლარს იხდის. „შეღავათი ვრცელდება ტყუპებზე და ოჯახის მეორე წევრზე.
120 ბავშვი გვყავს ამ დროისთვის, ბაღის შენობა 600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ვფიქრობთ, ავტორიზაციის სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ“, – გვეუბნება შორენა ვერძაძე.
ბათუმში ასევე ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი საბავშვო ბაღი „ელმოს კლუბი“, სადაც სწავლება, როგორც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა გვითხრა, 480 ლარი ღირს სრული სმენა, ნახევარი სმენის შემთხვევაში, მშობელი იხდის 240 ლარს.
ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად აუცილებელია სანაპირო ზოლის ავარიულ უბნებზე პლაჟშემქმნელი მასალის საკომპენსაციო ჩაყრები. ამჯერად გათვალისწინებულია 60 000 კუბური მეტრი ინერტული მასალის ერთჯერადად შეტანა, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტში 824 ათს 700 ლარია გათვალისწინებული. ჩაყრები ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.
სამუშაოების ჩატარებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომელმაც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ წარსულში, ბათუმის საპორტო ნაგებობების მშენებლობამდე, მდ. ჭოროხის ნატანი ბუნებრივად გადაადგილდებოდა ჩრდილოეთისკენ 50 კმ მანძილზე, აღწევდა მდ. ნატანების შესართავს და ქობულეთში ქმნიდა განიერ პლაჟებს:
„პორტის მშენებლობამ პლაჟშემქმნელი მასალის ნაპირგასწვრივი გადაადგილების ბლოკირება მოახდინა. ამის შედეგად, ბათუმის პორტის ჩრდილოეთით დაიწყო მახინჯაური-ქობულეთის სანაპიროების წარეცხვები. 1900-1980 წლებში ამ მონაკვეთზე წაირეცხა დაახლოებით 200 ჰა ზღვისპირა ტერიტორია. პლაჟური მასალის დეფიციტმა შეადგინა დაახლოებით 12 მლნ კუბ/მ. ამასთან, მილიონობით კუბ. მეტრი ინერტული მასალაა გატანილი მახინჯაური-ქობულეთის სანაპირო ზონაში წარსულში არსებული კარიერებიდან სამშენებლო მიზნებისთვის“.
აღსანიშნავია ასევე რომ ჰესების მშენებლობამ ჭოროხსა და აჭარისწყალზე, ნატანის მოცულობა საგრძნობლად შეამცირა.
პლაჟების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება ე.წ. „პლაჟების კვება“ პლაჟამგები მასალის მდინარეთა მყარი ნატანის გემებითა და ავტოტრანსპორტით შევსების გზით.
ამ შემთხვევაშიც, ქობულეთის ნაპირის დასაცავად, დაგეგმილია მდინარეებიდან ხრეშის შეტანა პლაჟის ზოლში, ავტოთვითმცლელებისა და ბულდოზერის გამოყენებით.
ქობულეთის „პლაჟების კვება“ ხელოვნურად
[checklist]
„1982-1991 წლებში, ნატანის დეფიციტის შევსების მიზნით გახორციელდა მდ. ჭოროხის შესართავიდან პლაჟშემქმნელი მასალის ტრანსპორტირება ქობულეთის ავარიულ უბნებზე გემებით – „შალანდებით“. მასალა იყრებოდა 4,5-5 მ სიღმეებზე, საიდანაც შტორმული ტალღების ზემოქმედებით გადაადგილდებოდა ნაპირისკენ და მონაწილებდა პლაჟფორმირების პროცესში.
ამ ღონისძიების ფარგლებში, ქობულეთის სანაპირო ზონაში შეტანილი იქნა დაახლოებით 850 ათასი კუბ/მ მდ.ჭოროხის მასალა. მიუხედავად უმნიშვნელო ვიზუალური ეფექტისა წყალზედა პლაჟის სიგანემ მოიმატა მხოლოდ 2-4 მეტრით.
2007 წელს ქობელეთის პლაჟებზე ინერტული მასალის შეტანა ხელმეორედ განხორციელდა. მდ. კინტრიშის ჭალა-კალაპოტის ჭარბი აკუმულაციის კერებიდან ავტოთვითმცლელებით ტრანპორტირებული იქნა 143 000 კუბ/მ ინერტული მასალა. პლაჟის სიგანემ 2007-2008 წლებში მოიმატა: სამხრეთ უბანზე 10-12 მ, ცენტრალურზე – 1-3 მ და ჩრდილოეთზე 5-6 მ.
2015 წელს ქობულეთის სანაპიროზე შეტანილი იქნა 30 000 კუბ/მ ინერტული მასალა.
2017 წლის თებერვალში შეტანილი იქნა 195 000 კუბ/მ. ამ ჩაყრების შედეგად ზღვის კიდის ხაზმა მნიშვნელოვნად წაიწია წინ სამხრეთ ნაწილში, შედარებით ნაკლებად ცენტრალურ ნაწილში“.
[/checklist]
შტორმული სეზონი ქობულეთის სანაპიროსთან
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის სანაპიროსთან „შტორმული სეზონი დგება ზამთარში, როდესაც 2 მ და მეტი სიმაღლის ტალღების განმეორადობა აღწევს 30%, ზაფხულში ეს მონაცემი მცირდება 5-13 %-მდე, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე 15-17%-მდე.
დაფიქსირებულია ძლიერი შტორმების ერთეული შემთხვევები ზაფხულში და გაზაფხულზე, როდესაც ტალღის სიმაღლე ღია ზღვაში 7-8 მ-ს აღწევს.
ტალღების ზემოქმედება სანაპირო ზონაზე ხორციელდება პრაქტიკულად ტალღების ტრანსფორმაციის დაწყებასთან ერთად 15-20 მ სიღრმეებიდან. სანაპირო ზონაში შტორმული ტალღების ენერგია მაქსიმუმს აღწევს თებერვალში. შემდგომ ის თანდათან კლებულობს და მინიმუმი მოდის მაისი-ივნისი-ივლისში.
მაქსიმუმის მეორე პიკი აღინიშნება ოქტომბერ-ნოემბერში.
პოლ მაკარტნი ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში – „ერთი დღე კვირაში“ („One day a week“) , რომელიც რეჟისორმა იან არტუს ბერტრანმა გადაიღო. პოლ მაკარტნის გარდა ფილმში მისი შვილები, მერი და სტელა, მსახიობები ემი სტოუნი და ვუდი ჰარელსონი საუბრობენ პლანეტის გლობალურ პრობლემებზე, სათბურის ეფექტის შედეგებზე. ფილმი პოლ მაკარტნის ახალი, აქამდე უცნობი სიმღერით „Bostwana“ და 1997 წლის ალბომ „Flaming Pie“-ში შესული სიმღერებითაა გაფორმებული.
,,არსებობს მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალება პლანეტის და მისი მკვიდრების გადასარჩენად. ამისთვის საკმარისია, ყოველი კვირის ერთ რომელიმე დღეს, ყველა ჩვენგანმა უარი ვთქვათ ცხოველური წარმომავლობის საკვებ პროდუქტზე. ეს პატარა ჟესტი უზარმაზარ გავლენას მოახდენს ეკოსისტემის ბალანსზე, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენსავე სიცოცხლესა და კეთილდღეობასთან“, -ამბობს ფილმში პოლ მაკარტნი.
ვიდეოს დასასრულს ჰარელსონი, პოლ, სტელა და მერი მაკარტნები ტროპიკული ტყეების განაგურების უსწრაფეს ტემპსა და ხორცის, როგორც საკვები პროდუქტის გამოყენების საინტერესო ფაქტებზე საუბრობენ. მაგალითად, ერთი ხორციანი ჰამბურგერის დასამზადებლად საშუალოდ 2350 ლიტრი წყალია საჭირო.
ინფორმაციას ახალი ფილმის შესახებ დღეს, 3 ნოემბერს ამერიკული ჟურნალი Rolling Stone -ი ავრცელებს.
საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს ტურიზმის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წელს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მხოლოდ საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებში 22 540 000 ლარი დახარჯა.
სარეკლამო კლიპებში, რომლითაც ქვეყანა უცხოელ ტურისტებს აცნობს თავს, რა თქმა უნდა, არაფერია ნათქვამი იმ მოუწესრიგებელი სერვისების თაობაზე, რასთან შეჯახებაც ტურისტს ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე უწევს. და არამარტო ტურისტებს. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას გადაწყვეტს ქვეყნის შიგნით საქართველოს მოქალაქე თუ ტურისტი, ბევრ სირთულეს აწყდები.
თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ, მოგზაურობა გიტაცებთ და ერთ დღეს გადაწყვეტთ ქვეყნის რომელიმე კუთხეში წახვიდეთ, ვერსად იპოვით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ თქვენთვის სასურველ ადგილას სამარშუტო ტაქსი საიდან გადის. არ არსებობს ონლაინ ბაზა საქალაქთაშორისო მარშრუტების გადაადგილების შესახებ. არ არსებობს არც ტელეფონი, სადაც დარეკავთ და იკითხავთ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას. თუ მოგზაური არ ხართ, მაგრამ, უბრალოდ, ერთი დიდი ქალაქიდან მეორეში გსურთ გადაადგილება, სადგურზე მისული „მარშუტკის გავსებას“ ელოდებით.
ეს კარგად იცის იმედა დვალიძემ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბევრს მოგზაურობს, მაგრამ იმის გამო, რომ სამარშრუტო ტაქსით წასვლა ადვილი არ არის, ცდილობს კერძო ავტომანქანით გადაადგილდეს.
„პრობლემა მართლაც არსებობს. სავარაუდოა, რომ არც განრიგები არსებობს და ყველა ტრადიციულ “გავსებას” ელოდება. ალბათ ნაკლებად ათვისებული და მცირემოსახლეობიანი ადგილებიდან თუ გამოაღწიე, სხვა ადგილამდე მისასვლელად არაერთი გადაჯდომა დაგჭირდება… რადგან ინფორმაცია არ არსებობს, დაგეგმვა რთული უნდა იყოს, მიახლოებითაც კი,“- ამბობს იმედა.
საქართველოში არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია გადაადგილების შესახებ. ერთადერთი ინფორმაცია რომელიც ონლაინ არის ხელმისაწვდომი, საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანებს ეხება და დევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს ვებგვერდზე – lta.gov.ge. სააგენტოში ამბობენ, რომ „იციან პრობლემის შესახებ, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ სიტუაციის შესაცვლელად“.
„ქვეყნის შიგნით გადაყვანებზე, სამწუხაროდ, არ არსებობს ინფორმაცია. 2005 წელს, როდესაც შეიცვალა კანონი რეგისტრაციის და ნებართვების შესახებ, ამ კანონიდან ამოიღეს ქვეყნის შიგნით სამგზავრო რეგულარული გადაყვანების განებართვიანება… იმის შემდეგ ეს სფერო მიშვებულია თვითდინებაზე და რაც მივიღეთ, ხედავთ. შესაბამისად, ეს ინფორმაცია – საიდან გადის, ვინ გადის, როდის გადის, პირდაპირი ფორმით არ დევს. ჩვენც ვაღიარებთ, რომ ეს სფერო მოსაწესრიგებელია. საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს და აღდგეს ამ სფეროს რეგულაცია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს სამგზავრო გადაყვანების სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე იანვარაშვილმა.
შატილის “მარშუტკის” მგზავრები ეხმარებიან მანქანის მძღოლს, რომელსაც ტურისტები მიჰყავს შატილში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მეტნაკლებად მოწესრიგებულია საქართველოს რკინიგზაში. საიტზე www.matarebeli.ge შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი მიმართულება, გაიგოთ გასვლის დრო და ბილეთის ფასი. თუმცა, მატარებელი ყველგან არ მიდის და საქართველოს უმეტეს დასახლებულ პუნქტში მისვლა მხოლოდ მიკროავტობუსითაა შესაძლებელი.
„სამწუხაროდ, ძალიან რთულია ინფორმაციის ნახვა შიდა რეისებზე. ერთადერთი „მეტრო ჯორჯიას“ აქვს საიტზე თავისი რეისები. რაც შეეხება პატარა ქალაქებში ან სხვადასხვა რეგიონში მიკროავტობუსების რეისებს, არათუ უცხოელს, ქართველსაც კი გაუჭირდება ინფორმაციის ნახვა, რომ არაფერი ვთქვათ ონლაინ დაჯავშნაზე. ეს, ცხადია, დისკომფორტია ტურისტებისთვისაც – შეიძლება ბევრ ადგილას ან ვერ მოხვდეს ზოგი, ან საკმაოდ ძვირი დაუჯდეს ტრანსპორტირება (ტაქსის სერვისი)… ეს პრობლემა სახელმწიფოს და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს. ეფექტური იქნება თუ შეიქმნება ერთიანი ონლაინ პლატფორმა, სადაც დეტალური და განახლებული ინფორმაცია დაიდება. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ონლაინ დაჯავშნაც იქნება შესაძლებელი,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი, “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის” თავმჯდომარე.
ჩოხატაურის ავტოსადგური ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
წესით, ტურისტებს და არამარტო მათ, გადაადგილების საშუალებების და გრაფიკის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმაც უნდა მიაწოდონ, მაგრამ ეს ასე არ ხდება. თუ თელავის საინფორმაციო ცენტრს მიაკითხავთ და დაინტერესდებით, როგორ მოხვდეთ იყალთოში სამარშრუტო ტაქსით, პასუხად მიიღებთ, რომ ცენტრალურ ქუჩას უნდა გაჰყვეთ, მერე დიდი დაღმართია, ივლი ამ ქუჩაზე, მიადგები ავტოსადგურს და იქ უკვე ეცოდინებათ რა გადის იყალთოში. თუ მესტიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში დარეკავთ და იკითხავთ, აქვთ თუ არა ინფორმაცია შიდა სასოფლო სამარშრუტო ტაქსებზე, გეტყვიან, რომ სჯობს ტაქსი დაიქირაოთ. გამონაკლისია აჭარის რეგიონში განთავსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრები, რომელთაც სერვისი – ინფორმაცია გადაადგილების შესახებ, 2017 წელს დაამატეს.
„აჭარაში 9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრია, სადაც ტურისტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ყველა სახის ტრანსპორტთან დაკავშირებით. მაგალითად, იქნება ეს მუნიციპალური ტრანსპორტი (სოფლებში რა ტრანსპორტი დადის, რომელ საათებში, რა დრო სჭირდება გზას, რა ღირს ბილეთი, უკან რომელზე ბრუნდებიან) თუ უშუალოდ ქალაქში გადაადგილდება,“ – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვის განყოფილების უფროსი მაია ქაშიბაძე.
მისი თქმით, ამ სერვისის დამატება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაიზარდა ტურისტების მოთხოვნა ინფორმაციაზე, როგორ წასულიყვნენ ამა თუ იმ ადგილას.
„შარშან და შარშანწინ არ გვქონია ეს მომსახურება,“ – ამბობს მაია ქაშიბაძე.
„ბათუმელები“ დაინტერესდა როგორ ხდება ინფორმაციის შეკრება. აღმოჩნდა, რომ აჭარაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებს შეუძლიათ მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია გადაადგილების შესახებ, მაგრამ ერთიანი ბაზა არც აქ არსებობს.
„ქედის, შუახევის, ხულოს სადისპეჩეროებთან გვაქვს ურთიერთობა. არის შემთხვევები, როცა გვინდა რამის გადამოწმება, გადარეკავს ჩვენი თანამშრომელი და ზუსტად გაიგებს, რაიმე შეფერხება ხომ არაა კონკრეტული მიმართულებით. ჩვენი ვთანამშრომლობთ ასევე ავტოსადგურთან. ვცდილობთ მთლიანად მოვერგოთ ტურისტის მოთხოვნილებებს,“ – ამბობს მაია ქაშიბაძე.
განსხვავებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისგან, ინფორმაციის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან. „ბათუმელები“ სამი დღის მანძილზე ცდილობდა კითხვებზე პასუხის მიღებას, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მუდმივად „პრესკონფერენციაზე იყო“ ან „ერთ საათში დაგირეკავთ“ რეჟიმში გვპასუხობდა.
„ბათუმელებს“ აინტერესებდა აქვს თუ არა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქალაქთაშორისო (მათ შორის შიდა სასოფლო და სარაიონო) მარშრუტების ბაზა და თუ აქვს, ხომ არ აპირებს მათ განთავსებას ონლაინ სივრცეში.
“მარშუტკა” ასრულებს მარშრუტს ჩირუხი- შუბანი. მძღოლს მგზავრებთან ერთად ხეც “გადაჰყავს” ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
3 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში საბავშვი ბაღი გაიხსნა. 30 აღსაზრდელზე გათვლილი ორსართულიანი ბაღის შენობა სოფლების – ჭალასა და წყაროთის შუა ნაწილში, სამღორიას უბანში მოეწყო.
საბავშვო ბაღში 13 ადგილობრივი დასაქმდა.
ბაღის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 202 000 ლარი დაიხარჯა. ბაღის სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს ,,მარეთი 777“ – მა განახორციელა.
ამ დროისთვის საბავშვო ბაღები შენდება შუახევის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში – ფურტიოსა და ჩანჩხალოში, მათი გახსნა წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
ქედის ღვინის საწარმო ჩხავერის მიღებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს. საწარმოს მენეჯერისა და მთავარი მეღვინის, ზურაბ გათენაძის ინფორმაციით, 1 კილოგრამი ჩხავერის ჩაბარების ფასი ოთხი ლარი იქნება.
„ჩხავერის ჩაბარების ფასი ოფიციალურად არ გადაწყვეტილა, თუმცა საუბარია, რომ შესასყიდი ფასი 4 ლარი იქნება. საწარმოში ადგილზე შემოვიტანეთ სპეციალური ყუთები, რომელიც ფერმერებს შეუძლიათ გამოიყენონ და ყუთებით გადმოიტანონ ყურძენი საწარმოში“ – ამბობს ზურაბ გათენაძე.
ზურაბ გათენაძე
ქედაში წელს ჩხავერის განსაკუთრებით კარგ მოსავალს ელოდებიან, მთავარი მეღვინე კი საწარმოს მხრიდან ყურძენს სრული ოდენობით მიიღებს აანონსებს.
„ჩხავერს იმ ოდენობით მივიღებთ, რამდენიც შემოვა, იქედან გამომდინარე, რომ ჩხავერი ძირითადად ქედაში მოდის და საღვინე ჯიშის ყურძნებიდან ყველაზე საუკეთესოა და მოთხოვნადია, ქედიდან ჩხავერი „ხარებას“, „თელიანს“ და სხვა ცნობილ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს გააქვს. წელს უხვი და ხარისხიანი მოსავალია, სავარაუდოდ 120 ტონამდე იქნება, მაგრამ საწარმოში ვფიქრობ 60-80 ტონამდე ჩხავერი შემოვა. გარდა იმისა, რომ კომპანიები იბარებენ ჩხავერს, მოსახლეობის ნაწილი ღვინოს თვითონ აყენებს და ოჯახში დამზადებულ ღვინოს ჰყიდის“ – ამბობს ზურაბ გათენაძე.
ჩხავერისგან დამზადებული ღვინის ფასი განსხვავებულია, ზურაბ გათენაძის ინფორმაციით, ქედის ღვინის საწარმოში დამზადებული 1 ლიტრა ჩხავერის ღვინო ცხრა ლარი ღირს, ხოლო ოჯახში დამზადებული ღვინო კი გაცილებით ძვირად იყიდება.
„ოჯახში დამზადებული ჩხავერის ღვინო 15-19 ლარად იყიდება, საოჯახო ტიპის მარანში კი გაცილებით ძვირია, 25-29 ლარი. 1 ლიტრა ჩხავერის სუფთა ღვინო რომ დამზადდეს, ორ კილოგრამამდე ყურძენია საჭირო, რაც შეეხება შაქრიანობას, კარგი ღვინო რომ დამზადდეს, 21 გრადუსი უნდა იყოს ყურძენში შაქრიანობის დონე, ამ დროისთვის კი შაქრიანობა 17-19 გრადუსამდე აღწევს“.
4 ნოემბერს, 18 საათზე, „თავისუფალ სივრცეში“ გაიმართება ტრენინგი თემაზე „როგორ გავაგონოთ მედიას“. ტრენინგი შეეხება მედიასთან ურთიერთობის ისეთ საკითხებს, როგორიცაა პრესრელიზის სწორად მომზადება, ჟურნალისტებთან და რედაქციებთან ურთიერთობა და ინფორმაციის მედიისათვის საინტერესოდ მიწოდების მნიშვნელობა და ფორმები.
ტრენინგს ჩაატარებს ნანა კვაჭაძე, ჟურნალ „ბათუმელების“ ჟურნალისტი.
დასწრება თავისუფალია.
ტრენინგის დასასრულების შემდეგ გაიმართება კონცერტი. პროექტი Melomaniakk (Acoustic Version).
27 წლის ბათუმელი არჩილ ჯაიანი სტუდენტურ ვიზას ელოდება. იგი შვეიცარიაში, ბერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიდის სასწავლებლად, სადაც ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვსა და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეისწავლის. არჩილი ერთ-ერთია იმ ცხრა სტუდენტს შორის, რომლებიც წელს აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის გამარჯვებულებიგახდნენ და 12 600 ლარამდე დაფინანსება მოიპოვეს უცხოეთში სასწავლად.„მე ვფიქრობ, არასდროსაა სწავლისთვის გვიან, ყოველთვის არის შანსი ისწავლო და განვითარდე, ეს რომ არ გააკეთო, ყოველთვის გული დაგწყდება, რომ რაღაც შესაძლებლობა არ გამოიყენე,“ – ამბობს არჩილი. მას ორი პროფესია აქვს, 2008 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ჩააბარა საბუღალტრო და საგადასახადო საქმის მიმართულებაზე, თუმცა შემდეგ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინტერესდა:
„სიმართლეს გეტყვით, ბუღალტერი არ მინდოდა ვყოფილიყავი, არ ვიცოდი რატომ ჩავაბარე ამ მიმართულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკური აზროვნება მაქვს და ახლაც ძალიან მაინტერესებს ეს საქმე და სიამოვნებით ვაკეთებ. მთავარი ისაა, რომ არ მინდოდა ეს ყოფილიყო ჩემი ძირითადი საქმე. უნივერსიტეტში ორი წლის სწავლის შემდეგ გამოცხადდა სომხეთში, ქალაქ ერევანში, ტეხასის უნივერსიტეტის ფილიალში ქართველი სტუდენტების ჩარიცხვის პროგრამა, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. ერთწლიანი ბიზნესინგლისურის კურსის შემდეგ აგვარჩიეს რვა სტუდენტი და აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით ორი წელი იქ ვისწავლე აგრობიზნესმენეჯმენტი, რამაც განსაზღვრა ჩემი არჩევანი, უკვე ვიცოდი რა მიმართულებით მინდოდა მესწავლა სამომავლოდ.“
საქართველოში დაბრუნების შემდეგ არჩილმა სწავლა ბსუ-ში გააგრძელა, პარალელურად მუშაობდა და არჩეულ მიმართულებაზე მაგისტრატურაში სასწავლებლად შესაფერის უმაღლეს სასწავლებელს ეძებდა. ბოლოს არჩევანი ბერნის უნივერსიტეტზე შეაჩერა.
„სოფლის მეურნეობა და აგრობიზნესი რომ კარგად ისწავლო, ამას სჭირდება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამ უნივერსიტეტში მიღებული განათლება მე მომცემს საშუალებას, ვმართო პროექტები და ამ სფეროს ოპტიმიზაციაზე ვიფიქროთ. ჩვენ გვჭირდება შვეიცარიის გამოცდილება. ეს პატარა ქვეყანაა, რელიეფითაც ჰგავს საქართველოს და შესაძლებელია მისი მოდელის საქართველოზე მორგება, რადგან დიდი ქვეყნის მოდელის გადმოტანა საქართველოში რთულია, დიდ ქვეყნებში სხვა ბაზარია, სხვა რესურსები, სხვა შესაძლებლობები,“ – ამბობს არჩილი.
აჭარის განათლების სამინისტროს უცხოეთში სწავლის დაფინანსების კონკურსში რომ მონაწილეობა მიიღო, პირველ რიგში სწავლაზე თანხმობა უნდა გქონდეს იმ უნივერსიტეტიდან, სადაც სწავლას გეგმავ. არჩილი ამბობს, რომ ეს იოლი გზა არ იყო:
„აპლიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა და ესაა, რაც ყველაზე მეტად აშინებთ სტუდენტებს, მაგრამ ეს არაფერია, მთავარია იცოდე რა გინდა და ეს ეტაპი გადალახვადია. წელიწად-ნახევარი დამჭირდა, სანამ უშუალოდ გასაუბრებამდე მივიდოდი. გასაუბრება ორ საათს გაგრძელდა, 6 -დან 5, 3 ქულა ავიღე, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ ჩავირიცხე უნივერსიტეტში და არ აღმოვჩნდი სათადარიგო სკამზე. ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. შემდეგ დადგა ფინანსების პრობლემა, რადგან შვეიცარიაში ცხოვრებასთან და სწავლასთან დაკავშირებული ხარჯები საკმაოდ მაღალია. ამიტომ მივმართე სამინისტროს და მივიღე კონკურსში მონაწილეობა. სამინისტროსგან მიღებული თანხა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შვეიცარული ფასების და ცხოვრების სტანდარტებთან შედარებით მცირეა, რა თქმა უნდა, თუმცა მაქვს ჩემი დანაზოგიც და ეს ძალიან დამეხმარა.“
არჩილმა უკვე იცის, რომ იცხოვრებს ბერნის უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე კამპუსში, სადაც წინასწარ აქვს ოთახი დაქირავებული. იცის ყველა დეტალისა და სირთულის შესახებ, რისი გადალახვაც მოუწევს. ამბობს, რომ სირთულეები არ აშინებს, პირიქით, სტიმულს აძლევს.
სანამ სტუდენტურ ვიზას ელოდება, არჩილ ჯაიანი მუშაობას საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაცია „მერსი ქორფსში“ აგრძელებს, სადაც აჭარაში მიმდინარე პროგრამის თემატური ჯგუფის უფროსი ოფიცერია. მისი სამუშაო უშუალოდ უკავშირდება მის ინტერესებს, აგრობიზნესის განვითარებასა და მენეჯმენტს.
ეს არჩილის პირველი სამსახური არ არის. იგი ყვება, რომ 16 წლიდან პერიოდულად მუშაობდა გიდად, თარჯიმნად, შემდეგ „აჭარა ტექსტილში“ – კადრების განყოფილებაში, ბუღალტრულ ფირმაში, მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამაში… ამბობს, რომ უმუშავია უფასოდაც, მთავარი იყო გამოცდილება დაეგროვებინა:
„არავინ დაგსვამს არსად, თუ არ გაქვს გამოცდილება, თუ არ იცნობ ადამიანებს. არ არსებობს სამსახურის შოვნის სხვა ფორმულა. არ ვსაუბრობ იმ შემთხვევაზე, თუ ვინმე მიგიყვანს ნაცნობობით და დაგსვამს. მე გამიმართლა იმაში, რომ უცხო ენებს ვსწავლობდი კარგად. მსოფლიო უფრო გლობალური ხდება და სხვადასხვა ენის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაო, ეს ნიშნავს იმას, რომ განათლებაში არსებული შესაძლებლობები უნდა გამოიყენო. ორი წელი ვისწავლი შვეიცარიაში, რა იქნება შემდეგ, ჯერ არ ვიცი, რთულია ამაზე საუბარი, დრო გვიჩვენებს.“
„- ამ თაფლს ჭამდა ბაბუაჩემი და 105 წლის გარდაიცვალა, დღეს რა შეიცვალა?
– ფაროსანა იყო ბაბუათქვენის დროს?
– თბილისი აცხადებს, არაა მავნე ფაროსანაო.
– ბაბუათქვენის დროს არ იყო ფაროსანა, არ იყო ამდენი დაავადება, ამდენი მანქანა, დარიშხანის ქარხანა და ატომური ელექტროსადგური. იყო? ამდენი შეწამვლა იყო?
– მე, ქალბატონო, ისეთ სოფელში ვცხოვრობ, მანქანა რომ მოდის, ფანჯარასთან მივრბივარ, მანქანა დავინახო-თქვა. კაი ბატონო, ამდენ ამბავს თუ გავივლით, შემდეგ კლიენტი შენზე იყოს.“
ასე დაასრულა თაფლის მწარმოებელმა დიალოგი ტრენერთან, რომელიც თაფლის ევროპაში გატანასთან დაკავშირებულ ბარიერებზე საუბრობდა. მეწარმე ამტკიცებდა, რომ მისი თაფლი საუკეთესოა. „როცა შესაბამისი ანალიზიც აჩვენებს, რომ თაფლი მართლაც საუკეთესოა, მაშინ დაგიჯერებ და კლიენტის მოძებნაშიც დაგეხმარები,“ – ასეთი იყო ტრენერის საბოლოო პასუხი.
ევროპის ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული ბარიერები იყო დღეს, 3 ნოემბერს, სასტუმრო „რადისონში“ მეწარმეებსა და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან შეხვედრის თემა. დასმული კითხვების შინაარსის მიხედვით შეხვედრას ძირითადად თაფლის მწარმოებლები ესწრებოდნენ, ამიტომაც განხილვისას მეტი დრო თაფლის ტექნიკურ რეგლამენტში არსებული საკითხების გავლას დაუთმეს. ასევე, ისაუბრეს თევზისა და სხვა პროდუქტების გატანასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც.
მეწარმეები ამბობდნენ, რომ მზად არიან შესაბამისი შემოწმება გაიარონ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, რადგან ვერც ერთი სტრუქტურა მათ ამაში ვერ ეხმარება:
„ჩვენი მთავარი პრობლემა არის ბაზარი. მე მინდოდა თურქეთში გამეტანა თაფლი, მაგრამ ვერ ვახერხებ. ყველაზე დიდი ბაზარი თაფლის მოხმარების მხრივ თურქეთია. კარგი იქნება, ამაში ჩაერთოს ხელისუფლება და დაგვეხმაროს. თურქეთის მხარე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ თაფლი გავიტანოთ. ლაბორატორიულადაც შევამოწმებთ და შევაგროვებთ ყველა დოკუმენტს, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს ვერ ხეხდება. შევხვდი სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს. გვეუბნებიან, რომ მოგვარდება, თუმცა დღეს თაფლის გატანა კანონის ფარგლებში ვერ ხერხდება. მე გატანა არ მიცდია, იმიტომ რომ დოკუმენტებს ვერ ვიღებ,“ – ამბობს ტარიელ თევთიძე.
ტარიელ თევთიძე
იგივე პრეტენზია აქვთ თევზის მწარმოებლებსაც. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც თევზს შეამოწმებდა და შესაბამის სერტიფიკატსაც გასცემდა.
„საქართველოს შავი ზღვის ხამსაა აღიარებული ევროკავშირის მიერ, დანარჩენი სახეობების გასატანად ჩვენ არ ვართ მზად. მაგრამ თუ ამ სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ, ეს კარგი იქნება არამხოლოდ ევროპაში პროდუქტის გასატანად, არამედ, ჩვენთვისაც. ჩვენ ვიცით, თევზი რამდენად საჭირო პროდუქტია, რამდენად მნიშვნელოვანია თევზის სწორად მოხმარება. მისი ნორმების დაცვა გაზრდის პროდუქციის წარმოებას, რაც დღეს მინიმუმზეა დაყვანილი. პირველი პრობლემა არის ლაბორატორია, როგორც მეფუტკრეებისთვის, ასევე თევზის მწარმოებლებისთვის. სამწუხაროდ თევზს ვერც დაავადებებზე ვამოწმებთ, მთავრობა ამბობს, რომ ლაბორატორია გვექნება, ჩვენ მოვამზადეთ კვლევა ამასთან დაკავშირებით“. – ამბობს აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე.
სემინარს თემაზე – „თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“ დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმის „რადისონში“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის სამრეწველო-სავაჭრო პალატა და ბათუმის ბიზნესინკუბატორი მასპინძლობდა.
მერაბ ფარტენაძემ ბათუმის ცენტრში, ფარნავაზ მეფის #139-ში, შეჩერებულ ობიექტზე მშენებლობა დაასრულა. ეს ობიექტი მერაბისთვის არ იყო მოგებაზე გათვლილი ბიზნესპროექტი – შპს „პოლუსის“ მიერ დაწყებულ მშენებლობას, რომელიც 2009 წელს უნდა დასრულებულიყო, 59 ოჯახი ათი წელი ელოდა… გარდა ამისა, მერაბ ფარტენაძის კომპანიას ბათუმში აქვს 4 მიმდინარე პროექტი, აშენებს თბილისსა და ბაკურიანშიც. მერაბი ათ წელზე მეტია, რაც ბიზნესშია.
მერაბ ფარტენაძე
წლობით ლოდინმა მესაკუთრეებს საცხოვრებლის მიღების იმედი გადაუწურა. თუმცა, მერაბ ფარტენაძემ წელიწად-ნახევარში შეძლო მათი ათსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულება და 58 ოჯახს გადასცა ბინები. ერთადერთ შემთხვევაში ვერ ახერხებს შპს „ბალავარი“ მესაკუთრეზე 240 კვადრატული მეტრი ბინის გადაცემას -მეპატრონე გარდაცვლილია და არ ჰყავს კანონიერი მემკვიდრე. თუ საბოლოოდ მემკვიდრე არ გამოჩნდება, ბინას კომპანია ბათუმის მერიას გადასცემს.
„მიზანი იყო საცხოვრებლით დროულად უზრუნველგვეყო უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები“, – ამბობს მერაბ ფარტენაძე.
ახალდასრულებული კორპუსის ერთ-ერთ პირველ მცხოვრებ, ასლან ფაღავას აღარც სჯეროდა, რომ მშენებლობა ოდესმე დასრულდებოდა.
ასლან ფაღავა
„ჩვენი კერძო სახლი ამ ტერიტორიაზე აიღეს და სამწლიანი ხელშეკრულება გაგვიფორმეს – 2010-ში უნდა ჩაებარებინათ კორპუსი, მაგრამ 10 წელი ველოდით. შპს „პოლუსმა“ მხოლოდ ორი თვის ქირა გადაგვიხადა… მაგრამ 2017 წელს გამოჩნდა მერაბ ფარტენაძე, დაყადაღებული მშენებლობა გამოიხსნა და ხალხს ჩააბარა. ჩემმა ვაჟმა ახლახან შექმნა ოჯახი და საცხოვრებლად აქ გადმოდის. მერაბმა მათ საჩუქრად სამშენებლო მასალები, შიდა გაყვანილობა და ტელევიზორი გადასცა.
კორპუსი ახლოსაა ზღვასთან, შესაბამისად, სარგებლის მომტანი იქნება მყიდველისთვის გაქირავების თვალსაზრისითაც“, – ამბობს ასლან ფაღავა.
რომან ბოლქვაძეც ახალი სახლის ბინადარია. როგორც სახლის ერთ-ერთ პირველ მცხოვრებს, „ბალავარმა“ მას ქვიშა, ცემენტი და სამშენებლო მასალები აჩუქა.
„რომ არა მერაბ ფარტენაძე, ალბათ ამ ბინას ვერც მივიღებდით. სწრაფი ტემპით და ხარისხიანად აშენდა კორპუსი“.
რომან ბოლქვაძე
„ბალავარი“ კომპანიებისგან მხოლოდ სერტიფიცირებულ, ენერგოეფექტურ, გამძლე და საიმედო მასალებს ყიდულობს.
36-დან 240 კვადრატულ მეტრამდე ბინა შავი კარკასით, მყიდველს შეეძლება სურვილისამებ დაყოს ოთახებად.
მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება. თანხის თავიდანვე სრულად გადახდის შემთხვევაში კი 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1400 ლარიდან იწყება. პირველ სართულზე არის მაღაზიები, სალონი, საბავშვო ცენტრი და ა.შ.
სახლი ზღვიდან 500 მეტრში მდებარეობს და ყველა ბინას აქვს აივანი, ჭერის სიმაღლე კი 3 მეტრია.
59 ოჯახისთვის გათვალისწინებულია შეღავათები სამშენებლო მასალებზე. კომპანია სახლის ახალდაქორწინებულ ბინადრებს ასაჩუქრებს.
მათი სამუშაო დღე დილის ხუთ საათზე იწყება და დღის პირველ, ორი საათზე მთავრდება. დღეში საშუალოდ 10-12 კილომეტრის გავლა უწევთ და ტონობით ტვირთი გადააქვთ. ისინი თავიანთ თავს გადამზიდავებს, უფრო სწორად კი „მეკაჭკეებს“ უწოდებენ და საქართველოს ყველა იმ ქალაქში შეხვდებით, სადაც ბაზარია.
„ბათუმელები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ერთი ყუთის, ტომრის გადატანა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე ღირს. ერთ გზაზე, რომელიც შეიძლება ერთ კილომეტრზე მეტიც იყოს, ხშირად გადამზიდავებს 300 კილოგრამის წაღებაც უწევთ. მათი სამუშაო მძიმეა და დაბალანაზღაურებადი.
გაიოზ გაგნიძე ყოველდღე დილის ხუთ საათზე დგება და მუშაობას ბათუმის საბითუმო ბაზრიდან იწყებს. მისი კლიენტები მოვაჭრეები არიან, რომლებსაც საბითუმო ბაზრიდან სავაჭრო დახლებამდე პროდუქტის გადაზიდვა სჭირდებათ. გაიოზი ამბობს, რომ დაბერდა და ისე აღარ შეუძლია, როგორც ადრე. დღეში დაახლოებით ათ რეისს ასრულებს – ტვირთით სავსე მძიმე „კაჭკას“ დააგორებს.
ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლი აშენდება. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი 15-ბინიანი იქნება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად ბინებს სოფელ ზედა და ქვედა აგარაში მცხოვრები, ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ოჯახები მიიღებენ.
ქედის გამგეობამ სახლის პროექტი უკვე შეისყიდა. ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიანი სახლის პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არქ – პროექტი“ 13 400 ლარად დაამუშავებს.
„პროექტის დამუშავების შემდეგ დაიწყება სახლის მშენებლობა, ვფიქრობთ 15- ბინიანი კორპუსის აშენებას, მაგრამ თუ გაიზარდა ეკომიგრანტთა რიცხვი, შეიძლება ბინათა რაოდენობა გაიზარდოს,“ – ამბობს დავით დუმბაძე.
სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბაზაშია რეგისტრირებული, გეოლოგიური დასკვნით, ყველა მათგანი განსახლებას საჭიროებს, თუმცა ოჯახები სამინისტროს 25 000-ლარიან პროგრამით სარგებლობაზე უარს აცხადებდნენ და სანაცვლოდ, ამ თანხით ხელისუფლებას სოფელ აგარასთან მისასვლელ გზაზე სოციალური სახლის აშენებას სთხოვდნენ.
მთავარ ფოტოზე: სოფელი აგარა. ფოტო: „ბათუმელები“, ეკა ბარამიძე
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ახალი პროგრამის – გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ამოქმედებას გეგმავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამით დაგეგმილია იმ კარდიოქირურგიულ სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით.
პროგრამის ფარგლებში მკურნალობა დაფინანსდება:
მკურნალობის ღირებულება – 2000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
მკურნალობის ღირებულება – 2000 ლარზე მეტი – 3000 ლარის ჩათვლით -90%-ით;
მკურნალობის ღირებულება – 3000 ლარზე მეტი – 5000 ლარის ჩათვლით – 80%-ით;
მკურნალობის ღირებულება – 5000 ლარზე მეტი – 70%-ით.
სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა (როგორც გეგმიური, ასევე ურგენტული სამედიცინო მომსახურების დროს) სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. ასევე, თანაგადახდა დაუფინანსდება ინდივიდუალური და კორპორატიული დაზღვევის მოსარგებლეებს – სადაზღვევო ლიმიტის ზღვრული ტარიფის ამოწურვის შემდეგ ქვეპროგრამით დაიფარება დარჩენილი თანხის 50% არაუმეტეს 7000 ლარისა.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმში, საპორტო ვიზიტით ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „REGELE FERDINAND”-ი და ნატოს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა. დღესვე ბათუმის პორტს ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ორი ხომალდი ეწვევა.
ვიზიტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბულგარეთის საელჩო მასპინძლობს.
შს სამინისტროს ცნობით, დელეგაციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი ხელმძღვანელობს. ვიცე-ადმირალს საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება. დელეგაციის წევრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც ეწვევიან.
გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; ნატოს საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი; საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისი და ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების შენაერთის მეთაური ჯასთინ ჰეინისი.
შსს-ს ცნობით, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ ესტუმრა. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელსაც ნატო, პარტნიორობის ურთიერთთავსებადობის ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების გაძლიერებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
„თამაშით გართულ ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, რა ხდება თავად სათამაშოს შიგნით… ასე ვართ დიდებიც – გვაინტერესებს, რა ხდება ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის შიგნით. ბავშვებივით ჩვენც ხშირად არ გვყოფნის ძალა, დავამტვრიოთ სათამაშო და შიგნით შევიჭვრიტოთ. ესაა ცერნი. აქ მეცნიერები დღე-ღამის განმავლობაში წლობით ელიან შედეგს – უნდათ დაინახონ და მერე სამყაროს გააგებინონ – რა ხდება „სათამაშოს“ შიგნით…“
ასე თამარ ზაქარეიშვილმა აღგვიწერა ცერნი. თამარი მსოფლიოს უდიდესი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის საზაფხულო სკოლაში სწავლობდა. ახლაც თანამშრომლობს ცერნთან და სხვადასხვა კვლევაში მონაწილეობს.
ცერნი – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია მსოფლიოში უდიდესი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიაა. იგი 1954 წელს დაარსდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ლაბორატორიის შენობის ნაწილი შვეიცარიაშია, ნაწილი – საფრანგეთში. ცერნს 22 წევრი ქვეყანა ჰყავს, რომლებიც ლაბორატორიას აფინანსებენ. ამ ქვეყნების ფიზიკოსები ცერნის პირდაპირ თანამშრომლებად მიიჩნევიან. საქართველო ცერნის წევრი ქვეყანა არ არის, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის სახელით ცერნში ყოველწლიურად ათეულობით ქართველი მეცნიერი მუშაობს.
ცერნი
როგორ ხვდებიან მეცნიერები ცერნში
ცერნში დაახლოებით 3500 მეცნიერი მუშაობს, როგორც პირდაპირი თანამშრომელი. ამას ემატება ათასობით მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე მოწვეული სპეციალისტები.
ფიზიკოსები, თეორეტიკოსები, პრაქტიკოსები – ისინი, ვინც „ახალი ფიზიკის“ აღმოჩენით არიან დაინტერესებულნი, დაკვირვებას დიდი ადრონული კოლაიდერით ახდენენ. ეს სპეციალური, კომპლექსური მოწყობილობაა მიწისქვეშა გვირაბში. დეტექტორები კოლაიდერზეა დამონტაჟებული და მეცნიერები მათი საშუალებით აკვირდებიან ფიზიკურ პროცესებს. ცერნში სხვადასხვა ექსპერიმენტი ტარდება. ზოგიერთი მათგანი ათეული წლის განმავლობაში გრძელდება.
„მე ვარ უშუალოდ CMS ექსპერიმენტში. თვითონ დეტექტორი შეიძლება შევადაროთ ფოტოკამერას, რომელიც წამში 40 მილიონჯერ იღებს ფოტოს. ექსპერიმენტის შიგნით ყველა ნაწილაკის დაჯახების დეტექტირებას ვახდენთ, ანუ ვაფიქსირებთ. CMS ექსპერიმენტი რამდენიმე ათასი სხვადასხვა დეტექტორისგან შედგება და ყველაფერი მუშაობს სინქრონულად. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ყველაფერი ელექტრონულად იმართება… მოწყენილები არ ვართ, საკმაოდ საინტერესოა. საინტერესო რომ არ იყოს, ამდენ ხანს აქ ვერ გავჩერდებოდი. 1996 წლიდან ვთანამშრომლობ ცერნთან, 2005 წლიდან – მუდმივად აქ ვარ,“ – გვიყვება ალექსი მესტვირიშვილი. იგი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერია. ფიზიკურად მისი სამუშაო ადგილი ცერნია. ხელფასს ცერნის ქართველ თანამშრომელს ამერიკული უნივერსიტეტი უხდის.
ცერნის პირდაპირ თანამშრომლებს ცერნი კონკურსის საფუძველზე არჩევს 22 წევრი ქვეყნის მეცნიერებს შორის. პირდაპირი თანამშრომლები, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის მეცნიერები თუ მოწვეული სპეციალისტები სხვადასხვა ლაბორატორიაში ერთად მუშაობენ. ყოველწლიურად ცერნში დაახლოებით 40-50 ქართველი მეცნიერი მუშაობს. მათ ცერნის პირდაპირი თანამშრომლის სტატუსის მიღების უფლება არ აქვთ. ქართველი მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს წარმოადგენენ ცერნში, ან მიწვეული სპეციალისტები არიან.
ალექსი მესტვირიშვილი
რა უპირატესობა აქვს ქვეყნისთვის ცერნის წევრობას? – ალექსი მესტვირიშვილი განმარტავს, რომ ცერნის მიერ შემუშავებული სამეცნიერო ტექნოლოგიების დანერგვით, პირველ რიგში, ის 22 ქვეყანა სარგებლობს, რომლებიც ცერნის პირდაპირი წევრები არიან. წევრი ქვეყნებიდან გერმანია ცერნის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. ცერნის წლიური ბიუჯეტი მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
„ფინანსური ნაწილი გაეროს კოეფიციენტებით დგინდება, ანუ გააჩნია ქვეყნის შემოსავლებს. გარდა ამისა, ცერნს სჭირდება ძალიან ბევრი, ძვირადღირებული აპარატურა. მაგალითად, საჭიროა მაგნიტი, რომლის დამზადება შესაძლებელია საქართველოში და აშშ-შიც. ცერნი იმ ქვეყანას ანიჭებს უპირატესობას, რომელიც მისი წევრია. შესაბამისად, ცერნის წევრობას ეკონომიკური სარგებლის მოტანაც შეუძლია ქვეყნისთვის. როგორც ვიცი, საქართველოს მთავრობას საკმაოდ კარგი კონტაქტები აქვს ცერნის ხელმძღვანელობასთან. საუბარია ცერნის ასოცირებულ წევრობაზე“, – ამბობს ალექსი მესტვირიშვილი.
ცერნის უდიდესი ლაბორატორიის ნაწილის დათვალიერება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ცერნში დაბადებული მსოფლიო მიღწევები
2012 წელს ცერნში ელემენტარული ნაწილაკი – „ჰიქსის ბოზონი“ აღმოაჩინეს. მანამდე, 60 წლით ადრე, ბრიტანელ მეცნიერს, პიტერ ჰიქსის ჰქონდა ნავარაუდევი მისი არსებობა. „ჰიქსის ბოზონის“ აღმოჩენა ცერნში მოხერხდა კოლაიდერის მეშვეობით, რომელიც 2010 წელს აამუშავეს. შედეგად დადგინდა, როგორ შეიძინეს ელემენტარულმა ნაწილაკებმა მასა. ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე ლექსო მესტვირიშვილი იყო:
„ეს არის ერთ-ერთი ნაწილაკი, რომელიც პასუხისმგებელია ელემენტარული ნაწილაკების მასაზე. პიტერ ჰიქსი ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ახლაც ცოცხალია. მან შექმნა გარკვეული თეორიული მექანიზმი, თუ როგორ შეიძინეს ჩვენ გარშემო ელემენტარულმა ნაწილაკებმა მასა. ეს ხსნის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ მასა, ასევე გარშემო ყველა ნივთიერებას. პიტერ ჰიქსმა იწინასწარმეტყველა, რომ თუ ეს მექანიზმი სწორია და ნამდვილად ასე ხდება ბუნებაში, უნდა არსებობდეს განსხვავებული ნაწილაკი, რომელიც არის „ბოზონი“. იმისთვის, რომ დამტკიცებულიყო მისი თეორია, საჭირო იყო ექსპერიმენტი. აღმოჩნდა, რომ ჰიქსი არ ცდებოდა“.
მეცნიერული მიღწევები, რასაც საფუძველი ცერნის ექსპერიმენტმა მისცა – ალექსი მესტვირიშვილი ასეთად ინტერნეტს გვისახელებს, „რომლითაც ახლა გესაუბრებით. ასევე შემიძლია დაგისახელოთ, მაგალითად, პოზიტრონლი ემისიის ტომოგრაფია, რომელიც მედიცინაში აქტიურად გამოიყენება; სწრაფი მიკროსკოპების და კომპიუტერების განვითარებასაც ჩვენმა მეცნიერებამ შეუწყო ხელი.“
„მთავარი მიზანია, აღმოაჩინონ საწყისი ნაწილაკი“
„სინათლის სიჩქარემდე ჩქარდებიან ნაწილაკები მიწისქვეშა მილში. მინდოდა იქ ჩასვლაც, მილთან, მაგრამ რადიაციული გამოსხივებაა და არ შეიძლება. წლის ბოლოს ჩადიან მხოლოდ, როცა პროტონებს მილში აღარ უშვებენ და მოწყობილობის ტექნიკური შემოწმება ხდება, იმ დროს იქ არ ვიყავი,“ – გვიყვება ცერნის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი – თამარ ზაქარეიშვილი.
თამარ ზაქარეიშვილი
„…მილში ხუთსართულიანი შენობის სიმაღლე დეტექტორია დამონტაჟებული. ის აფიქსირებს ნაწილაკების შეჯახებას. მონაცემები ელექტრონულად მოდის. მეცნიერები ნახულობენ, რა ნაწილაკებად იშლებიან მსხვილი ნაწილაკები. ყველაზე რთულია უკვე დაშლილ ნაწილაკზე უკან გაყოლა და იმის გარკვევა, რას მოგვცემდა იგი: ნიონს, ელექტრონს, რისგან არის მოსული ეს ნაწილაკი?… მთავარი მიზანია აღმოაჩინონ საწყისი ნაწილაკი.
არსებობს სტანდარტული მოდელი, რომელიც გვეუბნება, თუ რომელი ნაწილაკებისგან შედგება სამყარო. მათემატიკური სიზუსტით არის შედგენილი, მაგრამ სადღაც, რაღაც-რაღაცებში ყველაფერი ზუსტად არ იციან. არსებობს თეორია, რომ თითოეულ ნაწილაკს თავისი „სუპერ პარტნიორი“ ჰყავს, მაგრამ ერთი დეტალით განსხვავდება. ამ ნაწილაკს ეძებენ. რაღაც კიდევ დამატებითი ნაწილაკი უნდა არსებობდეს, რასაც ვერ ხსნის თეორია.
ექსპერიმენტი თითქმის არასდროს სრულდება. დაასრულებენ ერთს და შემდეგ ნაბიჯზე გადავლენ. ხდება ისეც, რომ შესაძლოა, იმდენად მაგარი იყოს აღმოჩენა, სისულელედ ჩათვალონ, ვერ გაუგონ და 50 წლის ან სულაც საუკუნის შემდეგ გაიაზრონ მეცნიერებმა, გენიალური რომ იყო ის აღმოჩენა. იმ ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობდი, სახელი კი არა, მართლა პროცესი აინტერესებთ. პროცესი, რომელიც არ სრულდება. პროცესი, რომელმაც შესაძლოა შედეგი არ მოგცეს, წლები დაგაკარგვინოს, იმედები გაგიცრუოს, მაგრამ მაინც არ ნებდები…“
სად გაქრა ანტიმატერია?
„ერთხელ ანტიმატერიის დაწესებულებაში წაგვიყვანეს“, – იხსენებს თამარ ზაქარეიშვილი ცერნის საზაფხულო სკოლის დღეებს, – „ცნობილია, რომ რასაც ვხედავთ, არის ნაწილაკები და მასში არ არიან ანტინაწილაკები. თეორიის მიხედვით კი, დიდი აფეთქების დროს თანაბრად უნდა წარმოქმნილიყო ნაწილაკი და ანტინაწილაკიც, მაგრამ ანტიმატერია სადღაც გაქრა. ზოგიერთი მეცნიერი ამბობდა, რომ მოხდა რაღაც გაჟონვასავით. არის ვერსია, რომ ჩვენ ანტიმატერიას ვერ ვხედავთ. ანტიმატერია როცა ხვდება მატერიას, ხდება დიდი ოდენობით ენერგიის გამოთავისუფლება, პროტონი და ანტიპროტონი ერთმანეთს ხვდებიან და აფეთქებას ვიღებთ. ასე რომ ყოფილიყო, აფეთქებას განიცდიდა ყველაფერი და ჩვენ ვერ ვიარსებებდით საერთოდ. დიდი კითხვის ნიშანი არსებობს მეცნიერებაში – სად გაქრა ანტიმატერია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მუშაობდნენ იმ ექსპერიმენტის ფარგლებში“.
ცერნში ფიზიკოსებს შორის გენდერული ბალანსი თითქმის დაცულია, თუმცა იშვიათობაა ფიზიკოსი ქალი საქართველოდან. სტერეოტიპებს ასახელებს ამ მოცემულობის მთავარ მიზეზად თამარ ზაქარეიშვილი:
„უმრავლესობას აქვს განცდა, რომ ფიზიკა მხოლოდ ფორმულებია და ეს ყველაფერი ძალიან რთულია. სკოლას როცა ვამთავრებდი, ჩემთვისაც უთქვამთ, არ გინდა ფიზიკა, ოჯახისთვის დრო აღარ დაგრჩებაო. შრომა ყველაფერს სჭირდება. რეალურად ფიზიკა გამორკვევაა, კითხვების დასმა და მისტერია. გოგონებმა საქართველოში ჯერ კიდევ არ იციან, რომ ფიზიკა ფანტასტიკური მისტერიაა, თორემ გახდებოდნენ ფიზიკოსები,“ – ამბობს თამარ ზაქარეიშვილი.
როგორ უნდა გადაიქცეს გემი მოტოციკლეტად?
ყველაზე მძიმე ელემენტარულ ნაწილაკებთან არჩილ დურგლიშვილი მუშაობს – კიდევ ერთი ფიზიკოსი საქართველოდან. ის პირველად 2012 წელს ჩასულა ცერნში, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. ამბობს, რომ პრობლემაა ქართველი სტუდენტების ცერნში მოხვედრა, რადგან საქართველოს უნივერსიტეტებს ამაში ფულის გადახდა არ სურთ. სამაგიეროდ, ცერნი დაინტერესდა არჩილით და დღეს იგი ევროპის უდიდეს ლაბორატორიაში მიწვეული სპეციალისტის სტატუსით მუშაობს.
„ჩემი თვალთახედვით, უნივერსიტეტი ცერნით დიდად დაინტერესებული არ არის. აქ არსებობისთვის სტუდენტს თვეში მინიმუმ 3 ათასი შვეიცარული ფრანკი მაინც სჭირდება. თავდაპირველად მხოლოდ სამი თვით ჩამოვედი. ცერნს აქვს გრანტები, რომლის მოპოვება შესაძლებელია, მაგრამ მე ხელშეკრულებით ამიყვანეს. მას შემდეგ წელიწადში რამდენიმე თვე აქეთ ვარ.
პირველად როცა აქ ჩამოვედი, ყველაზე მეტად მომხიბლა ახალგაზრდების მიმართ ცერნის თანამშრომლების დამოკიდებულებამ. ქართველი ლექტორებისგან განსხვავებით, ეჭვის თვალით კი არ გიყურებენ, თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება არ შეგიძლია, პირიქით, დამოკიდებულება აქვთ, როგორც სრულფასოვან მეცნიერთან, მაქსიმალურად ცდილობენ საპასუხისმგებლო საქმე ჩაგაბარონ და მოტივაცია გაზარდონ,“ – გვიყვება არჩილ დურგლიშვილი.
მარცხნიდან პირველი – არჩილ დურგლიშვილი
ქართველ მეცნიერს ლაბორატორიის სამუშაო პროცესის აღწერა ვთხოვეთ. საუბარს ფორმულებით იწყებს, სქემებით, ენერგიების ზუსტი აღწერით… ვთხოვ, მარტივად აგვიხსნას, რის აღმოჩენას ცდილობს.
„მე ვარ ექსპერიმენტატორი და ვეძებ ტოპ კვარკის, ანუ ყველაზე მძიმე ელემენტარული ნაწილაკის იშვიათ დაშლას. თუ ეს აღმოვაჩინეთ, მერე უკვე თეორეტიკოსებმა უნდა შეადგინონ სქემა, რომელ თეორიულ მოდელს უფრო შეესაბამება ექსპერიმენტის შედეგი. მე ვაკვირდები პროტონების დაშლის პროდუქტებს. როცა პროტონები ერთმანეთს ეჯახებიან, ზოგი ცნობილი პროცესი ვითარდება, ზოგიც – უცნობი. ახლად დაბადებული ნაწილაკები დეტექტორში ტოვებენ კვალს.
მუდმივად ერთი და იგივე არ არის ეს პროცესი – სხვადასხვა ნაწილაკი სხვადასხვა კვალს ტოვებს, ამით შეგვიძლია გავარჩიოთ რა ნაწილაკმა გაიარა დეტექტორში. არსებობს სტანდარტული მოდელი ფიზიკაში, რომლის მიხედვითაც გვაქვს 6 კვარკი და შესაბამისი ანტიკვარკები. ამ მოდელის მიხედვით, თითქმის 100 პროცენტის ალბათობით, ტოპ კვარკის დაშლის შედეგად წარმოიქმნება b კვარკი და W ბოზონი…
ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ტოპ კვარკი, რადგანაც ის ყველაზე მძიმეა, შევადაროთ გემს, b კვარკი – ავტომაქანას, ხოლო მსუბუქი კვარკი (u,c) – მოტოციკლეტს. სტანდარტული მოდელის მიხედვით, თითქმის ყოველთვის გემი გადაიქცევა ავტომანქანად, თუმცა, ძალიან მცირე ალბათობით, შესაძლოა გემი მოტოციკლეტადაც გადაიქცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უზარმაზარი რაოდენობის გემებს შორის შესაძლოა მხოლოდ ერთი მათგანი გადაიქცეს მოტოციკლეტად და ამის ექსპერიმენტზე დანახვა, დადასტურება შეუძლებელია.
თეორიულად, სტანდარტული მოდელის მიხედვით, გემის მოტოციკლეტად გადაქცევა, ანუ ტოპ კვარკის მსუბუქ კვარკად გადაქცევა, წესით, ვერ უნდა დავინახოთ, ან ვერ დავაფიქსიროთ ექსპერიმენტზე, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ დავინახოთ, თან მხოლოდ ერთხელ არა. შესაძლოა, დეტექტორიც ცდებოდეს, მაგრამ დეტექტორი ხომ არ შეიძლება 100-ჯერ შეცდეს? ამიტომ რაც შეიძლება ბევრ გემს, ანუ ტოპ კვარკს უნდა დავაკვირდეთ, რომ დავაფიქსიროთ, ასე ვთქვათ, როგორ გადაიქცევა გემი მოტოციკლეტად.
ეს თუ დავაფიქსირეთ და დავამტკიცეთ, გამოდის, რომ გავედით ახალ ფიზიკაზე, ანუ სტანდარტულ მოდელს მიღმა ფიზიკაზე. დიდ ადრონულ კოლაიდერზე პროტონების პირველი ნაკადი 2009 წელს გაეშვა და მას შემდეგ მიმდინარეობს დაგროვილ ექსპერიმენტულ მონაცემებში აღნიშნული პროცესის ძიება. რაც უფრო გაიზრდება ექსპერიმენტული მონაცემების, პროტონების დაჯახებების რაოდენობა, მით უფრო გაიზრდება შანსი ამ პროცესის პოვნისა, დაკვირვებისა. იმედი მაქვს, ერთხელაც ვიპოვით ასეთ იშვიათ და საინტერესო პროცესს.“
თუ ექსპერიმენტი კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდება? – არჩილ დურგლიშვილი რამდენიმე წამით ჩერდება და მპასუხობს:
„შესაძლოა, რომ ვერ გამოჩნდეს, რის დანახვაც გვინდა. ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის დამტკიცება, რომ სტანდარტულმა მოდელმა გაიმარჯვა… მთელი მუღამი ამ ექსპერიმენტის ის არის, რომ არ იცი, რას ელოდები… მაშინ სხვა მიმართულებით განვაგრძობ ალბათ კვლევას, სამყარო ხომ მისტერიებითაა სავსე“.
ცერნი. ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/VALENTIN FLAURAUD
არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია და ამ მეთოდით სარგებლობა შესაძლებელია, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან, რომ მათი დავა გადაწყვიტოს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა და არა სასამართლომ.
მნიშვნელოვანია იმ უპირატესობების განსაზღვრა, რომლებიც მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას „დავების განმხილველ ცენტრს“ (DRC) აშკარად გამოარჩევს, როგორც დავის გადაწყვეტის საუკეთესო ალტერნატივას სასამართლოსთან შედარებით.
[highlight color=”green”]დავის განხილვის სისწრაფე[/highlight] – არბიტრაჟი ძალიან მოქნილი ფორმალური პროცესია და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია განსახილველი დავის სირთულეზე, დავაში ჩართული მხარეების რაოდენობაზე, გამოსაყენებელ სამართალზე და ა.შ. ამასთან, „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საარბიტრაჟო განხილვა უნდა დასრულდეს 6 თვის განმავლობაში. „დავების განმხილველ ცენტრს“ განხილული აქვს 8 000-ზე მეტი საქმე და საქმის განხილვის საშუალო ვადა შეადგენს 2 თვეს.
შედარებისთვის, სასამართლოში დავის განხილვა, როგორც წესი, რამდენიმე წელი გრძელდება.
გასათვალისწინებელია, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსობრივი გასაჩივრება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაუშვებელია.
DRC-ის საქმის წარმოების წესები ითვალისწინებს მოქნილ პროცედურებს – DRC-ის საქმის წარმოების წესები წარმოადგენს ნორმათა კრებულს, რომელიც აწესრიგებს კონკრეტული დავის განხილვისთვის საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების, ასევე საარბიტრაჟო განხილვისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს. ის გაცილებით მოქნილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან შედარებით და მხარეებს, მათ ადვოკატებს აძლევს მეტ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავიანთი პოზიციები, მიიღონ დავის განხილვაში მონაწილეობა კომფორტულ გარემოში პროფესიონალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრების წინაშე. მხარეებს აქვთ უფლება ერთმანეთთან შეათანხმონ:
[checklist]
საარბიტრაჟო განხილვის ადგილი;
საარბიტრაჟო განხილვის ენა;
გამოსაყენებელი სამართალი;
არბიტრთა რაოდენობა;
[/checklist]
კონფიდენციალურობა
სასამართლო პროცესისაგან განსხვავებით, არბიტრაჟში საქმისწარმოება კონფიდენციალურია. სხდომები მიმდინარეობს დახურულად, რაც გულისხმობს, რომ დავის განხილვაში მხოლოდ პროცესის მხარეები იღებენ მონაწილეობას. ტრიბუნალი და მხარეები ვალდებულნი არიან, დაიცვან დავის მიმდინარეობის პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
არბიტრი თუ მოსამართლე?
„დავების განმხილველი ცენტრის“ საქმის წარმოების წესები საშუალებას აძლევს მხარეებს თავად განსაზღვრონ, თუ ვინ უნდა იყოს მათი დავის განმხილველი არბიტრი, იმის გათვალისწინებით, რომ არბიტრი უნდა იყოს მხარეებისაგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი.
სასამართლოში მხარეებზე დამოკიდებული არ არის, თუ რომელი მოსამართლე განიხილავს დავას. აქ კი მხარეებს შესაძლებლობა აქვთ, არბიტრად დანიშნონ ის პირი, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ნიუანსებამდე ჩაწვდეს დავის არსს, სწრაფად და ხარისხიანად გამოიტანოს დასკვნები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრზე, DRC-ი ნიშნავს მხარეებისაგან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ არბიტრს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია.
აპელაციის უფლება და აღსრულებადი გადაწყვეტილება DRC-ის წესები გამორჩეულია იმითაც, რომ ითვალისწინებს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური შემოწმების პროცესს. სანამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გადაეცემა მხარეებს, გადაწყვეტილებამ უნდა გაიაროს ფორმალური შემოწმების პროცესი. შედეგად `დავების განმხილველი ცენტრის“ წესებით განხილულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებულია და შეესაბამება ყველა ფორმალურ საკანონმდებლო მოთხოვნას.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ფორმალური საფუძვლით. „დავების განმხილველი ცენტრის“ საქმის წარმოების წესები უზრუნველყოფს ამ წესების მიხედვით მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების 100%-ით აღსრულებას.
მომსახურებისღირებულება
საქმის გარემოებების გამოკვლევისა და პროცესის დასრულებისთვის გონივრული ვადების გამო არბიტრაჟი უმეტეს შემთხვევაში შეუდარებლად იაფია, ვიდრე სასამართლოში საქმისწარმოება.
სასამართლოში დავის ღირებულება 3%-ია, DRC-ში კი- 3.5%, თუმცა სასამართლოს შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ინსტანციაში გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა, რაც მინიმუმ სამჯერ სამ პროცენტს შეადგენს და ბევრად მეტია, ვიდრე DRC-ის საარბიტრაჟო წესებით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა;
[highlight color=”green”]DRC-ში „ინსტანცია“ არ არსებობს[/highlight], რადგან გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, შესაბამისად, ზოგავთ დროსა და თანხას.
[red_box]
[highlight color=”green”]თქვენთვის მოგვინდია განსაჯოთ, რა უფრო ეფექტურია ბიზნესისათვის?
[/highlight]
დავის განხილვა სამი ინსტანციის სასამართლოში, რამდენიმე წლის განმავლობაში, იმ მოსამართლეების მიერ, რომელთა შერჩევის პროცესში მხარეები არ არიან ჩართული, თუ დავის გადაწყვეტა საშუალოდ 2 თვის განმავლობაში კომფორტულ გარემოში, საქმის სპეციფიკის მიხედვით შერჩეული შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის მიერ?
წვიმიანი დღეების შემდეგ ბათუმში დღეს გამოიდარა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ამბობენ, რომ აჭარაში უნალექო ამინდი სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექო ამინდი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით იქნება 5-10, დღისით – 13-18 გრადუსი. მთაში ღამით -3 – +2 გრადუსია მოსალოდნელი“.
სომალელი მხატვარი, სიდ მუავი ჰუსეინი, საყოფაცხოვრებო მაღაზიების, სამედიცინო ამბულატორიების, სადალაქოებისა და სხვადასხვა დაწესებულების შესასვლელებს ხატავს ნათელი, კაშკაშა ფერებით. ნახატებს სარეკლამო დანიშნულება აქვს და მყიდველს შესვლამდე მიანიშნებს რა დახვდება ამა თუ იმ ადგილას.
ადგილობრივი, ყოველდღიური ცხოვრებით შთაგონებული სიდ მუავი ჰუსეინი უბრალო, გრაფიკული ნახატებით აფერადებს ქალაქს.
ბათუმში, გენერალ მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ორი ისტორიული სახლის დანგრევის ხარჯზე შპს „პროგრეს სიტი“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს უკვე შეათანხმა. პროექტს მხარი დაუჭირა საბჭოში აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა კახა შაშიკაძემაც. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა მოტივით დაუჭირა მხარი მთავრობის წარმომადგენლმა ძველ ბათუმში ორი ისტორიული სახლის დემონტაჟს, მაშინ, როცა მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ ძველი ბათუმი უნდა შევინარჩუნოთ.
ბატონო კახა, მაინტერესებს რა იყო თქვენი არგუმენტი, როცა მხარი დაუჭირეთ ორი ისტორიული სახლის დანგრევას. რატომ მოგწონთ ეს პროექტი, თქვენი არგუმენტი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მთავრობის თავმჯდომარემ რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ ძველი ბათუმი უნდა შევინარჩუნოთ, თქვენ კი საბჭოში მთავრობას წარმოადგენთ.
იქ სასტუმროს მშენებლობა იმიტომ არის კარგი, რომ უფრო მეტი კომერციული დატვირთვა შეიძინოს ძველმა ბათუმმა, ეს იყო ერთ-ერთი მოტივი. სასტუმრო უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.
ტურისტები უმეტესად ინტერესს ძველი განაშენიანების მიმართ გამოხატავენ, ამას ამბობს თითქმის ყველა ტურისტული სააგენტო.
ძველ ბათუმს სახლების ნაცვლად სასტუმროები სჭირდება. ჩემი მოსაზრებაა, რომ უფრო მეტი კომერციული ობიექტები იყოს ძველ ბათუმში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროექტს, სხდომაზე ხელოვნებათმცოდნეც იყო მოწვეული, რომელმაც დაასაბუთა პროექტი და ანალოგია მოიყვანა სხვა ქალაქებთან მიმართებაში.
ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, კარგია თუ ცუდი ახალი პროექტი, შესაძლოა ის ძალიან საინტერესოა. ჩვენ გვაინტერესებს თვენი მოსაზრება იმაზე, უნდა შევინარჩუნოთ თუ არა ძველი ბათუმის განაშენიანება?
უნდა შევინარჩუნოთ და ახალი დატვირთვაც უნდა მივცეთ. თქვენც დამეთანხმებით, რომ იქ ბევრი სახლი სარესტავრაციოა, უნდა გამოთავისუფლდეს უსახური შენობებისგან, უმეტესწილად ეზოები, გარე ფასადები უნდა მოეწყოს. ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია.
იმ პროექტის განხორციელებისთვის, რომელსაც თქვენ მხარი დაუჭირეთ, უნდა დაანგრიონ ორი ისტორიული სახლი.
ძველი სახლებია, ესთეტიკურად და არქიტექტურულადაც არანაირი ღირებულება არ აქვს.
თუმცა, საერთო ჯამში, ახალი პროექტი მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩებზე დაარღვევს იმ სიმწყობრეს, რაც იქ დღემდე იყო შენარჩუნებული.
იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც არის საუბარი, პირიქით, უფრო გაალამაზებს იქაურობას.
ყველაფერი დაძველდება ალბათ წლების შემდეგ და ამორტიზებული გახდება, რასაც არ ვუვლით. ასე ხომ შეიძლება ძველი ბათუმის განაშენიანება საერთოდ გაქრეს?
არა, რა თქმა უნდა. პირიქით, სხვა ქვეყნების ანალოგითაც თუ ვიხელმძღვანელებთ, ზუსტად კერძო ინვესტიციების დახმარებით ინარჩუნებენ მემკვიდრეობას, ადგილობრივ მცხოვრებლებს არა აქვთ ამის საშუალება. თუ ხართ იმ ეზოში ნამყოფი, გეცოდინებათ ძალიან უსახური რაღაცებია. იმას, რაც ღირებულია, უნდა მოვუაროთ, რა თქმა უნდა.
არის ძველ ბათუმში ისეთი სახლები, რომელთა სანაცვლოდ ახლის აშენებას არანაირი გამართლება არ ექნება. იმ ორ სახლს კი არც ძეგლის სტატუსი გააჩნია. ჩემი აზრით, არსებულ მდგომარეობას, ამ შემთხვევაში, ახალი აჯობებს.
თქვენ წარმოადგენთ მთავრობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოში. თქვენ პოზიციას ამა თუ იმ პროექტთან მიმართებაში მთავრობის თავმჯდომარესთან ათანხმებთ?
იქ არის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, არიან უფრო გამოცდილი ადამიანები და ძირითადად კოლეგების მოსაზრებებს ვიზიარებ.
ზურაბ პატარაძე პირიქით, სპეციალისტების მოსაზრებებს იზიარებს – იქ არის შემადგენლობა, ვინც უფრო კომპეტენტურია.
60 წლის მარგალიტა ტივაძე პატიმრის დედაა. წელს ის პენსიონერი გახდა. მისი 63 წლის მეუღლე კი, სულმოუთქმელად ელის საპენსიო ასაკს, ყოველდღიური, მძიმე შრომისგან რომ გათავისუფლდეს, შინ რომ დაიწყონ რაიმე საქმე. 90-იან წლებში ცოლ-ქმარი ავარიაში მოყვა, ქალმა ბარძაყის ძვალი მოიტეხა და დაკოჭლდა, დღემდე წამლები სჭირდება, ტკივილმა რომ არ შეაწუხოს.
ამის მიუხედავად, მარგალიტა ტივაძე მეუღლესთან ერთად დილის შვიდ საათზე დგება, ოზურგეთის ბაზრობაზე პატარა საცხობს მიაშურებენ – დილიდანვე ლობიანებს, ხაჭაპურს, ქადებსა და ღვეზლებს აცხობენ. სეზონის მიხედვით სადილებსაც ამზადებენ. ამ ყველაფერს მარგალიტა ტივაძე თავად ამზადებს და დაატარებს ოზურგეთის ბაზრობის მოვაჭრეებისთვის.
„ჩემი შვილი პატიმარია, სამი წელი აქვს მისჯილი, ორი წელია ციხეშია. იქ წამალდამოკიდებულების რეაბილიტაციის კურსი უტარდება, ერთ წელიწადში გათავისუფლდება. ცოლ-შვილი ჰყავს, ჩემი რძალი ბაგა-ბაღების მენეჯერად მუშაობს ოზურგეთში. ძლიერი გოგოა, ორი შვილი ჰყავთ, ქალ-ვაჟი, ბიჭი მეექვსე კლასშია, გოგონა წელს ამთავრებს სკოლას, მაგრამ წელსვე ვერ აბარებს, ამის საშუალება არ არის.
მე და ჩემი მეუღლე დილაადრიან ვიწყებთ შრომას და ნერვიულობას, ეს როგორ გავყიდოთ, ის როგორ გავყიდოთ, რა გამოვაცხოთ, რა გავაკეთოთ. ასე მიდის ჩვენი ცხოვრება. ცომის საზელი აპარატი შევიძინეთ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამით და შედარებით გაგვიადვილდა შრომა, ახლა „პეროგებს“ და ქადებსაც ვაცხობთ. მე გამზადებულ ღვეზლებს დავატარებ, ჩემი ქმარი ღუმელთან რჩება და აკვირდება რამე არ დაიწვას, ადგილზე მოსულ კლიენტსაც ემსახურება. ჩემთვის ეს დიდი დახმარებაა, სიგარეტის ფულს გამოიმუშავებს, მეხმარება. ადრე ავტობუსის მძღოლი იყო, მაგრამ ათი წელია აღარ უმუშავია“, – გვიყვება პატიმრის დედა, მარგალიტა ტივაძე.
დამქანცველი სამუშაოს მიუხედავად, მარგალიტას აძლიერებს იმაზე ფიქრი, რომ ბაზრობის მოვაჭრეები ყოველ დღე მის გამომცხვარ გემრიელ ღვეზლებსა და სადილს ელიან: „ხან შვილთან მივდივარ ციხეზე, ხანაც თურქეთში გადავდივარ რაღაცების საყიდლად და როცა არ ვარ, მკითხულობენ ბაზრობაზე. დაბრუნებულს მეუბნებიან, რომ არ იყავი, მშივრები ვიხოცებოდით, სად დაიკარგეო. ყველას ვიცნობ, ყველა მიცნობს. ჩემ გარდა უამრავი მცხობელი დაატარებს ათას რამეს, მართლა მშიერი კი არ დარჩება ვინმე, მაგრამ მაინც გიხარია, ხალხს რომ დააკლდები“.
გამომუშავებული თანხა ელემენტარული საჭიროებების, კვების და კომუნალური გადასახადისთვის თვიდან თვემდე ჰყოფნით, მაგრამ 2017 წლის აპრილში ძლიერმა ქარიშხალმა ოზურგეთში მარგალიტა ტივაძის სახლის სახურავი დააზიანა და სრული შეკეთებისთვის საჭირო თანხას ოჯახი ვერ აგროვებს.
აქამდე არასდროს უთხოვია დახმარება ჩინოვნიკებისთვის. ახლა, როცა ჭერიდან წვიმა სახლში ჩამოუვიდა, იძულებული გახდა თხოვნით გამგეობისთვისთვის მიემართა:
„რვა თუ ათი შიფერი მომცეს, ქარმა ესეც დაამტვრია, მისაღებში, ბავშვების საძინებელში წყალი ისევ ჩამოდის, მაგრამ გვაქვს ოთახები, სადაც ზამთარს გავატარებთ და შედარებით სიმშრალეა…
წამლებით ერთჯერად დახმარებაზე დავწერე განცხადება, პასუხი ჯერ არ ვიცი, ვნახოთ რა იქნება. თბილისში გოგო მყავს, ცოტას ისიც მეხმარება წამლის თანხით. მიჭირს უკვე გარეთ შრომა და კოჭლობით ბაზრობაზე ცომეულის ტარება. ჩემს ქმარს ერთი სული აქვს 65 წლის როდის გახდება და პენსია დაენიშნება. მერე სახლშივე უნდა მოვიფიქროთ რამე. უსაქმურად ვერ დავჯდები. შვილს ვჭირდები, კარგად უნდა ვიყო… ბევრ ქალს ვიცნობ, პატიმრების მშობლებს, ყველას ვურჩევ არ დანებდნენ და აკეთონ რისი კეთებაც შეუძლიათ. უიმედობას არ უნდა მივცეთ თავი, მერე რა, რომ პატიმრების მშობლები ვართ, დღეს ციხეშია ვიღაც, ხვალ თავისუფალი იქნება”.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
ზამთარი ახლოვდება. რაც უფრო მალე დაჯავშნით თქვენს ტურს, მით უფრო ნაკლების გადახდა მოგიწევთ. სწრაფი სამომხამრებლო სესხების კომპანია Solva – გთავაზობთ იმ ქალაქების ჩამონათვალს, სადაც ახალი თავგადასავლებისთვის და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის შეგიძლიათ გაემგზავროთ.
Solva-ს ლიმიტი 3000 ლარამდეა! ისარგებლეთ საუკეთესო მომსახურებით, მიიღეთ საჭირო თანხა 12 თვემდე, სულ რაღაც 5 წუთში! დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირიდით სოლვას ქოლცენტრს: +995 322 50 00 22 მიწერეთ Facebook-ზე: www.facebook.com/SolvaGeo. ან ესტუმრეთ მის ვებ–გვერდს: www.solva.ge
ქართული სიგარის მწარმოებელი კომპანია „იმერი“, რომელმაც სიგარის დამამზადებელი საწარმო ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში, სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით მოაწყო, თამბაქოს ახალ წლამდე არ ჩაიბარებს.
საწარმოს დირექტორი, თამაზ თურმანიძე, თამბაქოს დაგვიანებით მიღებას სიგარის დამზადების ტექნოლოგიებით ხსნის და დასძენს, რომ აუცილებელია თამბაქო მოიყინოს.
„თამბაქოს მიღებას ახალი წლიდან დავიწყებთ, ტექნოლოგიით თამბაქომ ყინვა უნდა ჭამოს, რომ მომწიფდეს ფოთოლი,“ – ამბობს დირექტორი.
საწარმოს, რომელიც 23 დასახელების სიგარას სარეალიზაციოდ ამზადებს, ამ დროისთვის არც თამბაქოს ჩაბარების ფასი დაუდგენია.
თამაზ თურმანიძის ინფორმაციით, საწარმო წლის განმავლობაში მაქსიმუმ ერთ ტონა თამბაქოს ამუშავებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გაიზრდება, ამბობს, რომ წელს იმ რაოდენობის თამბაქოს ჩაიბარებს, რა მოთხოვნაც იქნება.
„ჩვენ ძალიან ცოტა რაოდენობით ვყიდულობთ თამბაქოს, წლის განმავლობაში მაქსიმუმ ერთ ტონა თამბაქოს ვიბარებთ, ძირითადად ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ოდენობის სიგარა გაიყიდება. რაც შეეხება თამბაქოს ჩაბარების ფასს, მას ბაზარი ადგენს“.
ქედაში საწარმოს მოსაწყობად კომპანიამ 40 000 დოლარი სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მიიღო.
შპს „იმერი“ 1992 წელს დაფუძნდა, თუმცა ქედაში სიგარის დამზადება 2015 წლის ბოლოს დაიწყო. ვიდრე კომპანია ქედაში სიგარის წარმოებას დაიწყებდა, ის სიგარას საზღვარგარეთ, კერძოდ, ინდონეზიაში ამზადებდა და სარეალიზაციოდ საქართველოში ჩამოჰქონდა.
ლალი (სახელი შეცვლილია) ათი წელია ცხოვრობდა კაცთან, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ძალადობს, როგორც მასზე, ასევე ბავშვებზე. კაცი სამი დღის წინ, მორიგი ძალადობის შემდეგ, სასამართლოს 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუთავისუფლებია. მსხვერპლ ქალს სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ჰქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელებმა იმის გამო დასცინეს, რომ ქმრისგან დასაცავად მათ გამოუძახა.
„სამი დღის წინ ისევ მცემა. შუბლი გამიხეთქა. ათი საათი გავატარე პოლიციის განყოფილებაში, რომ დავიჩივლე ბავშვები მშივრები მყავს-მეთქი, პოლიციელმა მითხრა, „ჩემი ცოლ-შვილიც მშიერიაო“. თქვენ ცემთ ცოლს-მეთქი? – ვკითხე და „მაგის თავი სად მაქვს, დაღლილი მივდივარ სახლშიო“, მითხრა. აი, ასე დამცინიან“. მოძალადე კი გირაოთი გამოუშვეს. ჩემთვის არავის უკითხავს არაფერი. იმდენი მოწმის ჩვენება იყო საქმეში და მაინც გამოუშვეს. მეორე დღეს ისევ დაგვადგა თავზე“, – გვიყვება ლალი.
ქალის თქმით, კაცი ძალადობს ბავშვებზეც. „ერთხელ ისე სცემა უფროს გოგოს, რომ გონება დაკარგა. მაშინ პოლიციას არ გამოვუძახე. ის ცოტა ხნის წინ გათხოვდა. ნათესავებმა მითხრეს, ქორწილში ქმრის გარეშე რომ მიხვიდე, დაგცინებენ, მეორე ქმარსაც გაშორდაო იტყვიან, ამიტომ ხალხის დასანახად წავიყვანე. იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, რომ შეიცვლებოდა, მაგრამ ყველაფერი მეორდებოდა“, – ამბობს ლალი.
35 წლის ქალი პირველად 16 წლის ასაკში გათხოვდა და როგორც გვეუბნება, მასზე პირველი ქმარიც ძალადობდა. „მასთან ორი შვილი გამიჩნდა. მცემდა, ოჯახს არ არჩენდა და გავშორდი. სასამართლომ ალიმენტი დააკისრა, მაგრამ ერთხელაც არ გადაუხდია. უკვე 30 ათას ლარზე ავიდა ჯარიმები, აღმასრულებელი არაფერს არ აკეთებს“, – გვეუბნება ის.
ლალი ამბობს, რომ მოკრივე მეუღლე მეორე ქორწინებიდან კიდევ უფრო დაუნდობელია: „დაქორწინებიდან მეორე დღესვე სახლში ჩამკეტა. ორსულსაც კი მცემდა. ისე ცუდად ვიყავი, გადავწყვიტე მისგან შვილი არ გამეჩინა, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მექნებოდა. ბავშვი გავაჩინე. ვიფიქრე, ამის შემდეგ შეიცვლებოდა, მაგრამ ისევ აგრესიული იყო“.
ლალის აზრით, მას და მის შვილებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ, რადგან მუდმივმა ძალადობრივმა გარემომ, განსაკუთრებით ბავშვების ფსიქიკაზე, დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა. „რამდენჯერ დამიძახია, „დედიკო მიშველე“. ერთხელ შეეცადა ჩემი 12 წლის ბიჭი გამოსარჩლებას და ყელზე დანა მიაბჯინა. თანდათან იმდენად აგრესიული გახდნენ ბავშვებიც, რომ ერთმანეთსაც კი უმოწყალოდ სცემენ“, – გვეუბნება ლალი.
ახლა ლალი ბარცხანაში, მამის მიერ ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს ბავშვებთან ერთად. ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა არ უნდა, თუმცა მისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. „კარს თუ არ გაუღებ, ყვირის, ილანძღება, ფანჯრებს გვიმტვრევს, იძულებული ვარ შემოვუშვა. როცა ცემას გვიწყებს, ჯერ ტელეფონს მართმევს, რომ არავისთან დავრეკო. შემდეგ კარებს კეტავს და მთელი ძალით მირტყამს. შეუძლია საათობით გცემოს, გაჩერდეს, გლანძღოს და ისევ გცემოს. სექსუალურადაც ძალადობს ჩემზე“.
ლალიმ სცადა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად თავისი შემოსავლის წყარო გაეჩინა და სცადა მუშაობის დაწყება, მაგრამ კაცმა არც ამის საშუალებას მისცა. „სადაც კი დავიწყე მუშაობა, ყველგან მომივარდა და ჩხუბი ატეხა, ასეთი მუშახელი კი არავის არ უნდა“.
მსხვერპლი ქალი ამბობს, რომ მის დასაცავად სახელმწიფო არაფერს აკეთებს: „ოჯახში ძალადობის საფუძველზე 7-8-ჯერ ვუჩივლე, მაგრამ ყოველ ჯერზე გამოუშვეს და მეორე დღეს ისევ გვცემდა. პირველად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს, მაგრამ 2- ათასლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვეს.
ქალი ამბობს, რომ გუშინ მთელი ღამე ფანჯარასთან გაატარა: „გავიგე, ისევ გამოუშვეს და ტელეფონი მეჭირა ხელში, რომ დასახმარებლად ვინმესთვის დამერეკა. სიმართლე გითხრათ, პოლიციის იმედი აღარ მაქვს. სანამ ისინი რამეს გააკეთებენ, ალბათ მომკლავს. მერე ხომ დაინახავს მთავრობა, რომ მომკლა“.
ლალი ყოფილმა ქმარმა სამი დღის წინაც უმოწყალოდ სცემა, თუმცა ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სექსუალური შევიწროებაგულისხმობს ადამიანთან არასასურველ ნებისმიერი სახის ინტერაქციას, რომელიც იწვევს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას. საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროება შეიძლება იყოს: დასტვენა ან დასიგნალება; სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება; სახელის და საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა; შემფასებლური კომენტარები; ჰომოფობიური ან ტრანსფობიური კომენტარები; ვულგარული ჟესტები; გენიტალების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში; არასასურველი შეხება ან ხახუნი; სექსუალური ძალადობა და სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას და კავშირშია სექსუალობასთან.
გამოკითხვაში მონაწილეობა ანონიმურია, არ ხდება მონაწილის იდენტიფიცირება.
<a href=”https://polldaddy.com/poll/9865823/”>გქონიათ თუ არა სექსუალური შევიწროების შემთხვევა მოზარდობის ასაკში?</a>
ვიცე-პოლკოვნიკი პაატა ბაკურაძე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დავის საგანი სახელმწიფო კომპენსაციაა, ანუ „განსხვავებული პენსია“, რომელსაც მოსარჩელე ვერ იღებს.
პაატა ბაკურაძე 1994 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის მიმართულებით. ამ უწყების გაუქმების შემდეგ, მოსარჩელე ჯერ შინაგან საქმეთა, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.
ვიცე-პოლკოვნიკი 2011 წელს გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან – ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. პაატა ბაკურაძემ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა მოითხოვა, თუმცა უარი უთხრეს. მისი სარჩელი არც სასამართლომ დააკმაყოფილა.
საერთო სასამართლოების უარი ძირითადად დაეყრდნო კანონს „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, სადაც წერია, რომ სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემა იმ სამხედრო პირებს, რომლებიც 2008 წლის პირველი დეკემბრიდან 2009 წლის პირველ თებერვლამდე გადავიდნენ შსს-დან შეიარაღებულ ძალებში.
„მისი უფლება იზღუდება იმის გამო, რომ იგი შეიარაღებულ ძალებში გადავიდა 2005-ში და არა 2009 წელს,“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს საიას იურისტმა, გიორგი გოცირიძემ. იგი ვიცე-პოლკოვნიკის ინტერესებს იცავს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლითაც თანასწორობის პრინციპია დაცული.
„უფრო დაბნეულობა ჩანს… ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო ამით ფინანსების დაზოგვას ცდილობს,“ – აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.
თანხის დაზოგვას გამორიცხავს პარლამენტის წარმომადგენელი გიორგი ჩიფჩიური. მისი თქმით, ამ მოცემულობის ლეგიტიმური მიზანი რეფორმა იყო, რომლის შემდეგაც სამხედრო შეიარაღებული ძალები სხვა ფორმით ჩამოყალიბდა. პარლამენტის იურისტმა ასევე თქვა, რომ როცა გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო, იგი გარკვეულ სამეხდრო საიდუმლო ინფორმაციას დაეყრდნო, რაც მისთვის ცნობილი არ არის.
„როცა პარლამენტარი კენჭს უყრის კანონს, ყოველთვის არსებობს განმარტებითი ბარათი, სადაც განმარტებულია მიზნები… თქვენ იგივე ინფორმაციას ფლობთ, რასაც პარლამენტის წევრები,“ – მიმართა პარლამენტის წარმომადგენელს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა, რაზეც პასუხი მიიღო, რომ ასე არ არის.
„იქნებ მოიწვიოს კანონპროექტის ავტორები სასამართლომ, რომ უფრი ცხადი გახდეს ამგვარი მიდგომის ლეგიტიმური მიზნები,“ – აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკის დამცველმა.
„ის იყო უშიშროების სამინისტროში ვიცე-პოლკოვნიკი. შეუნარჩუნდა მას ეს სტატუსი, როცა შსს-ში, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროში გადავიდა?“ – იკითხა მოსამართლე მანანა კობახიძემ.
„დიახ, ის დღესაც ვიცე-პოლკოვნიკია“, – უპასუხა მოსამართლეს გიორგი გოცირიძემ.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციისათვის, ,,ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს.
პირველ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სააგენტო სხვადასხვა უწყებებთან ერთად გეგმავს ღონისძიებებს კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაციის მიზნით.
ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდე აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი კი, 15 – 20 სანტიმეტრია. ლაშა ბოლქვაძის თქმით, სოფლებისთვის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, საავტომობილო გადაადგილებისას შეფერხებები მხოლოდ გოდერძის უღელტეხილზე იყო ღამით.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის მოვლა-პატრონობას შპს „იბერია -ჯ“ უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენელი, არჩილ მიქელაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე გზა გაწმენდილია, თუმცა ის მძღოლებს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებას ურჩევს.
ხულო, ღორჯომის ხეობა, სოფელი მერჩხეთი ზაზა ბერიძის ფოტოხულო, ღორჯომის ხეობა, სოფელი მერჩხეთი ზაზა ბერიძის ფოტოხულო, ღორჯომის ხეობა, სოფელი მერჩხეთი ზაზა ბერიძის ფოტო
2017 წლის 13 ოქტომბერს, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ჭოროხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. რატომ გადაწყდა გზის აშენება, შეეხება თუ არა მოსახლეობის კერძო საკუთრებას და როდის დასრულდება – ამ კითხვებს არჩილ ჩიქოვანი პასუხობს.
არჩილ ჩიქოვანი
ბატონო არჩილ, რატომ გადაწყდა ახალი გზის აშენება?
რეგიონის მცხოვრებლებმა კარგად იციან, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მახოს ხიდიდან ქალაქისა და გონიო – სარფის მიმართულებით, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო (მძიმეწონიანი) ავტომობილები მოძრაობენ კეთილმოწყობილი ბათუმი – ახალციხის მაგისტრალის მეშვეობით. ეს მონაკვეთი განსაკუთრებით დატვირთულია მახოს ხიდიდან სარფისკენ მიმავალი სატვირთო (მძიმეწონიანი) ავტომანქანებით, რაც იწვევს მოძრაობის შეფერხებას და ქმნის საცობებს.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, შემოვლითი გზა იქნება გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე. უფრო ზუსტად ხომ ვერ იტყვით, სად გაივლის და შეეხება თუ არა მისი მშენებლობა იქ მცხოვრებთა კერძო საკუთრებას?
გზის მშენებლობა დაიწყო გონის ხიდთან მისვლამდე, გაფორმების ეკონომიკურ ზონის (გეზი) ტერიტორიასთან და გაგრძელდება მახოს ხიდამდე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც არ შეეხება კერძო მესაკუთრეებს და არც განსახლება გახდება საჭირო.
რამდენია პროექტის სრული ბიუჯეტი და როდის დასრულდება მშენებლობა?
პროექტის სრული ღირებულებაა 8 253 000 ლარი. სულ დაიგება 5700 მეტრი ასფალტის საფარი, მოეწყობა 197 გრძივი მეტრი გაბიონი, 190 მეტრი ბეტონის საყრდენი კედელი, 140 გრძივი მეტრი მონოლითური რკინა ბეტონის სწორკუთხა მილი და 54 გრძივი მეტრი ლითონის მილი.
შემოვლითი გზის მშენებლობა
წელს დაიწყო ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის ღირებულება 1 031 073 ლარია. ამ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულდება ამა წლის 19 დეკემბერს. დანარჩენი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება მომავალ წელს.
რა ეკონომიკურ სარგებელს ნახავს რეგიონი მოცემული პროექტით?
პირველ რიგში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოძრაობა განიტვირთება, რაც დიდი შვებაა, როგორც იქ მცხოვრებთათვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან ამ გზაზე. გარდა ამისა, გაცილებით სიცოცხლისუნარიანი გახდება არსებული კეთილმოწყობილი გზა მძიმე მანქანების ჩამოშორებით და, ბოლოს, – კარგი ინფრასტუქტურა ნიშნავს იოლ გადაადგილებას ნაკლებ დროში. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობაა. ძალიან გაზრდილია მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით ვიზიტორების ნაკადი. შენდება ახალი კურორტები. რაც უფრო განვითარდება ინფრასტრუქტურა, უფრო გაიზრდება ტურისტული ნაკადი. ჩვენც, შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ ამ ყველაფრისთვის.
კომერციულმა ბანკებმა შარშან 141 მილიონი ლარით მეტი წმინდა მოგება ნახეს, ვიდრე წინა წელს. ეს მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 3 პროცენტით იზრდება, ბანკების მოგება კი – ათჯერ მეტად. მოსახლეობას, რომელიც იძულებულია ბანკის პირობებს დათანხმდეს, მრავალწლიანი და მაღალპროცენტიანი ვალები წლობით აწევს ტვირთად. როგორ იგებენ ბანკები მილიონებს და რატომ არ იკლებს პროცენტი სესხზე?
[red_box]საკომისიოებითა და გაწეული მომსახურებით მიღებულმა შემოსავლებმა ქართულ ბანკებში გასულ წელს 338 მილიონ 367 ათასი ლარი შეადგინა. წელს, 7 თვეში კი, ამ გზით ბანკებმა უკვე მიიღეს 247 მილიონ 121 ათასი ლარი შემოსავალი.[/red_box]
რითი იგებენ ბანკები
ბანკების მოგებას ბევრი კომპონენტი განაპირობებს. ერთ-ერთია საოპერაციო პროცედურებით მიღებული შემოსავალი. ეკონომისტების თქმით, ეს არის ბანკების წმინდა მოგება მხოლოდ იმაში, რომ ფულს ატარებენ.
ბანკებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა ასევე ვალუტის გადაცვლით მიღებული შემოსავალი. ასეთი შემოსავლები პირდაპირ კავშირშია ლარის კურსის რყევასთან. ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ერთადერთი, ამ რყევებით კომერციული ბანკები ხეირობენ. ეს შემოსავალი ბანკებისთვის ასევე წმინდა მოგებაა.
„სავალუტო კურსი დგება ძალიან მარტივად. გარდა ბანკებისა, არავის შეუძლია იყიდოს და გაყიდოს ვალუტა. შესაბამისად, ბაზარზე სიტუაციას ადგენს დღეს მოქმედი 16 ბანკი, რეალურად კი აქედან ორი – „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“, – ამბობს ზურაბ კუკულაძე, ეკონომისტი.
ფულის გადახურდავების ბაზარზე ბანკების მონოპოლია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება იყო. „რასაც დღეს ამ ბაზარზე საქართველოს ბანკები აკეთებენ, იგივეა, რაც ამერიკასა და ევროპაში, მაგრამ მანამდე სხვებიც იყვნენ და ეს სხვები აღარ არიან. ამით კონკურენციაც დავარდა და კურსიც გაფუჭდა… ფაქტია, რომ წარმატებით იმუშავა საქართველოს პარლამენტში ბანკების ლობიმ“, – ამბობს ანდრეას ბრანდტი, იურისტი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი საბანკო საკითხებში.
მიმდინარე წლის 7 თვეში მხოლოდ ვალუტის გადაცვლით კომერციულმა ბანკებმა 125 მილიონი ლარი უკვე მოიგეს.
ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი არ დაუშვებს, რომ მხოლოდ ერთი ბანკი იყოს ბაზარზე. „მონოპოლია კლასიკური გაგებით არ არის – ორი ბანკია. ვფიქრობ, ერთმანეთშიც საკმაოდ დიდი კონკურენცია აქვთ. თუ ისინი გარიგდებიან, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი“.
რითია განპირობებული, რომ ბაზარზე მხოლოდ ორი ბანკია მსხვილი მოთამაშე? – ამ კითხვაზე საქართველოს ეროვნული ბანკიდან მოგვწერეს, რომ „დომინირების არსებული მაჩვენებელი ბუნებრივია“ და ეს ხელს უწყობს სესხზე პროცენტის კლებას.
მიუხედავად ეროვნული ბანკის (სების) ამ განცხადებისა, საპროცენტო განაკვეთი, განსაკუთრებით ლარში გაცემულ სესხებზე, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
„თექვსმეტივე ბანკი რომ ავიღოთ, ჯამში გასასესხებელი ფული ბევრი არ არის – 16-17 მილიარდ დოლარამდეა. ასევე მნიშვნელოვანია, თავად რა პროცენტში აქვთ აღებული ეს ფული ბანკებს. თავად თუ 7-8 პროცენტს იხდის დეპოზიტზე, 8 პროცენტზე ნაკლებად როგორ მოგცემს? ქვეყანაში ფულია ძვირი. ბანკებს შედარებით იაფი ფული აქვთ დოლარში. საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტით გაცემულ სესხზე ამიტომ არის შედარებით დაბალი“, – ამბობს ბესო ნამჩავაძე.
ბანკებისთვის ყველაზე დიდი შემოსავალი სწორედ პროცენტული შემოსავალია. ეს შემოსავლები იმდენად მაღალია, რომ ზურაბ კუკულაძის თქმით, „მთელი ბიზნესი მუშაობს იმისთვის, რომ მოემსახუროს საბანკო სისტემას“.
[red_box]ბანკებმა პროცენტული შემოსავლების სახით გასულ წელს 2 მილიარდ 366 მილიონ 421 ათასი ლარი მიიღეს, მიმდინარე წლის 7 თვეში კი, 1 მილიარდ 544 მილიონ 170 ათასი ლარი.[/red_box]
ანდრეას ბრანდტი მიიჩნევს, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში კრედიტზე პროცენტი, ძირითადად, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. მისივე თქმით, რადგან ასეთ კრედიტებზე მოთხოვნა არის, ბანკები არ დაწევენ ფასს დაბლა: „მათ შეუძლიათ გასცენ არსებულ ფასად კრედიტები, ბაზარი აძლევს საშუალებას, ბანკებს ჰქონდეთ ეს მოგება“.
ცხოვრების დონე და ბანკების მოგება
უმჯობესდება, თუ პირიქით, უარესდება ქვეყანაში ცხოვრების დონე – ამის ერთ-ერთ უმთავრეს ინდიკატორად იყენებენ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ღირებულებას. ბოლო მონაცემებით, მშპ-ს მიხედვით საქართველო 141-ე ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მარტო გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგება 26,3 პროცენტით გაიზარდა, მაშინ, როდესაც მშპ-ს რეალური ზრდა ქვეყანაში 2,7 პროცენტი იყო. ანუ, ბანკების წმინდა მოგება თითქმის 10-ჯერ აღემატება ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესების მაჩვენებელს: წელს, ივლისის თვის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 519 მილიონ 203 ათას ლარს გადააჭარბა.
რამდენად ადეკვატურია ბანკების ეს მოგება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი? – ამ კითხვის პასუხად სებმა მათ ანალიტიკურ ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაზე მიგვითითა, სადაც წერია, რომ „ქართული საბანკო სექტორი დინამიურად ვითარდება, ჯანსაღია და მნიშვნელოვანი წილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“.
სების მოსაზრებას არ ეთანხმება ზურაბ კუკულაძე, რომელიც ამბობს, რომ „საფინანსო სისტემა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც, მაგალითად, კარტოფილის ბაზარი. განვითარებულ ქვეყნებში თუ აუცილებელია, ვთქვათ, რაღაც სექტორის განვითარება, წესდება შეზღუდვები, მაგალითად, სამომხმარებლო სესხის გაცემაზე. ამით ვითარდება სხვა სფერო. ეს არის რეალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რაც ადგება ეკონომიკას. ჩვენთან მსგავსი რამ არ არსებობს“.
[toggle title=”ანდრეას ბრანდტი: სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოუმზადებელი კლიენტი ბანკისგან”]
საქართველოში ბანკში აბსოლუტურად მოუმზადებელი ადამიანი მიდის და ხვდება ბანკის მენეჯერს, რომელსაც აქვს სპეციალური განათლება და იცის როგორ დაელაპარაკოს კლიენტს. ევროპაში გვაქვს მომხმარებელთა ორგანიზაციები, რომლებიც ამზადებენ კლიენტებს ბანკებთან მოსალაპარაკებლად და, ამასთან, იცავენ მათ უფლებებს.
სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, დაიცვას კლიენტი ბანკისგან – მისცეს განათლება, რჩევა, როგორ ურთიერთობაში შევიდნენ ბანკებთან, რასაც მომხმარებელთა დამცველი ორგანიზაციები აკეთებენ ევროპაში.
ვფიქრობ, კარგი იქნება საქართველოში ბანკის მომხმარებელთა უფლებების დამცველი ცალკე ომბუდსმენიც იყოს.
პარლამენტში უნდა შევიდეს კანონპროექტი ბანკის მომხმარებელთა დაცვის შესახებ, ისეთი, როგორიც არის ევროპაში. ჩემი ინფორმაციით, ასეთი კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი მომზადებულია. აზრი ის იქნება, რომ თვითონ მომხმარებელი უნდა იყოს დაცული იმ კრედიტებისგან, რომელთა გადახდა მას არ შეუძლია. ანუ, თუ შენ ვერ იცავ თავს, კანონი დაგიცავს. ვერ აიღებ კრედიტს, რომელიც შენთვის იმთავითვე პრობლემურია.
ამ ეტაპზე მიდის დისკუსია – ხომ არ გააკეთონ გამონაკლისი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. ეს ორგანიზაციები რისკებს ძალიან კარგად საზღვრავენ, მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა ფული მივცეთ ისეთ პერსონას, რომელსაც არაფერი არ აქვს, მაგრამ აქვს კარგი იდეა. ჩემი აზრით, ამ გამონაკლისს გააკეთებენ, რომ ღარიბმაც შეძლოს კრედიტის აღება, თუნდაც სტარტაპისთვის.
ანდრეას ბრანდტი, იურისტი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი საბანკო საკითხებში
[/toggle]
„ბანკი რომ არ დაზარალდეს“
საბანკო სისტემაში არსებული პროდუქტების ფასს, მათ შორის საპროცენტო განაკვეთს, განსაზღვრავს ბევრი კომპონენტი, ერთ-ერთია რისკი. მაგალითად, რისკია ის, რომ შესაძლოა სესხი არ დაბრუნდეს და ეს რისკი იყოს მაღალი.
ანდრეას ბრანდტი, იურისტი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი საბანკო საკითხებში
ანდრეას ბრანდტი ამბობს, რომ ევროპული ბანკების პრაქტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში მათთან შედარებით სესხის საპროცენტო განაკვეთი მაღალი არ არის: „აქ პროცენტის გაანგარიშებაში ჩადებულია ქვეყნის რისკიც, რამე რომ მოხდეს, ბანკი არ დაზარალდეს. საქართველო მაღალი რისკების ქვეყანაა“.
„საკმაოდ მაღალრისკიანია ჩვენი საბანკო სისტემა, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია კანონმდებლობა. ჩვენთან სესხის ვერდაბრუნების შანსი, შესაბამისად რისკი, არის 0 პროცენტი. ადმინისტრაციული კანონმდებლობა იმდენად არის საბანკო სისტემაზე მორგებული, ადამიანს შანსი არ აქვს, რომ არ დააბრუნოს სესხი“, – ამბობს ზურაბ კუკულაძე.
კომერციული ბანკის სესხის მქონე მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველია. ე.წ. ჭარბვალიანობაზე მიუთითებს ის, რომ საქართველოში ყოველი 1000 მოსახლიდან 710-ს კომერციული ბანკის ვალი აქვს. ბანკების ძირითადი შემოსავალიც სწორედ გაცემული სესხის პროცენტია და მათი მოგებაც წლიდან წლამდე იზრდება.
მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით კომერციულ ბანკებს საქართველოში სულ გაცემული აქვთ 18,2 მილიარდი ლარის სესხი. აქედან ნახევარზე მეტი შინამეურნეობებზე, ხოლო დანარჩენი – ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე.
[red_box]სების მონაცემებით, საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები კომერციული ბანკების სესხებზე მიმდინარე წლის ივნისში 17,3% იყო ლარში გაცემულ სესხებზე, წინა წლის ამავე პერიოდში კი – 17,4%. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხს, შესაბამისად, 9,1 და 10,9 პროცენტი.[/red_box]
„შეღავათები“ ბანკებს
სარგებლობენ თუ არა ბანკები საგადასახადო შეღავათებით? – ეროვნული ბანკის ინფორმაციით – არა.
„თუ შენ კარტოფილის მწარმოებელს და საბანკო სექტორის წარმომადგენელს ერთნაირ გადასახადს გადაახდევინებ – ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობები ბანკისთვის, რადგან არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იბეგრება საბანკო საქმიანობა, ანუ არამატერიალური საქმიანობა და წარმოება ერთნაირად. გერმანიის, ამერიკის მაგალითით ამას უნდა შეხედო ასე, რომ ბანკმა მეტი უნდა გადაიხადო, ვინაიდან არაფერს აწარმოებ და სხვა მწარმოებლების ხარჯზე შოულობ ფულს. ამას არც არავინ აპროტესტებს ჩვენთან. წმინდა მოგებას საბანკო მენეჯერების ხელფასებიც უნდა დაუმატო, ვინაიდან როცა მაღალი ხელფასი აქვს შენი კომპანიის ხელმძღვანელს, ესეც გარკვეული მოგებაა“, – ამბობს ზურაბ კუკულაძე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება სწორედ საფინანსო სფეროშია.
2015-2016 წლებში კომერციულმა ბანკებმა აპარატის შენახვას (ხელფასებს) ჯამში 988 მილიონ 737 ათასი ლარი მოახმარეს.
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
რატომ არ ინტერესდებიან ევროპული ბანკები საქართველოთი
საქართველოში მოქმედი 16 ბანკიდან 15 ბანკის აქციონერები (მთლიანად ან ნაწილობრივ)უცხოური კომპანიები არიან, მხოლოდ ერთია, „სუფთა ქართული“ და ერთიც – „ევროპული“.
„ჩემი აზრით, მსხვილი ევროპული, ამერიკული, ჩინური ბანკებისთვის არაფერია საქართველოს ბაზარი“, – ამბობს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.
„1994-1999 წლებში გერმანული „დოიჩე ბანკი“ იყო თბილისში, მერე წავიდნენ. რატომ? – ბრუნვა დეპოზიტებისა და კრედიტების იყო უფრო დაბალი, ვიდრე ის თანხა, რაც ხელფასის სახით უნდა გადაეხადა თანამშრომლებისთვის. ბაზარი ძალიან პატარაა დიდი ბანკებისთვის და ინტერესი არ აქვთ… თუმცა, ევროპაში არის პატარა, რეგიონული ბანკები, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ, მაგრამ ნოუ-ჰაუ, რისკები, სიტუაცია შეისწავლონ – ეს ძვირი დაუჯდებათ“, – ამბობს ანდრეას ბრანდტი.
ხომ არ უქმნიან ბანკებს ხელოვნურ ბარიერებს ქართულ საფინანსო ბაზარზე? – ანდრეას ბრანდტი გვპასუხობს: „ორი-სამი წლის წინ მე ვიტყოდი, რომ – არა. დღეს ცოტა სიტუაცია შეიცვალა. ეროვნული ბანკის კონტროლმა აჩვენა, რომ რამდენიმე უცხოური ბანკი, რომელიც საქართველოშია, თავს მიიჩნევს დისკრიმინირებულად. განსაკუთრებით თურქული ბანკები, რომლებსაც დიდი ბრუნვა აქვთ თურქულ ლირაში. კანონმა მოითხოვა, რომ ბრუნვა იყოს ლარში, რაც არ აწყობთ და მიიჩნევენ თავს დისკრიმინირებულად. ევროპაში არ აქვს მნიშვნელობა რომელ ვალუტაში არის შენი ბრუნვა. თუმცა, ვფიქრობ, ქვეყნისთვის კანონის ეს მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური იყო“.
ზურაბ კუკულაძეს მიაჩნია, რომ ევროპული ბანკების თამაშის წესები არ არის ისეთი, როგორიც დამკვიდრებულია საქართველოში: „ეს არაჯანსაღი სიტუაცია ქვეყანაში ერთ დროს თავად ბანკებსაც შეუქმნის პრობლემას. ფინანსური პირამიდის პრინციპია ერთგვარად და ჯაჭვი გაწყდება ერთ დღეს. პრინციპში, ეს ჯაჭვი გაწყვეტილი იყო 2008 წელს, როცა საბანკო სისტემას ჰქონდა ძალიან დიდი დავალიანება, მაგრამ მოხდა ომი და ბანკებმა მაშინ მიიღეს 2,5 მილიარდამდე დახმარება უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისგან“.
ანდრეას ბრანდტი ამბობს, რომ ეს დახმარება ბანკებმა მიიღეს სესხის სახით და ძალიან დაბალ პროცენტში. ამასთან, საერთაშორისო ინსტიტუტებმა კონსულტანტებიც გამოგზავნეს, თუ როგორ უნდა დაეხარჯათ ბანკებს ეს ფული: „ამ ახალი იაფი ფულით მაშინ ისარგებლეს მხოლოდ „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისიმ“.
ანდრეას ბრანდტის ინფორმაციით, მაშინ დახმარებაზე „პროკრედიტ ბანკმა“ უარი თქვა, დახმარება შესთავაზეს „რესპუბლიკა ბანკსაც“ (გასულ წელს „რესპუბლიკა ბანკი“ „თიბისი“ ბანკმა იყიდა – ავტ.): „შეიქმნა კრიზისი, რასაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. ეს თანხა საჭირო იყო მშენებლობისთვის და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის… რჩევა იყო, ბანკები სააქციო საზოგადოებები გამხდარიყვნენ და გასულიყვნენ საერთაშორისო ბირჟებზე… პირველი „საქართველოს ბანკი“ გავიდა ლონდონის სავალუტო ბირჟაზე, შემდეგ „თიბისი“. ვინაიდან ეს სესხი ბანკებს უნდა გადაეხადა, ქვეყნის რისკის ფაქტორიც იყო ჩადებული, რაც აძვირებს კრედიტს“.
კითხვაზე, ვინ ადგენს რისკის დონეს? – ანდრეას ბრანდტი პასუხობს, რომ, ძირითადად, სამი საერთაშორისო ინსტიტუტია: „თუმცა, მაგალითად, ევროპის ბანკი არ არის კმაყოფილი ამ ინსტიტუტების, რადგან მათი რეაქცია ძალიან ნელია. უფრო ადრე იცვლება სიტუაცია, ვიდრე ისინი შეფასებას აკეთებენ. ერთ ქვეყანაში რომ შეიცვლება სიტუაცია, შეიძლება ახალი კლასიფიკაცია რამდენიმე წლის შემდეგ გამოვიდეს და ეს ინფორმაცია არის მოძველებული“.
იმაზე, თუ რატომ არ ინტერესდებიან ევროპული ბანკები საქართველოთი, ეროვნული ბანკის პასუხი ასეთია: „აღნიშნული განპირობებულია ევროპაში მიმდინარე ფინანსური კრიზისის შემდგომი ტენდენციით. ევროპული საბანკო ჯგუფები ევროკავშირის გარეთ გაფართოებას ერიდებიან, მათ შორის ევროკავშირს შიგნით გამკაცრებული რეგულირების გამო“.
არა ევროპული, მაგრამ ახალი მსხვილი ბანკის – „საქართველოს განვითარების ბანკის“ დაფუძნების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისში გაავრცელა ინფორმაცია: „ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია CEFC China Energy Company Limited-ი და კომპანია Eurasian Invest LLC-ი. ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მათ უკვე მიმართეს საქართველოს ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ დაიწყოს შესაბამისი პროცედურები“.
ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ახალი ბანკის შემოსვლას სკეპტიკურად უყურებს: „თუ მსხვილი ბანკი შემოვა საქართველოში, ბუნებრივია, შემოიტანს კონკურენციას და ალბათ დაწევს საპროცენტო განაკვეთსაც, მაგრამ ეს რეალობისგან შორსაა“.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია ეროვნულ ბანკში უნდა მოვიკითხოთ. სებში კი გვიპასუხეს, რომ „ეროვნულ ბანკში ოფიციალური განაცხადი საბანკო ლიცენზიის მიღების შესახებ არ შემოსულა. შესაბამისად, ნაადრევია საუბარი საბანკო სექტორში შესაძლო ცვლილებებზე“.
ბესო ნამჩავაძის თქმით, საქართველოში ბევრი პატარა ბანკია და კიდევ შეიძლება შერწყმა-შესყიდვა. ეს უფრო რეალურია, ვიდრე ის, რომ ახლო მომავალში რამდენიმე ბანკი დაემატება – უახლოეს პერიოდში ბანკების რაოდენობა 15-17-ს შორის იქნება.
ანდრეას ბრანდტის თქმით, კანონმდებლობაში არ არის მითითებული რამდენი კომერციული ბანკი შეიძლება იყოს საქართველოში, მაგრამ, მისი აზრით, 10-12 საკმარისი იქნებოდა.
საბანკო სექტორს საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს. ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ამბობს, რომ ზედამხედველობის მთავარი მიზანია იყოს ნდობა ბანკების მიმართ, რადგან „კომერციულ ბანკებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფულია მოზიდული. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო რეგულირების მთავარი მიზანია ბანკები არ გაკოტრდნენ, ფინანსური პირამიდები არ ააგონ და რაიმე პრობლემები თუ არის, დროზე მოგვარდეს და სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული.“
[red_box]საქართველოში, სების მონაცემებით, 1995 წელს 102 ბანკი იყო, 1996 წელს – 61, 2004 წელს – 21, 2012 წელს – 19, 2017 წლის სექტემბერში – 16.[/red_box]
ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მოგებაზე
„…არა მარტო გაუმართლებელი, არამედ სარისკოა, როდესაც საბანკო სექტორის წარმატებაა მისი მუდმივი კრიტიკის „მთავარი არგუმენტი“. ამ პროცესს უცხოელი ინვესტორებიც აკვირდებიან და არ არის გამორიცხული, რომ საბანკო სექტორზე ასეთი ისტერიული შეტევები მათი საქართველოს ბაზრიდან კაპიტალის სხვაგან გადატანის გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ზარალიანი ბანკებია პრობლემატური. ხოლო შემოსავლიანი, მომგებიანი და, ზოგადად, წარმატებული ბანკების არსებობა ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის ერთ-ერთი გარანტიაა, რაც ეკონომიკის ზრდას ჰაერივით სჭირდება“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
ზურაბ კუკულაძის შეფასებით კი, რეალურად არასერიოზულია ქვეყნის არა მარტო მოქმედი, არამედ წინა და იმის წინა ხელისუფლებების მიდგომები ეკონომიკის განვითარების მიმართ: „სახელმწიფო აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის. ეს ერთი დიდი ტყუილია. მაგალითად, თუ წინა ხელისუფლება აყაჩაღებდა ბიზნესს და შენ – არა, მიიჩნევა, რომ ეს არის საინვესტიციო მიმზიდველობა. არ არის ეს საინვესტიციო მიმზიდველობა. თუ არ ექნა სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარების კონკრეტული პროგრამები, მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, არ ექნა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სხვადასხვა სფეროს, მრეწველობის, წარმოების განვითარების პროგრამები და სწორი საფინანსო პოლიტიკა, მაშინ რა საინვესტიციო მიმზიდველობაზეა საუბარი. სახელმწიფო ამბობს, რომ მე არ ჩავერევი არაფერში, აგერ არის ბანკები, ან მოგცემენ ფულს ან არ მოგცემენ და მე ვუზრუნველყოფ მხოლოდ იმას, რომ არ დაგაყაჩაღოს ვიღაცა ჩინოვნიკმა, რაც ხდებოდა, ვთქვათ, 2012-ში…“
„საინვესტიციო მიმზიდველობაზე“ ისიც მიუთითებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა აეკრძალა. „ბანკის ლობი“ ეტყობა ამჯერადაც კარგად „მუშაობს“ პარლამენტში. კანონმდებლები მუშაობენ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება გამონაკლისის სახით ექნებათ კომერციულ ბანკებს (რომელთა აქცონერები ძირითადად უცხოელები არიან). თუმცა, კომერციულ ბანკებს წარმოექმნებათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე. „ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ბანკებმა სასოფლო-სამეურნეო მიწა გირაოთი აიღონ და თავიანთი ფუნქციები სრულყოფილად შეასრულონ“, – განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
შერწყმული და ახალი ბანკები
გასულ წელს საქართველოში „პროგრეს ბანკის“ აქტივები „თიბისი“ ბანკმა შეისყიდა. „პროგრეს ბანკი“ კახა კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის საკუთრება იყო. „თიბისიმ“ შეისყიდა ასევე ერთ-ერთი მსხვილი „რესპუბლიკა ბანკი“. მიმდინარე წლის მაისში კი საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო „კრედო ბანკმა“, რომელიც, თავის დროზე, ერთგვარი სოციალური პროექტი იყო, შემდეგ მიკროსაფინანსო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე. ამ ბანკის ვებგვერდის მონაცემებით, „1997 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია „ვოლდ ვიჟენმა“ მცირე ბიზნესის განვითარებისა და დახმარების პროექტი წამოიწყო, რომლის მისია გახლდათ მეწარმეობრივად უმწეოთა და მცირე ბიზნესებისთვის მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და ღარიბთათვის დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველმყოფი ბიზნესების უპირატესობით“.
„კრედო ბანკს“ მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით 5,3 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.
ბათუმის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციისთვის, „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ტარდება.
პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სააგენტო სხვადასხვა უწყებებთან ერთად გეგმავს ღონისძიებებს კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაციის მიზნით. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სააგენტომ 30 ათასი ლარი გამოყო.
მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული კათოლიკური ეკლესია 1989 წლიდან მართლმადიდებელი მრევლის საკუთრებაშია და მას საქართველოს საპატრიარქო მართავს.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი გასული საუკუნის დასაწყისში სტეფანე ზუბალაშვილის შემწეობით აიგო და იგი იტალიელმა მხატვრებმა მოხატეს. ტაძარი კათოლიკე მრევლისათვის აიგო და ფრესკებიც, შესაბამისად კათოლიკური ეკლესიისათვის არის დამახასიათებელი. საბჭოთა წლებში ეკლესია დაიხურა და სხვადასხვა დროს შენობაში არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული.
ბოლო წლების მანძილზე ეკლესიაში, რამდენიმე ადგილას, სვეტებსა და კედლებზე მოხატულობა ძალიან დაზიანდა.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია. ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია ძეგლს, კანონის თანახმად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, „თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან“ [კანონი კულტურული მემკვდრეობის შესახებ].
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოთხ – განათლების, ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.
დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა ბსუ-ს საარჩევნო კომისიას განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია [CV], სამოქმედო გეგმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა იმ ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის [პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი] დაკავების შესახებ, რომელზეც აპირებს მონაწილეობის მიღებას.
განცხადებების მიღება 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაიწყება და 8 დეკემბერს დასრულდება. დეკანის არჩევნები კი 14 დეკემბერს ჩატარდება.
მობილური აპლიკაციის Mobile Pay -ის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახდა, სასურველი კომპანიის ლოიალურობის ბარათის პირდაპირ აპლიკაციაში ატვირთვა. რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ არის საჭირო უამრავი დაგროვებითი ან ფასდაკლების ბარათის თან ტარება, მათი Mobile Pay -ში ატვირთვის შემდეგ ბარათის გატარება მხოლოდ ტელეფონით გახდა შესაძლებელი.
პრაქტიკულად Mobile Pay -ის მომხმარებელს შეუძლია საფულე მობილურით ჩაანაცვლოს, ტელეფონის ტერმინალთან მიახლოებით მარტივად გადაიხადოს საბანკო ბარათით, აირჩიოს აპლიკაციაში ჩატვირთული სასურველი კომპანიის ლოიალურობის ბარათი და გაატაროს ის გადახდისას.
საქართველოში ქართველების შემდეგ ყველაზე მეტი აზერბაიჯანელია, თუმცა, მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში 302-მა, აჭარის მასშტაბით კი 340-მა მოქალაქემ მიუთითა, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელია. ბათუმელ აზერბაიჯანელებს, ძირითადად, შერეული ოჯახები აქვთ და რუსულ-ქართულად საუბრობენ. მათ ბათუმში სათვისტომო არ აქვთ და ამ ფუნქციას ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ასრულებს, რომელსაც 1997 წლიდან დღემდე უცვლელი ხელმძღვანელი ჰყავს.
პირველი აზერბაიჯანელები ბათუმში
„უხუცესი ბათუმელი აზერბაიჯანელებისგან ვიცი, რომ მათი წინაპრები აქ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდნენ. ადამიანი ყოველთვის ეძებს კარგ პირობებს ცხოვრებისთვის და აზერბაიჯანელები, რომლებმაც ნახეს, რომ არის ლამაზი მხარე, შესანიშნავი ხალხი, არის საშუალება დასაქმდე, პოულობდნენ რაღაც ნიშას და იწყებდნენ თავიანთ საქმეს – ეს იყო ვაჭრობა, ასევე მიწათმოქმედება, მებაღეობა… შემდეგ, ჩაისა და ციტრუსის პლანტაციებში, სადაც მესაკუთრეს სჭირდებოდა იაფი მუშახელი, აზერბაიჯანელები აჰყავდათ დამხმარე მუშებად“, – ამბობს ვიდადი ახუნდოვი, ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ბათუმელი აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ მათი წინაპრების შრომისმოყვარეობამ, წესიერებამ, ხელი შეუწყო მათ ასიმილაციას.
„ფულს აგროვებდნენ და ამ ფულით თავად წამოიწყეს პატარა საქმეები – გახსნეს ჩაიხანა, ყავახანა, ე.წ. „ლავკა“ – პატარა მარკეტი. ძირითადად პორტთან, სადაც უცხოელ მეზღვაურებს გამოჰქონდათ თავიანთი ნივთები – ტანსაცმელი, თამბაქო, უცხოური სასმელები და ცვლიდნენ ციტრუსზე, საკვებზე… ზოგიერთმა საწყობებიც კი გახსნა ნავსადგურთან“, – ყვებიან ბათუმელი აზერბაიჯანელები წინაპრებზე.
„ბენზეს, ბონის დასახლებაში ახლაც ცხოვრობენ მათი შთამომავლები, მაგრამ ასიმილირებული არიან იმდენად, რომ არც ენა იციან და არც წინაპრებზე ბევრი არაფერი“, – ამბობს ვიდადი ახუნდოვი.
მაგრამ ყველამ იცის ჯელილ გულიევის შესახებ, რომელსაც სანაპიროზე რამდენიმე საწყობი ჰქონია. გულიევს ორსართულიანი სახლი აუშენებია ბათუმში, რომელიც ახლაც დგას, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე და იქ მისი შთამომავლები ცხოვრობენ. „ჩვენ ახლა ქართველები უფრო ვართ, ვიდრე აზერბაიჯანელები, ვცხოვრობთ ისე, როგორც ნებისმიერი ამ ქალაქში“, – ამბობენ ისინი.
ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაცია
ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიდადი ახუნდოვი ბათუმში საცხოვრებლად 1984 წელს ჩამოვიდა. პროფესიით იურისტია. 1992-2005 წლებში რუსთაველის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზეც ასწავლიდა.
ვიდადი ახუნდოვი
„პირველად რომ ჩამოვედი ბათუმში, აქაური აზერბაიჯანელები მოვიკითხე. პუშკინის ქუჩაზე მიმითითეს, სადაც „იოლდაშები“ დგებიან, იქ ნახავო. აქ მართლაც იკრიბებოდნენ ადამიანები სხვადასხვა კერძო სამუშაოს შესასრულებლად. ვინაიდან, ძირითადად, აქ აზერბაიჯანელები იყვნენ შიდა ქართლიდან და ერთმანეთს მიმართავდნენ – „იოლდაშ“, [აზერბაიჯანულ ენაზე „ამხანაგი“], მათ „იოლდაშები“ შეარქვეს. ეს სახელი დარჩა დღემდე, მაგრამ იქ ახლა აზერბაიჯანელებს ვერ ნახავთ“, – ამბობს ვიდადი ახუნდოვი.
მისი თქმით, ბათუმელმა აზერბაიჯანელებმა არ იციან მშობლიური ენა, აზერბაიჯანის ისტორია, როგორ მოხვდნენ აქ, საიდან არიან… „ამიტომ დავწერე წიგნი აზერბაიჯანის ისტორიაზე, რუსულ ენაზეა და კომპანია „სოკარის“ დაფინანსებით გამოვეცი. წიგნს ჩვენი საზოგადოების წევრებს უფასოდ ვურიგებ“.
ვიდადი ახუნდოვი ამბობს, რომ დააფუძნეს ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო საზოგადოება და არა სათვისტომო, რადგან საზოგადოების წევრი 600-მდე ოჯახიდან ნახევარზე მეტი შერეული, აზერბაიჯანულ-ქართული ოჯახია: „ჩვენი საზოგადოება აზერბაიჯანელი მწერლისა და დრამატურგის, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელს ატარებს. ის თბილისშია დაკრძალული. აზერბაიჯანის საკონსულოს ბათუმში რაც შეეხება, ჩვენს საქმეებში ვერ ერევიან, ვერც მიგვითითებენ, არ არის ასეთი რამ და რომც იყოს, არ მივცემთ ჩარევის უფლებას, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები“.
2009 წლამდე აზერბაიჯანულ-ქართულ ორგანიზაციას არანაირი დაფინანსება არ ჰქონია. „ვაგროვებდით ფულს და ხშირად მახუნცეთის ჩანჩქერთან, პიკნიკზე, ვიკრიბებოდით, ხშირად ბაირამსაც იქ აღვნიშნავდით“, – გვიყვება ვიდადი ახუნდოვი. ბათუმელი აზერბაიჯანელები, ძირითადად, აღნიშნავენ ნოვრუზ ბაირამს, საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღეს. ასევე გლოვის დღეს, 20 იანვარს – ამ დღეს, 1990 წელს, საბჭოთა ტანკები შეიყვანეს ბაქოში და 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ბოლო 8 წელია ორგანიზაციას კომპანია „სოკარი“ თვეში 500 ლარს ურიცხავს ოფისის ხარჯებისა თუ საკანცელარიო ნივთებისთვის. „სოკარი“ ადგილობრივ აზერბაიჯანელებსაც ასაქმებს ბენზინგასამართ სადგურებზე. ვიდადი ახუნდოვის თქმით, ბათუმელი აზერბაიჯანელები სამუშაოდ მაინც რუსეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ირანში მიდიან.
აჰმედ ჯავადის პორტრეტი ქართულ-აზერბაიჯანული საზოგადოების ოფისში
საზოგადოების ერთოთახიანი ოფისის ერთ კედელზე ხალიჩაა, რომელზედაც აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის პორტრეტია ამოქარგული, მეორე კედელზე კი აზერბაიჯანელი პოეტის, აჰმედ ჯავადის პორტრეტი ჰკიდია.
აჰმედ ჯავადი დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორია. ჯავადი მეოცე საუკუნის 10-იან წლებში ბათუმში ცხოვრობდა და მას მომავალი ქართველი მეუღლეც ბათუმში გაუცვნია. ჯავადიმ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“. ის 1937 წელს კომუნისტებს დაუხვრეტიათ.
აზერბაიჯანული სკოლა
„ბათუმში 1920-1930-იან წლებში აზერბაიჯანული სკოლაც იყო, თუმცა შემდეგ დაკეტეს“, – ამბობს ვიდადი ახუნდოვი.
„ახლანდელი თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში აგურის სახლი რომ დგას [შემდეგ იქ საბავშვო ბაღიც იყო], მაქ იყო აზერბაიჯანული სკოლა. ჩემს მამიდას და უფროს ბიძებს ეგ სკოლა აქვთ დამთავრებული“, – გვიყვება ბათუმელი ხუდატ ბაგიროვი.
ხუდატ ბაგიროვის ოჯახში, ძირითადად, რუსულ-ქართულად საუბრობენ: „ბავშვებმა რუსულ სკოლაში მიიღეს განათლება, მაგრამ უნივერსიტეტი დაამთავრეს ქართულ ენაზე და ვლაპარაკობთ რუსულ-ქართულად. ქართული უკეთესად ვიცით, ვიდრე აზერბაიჯანული“.
ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ბოლო ორი წელი ცდილობდა ბათუმელი აზერბაიჯანელებისთვის საკვირაო სკოლის გახსნას. ასეთი სკოლა ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს მხარდაჭერით წელს, 14 ოქტომბერს გაიხსნა. საკვირაო სკოლა სასტუმრო „დივანში“ ფუნქციონირებს. ენის შესწავლის გაკვეთილები აქ კვირაში ერთხელ, შაბათობით ტარდება. პედაგოგი ბაქოდანაა მოწვეული.
საკვირაო სკოლის გახსნა
„ამ სკოლაში აზერბაიჯანული ენის შესწავლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება ეროვნების მიუხედავად… სკოლას აზერბაიჯანის ხელისუფლება ფინანსურად უჭერს მხარს. აქ არა მარტო ენის გაკვეთილები ჩატარდება, არამედ საუბარი იქნება ისტორიასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე“, – ამბობს აზერბაიჯანის გენერალური კონსული ბათუმში რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი.
საკვირაო სკოლის გახსნაზე
რელიგიური დღესასწაულები სამლოცველოს გარეშე
ბათუმელი აზერბაიჯანელები შიიტი მუსლიმები არიან, თუმცა თავიანთი სამლოცველო ბათუმში არ აქვთ. „ბათუმელმა აზერბაიჯანელებმა, განსაკუთრებით ახლანდელმა თაობამ, არც იცის ლოცვა. ბაირამს და რამაზანს აღნიშნავენ, იციან, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან, თორემ აღზრდა, სკოლა, განათლება, ენა, წეს-ჩვეულებები და ტრადიციებიც კი, თითქმის ქართულია. ეს კარგიცაა“, – ამბობს ვიდადი ახუნდოვი.
ვიდადი ახუნდოვი ამის მიზეზად საბჭოთა პერიოდს ასახელებს: „მეც ადმინისტრაციულ ორგანოებში ვმუშაობდი, მეჩეთში არ დავდიოდი სალოცავად და არც დავდივარ. დღესასწაულებზე თუ მიგვიწვევენ მეჩეთში, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, მივდივარ. ჩვენებმა არც იციან ლოცვა“.
ისტორიულად კი, აზერბაიჯანელებისთვის მეჩეთის ფუნქციას ბათუმში ერთსართულიანი შენობა ასრულებდა. ეს შენობა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ახლაც დგას. შიიტური სამლოცველო ამ სახლში 1910 წელს გაუხსნიათ.
ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა. ბაგიროვების თქმით ამ სახლში, რომელიც მათ წინაპრებს ეკუთვნოდა მეჩეთი იყო
ხუდატ ბაგიროვი, რომელსაც ბაბუას სახელი ჰქვია, ამბობს, რომ სახლი, სადაც ახლა ცხოვრობს და ის შენობაც, სადაც მეჩეთი იყო, მის ბაბუას 1909 წელს შეუძენია: „5600 ოქროს მანეთი გადაუხდია, რაც დიდი ფული იყო მაშინ“.
„მაშინაც არსებობდა ბათუმში ირანის საკონსულო და ეს მეჩეთი მისი პატრონაჟის ქვეშ ყოფილა [წყაროების მიხედვით ბათუმში ირანის საკონსულო 1927 წელს დაიხურა – ავტ.]. ბაირამებს აქ ზეიმობდნენ, სხვადასხვა ღონისძიებაც ტარდებოდა; ირანიდან ჩამოდიოდნენ თუ აზერბაიჯანიდან, აქ იკრიბებოდნენ. ეს ყველაფერი თურმე 1938 წლამდე გრძელდებოდა“, – გვიყვება ხუდატ ბაგიროვი.
ხუდატ ბაგიროვის ბაბუა პირველად 16 წლის ასაკში ჩამოსულა ბათუმში:
„1889 წელს ბათუმში იყიდა ფართობი და სამი მაღაზია გახსნა. 1907 წელს ჩამოიყვანა მეუღლე შუშადან. ამ სახლში, ახლანდელი ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის კვეთაში, სადაც ახლა ვცხოვრობ, ბაბუას 9 შვილი შეეძინა – 8 ბიჭი და ერთი გოგო. უმცროსი მამაჩემი იყო, 1931 წელს დაიბადა. შენობა მაშინ ერთსართულიანი იყო, შემდეგ დააშენეს მეორე სართული. საბჭოთა პერიოდში კი აქ საკონდიტრო ქარხანაც იყო“, – გვიყვება ბაგიროვის მემკვიდრე.
მეწარმე ბაგიროვი 1938 წელს დაუპატიმრებიათ, როგორც ხალხის მტერი და თბილისში დაუხვრეტიათ. ოჯახის ქონება [მიწა, სახლი, ის შენობაც სახლის გვერდით, სადაც მეჩეთი იყო] კი სახელმწიფოს გადასცეს. შემდეგ იყო მეორე მსოფლიო ომი და „ხალხის მტრის“ ოჯახიდან ომში მისი 4 შვილი წაუყვანიათ – ერთი დაღუპულა, ორიც დაჭრილა.
ხუდატ ბაგიროვი
„ერთ ბიძას ქართველი, გუგუნავას ქალი ჰყავდა ცოლად, მეორეს – ებრაელი, მესამეს ბაქოში – სომეხი ცოლი, ბილალ ბაგიროვს, რომელიც აჭარის ანსამბლში მედოლე იყო – ასევე სომეხი ცოლი ჰყავდა; დედაჩემი აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანში სანათესაოსთან კავშირები ინტერნეტით მაქვს… უფრო იქედან თუ ჩამოდიან დასასვენებლად. ჩვენი იქ ჩასვლა ძვირი ჯდება“, – გვიყვება ხუდატ ბაგიროვი.
ხუდატ ბაგიროვი ამბობს, რომ 1993 წელს ბაბუას ქონების ნაწილი საკუთრებაში დაიბრუნა: „1991 წლიდან ვიბრძვი, ბაბუაჩემის ქონების 2/3 დავიბრუნე და დარჩა ეს 1/3. ისევ სასამართლოს უნდა მივმართო. საბუთი არ მაქვს, რომ ჩვენს შენობაში მეჩეთი იყო, სიტყვიერად ვიცოდი. ამიტომ სასამართლომ უარი მითხრა. არადა, ამ სახლის ნაწილი იყო და რატომ არ უნდა დავიბრუნო. ირანის საელჩოც შეიძლება გაყვეს მაგ საქმეს, რადგან ბაბუაჩემს მოქალაქეობა არ შეუცვლია – ირანის მოქალაქედ დარჩა. შენობა მიტოვებულია, თუ არ ვცდები, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა დღეს“.
რეპრესიები თამარა ბაჟინოვამ და მისმა ოჯახმაც გამოიარა. მათი ყაზახეთში გადასახლების თუ ოჯახის წევრების დაკარგვის ისტორია სხვა მსხვერპლების ისტორიის იდენტურია. შვიდწლიანი გადასახლების შემდეგ ოჯახის ცოცხლად დარჩენილი წევრები ისევ ბათუმში დაბრუნდნენ და ანგისაში დასახლდნენ.
თამარა ბაჟინოვა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი
თამარას თქმით, ბათუმელ აზერბაიჯანელებს ახლა ერთმანეთთან, ძირითადად, ქართულ-აზერბაიჯანული საზოგადოება აკავშირებს: „დავდივართ, ვხვდებით ერთმანეთს“.
თამარა ბაჟინოვა 30 წელი ბათუმის მე-3 რუსულ სკოლაში მუშაობდა. ის ამ სკოლის დირექტორი იყო 10 წლის განმავლობაში და ამბობს, რომ თავის დროზე უმიზეზოდ გაათავისუფლეს: „ისე დავიღალე, რომ ჩავთვალე ასე უნდა მომხდარიყო – არ ვიცოდი დღე, ღამე, ზაფხული, ნათესაობა, სულ დაკავებული ვიყავი… რამდენჯერმე საზოგადოებასაც დავეხმარე სკოლის დირექტორობის დროს – წელიწადში ერთხელ შემაჯამებელ კონფერენციას ატარებენ და სკოლის შენობაში დარბაზს ვუთმობდი“.
დირექტორობიდან გათავისუფლების შემდეგ „შაჰინის“ სკოლაში დაუწყია რუსული ენის მასწავლებლად მუშაობა, სპეციალურად შეუსწავლია თურქული ენაც, თუმცა ეს სკოლა სახელმწიფომ დახურა. შემდეგ ერთ-ერთ კერძო სკოლაში დაიწყო მუშაობა, აქედანაც ყოველგვარი განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. თამარა ბაჟინოვა ახლა საკვირაო სკოლაში აზერბაიჯანულ ენას სწავლობს.
„პოლიტიკაში არ ვერევით“
რა ინფორმაცია აქვთ აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებზე და როგორ აფასებენ მოვლენებს? – ამ კითხვაზე ბათუმელ აზერბაიჯანელებს ერთი პასუხი აქვთ – „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, პოლიტიკაში არ ვერევით“.
ვიდადი ახუნდოვის თქმით, „ტრადიციულად, სადაც არ უნდა იყოს აზერბაიჯანელი, რომელ ქვეყანაშიც, ის მხარს უჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც ლეგიტიმურია აზერბაიჯანში. ჩვენ ძველთაგანვე პატივისცემით ვექცევით უფროსს და თუ სახელმწიფოს ხელმძღვანელი 10-15 წელია მართავს, ის მიიჩნევა უფროსად… ჰეიდარ ალიევმა აზერბაიჯანი დაშლას გადაარჩინა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა. აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ის ჩვენი ეროვნული ლიდერია. ასე გვეუბნებიან და ჩვენ რა, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, იქნება იქ ჰეიდარ ალიევი, მისი შვილი, თუ იქნება მამედი, ახმედი, ჩვენთვის მთავარია მას ჰქონდეს რეალობის შეგრძნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ორ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისკენ, ანუ ჩვენთან მიმართებაში – ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები“.
___________________________________
მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.