მთავარი,სიახლეები

„არასდროსაა სწავლისთვის გვიან“ – ბერნის უნივერსიტეტის ბათუმელი მაგისტრატი

03.11.2017 • 5318
„არასდროსაა სწავლისთვის გვიან“ – ბერნის უნივერსიტეტის ბათუმელი მაგისტრატი

27 წლის ბათუმელი არჩილ ჯაიანი სტუდენტურ ვიზას ელოდება. იგი შვეიცარიაში, ბერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიდის სასწავლებლად, სადაც ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვსა და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეისწავლის. არჩილი ერთ-ერთია იმ ცხრა სტუდენტს შორის, რომლებიც წელს აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ და 12 600 ლარამდე დაფინანსება მოიპოვეს უცხოეთში სასწავლად.„მე ვფიქრობ, არასდროსაა სწავლისთვის გვიან, ყოველთვის არის შანსი ისწავლო და განვითარდე, ეს რომ არ გააკეთო, ყოველთვის გული დაგწყდება, რომ რაღაც შესაძლებლობა არ გამოიყენე,“ – ამბობს არჩილი. მას ორი პროფესია აქვს, 2008 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ჩააბარა საბუღალტრო და საგადასახადო საქმის მიმართულებაზე, თუმცა შემდეგ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინტერესდა:

„სიმართლეს გეტყვით, ბუღალტერი არ მინდოდა ვყოფილიყავი, არ ვიცოდი რატომ ჩავაბარე ამ მიმართულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკური აზროვნება მაქვს და ახლაც ძალიან მაინტერესებს ეს საქმე და სიამოვნებით ვაკეთებ. მთავარი ისაა, რომ არ მინდოდა ეს ყოფილიყო ჩემი ძირითადი საქმე. უნივერსიტეტში ორი წლის სწავლის შემდეგ გამოცხადდა სომხეთში, ქალაქ ერევანში, ტეხასის უნივერსიტეტის ფილიალში ქართველი სტუდენტების ჩარიცხვის პროგრამა, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. ერთწლიანი ბიზნესინგლისურის კურსის შემდეგ აგვარჩიეს რვა სტუდენტი და აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით ორი წელი იქ ვისწავლე აგრობიზნესმენეჯმენტი, რამაც განსაზღვრა ჩემი არჩევანი, უკვე ვიცოდი რა მიმართულებით მინდოდა მესწავლა სამომავლოდ.“

საქართველოში დაბრუნების შემდეგ არჩილმა სწავლა ბსუ-ში გააგრძელა, პარალელურად მუშაობდა და არჩეულ მიმართულებაზე მაგისტრატურაში სასწავლებლად შესაფერის უმაღლეს სასწავლებელს ეძებდა. ბოლოს არჩევანი ბერნის უნივერსიტეტზე შეაჩერა.

„სოფლის მეურნეობა და აგრობიზნესი რომ კარგად ისწავლო, ამას სჭირდება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამ უნივერსიტეტში მიღებული განათლება მე მომცემს საშუალებას, ვმართო პროექტები და ამ სფეროს ოპტიმიზაციაზე ვიფიქროთ. ჩვენ გვჭირდება შვეიცარიის გამოცდილება. ეს პატარა ქვეყანაა, რელიეფითაც ჰგავს საქართველოს და შესაძლებელია მისი მოდელის საქართველოზე მორგება, რადგან დიდი ქვეყნის მოდელის გადმოტანა საქართველოში რთულია, დიდ ქვეყნებში სხვა ბაზარია, სხვა რესურსები, სხვა შესაძლებლობები,“ – ამბობს არჩილი.

აჭარის განათლების სამინისტროს უცხოეთში სწავლის დაფინანსების კონკურსში რომ მონაწილეობა მიიღო, პირველ რიგში სწავლაზე თანხმობა უნდა გქონდეს იმ უნივერსიტეტიდან, სადაც სწავლას გეგმავ. არჩილი ამბობს, რომ ეს იოლი გზა არ იყო:

„აპლიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა და ესაა, რაც ყველაზე მეტად აშინებთ სტუდენტებს, მაგრამ ეს არაფერია, მთავარია იცოდე რა გინდა და ეს ეტაპი გადალახვადია. წელიწად-ნახევარი დამჭირდა, სანამ უშუალოდ გასაუბრებამდე მივიდოდი. გასაუბრება ორ საათს გაგრძელდა, 6 -დან 5, 3 ქულა ავიღე, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ ჩავირიცხე უნივერსიტეტში და არ აღმოვჩნდი სათადარიგო სკამზე. ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. შემდეგ დადგა ფინანსების პრობლემა, რადგან შვეიცარიაში ცხოვრებასთან და სწავლასთან დაკავშირებული ხარჯები საკმაოდ მაღალია. ამიტომ მივმართე სამინისტროს და მივიღე კონკურსში მონაწილეობა. სამინისტროსგან მიღებული თანხა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შვეიცარული ფასების და ცხოვრების სტანდარტებთან შედარებით მცირეა, რა თქმა უნდა, თუმცა მაქვს ჩემი დანაზოგიც და ეს ძალიან დამეხმარა.“

არჩილმა უკვე იცის, რომ იცხოვრებს ბერნის უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე კამპუსში, სადაც წინასწარ აქვს ოთახი დაქირავებული. იცის ყველა დეტალისა და სირთულის შესახებ, რისი გადალახვაც მოუწევს. ამბობს, რომ სირთულეები არ აშინებს, პირიქით, სტიმულს აძლევს.

სანამ სტუდენტურ ვიზას ელოდება, არჩილ ჯაიანი მუშაობას საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაცია „მერსი ქორფსში“ აგრძელებს, სადაც აჭარაში მიმდინარე პროგრამის თემატური ჯგუფის უფროსი ოფიცერია. მისი სამუშაო უშუალოდ უკავშირდება მის ინტერესებს, აგრობიზნესის განვითარებასა და მენეჯმენტს.

ეს არჩილის პირველი სამსახური არ არის. იგი ყვება, რომ 16 წლიდან პერიოდულად მუშაობდა გიდად, თარჯიმნად, შემდეგ „აჭარა ტექსტილში“ – კადრების განყოფილებაში, ბუღალტრულ ფირმაში, მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამაში… ამბობს, რომ უმუშავია უფასოდაც, მთავარი იყო გამოცდილება დაეგროვებინა:

„არავინ დაგსვამს არსად, თუ არ გაქვს გამოცდილება, თუ არ იცნობ ადამიანებს. არ არსებობს სამსახურის შოვნის სხვა ფორმულა. არ ვსაუბრობ იმ შემთხვევაზე, თუ ვინმე მიგიყვანს ნაცნობობით და დაგსვამს. მე გამიმართლა იმაში, რომ უცხო ენებს ვსწავლობდი კარგად. მსოფლიო უფრო გლობალური ხდება და სხვადასხვა ენის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაო, ეს ნიშნავს იმას, რომ განათლებაში არსებული შესაძლებლობები უნდა გამოიყენო. ორი წელი ვისწავლი შვეიცარიაში, რა იქნება შემდეგ, ჯერ არ ვიცი, რთულია ამაზე საუბარი, დრო გვიჩვენებს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: