კვირის ამბები

გაწუხებთ წნევა? – იარეთ ფეხით

27.02.2015 • 3367
გაწუხებთ წნევა? – იარეთ ფეხით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი პავლე კასრაძე ამბობს, რომ ფეხით ხშირად სიარული, გარდა სხვა დადებითი თვისებებისა, არეგულირებს არტერიულ წნევას: ”მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ხდება წნევის არა აწევა ან დაწევა, არამედ რეგულირება, დაბალანსება. ანუ დაკვირვებებისას აღმოჩნდა, რომ სიარულის შემდეგ ჰიპერტონიკებში – წნევამ დაიწია, ჰიპოტონიკებში კი – აიწია”.

გარდა ამისა, ფეხით სიარული აუმჯობესებს სახსროვანი სისტემის მდგომარეობას: ”სახსარი ავასკულარული ზონაა, აქ არ არის სისხლძარღვი და მისი მდგომარეობა მხოლოდ მოძრაობით უნდა გაუმჯობესდეს. ასევე მოძრაობის შედეგად ადამიანი ინარჩუნებს წონას, ანუ სახსრებზე არ ხდება ზეწოლა, თავისუფლად მუშაობს გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ყველა სხვა ორგანო. მცირდება ართროზების ჩამოყალიბების რისკი”, – ამბობს პავლე კასრაძე.

მისი თქმით, მძიმე ფიზიკური დატვირთვებისგან განსხვავებით, ფეხით სიარული და მსუბუქი სირბილი იმ სახის აქტივობებში შედის, რომელთათვის აუცილებელი არ არის ექიმის კონსულტაცია, თუმცა ნორმის ცოდნა აუცილებელია – ”აქტივობის დოზირება ინდივიდუალურია, იგი დამოკიდებულია თითოეული ადამიანის ფუნქციონალურ შესაძლებლობებზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამიტომ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ რაც მეტს გააკეთებთ, მით უკეთესი არ არის. ადამიანი თავისით უნდა მიხვდეს თავის ნორმას, ეს პროცესი უნდა იყოს მისთვის სასიამოვნო და კომფორტული”, – ამბობს კასრაძე. თუმცა მისივე თქმით, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ადამიანმა დღეში (ან სულ მცირე ორ დღეში ერთხელ), 45 წუთი მაინც უნდა იაროს ფეხით.

ბათუმის საზღვაო აკადემიის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი ზაურ ქავზინაძე ამბობს, რომ ვარჯიშის სახით ადამიანმა დღეში 5-6 კილომეტრი მაინც უნდა გაიაროს ჩქარი ტემპით: ”აჩქარებული სიარული გულისხმობს ერთი კილომეტრის გავლას 7-8 წუთში და ასე უნდა დაფაროს 5-6 კილომეტრი. ერთი ამდენს ვარჯიშის გარდა, დღის განმავლობაშიც გადის ადამიანი და ჯამში 10-12 კილომეტრი მაინც გამოვა”, – ამბობს ის.
ფეხით გასეირნებისთვის დროის შერჩევაც ინდივიდუალურია, თუმცა პავლე კასრაძე ამბობს, რომ ყველაზე კარგი დრო ამ ტიპის ფიზიკური აქტივობისთვის საღამოს 16 საათიდან 20 საათამდეა. ზაურ ქავზინაძე ამბობს, რომ მსუბუქი სირბილი დილის საათებშიც კარგია, თუმცა არა ახალ გაღვიძებულზე – ”ადგომიდან ერთი საათი მაინც უნდა გავიდეს, უნდა მოხდეს ძილის პირობებიდან სრულად გათავისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ გასვლა ბუნებაში 3-5 კმ-ის გასარბენად~. მისივე თქმით, ფიზიკურ აქტივობამდე სასურველია მსუბუქად საუზმობა: `სირბილის წინ არ არის რეკომენდებული ისეთი მძიმე საკვები, როგორიცაა: ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები. მსუბუქად უნდა მიირთვათ, მაგრამ უჭმელი სირბილი არ შეიძლება”.

ზაურ ქავზინიძე ამბობს, რომ სარბენად ყველაზე კარგი ადგილი ბუნებაა, რადგან ბეტონის საფარველი ფეხის კუნთებს აზიანებს: “ყველაზე კარგია მიწის საფარზე, ბალახზე სირბილი. მაღლობებსა და დაბლობებზე რბილად სირბილი არ აზიანებს ფეხის კუნთებს”. სირბილისას მნიშვნელოვანია სპორტული ფეხსაცმელიც, სასურველია ფეხსაცმელი იყოს კარგი ხარისხის, ქუსლთან შემაღლებული რეზინის ან ე.წ. კაუჩუკის ძირით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: