Batumelebi | რა ღირს სწავლა ბათუმის კერძო ბაღებში რა ღირს სწავლა ბათუმის კერძო ბაღებში – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

რა ღირს სწავლა ბათუმის კერძო ბაღებში

საბავშვო ბაღების რეფორმა, რომელსაც  ხელისუფლება ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ იწყებს, ყველა ტიპის საბავშვო ბაღების ავტორიზაციას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, სახელმწიფოს არც ერთი ორგანო კერძო საბავშვო ბაღებს არ აკონტროლებს. რამდენი კერძო საბავშვო ბაღი მოქმედებს ბათუმში და როგორია მათი სასწავლო-აღმზრდელობითი სტანდარტები, როგორც განათლების სამინისტროსთვის, ასევე ბათუმის მერიისთვისაც უცნობია.

ბათუმის მერიის, განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა ბოლქვაძე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავრობამ დაადგინა საბავშვო ბაღების სტანდარტი. თუმცა, მონიტორინგის განხორციელების უფლება ბათუმის მერიას მანამდე არ ექნება, სანამ საბავშვო ბაღები ავტორიზაციას არ გაივლიან.

„ჩვენ მივიღეთ მონიტორინგის უფლება, თუმცა მონიტორინგის უფლება გვაქვს მხოლოდ იმ ბაღებში, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან. ავტორიზაციის მინიჭების პროცესი კი დროშია გაწელილი და 2018 წლის დეკემბრამდე გრძელდება“, – გვეუბნება ლამზირა ბოლქვაძე. საბავშვო ბაღი, რომელიც ავტორიზაციას ვერ გაივლის, ფუნქციონირებას შეწყვეტს.

„ამ დროისთვის ავტორიზაციას არც ერთ საბავშვო ბაღს არ აქვს გავლილი. აქამდე არც ბაღის გახსნაზე არსებობდა რეგულაციები და ნებისმიერს შეეძლო საბავშვო ბაღის გახსნა სტანდარტების გარეშე, მხოლოდ სურსათის უვნებლობა ამოწმებდა მათ. ახალი კანონის მიხედვით კი, საბავშვო ბაღის გახსნა და მისი ფუნქციონირება ავტორიზაციაზე და სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტის დაცვაზე იქნება დამოკიდებული“, – ამბობს ლამზირა ბოლქვაძე.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში დაახლოებით 40-მდე საბავშო ბაღი ფუნქციონირებს. „ბათუმელებმა“ მხოლოდ ნაწილთან შეძლო დაკავშირება, რადგან მათი საკონტაქტო ინფორმაცია არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ არის რეგისტრირებული.

რა ღირს ბათუმში მოქმედ კერძო საბავშვო ბაღებში სწავლა და შეძლებენ თუ ვერა ისინი ავტორიზაციის გავლას?

მადაგასკარის“ ხელმძღვანელის მზევინარ დიდმანიძის თქმით, მათ საბავშვო ბაღში სწავლის ღირებულება 250-200 ლარია. საბავშვო ბაღში მშობლებს ბავშვის მიყვანა 6 თვიდან შეუძლიათ.  ბაგის ჯგუფის საფასური 250 ლარია, მაღალ ჯგუფებში კი 200 ლარი ღირს.

მზევინარ დიდმანიძის თქმით, საბავშვო ბაღი 1 250კვ/მეტრზეა განთავსებული და, სავარაუდოდ, რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულ სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს. „ვფიქრობ, ავტორიზაციის პრობლემა არ გვექნება“, – ამბობს ის.

ბემბილენდი 2“ და „ბემბილენდი 3“-ის ხელმძღვანელ მაგდა ლორიასაც იმედი აქვს, რომ მათი საბავშვო ბაღი ავტორიზაციას გაივლის.

საბავშვო ბაღში სწავლა 220 ლარი ღირს. ბაღი ორ სხვადასხვა შენობაშია განთავსებული, „თუმცა პირობები ორივე  შენობაში ერთნაირია“, – ამბობს ხელმძღვანელი.

„ლიდერსტარში“ ბავშვის შეყვანის შემთხვევაში, მშობელს 200 ლარის გადახდა მოუწევს თვეში. საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი ინეზა ბაჯელიძე ამბობს, რომ ბაღში ახალი სასწავლო პროგრამა დანერგეს. ამ დროისთვის ბაღში 80 ბავშვი სწავლობს.

„რეფორმის მოთხოვნებს ვიცნობთ და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ“, – გვეუბნება ის.

„ცისარტყელას“  ხელმძღვანელის  ლელა მახარაძის თქმით, საბავშვო ბაღის საფასური თვეში 180 ლარია. ბაღში ამ დროისთვის 170 ბავშვი ჰყავთ. „გვაქვს საკუთარი ეზო და შენობის ფართობიც საკმაოდ დიდია. კარგი იქნება თუ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი იქნება კონტროლი“, – გვეუბნება ის.

„ჩვენი სახლის“ დამფუძნებლის ნათია კალანდაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში სწავლის საფასური 250 ლარია. ბაღი 300 კვ.მეტრზეა განთავსებული. „ფართობი ნაქირავები გვაქვს, მინდა რომ უკეთესი ფართობი ავიღო, რადგან მინდა ბავშვებს ეზო ჰქონდეთ. ბაღს ვერანდა აქვს, მაგრამ უკეთესი გარემო გვინდა. კონკრეტული სტანდარტები სახელმწიფოს არ მოუთხოვია, თუმცა ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებული ვართ“, – ამბობს ის.

„ცოდნის კარიბჭეში“  სწავლა  220 ლარია. იმ შემთხვევაში, თუკი ერთი ოჯახიდან ორი ბავშვი ივლის, ოჯახი 30-ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს. ბაღის მფლობელი მაიკო დიდმანიძე მიიჩნევს, რომ მათი საბავშვო ბაღი ავტორიზაციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ავტორიზაციის გავლის იმედი აქვს საბავშვო ბაღ „კოლიბრის“  ხელმძღვანელსაც. „ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ ხარისხზე“, – გვეუბნება მაია ხაჭაპურიძე. საბავშვო ბაღში სწავლა 220 ლარია.

საბავშვო ბაღი „პეპი“, ხელმძღვანელის თქმით, 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ბაღში სწავლა 170-180  ლარი ღირს. „როგორც სახელმწიფო მოითხოვს, ისეთი მექნება სტანდარტებიც“, – გვეუბნება დოდო ლაღაძე.

„მასტერკლასში“ სწავლის საფასური 230 ლარია. „ერთი ბაღი ჟორდანიას ქუჩაზეა, რომელსაც დიდი ფართი აქვს. 1200 კვადრატულ მეტრია ეზო, შენობა კი 700 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მეორე ბაღიც გვაქვს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე,  800 კვადრატულია ეზო, შენობა კი  800 კვადრატულზეა განთავსებული. ორივე ბაღში ორასი ბავშვია“, – გვეუბნება ნათია ნიკაჭაძე.

მონპარნასი“ ერთ-ერთი  პრესტიჟული ბაღია ბათუმში. სწავლის საფასური აქ 220 ლარია. „ეზო აქვს ბაღს და ფართობიც სტანდარტებს აკმაყოფილებს. დიდი დარბაზები, ნათელი ოთახები. გათბობა ცენტრალურია აქვს და ყველა სართულზეა სველი წერტილები. როცა კონკრეტულ სტანდარტს მოგვაწვდის სახელმწიფო, შემდეგ უკვე იქედან გამომდინარე შევხედავთ“, – გვეუბნება ბაღის მენეჯერი ნინო მაკარიძე.

საბავშვო ბაღ „ირინაში“ სწავლა 3 წლამდე ბავშვებისთვის 180 ლარია, 6  წლამდე ბავშვებისთვის კი 160 ლარი. ბაღი დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობს. „იმ შემთხვევაში თუკი მშობელს ტრანსპორტის მომსახურება უნდა, 40 ლარს ამატებს. საბავშვო ბაღი 1200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, ეზო გვაქვს  ორი ათასი კვადრატი“, – გვეუბნება  ბაღის ხელმძღვანელი ლეილა დიდმანიძე.

ათინათში“ ბავშვის მიღების შემთხვევაში მშობელი 200 ლარს იხდის. „შეღავათი ვრცელდება ტყუპებზე და ოჯახის მეორე წევრზე.

120 ბავშვი გვყავს ამ დროისთვის, ბაღის შენობა 600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ვფიქრობთ, ავტორიზაციის სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ“, – გვეუბნება შორენა ვერძაძე.

ბათუმში ასევე ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი საბავშვო ბაღი „ელმოს კლუბი“, სადაც სწავლება, როგორც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა გვითხრა, 480 ლარი ღირს სრული სმენა, ნახევარი სმენის შემთხვევაში, მშობელი იხდის 240 ლარს.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com