მთავარი,სიახლეები

ვიცე-პოლკოვნიკი პარლამენტის წინააღმდეგ

02.11.2017 • 1955
ვიცე-პოლკოვნიკი პარლამენტის წინააღმდეგ

ვიცე-პოლკოვნიკი პაატა ბაკურაძე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დავის საგანი სახელმწიფო კომპენსაციაა, ანუ „განსხვავებული პენსია“, რომელსაც მოსარჩელე ვერ იღებს.

პაატა ბაკურაძე 1994 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის მიმართულებით. ამ უწყების გაუქმების შემდეგ, მოსარჩელე ჯერ შინაგან საქმეთა, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

ვიცე-პოლკოვნიკი 2011 წელს გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან – ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. პაატა ბაკურაძემ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა მოითხოვა, თუმცა უარი უთხრეს. მისი სარჩელი არც სასამართლომ დააკმაყოფილა.

საერთო სასამართლოების უარი ძირითადად დაეყრდნო კანონს „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, სადაც წერია, რომ სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემა იმ სამხედრო პირებს, რომლებიც 2008 წლის პირველი დეკემბრიდან 2009 წლის  პირველ თებერვლამდე გადავიდნენ შსს-დან შეიარაღებულ ძალებში.

„მისი უფლება იზღუდება იმის გამო, რომ იგი შეიარაღებულ ძალებში გადავიდა 2005-ში და არა 2009 წელს,“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს საიას იურისტმა, გიორგი გოცირიძემ. იგი ვიცე-პოლკოვნიკის ინტერესებს იცავს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლითაც თანასწორობის პრინციპია დაცული.

„უფრო დაბნეულობა ჩანს… ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო ამით ფინანსების დაზოგვას ცდილობს,“ – აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.

თანხის დაზოგვას გამორიცხავს პარლამენტის წარმომადგენელი გიორგი ჩიფჩიური. მისი თქმით, ამ მოცემულობის ლეგიტიმური მიზანი რეფორმა იყო, რომლის შემდეგაც სამხედრო შეიარაღებული ძალები სხვა ფორმით ჩამოყალიბდა. პარლამენტის იურისტმა ასევე თქვა, რომ როცა გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო, იგი გარკვეულ სამეხდრო საიდუმლო ინფორმაციას დაეყრდნო, რაც მისთვის ცნობილი არ არის.

„როცა პარლამენტარი კენჭს უყრის კანონს, ყოველთვის არსებობს განმარტებითი ბარათი, სადაც განმარტებულია მიზნები… თქვენ იგივე ინფორმაციას ფლობთ, რასაც პარლამენტის წევრები,“ – მიმართა პარლამენტის წარმომადგენელს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა, რაზეც პასუხი მიიღო, რომ ასე არ არის.

„იქნებ მოიწვიოს კანონპროექტის ავტორები სასამართლომ, რომ უფრი ცხადი გახდეს ამგვარი მიდგომის ლეგიტიმური მიზნები,“ – აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკის დამცველმა.

„ის იყო უშიშროების სამინისტროში ვიცე-პოლკოვნიკი. შეუნარჩუნდა მას ეს სტატუსი, როცა შსს-ში, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროში გადავიდა?“ – იკითხა მოსამართლე მანანა კობახიძემ.

„დიახ, ის დღესაც ვიცე-პოლკოვნიკია“, – უპასუხა მოსამართლეს გიორგი გოცირიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: