მთავარი,სიახლეები

უკანონოდ შესახელებულ პირებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვის

17.05.2018 • 2839
უკანონოდ შესახელებულ პირებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომლის მიხედვითაც უკანონოდ შესახლებულ საქართველოს მოქალაქეს, უფლება არ ჰქონდა სოციალური შემწეობით ესარგებლა.

კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით, მოქალაქე თამარ თანდაშვილმა მიმართა.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2014 წლის 16 იანვარს თამარ თანდაშვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს მიმართა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირების მოთხოვნით. თუმცა მას უარი უთხრეს განაცხადის რეგისტრაციაში გატარებაზე, რადგან მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.

თამარ თანდაშვილის განმარტებით, ნორმა არაკონსტიტუციური იყო, რადგან ის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს მოქალაქეებს და არღვევდა თანასწორობის პრინციპს.

თამარ თანდაშვილი მიიჩნევდა, რომ სოციალური საჭიროების კუთხით, ის და ზემოთ დასახელებული პირთა ჯგუფები, არსებითად თანასწორნი არიან, თუმცა სადავო ნორმა მხოლოდ მას ართმევს შესაძლებლობას, დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში და ისარგებლოს სოციალური დახმარებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე დღეს, 17 მაისს, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შეხვდება. „ბათუმელებთან“ მან თქვა, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრის მიზანი არის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, რადგან ბევრმა სოციალურად დაუცველმა პირმა არ იცის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. „ამის შემდეგ ისინი მიმართავენ სახელმწიფოს, რომ მიიღონ  სოციალური შემწეობა“.

თამაზ ბაკურიძის თქმით, ბათუმში უკანონოდ შესახლებული ოჯახების რაოდენობა საკმაოდ დიდია. „დღეის მდგომარეობით, უკანონოდ შესახლებული ოჯახებიდან დაახლოებით 4 ათასი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, მიმართონ სახელმწიფოს, რომ მიიღონ სოციალური დახმარება,“ – ამბობს ბაკურიძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე 11 მაისს მიიღო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: