სოფელ ჭინკაძეებში კარიერი ჩამოიშალა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში კარიერი ჩამოიშალა. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ კარიერზე მომუშავე ტრაქტორი დააზიანა. როგორც მერმა განაცხადა, ამ ეტაპზე მდინარე ბზანას დატბორვისა და შეგუბების საშიშროება არ არის: „ბზანას ხეობაში ძველი კარიერიდან მიწის მასა ჩამოვიდა და დააზიანა ტრაქტორი, მსხვერპლი არ არის, არ არის წყლის შეგუბების საშიშროება, სადაც ტრაქტორი მუშაობდა, იქ ჩამოვიდა მიწის მასა და ტრაქტორი დააზიანა.“

ლევან გორგილაძის ინფორმაციით, სოფელ ჭინკაძეებში არსებული კარიერიდან მოპოვებულ ინერტულ მასალას  კომპანია ადგილზე ამუშავებს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი კომპანიები მოიპოვებენ ინერტულ მასალას აჭარაში და სად,  „ბათუმელებმა“რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, არც ერთ კომპანიაზე სოფელ ჭინკაძეებში არსებულ კარიერზე ინერტული მასალის მოპოვებაზე ნებართვა გაცემული არ არის.

ახალი ავტობუსები ბათუმისთვის – ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობდა

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 2018 წლის 15 მარტს, შეწყდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ წარადგინა. ამ ეტაპზე ბათუმისთვის ევროდიზელზე მომუშავე 30 ავტობუსი უნდა შეისყიდონ. შემდეგი ტენდერი უკვე ელექტროავტობუსების შემოყვანაზე გამოცხადდება.

დღესვე ბათუმის მერიაში ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით სატენდერო პაკეტი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, წინადადება უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ  – „ჩერკასკი ავტობუსმა“ წარმოადგინა. კომპანია მერიას „ისუზუ ატამანის“ მოდელის  ავტობუსების მიწოდებას სთავაზობს. მერიის ინფორმაციით, ავტობუსები ადაპტირებული იქნება.

სატენდერო კომისია შეისწავლის კომპანიის წინადადებას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე. საამისოდ მერიას ორი თვის ვადა აქვს.

„ტენდერის ტექნიკური პირობების მიხედვით, ავტობუსი 60 ადამიანზე [ჯდომით და დგომით] იქნება გათვლილი და არსებულ ავტობუსებთან შედარებით ახალი სატრანსპორტო საშუალება 50%-ით ეკონომიური იქნება. ბათუმის ავტობუსების პროექტის დასაფინანსებლად ბათუმის მერიამ დაბალპროცენტიანი სესხი და 1,5 მილიონი ევრო მიიღო გრანტის სახით. ბათუმის საავტობუსო პარკს 10 ელექტრო და 30-მდე დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეემატება, რისთვისაც 7 მლნ ევრო დაიხარჯება. პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულება 2017 წლის 13 ივლისს გაფორმდა,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] ტენდერი მიმდინარე წლის 30 იანვარს გამოაცხადა.

მთავარი ფოტო: „ისუზუ ატამანის“ მოდელის  ავტობუსი/როგორი იქნება ბათუმისთვის შეძენილი ავტობუსები, დეტალები ხელშეკრულების გაფორმებამდე დაზუსტდება

მოქალაქემ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ღია აივანი ამოაშენა [ფოტო ]

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #17-ში, ახალაშენებული მრავალბინიანი სახლის ერთ-ერთ ბინაზე მოქალაქემ რკინის მოაჯირი მოჭრა და აივანი ამოაშენა.

აქვს თუ არა მას სამუშაოები მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმვის სამსახურთან შეთანხმებული? – ამის გარკვევას „ბათუმელები“ ორი დღეა ცდილობს. მერიიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

გოგო, რომელსაც სახლი დაატოვებინეს: თითქოს აღარ ვარსებობ, არც მიარსებია

სამჯერ გადაატრიალა შემოსასვლელ კარში გასაღები, მერე სახელურს მოქაჩა და გადაამოწმა, ხომ ნამდვილად ჩავკეტეო და ღიმილიანი სახით მოკალათდა სავარძელში. ნანა 22 წლის ქალია და ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს. ნანას ვეუბნები, რომ განსაკუთრებით მისი ოჯახთან, ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობა მაინტერესებს. მითხრა, რომ ეს ურთიერთობები წარსულში დარჩა. ნანას წარსულზე საუბარი უჭირს. ინტერვიუს დროს ხშირად გადმოდის წარსულიდან დღევანდელობაში. მისთვის ცხოვრება ახლა მხოლოდ აწმყოა.

ნანა საკუთარ ტრაგიკულ ისტორიებს ისე ყვება, თითქოს ახლახან რომელიმე ფილმში ნახა ან წიგნში ამოიკითხა. მითხრა, რომ მოსწონს, როცა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების შორიდან დანახვა შეუძლია. მერე ყავა მოსვა, თვალები მოეწყლიანა და ბავშვობიდან დაიწყო…

მამა მცემდა, მე შენ ბიჭად გაგაჩინეო, დედამ – ალბათ აღზრდაში დავუშვი შეცდომაო 

არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, როცა ჩემი დის ტანსაცმლის ჩაცმა მომინდა. რამდენჯერმე სახლში მარტო დავრჩი და ჩუმად ჩავიცვი მისი ტანსაცმელი. და ჩემზე ერთი წლით უფროსია, მომერგო მისი ფეხსაცმელიც. დავბაკუნობდი სიხარულით ერთი ოთახიდან მეორეში. ამ დროს უკვე ვიცოდი, რომ ჩემში ქალი იყო…

ჩემი ოჯახი ქობულეთშია, ერთ-ერთ სოფელში. ბედნიერად ვცხოვრობდით მე, ჩემი და, დედა და მამა. მინდოდა მეთქვა, რომ გოგო ვიყავი, მაგრამ ვერ ვბედავდი. თმების შეჭრა არ მინდოდა და ქცევებიც ისეთი მქონდა. დედა მტუქსავდა ხშირად, ასე რატომ იქცევიო. 15 წლის ვიყავი, როცა ჩემს დას ვუთხარი, შენს ტანსაცმელს მეც ვიცვამ-მეთქი. გაგიჟდა. მეგონა, ძმა მყავს და ეს რა არისო. დედას და მამას უთხრა.

მამამ იმ საღამოს მცემა პირველად… ახლა ამის გახსენება არ მინდა. მიყვიროდა, მე შენ ბიჭად გაგაჩინე და გოგო როგორ უნდა იყოო. დედა ვერაფერს ამბობდა. მახსოვს, ხშირად იმეორებდა, ალბათ აღზრდაში დავუშვი რაღაც შეცდომაო. მამამ გადაწყვიტა, რომ ცემა გამოიღებდა შედეგს და ხშირად მცემდა. სახლში მისვლა უკვე აუტანელი გახდა და ნათესავთან გადავედი ისევ ჩემს სოფელში… იქ მითხრეს, ეს იქნება შენი დივანი, აქ დაიძინებ და დღისით სკოლაში ივლიო.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი, კარგად დავამთავრე. ძალიან მიყვარდა თემების წერა, ხატვა. ბიჭებთან მეგობრობას ვერ ვახერხებდი. დამცინოდნენ, ქალოია ხარო, რატომ არ ძმაკაცობ ჩვენთანო, „პიდარასტი“ ხარო. მასწავლებლებიც დამცინოდნენ, დირექტორიც… მხოლოდ მანდატური მექომაგებოდა, კიდევ ერთი კლასელი, ელენე ერქვა. ის ეუბნებოდა ყველას, რას ერჩით, გიშავებთ ეს ბავშვი რამესო? დავიღალე და საბოლოოდ გამოვიკეტე საკუთარ თავში. აღარ ვსაუბრობდი, არც ვეკამათებოდი ვინმეს, აღარავისთან ვმეგობრობდი. მაშინ თემების წერა დავიწყე.

ერთხელ, ქართულის გაკვეთილზე თავისუფალი თემა დავწერე. მასწავლებელს გული აუჩუყდა, ძალიან მოეწონა და თემის ხმამაღლა წაკითხვა გადაწყვიტა. კლასელებმა სიცილი დაიწყეს… ის გაბრაზდა, რომ არ მოუსმინეს. საბოლოოდ ხელი ჩაიქნია და კლასიდან გავიდა.

მერე აღარც თემების დაწერა მინდოდა. აღარ მინდოდა, ისევ დაცინვის ობიექტი გავმხდარიყავი.

ფსიქოლოგობა მომინდა მაგ დროს. ვფიქრობდი, რომ გავხდებოდი ძალიან კარგი ფსიქოლოგი და ვიქნებოდი ბედნიერი. საბოლოოდ, როცა სკოლა დავასრულე, მივხვდი, რომ აღარ შემეძლო კიდევ ახალ საზოგადოებაში შესვლა, უნივერსიტეტში, სადაც დამცინებდნენ,  წამიკითხავდნენ მორალს, რომ თურმე ღმერთმა ბიჭად გამაჩინა.

სოფლიდან წამოსვლამდე დედასთან ვისაუბრე. მითხრა, რომ ასეთს ვერ მიმიღებდა და თუ შევიცვლებოდი, შემეძლო ოჯახში დარჩენა. ვუთხარი, რომ გოგო ვარ. მითხრა, წადი და დაგვივიწყე, აქეთ საერთოდ აღარ გამოიხედოო.

მეორე დღეს ჩემი კლასის გამოსაშვები ბანკეტი იყო. იქ აღარ წავსულვარ. ტანსაცმელი ჩავალაგე და წამოვედი.

5 წელია არ მინახავს ოჯახი – დამ ერთხელ მომიკითხა, ისიც სხვისი სახელით 

ბათუმში ნათესავთან ჩამოვედი. ისინი არ მკიცხავდნენ, არც  მეჩხუბებოდნენ, მაგრამ ვატყობდი, რომ არ სიამოვნებდათ ჩემი იქ ყოფნა. როგორც კი სამსახური ვიშოვე, ქირით ავიღე ბინა და გადავედი. ბიძაშვილები, ვისთანაც ვცხოვრობდი, ქუჩაში მხვდებიან. ხან ისინი მარიდებენ თვალს, ხან – მე. ვიცი, რომ მათ ეს არ ესიამოვნებათ. არადა, მე ყველა მენატრება.

მუშაობა მიმტანად დავიწყე. მერე თანდათან უფრო რთული გახდა დასაქმება, როცა ქალის ტანსაცმელი ჩავიცვი და თმებიც შევიღებე. როცა დამსაქმებელი ეჭვდებოდა, ქალი ვიყავი ნამდვილად თუ არა, პასპორტს მთხოვდა. პასპორტში ახლაც მიწერია, რომ მამაკაცი ვარ. ტრანსგენდერი ჩვენ არ გვინდაო, მეუბნებოდა ზოგი, უმრავლესობის პასუხი კი იყო ის, რომ მოგვიანებით დამირეკავდა.

ასე მიშორებდნენ თავიდან.

იგივე მეორდება ბინის დაქირავების დროს. თუ გაიგეს, რომ ტრანსგენდერი ვარ, მაშინვე უარს მეუბნებიან. ახლა ამ ბინაში ჯერ არავინ იცის, რომ ტრანსგენდერი ვარ, არც გამომწვევად ვიცვამ, ვინმეს ყურადღება რომ არ მივიქციო.

პროსტიტუციაში ჩავები, რადგან თავის გატანა შეუძლებელი გახდა. ტრანსგენდერები, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით ვმუშაობთ. გვიდევს ფოტოები და პირობები. კლიენტი საკმაოდ ბევრია, მაგრამ ხშირად ხდები ძალადობის, ცემის, გინების ობიექტი…

5 წელია ჩემი ოჯახის წევრებიდან არავინ მინახავს. დედაჩემმა, როგორც ვიცი, მაინც ძალიან ბევრი ინერვიულა ჩემზე და ბოლოს საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. ჩემი და გათხოვდა და ახლა სიძე ჩვენს სახლში ცხოვრობს. დისშვილიც მყავს. ფოტოებს ფეისბუქში ვნახულობ. ფიზიკურად არავინ მინახავს.

ნათესავებიდან მხოლოდ ერთი ბიძაშვილი გოგო მწერს, ის კითხულობს ჩემს ამბავს. ერთხელ მომწერა, შენი და გწერდა ახლა ჩემი სახელით, მას აინტერესებდა შენი ამბავიო.  იმ საღამოს ისიც მომწერა ბიძაშვილმა, რომ ჩემი უსაყვარლესი ძაღლი მოკვდა. ის ერთადერთი იყო, რაც ჩემი იყო ოჯახში. ჩემი წამოსვლის შემდეგ სახლში ყველა ჩემი ნივთი დაწვეს, გაანადგურეს, დამარხეს.

თითქოს აღარ ვარსებობ, არც მიარსებია არასოდეს.

არადა, იცით, როგორ მენატრება ხანდახან ჩემი საწოლი, რომელიც ფანჯარასთან იდგა? როგორ მენატრება იმ პურის სუნი, რომელსაც დედაჩემი აცხობდა…

პოლიციის გამოძახებას აზრი არ აქვს, დაგვცინიან, მაგრამ მაინც ყოველთვის ვიძახებ

ბოლოს პოლიციას რამდენიმე დღის წინ დავურეკე. ერთმა კლიენტმა მანქანით გაყოლა მთხოვა, ბათუმელი იყო. მთაში წამიყვანა. სექსის შემდეგ, მანქანიდან გადმომაგდო და არც ფული გადამიხადა. ღამის სამი იქნებოდა… ძალიან თხლად მეცვა, კინაღამ გავიყინე. არ ვიცოდი, რა მექნა, წამოვედი, მაგრამ გზას ვეღარ ვაგნებდი. ბოლოს, როგორც იქნა, პოლიციას დავურეკე და იმათ ჩამომიყვანეს ქალაქში. პოლიციას მანქანის ნომერიც ვუთხარი და იმ კაცის ტელეფონის ნომერიც. მითხრეს, ყველაფერს გამოვიძიებთო. ვნახოთ.

პოლიციელებს ხშირად ვიძახებთ. ისინი ყოველთვის მოდიან, მაგრამ დაგვცინიან, ხან ღიად, ხან – ჩუმად. ამას წინათ ბულვარში ვიყავით გოგოები. კლუბიდან გამოვიდა რამდენიმე ბიჭი და ვაიმე, რა მაგარი გოგოებიო და ჩვენსკენ წამოვიდნენ. მერე მიხვდნენ, რომ ტრანსგენდერები ვიყავით და მაშინვე გინება დაგვიწყეს. ჩვენ ბათუმელები ვართ და აქ ყოფნის უფლებას არ გაძლევთო. პოლიციას როცა დავურეკე, ცემა დაგვიწყეს. პოლიციელებმა ის ბიჭები მანქანაში ჩასვეს, მაგრამ დავინახეთ, მეორე ქუჩის ბოლოში როგორ გადმოსვეს.

არ მახხოვს, რომელიმე შემთხვევაზე ვინმე დაესაჯათ, თუმცა ერთი იყო – თბილისში ვმუშაობდი რამდენიმე თვე. იქ კლიენტმა ფული წამართვა და მობილური ტელეფონიც. სასამართლო პროცესი გაიმართა, მივეცი ჩვენება. საბოლოოდ ძარცვა დადასტურდა და იმ ბიჭს მიუსაჯეს.

არა, აგრესიის კუთხით არაფერი შეცვლილა

თქვენ არ იცით, რამდენი კლიენტი მყოლია, რომელიც  მხოლოდ სალაპარაკოდ მხვდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსსექსუალი ნახოს. ამას წინათ ერთმა კაცმა ყავა ამოიტანა და ვისაუბრეთ. მითხრა, ტელევიზორში კი მინახავს ტრანსები, მაგრამ მართლა ასე თუ იყო რეალობაში, ვერ წარმომედგინაო. ტელევიზიებში გამოჩენა არ მიყვარს. რამდენჯერმე შემთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი.

ხშირად ბიჭები ერთად შეიკრიბებიან და გირეკავენ ან გხვდებიან მარტო იმიტომ, რომ იღადაონ, დაგცინონ, დაგამცირონ. ასეთ ბიჭებს დარეკვისთანავე ვცნობ და მაშინვე ვბლოკავ. მაინც ხშირად ვხდებით აგრესიის მსხვერპლი…

ძალიან მინდა, ქმარი მყავდეს, ოჯახი და მშვიდად ვიცხოვრო

ამბობენ, რომ თითქოს სექსუალური უმცირესობის კუთხით აგრესია შემცირდა. არ არის ეს სიმართლე, არაფერი შეცვლილა. ადამიანები ისევ მზად არიან, ჩამქოლონ, დამამცირონ, წიხლი მირტყან, გამანადგურონ. მათთვის მთავარია, როგორმე უბედურად მაგრძნობინონ თავი. არ ვიცი, რატომ ურჩევნიათ უბედური მნახონ, ატირებული და დამარცხებული.

მაღაზიაშიც ხშირად მიგვრძნია, როგორ ჩურჩულებენ ჩემს უკან, ეს გოგო არ არის, დააკვირდიო. ხანდახან უკან ვიხედები ამ დროს და თვალს თვალში ვუყრი.

ადრე მეშინოდა. გარეთაც იშვიათად გავდიოდი. ვიცოდი, სად იყო მაღაზია, რომელიც ღამითაც მუშაობდა და გარედან ვზვერავდი. როცა დავრწმუნდებოდი, რომ შიგნით აღარავინ იყო, მერე შევდიოდი. ეს თავდასხმა და ტალახის სროლა ყველა ნაბიჯზე იყო ადრე, ახლაც ასეა. უბრალოდ, მე რაღაცებს შევეგუე. ესაა.

ახლა მზად ვარ, რომ ქუჩაში შეიძლება ნებისმიერ დროს თავს დამესხან, მზად ვარ, რომ ვიღაც ქუჩაში აბუჩად ამიგდებს, რაღაცას მესვრის, ჭკუას მასწავლის, მეტყვის, რომ ღმერთმა ბიჭად გამაჩინა…

სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

„ვითიბი ბანკი“ სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქციას იწყებს

15 მარტიდან „ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს სთავაზობს საგაზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 4-წლამდე ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 5,9%-დან 11,9%-მდე (ეფექტური   საპროცენტო განაკვეთი 11,45%-დან – 14,99%-მდე).

აქციის პირობების თანახმად სესხის განაკვეთი დამოკიდებულია ვადაზე, რაც ნაკლებია ვადა, მით ნაკლებია პროცენტი. აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე.

სესხებზე საგაზაფხულო აქციის პირობები მოქმედებს  15 აპრილამდე.

 

მესაკუთრე ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაზე დაშენებას გეგმავს

ბათუმში, მემედ აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე, მესაკუთრეს ერთი სართულის დაშენება სურს. შესაბამისი პროექტით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მესაკუთრემ, შპს „სტარ კაპიტალმა“ უკვე მიმართა. სააგენტო პროექტის განხილვას კულტურული საბჭოს სხდომაზე დღეს, 15 მარტს, გეგმავს.

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 9 მილიონ 200 ათას ლარად და პირობით 2017 წლის ნოემბერში გაყიდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, მყიდველმა 24 თვის ვადაში ამ შენობაში არანაკლებ ოცნომრიანი სასტუმრო, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა გახსნას და არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს;

ამ დროისთვის მფლობელი შენობის ინტერიერის დასუფთავებისა და სარემონტოდ მომზადების სამუშაოებს აწარმოებს. ჯერჯერობით კომპანიას სამუშაოების დაწყების ნებართვა არ აქვს.

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობის ინტერიერი

 

ბათუმი, მემედ აბაშიძის #25, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

კომპანიის მფლობელის, ზურა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, შენობის ინტერიერის პროექტს ბელგიელი დიზაინერი მოამზადებს. ბელგიურმა კომპანიამ მოამზადა დაშენების პროექტიც. ესკიზის მიხედვით, კომპანიას მანსარდის ტიპის სართულის დაშენება სურს ღია აივნით, სადაც მომავალში კაფეს განათავსებს.

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ბათუმში
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა გასულ წელს კომპანია „სტარ კაპიტალმა“ შეიძინა. თავის მხრივ, ეს კომპანია 2015 წელს დააფუძნეს. მისი მფლობელი იგივე კომპანიაა, რომელსაც 2016 წელს აჭარის მთავრობამ მართვაში გადასცა ანბანის კოშკი. მაშინ კომპანიას „ბუსთ ჯორჯია ერქვა“. დაფუძნების ეტაპზე კომპანიის 67 პროცენტი ესპანეთის მოქალაქეს, ბარტოლომე სორელ სელმანკას ეკუთვნოდა, დარჩენილი 33 პროცენტი კი – ზურა ნასყიდაშვილს. რეესტრის მონაცემების მიხედვით, დღეს კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი ზურა ნასყიდაშვილია. კომპანიამ სახელიც შეიცვალა.

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ფულბრაიტის ექვსკვირიანი პროგრამა მასწავლებლებისთვის აშშ-ში

2018-2019 წლების ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების (TEA) პროგრამა დაიწყო. პროგრამაში შეირჩევიან ის პედაგოგები, ვისაც აქვთ მინიმუმ ხუთწლიანი პედაგოგიური მუშაობისა და ლიდერობის გამოცდილება, ასევე, მუშაობენ სრულ განაკვეთზე.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისურის, მათემატიკის,  ბუნების, სოციალური მეცნიერებებისა და სპეციალური განათლების მასწავლებლებს. აპლიკანტები უცხო ენას საშუალო დონეზე მაინც უნდა ფლობდნენ.

მასწავლებლები, რომლებიც ფულბრაიტის (TEA) პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ, ამერიკაში ვიზიტისას, მიიღებენ გამოცდილებას მასპინძელი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში.

დააკვირდებიან კლასებს და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ამერიკელ კოლეგებს აშშ-ს საშუალო სკოლებში. მონაწილეობას მიიღებენ ონლაინპროფესიულ სწავლებაში და გაიზიარებენ კოლეგების გამოცდილებას.

პროგრამის განმავლობაში პედაგოგები მონაწილეობას მიიღებენ ყოველკვირეულ სემინარებში მასპინძელი ქვეყნის უნივერსიტეტებში პრეზენტაციებსა და დისკუსიებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, ფაკულტეტის წევრები და მოწვეული საგანმანათლებლო ექსპერტები.

აკადემიურ სემინარებზე ყურადღება გამახვილდება სწავლების ახალ მეთოდოლოგიებზე, სასწავლო გეგმების შემუშავებზე, გაკვეთილის დაგეგმვასა და ტექნოლოგიურ სწავლებაზე.

მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებშიც. პროგრამის მონაწილეები საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიღებულ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ.

პროგრამა ექვსკვირიანია. პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 25 მარტს დასრულდება.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ამ გვერდზე.

სარფში არადეკლარირებული სტომატოლოგიური საშუალებები აღმოაჩინეს

სარფის საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სტომატოლოგიური საშუალებები აღმოაჩინეს. საქონელი მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის დ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის რენდგენო-სკანერით დასკანერებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად პირველ მარტს აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

მათივე ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 766 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.

15 ლარი – ბათუმის საბაგიროთი მგზავრობის ფასი

ბათუმის საბაგიროთი მგზავრობის ფასი წელსაც 15 ლარი იქნება. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ახლო გაზაფხულზე თუ ტურისტულ სეზონზე ვიზიტორებს ამ ფასად მოემსახურებიან.

საბაგირო გზით სარგებლობა ერთი ადამიანისთვის 15 ლარია, ხუთ წლამდე ბავშვებისთვის – უფასო, ხუთი-თორმეტი წლის ბავშვებისთვის კი – 5 ლარი. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ საბაგიროს ღირებულება ევროპულ ფასებს შეესაბამება.

კომპანიის ინფორმაციით, საბაგიროთი სკოლის მოსწავლეებიც 5 ლარად ისარგებლებენ – ოღონდ სკოლის დირექციამ მათ წერილობით უნდა მიმართოს.

უფასო იქნება საბაგირო აჭარის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის. ამ შემთხვევაშიც კომპანიას სკოლის დირექციამ უნდა მიმართოს.

როგორც კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ჯერჯერობით ამ შეღავათების მისაღებად მათთვის არც ერთ სკოლას არ მიუმართავს.

კომპანია ფასდაკლების მიღების კიდევ ერთ გზას სთავაზობს მგზავრებს – უფასოდ იმგზავრებთ, თუკი ბათუმგორაზე არსებულ  რესტორან „არგოს“ 25-ლარიან ვაუჩერს შეიძენთ.

კომპანიაში ამბობენ, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მათი ინფორმაციით, მარტში გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა თურქეთიდან და ისრაელიდან, თუმცა კომპანიაში არ სურთ ზუსტი სტატისტიკის გასაჯაროება – რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ამ პერიოდში მათი მომსახურებით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც ვიზიტორთა რაოდენობას ძირითადად ტურისტული სეზონის მიხედვით ითვლის, ბათუმის საბაგიროთი სარგებლობა, გასულ წელს, 19 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. 2017 წლის ივნის-აგვისტოს მონაცემებით, საბაგიროთი 190 343-მა ვიზიტორმა ისარგებლა, ხოლო ბოლო რვა თვის მონაცემებით – 214 602-მა ვიზიტორმა.

2600 მეტრი სიგრძის საბაგირო „არგოს“ სამშენებლო კომპანია „ჰესტოკ ბათუმი“ ფლობს. საბაგირო გზა 2013 წელს გაიხსნა. თავდაპირველად მგზავრობის ფასი 3 ლარი იყო.

სასტუმრო და რესტორანი ბათუმის გორაზე.

ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა იტალიაში ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა

ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა იტალიაში, აგრიჯენტოში გამართულ ფოლკლორულ საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა. ანსამბლი ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ბაზაზე მუშაობს.

ქორეოგრაფიული ანსამბლი იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე 4 მარტს გაემგზავრა. გასტროლისთვის ხარჯების ნაწილი ბათუმის მერიამ დაფარა.

აგრიჯენტოში, “ნუშის ყვავილობის საერთაშორისო ფესტივალი” წელს 73-ედ ჩატარდა. იგი ყოველ წელს თებერვლის დასაწყისში იწყება და ერთ კვირას გრძელდება. წელს ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის 20 ანსამბლი მონაწილეობდა.

ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი 1992 წელს დაარსდა. წელს იგი 26 წლის ხდება.

თორნიკე თავაძის ფოტო

მერიაში არ იციან, რა თანხა შევიდა ბიუჯეტში ტროტუარების მოღობვიდან [ფოტო] 

კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს კანონი ავალდებულებს, დროებით სარგებლობაში აღებული ტროტუარის ყოველ 1 კვ/მ-ზე თვეში 1 ლარი გადაიხადონ. მშენებლობის დამცავი ღობეებით ბათუმში არაერთი ტროტუარი სანახევროდ ან მთლიანადაა გადაკეტილი. ეს უსახური ღობეები, ერთი მხრივ, აზიანებს ქალაქის იერსახეს, მეორე მხრივ კი, ფეხით მოსიარულეებს მანქანების ნაკადში აიძულებს მოძრაობას.

კანონი მოღობილი ტროტუარის მოსაკრებლის შესახებ თითქმის ერთი წელია ამოქმედდა, თუმცა ბათუმის მერიაში არ იციან, რა თანხა შედის ქალაქის ბიუჯეტში იმ გადასახადების სახით, რომელსაც საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობისთვის იხდიან. მერიისგან წერილობით მიღებული დოკუმენტებიდან შეუძლებელია იმის გარკვევაც, თუ ვის არ აქვს გადახდილი აღნიშნული გადასახადი.

„გეგზავნებათ საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობისათვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია. აქვე გაცნობებთ, რომ მოსარგებლეთა მიერ რიგი გადახდებისას არ არის მითითებული გადახდის დანიშნულება. შესაბამისად, ვერ მოხდა მათი სრული იდენტიფიცირება ზემოთ მოცემულ მოსაკრებლის სახეობაში“, – აღნიშნულია მერიისგან მიღებულ დოკუმენტებში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიწის იჯარიდან და მართვაში [უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვა] გადაცემიდან მიღებულმა შემოსავალმა 2017 წელს 918 ათას 747 ლარი შეადგინა. აქედან, საზოგადოებრივი სივრცის დროებით სარგებლობის მოსაკრებელი [რისი იდენტიფიცირებაც მერიამ მოახერხა] არის 219 ათას 600 ლარი, დანარჩენი კი მიწის იჯარიდან და მართვაში გადაცემიდან მიღებული შემოსავალია.

მერიისგან გამოვითხოვეთ იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთა ჩამონათვალიც, რომლებსაც საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის თვითნებური შეზღუდვისთვის ან/და საკრებულოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევისთვის დაეკისრათ პასუხისმგებლობა ან ზიანის ანაზღაურება. ბათუმის მერიამ მხოლოდ ეს ინფორმაცია მოგვაწოდა:

„ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლების მიერ 2017 წლის 27 მარტიდან დღემდე საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის თვითნებურად შეზღუდვისათვის დაწერილია 208 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“.

ზედამხედველობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ ეს ოქმები, ძირთადად, უნებართვო გარევაჭრობას [საფეხმავლო სავალი ნაწილის შეზღუდვებს] უკავშირდება და არა მხოლოდ მშენებლობის დამცავი ღობეებით შემოსაზღვრულ ტროტუარებს.

„საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი“, ახალი რედაქციით, ბათუმის საკრებულომ 2017 წელს დაამტკიცა და ის იმავე წლის 27 მარტიდან ამოქმედდა.

ამ წესის მიხედვით, საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობისთვის, ასევე სა­ზო­გადოებრივ სივ­რცეში სხვადასხვა ნივთის განთავსებისთვის, დაინტერესებულმა პირმა ბათუმის ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს გარკვეული საზღაური.

გადასახდელი საზღაური განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:

[checklist]

  • 1 გრძივი მეტრი სიგრძის ხაზობრივი ნაგებობის განთავსება – 1 ლარი;
  • საზოგადოებრივ ტერი­ტო­რია­ზე/სივ­რ­ცეში სამშენებლო [დამცავი, უსაფრთხოების] ღობის გან­თავ­სე­ბა – საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის ყოველ შეზღუდულ 1კვ/მ-ზე თვეში 1 ლარი;
  • საზოგადოებრივ ტერი­ტო­რია­ზე/სივ­რ­ცეში სხვადასხვა ნივთის [მათ შორის, კიბის უჯ­რე­დის, აგ­რე­გა­ტის და სხვა მსგავსი ტიპის ნივთის/ნაგებობის] განთავსება – ერთი ერთეული ნივთი 1 000 ლარი.
  • გზაჯვარედინებზე არსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხით სარგებლობა – 1 გრძივი მეტრი 83 ლარი.

[/checklist]

ამავე წესის მიხედვით, საზღაურს იხდიან ერთჯერადად, წინასწარ, საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის, სა­ზო­გადოებრივ ტერი­ტო­რიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთის განთავსების ხელშეკ­რუ­ლე­ბის გაფორ­მე­ბამ­დე, ანუ, თანხ­მო­ბის/ნებართვის გაცემამდე.

დადგენილი საზღაურის გადახდისაგან თავისუფლდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ორგანოები, ასევე მათ მიერ დაფუძნებული [მათ დაქვემდებარებაში არსებული] ორგანიზაციები.

რაც შეეხება უსახურ ღობეებს, ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ბოლო ერთი წელია სამშენებლო ღობის კონსტრუქცია და ზომები შეტანილია ძირითად პროექტში და ამ პროექტის მიხედვით იხილავენ ღობის საკითხსაც.

„ქალაქში ზოგიერთ ადგილზე უკვე გამოსწორდა მდგომარეობა ამ კუთხით, ესთეტიკურ სილამაზესაც აძლევენ უკვე. ძველ ღობეებს კი ვერაფერი მოვუხერხეთ – იწერება ოქმები და იგზავნება სასამართლოში. სასამართლო შემდეგ ან აჯარიმებს, ან არა. ჯარიმაც დაბალია, სადღაც 50 ლარამდე. ვცდილობთ გამოვასწოროთ მდგომარეობა უსახური ღობეების მხრივ… ბევრი მშენებელი ასწორებს კიდეც, ნელ-ნელა უკვე კულტურა შეეცვალათ“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

[red_box]ფოტორეპორტაჟი ბათუმის ქუჩებიდან[/red_box]

ბათუმი / ფოტოები გადაღებულია 2018 წლის 10-15 მარტს

მერიამ ბათუმში, თბილისის მოედანზე, პარკირების საფასური განსაზღვრა

ბათუმში, თბილისის მოედანზე, ავტომანქანის ერთი საათით  გაჩერების საფასური ერთი ლარი იქნება – მერიამ შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შესახებ  პროექტი საკრებულოს უკვე წარუდგინა. საკითხი დასამტკიცებლად ხვალ, 16 მარტს, დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

მერია პარკირების საერთო და სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასურის დადგენის შესახებ ბათუმის საკრებულოს 2013 წლის დადგენილებაში ცვლილებას ითხოვს. ცვლილების შესახებ პროექტის თანახმად მერიაში მიიჩნევენ, რომ ბათუმში, თბილისის მოედანზე, პარკირების ადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაცია, მათ შორის მუნიციპალური ავტობუსისთვის გამოყოფილი სპეციალური გაჩერების ადგილები, დადებით გავლენას მოახდენს ქალაქში კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზებულად მოძრაობაზე და ამ მიმართულებით ქალაქში შექმნილ სიტუაციას გააუმჯობესებს.

 

მერია თბილისის მოედანზე  კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ამ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკირების ადგილი ორმოცი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, ავტობუსების გაჩერება და პარკომეტრი – სწრაფი გადახდის აპარატი.  ამ ყველაფრის ხარჯებს მერია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის “ ბიუჯეტიდან გაიღებს.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კოლეგის კომპანიისა და მოქალაქეების დაპირისპირებაზე

როგორ შეაფასეს კოლეგის კომპანიის საქმიანობა უმაღლეს საბჭოში მას შემდეგ, რაც ხვიჩა შარაშიძის საკუთრებაში არსებული შპს „ჩემი სახლის“ მიერ წამოწყებულ სამშენებლო პროცესზე ტელევიზიებმაც მოამზადეს სიუჟეტები და ამ თემას „ფეისბუქშიც“ დიდი განხილვა მოჰყვა.

ახალი მშენებლობის გამო დეპუტატის კომპანიამ მომიჯნავედ, სამსართულიან სახლში მცხოვრებ სამ ოჯახს ფანჯრები გააუქმა. კომპანიამ მათ სახლზე ნაწილობრივ მოჭრა სახანძრო კიბე და კედლიდან ჩამოხსნა ერთ-ერთი ოჯახის კონდიციონერი.

უქმნის თუ არა ეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს უხერხულობას, დაინტერესდნენ თუ არა ისინი ამ საკითხით და დაუსვეს თუ არა კოლეგას კითხვები – ამ თემაზე „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ უპასუხა.

ბატონო დავით, თქვენი კოლეგის სამშენებლო კომპანიის საქმიანობაზე გაიგებდით ალბათ. ამომრჩეველი ამბობს, რომ დეპუტატი მათ უფლებებს არღვევს.

თუ ეს სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობაა, ეს უნდა გადაწყვიტოს იურიდიულმა კომისიამ. ეს კომისია, ბუნებრივია, ჩემთან ერთად გაეცნო საკითხს და საბოლოო ჯამში ის გადაწყვეტს.

ჩვენ ვიცით, რომ დეპუტატს ეს საკითხი იურიდიულად მოგვარებული აქვს – კომპანია მართვაში აქვს გადაბარებული თავისი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენ გვაინტერესებს, დეპუტატის კომპანია ხომ არ არღვევს ამომრჩევლის უფლებებს?

არც ერთი მოქალაქის უფლება რომ არ უნდა ირღვეოდეს, ამაზე შევთანხმდეთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს დეპუტატის მხრიდან ხდება თუ რიგითი მოქალაქის. ირღვევა თუ არა მოქალაქის უფლება, ამის დამდგენი სუბიექტი მე არ ვარ. თუ ირღვევა, ამას აქვს შესაბამისი პროცედურები, ამ ქვეყანაში არსებობს სასამართლო, უნდა გასაჩივრდეს ნებართვის კანონიერება, ან მიმდინარე მშენებლობა ჯდება თუ არა ნებართვის ფარგლებში. აქედან გამომდინარე მე ვერ გეტყვით, რომ ეს საკითხი ჩვენ ისე შევისწავლეთ, რომ შემიძლია შევაფასო ჯერ მშენებლობის ნებართვის კანონიერება და შემდეგ ამ მშენებლობის შესაბამისობა ნებართვასთან.

ამან უხერხულობა თუ შეუქმნა უმაღლესი საბჭოს – დაუსვით თუ არა კითხვები კოლეგას?

თქვენ როგორ ფიქრობთ? – ადამიანები თუ ფიქრობენ, რომ უმაღლესი საბჭოს წევრი ამომრჩევლის უფლებებს არღვევს, ეს არ შეგვიქმნის უხერხულობას? – მაგრამ ამ უხერხულობის დასაბუთების ან გაქარწყლების საშუალება, იმის დამტკიცება ნამდვილად ირღვევა თუ არა კანონი – ეს არ მაქვს შესწავლილი. უხერხულობას ხელისუფლებაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს ასეთი ქმედება ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, მით უმეტეს თუ ეს არის დეპუტატი. თუკი კანონს აცდენილ ქმედებასთან გვაქვს საქმე, მაქვს მე ახლა ამის საფუძველი ან თქვენ – თქვენ ცოტა უფრო შეიძლება გაბედული იყოთ ამ ნაბიჯში, მაგრამ მე გამომდინარე იქედან, რომ საჯარო თანამდებობის პირი ვარ და ჩემს სიტყვას უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, გეუბნებით, რომ მე არ მაქვს ამ წუთას საფუძველი ვთქვა, რომ აუცილებლად ირღვევა იქ ვინმეს უფლებები.

თუკი ვინმეს უფლება ირღვევა, ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და თუკი სამართლებრივი რეაგირების შემდეგ დადგინდება, რომ ნამდვილად არის დარღვევა ვინმეს მხრიდან, ბუნებრივია, ეს არის შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

მოშენებულ ფანჯრებს რომ თავი დავანებოთ, მაშინ, როცა ამ ქალაქში ახალ მშენებლობებთან მიმართებაში უსაფრთხოების პრობლემებზე არგუმენტირებულად საუბრობენ, დეპუტატის კომპანიამ ძველ სახლზე სახანძრო კიბე გააუქმა. ამას როგორ აფასებთ?

ამისათვის არსებობს მერია და ზედამხედველობის სამსახური, რა უნდა გავაკეთო, ყველა მშენებლობას მე ხომ ვერ ჩამოვივლი. ამაში იღებენ ხელფასს მერიის სანებართვო სამსახურები, ისევე, როგორც მე საკანონმდებლო საქმიანობაში. მათ უნდა ჰკითხოთ სახანძრო კიბის მოხსნა ამ შემთხვევაში ხომ არ არღვევს უსაფრთხოების წესებს.

რ გეკითხებით სამშენებლო წესების დარღვევაზე. მე იმაზე გეკითხებით, დეპუტატის მოვალეობა არის თუ არა ამომრჩევლის უფლებების დაცვა?

მე არ ვამბობ, რატომ მისვამთ ამ კითხვებს-მეთქი. ვცდილობ ჩემი, როგორც იურისტის შესაძლებლობიდან გამომდინარე სწორ მისამართზე გაგიყვანოთ. თუ კითხვა ჩნდება: ირღვევა თუ არა ადამიანების უფლებები, უფლებათა დაცვის კომისია გვაქვს და ამ შემთხვევაში სწორი მიმართულება იქნება, თუ ამ კომისიის წინაშეც დაისმება ეს საკითხი. საბოლოოდ ეს უნდა გავიდეს იმ ხაზზე, მშენებლობის ნებართვა სწორადაა თუ არა გაცემული და ნებართვის საფუძველზე სწორად მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა.

ის, რომ დეპუტატის სახელი ტრიალებს მართებულად თუ არამართებულად უარყოფით კონტექსტში, ეს უხერხულობას, რასაკვირველია, შექმნის. ეს არის კითხვა იმაზე ორჯერ ორი ოთხია თუ არა, ოთხია, კი ბატონო.

დეპუტატი ხვიჩა შარაშიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“. ის პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა – 2006-2016 წლებში  სამშენებლო კომპანიების მფლობელი იყო.

ამავე თემაზე:

დეპუტატის კომპანიამ მეზობელ სახლზე სახანძრო კიბე მოჭრა და ფანჯრები გააუქმა

„სკოლის მართვა“- სპეციალური ჟურნალი სკოლის დირექტორებისთვის

„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში სკოლის დირექტორებისთვის სპეციალური ჟურნალი გამოიცა, სახელწოდებით, – „სკოლის მართვა“.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ განუმარტეს, ჟურნალში წარმოდგენილი სტატიების ავტორები მოქმედი დირექტორები, განათლების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ავტორები არიან.

„ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს დირექტორებს, უკეთ გააცნობიერონ მართვის საერთაშორისო და ეროვნული პრობლემატიკა, მოარგონ არსებული გამოცდილება საკუთარი სკოლის კონტექსტს და მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული გახადონ სკოლა.

გამოცემაში თავმოყრილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მართვის აქტუალური თემატიკა, მართვის საუკეთესო პრაქტიკა, ინტერვიუები განათლების სპეციალისტებთან და სხვა“.

ჟურნალი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და „სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ თანამშრომლობით გამოიცა. ჟურნალის პრეზენტაცია დღეს, 15 მარტს, 16:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება.

ჟურნალი ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.

 

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე

ლიბიის ციხეში ექვსთვიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაური, ნუკრი ხოხბა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მეზღვაური საქართველოში 13 მარტს დაბრუნდა. ლიბიის ორ სხვადასხვა  ციხეში ამ დრომდე საქართველოს სამი მოქალაქე რჩება – ნუკრი ხოხბასთან ერთად 6 თვის წინ დაკავებული გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე. კიდევ ერთი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე კი 2 წელი და 6 თვეა ლიბიის ციხეში იხდის სასჯელს.

ტყვეობის პირველი დღეები

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილ ნავთობმზიდ ტანკერ REX-ზე ნუკრი ხოხბა 2017 წლის 11 ივნისს ავიდა. ნუკრის გარდა ეკიპაჟის შემადგენლობაში იყო თურქეთის ხუთი და ინდოეთის ორი მოქალაქე. გემის კაპიტანი ქართველი გენადი კომახიძე იყო, კაპიტნის თანაშემწე კი – რომან კაკალაძე.

ეკიპაჟმა იცოდა, რომ ნავთობმზიდზე უნდა ემუშავათ, რომელიც მალტა-თურქეთის მიმართულებით იცურებდა. ივლისში ტანკერმა თურქეთის ქალაქ ტუზლას პორტი დატოვა და მალტაში ჩავიდა. ნუკრი ხოხბა იხსენებს, რომ ეკიპაჟის არც ერთ წევრს სამუშაო კონტრაქტი არ ჰქონია. ტუზლაში, როცა კონტრაქტის გაფორმება მოითხოვეს, კომპანიის წარმომადგენელმა უარი განუცხადა გაფორმებაზე, რადგან გამოსაცდელი დრო გასული არ იყო. ნუკრი ამბობს, რომ ერთი თვის გასვლის შემდეგ ისევ მოითხოვა კონტრაქტი, თუმცა უშედეგოდ.

ტანკერ REX-მა მალტა 2017 წლის 28 აგვისტოს დატოვა და ლიბიისკენ წავიდა.

„როცა გემი რომელიმე პორტისკენ მიდის, კაპიტნის თანაშემწემ უნდა შეამოწმოს რუკაზე და მეზღვაურის წიგნში რაიმე აკრძალვა ხომ არაა. ლიბიაში არანაირი აკრძალვა არ იყო და ყველა ჩანაწერი მიუთითებდა, რომ გადაადგილება თავისუფლად შეგვეძლო. დაახლოებით 15 საათი ვიცურეთ. ლიბიას რომ მივუახლოვდით, გემზე ოთხი შეიარაღებული პირი ამოვიდა. შევეკითხე ბოცმანს, რომელმაც მითხრა, რომ კომპანიის ბრძანებით მოქმედებდნენ, ლიბიაში არეულობა იყო და ეს 4 ადამიანი პორტში ჩვენს უსაფრთხოდ შეყვანაზე იქნებოდა პასუხისმგებელი.

დაახლოებით 14 საათი ვტვირთავდით აბუ კამაშის პორტში ტანკერს. როცა დაიტვირთა, წამოვედით. დაახლოებით 120 მილით ვიყავით საპორტო ქალაქიდან დაშორებული, უკვე საერთაშორისო ზღვებში ვიყავით გასული, როცა ღამის ორ საათზე ბოცმანმა გაგვაღვიძა და გემბანზე გაგვიყვანა. ვიკითხეთ რა ხდებოდა. აგვიხსნეს, რომ ბრძანება მოვიდა გემის გაჩერების თაობაზე. ცოტა ხანში გემზე შეიარაღებული ხალხი ამოვიდა და გვიბრძანეს მუხლებზე დაჩოქება. ვიფიქრე, რომ ტერორისტები იყვნენ და ჩვენი საქმე წასული იყო. ათი წუთის მერე დაუძახეს კაპიტანს და გემის მექანიკოსს. აამუშავეს გემი და ტრიპოლის პორტში წაგვიყვანეს.

11 დღე დაგვტოვეს გემზე. შემდეგ მოვიდნენ პროკურატურის თანამშრომლები და წაგვიყვანეს  პროკურატურაში. ჩვენ რუსული ენის მცოდნე თარჯიმანი გვყავდა, თურქებს – თურქულის. პროკურატურიდან ტაჯურას ციხეში გადაგვიყვანეს, რომელიც უცხოელებისთვისაა განკუთვნილი”.

ტაჯურას ციხე

„ლიბიელი პატიმრები ამბობდნენ, რომ იქ ადრე, კადაფის დროს, ტელევიზორებიც ყოფილა, მაგრამ ახლა განადგურებული და გაპარტახებულია. საშინელი კვება იყო ციხეში. აკეთებდნენ საჭმელს, მაგრამ არ იყო კარგი. დილით საუზმეზე 30 გრამი პური გვქონდა, შუადღეზე ან მაკარონი ან ბრინჯის წვნიანი, საღამოს სუპი მოდიოდა, რომელსაც არავინ არ ჭამდა. შესახედავადაც საშინელი იყო. ლიბიელები ოჯახის წევრების მოტანილით იკვებებოდნენ, ჩვენ არავინ გვყავდა, ვინც საჭმელს მოგვიტანდა. ჩვენ რომ მივედით, 45 კაცი დაგვხვდა ციხეში. ლიბიელები იყვნენ და უფრო მეტი აფრიკის კონტინენტიდან – განა, სუდანი, ჩადი, ეგვიპტე.

ლიბიელებმა ორმა იცოდა მხოლოდ ინგლისური,  ნიგერიელებმა იცოდნენ და გვეხმარებოდნენ. ხანდახან შემოგვძახებდნენ – ნუ ფიქრობთ ცუდზე, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ აქ ვართო. სიგარეტი იყო თუ საკვები, ყველაფერს გვაძლევდნენ.

ადვოკატი

ნუკრი იხსენებს, რომ ისედაც სტრესის ქვეშ მყოფი მეზღვაურები, ადვოკატთან დაკავშირებულმა გაუგებრობამ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდო. პირველი ორი თვის განმავლობაში დაკავებულებს ადვოკატი თვალით არ უნახავთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურებს უკავშირდებოდა და ეუბნებოდა, რომ მათ მიერ დაქირავებული ადვოკატის ლიბიაში შესვლა ჭიანურდებოდა. საბოლოოდ ლიბიელი ადვოკატი დაკავებულ ქართველ მეზღვაურებთან უნგრეთის საკონსულოს თარჯიმნის თანხლებით მივიდა.

„გვითხრა, თქვენი ადვოკატი ვარ და დაგეხმარებით, რა გჭირდებათ მითხარითო. ჩუსტები არ მქონდა, ლიბიელი პატიმრის ჩუსტი მეცვა, ამიტომ ჩუსტების მიტანა და პროდუქტი ვთხოვეთ. საკვები ძალიან გვჭირდებოდა. 15 დღის შემდეგ სამი ჩემოდანი ტანსაცმელი მოგვიტანეს და არც ერთი გრამი საკვები. ტანსაცმელი ისედაც გვქონდა. გემიდან როცა ციხეში გადმოვყავდით, მოგვცეს ტანსაცმლის წაღების უფლება. საკვები გვჭირდებოდა. მერე ვიფიქრეთ, რომ ფული გამოეგზავნათ ახლობლებს და ჩვენით გვეყიდა საჭმელი. სატესტოდ გადმოვარიცხინეთ ლიბიელი ადვოკატისთვის 40 დოლარი. ველოდეთ რომ მოგვიტანდა, მაგრამ აქაც მოგვატყუა. ბოლოს ავდექით და უნგრეთის საკონსულოში დავრეკეთ. მოვიტყუეთ, თითქოს 200 დინარის [20 დოლარი] პროდუქტი ვიყიდეთ ნისიად ლიბიელი პატიმრის ოჯახის დახმარებით და ფული გვჭირდებოდა. ვთხოვეთ, ადვოკატს გადმოერიცხა ჩვენი 20 დოლარი. საკონსულოს ჩარევამ ის შედეგი გამოიღო, რომ ადვოკატმა 10 დინარი [1 დოლარი] გადმოგვირიცხა. ახლა მეტი არ მაქვსო.

პატიმრობის პირველი ორი თვე ვბრაზობდით, რომ არავინ ყურადღებას არ გვაქცევდა. არ ვიცოდით, რა სიტუაცია იყო. რატომ არ გვაქცევს არავინ ყურადღებას? რატომ არ მოდის ადვოკატი? გამუდმებით ვსვამდით ამ კითხვებს. მერე, როცა შევისწავლეთ იქაური სიტუაცია, მივხვდით, რომ ყველა იტყუება – ადვოკატებიც და პროკურატურაც. ნებისმიერი სხვა ადვოკატი რომ მოგეყვანა, შეიძლება იმაზე უარესი აღმოჩენილიყო, ვიდრე გვყავდა.

პასუხისმგებლობა

ჩვენ გვიბრძანეს, რომ ტვირთი წამოგვეღო ლიბიიდან. როცა ტანკერი დაიტვირთა, მახსოვს კაპიტნის ჩხუბს შევესწარი. კაპიტანი ითხოვდა ტვირთის დამადასტურებელი დოკუმენტები მიეცათ მისთვის. კომპანიის მეპატრონეს თანხა გადახდილი ჰქონდა. ყველაფერი წესრიგში იყო. გემის მეპატრონემ პორტის დატოვების ბრძანება მოგვცა და გვითხრა, რომ დოკუმენტებს გზაში მივიღებდით. მერე როცა დაგვაპატიმრეს, გემის მეპატრონე გაქრა. დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგ ორი დღით დაგვაბრუნეს გემზე საწვავისგან რომ დაგვეცალა. ჩვენთან ერთად იყო გამომძიებელიც, რომელმაც ჩართო გემის ტელეფონი. ტელეფონი რომ ჩაირთო, სიგნალი მივიდა, დარეკეს კომპანიიდან. ტელეფონს გამომძიებელმა უპასუხა. გემის მეპატრონემ კაპიტანს დააბრალა, ჩემი ნებართვის გარეშე წავიდნენ ლიბიაში, გემი გაიტაცესო. ეს აბსურდი ბრალდებაა. გემი განსაზღვრულ დროში თავისი ადგილმდებარეობის შესახებ აწვდის კომპანიას ინფორმაციას და ყველა ჩვენი შეტყობინება ასახული იყო ჩანაწერებში.

1 დოლარი ღირს 65 ლიტრი ნავთობი ლიბიაში, მალტაზე 60-70 ცენტად იყიდება ლიტრი. ლიბიაში ოჯახებს აქვთ საკუთარი ჭაბურღილები, ეძებენ კომპანიებს, რომლებსაც ამ ნავთობს მიჰყიდიან. ჩვენი გემის მეპატრონემ კაპიტანი დაარწმუნა, რომ ყველაფერი კანონიერად ხდებოდა. 910 ტონა ნავთობი გვქონდა გემზე, როცა დაგვაკავეს და ტრიპოლის პორტში გადაგვიყვანეს.

რა მდგომარეობაში არიან ლიბიის ციხეში დარჩენილი ქართველი მეზღვაურები

სამშობლოში დაბრუნებული მეზღვაურის თქმით, ემოციურად მძიმე იყო იმის გაგება, რომ მასთან ერთად დაკავებულებს  არ გაათავისუფლებდნენ. ნუკრი ხოხბას თქმით,  თავდაპირველი ინფორმაციით, ყველას გათავისუფლება იგეგმებოდა.

“კაპიტანს, გენადი კომახიძეს ოპერაცია ესაჭიროებოდა. აპირებდნენ მისთვის ლიბიაში გაეკეთებინათ ოპერაცია, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ გვიშვებდნენ. გენადიმ თქვა, რადგან საქართველოში დაბრუნება შეგვიძლია, მოვიცდი და იქ გავიკეთებო. ბოლო წუთამდე გვეგონა, რომ ყველას გვიშვებდნენ. როცა გათავისუფლების დრო მოვიდა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ეკიპაჟის წევრები გაგვათავისუფლეს, კაპიტანი და კაპიტნის თანაშემწე კი – არა. თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, ბოდიში მოგვიხადეს იმის გამო, რომ ასე მოხდა”.

2015 წელს დაკავებულ სოსლან კაკაბაძის შესახებ [ის ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მუშაობდა მზარეულად] ნუკრი უმნიშვნელო ინფორმაციას ფლობს.

როდის გაათავისუფლებენ დაკავებულ მეზღვაურებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მუშაობს დაკავებული ქართველი მეზღვაურების გამოსახსნელად. ნუკრი ხოხბამ 14 მარტს  ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ ლიბიაში დარჩენილი მეზღვაურები მათთან ქართული დელეგაციის ჩასვლას ითხოვენ, რადგან, თუ ქართული დელეგაცია იქნება ლიბიაში, ამას ექნება ეფექტი და მეზღვაურებს უფრო მალე გაათავისუფლებენ.

“ლიბიაში მძიმე პოლიტიკური ფონია, ამის გამო სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით მუშაობენ, რაც, თავის მხრივ, აფერხებს საქმის მსვლელობას. სწორედ ამის გამო ვგეგმავთ დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას – მოიაზრება ქართული მხარის საგარეო და საზღვაო უწყებების ერთობლივი ვიზიტი ლიბიაში,” – უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მეზღვაური ნუკრი ხოხბა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, 14 მარტს გამართულ შეხვედრაზე

დაკარგული 1,4 მილიონი – „იაფი სახლის“ პროექტში გარანტორ ბანკს შემოსავლები არ ჰქონდა 

ბრიტანული ბანკი, რომელიც „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გარანტორი იყო, როგორც აღმოჩნდა, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა და, შესაბამისად, არც შემოსავლები ჰქონდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ კი 2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 621 185 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტამდე კომპანიამ  მხოლოდ ერთი შუალედური მიწოდება განახორციელა 251 109 ლარის ოდენობით, საიდანაც ხელშეკრულების შესაბამისად, ავანსად გადახდილი თანხიდან გაიქვითა 190 843 ლარი.

ბათუმის მერის 2016 წლის ოქტომბრის ბრძანებით, ხელშეკრულება კომპანიასთან ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი. კომპანიას დაეკისრა 213 999 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა და 1 430 342 ლარის საავანსო თანხის დაბრუნება. აუდიტის ინფორმაციით, მიმწოდებელი და გარანტორი კომპანიების მიერ არც ერთი ვალდებულება ამ დრომდე შესრულებული არ არის.

„კონვენტ ჯორჯიამ“ მერიაში საავანსო ანგარიშსწორებისთვის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული POINT BANK Ltd-ის მიერ გაცემული გარანტია წარადგინა 1 626 396 ლარზე.

გარანტია ფორმალურად ავიზირებული იყო სს „ბაზისბანკის“ მიერ. ავიზირების წერილში აღნიშნულია, რომ „ბაზისბანკი“ არ ფლობდა ინფორმაციას გარანტორის და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ. ასევე „ბაზისბანკი“ არ იღებდა არანაირ ფინანსურ და სხვა სახის ვალდებულებას ბენეფიციარის [„კონვენტ ჯორჯიას“] წინაშე. მიუხედავად ამისა, ბანკის გადახდისუნარიანობა ბათუმის მერიას არ გადაუმოწმებია.

„ხვალ და ზეგ რომ მოვიდეს ვინმე და მოიტანოს უცხოური ბანკის გარანტია და ქართული ბანკი ტრანზაქციას უკეთებს, მე არ მაქვს უფლება, უარი ვუთხრა, მაგრამ კანონს დავარღვევ და უარს ვეტყვი… გამოცდილება ზოგჯერ კარგია და ზოგჯერ ცუდი – ერთი „პოინტ ბანკის“ გამო არ უნდა დაზარალდეს საქმე,“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებთან“ 2016 წლის დეკემბერში, როცა „იაფი სახლის“ პროექტში გამარჯვებული კომპანიის გაუჩინარებაზე ისაუბრა.

ქალაქის ყოფილმა მერმა მაშინ განაცხადა, რომ ლონდონში ვიზიტით მიემგზავრებოდა, ავანსად გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებაზე მოსალაპარაკებლად.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარანტორი კომპანიის – POINT BANK Ltd-ის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, ბათუმის მერიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, იურიდიულ მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმა გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ კომპანია „ფლექსიჯობსთან“;

აღნიშნული კომპანიის მიერ მოკვლეული მასალებით, POINT BANK Ltd-ის დაფუძნებიდან დღემდე, თვითდეკლარირების საფუძველზე, მინიჭებული აქვს ე.წ. არააქტიური კომპანიის კოდი, რაც გულისხმობს, რომ კომპანია არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ გააჩნია შემოსავალი.

„მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1 430 342 ლარის ზიანი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

მერიამ შესაძლოა ნურიგელის ტბისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს

მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულო ისტორიულ ზონას დაამტკიცებს, ბათუმის მერიამ შესაძლოა ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებულ ნურიგელის ტბისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს. ინიციატივა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის.

საქმე იმაშია, რომ ბათუმის მერი ისტორიული ზონის „გეოგრაფიკის“ მიერ შეთავაზებული საზღვრების რედაქტირებას ითხოვს. მერის იდეაა, ამ საზღვრებიდან ამოიღონ გორგილაძის ქუჩის ნაწილი და ე.წ. წითელი ზოლი მელიქიშვილის ქუჩაზე გავიდეს, გორგილაძის ქუჩის ნაწილი კი მელიქიშვილის ქუჩიდან ზღვის სანაპირომდე ისტორიულ ზონაში მოექცევა.

მერმა ინიციატივა ქუჩის დანარჩენ ნაწილში უკვე არსებული მაღლივი შენობებითა და მიმდინარე პროექტებით ახსნა: „იქ ისედაც მაღლივი შენობებია და სირთულეებს შევუქმნით მოსახლეობას“.

ლაშა კომახიძის თქმით, მერიის მიზანია, ქალაქს მიეცეს განვითარების სწორი მიმართულება ისტორიული ზონის გარეთ. მან იმედი გამოთქვა, რომ მენაშენეები ახლა უფრო მეტი ინტერესით შეხედავენ ქალაქის სხვა ზონებს.

ამის შესახებ ლაშა კომახიძემ დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ინერტულ მასალას ქედაში 11 კომპანია მოიპოვებს – როდის დაიწყება დაზიანებული გზის აღდგენა

რატომ არ კონტროლდება ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ინერტული მასალის მომპოვებელი კომპანიის მიერ მძიმე ტვირთის გადაადგილება და რა ბედი ელის მწყობრიდან გამოსულ ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთს? – რამდენიმე დღის წინ, „ბათუმელების“ ამ კითხვაზე  აჭარის მთარობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტვირთის გასაკონტროლებლად სასწორებს დააყენებენ, ხოლო დაზიანებული გზის შეკეთებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ამ დრომდე გზის შეკეთება არ დაუწყიათ და არც სასწორები დაუყენებიათ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში სასწორის დაყენებასა და ტვირთის კონტროლთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სხვადასხვა უწყებასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის. რაც შეეხება ცენტრალურ საავტომობილო გზას, ორმული შეკეთება წლის ბოლომდე დასრულდება.

ქედის მერიაში აცხადებენ, რომ მათი კომპეტენცია მხოლოდ ცენტრალური საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანება-დანაგვიანების გაკონტროლებაა და იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი ცენტრალურ საავტომობილო გზას დააზიანებს ან დაანაგვიანებს, დაჯარიმდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შესაბამისად. ჯარიმა 300 ლარია.

„რაც შეეხება გზაზე ტვირთის წონას, წონისა და ტევადობის კონტროლი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ცენტრალურ გზაზე გარემოს დანაგვიანებისთვის მიმდინარე წელს შვიდი მძღოლი დაჯარიმდა,“ – ამბობს სულიკო სურმანიძე, ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  2017 წელს ერთწლიანი ლიცენზია აჭარაში ინერტული მასალის მოპოვებაზე 11 კომპანიას მისცა. ეს კომპანიებია: „ბიზონი“, „გოდერძი“, „დრო“, „ორბი ბეტონი“, „ანაგი“, „ვიქტორია“, „ლუგო“, „ბონდი-2009“, „კალტა“, “„ბათუმის საწარმოო კომბინატი“ და „ბმრ“. მთლიანობაში ნებართვა 525  446 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზეა გაცემული.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასულ წელს 11 კომპანიაზე სხვადასხვა დროს ოცჯერ გაცემული ლიცენზიით, ქედაში ინერტული მასალის მოპოვების უფლება ამ დროისთვის თერთმეტივე კომპანიას აქვს.

11 კომპანიიდან გასულ წელს ყველაზე მეტი – 4 ლიცენზია მოიპოვა შპს „ორბი ბეტონმა“, შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყველაზე მეტი მოცულობის ინერტული მასალის მოპოვების უფლება ამ კომპანიას აქვს მიღებული. სოფელ წონიარისსა და ზვარეში, მთლიანობაში, 99 782 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვების უფლება „ორბი ბეტონს“ სამინისტრომ 2017 წელს აგვისტოსა და ოქტომბერში ერთი წლის ვადით მისცა. სოფელ წონიარისში ამ კომპანიასთან ერთად ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზია აქვს მიღებული შპს „ანაგს“, რომელსაც ამავდროულად ინერტული მასალის მოპოვების უფლება აქვს სოფელ ცხემნაშიც. ამ კომპანიას სამინისტრომ ლიცენზია გასულ წელს სამჯერ მისცა, მთლიანობაში, 86 782 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე.

სამჯერ მიიღო ლიცენზია შპს დრომაც“, სულ 77 980 კუბური მეტრის ამოღებაზე. ორჯერ აქვტ  ლიცენზია მიღებული შპს-ებს – „ბმრ“-სა და „კალთას“ . „ბმრ“-ს ნებართა სოფელ ზვარეში, „კალტას“ კი – სოფელ ცხემნაში.

ინერტულ მასალას კომპანიები ძირითადად მდინარე აჭარისწყლის სანაპიროდან იღებენ. მძიმე ტექნიკას მდინარის სანაპიროებიდან ამოღებული დაუწრეტავი სილა-ხრეში გადასამუშავებლად ქედიდან ხელვაჩაურში ისე გადააქვთ, რომ ტვირთის წონას ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არავინ აკონტროლებს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკის მიერ დასაშვებ ნორმაზე მეტი ტვირთის  მუდმივად გადაზიდვამ საავტომობილო გზა მწყობრიდან გამოიყვანა.

მთავარ ფოტოზე: ინერტული მასალის მოპოვება ქედაში, სოფელ ცხემნაში / ეკა ბარამიძის ფოტო

 

 

ქვეყნებში, სადაც მეტ დროს ანდომებენ ჭამას, ჭარბი წონა ნაკლებად  აწუხებთ – კვლევის შედეგები 

30 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფრანგები ყველაზე მეტ დროს, საშუალოდ 2 საათსა და 13 წუთს, ატარებენ სუფრასთან დღის განმავლობაში.

კვლევა  5 მარტს გამოაქვეყნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-მა. კვლევისას 15 და 64 წლამდე ქალებისა და მამაკაცების ცხოვრების წესს დააკვირდნენ, სამუშაო დროის გამოკლებით.

ფრანგების შემდეგ სიაში იტალიელები არიან, ისინი სუფრასთან დღეში საშუალოდ 2 საათსა და 11 წუთს ატარებენ. სიის მესამე რიგში მყოფი ბერძნები – 2 საათსა და 4 წუთს, ესპანელები – 2 საათსა და 2 წუთს, დანიელები კი 2 საათს ატარებენ სუფრასთან.

ყველაზე ნაკლებ დროს სუფრასთან კი ნიდერლანდებში, შვედეთში, სამხრეთ აფრიკაში, კანადასა და აშშ-ში ატარებენ.

აღმოჩნდა, რომ სუფრასთან დიდი დროის გატარება სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში მოსახლეობის უმეტესობას ჭარბი წონა აწუხებს, პირიქით: სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნებში, სადაც მეტ დროს ანდომებენ სადილ-ვახშამს, ნაკლებად აქვთ წონის პრობლემები და პირიქით: ქვეყნებში, სადაც სუფრასთან ცოტა დროს ატარებენ, მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს ზედმეტი კილოგრამები. ამ ქვეყნებში: აშშ-ში, კანადაში შვედეთსა და ნიდერლანდებში, მაგალითად, საფრანგეთსა და იტალიასთან შედარებით, ბევრად მეტი სწრაფი კვების ობიექტია.

კვლევის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ სუფრასთან გატარებული დროის სხვადასხვაობა ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნების ნაწილია.

წყარო: Le Figaro

ბათუმში ხუთზე მეტ ქუჩაზე ხვალ შუქი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  15 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში 4892 აბონენტს დილის 11-დან 6 საათამდე.

ბათუმში შუქის გარეშე დარჩება ზ.გორგილაძის, ფიროსმანის, ჯავახიშვილის, თამარ მეფის გამზირის, ლერმონტოვისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა, ასევე სოფლებში: წინსვლაში, სალიბაურში, განთიადში, თამარის დასახლების ნაწილში.

შუქი გაითიშება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც:
ქობულეთში –  10:00-დან 17:00 საათამდე შუქი შეეზღუდება 5330 აბნონენტს სოფლებში:ლეღვაშ, ქაქუთში, ჭახათში, ხუცუბანსა და მიმდებარე სოფლებში. ქალაქ ქობულეთში  აღმაშენებლის, რუსთაველის, გურამიშვილის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
ხულოში – 10:00-დან 18:00 საათამდე 2102 აბონენტს სოფლებში: გორგაძეებში, ღორჯომში, წაბლანაში, ბოძაურში, ბეღლეთში.
შუახევსა და ქედაში 11:00დან 18:00 საათამდე 2346 აბონენტს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში:კვაშტაში, ვაიოში, აგარასა და მიმდებარე სოფლებში.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯაბნიძეებში, ტბეთში, მახალაკიძეებში,ოლადაურში, დარჩიძეებსა და მიმდებარე სოფლებში.

 

რა აშენდება ბათუმის ზოოკუთხის ადგილზე – ლაშა კომახიძის განმარტება

ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოკუთხის გადატანაზე ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მერმა განაცხადა, რომ ზოოკუთხის გადატანის შემდეგ ამ ადგილზე მაღლივი კორპუსების მშენებლობა არ იგეგმება.

„…გაჟღერდა, კომახიძე ცდილობს ზოოპარკის გადატანასო. დიახ, ვცდილობ იმიტომ, რომ იქ მცხოვრები ოჯახებისთვის უკვე აუტანელია სუნი და ხმაური. გარდა ამისა, იქ მყოფი ცხოველებისთვის აუტანელია იმ პირობებში ყოფნა, ამიტომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ მოვძებნოთ შესაბამისი გარემო. აქვე მინდა შიში მოვუხსნა ყველას – იქ არ აშენდება კორპუსები. იქ იქნება მხოლოდ და მხოლოდ რეკრეაციული ზონა, რომელსაც ექნება კომერციული დატვირთვა. მე ვგულისხმობ კაფე-ბარებს, ატრაქციონებს და სხვა საშუალებებს“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ შეხვედრაზე.

ამ შეხვედრაზე დღეს ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტი განიხილეს.

ზოოკუთხე ბათუმის ცენტრალურ პარკში [ყოფილი 6 მაისის პარკი] მდებარეობს.

 

ქედაში მცხოვრები 30-მდე ოჯახი განსასახლებელია – გეოლოგიური დასკვნა

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ოჯახი განსასახლებელია, ორი ოჯახი ქვათა ცვენის საფრთხის წინაშე იმყოფება, ექვსი ოჯახის საცხოვრებელი სახლი გამაგრებას საჭიროებს, ხოლო 22 საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედელია მოსაწყობი – ეს დასკვნა გეოლოგებმა ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით ბოლო გეოლოგიური შესწავლის საფუძველზე დაწერეს.

გეოლოგიური დასკვნებით, განსახლებას სოფელ მეძიბნაში მცხოვრები გენადი დუმბაძის, კვაშტაში – შუქრი ბერიძისა და სოფელ აგარაში – თემურ ბერიძის ოჯახები ექვემდებარებიან.

ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით თედორაძე განმარტავს, რომ ოჯახები, რომლებიც განსახლებას ექვემდებარებიან, სამინისტროს 25 000-ლარიან მიზნობრივ პროგრამაში ჩაერთვებიან. რაც შეეხება ქვათა ცვენას, თედორაძე აღნიშნავს, რომ ოჯახები, რომელთა საცხოვრებელ სახლთან, გეოლოგიური დასკვნებით, ქვათა ცვენა არის მოსალოდნელი, მერია ვითარების შესასწავლად სპეციალისტებს მოიწვევს და იმ შემთხვევაში, თუ საფრთხის შემცველი ქვების აფეთქება შესაძლებელია, აფეთქებით დაშლიან ან გაამაგრებენ.

„სახლის ადგილმონაცვლეობის, გამაგრებასა და დამცავი კედლების მოწყობასთან ერთად გეოლოგებმა 21 ოჯახს ჩამონადენი წყლის რეგულირების რეკომენდაცია მისცა,“ – ამბობს დავით თედორაძე.

დავით თედორაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქედის მერიას მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად 351 000 ლარი აქვს გამოყოფილი, გეოლოგების მიერ რეკომენდებულ საცხოვრებელ სახლებთან ფერდსამაგრ სამუშაოებს კი, ეტაპობრივად განახორციელებენ. რაც შეეხება სახლების გამაგრებას, სამსახურის უფროსი ამბობს, რომ  თუ საცხოვრებელ სახლებზე დაზიანებები გეოლოგიური პროცესებით არის გამოწვეული და სახლის გამაგრება დიდ თანხას მოითხოვს, მერია ოჯახებს სახლების გასამაგრებლად ფინანსურად დაეხმარება.

„ბიუჯეტში მეწყერსაწინააღმდეგო  ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა ფერდსამაგრი სამუშაოებისა და საწრეტი არხების მოწყობას გულისხმობს. ეტაპობრივად, საცხოვრებელ სახლებთან ფერდსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. რაც შეეხება სახლების გამაგრებას, თუ საცხოვრებელი სახლის გასამაგრებლად დიდი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, საკითხს განსახილველად სამთავრობო სხდომაზე გავიტანთ, თუმცა, კონკრეტულად რა სამუშაოები არის ჩასატარებელი სახლების გასამაგრებლად, ეს მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც სპეციალისტები სახლების მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა მომზადდება,“ – აცხადებს დავით თედორაძე.

დავით თედორაძის თქმით, ამ ეტაპზე ქედაში განსახლებას 30-მდე ოჯახი ექვემდებარება.  23 ოჯახს უკვე უშუამდგომლეს.

რაც შეეხება ქვათა ცვენას, მისივე თქმით, გასულ წელს, რეკომენდაციის შესაბამისად, მოხდა ქვების დაშლა.

ბათუმში, ქუჩაში, კაცს ლეპტოპი წაართვეს – ძარცვა

„საღამოს 9 საათი იქნებოდა, როცა ლეპტოპი ძალით წაართვეს კაცს ქუჩაში,“ – ამბობს ადვოკატი ვაჟა მელაძე საქმეზე, სადაც სამი ახალგაზრდაა ბრალდებული. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს.

გამოძიებამ სამივე ბრალდებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების საშუალებით დააკავა. ბრალდებულებმა ირაკლი თ.-მ ირაკლი გ.-მ და იური ჯ. -მ წარდგენილი ბრალი დაკავებისთანავე აღიარეს. თქვეს, რომ ნასვამები იყვნენ და დაკავების შემდეგ ლეპტოპი მესაკუთრეს დაუბრუნეს.

ორი ბრალდებული სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, ერთს კი, რომელიც მანამდე სხვა დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს.

„უნდა გათავისუფლდეს ირაკლი გ. პატიმრობიდან,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ვაჟა მელაძემ. მისი არგუმენტი დღევანდელ სასამართლო პროცესზე იყო ის, რომ ბრალდებული ერთადერთი მარჩენალია ოჯახში და მას ასევე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. დაცვის მხარემ სასამართლოს ირაკლი გ.-ს გათავისუფლება 8-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ შესთავაზა.

„ეს არსებითად ახალი გარემოება არ არის“, – აღნიშნა მოსამართლემ და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

საქმის განხილვა პროკურორის არყოფნის გამო გადაიდო. პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ სემინარზე იმყოფებოდა. პროცესის დასრულებამდე მოსამართლემ ასევე იკითხა, მიღწეულია თუ არა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან. ადვოკატმა თქვა, რომ შეთანხმება პრაქტიკულად უკვე არსებობს.

სასამართლო პროცესის შემდეგ, ადვოკატმა ვაჟა მელაძემ გვითხრა, რომ საპროცესო შეთანხმება დასაზუსტებელია ირაკლი გ.-ს შემთხვევაზე, რადგან იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ უკვე იმყოფება. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულებს პირობით მსჯავრთან ერთად, რეალურ სასჯელსაც შეუფარდებენ.

ჯგუფურად ჩადენილი ძარცვა 5-დან 7-წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის მერია: „ერთ თვეში მიწათსარგებლობის გეგმის მომზადებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ“

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, დაახლოებით ერთ თვეში ბათუმის მერია ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებაზე კონკურსს გამოაცხადებს – ამის შესახებ მირიან მეტრეველმა დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

საჯარო შეხვედრაზე ისტორიული განაშენიანების ზონებთან დაკავშირებული დოკუმენტები განიხილეს, რომლებიც „გეოგრაფიკმა“ მოამზადა. ეს დოკუმენტი მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა და მის დამტკიცებას ერთ თვეში ელის.

„…რაც შეეხება მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და დაახლოებით ერთ თვეში გამოცხადდება კონკურსი. ამას თავისი ვადები აქვს და ალბათ წელიწად-ნახევარში უკვე გვექნება დოკუმენტი,“ – აცხადებს მირიან მეტრეველი.

ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტის საჯარო განხილვას დღეს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ესწრებოდა. მან ისაუბრა ამ ზონების მნიშვნელობაზე და დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, თუ როგორ შეუწყობს ეს ხელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვას. თამარ ამაშუკელმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ორგანიზაცია „ბათომი“, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დეველოპერები ესწრებოდნენ.

ქედის მერია წელს დაბაში ახალათვისებულ ტერიტორიებს კეთილმოაწყობს

დაბა ქედაში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე დამატებული ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ქედის მერიამ პროექტი გასულ წელს შეისყიდა. 2017 წლის 22 სექტემბრის N 220 ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 4 896 ლარად შპს ,,საბამ“ მოამზადა.

პროექტის მიხედვით:

[checklist]

  • კეთილმოეწყობა სრულად მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე დამატებული ტერიტორია;
  • მოეწყობა საყრდენი კედლის გასწვრივ დეკორატიული გარე განათებები;
  • მოეწყობა საყრდენი კედლის გასწვრივ ტროტუარი ფერადი, დეკორატიული ბეტონის ფილებით;
  • გაიმართება მიწისქვეშა კომუნიკაცია;
  • დაგეგმილია აღნიშნული ტერიტორიის მოშანდაკება და მოსწორება, ტერიტორიის ტოპოგეგმის შედგენა.
  • ლითონის ჯებირების მოწყობა;
  • ასფალტის საფარის მოწყობას და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

[/checklist]

პროექტის დასრულების შემდეგ, დაბა ქედას როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი და საინტერესო ლოკაცია შეემატება.

პროექტს, რომლის ბიუჯეტი 649 000 ლარია, ქედის მერია წელს განახორციელებს.

დაბა ქედაში ისტორიული პროექტის – მდინარე აჭარისწყლისა და აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები გასულ წელს დასრულდა. ორივე მდინარე წყალუხვობისას საფრთხეს უქმნიდა როგორც მოსახლეობას, ასევე დაწესებულებებს.

პროექტს ადგილობრივებმა ისტორიული უწოდეს. ორწლიანი მშენებლობის ბიუჯეტი 1 745 000 ლარს შეადგენდა.

პროექტის რუკა
პროექტის რუკა

როდის მიიღებს პაციენტებს ინფექციური საავადმყოფოს განახლებული კორპუსი

ბათუმის ინფექციური ცენტრი რეაბილიტირებულ შენობაში პაციენტებს უახლოეს დღეებში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი ავრცელებს. 

ინფექციური საავადმყოფოს A კორპუსში სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციისთვის მილიონზე მეტი დოლარი დაიხარჯა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები კი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) დააფინანსა.

გარდა სარემონტო სამუშაოებისა, დაწესებულება ახალი სამედიცინო აპარატურითა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა.

ინფექციური საავადმყოფოს ძველი კორპუსი

ამავე თემაზე:

ნფექციური საავადმყოფოს დირექტორად პარლამენტარ ილია ნაკაშიძის ცოლი დანიშნეს
რატომ დანიშნეს პარლამენტარის ცოლი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად – ინტერვიუ

 

ერთი წლის მძიმე ავადმყოფი ბავშვის დედის ღია წერილი „კრედო ბანკს“

2016 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოსგან“ სესხის სახით ავიღე 2000 ლარი. თანხა უნდა დამეფარა 2018 წლის 2 იანვრისთვის. ცხრა თვის განმავლობაში კეთილსინდისიერად ვასრულებდი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და ამ ხნის განმავლობაში გადახდილი მაქვს 1305,65 ლარი [ძირი თანხა]. გადასახდელი თანხა მთლიანად იყო – 3249 ლარი.

თანხის აღება პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამჭირდა – ფეხმძიმობის პერიოდში ვირუსი შემეყარა. სამწუხაროდ, ამის მიუხედავად, შემეძინა შვილი გამოხატული ნაკლოვანებით – მას მგლის ხახა აქვს და ასევე სხვადასხვა სახის დარღვევა. ახლა ჩემი შვილი ერთი წლის და 3 თვისაა.

ბავშვი საჭიროებს სპეციალურ კვებას, რაც ძალიან ძვირი ჯდება. იმის გამო, რომ ბავშვი, ფაქტობრივად, მშიერი მყავდა, მივმართე „გაზეთ ბათუმელების“ რედაქციას. მათ დაწერეს სტატია ჩემი შვილის მდგომარეობის შესახებ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქველმოქმედმა ბიზნესმენმა და კიდევ სხვებმა თანხა შემიგროვეს – სულ 600 ლარი.

გარდა ამისა, აჭარის ტელევიზიის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რის შემდეგაც ტელევიზიის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ, შემოსავლებიდან 1190 ლარი ჩამირიცხა.

თანხის ნაწილი თბილისში ექიმთან ვიზიტის დროს დავხარჯე, ნაწილი ბავშვის საკვების შეძენას მოვახმარე. ამ ეტაპზეც ცალკეული ადამიანების მცირედი შემოწირულობებით ვახერხებ ბავშვისთვის საკვების შეძენას და მოუთმენლად ველოდები მარტის თვის დადგომას. სწორედ ამ თვიდან დამენიშნება სოციალური დახმარება – 160 ლარი და იმედი მაქვს, რომ ყოველდღიურად აღარ ვიცხოვრებ იმის შიშით, რომ ხვალ ჩემს შვილს საჭმელს ვეღარ ვუყიდი.

ჩემი და ჩემი შვილის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს ჩემს მეუღლეს. ის გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში და მის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ძალადობის გამო, მას სჭირს ფსიქიკური აშლილობა. ჩემი მეუღლე ბოლოს ფსიქონევროლოგიურ დაწესებულებაში იწვა 2014 წელს.

ახლა ჩემი მეუღლე მძიმედ არის…

ახლახან ჩემი მეუღლის ახლობლებმა, რომლებიც „კრედოდან“ სესხის გამოტანის დროს თავდებში დაგვიდგენენ, აცნობეს, რომ თუ არ გადავიხდი დავალიანებას „კრედო“ მათგან თანხას სასამართლოს გზით ამოიღებს. ამ ოჯახებს თავი ძლივს გააქვთ, მაგრამ ჩვენი გულსაკლავი ყოფის გამო ვერ გვითხრეს უარი თავდებობაზე და ახლა ჩვენი წყალობით ისინიც შეიძლება აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში. ჩემი პირადი ტრაგედია, ახლა უკვე სხვისთვისაც უბედურების წყარო შეიძლება გახდეს.

ამ ყველაფრის გამო სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავ და მოგმართავთ თხოვნით: იქნება მოახერხოთ და დავალიანება როგორმე ჩამომაწეროთ. უკიდურეს შემთხვევაში, იქნებ საპროცენტო თანხა ჩამომაწეროთ, ხოლო დარჩენილი ძირი თანხა გამიწეროთ გრაფიკით. პირობას გაძლევთ, შესაძლებლობის გაჩენისთანავე გადავიხდი დავალიანებას.

მე ჩემი მდგომარეობის გამო მივმართე ჟურნალისტებს. მათ ამიხსნეს, რომ შემეძლო მომემართა თქვენთვის, რადგან „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“ საქართველოში თავდაპირველად ჩამოყალიბდა როგორც სოციალური პროექტი  და რომ მისი ძირითადი მიზანი სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მხარდაჭერა იყო. ვიცი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „კრედო“ ადამიანებს ფულს უნდა ჩუქნიდეს, მაგრამ გამონაკლისებს/რისკებს, ადამიანურ უბედურებებს ხომ ვერ გამოვრიცხავთ. თავდაპირველად მეც ხომ არ მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება ასე შემოტრიალდებოდა. იქნებ გადაწყვიტოთ, რომ ჩემი შემთხვევა განიხილოთ, როგორც თქვენი კომპანიის რისკი.

მე ამ წერილს სასოწარკვეთილი გწერთ. არ ვიცი რა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემმა შვილმა წონაში მოიმატოს. ექიმები მეუბნებიან, რომ ის 12 კილოგრამს თუ არ მიაღწევს, ოპერაციას ვერ გაუკეთებენ, რადგან ვერ გადარჩება. ახლა ის მხოლოდ 7 კილოგრამს იწონის – არასათანადო კვების გამო ვერ ახერხებს ბავშვი წონაში მომატებას.

იქნებ, შეძლოთ და გულთან მიიტანოთ ჩემი მწარე რეალობა.

ის, რომ სიმართლეს გწერთ, დასტურდება იმ დოკუმენტებით, რასაც გიგზავნით.

შენიშვნა: მოქალაქემ ეს წერილი „კრედო ბანკს“ 2018 წლის 14 თებერვალს გაუგზავნა. დღეს მოქალაქეს სოციალურ ქსელში მოწერეს, რომ ამ წერილზე „30 დღის განმავლობაში მოხდება გამოხმაურება“. მოქალაქემ 6 მარტს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსგან მიიღო შეტყობინება წარმოების დაწყების შესახებ. მას აცნობეს, რომ განცხადების ჩაბარებიდან 10 დღეში დაიწყება აღსრულების პროცედურა.

ფრაგმენტები სიგარეტისა და ალკოჰოლის რეკლამის ისტორიიდან

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიების პარალელურად ამავე პროდუქტის უამრავი რეკლამა მზადდება.

ჯიმ ჰეინის ახალ წიგნში „alcohol and tobacco“ ალკოჰოლისა და სიგარეტის  რეკლამის 100-წლიანი ისტორიაა ასახული, თუ როგორ იზიდავდნენ ცნობილი და დიდი კომპანიები ერთი საუკუნის განმავლობაში მომხმარებლებს და რა სტრატეგიებს იყენებდნენ „მავნე ჩვევების“ ხელშემწყობი პროდუქტების პოპულარობისთვის.

წიგნი ვრცლად ვებგვერდ taschen-ზეა ხელმისაწვდომი.

„Marlboro”-ს 1973 წლის ეს რეკლამა 70-იანი წლებისთვის დამახასიათებელი პათოსით გამოირჩევა, როცა ჯანმრთელობაზე თამბაქოს ნეგატიურ ზეგავლენას უსვამდნენ ხაზს, თუმცა მალბოროს სარეკლამო ხრიკი გემოვნებასა და ხარისხზე აქცენტის გაკეთებაა.

ფოტო: Courtesy Jim Heimann Collection/TASCHEN

1970 წლის ეს რეკლამა იყო „Kent“-ის მცდელობა, შავკანიან მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად.

ფოტო: Courtesy Jim Heimann Collection/TASCHEN

„Lucky Strike“-ის ძველ სარეკლამო პოსტერებზე ძირითადად ცნობილი ადამიანები ჩანან. რეკლამა ირწმუნება, რომ „Lucky Strike“  სხვა სიგარეტთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს ყელს. რეკლამა 1935 წელს დაამზადეს.

ფოტო: Courtesy Jim Heimann Collection/TASCHEN

ლუდსახარში ქარხანა „Cuauhtémoc Brewery” 1890 წელს დაარსდა და 1893 წელს ჩამოასხა თავისი პირველი ლუდი „Carta Blanca“. ამ ლუდმა ჩიკაგოსა და პარიზის მსოფლიო ბაზრობაზე პირველი ადგილი მოიპოვა და პრიზიც მიიღო. ლუდსახარში „Cuauhtémoc Brewery“ ამჯერად „Heineken International“-ის საკუთრებაა. ლუდ „Carta Blanca“-ს ქვემოთ მოცემული რეკლამა 1943 წელს ჟურნალ „Life“-ს ივლისის ნომერში დაიბეჭდა.

ფოტო: Courtesy Jim Heimann Collection/TASCHEN

ეს კი ლუდ Schlitz-ის 1951 წლის რეკლამაა, რომელიც ასევე ჟურნალ „Life“-ში გამოქვეყნდა. ალკოჰოლური ფირმის სარეკლამო სტრატეგიაა დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ ლუდი ყოველდღიური განტვირთვის აუცილებელი ნაწილია.

ფოტო: Courtesy Jim Heimann Collection/TASCHEN

„Murad“-ი  „თურქული სიგარეტის“ სახელით ცნობილი ბრენდია, ინტერნეტში ხელმისაწვდომია ამ ფირმის  ყველაზე ძველი, 1919 წლის სარეკლამო პოსტერებიც კი.

ფოტო: Courtesy Jim Heimann Collection/TASCHEN

ლუდ „Bud Light“-ის ამ რეკლამამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კომპანიის არტდირექტორმა, ჯონ მორმა „Bud Light“-ის სარეკლამო სახე, რისთვისაც პიტბული „Spuds MacKenzie“ გამოიყენა, ძაღლის სარეკლამო სახემ მარკეტინგული თვალსაზრისით გაამართლა, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ რეკლამა ცხოველთა უფლებებს არღვევს და არაეთიკურია.

ფოტო: Courtesy Jim Heimann Collection/TASCHEN

ამერიკული სიგარეტის „Old Gold“-ის რეკლამებს ყოველთვიურად მხატვარი  ჯორჯ პეტი ქმნიდა, მისი ეს რეკლამა, მაგალითად, 1950 წლითაა დათარიღებული.

ფოტო: Courtesy Jim Heimann Collection/TASCHEN

წყარო: Guardian

oldbeerads.blogspot 

ბათუმის მერიაში ტენდერები, ძირითადად, ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აუდიტის შეფასებით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება და სხვა.

აუდიტის ინფორმაციით, ბათუმის მერიაში დადებითი შედეგით დასრულებული ტენდერების [კონსოლიდირებული ტენდერების გარდა] 54,1% ჩატარდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უმეტეს შემთხვევაში არ შეცვლილა ან უმნიშვნელოდ შემცირდა.

„ათი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი შესყიდვის ანალიზმა, რომელშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, გვიჩვენა, რომ ამ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება [26 506 578 ლარი], მხოლოდ 0.5%-ით შემცირდა [26 380 067 ლარამდე]“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ბათუმის მერიის ათი ყველაზე მაღალფასიანი შესყიდვა, რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი (ლარებში):

ბათუმის მერიის შესყიდვები / აუდიტის ანგარიშიდან

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ ტენდერებზე კონკურენციის არარსებობა მნიშვნელოვანი რისკის შემცველია, შემსყიდველ ორგანიზაციებში ბაზრის ეფექტური კვლევის პრობლემის გათვალისწინებით.

აუდიტის თქმით, განსხვავებულ შედეგს იძლევა მინიმალური კონკურენციის პირობებში ჩატარებული ტენდერები: „ათი, შედარებით მაღალბიუჯეტიანი შესყიდვის ანალიზმა, რომელშიც რამდენიმე პრეტენდენტი მონაწილეობდა, გვიჩვენა, რომ ამ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება – 7 054 887 ლარი, 5 840 788 ლარამდე შემცირდა, რამაც საბიუჯეტო სახსრების 17,2%-იანი ეკონომია გამოიწვია“.

ბათუმის მერიის ათი შედარებით მაღალფასიანი შესყიდვა, რომელში მონაწილეობა მიიღო ერთზე მეტმა პრეტენდენტმა (ლარებში):

ბათუმის მერიის შესყიდვები / აუდიტის ანგარიშიდან

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მერიის შესაბამის სამსახურებს არ ჩაუტარებიათ კვლევა არაკონკურენტული ტენდერების მიზეზების დასადგენად: „მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების კონკრეტულ დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება, ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ურთიერთშეთანხმება და ა. შ.“

[highlight color=”red”]აუდიტის რეკომენდაცია ბათუმის მერიას:[/highlight]კონკურენტუნარიანი ტენდერების მოსამზადებლად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სწორად განსაზღვრის მიზნით, მერიამ გაატაროს სათანადო ღონისძიებები სატენდერო დოკუმენტაციის სწორად ჩამოყალიბების, პოტენციური მიმწოდებლების დაინტერესებისა და ბაზრის კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით.

ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

71-80 წლის 2 501 მასწავლებლისთვის განსხვავებულ პენსიაზე სამინისტრო არ მსჯელობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მასწავლებელთა განსხვავებულ საპენსიო პოლიტიკაზე არ მუშაობენ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს სკოლებში 80 წელს გადაცილებული 224 მასწავლებელი მუშაობს, 71-80 წლის ასაკის კი 2 501 მასწავლებელი.

„ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, პენსიონერი პედაგოგები განსხვავებული პენსიის შესახებ თავიანთ მოსაზრებებს „ფეისბუქში“ გამოთქვამდნენ. მათი აზრით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ პედაგოგები ღირსეული პენსიით უზრუნველყოს, ასეთ შემთხვევაში 70 წლის და მეტი ასაკის პედაგოგებს სკოლაში მუშაობა აღარ მოუწევთ.

„ბათუმელებმა“  პედაგოგების განსხვავებულ პენსიასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს წერილობით 15 თებერვალს მიმართა.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს განათლების სამინისტრო შეიმუშავოს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა პენსიონერი პედაგოგების განსხვავებული საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით? განათლების სამინისტროდან „ბათუმელებს“ მოსწერეს:

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტების თანახმად, მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად.

აღნიშნული წესის შესამუშავებლად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამინისტროს, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებითა და განათლების სპეციალისტებით, ასევე სკოლის მოქმედი დირექტორებით იქნება დაკომპლექტებული.

ასევე, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ გააგრძელებენ თუ არა საპენსიო ასაკის პედაგოგები საქმიანობას სკოლაში, ამ საკითხზე მსჯელობა არ მიმდინარეობს“.

განსხვავებული პენსიის პრაქტიკა საქართველოში არსებობს. ამით, ძირითადად, დეპუტატები, სამხედროები და პოლიციელები სარგებლობენ.

ამავე თემაზე: საჯარო სკოლებში 70-80 წლის 2 501 მასწავლებელი მუშაობს

აუდიტი: ბათუმის მერიას არ აქვს დოკუმენტი, რომ 32 ტონა საწვავი მოვალეობის შესრულებისთვის გახარჯა

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს, ბათუმის მერიაში გახრჯულ 32 005 ლიტრ საწვავზე, მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება, რომ ეს საწვავი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის დაიხარჯა. აქედან, 28 435 ლიტრი გაცემულია ავტომანქანებზე, რომლებიც ეკუთვნოდათ მერიის თანამშრომლებს და არ იყო მერიის ბალანსზე, ხოლო 3 570 ლიტრი – მორიგე ავტომანქანაზე.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მერია წლის განმავლობაში სარგებლობდა 42 ერთეული ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც არ ირიცხება მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე და იმყოფებოდა მერიის საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში/მფლობელობაში.

„აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაცემულია 38 773 ლარის ღირებულების 28 435 ლიტრი საწვავი. მერიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის ხარჯვის დოკუმენტური დადასტურება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტი ასევე აცხადებს, რომ „მერის შესაბამისი ბრძანებით, საწვავის ლიმიტი განსაზღვრულია მორიგე ავტომანქანებზე. მოქმედი რეგულაციებით, სამორიგეო ავტომობილი წარმოადგენს ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე. მორიგე ავტომობილებზე, მოწოდებული ინფორმაციით, სულ გახარჯულია 6 941 ლიტრი საწვავი, საიდანაც 3 570 ლიტრი საწვავის ხარჯვაზე ვერ იქნა წარმოდგენილი სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“.

აუდიტი ასევე აცხადებს, რომ „მერიას არ აქვს დადგენილი შესაბამისი კრიტერიუმები, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელ თანამშრომელს ესაჭიროება განპიროვნებული ავტომანქანა. აგრეთვე არ არის განსაზღვრული, რა საჭიროების გათვალისწინებით ხდება მერიის თანამშრომელთა პირად საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის გამოყოფა/ლიმიტების დადგენა“.

აუდიტის რეკომენდაციაა, „მერიის ხელმძღვანელობამ საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით, შეიმუშაოს ტრანსპორტის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმა, სადაც განისაზღვრება კრიტერიუმები, რომლის გათვალისწინებითაც განხორციელდება მერიის თანამშრომლისთვის განპიროვნებული ავტომანქანის გადაცემა, აგრეთვე პირად საკუთრებაში/ მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის გამოყოფა/ლიმიტების დადგენა“.

აუდიტის პერიოდისთვის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რაოდენობა შეადგენდა 62 ერთეულს.

ნაღმზე აფეთქების შემდეგ პარაოლიმპიურ სპორტში – აგვისტოს ომისა და სამი მისიის მონაწილე

ბათუმის ცენტრალურ პარკში, კარგ ამინდში, ტბაში, აუცილებლად შენიშნავთ ორ კაიაკს. დილაობით აქ პარაოლიმპიელი სპორტსმენი, ჯონი თოფურია ნიჩბოსნობაში ვარჯიშობს მწვრთნელთან ერთად. ჯონი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ემზადება. ახლო მომავალში დაგეგმილ შეჯიბრებებზე იგი ბათუმის სახელით გამოვა.

„ფეისბუქზე“ გავრცელდა ფოტო, რომელზეც პარკში, ტბასთან ახლოს მყოფი მანქანაა გადაღებული. ამ მანქანით ჯონი, რომელსაც ქვედა კიდურები არ აქვს, ტბასთან ახლოს მიჰყავთ. პარკში მანქანით შესვლა პარკის ადმინისტრაციასთან რომ შეთანხმებულია, ამას ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი,  ალექსანდრე თევზაძე ადასტურებს.

„დილით აქ  ვვარჯიშობ ორსაათ-ნახევარი, შემდეგ – დარბაზში. დღეში დაახლოებით 5-6 საათი ვვარჯიშობ. სამი წელია ამ სპორტში ვარ. ვვარჯიშობდი თბილისში, ფოთში… აბაშიდან ვარ, მაგრამ ახლა ბათუმში ვცხოვრობ და ბათუმის სახელით გამოვდივარ. ვიბრძვით ლიცენზიის მოსაპოვებლად. ყველა ძალიან გვეხმარება“, – ყვება ჯონი.

ჯონი თოფურია. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

31 წლის ჯონი თოფურია სპორტის ამ სახეობით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა ქვედა კიდურები დაკარგა. იგი ჯარისკაცია, აგვისტოს ომისა და სამი მისიის მონაწილე, 2006 წელს მსახურობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, 2010-2012 წლებში კი – ავღანეთში.

2012 წლის 6 მარტს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის სერჟანტი ჯონი თოფურია პატრულირებისას ნაღმზე აფეთქდა და ფეხები დაკარგა.

„ეს ტრავმა რაც დამემართა, მას შემდეგ დავკავდი ამ სპორტით. მე ჯარისკაცი ვარ, ავღანეთში 2012 წლის 6 მარტს აფეთქება მოხდა და დავშავდი.  ეს ჩემი მესამე მისია იყო.

მზად ამისთვის არავინ არ არის, მაგრამ ადამიანს რომ ეს დაემართება, უნდა გამონახოს ძალა, თავის თავს დაელაპარაკოს, რომ მას შეუძლია, ცხოვრება გრძელდება. ეს რომ მომივიდა, ცოლი მყავდა, შემდეგ შვილები შემეძინა და ცხოვრებას არ შევუშინდი, პირიქით.

ამერიკაში რომ ვიყავი სამკურნალოდ, იქ შემოგვთავაზეს სპორტის სხვადასხვა სახეობა. აუზი იყო, დავიწყე ვარჯიში და შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა. ისედაც სპორტსმენი ვიყავი, 2005 წელს მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონი გავხდი, შემდეგ წავედი ჯარში, რადგან ბავშვობიდან მომწონდა ჯარისკაცის პროფესია“,  – ამბობს ჯონი.


საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2014 წელს ჯონი თოფურია დააჯილდოვა და გადასცა მედალი – „სამშობლოსთვის თავდადებული”.

ჯონი ამბობს, რომ ტრავმის შემდეგ სიცოცხლისა და ბრძოლის ყველაზე მეტ ძალას ცოლი აძლევდა:

„ყველაზე მეტად მეუღლე, ინეზა სურმანიძე დამიდგა მაშინ გვერდით. მითხრა, უნდა გააგრძელო ცხოვრებაო. ინეზა ბათუმელია. სამი შვილი გვყავს, 4  წლის, 3  წლის და 1 წლის: ანდრია, ალექსანდრე და ანა. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები ისინი არიან. შვილების გამო ყველაფერს გავაკეთებ.

მიხარია, რომ სპორტში ვარ ჩართული და სხვებსაც ვაძლევ მაგალითს, ბევრია სახლში ჩაკეტილი. მინდა, ეს ადამიანები გამოვიდნენ და ნახონ, ყველას შეუძლია, არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი. რომ არ მოდუნდე, ამისთვის კარგია სპორტი. სახლში ჩაკეტილი გიჭირს უფრო, სპორტი, გარეთ გამოსვლა გახალისებს, ადამიანებს ხედავ.“

ჯონი თოფურია. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ჯონი ყვება, რომ ნიჩბოსნობაში საქართველოს მხოლოდ ორი პარაოლიმპიელი სპორტსმენი ჰყავს, თვითონ და თენგო დიასამიძე. ამბობს,დროა საჭირო, რომ სპორტსმენი განვითარდეს, ჩამოყალიბდეს და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს:

„1-2 წელში სპორტსმენი ვერ მიაღწევს ყველაფერს, ამას ვარჯიში და დრო უნდა. ყველა ვარჯიშმა ადამიანში ცვლილება უნდა შეიტანოს, ეს უცებ არ ხდება. მიზანი მაქვს, მინდა მოვიპოვო მედალი და ქვეყანა ვასახელო. მე ყველაფერს ვიღონებ ამისთვის.“

 

როდის დასრულდება ახალი ბულვარის რეაბილიტაცია – მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები

ბათუმის ბულვარში ფეხით მოსიარულეთა ბილიკის [პრომინადის] დაზიანებული ადგილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, რომ მთლიანი პრომინადის შეცვლა ბევრ თანხასთან არის დაკავშირებული და შეცვლის აუცილებლობა არ არის, ამიტომ დაზიანებულ ადგილებს ამოჭრიან და მის ადგილზე რკინაბეტონის ახალ საფარს მოაწყობენ.

პლაჟის გასწვრივ, პრომინადზე დაწყებული სამუშაოები პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ბულვარის ადმინისტრაციას 148 ათას 895 ლარზე აქვს გაფორმებული.

ახალ ბულვარში პრომინადს ხშირად აზიანებს ზღვის შტორმი. აქვს თუ არა ბულვარის ადმინისტრაციას სპეციალისტების დასკვნა იმ ადგილებთან დაკავშირებით, რომლებიც, ფაქტობრივად, სტიქიის ზონაა და კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს? – ბულვარში აცხადებენ, რომ „პრომინადს, მართალია, შტორმიც აზიანებს, თუმცა ზოგი ნაწილი ისედაც იყო ამორტიზებული“.

909 ათას 9 ლარს დახარჯავს ბულვარი არდაგანის ტბიდან აკვაპარკამდე და კობალაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიების [ალეების] კეთილმოწყობის სამუშაოებში. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აქ გაკეთდება პლაჟზე გასასვლელები, დაიგება დეკორატიული ფილები, შემდეგ კი ამ ტერიტორიაზე დაემატება სკამები. ეს სამუშაოები მიმდინარე წლის 7 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

ახალ ბულვარში არსებული დეკორატიული არხებისა და შადრევნების კაპიტალური სარემონტო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ბულვარის ადმინისტრაციას ჯერ არ გამოუვლენია. ამ სამუშაოების შესყიდვის სატენდერო თანხა 155 ათას 894 ლარია.

ასევე, შერჩევა-შეფასების ეტაპზეა ტენდერი, რომელიც ახალ ბულვარში ფილების, ბორდიურებისა და წვიმამიმღები ჭების კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს. ამისთვის ბულვარს 2 მილიონ 83 ათას 556 ლარი აქვს გამოყოფილი. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა ჩატარდეს. პირველი ეტაპი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღის განმავლობაში – ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე; მეორე ეტაპი – 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 45 დღის განმავლობაში – მეჯინისწყლის ხიდიდან კაჩინსკის ქუჩის მოსახვევამდე [ახალი ბულვარის დასაწყისი].

303 ათას 507 ლარი კი ბულვარში ფეხით მოსიარულეთა ბილიკის გასწვრივ  პალმის მინათების (ტერა) და გარე განათების ორფთიან ბოძებზე ელექტროკაბელების შეცვლისა და დამიწებების აღდგენის სამუშაოებისთვისაა გამოყოფილი.

პრომინადი ბათუმის ახალ ბულვარში / 14.03.2018 / გურამ მურვანიძის ფოტოები

ბრიტანელი ექსპერტი: ბათუმში სასტუმროები ზამთარში თითქმის ცარიელია, გააკეთეთ ფესტივალები

ბათუმში „ფესტივალების განვითარების“ საერთაშორისო კონფერენცია ტარდება, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული.

კონფერენციის მიზანია უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ფესტივალების განვითარებაში. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია ფესტივალებისა და საერთაშორისო ივენთების მენეჯმენტის დირექტორი დიდი ბრიტანეთიდან, ნიკ დოდსი.

ექსპერტმა ისაუბრა დიდ ბრიტანეთში არსებული ფესტივალების მნიშვნელობასა და მათ განვითარებაზე. ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები სხვადასხვა ფესტივალის წარმოშობის შესახებ, ასევე წარმატებული ფესტივალების მაგალითები, ინოვაციური მოდელები.

ექსპერტმა ვრცლად ისაუბრა მრავალკომპონენტიანი ფესტივალების განვითარებაზე, ფესტივალების ტურისტულ მნიშვნელობასა და ორგანიზაციულ მხარეებზე. საუბარი იყო იმაზე, როგორ შეიძლება ბათუმი საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ფესტივალებით, ტურისტული თვალსაზრისით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ძირითადი ვიზიტორების გაგება, საიდან შეიძლება ჩამოვიდნენ ისინი. კონკრეტულად მათთვის მორგებული გეგმა უნდა გქონდეთ და ამ კონკრეტულ აუდიტორიაზე უნდა იმუშაოთ.

ბათუმში ძალიან ბევრი სასტუმროა, რომელიც ზამთრის პერიოდში თითქმის ცარიელია. სამაგიეროდ გადატვირთულია ზაფხულში და შეიძლება ადგილებიც კი არ ჰქონდეთ.

ეს პერიოდი შეიძლება გამოიყენოთ იმ კატეგორიის ვიზიტორებისთვის, რომლებსაც უყვართ სასტუმროს კომფორტულ ოთახებში ცხოვრება და ამ ჯგუფზე მორგებული ვიზიტორებისთვის გაკეთდეს ფესტივალები. თუ ახალგაზრდების მოზიდვა გინდათ, მაშინ  შეიძლება კემპინგ ფესტივალი მოაწყოთ. კარგად შეარჩიოთ ადგილები, სადაც ადამიანი 3-4 დღეს გაატარებს. ამაზე უნდა დაფიქრდნენ ფესტივალების ორგანიზატორები“, – ამბობს ნიკ დოდსი.

მისი აზრით, კულტურული ფესტივალების ინვესტირებაზე  მთავრობაც უნდა დაფიქრდეს, რადგან ამ ტიპის ფესტივალებს არ აქვთ მხოლოდ კომერციული დანიშნულება.

ნიკ დოდსი, მომხსენებელი დიდი ბრიტანეთიდან. საერთაშორისო ფესტივალებისა და ივენთების დირექტორი

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის დამფუძნებლის, ზვიად ელიზიანის აზრით, ფესტივალების გამრავალფეროვნებისთვის  მნიშვნელოვანი იქნება ღია ჩვენებების დამატებაც.

„კინოფესტივალის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ქალაქის ინფრასტრუქტურა არ გაძლევს შესაძლებლობას,  უფრო ფართო მასშტაბზე რომ გახვიდე. ცოტაა ისეთი ადგილები, სადაც ღია კინოჩვენებებს მოაწყობ. თუმცა შესაძლებელია, მრავალფეროვნებისთვის დაამატო სანახაობრივი კომპონენტები, თუნდაც ფესტივალის პრომოს სახით. მაგალითად, მსვლელობები ქუჩაში“, – გვეუბნება ის.

ზვიად ელიზიანის თქმით, მნიშვნელოვანია ფესტივალების ორგანიზებაში მრავალმხრივი ჩართულობა:

„საჭიროა არა მარტო სამინისტროების, მერიის ან ტურიზმის დეპარტამენტის ჩართულობა, სტუდენტების მოტივაცია და მათი გააქტიურებაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით  სახელოვნებო პროფილის  უნივერსიტეტებიდან“.

ელიზიანის აზრით, აუცილებელია ფესტივალების ანალიზი. მრავალკომპონენტიანი ფესტივალების მიმართულებით კი, ცალკე სტრატეგიაც უნდა არსებობდეს.

ფესტივალების განვითარების კონფერენცია სასტუმრო „რედისონში“ დღის ბოლომდე გაგრძელდება.

პუტინის ფონდის მიერ მხარდაჭერილი კონცერტის ორგანიზატორი ბათუმის მერიას არ პასუხობს

პეტროზავოდსკის საქალაქო ადმინისტრაციას ამ დრომდე არ შეუცვლია ინფორმაცია პუტინის ფონდის მიერ ორგანიზებული კონცერტების შესახებ. დღეს, 14 მარტს პეტროზავოდსკის საქალაქო ადმინისტრაციის ინტერნეტ გვერდზე ისევ წერია, რომ ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორია ქალაქ ბათუმის მერია.

საუბარია კონცერტზე, სადაც მონაწილეობას გეგმავდა ბათუმის მერიის ქალთა ვოკალური ანსამბლი და ბათუმის მეგობრობის სახლი. 7 მარტს გავრცელებული ეს ინფორმაცია ბათუმის მერიამ თავდაპირველად უარყო, თუმცა იმავე დღეს დადასტურდა, რომ ინფორმაცია ზუსტია.

წერილი ინფორმაციის ჩასწორებაზე ბათუმის მერიამ პეტროზავოდსკის საქალაქო ადმინისტრაციას 9 მარტს გაუგზავნა. მერიამ წერილში ჩაწერა, რომ ის ღონისძიების პარტნიორი არ არის და არც ინფორმაცია ჰქონდა კონცერტის შესახებ.

დღეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მათ პასუხი პეტროზავოდსკიდან არ მიუღიათ და ამ დრომდე ტელეფონით კომუნიკაციაც ვერ მოხერხდა.

„უკვე დაგეგმილი მქონდა სხვა შეხვედრა“ – ბათუმის მერი საკრებულოს ოპოზიციას არ შეხვდა

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე არ მივიდა. სხომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლაშა კომახიძემ მერიის შენობა დატოვა.

„მოვიდა წერილი თხოვნით შეხვედრაზე, თუმცა წერილი მოვიდა დაგვიანებით, უკვე დაგეგმილი იყო სხვა ღონისძიებები. მე მათ მივმართე წერილით, რომ აუცილებლად შევხდები და შევთავაზე, რომ გადავიტანოთ შეხვედრა ამ თვის ბოლოს. ასევე, თუ რაიმე შეკითხვა აქვთ, შემიძლია წერილობითი სახით გავუგზავნო პასუხი,“ – უთხრა ბათუმის მერმა ჟურნალისტებს.

ფრაქციამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერს შეხვედრის თაობაზე წერილი 7 მარტს გაუგზავნა. „ეს ნიშნავს იმას, რომ ბათუმის მერი გაურბის პასუხისგებლობას,“ – აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე.

ფრაქციაში რამდენიმე თემას ასახელებენ, რომლის ირგვლივაც ოპოზიციას სურდა მერისთვის შეკითხვების დასმა. მშენებლობები, რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში, უფასო სასადილოები, საბავშვო ბაღების აღმზრდელების ხელფასი…

„ფრაქციას აქვს კითხვები, მათ შორის, რუსეთში, პეტროზავოდსკში მერიის ანსამბლის გასტროლთან დაკავშირებით. ლაშა კომახიძე თავდაპირველად ამ ინფორმაციას უარყოფდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მერიის კონკრეტული თანამშრომლები ვიზებს ელოდებოდნენ რუსეთიდან. მე მინდა ვკითხო მერს: როგორ აღმოჩნდა ისე, რომ მსგავსი გასტროლი მზადდებოდა ისე, რომ მერმა არაფერი იცოდა?“ – კითხულობს მირდატ ქამადაძე.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოში / 14.03.2018
Exit mobile version