მთავარი,სიახლეები

საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციოდ სამუშაოები დაიწყო

02.11.2017 • 2933
საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციოდ სამუშაოები დაიწყო

ბათუმის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციისთვის, „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ტარდება.

პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს. 

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სააგენტო სხვადასხვა უწყებებთან ერთად გეგმავს ღონისძიებებს კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაციის მიზნით. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სააგენტომ 30 ათასი ლარი გამოყო.

მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული კათოლიკური ეკლესია 1989 წლიდან მართლმადიდებელი მრევლის საკუთრებაშია და მას საქართველოს საპატრიარქო მართავს.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი გასული საუკუნის დასაწყისში სტეფანე ზუბალაშვილის შემწეობით აიგო და იგი იტალიელმა მხატვრებმა მოხატეს. ტაძარი კათოლიკე მრევლისათვის აიგო და ფრესკებიც, შესაბამისად კათოლიკური ეკლესიისათვის არის დამახასიათებელი. საბჭოთა წლებში ეკლესია დაიხურა და სხვადასხვა დროს შენობაში არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული.

ბოლო წლების მანძილზე ეკლესიაში, რამდენიმე ადგილას, სვეტებსა და კედლებზე მოხატულობა ძალიან დაზიანდა.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია.  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია ძეგლს, კანონის თანახმად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, „თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან“ [კანონი კულტურული მემკვდრეობის შესახებ].

ამავე თემაზე: დაზიანებული ფრესკები – სახელმწიფოსა და საპატრიარქოს გულგრილი პოლიტიკა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: