დამატებითი რეისი „ბლექ სი არენადან“ ბათუმში და პირიქით

ენიო მორიკონეს კონცერტზე დამსწრე მოქალაქეების გადაყვანისა და სამანქანო გზის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა 19 მაისს საგარეუბნო მატარებლის ერთ რეისს ამატებს.

საგარეუბნო მატარებელი (№6305/6306) ბათუმი-ურეკი იმოძრავებს შემდეგი გრაფიკით: ერთწუთიანი გაჩერება ყველა მოქმედ ბაქანზე (მახინჯაური, ჩაქვი, ქობულეთი, ოჩხამური, ნატანები, ურეკი) ორივე მიმართულებით, ხოლო სამწუთიანი გაჩერება ,,ბლექ სი არენას“ ბაქანზე ორივე მიმართულებით. მატარებლის დანიშვნის გამო: 19 მაისს მატარებელი (№613) ბათუმი-ოზურგეთს ერთი რეისით ეცვლება მოძრაობის განრიგი შემდეგნაირად: ბათუმიდან გამოვა 18:50 (ნაცვლად 18:05); მახინჯაურში იქნება 18:55;18:57; ჩაქვი 19:10,19:15; ქობულეთი 19:30; 19:32; ოჩხამური 19:42;19:43; ნატანები 19:53; 19:55; ოზურგეთი 20:55.

ბაქნებზე გაჩერებები შენარჩუნებული აქვთ უცვლელად. ,,ბლექ სი არენას“ მიმართულებით დამატებითი რეისის გამო ინიშნება მატარებელი (#5402/5401) ქუთაისი-ბათუმი. ქუთაისი I-დან 19 მაისს გავა 12:55; შემდეგ დისპეტჩერული რეგულირებით ბათუმამდე. ბათუმიდან უკან დაბრუნდება 20 მაისს 1:30; შემდეგ დისპეტჩერული რეგულირებით ქუთაისი I-მდე.

ქართულ სკოლებში სიახლეების დანერგვის პრობლემა გვაქვს

ლიდერობასთან და სასკოლო კულტურასთან დაკავშირებით ქართულ სკოლებში პრობლემებია. როგორც დირექტორებს, ასევე პედაგოგებს უჭირთ დაინახონ და შეაფასონ პრობლემა. დირექტორებსა და პედაგოგებს კომპეტენცია არც სიახლეების დანერგვაში ჰყოფნით. რისთვის ტარდება „სკოლების შეფასების განვითარებისთვის“ სამწლიანი კვლევა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კვლევის კოორდინატორი, ნათია ანდღულაძე საუბრობს.

ნათია, როდის დაიწყო „სკოლების შეფასების განვითარებისთვის“ კვლევა და რა პრობლემა აჩვენა კვლევის პირველმა ეტაპმა?

პროექტი, რომელიც სკოლების თვითშეფასების განვითარებისთვის კეთდება, 2017 წელს დაიწყო. მარტის თვეში გამოვაცხადეთ კონკურსი და შევარჩიეთ 15 სხვადასხვა ტიპის სკოლა. სკოლის შერჩევის კრიტერიუმი იყო დირექტორის კომპეტენცია და მოტივაცია.

პროექტის პრინციპია, რომ ეს 15 დირექტორი არის ამ რეფორმის თანაავტორი. პროექტში ასევე ჩართულნი არიან „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა“ და „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლებიც.

პირველი ფაზა ითვალისწინებდა იმას, რომ ეს დირექტორები გავუშვით ევროპის სამ ქვეყანაში – გერმანიაში, დანიასა და ჰოლანდიაში გამოცდილების მიღების მიზნით, რომ გაეგოთ რა მეთოდებს იყენებენ იქ სკოლები თვითშეფასების დროს.

უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ რა ევალებოდათ დირექტორებს?

ამის შემდეგ ჩვენ სკოლებს მივეცით დრო, რომ ემუშავათ სკოლის შიდა შეფასებაზე და გამოეკვლიათ ის პრობლემები, რომლებიც მათ განვითარებაში უშლით ხელს.

პირველმა ციკლმა, ფაქტობრივად, ჩვენი დახმარების გარეშე ჩაიარა, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაგვეგო, რაში დასჭირდებათ სკოლებს სამომავლოდ დახმარება. სამწუხაროდ, პრობლემები აღმოჩნდა კვლევის ყველა ეტაპზე. განსაკუთრებით ინტერვენციის ანუ ცვლილების დაგეგმვის ეტაპი გაუჭირდათ პედაგოგებს და დირექტორებს.

რატომ გაუჭირდათ?

ინტერვენციის ეტაპი ნიშნავს იმას, რომ სკოლამ უნდა შეძლოს იმის გარკვევა, რა უნდა შეცვალოს, რა უნდა გააუმჯობესოს. დანარჩენი ყველაფერი არის მოგვარებადი და ნელ-ნელა ისწავლება, მაგრამ თუ სკოლა ვერ ახერხებს ცვლილებების დანერგვას, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.

ჩვენ გერმანიიდან პერიოდულად ჩამოგვყავს კონსულტანტი, რომელიც აძლევს რჩევებს პროექტში მონაწილე ყველა სკოლას. მაგრამ პრობლემაა ქართულ სკოლებში პედაგოგიური კომპეტენცია. როცა დგას რაიმე პრობლემა, როგორ უნდა მოვაგვაროთ, როგორ მივხედოთ ამ პრობლემას, არ ვიცით. ეს იმის ბრალიცაა, რომ სადღაც გვაქვს ამოკითხული პედაგოგიური მიდგომები, მაგრამ ხშირად ამ მიდგომებს ის ადამიანები ასწავლიან, ვისაც სკოლაში ეს არასდროს გაუკეთებია. დღეს ბევრი რამ იცვლება, პედაგოგიური ცოდნა კი არ იცვლება.

ამ დირექტორებმა ხომ გაიარეს ტრენინგები, ნახეს უცხოური გამოცდილებაც, იღებენ კონსულტაციებს უცხოელი კოლეგისგანაც. ამის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებენ შეფასებას და სიახლეების დანერგვას. რატომ?

საქართველოში არც ერთი რეფორმა არ ტარდება ისე, რომ პედაგოგებმა ან დირექტორებმა ტრენინგები არ გაიარონ. მაგრამ მარტო ტრენინგი შედეგიანი არ არის, თუ ადამიანს არ აქვს კომპეტენცია.

როცა ადამიანს ეუბნები, რომ უნდა ააშენო კედელი, თუ მან არ იცის კედელი რისგან შენდება, ვერ ააშენებს. უთხარი რაც გინდა. არ იცის და ვერ აკეთებს.

რატომ, ტრენინგზე „კედელი რისგან შენდება“ არ ასწავლიან?

არის რაღაცები, რასაც ვერ აუხსნი ტრენინგზე. ამას ადამიანი წლების განმავლობაში სწავლობს. მე ვთქვი, რომ არსებობს პედაგოგიური კომპეტენციის პრობლემა, ანუ როგორ ვასწავლო – ეს პრობლემა გვაქვს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დირექტორის სასწავლო ლიდერობას, დირექტორს უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის მასწავლებლობა. აუცილებელია დირექტორი თვითონ იყოს ყოფილი მასწავლებელი, მაშინ უფრო მარტივია პროცესები. მაგალითად, გერმანიაში ვერ გახდები სკოლის დირექტორი და ვერც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმუშავებ, თუ არ გაქვს მასწავლებლობის გამოცდილება.

იყო ერთი სკოლა, სადაც დირექტორს არ სჯეროდა, რომ კონკრეტულად ასეთი მოდელით მუშაობა არის კარგი შიდა შეფასებისთვის, მას სჯერა უფრო ხისტი მეთოდის. იმის, რომ გარედან უნდა შემოვიდეს რაღაც შეფასება და ამაზე დაყრდნობით იფიქრონ მასწავლებლებმა, რა უნდა გააკეთონ. არის სკოლების გარკვეული ნაწილი, რომელიც თავისით ამ შეფასება არასდროს გააკეთებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლები სამინისტროს მითითებებს არიან მიჩვეული და არა დამოუკიდებლობას?

რატომ უნდა იფიქროს სიახლეებზე დირექტორმა, რომელსაც მხოლოდ ფინანსური და სამართლებრივი რეგულაციების დაცვა მოეთხოვება. ჩვენი განათლების სისტემის მიხედვით, დირექტორი მხოლოდ ამით ფასდება. ევროპულ სისტემაში დირექტორი არის დაცული, მას ვერ გაათავისუფლებს სამინისტრო, თუ რაიმე კრიმინალი არ ჩაიდინა. საქართველოში კი დირექტორები კანონით არ არიან დაცულები და ეს არის პრობლემა.

გარდა ამ საკანონმდებლო ხარვეზისა, სწავლებაშიც გვაქვს პრობლემები, ხშირად ამ ადამიანებს ტრენინგებს ის ხალხი უტარებს, ვისაც პრაქტიკაში არ აქვს ეს მეთოდი გამოცდილი. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების დროს დაცული იყოს ბალანსი და ამ ადამიანებს არ ვასწავლოთ ზედმეტი, ანუ ის, რაც მათ რეალურად არ სჭირდებათ.

გამოდის, რომ მარტო სკოლის და დირექტორების პრობლემა არ ყოფილა და სახელმწიფო ვერ ხედავს რა როგორ ასწავლოს?

როგორც გერმანელი სპეციალისტები გვეუბნებიან, ზედმეტ კვლევაშიც არის საფრთხეები. არ არის საჭირო მასწავლებელს მოსთხოვო კვლევის ვალიდურობა და ა.შ. მთავარია, შეაგროვო რაციონალური ინფორმაცია, რომ ადამიანი შეცდომაში არ შეიყვანო.

2018 წელს რა ეტაპი იწყება ამ პროექტის მიხედვით?

წელს სკოლები იმუშავებენ როგორც შიდა, ასევე გარე მხარდაჭერის შეფასებაზე. შიდა შეფასების დროს სკოლები შეაფასებენ მოსწავლეების მიღწევებს, წიგნიერების დონეს, შემდეგ ამ მონაცემებს ატვირთავენ ელექტრონულად და სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთის შედეგები  ნახონ.

თქვენ თქვით, რომ სკოლებს ყველაზე მეტად სიახლეების დანერგვა უჭირთ. თუ ამ პრობლემის მოგვარებას  ვერ ისწავლიან, მათი სისუსტეები და მიღწევები ხომ ისედაც იციან მეტ-ნაკლებად. საბოლოო მიზანი რა იქნება ამ კვლევის?

ჩვენი ამოცანაა ორი რამ – პირველი ის, რომ სამწლინი პროექტის შედეგად მივიღებთ ელექტრონულ კურსს სკოლების შეფასებაზე, დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის და ყველა იმ უწყებისთვის, ვინც ამ კვლევაშია ჩართული.

მეორე არის ის, რომ გვექნება პოლიტიკის კვლევის დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი სკოლას შეფასების კულტურის  განვითარებაში, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ მასწავლებელ ორგანიზაციებად. გვექნება რესურსი სკოლებისთვის როგორ უნდა გააკეთონ შეფასება და კონკრეტული რეკომენდაციები სამინისტროსთვის როგორ უნდა ააგონ მხარდაჭერის სისტემა სკოლებისთვის.

 

„იცოდე საკუთარი წნევა“ – 17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეც აღინიშნება

ყოველი წლის 17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის ფარგლებში ჩატარებული კამპანიების მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ- ფაქტორის – არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგულარული მკურნალობის სარგებლის შესახებ.

ბოლო ოთხი წელია უცვლელია ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის სლოგანი – „იცოდე საკუთარი წნევა“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით,  მსოფლიოში ყოველი ათი ზრდასრული ადამიანიდან სამს მაღალი წნევა აღენიშნება. ჰიპერტენზიით დაავადებულია დაახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი, რომელთა თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ; მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კი არ იტარებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რა არის არტერიული ჰიპერტენზია?[/highlight]

  • ჰიპერტენზია ანუ მაღალი არტერიული წნევა, რომლის დროსაც არტერიული წნევის ციფრები აღემატება 140/90 მმ.ვწყ.სვ-ს, კლინიკური მდგომარეობაა, რომელსაც ხშირად ,,ჩუმ მკვლელს’’ უწოდებენ, რადგან იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • შესაძლო სიმპტომები: თავის ტკივილი, ძილიანობა, გულის ფრიალი, მხედველობის დაბინდვა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, სმენის პრობლემები, სუნთქვის გართულება, გულის რითმის დარღვევები და ა.შ.
  • ჰიპერტენზია ორი სახისაა: პირველადი და მეორადი. პირველადი ჰიპერტენზიია უფრო გავრცელებულია და ხშირად მისი გამომწვევი უცნობია. რაც შეეხება მეორად ჰიპერტენზიას, მისი საფუძველი სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადებაა; მაგალითად, თირკმლის, ენდოკრინული სისტემის და ა.შ. ჰიპერტენზიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ისეთ რისკ-ფაქტორებს ენიჭება, როგორიცაა, მემკვიდრეობითი დატვირთვა ანუ ჰიპერტენზიის ოჯახური ანამნეზი, ასაკი, ჭარბი წონა/სიმსუქნე, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაჯანსაღი კვება, მარილის ჭარბი მოხმარება, თამბაქო, ხშირი სტრესები, ნერვული დაძაბულობა და ა.შ.
  • ჰიპერტენზიის პირველადი პრევენცია ანუ თავიდან აცილება, ქცევითი რისკ-ფაქტორების კორექციითაა შესაძლებელი. უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს მისი მკურნალობა. ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას;
  • მკურნალობის პრინციპი ექიმის მიერ რეკომენდებული წნევის დამწევი პრეპარატების რეგულარული მიღებაა ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვასთან ერთად.

საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 18-69 წლამდე პოპულაციაში 37.7 პროცენტია.

17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც. მას შემდეგ, რაც ამ დღის აღნიშვნა ხილვადი გახდა, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. 

_______________________

ამავე თემაზე:

როგორ ვაკონტროლოთ წნევა

გაწუხებთ წნევა? – იარეთ ფეხით 

რეპროდუქციული ასაკის ქალებში მოიმატა უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა – კვლევის შედეგები 

 

პირველი ივნისიდან კომერციული ბანკი ვალდებულია უძრავი ქონება ახალი ინსტრუქციით შეაფასოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 14 მაისის ბრძანებით კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქცია დამტკიცდა, რომელიც 2018 წლის პირველი ივნისიდან შევა ძალაში. კომერციული ბანკი ვალდებული იქნება შეფასების პროცესი წარმართოს აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული წესებისა და პრინციპების დაცვით.

„იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ინსტრუქციით არ არის დარეგულირებული უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან/და არ არის მოცემული ტერმინთა განმარტება, კომერციულმა ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით,“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ შეფასების პროცესი განახორციელოს პროფესიონალმა შიდა/გარე შემფასებელმა, განურჩევლად შესაფასებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებისა.

უძრავი ქონების გადაფასება სავალდებულოა, თუ:

  •  სახეზეა ეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილებები. მთლიანი პოპულაციის გადაფასების ნაცვლად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სტატისტიკური შერჩევის მეთოდოლოგია, რეპრეზენტატიული შერჩევის ფორმირებისა და გადაფასებისათვის;
  • კომერციული ბანკის მიერ ხორციელდება მსესხებელზე ვალდებულების/მოთხოვნის რესტრუქტურიზაცია ან/და ზრდა და ბოლო შეფასებიდან გასულია 1 წელი და მეტი;
  • კომერციული ბანკი ფლობს ინფორმაციას უძრავი ქონების ფიზიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ;
  • კომერციული ბანკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეფასება/გადაფასებიდან გასულია 3 წელი;
  • უძრავი ქონების დასაკუთრებისას, უზრუნველყოფის საშუალება უნდა შეაფასოს გარე შემფასებელმა,  როდესაც უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულება მეტია ან ტოლი 1 მილიონი ლარის ან მისი ეკვივალენტის სხვა ვალუტაში.

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

გარკვეულ შემთხვევებში კომერციულ ბანკს მოსთხოვოს შიდა შემფასებლის უფლებების და მოვალეობების შეჩერება/შეზღუდვა მინიმუმ 6 თვის ვადით,

გარე შემფასებელთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების შეჩერება მინიმუმ 12 თვის ვადით (ან მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა),

მოითხოვოს გარე შემფასებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა;

განახორციელოს მოთხოვნებისა და მითითებების დაწესება კომერციული ბანკების მიმართ.

კომერციული ბანკის მიერ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია:

„ბრძანების ძალაში შესვლამდე კომერციულ ბანკსა და გარე/ბანკთან დაკავშირებულ შემფასებელს შორის დადებული საშემფასებლო საქმიანობის ხელშეკრულების წინამდებარე ინსტრუქციასთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან  1 თვის ვადაში.

2019 წლის 1-ელ იანვრამდე შესაფასებელი უძრავი ქონების ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ, თუ კრედიტის თანხა არ აღემატება 80 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. სხვა შემთხვევაში, სავალდებულოა ინსპექტირება განხორციელდეს შემფასებლის მიერ.

ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესებისა და პირობების დარღვევით დადებული ხელშეკრულება არ შეიძლება გახდეს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი“.

ამავე თემაზე:

უძრავი ქონების არასწორად შეფასებისას კომერციული ბანკის მიმართ სანქცია გატარდება – პროექტი

მე ვარ გიდი – მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2018 წლის 18 მაისს, 13:30 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი ,,მე ვარ გიდი’’.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ქ.ბათუმის, გონიოს, ახალსოფლის და სარფის საჯარო სკოლების მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ერთი დღით მოირგებენ გიდის ფუნქციას, უშუალოდ გაუწევენ გიდობას თავიანთ თანატოლებს და ისაუბრებენ გონიოს ციხის ისტორიაზე, არქეოლოგიასა და მუზეუმ-ნაკრძალში დაცულ ექსპონატებზე.

პროექტის მიზანია მოსწავლეებში სამუზეუმო ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ბათუმში „მაკშაურმა“ გაქურდეს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტი „მაკშაურმა“ გაქურდეს. ამ დროისთვის ობიექტზე საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახური მუშაობს. კონკრეტულად რა წაიღეს ობიექტიდან, ამის შესახებ ადგილზე არ საუბრობენ. ამის შესახებ არ საუბრობს არც შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ქურდობას გულისხმობს.

უკანონოდ შესახელებულ პირებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომლის მიხედვითაც უკანონოდ შესახლებულ საქართველოს მოქალაქეს, უფლება არ ჰქონდა სოციალური შემწეობით ესარგებლა.

კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით, მოქალაქე თამარ თანდაშვილმა მიმართა.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2014 წლის 16 იანვარს თამარ თანდაშვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს მიმართა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირების მოთხოვნით. თუმცა მას უარი უთხრეს განაცხადის რეგისტრაციაში გატარებაზე, რადგან მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.

თამარ თანდაშვილის განმარტებით, ნორმა არაკონსტიტუციური იყო, რადგან ის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს მოქალაქეებს და არღვევდა თანასწორობის პრინციპს.

თამარ თანდაშვილი მიიჩნევდა, რომ სოციალური საჭიროების კუთხით, ის და ზემოთ დასახელებული პირთა ჯგუფები, არსებითად თანასწორნი არიან, თუმცა სადავო ნორმა მხოლოდ მას ართმევს შესაძლებლობას, დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში და ისარგებლოს სოციალური დახმარებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე დღეს, 17 მაისს, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შეხვდება. „ბათუმელებთან“ მან თქვა, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრის მიზანი არის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, რადგან ბევრმა სოციალურად დაუცველმა პირმა არ იცის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. „ამის შემდეგ ისინი მიმართავენ სახელმწიფოს, რომ მიიღონ  სოციალური შემწეობა“.

თამაზ ბაკურიძის თქმით, ბათუმში უკანონოდ შესახლებული ოჯახების რაოდენობა საკმაოდ დიდია. „დღეის მდგომარეობით, უკანონოდ შესახლებული ოჯახებიდან დაახლოებით 4 ათასი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, მიმართონ სახელმწიფოს, რომ მიიღონ სოციალური დახმარება,“ – ამბობს ბაკურიძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე 11 მაისს მიიღო.

უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გასინჯვები არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს, 12:00 საათიდან – 16:00 საათამდე ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრსა [ბარათაშვილის ქ. 30] და პირველ პოლიკლინიკაში [ტბელ აბუსერიძის ქ. 2], ბათუმის ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული კარდიოლოგები ჩაატარებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და გასინჯვებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისის თვის ყოველ ხუთშაბათს ოჯახის ექიმები და ექიმ-სპეციალისტები სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ ჩაატარებენ სამედიცინო გასინჯვებსა და კონსულტაციას არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით. შესაბამისად ამავე კლინიკებში აქციით სარგებლობა შესაძლებელია 24 და 31 მაისს.

მაისის განმავლობაში წნევის უფასოდ გაზომვა იქნება შესაძლებელი ფარმადეპოს, PSP-ს, ავერსისა და სახალხო აფთიაქის ყველა ფილიალში.

ჰიპერტენზია ერთ-ერთი მარტივი სადიაგნოსტიკო კლინიკური მდგომარეობაა, მისი შეფასება, დიაგნოზის დასმა, სასტარტო მკურნალობის შერჩევა, მედიკამენტის დოზის განსაზღვრა და კომბინირებული სქემების შემუშავება – ექიმის პრეროგატივაა.

 

სოკარ ჯორჯია გაზი: აჭარაში მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა არ იგეგმება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით აჭარაში, მათ შორის ბათუმში, საყოფაცხოვრებო აბონენტებს გაზის მიწოდება არ შეუწყდება.

„იმისთვის, რომ მოსახლეობის გაზით მომარაგება არ შეფერხებულიყო, დღეს, 17 მაისის დილის 4 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა აჭარაში ყველა მსხვილ გადამხდელს. მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია, რის გამოც ამ დროისთვის აჭარას ბუნებრივი აირი შეზღუდვით მიეწოდება. კომერციულ ობიექტებს გაზმომარაგება დღეს, დღის ბოლომდე აღუდგებათ,“ – გვითხრეს კომპანიაში.

„მობილიზებული ვართ, რომ მოსახლეობისთვის შევინარჩუნოთ გაზის მიწოდება, იმიტომ, რომ შემდეგ ჩართვის პროცესი არის რთული. მაგრამ თუ გაზი არ ეყო მოსახლეობას, მაშინ შეუწყდებათ მიწოდება და 17 მაისის 2 საათიდან დავიწყებთ აღდგენის პროცესს, რომელიც 19 მაისის დღის ბოლოს დასრულდება. ეს ყველაზე ცუდ ვარიანტში. კონკრეტული დეტალები ხვალ, 17 მაისს დილით გვეცოდინება,“ – განაცხადეს გუშინ, 16 მაისს, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალურ ოფისში.

რა ელის აჭარას ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლის თავზე

სამი წლის შემდეგ ზუსტად 100 წელი უსრულდება ქალაქ ყარსში ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელსაც საზოგადოება ყარსის ხელშეკრულებით სახელწოდებით იცნობს. რა წერია ამ დოკუმენტში და შეიცავს თუ არა ის საფრთხეებს საქართველოსთვის? – „ბათუმელების“ კითხვებს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძეს პასუხობს.

ლაშა, ვინ არიან ყარსის ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები – ითვლება თუ არა საბჭოთა რუსეთი მხარედ, თუ მხოლოდ სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში?

ყარსის ხელშეკრულებას წინ უსწრებდა საბჭოთა რუსეთის მიერ ჯერ აზერბაიჯანის, შემდეგ სომხეთისა და საქართველოს ოკუპაცია. სწორედ იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული საქართველოს ოკუპაცია – 1921 წლის მარტში, ახალმა რუსეთმა და ახალმა თურქეთმა მოაწერეს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება 16 მარტს, ზუსტად იმ დღეს გაფორმდა, როდესაც საბჭოთა წითელ ჯარს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბათუმი აღებული. სწორედ 16 მარტს დატოვა ბათუმი საქართველოს ხელისუფლების ნაწილმა. ისინი უცხოეთში გაემგზავრნენ, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა რომ გაეგრძელებინათ.

აი, ამ ხელშეკრულებაშივე იყო ახალი საზღვრები მოცემული [არა 1878 წლის რუსეთ-თურქეთის საზღვრები, როდესაც გარკვეულ ტერიტორიაზე თქვა უარი რუსეთმა და შეინარჩუნა გარკვეული ტერიტორია, რასაც თურქები ითხოვდნენ]. ეს საზღვრები, ასე ვთქვათ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებსაც რომ დაედასტურებინათ, ყარსში უკვე გასაბჭოებული სამი რესპუბლიკისა და თურქეთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომელსაც ყარსის ხელშეკრულება ჰქვია. ეს იყო 1921 წლის 13 ოქტომბერს. ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ერევანში მოხდა 1922 წელს.

საქართველომ ამ ხელშეკრულებით დაკარგა ის ტერიტორიები, რომლებზედაც მას ჰქონდა პრეტენზიები – ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, არტაანისა და ართვინის ოკრუგები. დაკარგა ის ტერიტორიები, რომლებიც შუა საუკუნეებში წარმოადგენდა საქართველოს უმნიშვნელოვანეს ნაწილს, საიდანაც დაიწყო საქართველოს გაერთიანება – ტაო-კლარჯეთს ვუწოდებთ ჩვენ, მაგრამ ეს უფრო დიდი ტერიტორიებია, ვიდრე ტაო და კლარჯეთი იყო.

როდესაც რუსეთმა და თურქეთმა ხელშეკრულება დადეს, ეს არ იყო ოსმალეთი, იყო ათათურქის თურქეთი, ანგორის მთავრობა, როგორც მაშინ ამბობდნენ.

ხელშეკრულებაზე საბჭოთა რუსეთს ხელი არ მოუწერია.  ხელშეკრულება ნომინალურად შემდგომში „გაპრავდა“, ვითომ დამოუკიდებელი  ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის მიერ ყარსში.

არის თუ არა ყარსის ხელშეკრულება რაღაც ვადით დადებული, ანუ მისი გაფორმებიდან 100 წლის შემდეგ, 2021 წელს, უქმდება თუ არა ის ავტომატურად?

საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის სხვა ხელშეკრულებებიც დაიდო, შემდგომში გარკვეულ ხელშეკრულებებზე უარი თქვა საბჭოთა კავშირმა. მაგრამ საქართველომ და თურქეთმა კიდევ ერთხელ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, აღიარეს ყარსის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრები. ყარსის ხელშეკრულებაში არ არის არანაირი დრო დათქმული, როდემდე მოქმედებს ეს ხელშეკრულება, ამიტომ ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ 100 წლის შემდეგ ვადა გასდის და ასე შემდეგ, არასერიოზულია. ყარსის ხელშეკრულება მოქმედებს მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე მას არ დაარღვევს. თვითონ ხელშეკრულება არასოდეს არ მთავრდება. ყარსის ხელშეკრულების ნახვა ყველას შეუძლია ინტერნეტში, არსებობს როგორც ინგლისური, ისე ქართული და რუსული თარგმანი. სომხური თარგმანიც კი მაქვს ნანახი. მისი წაკითხვა ყველას შეუძლია.

ანუ დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი წლის შემდეგ თურქეთის მხარეს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ექნება, განაცხადოს პრეტენზიები აჭარასთან დაკავშირებით? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სოციალურ ქსელებში ამ თარიღით მუდმივად აშინებენ ადამიანებს.

ეს არის სრულიად აბსურდული მდგომარეობა და ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რასაკვირველია, თუ თურქეთში რაღაც არ მოხდა. შესაძლებელია ერთ დღეს ბათუმიც მოითხოვონ და ქუთაისიც, მაგრამ დღეს ამისი არავითარი წინაპირობა არ არსებობს. გარდა ამისა, საერთაშორისო საზღვრები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გარანტირებული. რუსეთმა რომ დაარღვია ეს საერთაშორისო თანხმობა საზღვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით ყირიმის დაპყრობით, მას სანქციები დაეკისრა. შეუძლებელია თურქეთს პასუხი არ მოეთხოვოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, თუკი თეორიულად დავუშვებთ, რომ რაიმე ტერიტორიულ მოთხოვნებს წაუყენებს საქართველოს.

არა მგონია, ეს შესაძლებელი იყოს არც ყარსის ხელშეკრულებიდან 100 წლის შემდეგ და არც შორეულ მომავალში. რასაკვირველია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ დაიძაბა საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს ძალიან არარეალისტურად მიმაჩნია. და ასევე ეს არ შედის არავის ინტერესებში.

მთავარი აქ ის არის, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული და პრორუსული ძალები, რომლებიც ფინანსებს იღებენ რუსეთიდან, პროპაგანდას ეწევიან: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები აქვთ ოკუპირებული, ამის საპირწონედ იყენებენ – რომ, აი, თურქეთსაც ხომ აქვს მიტაცებული საქართველოს ტერიტორიები. მუდმივად ვრცელდება რუკები, რა ტერიტორიები დაკარგა საბჭოთა საქართველომ. ასე, რომ ეს არის პროპაგანდის ნაწილი და ჩვენ ამისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი, რადგან ამის რეალისტური საფუძველი არ არსებობს. ყოველმხრივ ცდილობენ, რომ ქართულ-თურქული ურთიერთობები ან გააფუჭონ, ან დაძაბულობა შეიტანონ.

ეს არის ტიპური „ვოთებაუთიზმი“ – როდესაც ლაპარაკობ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, მაშინვე გეუბნებიან „ვოთ ებაუთ“? „ვოთ ებაუთ“ არის, მაგალითად, ტაო-კლარჯეთი, ის რატომ არ გახსოვს? ტაო-კლარჯეთი საქართველომ, სამწუხაროდ, დაკარგა საუკუნეების წინ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაგვართვეს მას შემდეგ, რაც საქართველო აღიარებულ იქნა იმ საზღვრებში, რომელიც ჰქონდა საბჭოთა საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული. ამის ერთსა და იმავე დონეზე დაყენება – ტაო-კლარჯეთისა და აფხაზეთის, არის წარმოუდგენლად დიდი სისულელე, ღრმა პროპაგანდისტული მონაჩმახი და ამიტომ არ უნდა ავყვეთ ამგვარ სისულელეებს.

საუკუნეების განმავლობაში საზღვრები მუდმივად იცვლებოდა. რასაკვირველია, საქართველოს ცუდი ბედის მაჩვენებელია ის, რომ ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია დღეს დაკარგულია და სხვა სახელმწიფოშია, მაგრამ ეს არის რეალობა – მსოფლიოს ისტორია და ჩვენი ისტორიაც. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუკი ასე მივუდგებით საზღვრებს, მაშინ სხვებსაც შეუძლიათ ჩვენი საზღვრებისადმი პრეტენზიები განაცხადონ. არ დაგვავიწყდეს, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველო გაყოფილი იყო ჩვენ ორ დიდ მეზობელ სახელმწიფოს შორის – ეს იყო ოსმალეთისა და ირანის იმპერიები. შუა საქართველოში გადიოდა საზღვარი, დასავლეთის ნაწილი იყო ოსმალეთის გავლენის სფერო, აღმოსავლეთი – სპარსეთის. ვნახოთ ძველი რუკები, სადაც ამას ძალიან ცხადად დავინახავთ. მაშინ მათაც შეუძლიათ პრეტენზიები ჰქონდეთ ჩვენს ტერიტორიებზე, ისე როგორც ჩვენ გვაქვს ისტორიულად ქართულ ტერიტორიებზე.

ამისგან ძირეულად განსხვავებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევა. ის, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში, არის საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. მათ ბევრად უფრო მოქნილად გააკეთეს ამ ტერიტორიების ოკუპაცია [არა ისე, როგორც ყირიმში, სადაც პირდაპირ შეიყვანეს რუსული ძალები] – გამოაცხადეს, რომ სეპარატისტები გამოეყვნენ საქართველოს. ჩვენ ამ პროპაგანდას ვიზიარებდით მეტ-ნაკლებად – წლების განმავლობაში ვხმარობდით რუსეთში მოგონილ ისეთ ტერმინს, როგორიც არის ქართულ-აფხაზური ომი. ეს არ ყოფილა ქართულ-აფხაზური ომი, ეს იყო ომი აფხაზეთისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის, როცა მოხდა აფხაზი სეპარატისტების ინსტრუმენტალიზაცია.

თურქულმა მხარემ კარგად იცის, როგორ იყენებენ ქართული ნაციონალისტური ძალები ყარსის ხელშეკრულებას, რომელიც 1992 წლის 30 ივლისს, შევარდნაძისა და დემირელის მიერ ხელმოწერილჩარჩო ხელშეკრულებაშიცარის ნახსენები. „მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებით“, წერია ამ ჩარჩო ხელშეკრულებაში. ნაციონალისტური ჯგუფების მოსაზრებით, შევარდნაძეს მაშინ თურქეთმა აიძულა, რომ 1992 წლის ხელშეკრულებაშიც დაფიქსირებულიყო ყარსის ხელშეკრულება. რატომ დასჭირდათ ამ ხელშეკრულების გახსენება მე-20 საუკუნის ბოლოს მხარეებს?

საქართველომ და თურქეთმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ყარსის ხელშეკრულებით გარანტირებული საზღვრები შემდგომშიაც იქნება ასევე გარანტირებული. ეს არის ბუნებრივი და თავისთავად ცხადი, რომ სწორედ მესამე ძალას არ გამოეყენებინა ის ისტორიული წარსული, რომელიც ჰქონდათ თურქეთსა და საქართველოს ერთმანეთთან მიმართებაში და არ დაეყენებინათ ეჭვქვეშ ის საზღვრები, რაც უკვე არსებობს.

ამ თემის კრიტიკოსების აზრით, რადგან ფაქტობრივად აღარ არსებობენ ის ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ყარსის ხელშეკრულებას, ურთიერთობა თავიდან ამ ხელშეკრულების ხსენების გარეშე უნდა დაწყებულიყო…

თურქეთი თავს მიიჩნევს ოსმალეთის სამართალმემკვიდრედ, მაგრამ, გარდა ამისა, ათათურქის თურქეთი და დღევანდელი თურქეთი, მიუხედავად დიდი ცვლილებებისა, რაც ჩვენ თვალწინ ხდება, დღეს არის იგივე სახელმწიფო. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ თურქეთი, ყარსის ხელშეკრულება იქნება თუ სხვა ხელშეკრულებები, რომლებიც მაშინ დაიდო, უყურებს ისე, როგორც მისი სახელმწიფოს მიერ დადებულ ხელშეკრულებებს. მეორეც, საქართველოს უნდოდა და სწორი დამოკიდებულებაა, აღიარებული ყოფილიყო იმ საზღვრებში, რომლებიც საბჭოთა საქართველოს საზღვრები იყო და რასაკვირველია, საქართველომაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი [მაშინ, როდესაც ჩარჩო ხელშეკრულება დადო თურქეთთან], რომ მისი საზღვრები არის საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრები. ვინც აკრიტიკებს ამ ფაქტს, მათ ან რეალობა არ ესმით, ან არ უნდათ, რადგან ამ სისულელეებით ასხამენ წყალს რუსული პროპაგანდის წისქვილებს.

დღევანდელი რუსეთი მუდმივად არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დიდია იმის საფრთხე, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაძრას თავისი სამხედროები თბილისისკენ. ესეც ხომ გასათვალისწინებელია?

ნამდვილად, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორია არის ოკუპირებული, როდესაც შენი ქვეყნის საზღვარს ვერ აკონტროლებ, დე-ფაქტო საზღვრებს, რომლებიც თავს მოგახვიეს, ვერ აკონტროლებ, ეს არის წარმოუდგენლად სერიოზული პრობლემა. ჩვენ უამრავი დევნილი გვყავს ჩვენივე ტერიტორიებიდან, ეს უზარმაზარი ტვირთია და თუ დღეს ვინმესთან კონფლიქტში ვიმყოფებით, რასაკვირველია, ეს არის რუსეთი. მე ვიტყოდი, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო შედგა დამოუკიდებლობის გზაზე, სულ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში რუსეთთან. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით ომში რუსეთთან. ამ ომს აქვს ცხელი და ცივი ფაზები. ცხელი ფაზა იყო სულ ბოლოს 2008 წელს, როდესაც რუსეთი პირდაპირ და ღიად შემოიჭრა. მანამდე ცხელი ფაზები იყო ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ომი. არის მათ შორის ცივი ფაზები, მაგრამ როდის გადავა ცხელ ფაზაში, ჩვენ არ ვიცით, რადგან ეს ყოველდღეა მოსალოდნელი იმპერიალისტური რუსეთისგან.

სწორედ აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, თუ, ვთქვათ, რუსეთი განაახლებს ომს, ყარსის ხელშეკრულება იქნება თურქეთისთვის სამართლებრივი ბერკეტი, რომ მან პრეტენზია განაცხადოს აჭარაზე? არის ყარსის ხელშეკრულებაში ეს ნაღმი ჩადებული?

საქართველოსა და რუსეთს შორის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აგერ უკვე თითქმის 30 წელია მიმდინარეობს ომი. ამ 30-წლიანი ომის განმავლობაში, რომელსაც აქვს ცხელი და ცივი ფაზები, არც ერთხელ თურქეთს არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია ბათუმსა და აჭარაზე. გაურკვეველია, რატომ უნდა განაცხადოს მომავალში.

ეს არის მუდმივი შიშის შექმნის მცდელობა სწორედ იმისთვის, რომ რუსული ზღაპრები გავიმეორეთ და ვთქვათ, რომ ვაიმე, თუ რუსეთი არ დაგვიცავს, აბა, ვინ დაგვიცავს, საშინელება მოხდება, თურქები მოვლენ და დაგვიპყრობენ – ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა, რომელსაც ან ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ან ადამიანებს, რომლებიც ამ სისულელეს იმეორებენ, ვუთხრათ, რომ ისინი რუსული პროპაგანდის ტყვეობაში არიან. თუ, რა თქმა უნდა, თავად არ არიან პროპაგანდისტები, რომლებიც ამისათვის შესაბამის ხელფასს იღებენ.

თუ გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა, ვთქვათ, რეფერენდუმის გზით, რომ უნდა გაუქმდეს აჭარის ავტონომია, ყარსის ხელშეკრულება იქნება შემაფერხებელი ფაქტორი?

იქნება შემაფერხებელი, რადგან ყარსის ხელშეკრულებაში დევს, რომ აჭარის ავტონომია ყარსის ხელშეკრულებით არის გარანტირებული. ვფიქრობ, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. მომავალში თუ დადგება ეს საკითხი, რასაკვირველია, შეიძლება გამოიყენონ თურქულმა ნაციონალისტურ ისლამისტურმა წრეებმა იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული ანტიპათიები გააღვივონ თურქეთში. ეს არც საქართველოსთვის და არც თურქეთისთვის მომგებიანი არ იქნება.

თურქეთისთვის რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს აჭარაში ავტონომიის სტატუსის შენარჩუნება და რატომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი?

თურქეთისთვის, ალბათ, დიდად მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ რადგან 1992 წელს კიდევ ერთხელ ვაღიარეთ [საქართველომ და თურქეთმა] ყარსის ხელშეკრულება, ამით გარანტირებულია არამარტო საზღვარი, არამედ აჭარის ავტონომიაც. პოლიტიკურად თურქეთის მთავრობა, სულ ცოტა, იძულებული იქნება, რომ პროტესტი განაცხადოს ამასთან დაკავშირებით.

მე ვიტყოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო მეტად ფედერალური სახელმწიფო იყოს. ის, რომ ბათუმში გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუციები არსებობს, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი. ის, რომ ქუთაისში არსებობს საქართველოს პარლამენტი, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მიმაჩნია, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ავტონომია, რომელიც აჭარას აქვს, შეიძლება გამოგვადგეს იმაში, რომ საქართველოს ფედერალიზაცია მოხდეს. ფედერალური სახელმწიფო კი ნიშნავს ფედერალური სტრუქტურების არსებობას.

ყარსის ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე რამდენი სუბიექტია – ოთხი თუ ორი, ანუ საქართველო დამოუკიდებელ მხარედ ითვლება, თუ სხვა ორ ქვეყანასთან ერთად არის მხარე?

ყარსის ხელშეკრულებაში თეორიულად ოთხი მხარეა. გულახდილად რომ გითხრათ, მე არ ვიცი თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვართან მიმართებაში თუ მოხდა რაიმე განახლება, ისე როგორც 1992 წელს საქართველოსა და თურქეთს შორის, მაგრამ რადგან არსებობს 1992 წლის ჩანაწერი საქართველოსა და თურქეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაში და მითითება არის გაკეთებული ყარსის ხელშეკრულებაზე, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ აჭარის ავტონომია იქნება თუ საზღვრები, ეს არის ამ ორი ქვეყნის საკითხი და ამაში მესამე ქვეყანას, რომელიც თავის დროზე თანახელმომწერი იყო ამ ხელშეკრულებისა, არავინ დაეკითხება.

სტალინის მეხოტბე ჯგუფები წერენ, რომ სტალინი ძალიან განიცდიდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის თურქეთის საზღვრებში დატოვებას და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთს მოსთხოვა ამ ტერიტორიების საქართველოსთვის გადმოცემა. რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ?   

გერმანია ძალიან ბევრს ეცადა, მეორე მსოფლიო ომში თურქეთი რომ ჩაება, ისე, როგორც პირველ მსოფლიო ომში იყო ოსმალეთის იმპერია ჩაბმული, მაგრამ გერმანელებმა ამას ვერ მიაღწიეს. ამის მიუხედავად საშიშროება იმისა, რომ თურქეთი ამ ომში ჩაებმებოდა და ჩვენი კავკასიური საზღვარიც ისევ გახდებოდა საომარი ტერიტორია, მთელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო ძალიან სერიოზული თემა. საბოლოო ჯამში, საბჭოთა ხელისუფლებამ ეს გაიხადა საბაბად, რომ მესხეთელი მუსლიმები გაესახლებინა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიიდან – მესხეთიდან და ჯავახეთიდან 1944 წელს. შემდეგში, როდესაც გერმანია ომში მარცხდებოდა, საბჭოთა კავშირს გაუჩნდა ამბიციები…

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა კავშირი საქართველოსა და სომხეთისთვის არ იბრძოდა. ხშირად გაიგონებთ, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთმა გააერთიანა გაგლეჯილი საქართველო და ამის გამო ჩვენ რუსეთის მადლიერები უნდა ვიყოთ. რუსეთმა, რასაკვირველია, ტერიტორიები დაიპყრო, სხვადასხვა ხელშეკრულებით სწორედ ჩვენი, ქართული და ნაწილობრივ სომხური ისტორიიდან გამომდინარე, იმპერიალისტური მიზნებით, რომ გაეზარდა საკუთარი ტერიტორია. სტალინის დროსაც, 1945 წელს, იყო რუსეთის საბჭოთა იმპერიის გაზრდის პირდაპირი ინტერესი და მათ შორის თურქეთის ტერიტორიის ხარჯზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი დიდი ოცნება რუსეთის იმპერიისა არის ის, რომ აკონტროლოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. ის, რომ გავლენა ჰქონდეს და დაიბრუნოს კონსტანტინოპოლი, რომელსაც რუსები ცარიგრადს უწოდებენ და ამით მართლმადიდებლური რუსული იმპერია უფრო ძლიერი გახადოს, რადგან ბიზანტიის პირდაპირ მემკვიდრედ მიიჩნევს თავს რუსეთი. როდესაც სტალინმა ეს ტერიტორიული მოთხოვნები დააყენა, მაშინ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სრუტეების კონტროლი. რადგან შავი ზღვა ჩაკეტილი ზღვაა, რუსეთისთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, არამხოლოდ სულიერების თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობითაც – სურდა,  სრუტეებზე უფრო ადვილი წვდომა ჰქონოდა.

სტალინურმა პოლიტიკამ, რასაკვირველია, ბევრი ქართველის გულში გააჩინა იმედი, რომ დაიბრუნებდნენ ისტორიულ ქართულ ტერიტორიებს. ზუსტად იგივე ხდებოდა სომხეთში. ჩვენთან იწერებოდა სტატიები და ლექსები – „ტაო, ტაო საქართველოს მცირე დაო“ და ასე შემდეგ. ოცნებობდნენ ტრაპიზონის ობკომის მდივნებზე. მაშინ, რასაკვირველია, იყო თანხვედრა ქართულ-სომხური სურვილებისა და რუსეთის იმპერიალისტური მიზნების.

კიდევ ერთხელ რომ შეაჯამოთ – თუ რაიმე განსაკუთრებული კატაკლიზმები არ მოხდა სამყაროში, 2021 წელს არავითარი ცვლილება არ იქნება ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე?

ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ძალიან ჩქარი ტემპით იცვლება და ვხედავთ, როგორი არასასურველი ცვლილებები ხდება ჩვენ გარშემოც. ასე, რომ რა მოხდება რამდენიმე წლის შემდეგ, ძნელია თქვა. მაგრამ არავითარი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ თურქეთმა მოითხოვოს საქართველოს ტერიტორია, რასაკვირველია, პირველ რიგში, აჭარას ვგულისხმობ, არ არსებობს. არანაირი წინაპირობა ამისა, არ არსებობს.

თუ მსოფლიო ომი დაიწყო და დაირღვა მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფუნქციონირებდა, ძნელია წინასწარ მკითხაობა, რა იქნება. მაგრამ არანაირი შიში იმის გამო, რომ ასი წელი გადის 2021-ში, საჭირო არ არის. 21 წელზე როდესაც საუბრობენ პროპაგანდისტები, რატიფიცირება ამ ხელშეკრულებისა მოხდა 1922 წელს და თუკი მაინც და მაინც 100 წელზეა ლაპარაკი, მაშინ 2022 წლის შიში უნდა იყოს და არა 2021 წლის.

კარგი იქნება, თუ შეშინებული ხალხი ამ პროპაგანდაზე იტყვის უარს.

პროდუქტების ფასები საქართველოს 6 ქალაქში

საქართველოს სამომხმარებლო კალათაში 305 კომპონენტია, რომელიც საქონლისა და მომსახურების 12 ძირითად ჯგუფს შეადგენს, მათგან ყველაზე დიდი წილი, დაახლოებით 30%, უჭირავს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სურსათის წილის ასეთი მაღალი მაჩვენებელი დამახასიათებელია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის და მათ ინფლაციებს უფრო მგრძნობიარეს ხდის საკვები პროდუქტების ფასების ცვლილებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათი ხასიათდება მერყევი ფასებით, რაც ფასების საერთო დონის ზრდის ტენდენციის სურათს ამახინჯებს.

ინფოგრაფიკაში ნაჩვენებია საქართველოს სამომხმარებლო კალათიდან, 7 ყველაზე მოხმარებადი პროდუქტის საშუალო წლიური ფასები ლარებში, 6 ქალაქის მონაცემებით:

ვმეგობრობთ მუზეუმებთან

2018 წლის 16 მაისს,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, მუზეუმის მეგობარი სკოლების ერთობლივი ღონისძიება „ ვმეგობრობთ მუზეუმებთან“ გაიმართა.

ვმეგობრობთ მუზეუმებთან
ვმეგობრობთ მუზეუმებთან

მე-16 საჯარო სკოლის მიერ წარმოადგენილი იყო არჩევითი საგნის „მეწარმეობა“-საფუძვლების ფარგლებში შექმნილი მინი-კომპანია „SPACE LIGHT„ მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი სანათები და მხატვარ-გიორგი ნიკოლაიშვილის ნახატები.

სალიბაურის საჯარო სკოლისა და მე-20 სკოლის მიერ კი სხვადასხვა მასალით შესრულებული ნაკეთობები, ფერწერული კომპოზიციები და ხელნაკეთი ნივთები

ვმეგობრობთ მუზეუმებთან
ვმეგობრობთ მუზეუმებთან

რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა მეზღვაურებმა სანამ გემთმფლობელთან კონტრაქტს გააფორმებენ

საზღვაო შრომის კონვენციის თანახმად, მეზღვაურებმა განურჩევლად ეროვნებისა, დასაქმებისას აუცილებლად უნდა გააფორმონ შრომითი ხელშეკრულება გემთმფლობელთან ან მის წარმომადგენელთან. ხელშეკრულება მეზღვაურებს იცავს უცხო ქვეყნის ნავსადგურებში მიტოვებისა და შრომითი ტრეფიკინგისაგან.

მეზღვაურის ხელფასის ოდენობა, გემთმფლობელის მიერ სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეზღვაურის უკან გარანტირებული დაბრუნება, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ვადები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აუცილებელია კონტრაქტში იყოს ჩაწერილი.

ხშირად ხდება ისე, რომ მეზღვაურთა შრომითი უფლებები ირღვევა, გემთმფლობელი კუთვნილ ხელფასს არ აძლევს ან უგვიანებს ეკიპაჟს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სერვისს სთავაზობს მეზღვაურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. კითხვებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ივანე აბაშიძე პასუხობს.

ივანე აბაშიძე

რაზე უნდა გააკეთოს მეზღვაურმა აქცენტი ხელშეკრულების გაფორმების დროს, რა უნდა მოითხოვოს და გაითვალისწინოს მან, სანამ გემზე ავა?

ჩვენ ყველა  მეზღვაურს ვთავაზობთ წარმოგვიდგინონ კონტრაქტი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შეეცდება მის შემოწმებას იურიდიულ ჭრილში.

ისეთ შემთხვევებს, როცა გემთმფლობელი არაპატიოსნად მოიქცევა და მეზღვაურს მოატყუებს, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ დაცვის მექანიზმი არსებობს.

მეზღვაურს აქვს უფლება იცოდეს, თუ რომელ რეგიონსა და რა პირობებში მოუწევს ნაოსნობა. როცა გამოვიკვლიეთ ის შემთხვევები, სადაც გვქონდა პრობლემა, აღმოჩნდა შემდეგი: იყვნენ ინფორმირებული, რომ ლიბიაში მოუწევდათ ნაოსნობა, მაგრამ არ იცოდნენ იმის შესახებ, ლიბიაში რა სიტუაცია იყო. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხშირად სახელმწიფოების სახელებიც კი ჰგავს ერთმანეთს, შეიძლება მეზღვაურებს აერიოთ, იფიქრონ მიდიან ერთგან და აღმოჩნდნენ სხვაგან.

მეზღვაურმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის მაღალი რისკის ზონაში მიდის სანაოსნოდ, მას უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაოსნობაზე, ხოლო თუ განაცხადებს თანხმობას, მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება. ეს არის ის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც მეზღვაურმა უნდა გაითვალისწინოს.

ჩვენი რეკომენდაციაა, მეზღვაურებმა თავიდან ბოლომდე წაიკითხონ  ხელშეკრულება, რომელსაც აწერენ ხელს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ აქვთ უფლება მოითხოვონ მათთვის გასაგებ ენაზე შედგენილი კონტრაქტი.  აუცილებლად მოითხოვს ყველა გემთმფლობელი, რომ კონტრაქტი იყოს შედგენილი ინგლისურად, მაგრამ მეზღვაურებს აქვთ უფლება, გაეცნონ მათ ძირითად უფლება-მოვალეობებს მშობლიურ ენაზე, თუკი მათ რაიმე არ ესმით, რაც იქ წერია. ეს არის პირველი აუცილებელი ფაქტორი.

მეზღვაურები აწერენ ორი ტიპის დოკუმენტს ხელს, ეს არის ძირითადი ხელშეკრულება, რომელიც არის ბევრგვერდიანი და მეორე, ხელშეკრულება, რომელიც არის ძირითადი ხელშეკრულების მოკლე ამონარიდი. სწორედ ეს ძირითადი მომენტები არის ის ხელშეკრულება, რომელიც მეზღვაურებს გემზე აქვთ. ის ძირითადი ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ეწერება, ის ხელშეკრულება შეიძლება სახლშიც კი ჰქონდეთ. ამიტომ აუცილებელია და შეხედონ რა არის გემთმფლობელის მოვალეობები და ვალდებულებები.

ლიბიაში ორი ქართველი მეზღვაურია დაკავებული. მსგავსი შემთხვევებისთვის დაცვის რაიმე მექანიზმი თუ არსებობს?

მოგატყუებთ, რომ ვთქვა საერთაშორისო მექანიზმი არსებობს ისეთ სიტუაციებისთვის, რომელშიც ახლა ჩვენი მეზღვაურები არიან.

რეალურად, საერთაშორისო შრომის ორგანიზაციამ მხოლოდ წელს განიხილა, რომ საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციაში დაემატოს შესწორება, რომლის მიხედვითაც ის პერიოდი, რომელიც პერიოდიც მეზღვაური იმყოფება პატიმრობაში, ეს იყოს წინასწარი პატიმრობა და ა.შ. იყოს ანაზღაურებადი მეზღვაურებისთვის. დღეს არსებული კანონმდებლობით გემთმფლობელებს ამის ანაზღაურების ვალდებულება არ აქვთ. მაგრამ არც იმისი უფლება აქვთ  გემთმფლობელებს, რომ მეზღვაურები მიატოვონ და არაფერი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღონ.

ისეთ პრობლემურ რეგიონებში [ლიბია, დასავლეთ აფრიკა, აღმოსავლეთ აფრიკა, სომალის სანაპიროები, მალაკის სრუტეები – ასე ვთქვათ, მაღალი რისკის რეგიონები], ნაოსნობისას გემთმფლობელები ასე არ იქცევიან, არ აფრთხილებენ მეზღვაურებს. იმიტომ, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც გემთმფლობელს, მაგალითად, გათვითცნობიერებული აქვს რისკი, თუმცა მეზღვაურებისთვის ეს რისკი ახსნილი არ აქვს. ამ დროს მეზღვაურებს უფლება აქვთ, იცოდნენ რა რისკს გასწევენ ასეთ რეგიონებში ნაოსნობისას.

გემთმფლობელის გარდა ვინ უნდა გააფრთხილოს მეზღვაური ნაოსნობისთვის რისკის შემცველი რეგიონების შესახებ?

მე ვერ ვიტყვი, რომ ეს რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციის ვალდებულებაა. თუ ლიბიაში სამოქალაქო ომია, თუკი მეზღვაური თვითონ არ მიხვდება, რომ იქ არ უნდა წავიდეს, ამას სახელმწიფო როგორ გაუკეთებს პრევენციას? ეს რისკი ზოგჯერ მათ გათვითცნობიერებული აქვთ. სახელმწიფოს როლი არის ის, რომ აუხსნა მეზღვაურებს, რა უფლებები აქვთ და რა უწერიათ კონტრაქტში.

ამასთან, გემზე როდესაც ადიან მეზღვაურები, იქ არსებობს  ელექტრონული რუკა. რომლის განახლება ხდება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად იმისდა მიხედვით, როგორ იცვლება უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია. ამ რუკის წაკითხვაც უნდა ვიცოდეთ. რუკაზე რომ რაღაც ინფორმაცია არის დატანილი, ამას ყურადღება უნდა მიაქციო ელემენტარულად.

თუკი მეზღვაურის შრომითი უფლებები ირღვევა, რა შანსი აქვს მას გემთმფლობელის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს?

საერთაშორისო ნაოსნობაში არის შემდეგი სქემა:

გემი შეიძლება იყოს დარეგისტრირებული ერთ სახელმწიფოში, კომპანია იყოს დარეგისტრირებული მეორე სახელმწიფოში და მფლობელი იყოს სხვა, მესამე სახელმწიფოში ე.წ. ბენეფიციური მესაკუთრე. ზოგადად, საზღვაო სექტორი ძალიან სპეციფიკურია და გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვყავს ფიქტიური მესაკუთრეები, რომლებიც რეგისტრირებული მესაკუთრეები არიან და გვყავს ბენეფიციური მესაკუთრეები, რომლებიც რეალური მესაკუთრეები არიან და ფარდის მიღმა იმალებიან. თუკი იდენტიფიცირებული გვყავს გემთმფლობელი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დავა აწარმოო კონკრეტულ საქმეზე, მაგრამ ეს უკვე არის კერძო სამართლებრივი დავა, რომელიც ერთ პირსა და გემთმფლობელს შორის არის.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს არა ერთი მეზღვაურის მიერ ინიცირებული აქცია, არამედ მეზღვაურთა ჯგუფის მიერ. ეს  მეზღვაური მარტო ხომ არ იყო გემზე, სხვებიც იყვნენ. ჩვენ რა შეგვიძლია ამ პროცესში. სახელმწიფოს ამ მიმართულებით მექანიზმი არ აქვს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ დავუკავშირდეთ გემთმფლობელს და ვთხოვოთ კონტრაქტით განსაზღვრული პირობები დაიცვან – აუნაზღაურონ მეზღვაურებს თავიანთი თანხა. ამას აკეთებს სწორედ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსულოების საშუალებით, რომლებიც მეზღვაურებს იცავენ.

საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობა 2008 წლის კრიზისიდან  ჯერ კიდევ არ არის გამოსული. მომრავლებულია ისეთი გემები, რომლებზეც დაბალი სამუშაო პირობებია ან დაბალი ანაზღაურება. ჩვენს მეზღვაურებს ხშირად არ აქვთ დიდი არჩევანი, ამა თუ იმ გემთმფლობელს  შორის რომ გააკეთონ. გვესმის, ეს  მისი გათვითცნობიერებული რისკია. რა ქნას, თუ სხვა ვარიანტი არ აქვს, რა მიმართულებით წავიდეს ეს ადამიანი და დასაქმდეს. ამ პროცესში აუცილებელია მეზღვაურმა გააცნობიეროს რისკი, რომელსაც ის წევს და იცოდეს თითოეული დეტალი. მას აქვს უფლება, რომ დეტალური ინფორმაცია მოითხოვოს და არავის აქვს უფლება, ეს ინფორმაცია დაუმალოს. ამასთან კომუნიკაცია უნდა შედგეს გასაგებ ენაზე. ხშირად მეზღვაურებს ინგლისურად კომუნიკაციის პრობლემა აქვთ. შეიძლება ვიღაცამ აუხსნა კიდეც რაღაც, მაგრამ მან ვერ გაიგო. მეზღვაურმა სამუშაო დონეზე უნდა იცოდეს ინგლისური. ეს აუცილებელი პირობაა, რომ მათ საკუთარი უფლებების დაცვა ეფექტურად შეძლონ. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც მეზღვაურებმა ინგლისურის ცოდნით ძალიან წარმატებით შეძლეს ან საფრთხე აერიდებინათ თავიდან, ან მიეღოთ ინფორმაცია, რომელიც მათი უფლების დაცვისათვის იყო აუცილებელი. და ეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ხდება.

ისეთი შემთხვევისგან, რომ გემთმფლობელს რაღაც დაემართოს და მეზღვაური დარჩეს ანაზღაურების გარეშე, დაცული არავინ არაა. ეს ბაზარია ასეთი. დღეს თუ გვყავს ტვირთის მესაკუთრე, ტვირთის მყიდველი, ხვალ შეიძლება ის აღარ გამოჩნდეს და შენი ტვირთით დატვირთული გემით აღმოჩნდე შუა ოკეანეში, საიდანაც არც იცი სად წახვიდე.

მეზღვაურებს აქვთ უფლება, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად დააპატიმრონ გემი და მათი უფლება აუცილებლად იქნება დაცული ტრანსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ, რომელიც მეზღვაურთა პროფკავშირებია.

მე მესმის, რომ მეზღვაურებს შეიძლება ჰქონდეთ ნდობის პრობლემა პროფკავშირების მიმართაც და იფიქრონ, რატომ უნდა გადავიხადო ჩემი გამომუშავებული ხელფასიდან საწევროო. აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ სისტემასთან, რომელთანაც მათ უწევთ ბრძოლა მათი ხელფასების ასაღებად, მარტო ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ გახდება. აუცილებელია, ისინი დაიცვას ვიღაცამ. ამისათვის არსებობს სწორედ საერთაშორისო პროფკავშირები და ტრანსპორტის საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მეზღვაურთა უფლებებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იცავს.

მეზღვაურებს გემთან მიმართებაში აქვთ ქონებრივი უფლებაც კი, უხეშად რომ ავხსნათ, იმ შემთხვევაში, თუკი გემთმფლობელი საკუთარ ვალდებულებას ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით აგვიანებს ან არ ასრულებს, მეზღვაურებს შეუძლიათ მიიყვანონ გემი ნავსადგურში და მოითხოვონ გემის დაპატიმრება. არ შეიძლება გემის ეკიპაჟმა მოითხოვოს გემის დაპატიმრება იმის გამო, რომ რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემა ვერ მოუგვარდა გემზე.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

საკრუინგო კომპანიებთან მიმართებაში რა ხდება? 

2010 წელს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გაგვიუქმა აღიარება, მეზღვაურების ბაზარი იყო კრიზისში. საზღვაო სააგენტო რომ ეგრევე მკაცრი რეგულაციებით შევარდნილიყო დასაქმების ბაზარზე, ან პირდაპირ მოგვეთხოვა საკრუინგო კომპანიებისთვის და მკაცრი რეგულაციები დაგვეწესებინა და ა.შ. ისედაც მცირე ზომის ფანჯარას კიდევ უფრო დავუხურავდით მეზღვაურებს. ამიტომ დავიწყეთ რბილი რეჟიმით მათი რეგულირება. ეს აისახა იმაში, რომ საზღვაო კოდექსში შემოვიტანეთ საკრუინგო კომპანიის ცნება. ამან მოგვცა საშუალება, დაგვეწესებინა მინიმალური მოთხოვნები, რას უნდა აკმაყოფილებდეს მეზღვაურსა და გემთმფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის გაფორმების შუამავალიც არის საკრუინგო კომპანია.

მეზღვაურთა სერტიფიცირების ნაწილში არსებული პრობლემები დიდი ხანია მოვაგვარეთ, სისტემა აწყობილია და მუშაობს ისე, როგორც ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში. ევროკავშირის მიერ არის დადასტურებული აუდიტით. თუმცა ის სოციალური ელემენტი, რომელიც მეზღვაურთა შრომითი უფლებების დაცვას ეხება, მაინც მეტ დახვეწას საჭიროებს.

გვაქვს იდენტიფიცირებული კონკრეტულად რომელ სუბიექტებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, რა სოციალური დაცვის გარანტიებია, როგორ ხდება მეზღვაურთა რეპატრიაცია, მათი დაზიანების შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება და ა.შ.

რას ნიშნავს ე.წ. რბილი რეგულაცია?

საკრუინგო კომპანიებს, რომელთაც სურთ ნორმალურ გემთმფლობელთან ურთიერთობა, გემთმფლობელი მათ აუცილებლად მოსთხოვს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ აღიარების დოკუმენტს.

სწორედ ამას ემსახურება ე.წ. არაფორმალური თეთრი სიის შექმნა, აღიარებული საკრუინგო კომპანიების, რომლებიც მინიმუმ ნერგავენ საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციით განსაზღვრულ სტანდარტს. ეს შეეხება, პირველ რიგში, კეთილსინდისიერი დასაქმების პირობების შექმნას.

თუ საკრუინგო კომპანიას სურს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღიარება მიიღოს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხარისხის მართვის სისტემა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ე.წ. საზღვაო შრომის კონვენციასთან დაკავშირებული აღიარების სერტიფიკატი. ამ სერტიფიკატიდან გამომდინარე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახდენს მათ ყოველწლიურ მონიტორინგს.

თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე საკრუინგო კომპანია არღვევს აღიარების პირობებს, ასეთ კომპანიას უუქმდება აღიარება სააგენტოს მხრიდან. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი.

მეორე ნაბიჯი იქნება და ეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებითაც არის განსაზღვრული, 2019-2020 წლებში უნდა დასრულდეს საქართველოში საერთაშორისო საზღვაო კონვენციის დანერგვის პროცესი. ამ პროცესში აუცილებელია ყველა სოციალური პარტნიორის ჩართულობა. საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია პროცესში ჩართულ ყველა მხარეს – მეზღვაურებს და მათ პროფესიულ გაერთიანებებს ე.წ.  პროფკავშირებს, გემთმფლობელებს და სახელმწიფოს უწოდებს სოციალურ პარტნიორებს.

სწორედ სოციალური პარტნიორების ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს ამ რეგულაციების დანერგვა. ყველა მხარისათვის მისაღები რეგულაციები უნდა დაინერგოს, რათა მეზღვაურისთვისაც და გემთმფლობელისათვისაც მისაღები იყოს ის შედეგი, რომელსაც მივიღებთ კანონმდებლობის სახით.

სოციალური პარტნიორობის კომისია განიხილავს იმ ძირითად საკითხებს, რაზეც ჩვენი კანონმდებლობა უნდა იყოს დაფუძნებული. „ქართველ მეზღვაურთა დასაქმების პირობების შესახებ“ საქართველოს კანონის სამუშაო დრაფტის მომზადება 2015 წლიდან დაიწყო.

ეს კანონმდებლობა რამდენიმე ძირითად მიმართულებას არეგულირებს, ეს არის როგორც ქართველი მეზღვაურების სოციალური დაცვის საკითხი სხვა სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, ისე  საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე დასაქმებული მეზღვაურებისთვის, რომლებიც შეიძლება ქართველები არ იყვნენ.

ასევე ეხება საკრუინგო კომპანიების რეგულირების საკითხს, რომლებიც ვერ განახორციელებენ საქმიანობას სექტორში, თუკი ისინი სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას არ მიიღებენ.

ეს არის მთლიანი პაკეტი, რომელიც მოიცავს სრულ სპექტრს უფლებების დასაცავად. ეს არის პროცესი, რომელიც სექტორის ყველა აქტორის ინფორმირების საფუძველზე მიმდინარეობს და ყველაფერი მომზადებულია იმისათვის, რომ ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებები დავნერგოთ.

შახ აივაზოვი – ფოტოგრაფი ბრძოლის ველიდან

„ოცნებობდით ომის ფოტოგრაფობაზე?“

„ოცნებობდით ომის ფოტოგრაფობაზე?“, „რას გრძნობდით ბრძოლის ველზე ყოფნისას?“, „არ გეშინიათ, ომში რომ მიდიხართ ხოლმე?“ – ხშირად ეკითხებიან შახ აივაზოვს, ერთი არც თუ ისე მარტივი მიზეზის გამო: 62 წლის განმავლობაში 7 ომს მოესწრო. აფხაზეთის, ჩეჩნეთის, ცხინვალის, დნესტრისპირეთის, ყარაბაღის, ავღანეთის, ტაჯიკეთის ომებს…

შვიდივეგან ფოტოკორესპონდენტი იყო და ომის ამსახველ კადრებს იღებდა.

„სიტუაციამ მოიტანა, რომ ომის ჟურნალისტი დამერქვა. ომის ჟურნალისტობაზე წინასწარ როგორ იოცნებებ. ნეტა, საერთოდ არ არსებობდეს, აღარასდროს განმეორდეს. ძალიან რთულია, როცა ხედავ, როგორ აქცევს ბრძოლის ველი ადამიანებს ბრმა იარაღად. საშინელებაა ისიც, რომ ომმა შეჩვევა იცის. ჩადიხარ. ნახევარ საათში შიში გიქრება და ერთადერთი მიზანი გაქვს: ყველაფერი, რასაც ხედავ, გადაიღო, აჩვენო სხვებსაც,“ – ამბობს შახი.

შახ აივაზოვის ფოტო.

უკვირს, როცა ამბობენ, რომ ომი ერთმა მხარემ მოიგო ან მეორემ. ფიქრობს, რომ სინამდვილეში ომს ვერავინ იგებს. ადამიანები იღუპებიან ორივე მხარეს და შეუძლებელია ასეთ დროს ვინმე დარჩეს მოგებული.

ფოტოკორესპონდენტობა მისთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან ასოცირდება: „თუ წინასწარ ხარ განწყობილი, რომ მხოლოდ ერთი მხარე გააშუქო, ვერ იმუშავებ, როგორც კორესპონდენტი. აზერბაიჯანელი ქართველი ვარ და როცა ყარაბაღის ომს ვიღებდი, ვიღებდი ორივე მხარის ტრაგედიას. ომში, როცა კორესპონდენტი ხარ, შეუძლებელია იყო მხარე.“

 

„პრესის ჟილეტი გაცვია, მაგრამ ბომბი ვერ არჩევს ჟურნალისტს, ექიმს  და ჯარისკაცს“

სრული სურათის დასანახად ყველა ომში ხანგრძლივად რჩებოდა. ცხრა თვე გაატარა ჩეჩნეთის ომში. ორი – სამი დღით იშვიათად ჩამოდიოდა თბილისში, რომ ფირები გაემჟღავნებინა და დაებეჭდა.

შახი: „როცა ომის გადასაღებად მიდიხარ, არ იცი დაბრუნდები თუ არა, პრესის ჟილეტი გაცვია, მაგრამ ბომბი ვერ არჩევს ჟურნალისტს, ექიმს  და ჯარისკაცს.

ფოტოგრაფი შახ აივაზოვი ომში, გადაღებისას.

არავინ იცის, სად მოხვდები, რას მოიტანს ყოველი ახალი წუთი. არის მომენტები, როცა შეგიძლია ვინმეს რამით დაეხმარო და არჩევანი უნდა გააკეთო: ადამიანს უნდა დაეხმარო, უშველო ან გადაიღო კარგი კადრი. თუ მკითხავენ ვინმეს შველა თუ კადრის გადაღება, ვუპასუხებ, რომ, რა თქმა უნდა, ადამიანის შველაა მთავარი. ძალიან ხშირად მქონია ეს დილემა. არ მინდა საერთაშორისო პრიზები ფოტოჟურნალისტიკაში. ერთი ადამიანის მადლიერება მირჩევნია“.

ყოფილა მომენტები, როცა გადაღებული ფირები დაუმალავს, ომში ჯარისკაცებისთვის, ქალებისთვის გადაუცია და უთხოვია, შემინახეთ, რომ არ წამართვანო, ასე გადაარჩინა არაერთი კადრი.

ჩეჩნეთის ომი. ფოტო: შახ აივაზოვი

 

ომებს შეწირული ოცნება

შახ აივაზოვს საოცნებო ფოტოსერია შეუვსებელი დარჩა. ყოველთვის ოცნებობდა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების ტრადიციული რიტუალები გადაეღო, ქორწინებები, დაკრძალვები და ა.შ.

სერიის ნაწილი გადაღებული აქვს, თუმცა, როგორც თავად ამბობს,  ეს ოცნება ალბათ ვერ აუსრულდება, მიიჩნევს, რომ არავინ აღარაფერს აღნიშნავს ისე, გადაღებად რომ ღირდეს. გარდა ამისა, მუდმივად ომებში ყოფნამ ფოტოგრაფს რიტუალების  გადაღების დრო და ენერგია აღარ დაუტოვა.

განათლებით ჟურნალისტია. პირველი ფოტოაპარატი ძმამ უყიდა, როცა მეექვსე კლასში იყო. სულ ექვსი კამერა გამოცვალა, ბოლო 26 წელი სააგენტო Associated Press-ის ამიერკავკასიის ფოტოკორესპონდენტია. მანამდე 12 წელი მუშაობდა საქინფორმში, საიდანაც Reuters -ს, Epa-ს და Associated Press-ს აწვდიდნენ ახალი ამბების ამსახველ ფოტომასალას. ამჯერად Canon D4 -ით იღებს.

 

„რა კარგი ფოტოები გადაგიღია შახ, მაგარია!“

  

2015 წელს შახ აივაზოვის ომის ხაზის ფოტოების გამოფენა გაიმართა. მისთვის ეს ჩვეულებრივი გამოფენა არ იყო. ამ კადრების ერთად ნახვა ფოტოგრაფისთვის ძველი ამბების გაცოცხლებას ნიშნავდა.

შახი: „ჩვეულებრივად მიედინებოდა დამთვალიერებლების ნაკადი დარბაზში, რა კარგი ფოტოები გადაგიღია შახ, მაგარიაო! – მეუბნებოდნენ და მიდიოდნენ. უცებ ერთი ქალი მოვიდა ჩემთან, ტიროდა. მოვიდა და მკითხა, მე ვიყავი თუ არა ფოტოგრაფი, დიახ, ქალბატონო, რატომ ტირით-მეთქი, შევწუხდი. ლტოლვილი ვარ, თითქმის ყველა, ვინც აფხაზეთში გადაიღეთ, ყველა მეცნოო. ვერ ვაწყნარებდი. ასეა. ვისაც უნახავს ომი, მისთვის ეს კადრები მხოლოდ კადრები არ არის, ვისაც არ უნახავს, ის გამოფენაზე ერთი კარიდან შემოდიოდა და გადიოდა მეორედან, ჩვეულებრივად“.

შახ აივაზოვის ფოტო

ომის სხვა ფოტოგრაფებს ახსენებს: გიორგი ცაგარელს, სერგო ოდიშერაშვილს, ვოვა ვალიშვილს, იური მეჩითოვს, გიორგი შარაშენიძეს, რომელთაც აფხაზეთიდან სვანეთისკენ მიმავალი ლტოლვილები გადაიღეს. შახი ამბობს, რომ ეს კადრები გიორგი ცაგარელის გარდა არავის გადაუღია, მის გარდა იქ იმ მომენტში არავინ იყო და სწორედ ასეთი კადრები ხდება ისტორიისთვის ფასეული და მნიშვნელოვანი.

ფოტოგრაფი შახ აივაზოვი ჩეჩნეთის ომში.

 

„ქალები ყველაფერს ჩვენზე უკეთ იღებენ“

გამოცდილ ფოტოგრაფს ხშირად აკითხავენ მოყვარულები, რომლებიც გადაღების სწავლას თავიდანვე ძალიან ძვირიანი კამერით იწყებენ და მიაჩნიათ, რომ კარგი კამერაა ყველაფრის გარანტი.

„ფოტოს ადამიანი იღებს, კამერა უბრალოდ იარაღია. ხედავს იმას, რასაც ხედავ შენ. თუ ადამიანი ვერაფერს ხედავს განსაკუთრებულს, ძვირიანი კამერაც ვერაფერს დაინახავს. თუ საინტერესო ამბებს ხედავ, გადაღება ყველანაირი კამერითაა შესაძლებელი,“ – ურჩევს შახი დამწყებ ფოტოგრაფებს.

კადრები მისთვის ცოცხალ და მკვდარ კადრებად იყოფა. როგორი ლამაზი პეიზაჟი ან რაიმე სხვა მოცემულობაც არ უნდა იყოს ასახული კადრზე, ის მკვდარია, თუ არ ჩანს ადამიანი ან რაიმე ცოცხალი არსება, სიცოცხლის რაიმე ნიშანი.

შახ აივაზოვი: „ომს, მანიფესტაციებს, ყველაფერს გადაღების განსხვავებული სპეციფიკა აქვს, მაგრამ ყველაზე რთულად გადასაღები პორტრეტია, ხშირად პირიქით ფიქრობენ. კარგი პორტრეტი რომ გადაიღო, ადამიანს ორი კვირა მაინც უნდა იცნობდე, აკვირდებოდე და რასაც საბოლოოდ გადაიღებ, ზუსტად უნდა ასახავდეს  ადამიანის რეალობას.  ამიტომაცაა ბავშვებისა და მოხუცების გადაღება შედარებით მოსახერხებელი: ვერაფერს მალავს ვერც ერთი, ვერც მეორე. ყველაზე რთული ახალგაზრდის გადაღებაა, დიდი ხანი გჭირდება, რომ გახსნა და დაინახო, ვინ არის.

საერთოდ, ქალები ჩვენზე უკეთ იღებენ. უფრო მგრძნობიარეები არიან. ყველაფრის სხვანაირად დანახვა შეუძლიათ. ომში შემხვედრია ამერიკელი და ევროპელი ქალი ფოტოგრაფები, რომლებიც სააგენტოებისთვის მუშაობდნენ. ფოტოგრაფია, განსაკუთრებით კი პორტრეტი, სულიერი მდგომარეობის კადრზე გადმოტანაა, ეს ქალებს საოცრად გამოსდით“.

კადრები შახ აივაზოვის ომის ფოტოარქივიდან

 

მთავარ ფოტოზე: შახ აივაზოვი. ზურაბ ქურციკიძის ფოტო

ბათუმის მერია ტურისტულ სეზონამდე წერეთლის ქუჩიდან გარემოვაჭრეების გადაყვანას გეგმავს

იმ საკითხების  ჩამონათვალში, რომელთა გადაწყვეტაც  ბათუმის მერიის სამსახურებმა ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა მოასწრონ, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლებაც შედის. ამის შესახებ მერმა, ლაშა კომახიძემ, სამსახურების უფროსებთან საგანგებო თათბირზე ისაუბრა.

მერიაში მიიჩნევენ, რომ გარდა იმისა, უნებართვო გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს აუშნოებს და ქმნის ანტისანიტარიის კერებს, ასევე დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, აფერხებს სკოლასა და საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზაზე გადაადგილებას.

მერიის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურებმა წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეები უკვე გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერიის მითითებებს არ დაემორჩილებიან, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას  – 2000 ლარის ოდენობით. დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში ითვალისწინებს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას – 4000 ლარის ოდენობით.

წერეთლის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, მერიამ გარე მოვაჭრეები გააფრთხილა და საინფორმაციო ფურცლები გადასცა.

მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მერია ალტერნატიულ ფართობებს გარემოვაჭრეებს გოგოლის ქუჩაზე , #1-ში,  „მეტროს“ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სთავაზობს, სადაც მათ გადასახადის სახით წელიწადში მხოლოდ ერთი ლარის გადახდა მოუწევთ:

„ ეს არის კეთილმოწყობილი ადგილი, თავისი ინფრასტრუქტურით, მიყვანილია წყალი, არის საპირფარეშოები. მერი ჰპირდება ასევე მათ, რომ ამ მიმართულებით იმოძრავებს ტრანსპორტი, მარშრუტზე მითითებული იქნება, რომ გაივლის მეტროს სავაჭრო ცენტრს, თუმცა არ უნდათ მაინც, ამბობენ, რომ შორია, იქ ხალხი არ ივლის, კლიენტი არ გვეყოლებაო და წინააღმდეგი არიან. ეს ძალიან სათუთი თემაა და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, ამიტომ მერი აპირებს შეხვდეს მათ და დაელაპარაკოს,“  – განაცხადა თენგიზ მესხიძემ „ბათუმელებთან“.

მერიის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე 150-ზე მეტი გარემოვაჭრეა.

რა იცი ყარსის ხელშეკრულების შესახებ? [პოლიტიკური ტესტი]

გსმენია ყარსის ხელშეკრულების შესახებ? შეავსე ტესტი და გაიგე, რატომ კამათობენ ამ ხელშეკრულების გარშემო ამდენს.

_________
წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე: 

ათი მხატვრის 40 ფერწერული ტილო ბათუმისთვის

დღეს, 16 მაისს, ბათუმში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „წელიწადის ოთხი დრო – მეგობრობის პალიტრა ბათუმი 2018“ იწყება.

ფესტივალი ათ დღეს გაგრძელდება, მასში ექვსი ქართველი და ოთხი უცხოელი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გამოფენით დასრულდება.

როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი გუგუშვილი, „ბათუმელებთან“ ამბობს, მხატვრები 40-მდე ფერწერულ ნამუშევარს სამხატვრო სახელოსნოში დახატავენ. აქედან ათი ნამუშევარი ზეთში, ტილოზე იქნება შესრულებული, დანარჩენი კი – მუყაოზე, აკრილით.

დასრულებული ნამუშევრები ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გამოიფინება. გიორგი გუგუშვილის თქმით, ნამუშევრები აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაეცემა.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ვერნისაჟზე პროექტორით დემონსტრირებული იქნება ფესტივალის ოთხივე პლენერის ამსახველი ფოტოკოლაჟი. გამოფენა კი მუსიკალურად ვივალდის „წელიწადის ოთხი დროს“ აუდიოჩანაწერით გაფორმდება.

ფესტივალის ბიუჯეტი 11 ათასი ლარია.

“ლეოგრანდში” ხანძრის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად გაჩენილ ხანძარში ბრალდებულების საქმის განხილვა დაიწყო. დღეს, 16 მაისს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელსაც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი უძღვებოდა.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

ბრალდებულები – თურქეთის მოქალაქე ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე გ.მ. სასტუმროში მენეჯერის პოზიციებზე მუშაობდნენ და როგორც სასამართლოზე ითქვა, სხვა საკითხებთან ერთად სწორედ მათ მოვალეობაში შედიოდა სახანძრო სისტემის კონტროლი.

ფ.ი.-სა და გ.მ.-ს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომაზე ორივე ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ითხოვს პატიმრობის ძალაში დატოვებას, რადგან ორივე ბრალდებული მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა და მათ შესაძლოა გავლენა მოახდინონ მოწმეებზე, ასევე ბრალდებულმა, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, შეიძლება დატოვოს ქვეყანა, ხოლო მეორე ბრალდებულს წარსულში ჰქონდა პრობლემა კანონთან.

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა პროკურატურის არგუმენტებს – მათ მოითხოვეს გირაო პატიმრობის ნაცვლად, 50 ათასი ლარის ოდენობით. მხარის განცხადებით, პროკურატურის არგუმენტი აბსურდულია, რადგან ბრალდებულს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ოჯახი საქართველოში ჰყავს, იგი არაერთხელ გადავიდა თურქეთში და უკან დაბრუნდა. ხოლო წარსულში ნასამართლევ ბრალდებულს, ბრალი გაქარწყლებული აქვს.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განაცხადა, რომ არც ერთ მხარეს არ წარმოუდგენია ახალი გარემოებები და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 29 მაისს ჩაინიშნა.

 

მთავარ ფოტოზე: სასტუმრო „ლეოგრანდის“ გაბზარული მინა ბათუმის ტრაგედიის სიმბოლო გახდა. ფოტო: ირაკლი მეტრეველი 

______________________

ამავე თემაზე: 

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის ფაქტზე ორი მენეჯერი დააკავეს 

პრემიერი ლეოგრანდის ხანძართან დაკავშირებით: ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირებაა 

კვარიათის სანაპირო მერიას იჯარით არ გაუცია, კონსტრუქციებს კი მაინც ამონტაჟებენ

კვარიათში, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ პლაჟებზე, რომლებიც ქალაქის მერიამ აუქციონის წესით, კონკურენციის პირობებში უნდა გასცეს იჯარით, გარკვეული კონსტრუქციების მოწყობა უკვე დაწყებულია. ვინაიდან ეს ადგილები აუქციონზე ჯერ გატანილი არ არის, კანონით ის თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ნაგებობისგან, რაზეც პასუხისმგებელი ქალაქის მერიაა.

რამდენად კანონიერია დღეს არსებული კონსტრუქციები და მიმდინარე სხვადასხვა სახის სამუშაოები კვარიათის პლაჟზე? – ამ კითხვაზე ბათუმის მერიისგან პასუხს რამდენიმე დღეა ვერ ვიღებთ. მერია უპასუხოდ ტოვებს ასევე კითხვას – რა ბედი ეწევა იმ კონსტრუქციებს, რომლებიც უკვე განთავსებულია პლაჟზე. ქალაქის მერიაში ჯერჯერობით მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მუშაობენ აუქციონების გამოცხადებაზე.

მერიაში ვერ ასახელებენ დროს, დაახლოებით როდის გამოცხადდება აუქციონები მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემაზე – მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობებისგართობისა თუ კვების ობიექტის განთავსებისთვის. 

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. მერიისგან ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი, შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი გონიო-კვარიათის პლაჟებთან დაკავშირებით.

კვარიათში მცხოვრები მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ მოუწესრიგებელია სანაპირო ზოლი, ხოლო პლაჟზე გასასვლელი გზები დაზიანებულია.

ბათუმის მერიისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე – კანონიერია თუ არა ეს ნაგებობები კვარიათის პლაჟთან
კვარიათის სანაპიროს ფოტოები, რომლებიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს
კვარიათი

ამავე თემაზე:

მერია: თუ მოქალაქე კვარიათის პლაჟზე დაყრილ მიწას არ გაიტანს, სასამართლოს მივმართავთ

საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, SIEMENS-ის წევრებს შეხვდა. სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება –  შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს.

საქართველოს რკინიგზა უახლოეს მომავალში ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს. კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს, მიიღონ ტენდერში მონაწილეობა.

ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟებას ევროდირექტივების 34-ე  მოთხოვნა ითვალისწინებს.

ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით მატარებლები ,,ბლექ სი არენაზე” გაჩერდებიან

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით ელექტრომატარებლებს ,,ბლექ სი არენას” ბაქანზე გააჩერებს.

კერძოდ, 19 და 20 მაისს ელექტრომატარებლებს #802/801 თბილისი-ბათუმს, #804 თბილისი-ბათუმს, ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება ურეკი-ნატანების გადასარბენ ბაქან 42 კმ. პკ. 4-ზე (ბლექ სი არენა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრალური ვაგზლის სალაროებში,  რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე და აპლიკაციის (Georgian Railway Tickets) საშუალებით.

 

რა ფინანსური ზიანი მიიღო „აიისამ“ და რას მოითხოვს ის სტრასბურგში

ქართული პრეზერვატივების ბრენდის „აიისას“ სარჩელი სააპელაციო სასამართლოში უკვე შევიდა. როგორც „აიისას“ დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კომპანიის ზიანი ჯერ საბოლოოდ დათვლილი არ არის.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ აგვეკრძალა სამი დიზაინის პროდუქციის რეალიზება, ასევე დაგვევალა ოთხი სახის დიზაინის პროდუქციის ქსელიდან ამოღება.

პროდუქცია იყიდება ცალობითაც და კომპლექტურადაც. ფასების მიხედვით თუ დავიანგარიშებთ, დაახლოებით 6 ათასი ლარის ფინანსურ ზიანზე შეიძლება იყოს საუბარი. აკრძალული დიზაინის პროდუქცია დაახლოებით 600 ცალია გაყიდული და დაახლოებით 300-400 ცალი იქნება დარჩენილი გასაყიდი.

თუმცა სანამ სააპელაციო სასამართლო გაგვამტყუნებს ან პირიქით, მანამდე ჩვენი პროდუქციის გაყიდვა არ შეჩერდება,“ – გვეუბნება ანანია გაჩეჩილაძე.

„აიისა“ დავას აგრძელებს, როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე ის ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად.

„ჩვენ გვედავებიან რეკლამის შესახებ კანონით, რომელიც 1998 წელს არის მიღებული და ბევრი ხარვეზი აქვს. სასამართლოს განჩინებაში კი არ არის დაზუსტებული, ეს აკრძალვა ეხება თუ არა ონლაინგაყიდვებსაც.

ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი კი სწორედ ონლაინ იყიდება. განჩინებაში საუბარია, რომ უნდა აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე, ინტერნეტი კი არის საქართველოც და მთელი მსოფლიოც. ამიტომ ეს ძალიან ბუნდოვანი საკითხია,“ – ამბობს გაჩეჩილაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში „აიისა“, რეკლამის კანონის  არაკონსტიტუციურობას გაასაჩივრებს. „კონსტიტუციაში მიწერია, რომ გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება და დაცულია, კანონში კი ამ უფლებას მიზღუდავენ. სანამ საკონსტიტუციო  დაადგენს ამ კანონის არაკონსტიტუციურობას, ბუნებრივია, ამას დრო დასჭირდება, სააპელაციოს გადაწყვეტილებასაც ალბათ დასჭირდება რამდენიმე თვე, ჩვენ კი მანამდე რეალიზაციის უფლებას ვერ შეგვიზღუდავენ,“ – გვეუბნება „აიისას“ დამფუძნებელი.

იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლოც ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, „აიისამ“ არა მარტო უნდა შეწყვიტოს პროდუქციის რეალიზება, არამედ უნდა გადაიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმაც – 500 ლარი.

„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ვიმოქმედებთ კანონის ჩარჩოებში და ჩვენსას გავიტანთ,“ – ამბობს გაჩეჩილაძე. მისი თქმით, თუკი სააპელაციო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ისინი ევროპის სასამართლოს მიმართავენ და არ დაელოდებიან საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ევროპის სასამართლოში მოვითხოვთ მორალური და ფინანსური ზიანის ანაზღაურებასაც. ბუნებრივია აქ მილიონებზე არ იქნება  საუბარი. თუკი  ევროპის სასამართლოს განჩინებამდე დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო რეკლამის კანონის არაკონსტიტუციურობას, ჩვენ სახელმწიფოს მოვთხოვთ ფინანსურ და მორალური ზიანის ანაზღაურებას,“ – ამბობს გაჩეჩილაძე.

„აიისას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი თბილისის მერიამ შეიტანა, მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია რელიგიურ გრძნობებს ლახავს და არღვევს რეკლამის შესახებ კანონს, სადაც საუბარია, რომ რეკლამა, არ უნდა აყენებდეს შეურაცხყოფას  ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასას, პროფესიის, სოციალური საკუთრების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიურ მრწამსს და ა.შ

განცხადებაში, რომლითაც მერიას მიმართეს, წერია, რომ  „აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი (საჩვენებელი და შუათითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი. პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს“.

„აიისა“ არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციებს და ის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სასამართლოში კომპანიის უფლებების დამცველის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელზე უკვე მუშაობენ.

 

 

ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე ხელშეკრულების გაფორმება გადაიდო

როდის გაფორმდება ან გაფორმდება თუ არა საერთოდ ისრაელთან შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება – ეს არის საკითხი, რომელიც არაერთ მოქალაქეს აინტერესებს. ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე გასული წლის მაისში შეთანხმდნენ. მოლაპარაკებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, საკითხი ისევ გაყინულია. მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებას ხელი ორ თვეში მოეწერებოდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ ისრაელთან შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმებაზე არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული.

„არის მხოლოდ ხელშეკრულების პროექტი მომზადებული, თუმცა  ჯერჯერობით არ არის ხელმოწერილი,“ – ამბობს ელზა ჯგერენაია.

მისივე თქმით, „საქართველოს მოძიებული აქვს ისრაელის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების  შესახებ ინფორმაცია და დანართის სახით არის ეს ხელშეკრულებასთან ერთად წარმოდგენილი. რაც შეეხება ხელის მოწერის და შემდგომი ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას, ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, მინდა ძალიან ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მოლაპარაკება, ჯერჯერობით, არ არის დასრულებული და არ არის გადაწყვეტილება მიღებული“.

კითხვაზე, რატომ სჭირდება ამდენი დრო ხელშეკრულების გაფორმებას, ელზა ჯგერენაია პასუხობს:

„არიან ჩვენი ქვეყნის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად არიან დასაქმებული ისრაელში. ისრაელის ხელისუფლება სწორედ ამ არალეგალური მიგრაციის მოგვარებას გეგმავს ადგილზე. ამის შემდეგ შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმებაზეც დაიწყოს საუბარი“.

ორი წლის წინანდელი მონაცემით, 2016 წელს ისრაელში საქართველოს 18 437 მოქალაქე შევიდა, აქედან 14 327 ადამიანი უკან დაბრუნდა, ხოლო შეშვებაზე უარი 3 974 ადამიანს ეთქვა. 2017 წლის მონაცემები „ბათუმელებისთვის“ ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.

“ნუ მოაწყობთ ჩვენს ქუჩაზე რეზერვაციას” – ღია წერილი ბათუმის მერს

ავტორი: ნათელა გურგენიძე

ბატონო მერო, ჭაობის დასახლებიდან მოგმართავთ. მე ლადო ასათიანის ჩიხში ვცხოვრობ. წესით ალბათ უნდა ხვდებოდეთ, რატომაც მოგმართავთ: ზაფხულობით მტვრის ბუღი გვახრჩობს, უკვე წლებია. ბოლო პერიოდში ამას ისიც დაემატა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად ჩატარებული სამუშაოების „წყალობით“, კვირაში ერთი დღე მაინც, მთელი ქუჩაში კანალიზაციის სუნია. ალბათ ხვდებით, ჩვენს სახლებში რა ხდება. და ეს უკვე ორი წელია გრძელდება.

ამ ამბავს ბოლო კიდევ არ უჩანს.

ჩვენი ქუჩა ბოლომდე მაშინ გადათხარეს, როცა ქალაქის მერი რობერტ ჩხაიძე იყო. თქვენ უკეთ გეცოდინებათ ეს როდის მოხდა, ჩხაიძის შემდეგ მერი გიორგი ერმაკოვი გახდა, ახლა თქვენ ხართ. იმ ორი მერის შემთხვევაშიც ყოველწლიურად გვპირდებოდნენ, რომ შემდეგ წელს ჩვენს ქუჩასაც მოაასფალტებდნენ…  ახლახანს კი სადღაც წავიკითხე თუ მოვისმინე – თქვენი თანამშრომელი ამბობდა, ლადო ასათიანის ქუჩის მოასფალტება შემდეგი წლის გაზაფხულზე იგეგმებაო.

მე კითხვა მაქვს, თქვენ რომ იყოთ ჩვენი უბნის მცხოვრები, ამ დაპირებას დაიჯერებდით?

ჩვენ არ გვჯერა.

ზემოთ თქვენი წინამორბედი ორი მერი ვახსენე. ისე დაასრულეს თავიანთი უფლებამოსილების ვადა, მათთვის თვალიც კი არ მოგვიკრავს. თქვენ მესამე ხართ, ვისაც არჩევნების შემდეგ ჩვენსკენ არ გამოუვლია. უნდა ვივარაუდო, რომ მოხვალთ, რადგან ჯერ კიდევ დიდი დრო გაქვთ მერის თანამდებობაზე. ეგეც რომ არ იყოს, სექტემბერში ხომ საერთაშორისო ოლიმპიადა იმართება ჩვენს უბანში და იქ მაინც ხომ მოხვალთ?!

აი, ახლა კი ჩემს მთავარ სათქმელს მივადექი – ალბათ გეცოდინებათ, თქვენმა თანამშრომლებმა რაც თქვეს – ასათიანის ქუჩის მხოლოდ იმ მონაკვეთის მოასფალტებას აპირებთ თურმე, რაც სპორტული კომპლექსის გარშემოა. ანუ აპირებთ 500 მეტრის სიგრძის ქუჩის ერთ ნაწილი მოაასფალტოთ და მეორე არა? ეს მართლა მეტისმეტია, არ ვაპირებთ ნებაყოფლობით დავთანხმდეთ რეზერვაციაში ცხოვრებას.

რიტორიკულად გკითხავთ – ქუჩის მოუასფალტებელი მონაკვეთის მცხოვრებთ, მეორე მხარეს გადასვლის და ოლიმპიადისთვის თვალყურის მიდევნების უფლებასაც ხომ არ შეგვიზღუდავთ?!

ცოტა კიდევ მოითმინეთ ფული არ გვაქვსო – ამას თქვენი თანამშრომლები ამბობენ. კი მაგრამ, თქვენ კარგო ადამიანო, თუ საამისო ფული ვერ მოიძიეთ, რომ ერთი ქუჩა ორად არ გაყოთ და ასფალტი ბოლომდე დააგოთ, გონიოში ბიზნესცენტრის ასაშენებლად როგორ გამონახეთ 5 მილიონი. ბოლოს და ბოლოს ქალაქის მერიის მოვალეობა ქუჩების მოასფალტებაა თუ ის, რომ მდიდარი ადამიანების, ბიზნესმენების საჭიროებებზე დახარჯოს ქალაქის ფული. პრიორიტეტი ასფალტის დაგებისთვის რომ მიგენიჭებინათ, ეს 5 მილიონი ხომ საკმარისი იქნებოდა ლადო ასათიანის ქუჩის და მიმდებარე პატარა ჩიხების სრულად მოსაპირკეთებლად?!

მე და, როგორც ვიცი, არც ჩემს მეზობლებს, ჭადრაკი დიდად არ გვესმის. შესაბამისად, არც ვაპირებ საჭადრაკო ოლიმპიადის მიმდინარეობას დარბაზიდან ვადევნო თვალი. იმედი მაქვს, რომ არ გავხვდებით იძულებული ქუჩის „მოასფალტებულ მხარეს“ გადავიდეთ.

ბატონო ლაშა, მე გთხოვთ, ნუ მოაწყობთ ჩვენს ქუჩაზე რეზერვაციას, თუნდაც დროებითს.

___________________

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოსაზრებები და შემოსული წერილები შესაძლოა არ ასახავდეს batumelebi.ge-ს პოზიციას.

გადაკეტილი ტროტუარი ჭავჭავაძის ქუჩაზე [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე,  „პლაზასთან“, ტროტუარი რამდენიმე თვეა გადაკეტილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „პლაზას“ შენობის ქვეშ კერძო ავტოსადგომი კეთდება, ქვეითად მოსიარულეებს კი, ტროტუარიდან  გზის სავალ ნაწილზე უწევთ გადასვლა. აქვეა ქალაქის ღია ავტოპარკინგი და განთავსებულია ნაგვის ურნები, რის გამოც გადაადგილება ჭირს.

ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის მერიას, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ მონაკვეთში უახლოეს პერიოდში შეიცვლება ღია ავტოპარკინგი და მოეწყობა ტროტუარი. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები მერიის მიერ დაფინანსებული კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში შესრულდება.

გადაკეტილი ტროტუარი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე / 15.05.2018 /
გადაკეტილი ტროტუარი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე / 15.05.2018 /
გადაკეტილი ტროტუარი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე / 15.05.2018 /

17-19 მაისს აჭარას გაზი შეზღუდვით მიეწოდება

17 მაისს, დილის 4 საათიდან, აჭარას ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება. შესაბამისად, გაზის მიწოდება შეუწყდება ყველა მსხვილ მომხმარებელს და შესაძლოა, მოსახლეობასაც.

„გაზს მოგვაწვდიან შეზღუდვით, რაც ნიშნავს, რომ ვერ მივიღებთ იმ მოცულობის გაზს, რაც მოსახლეობისთვის გვჭირდება. ამიტომ  17 მაისის დილის 4 საათიდან ყველა მსხვილ მომხმარებელს შევუწყვეტთ გაზით მომარაგებას, რომ შევინარჩუნოთ მოსახლეობის გაზმომარაგება.

სამუშაოები, როგორც მეუბნებიან, 17 მაისის დღის 2 საათამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ჩვეულებრივ რეჟიმში მოგვაწვდიან გაზს.

მობილიზებული ვართ, რომ მოსახლეობისთვის შევინარჩუნოთ გაზის მიწოდება, იმიტომ, რომ შემდეგ ჩართვის პროცესი არის რთული. მაგრამ თუ გაზი არ ეყო მოსახლეობას, მაშინ შეუწყდებათ მიწოდება და 17 მაისის 2 საათიდან დავიწყებთ აღდგენის პროცესს, რომელიც 19 მაისის დღის ბოლოს დასრულდება. ეს ყველაზე ცუდ ვარიანტში. კონკრეტული დეტალები ხვალ, 17 მაისს დილით გვეცოდინება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, დავით ლეკიშვილმა.

 

ავტოავარია ბათუმში

დღეს, 16 მაისს, ბათუმში, ქალაქის შემოსასვლელში ავარია მოხდა.

იქ, სადაც მოძრაობა სარემონტო სამუშაოების გამო შეზღუდულია და ავტომანქანები ერთ ზოლში მოძრაობენ, მსუბუქი ავტომობილი იმ მხარეს გადავიდა, სადაც მოძრაობა მხოლოდ სპეცტექნიკისთვის არის დასაშვები და დაშვებულ ზოლში, საცობში მყოფ ჯიპს შეეჯახა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს.

ფოტო: „ბათუმელები“

45 მეტრი სიმაღლის შენობა კვარიათის პლაჟზე – ნებართვა გაცემულია

შპს „ტმი“ კვარიათის პლაჟზე თორმეტსართულიან შენობას აშენებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შენობაში სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს განათავსებენ.

პლაჟზე მაღლივი სახლების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ადგილობრივები, რომლებიც ყოველწლიურად, საზღვაო სეზონზე, საკუთარ სახლებში იღებენ დამსვენებლებს. იგივე მოსაზრებები აქვთ იმ კაფე-რესტორნებისა და ბუნგალოების მფლობელებს, რომლებმაც პლაჟთან ახლოს ტურისტული ობიექტების მოსაწყობად მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქცია გამართეს.

შენობა 45-მეტრი სიმაღლის იქნება. მერიის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა 2017 წლის დეკემბერშია გაცემული.

1462 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი კომპანიამ ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, #9-ში, გასულ წელს დაირეგისტრირა.

შპს „ტმი“ საქართველოში 2017 წელს საფრანგეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს, კომპანიის 25 პროცენტი საფრანგეთის მოქალაქეს, რობერტ ჭანტურიას ეკუთვნის, დარჩენილი 75 პროცენტი კი, ასევე ფრანგული სააქციო საზოგადოება „სორეპრიმის“ საკუთრებაა.

კვარიათი

რამდენი იახტაა ბათუმში და რა ღირს მათი შეძენა-მოვლა საქართველოში

ბათუმის იახტკლუბში იახტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. დღეის მდგომარეობით ნავსადგურში მცურავი საშუალების (იახტა, მცირე ზომის კატერი, მცირე ზომის გემი) რეგისტრაციის შესახებ 53 ხელშეკრულებაა გაფორმებული. “ბათუმელები” დაინტერესდა, რა ჯდება იახტის შეძენა, შენახვა და მოვლა ბათუმში.

ბათუმში მცხოვრები დავით კრეპიანი ორ მცურავ საშუალებას ფლობს – 10 წლის კატამარანს და 30 წლის პატარა იალქნიან იახტას. ასაკს გემისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ მის ასაკზეა დამოკიდებული ფასი.

„ეს კატამარანი ამერიკიდან ჩამოვიტანე. ამერიკაში 10 ათასი დოლარი ღირდა. ტრანსპორტირება 4 ათასი დამიჯდა, მერე რემონტი დასჭირდა. ჯამში სადღაც 20 ათასი დოლარი დაჯდა მისი ფორმაში მოყვანა და ზღვაში ჩაშვება. იალქნიანი ნავი კი პოლონეთში ვიყიდე. 30 წლისაა. დაახლოებით 15 ათასი დოლარი დაჯდა აქ ჩამოტანა. ახალი 30 ათასი ევრო ღირს,“ – ამბობს დავითი.

იახტის შეძენით ამბავი მხოლოდ იწყება. როდესაც საქართველოში ჩამოგაქვს, საჭიროა მისი რეგისტრაცია.

იახტებისა და კატარღების რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 1 და 5 წლის მოქმედების ვადით მფლობელის სურვილისამებრ. სარეგისტრაციო ღირებულება კი 80 ლარია. სანაპირო ნაოსნობის ყოველწლიური მოსაკრებელი 330 აშშ  დოლარია. გარდა ამისა, იახტის მეპატრონეები იხდიან ნავსადგურში, ნავმისადგომზე დგომის ფასს.

ნავსადგურში დგომის საფასური სეზონის მიხედვით განსხვავებულია და A -B სეზონად არის დაყოფილი. A სეზონი მოიცავს პერიოდს ნებისმიერ კალენდარულ წელში 15 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით; მცურავი საშუალების მიერ დაკავებულ ყოველ ერთ მეტრზე ნავსაყუდელში დგომის საფასური „A“ სეზონზე არის დღე-ღამეში 2 ლარი.

B  სეზონი მოიცავს პერიოდს ნებისმიერ კალენდარულ წელში 16 სექტემბრიდან 14 ივნისის ჩათვლით. მცურავი საშუალების მიერ დაკავებულ ყოველ ერთ მეტრზე ნავსაყუდელში დგომის საფასური „B“ სეზონზე შეადგენს დღე-ღამეში 1 ლარს.

დავით კრეპიანს 10 მეტრი აქვს ნაქირავები ნავმისადგომზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დგომაში, სეზონზე დღეში 20 ლარს იხდის, იმის მიუხედავად ჰყავს თუ არა კლიენტი და ახერხებს თუ ვერა ზღვაში გასვლას. შესაბამისად, არატურისტულ სეზონზე დღეში იხდის 10 ლარს. დადგენილი ტარიფის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ნაპირთან დგომისთვის დავით კრეპიანი წელიწადში დაახლოებით 4550 ლარს იხდის.

ბათუმის სანაპირო ზოლში რამდენიმე იახტა და კატამარანია, რომლებიც ახალ პატრონს ელოდებიან. მათ შორის ყველაზე იაფი 7 ათასი დოლარი ღირს. ყველაზე ძვირი იახტა კი ორსართულიანია. მეპატრონე მას 120 ათას დოლარად ყიდის. მყიდველი არც ერთს გამოსჩენია და არც მეორეს.

რომელია ყველაზე ძვირადღირებული იახტა ბათუმის იახტკლუბში – ვკითხეთ სხვადასხვა იახტაზე მომუშავე მეზღვაურებს. მათი თქმით, ყველაზე ძვირადღირებული იახტა „არგოა“, რომელიც დაახლოებით 200 ათასი დოლარი ღირს.

 

ექსპედიცია შავ ზღვაში სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის დასადგენად

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა საზღვაო ჰიდრობიოლოგიური ექსპედიცია დაასრულა. ექსპედიცია, რომლის მიზანიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და ზღვის ბიომრავალფეროვნების შესწავლა და შეფასებაა,  მოიცავდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ანაკლიის, ფოთის, ქობულეთის, ჩაქვის, ბათუმისა და გონიოს ტრავერსებზე.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, აღებულია მაკრო და მეიოზოობენთოსის, მეზო, მაკრო (ჟელესებრი) და იქთიოპლანქტონის, ფიტოპლანქტონის (პლანქტონური ალგოფლორა) და მიკრობიოტას სინჯები, ასევე განსაზღვრულია თანმდევი პარამეტრების, სულ 300-მდე სინჯი და განზომილება.

ექსპედიცია, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს დელინეაციის სქემის მიხედვით, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივისა და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდა.

ექსპედიციის შედეგების საფუძველზე შეფასდება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი (ზღვის ბიოლოგია) სტატუსი, ზღვის გარემოს მდგომარეობის საუკეთესო  გამომხატველი კი მისი ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მასში არსებული ბიოლოგიური სახეობებისა და ფორმების მდგომარეობაა. 

 

ფოტო – არჩილ გუჩმანიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი.
ფოტო – არჩილ გუჩმანიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი.
ფოტო – არჩილ გუჩმანიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი.
ფოტო – არჩილ გუჩმანიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი.
ფოტო – არჩილ გუჩმანიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი.
ფოტო – არჩილ გუჩმანიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი.

სანაპიროს სტატუსის შეფასება წინასწარ შემუშავებული შეფასების შკალების მიხედვით მოხდება.  შედეგები პერიოდულად ბიულეტენის სახით გამოიცემა. ინფორმაცია გამოქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

 

ბათუმის მერია კაფეების მეპატრონეებს აფრთხილებს

“ბათუმელები” დღეს, 15 მაისს, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კაფეს შესახებ წერდა, რომელსაც მაგიდებითა და ყუთებით  ტროტუარი სრულად ჰქონდა ათვისებული. მეპატრონე დაინტერესდა, ვისი დაკვეთით გავაშუქეთ მისი კაფეს შესახებ და გამოთქვა პრეტენზია, რომ მხოლოდ ის რატომ გამოვარჩიეთ.

რადგან ეს საკითხი აქტუალურია, „ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია, რის გაკეთებას აპირებს ბათუმის მერია, რომ კერძო მფლობელებმა ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი სივრცე სრულად ვერ გადაკეტონ? – ამის შესახებ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ვკითხეთ.

მერიის  ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, თენგიზ მესხიძის თქმით, პირმა, ვისაც ტროტუარების ათვისება აინტერესებს, მერიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი აზომვითი ნახაზი. „პირობითად, თუ სამი მეტრია ეს სივრცე, მას შეეძლება მხოლოდ 2.20 მეტრი აითვისოს. უნდა დატოვოს სივრცე ფეხით მოსიარულეებისთვის“.

თენგიზ მესხიძეს ვკითხეთ აპირებენ თუ არა იმ სხვა კაფეების დამონიტორინგებას, რომელთაც ტროტუარზე აქვთ მაგიდები გამოტანილი და არ აქვთ შესაბამისი ნებართვა ან დარღვეული აქვთ სანებართვო პირობები.

“შემიძლია გაჩვენოთ რამდენი ოქმი მაქვს დაწერილი. 200 ოქმიდან 80%-ი მარტო მაგ შეზღუდვებზეა. ოქმებს ვწერთ ყველა მსგავს შემთხვევაზე, ვაგზავნით სასამართლოში და სასამართლო აჯარიმებს. თუ ინდმეწარმეა 500-ლარიანი ჯარიმა გვაქვს, შპს ან იურიდიული პირის შემთხვევაში კი უკვე 1500 ლარს ვწერთ,” – ამბობს მესხიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზედამხედველობა მონიტორინგს მიმდინარე რეორგანიზაციის გამო ინტენსიურად ვერ ახორციელებს.

“მერიაში მოხდა რეორგანიზაცია. ზედამხედველობის სამსახური დაიშალა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება მიუერთდა ქონების მართვის განყოფილებას. ამჟამად 11-ის ნაცვლად ვმუშაობთ მხოლოდ ორი ადამიანი. გამოცხადებულია კონკურსი, შემოგვემატება თანამშრომლები და სადღაც ამ თვის ბოლოს  ყველაფერი დალაგდება. მე და ჩემი ერთი თანამშრომელი რამდენ ობიექტზეც  ვაწყდებით დარღვევას, იმდენ ოქმს ვწერთ.  შეუვალი ვიქნებით. არ იქნება ნებართვა, ყველას დავაჯარიმებთ. არ გვაინტერესებს ვინ იქნება და რა. არავის სატელეფონო ზარს არ მივიღებთ. ყველას მიმართ ვიქნებით მკაცრი, თუ არ იქნება ნებართვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს შევადგენთ,” – ამბობს თენგიზ მესხიძე.

ამავე თემაზე:

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

განათლების სამინისტროში სკოლებსა და მშობლებს შორის კონტრაქტის სამუშაო დოკუმენტი არ აქვთ

როცა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა  სკოლასა და მშობელს შორის კონტრაქტის გაფორმებაზე.

მინისტრმა თქვა, რომ ფსიქოლოგებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც სკოლაში ფლაერების სახით დაარიგეს. პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ ფლაერებში მოცემულია რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.

„ბათუმელებმა“  სამინისტროდან მოითხოვა სკოლასა და მშობელს შორის გასაფორმებელი კონტრაქტის სამუშაო დოკუმენტი, თუმცა სამინისტროში გვითხრეს, რომ  სამუშაო დოკუმენტი ჯერ არ აქვთ. „ჯერ სამუშაო დოკუმენტის შექმნა მიმდინარეობს“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, შემუშავების შემდეგ სამუშაო დოკუმენტი გარკვეული კატეგორიის სკოლებს (სოფლის, ქალაქის, დაბის) მიეწოდება განსახილველად.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ მხოლოდ „გარკვეულ კატეგორიას“ და არა ყველას? სამინისტროში გვითხრეს, რომ სამუშაო დოკუმენტს ჯერ მხოლოდ რამდენიმე სკოლას მიაწვდიან, შემდეგ კი – ყველას.

„მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის განხილვაში სკოლებთან ერთად ჩართული იქნებიან მოსწავლეთა მშობლები და განხილული იქნება ყველა ის კომენტარი და შენიშვნა, რომლებიც მათი მხრიდან იქნება დაფიქსირებული“, – ამბობენ სამინისტროში.

სამინისტროს განმარტებით, როცა დოკუმენტი სკოლებს მიეწოდება, განხილვისა და სხვადასხვა პროცედურის დასრულების შემდეგ შემუშავებული იქნება ხელშეკრულების საბოლოო ვერსია და ახალი სასწავლო წლიდან  სკოლასა და მშობელს შორის კონტრაქტი გაფორმდება.

სამინისტრო იმედოვნებს, რომ ამ კონტრაქტის მეშვეობით გაიზრდება სკოლაში მშობელთა ჩართულობა  და მათი პასუხისმგებლობა, რაც „ავტომატურად სწავლის ხარისხისა და სკოლაში წესრიგის ამაღლებას შეუწყობს ხელს“.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონტრაქტი ითვალისწინებს სკოლასა და მშობელს შორის უფლებებისა და მოვალეობების გაწერას. სამინისტროში ამ დროისთვის არც ამ უფლება-მოვალეობების შესახებ დოკუმენტი არ დევს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების კვლევა და პრევენცია

რა  მნიშვნელობა აქვს ულტრაბგერით გამოკვლევას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, როგორია ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა, რას გულისხმობს ბიოფსია და როგორ ვლინდება დაავადება, ამის შესახებ კლინიკა „საგიტარიუსის“ რადიოლოგი თამარ გოგიტიძე გვესაუბრა:

ექოსკოპია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევის ყველაზე პოპულარული მეთოდია. ვინაიდან ულტრაბგერითი გამოკვლევა  გამოირჩევა  მაღალი მგრძნობელობით, ამ მეთოდით კეროვანი და დიფუზური დაზიანებების გამოვლენა 100%-ით ხდება. ამასთან ფარისებური ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას, აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულოა. ექოსკოპიით განისაზღვრება ჯირკვლის ზომა, კვანძების არსებობა -არარსებობა, ლიმფური კვანძის მდგომარეობა ფარისებრი ჯირკვლის ახლოს ასევე გვეხმარება ცისტისა და კიბოს დიფერენცირებაში.

კლინიკა „საგიტარიუსის“ რადიოლოგი თამარ გოგიტიძე
კლინიკა „საგიტარიუსის“ რადიოლოგი თამარ გოგიტიძე

რა ჩვენებები აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს?

[checklist]

  • კისრის მიდამოში ამოზნექილი, მოცულობითი წარმონაქმნის არსებობა, რაც ისინჯება პალპაციისას;
  • ისეთი ჩივილები, როგორიცა: მოხრჩობის შეგრძნება, ხშირი, უმიზეზო ხველება, ნერვული დარღვევები, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;

[/checklist]

ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობის ეფექტურობის შეფასება

[checklist]

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების (კვანძოვანი ჩიყვი, კიბო) რეციდივი;
  • სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მატება;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნიშნები; წონის კლება, მომატებული ოფლიანობა, ტახიკარდია, სისუსტე, ხველება, კანკალი და ა.შ.

[/checklist]

ულტრაბგერითი გამოკვლევით რა დაავადებების გამოვლენაა შესაძლებელი?

კვანძოვანი და დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი, ჰიპოთირეოზი (შემცირებულია ფარისებრი ჯირკვლის ზომები), ფარისებრი ჯირკვლის კისტა (მკვეთრი საზღვრების, ერთგვაროვანი სტრუქტურის მქონე ღრუ); თირეოიდიტი, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე-კეთილთვისებიანი სიმსივნე ვლინდება მაღალი სიმკვრივის  უბნების სახით, რომელიც შემოსაზღვრულია ნორმალური ქსოვილისგან, ავთვისებიანი სიმსივნის დროს კი აღინიშნება შეცვლილი უბნების არამკვეთრი საზღვრები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დოპლეროგრაფიის განსაზღვრა (ჯირკვლის სისხლმომარაგების ფუნქციურ მდგომარეობის განსაზღვრა). დოპლეროგრაფიის შედეგები მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე საშუალებას იძლევა, შეფასდეს თერაპიის ეფექტურობა და განისაზღვროს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.

რას გულისხმობს ბიოფსია და რა მნიშვნელობა აქვს  ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიას?

ბიოფსია გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმიდან  ქსოვილოვანი მასალის აღებას მორფოლოგიური კვლევისათვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და დაიხვეწა ფარისებრი ჯირკვლის  კეთილთვისებიანი კვანძების, ასევე ფარისებრი ჯირკვლის კიბოს  დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ATA-ს (American Thyroid Association) მიერ მტკიცებითი მედიცინის პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკისა და მართვის გაიდლაინი, რომელიც ასახავს ყველაზე თანამედროვე მიდგომას ამ პრობლემის მიმართ. თუ ექიმმმა პალპაციით ფარისებრი ჯირკვლის კვანძის არსებობა იეჭვა, საჭიროა ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს, განისაზღვროს კვანძის ზომა, საერთო მოცულობა, სტრუქტურული ცვლილებები (სოლიდური და ცისტური კვანძები).  ასევე  ვიღებთ უფრო მეტად ანატომიურ ზუსტ ინფორმაციას.

აღნიშნული გაიდლაინის თანახმად წვრილნემსიანი  ასპირაციული ბიოფსიის ჩვენებაა ფარისებრი ჯირკვლის კვანძი, რომლის ზომა აღემატება 1სმ-ს. ეუთირეოზის ან ჰიპოთირეოზის  ფონზე  განვითარებულ უფრო მცირე ზომის კვანძზეც  შესაძლებელია წვრილნემსიანი ბიოფსიის ჩატარება. ჩხვლეტის შედეგად ხდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ნაწილის აღება, თუმცა  კვლევა არ იწვევს დისკომფორტს, ის ტარდება ექოსკოპიის კონტროლით. ბიოფსიური მასალის შესწავლის შემდეგ წყდება დაავადების მართვის ტაქტიკა-კლინიკური დაკვირვება თუ ოპერაცია (ჰემითირეოიდექტომია ან ფარისებრი ჯირკვლის  ექსტირპაცია-ჯირკვლის ნაწილის ამოკვეთა ან მისი მთლიანად მოცილება ქირურგიული მეთოდით).

 

ასი ათასი ლარი კულტურული ღონისძიებებისთვის აჭარაში – კონკურსი

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მობილობის ხელშემწყობი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი 100 000 ლარია. თითოეულ ბენეფიციარზე თანხა გაიცემა საგრანტო წესით, არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ ფიზიკურ და ფიზიკურ პირთა ჯგუფს ან ინდივიდუალურ პირს, გარდა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლისა.

განაცხადით წარმოდგენილი ღონისძიება უნდა იყოს სახელოვნებო ხასიათის: ქორეოგრაფიული, მუსიკალური, თეატრალური, სალიტერატურო. საგამოფენო.

ასევე, საგანმანათლებლო, კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით.

კონკურსის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს რეგისტრაციის, ტრანსპორტირების, განთავსების, კვების, პოლიგრაფიული მომსახურების ხარჯები.

ოფიციალური ინფორმაციით, წელს სიახლეა ის, რომ კონკურსის ფარგლებში საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობის კომპონენტიც დაფინანსდება.

კერძოდ, შესაძლებელია დაფინანსდეს აჭარის რეგიონში რეგისტრირებული კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობა ვორკშოპში-ტრენინგში კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით, „რაც მნიშვნელოვანია, როგორც  მათი პროფესიული განვითარების, ასევე, კულტურის პროექტების სწორად დაგეგმვა-მართვისა და კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მხრივ, “-ნათქვამია პრესსრელიზში.

სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღება იწარმოებს საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე. კონკურსის მესამე ეტაპი 2 ივლისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება, მეოთხე კი – 3-12 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

24 წლის გვანცა დიასამიძეს დახმარება სჭირდება

24 წლის გვანცა დიასამიძე მეორე წელია მძიმე დაავადებას ებრძვის. გვანცამ მარტის თვეში თავზე ურთულესი ოპერაცია გაიკეთა. ასევე ჩაუტარდა სხვადასხვა თერაპია და მედიკამენტური მკურნალობა. მიუხედავად ამისა, მარტში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა გართულდა.

მოლეკულური ანალიზის შედეგებით ექიმებმა გვანცას პრეპარატი nivolumabi დაუნიშნეს. იმისთვის რომ გვანცა გამოჯანმრთელდეს, საჭიროა 12 ინექცია.

1 ინექციის ღირებულება საქართველოში 26 ათასი ლარია. მოქმედი ჯანდაცვის პროგრამებით პაციენტს ამ პრეპარატის შეძენა არ უფინანსდება.

ოჯახმა გამოსავალი იპოვა და წამალი თურქეთიდან ჩამოაქვთ სადაც 1 ინექცია 15 ათასი ლარი ღირს. თუმცა იმის გამო, რომ წამალი თურქეთშიც დეფიციტურია, უწევთ ერთი თვის მარაგი ჩამოიტანონ (თვეში ორი ინექცია სჭირდება), რისი შეძენაც ჯამურად 30 ათასი ლარი ჯდება.

გვანცა დიასამიძის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში „თიბისი ბანკში“. მასზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ანგარიშის ნომერი: GE73TB7712545062100001

მიმღები: თეონა დიასამიძე

გთავაზობთ გვანცას დის ემოციურ პოსტს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა:

 

მოქალაქე კორპუსის ეზოში მუსიკალურ სტუდიას უნებართვოდ აშენებს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, #27-ში, მრავალბინიანი კორპუსის ეზოში, მოქალაქე უკანონოდ აშენებს. შესაბამისად, მშენებლობის ადგილზე არ არის გამოკრული საინფორმაციო დაფა. მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებლების ინფორმაციით, მშენებლობას აქვე მცხოვრები კახა ბენდელიანი აწარმოებს.

კახა ბენდელიანმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მუსიკოსია და ეზოში მუსიკალურ სტუდიას იშენებს. მან ჯერ გვითხრა, რომ მშენებლობა მერიასთან შეთანხმებული ჰქონდა. თუმცა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის შესახებ კითხვამ ის გააღიზიანა: „მე მთელი ბათუმი მიცნობს, თქვენ როგორ დამიწყეთ ლაპარაკი…“

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მერიის ზედამხედველობის სამსახურს დავუკავშირდით. ამ სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ირაკლი მოქიას ინფორმაციით, კახა ბენდელიანი 26 მაისის ქუჩაზე, #27-ში აწარმოებდა უკანონო დაშენებას: „ პირველი სართული რეგისტრირებულია რეესტრში“.

ბათუმი, 26 მაისის ქუჩა #27, ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ზედამხედველობის სამსახურმა ის გააფრთხილა და მისცა ხუთი დღე იმისთვის, რომ უნებართვოდ დაშენებული ფართობი მოანგრიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ადმინისტრაციული წესით დააჯარიმებენ.

Exit mobile version