Batumelebi | პატიმრის მშობლების ოცნება პენსიაზე პატიმრის მშობლების ოცნება პენსიაზე – Batumelebi
RU | GE  

პატიმრის მშობლების ოცნება პენსიაზე

60 წლის მარგალიტა ტივაძე პატიმრის დედაა. წელს ის პენსიონერი გახდა. მისი 63 წლის მეუღლე კი, სულმოუთქმელად ელის საპენსიო ასაკს, ყოველდღიური, მძიმე შრომისგან რომ გათავისუფლდეს, შინ რომ დაიწყონ რაიმე საქმე. 90-იან წლებში ცოლ-ქმარი ავარიაში მოყვა, ქალმა ბარძაყის ძვალი მოიტეხა და დაკოჭლდა, დღემდე წამლები სჭირდება, ტკივილმა რომ არ შეაწუხოს.

ამის მიუხედავად, მარგალიტა ტივაძე მეუღლესთან ერთად დილის შვიდ საათზე დგება, ოზურგეთის ბაზრობაზე პატარა საცხობს მიაშურებენ – დილიდანვე ლობიანებს, ხაჭაპურს, ქადებსა და ღვეზლებს აცხობენ. სეზონის მიხედვით სადილებსაც ამზადებენ. ამ ყველაფერს მარგალიტა ტივაძე თავად ამზადებს და დაატარებს ოზურგეთის ბაზრობის მოვაჭრეებისთვის.

„ჩემი შვილი პატიმარია, სამი წელი აქვს მისჯილი, ორი წელია ციხეშია. იქ წამალდამოკიდებულების რეაბილიტაციის კურსი უტარდება, ერთ წელიწადში გათავისუფლდება. ცოლ-შვილი ჰყავს, ჩემი რძალი ბაგა-ბაღების მენეჯერად მუშაობს ოზურგეთში. ძლიერი გოგოა, ორი შვილი ჰყავთ, ქალ-ვაჟი, ბიჭი მეექვსე კლასშია, გოგონა წელს ამთავრებს სკოლას, მაგრამ წელსვე ვერ აბარებს, ამის საშუალება არ არის.

მე და ჩემი მეუღლე დილაადრიან ვიწყებთ შრომას და ნერვიულობას, ეს როგორ გავყიდოთ, ის როგორ გავყიდოთ, რა გამოვაცხოთ, რა გავაკეთოთ. ასე მიდის ჩვენი ცხოვრება. ცომის საზელი აპარატი შევიძინეთ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამით და შედარებით გაგვიადვილდა შრომა, ახლა „პეროგებს“ და ქადებსაც ვაცხობთ. მე გამზადებულ ღვეზლებს დავატარებ, ჩემი ქმარი ღუმელთან რჩება და აკვირდება რამე არ დაიწვას, ადგილზე მოსულ კლიენტსაც ემსახურება. ჩემთვის ეს დიდი დახმარებაა, სიგარეტის ფულს გამოიმუშავებს, მეხმარება. ადრე ავტობუსის მძღოლი იყო, მაგრამ ათი წელია აღარ უმუშავია“, – გვიყვება პატიმრის დედა, მარგალიტა ტივაძე.

დამქანცველი სამუშაოს მიუხედავად, მარგალიტას აძლიერებს იმაზე ფიქრი, რომ ბაზრობის მოვაჭრეები ყოველ დღე მის გამომცხვარ გემრიელ ღვეზლებსა და სადილს ელიან: „ხან შვილთან მივდივარ ციხეზე, ხანაც თურქეთში გადავდივარ რაღაცების საყიდლად და როცა არ ვარ, მკითხულობენ ბაზრობაზე. დაბრუნებულს მეუბნებიან, რომ არ იყავი, მშივრები ვიხოცებოდით, სად დაიკარგეო. ყველას ვიცნობ, ყველა მიცნობს. ჩემ გარდა უამრავი მცხობელი დაატარებს ათას რამეს, მართლა მშიერი კი არ დარჩება ვინმე, მაგრამ მაინც გიხარია, ხალხს რომ დააკლდები“.

გამომუშავებული თანხა ელემენტარული საჭიროებების, კვების და კომუნალური გადასახადისთვის თვიდან თვემდე ჰყოფნით, მაგრამ 2017 წლის აპრილში ძლიერმა ქარიშხალმა ოზურგეთში მარგალიტა ტივაძის სახლის სახურავი დააზიანა და სრული შეკეთებისთვის საჭირო თანხას ოჯახი ვერ აგროვებს.

აქამდე არასდროს უთხოვია დახმარება ჩინოვნიკებისთვის. ახლა, როცა ჭერიდან წვიმა სახლში ჩამოუვიდა, იძულებული გახდა თხოვნით გამგეობისთვისთვის მიემართა:

„რვა თუ ათი შიფერი მომცეს, ქარმა ესეც დაამტვრია, მისაღებში, ბავშვების საძინებელში  წყალი ისევ ჩამოდის, მაგრამ გვაქვს ოთახები, სადაც ზამთარს გავატარებთ და შედარებით სიმშრალეა…

წამლებით ერთჯერად დახმარებაზე დავწერე განცხადება, პასუხი ჯერ არ ვიცი, ვნახოთ რა იქნება. თბილისში გოგო მყავს, ცოტას ისიც მეხმარება წამლის თანხით. მიჭირს უკვე გარეთ შრომა და კოჭლობით ბაზრობაზე ცომეულის ტარება. ჩემს ქმარს ერთი სული აქვს 65 წლის როდის გახდება და პენსია დაენიშნება. მერე სახლშივე უნდა მოვიფიქროთ რამე. უსაქმურად ვერ დავჯდები. შვილს ვჭირდები, კარგად უნდა ვიყო… ბევრ ქალს ვიცნობ, პატიმრების მშობლებს, ყველას ვურჩევ არ დანებდნენ და აკეთონ რისი კეთებაც შეუძლიათ. უიმედობას არ უნდა მივცეთ თავი, მერე რა, რომ პატიმრების მშობლები ვართ, დღეს ციხეშია ვიღაც, ხვალ თავისუფალი იქნება”.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com