მთავარი,სიახლეები

საჯარო სკოლებში 70-80 წლის 2 501 მასწავლებელი მუშაობს

02.02.2018 • 11119
საჯარო სკოლებში 70-80 წლის 2 501 მასწავლებელი მუშაობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 80 წლის 224 მასწავლებელი მუშაობს. 71-დან 80 წლამდე  კი 2 501 მასწავლებელია სკოლაში. დასაქმებულთა შორის ყველაზე ცოტა – ცხრა მასწავლებელი, 21 წლისაა. რატომ რჩებიან საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიაში და რატომ არ ცვლის ხელისუფლება სისტემას? მიზეზებზე „ბათუმელებთან“ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე საუბრობს.

ბატონო შალვა, ის, რომ დღეს სისტემაში რჩებიან პენსიონერი მასწავლებლები და მათ არ აქვთ სკოლის დატოვების მოტივაცია, არის ეს პრობლემა?  

როგორ არ არის პრობლემა. ადამიანის საპენსიო ასაკი იმიტომ არის დადგენილი, რომ ამ ასაკში ადამიანს არ შეუძლია გარკვეული უნარების გამოყენება. მეორე პრობლემაა ის, რომ სისტემაში არ უშვებენ ახალ კადრებს. 31 წლამდე მასწავლებელი მხოლოდ შვიდი პროცენტი გვყავს სკოლაში დღეს დასაქმებული.

მართალია, მსურველიც ცოტაა, მაგრამ ვინც მსურველია, ისიც ვერ შედის. სწორედ იმიტომ, რომ სისტემა არ ქმნის ამის შესაძლებლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებელს არანაირი სურვილი და მოტივაცია არ აქვს გავიდეს პენსიაზე. მიზეზი მარტივია – მუშაობის დროს ინარჩუნებს პენსიასაც, საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით. რატომ დატოვებს სამსახურს, როცა პენსიასთან ერთად, ხელფასსაც იღებს და საკმაო შემოსავალი გამოსდის. სწორედ ამიტომ ეჭიდება მასწავლებელი და უფრო მეტადაც მოეჭიდება.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 70-80 წლის მასწავლებელი არ ჩაეჭიდოს ადგილს?

მასწავლებლის საპენსიო უზრუნველყოფა უნდა იყოს ბევრად უფრო მდგრადი და პროგრესირებადი. თუ შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს (მე არ ვაკნინებ მათ საქმიანობას) და დეპუტატებს ვაძლევთ განსხვავებულ პენსიას, შესაძლებელია მასწავლებელიც განსხვავებული პენსიის უზრუნველყოფით გავუშვათ სამსახურიდან, წასვლის შემდეგ რომ არ გახდეს სოციალურად დაუცველი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია – თუკი მასწავლებელი განსხვავებული პენსიით იქნება უზრუნველყოფილი, ესე იგი მისი პრესტიჟი აწეულია. სახელმწიფოს თუ უნდა კარგი კადრები მიიზიდოს, კარგი პენსიით უნდა უზრუნველყოს პედაგოგი.

ეს მოიზიდავს სისტემაში უფრო კვალიფიციურ კადრებს და მასწავლებლის ავტორიტეტიც გაიზრდება.

ეს რეალობა კიდევ რა პრობლემას ქმნის?

თუ გავაანალიზებთ, დღეს სისტემაში კონკურენცია არის ნული. დაახლოებით 780 ადგილია მასწავლებელთა განათლების პროფესიაში, განაცხადების რაოდენობა კი გაცილებით ნაკლებია, ანუ იმაზე მეტი ადგილი გვაქვს უნივერსიტეტებში, ვიდრე მსურველია. მაშინ, როცა ფინეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტში, რომელიც იღებს 120 სტუდენტს, 1600 განაცხადი შედის. არჩევს საუკეთესოზე საუკეთესოს. ჩვენთან საუკეთესოს შერჩევა კი არა, ადგილები რჩება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროფესიაში შედარებით დაბალი კვალიფიკაციის აბიტურიენტები მოდიან. ამას ემატება ისიც, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლების ხარისხია დაბალი. ამით იმის თქმა მინდა, რომ არა მარტო სკოლებშია პრობლემა… ვინც შემოდის სისტემაში, მათი კვალიფიკაციაც პრობლემაა და შემდეგ მათი დასაქმებაც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს არის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი.

ხელისუფლებას ხომ შეუძლია სიტუაციის გამოსწორება, რატომ არ იდგმება არანაირი ნაბიჯი ამ მიმართულებით?

ამის გამოსწორებას სჭირდება სერიოზული რეფორმა. სახელმწიფომ, ყველა არჩევნების წინ, შექმნა კომფორტული სიტუაცია არაკვალიფიციური მასწავლებლებისთვის, უფრო მეტად რომ უზრუნველყოფილიყო მათი დარჩენა სისტემაში.

ანუ მასწავლებლად მუშაობა სიცოცხლის ბოლომდეა დღეს გარანტირებული?

წინა სქემა, რომელიც ითვალისწინებდა მასწავლის სერთიფიცირებას, როგორც პროფესიულს, ასევე საგნობრივს, დირექტორს ავალდებულებდა, უპირატესობა მიენიჭებინა კვალიფიციური პედაგოგისთვის, თუკი ის დასაქმების სურვილს გამოთქვამდა. დირექტორი იძულებული იქნებოდა დაბალკვალიფიციური მასწავლებელი გაეშვა სახლში. ექსპერიმენტიც კი ჩაატარა აუდიტის სამსახურმა, კვალიფიციური კადრების საბუთები გააგზავნა ერთ-ერთ ვაკანსიაზე და ეს ადამიანები გასაუბრებაზეც კი არ დაიბარეს.

მასწავლებლების სტატისტიკა

როგორ ფიქრობთ, რატომ?

იმიტომ, რომ დირექტორს ჰყავდა თავისი შერჩეული კადრი და მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა კომპეტენციას. სახელმწიფოს მხრიდან ამაზე მოთხოვნა არ არის. 45 ათასი მასწავლებელი, რომელიც ვერ აბარებდა გამოცდებს, დარჩა სისტემაში. გარდა ამისა, არ არსებობს სკოლების შეფასებითი სისტემა, ავტორიზაცია-აკრედიტაცია ეხება მხოლოდ კერძო სკოლებს, საჯაროში ეს პროცესი არ გვაქვს. ამიტომაც არ არსებობს ინტერესი, რომ უფრო კვალიფიციური მასწავლებელი ჰყავდეს სკოლას.

საპენსიო ასაკი გულისხმობს როტაციას. წარმოიდგინეთ ყველა 60 წელს გადაცილებული სამსახურში რომ დარჩეს… ახალ თაობას მოაქვს ახალი ღირებულებები, ახალი ცოდნა და დამოკიდებულებები, რაც საჭიროა თანამედროვე ცხოვრების განვითარებისთვის. ეს სიახლე დღეს სკოლას არ გააჩნია, რადგან განახლება არ ხდება და მათ შორის სერიოზული პრობლემებია ღირებულებების და დამოკიდებულებების მხრივ.

საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც მიდის პოლიტიკურ ნებამდე. რატომ ვერ გამოიჩინა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს ნება?

იმიტომ, რომ ეს არ არის მარტივად განსახორციელებელი და ყველასთვის მოსაწონი რეფორმა. ახალ მინისტრს სურვილიც რომ ჰქონდეს, რამის გამკეთებელი ვერ არის. ნებისმიერი ახალდანიშნული მინისტრის პირველი რიგის ამოცანაა, შეინარჩუნოს სტაბილურობა და სტატუსკვო, სისტემაში დასაქმებული ათასობით მასწავლებელი და 10 ათასი პროფესორ-მასწავლებელი უმაღლესში, ჰყავდეს სტაბილურად წყნარად და იყოს ხელისუფლების მხარდამჭერი.

როდისმე ხომ უნდა გადაილახოს ეს პრობლემა? რას სთავაზობს სახელმწიფო იმ ადამიანებს, რომელთა სწავლასაც უცხოეთში აფინანსებს, აძლევს დასავლურ განათლებას და მაღალ კვალიფიკაციას, თუკი არ აპირებს ცვლილებებს?

კახა ლომაიას დროს იყო  რეალური ცვლილებების მცდელობა, მაგრამ პროფესორების გარკვეულმა ჯგუფმა ხმაური ატეხა და დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ზიანი მიაყენეს მმართველ პარტიას.  რა თქმა უნდა, ამის სურვილი არავის არ აქვს. შესაბამისად, ეფერებიან და თანხას უხდიან ამ ადამიანებს, რომ იყვნენ წყნარად და არა იმიტომ, რომ ისინი კვლევებს აკეთებენ ან თანამედროვე მიღწევები აქვთ. ეს არის ხარკი ხელისუფლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რომლის გარეშეც ხელისუფლების კეთილდღეობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ამაზე წამსვლელი არც ეს ხელისუფლებაა.

ევროპაში განათლებამიღებული ადამიანები კი, არც უნივერსიტეტებში და არც სკოლაში არ მიდიან. უმაღლესი იყო ჩამყაყებული სისტემა და ასეა დღესაც. მაქსიმუმი, რაც შეიძლება ამ თაობამ უმაღლესში გააკეთოს, არის ის, რომ ლექციები წაიკითხოს. ეს არ ნიშნავს კვლევით, პედაგოგიურ საქმიანობას. ეს ადამიანები არ არიან აკადემიურ სფეროში დასაქმებულები, თუმცა ისინი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან და ეს არის მცირე პროცენტი იმასთან შედარებით, რაც გვაქვს და გვჭირდება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: