სმაილ გალერი – ახალი სტომატოლოგიური კლინიკა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის

სტომატოლოგიური კლინიკა „სმაილ გალერი“ ბათუმში ერთი თვეა, რაც გაიხსნა. კლინიკაში შესვლისთანავე თვალშისაცემია სტომატოლოგიური კლინიკისთვის უჩვეულოდ კომფორტული, გემოვნებით მოწყობილი მისაღები, ფერადი სავარძლები და ყვავილები. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა ახალია, უკვე შეამჩნევთ მისაღებში პაციენტების სიმრავლეს.

გვანცა ჩხიკვაძე
ექიმი სტომატოლოგი გვანცა ჩხიკვაძე

კლინიკის დამფუძნებელი და დირექტორი სტომატოლოგი გვანცა ჩხიკვაძეა. ის 13 წელი მუშაობდა ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში ბავშვთა სტომატოლოგად და ამ ხნის მანძილზე დააგროვა როგორც უამრავი ერთგული პაციენტი, ასევე, პროფესიული გამოცდილება და ახლა უკვე საკუთარ კლინიკაში, კვალიფიციურ გუნდთან ერთად მოგემსახურებათ.

იქიდან გამომდინარე, რომ გვანცა ბავშვთა სტომატოლოგია, მან კლინიკაში ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ოთხი სტომატოლოგიური კაბინეტიდან ერთი მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და შესაფერისი გარემოა შექმნილი.

სმაილ გალერი -სტომატოლოგიური ცენტრი რჩეულთათვის
„სმაილ გალერი“ – სტომატოლოგიური ცენტრი რჩეულთათვის

კლინიკაში ბავშვთა განყოფილება მოიცავს ყველა საჭირო მიმართულებას, რაც გულისხმობს: ბავშვთა თერაპიულ,  ქირურგიულ და ორთოდონტიულ ჩარევას.

კლინიკა „სმაილ გალერიში“ შეგიძლიათ მიიღოთ სრული სტომატოლოგიური სერვისი:

[checklist]

  • თერაპია – მოიცავს კბილის დაბჟენას, მკურნალობას და ჰიგიენურ წმენდას
  • ქირურგია – კლინიკას ჰყავს ქირურგები, რომლებიც ატარებენ ქირურგიულ მანიპულაციებს
  • იმპლანტოლოგია – ამ მიმართულებას თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი ხელმძღვანელობს
  • ორთოდონტია მკურნალობა – ბრეკეტ-სისტემითა და ფირფიტოვანი აპარატების მეშვეობით ბავშვებისა და მოზრდილებისთვის [თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი მუშაობს ამ მიმართულებითაც]
  • ორთოპედია – გულისხმობს თანამედროვე სტომატოლოგიაში დამკვიდრებულ მომსახურებას, მოიცავს ვინირებს, ცირკონოკერამიკას, პრესკერამიკას და ა.შ. შესაძლებელია მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზების უახლესი მეთოდებით დამზადება
  • ბავშვთა სტომატოლოგია – სარძევე და ცვლადი კბილების თერაპია, ქირურგია

[/checklist]

კლინიკაში მაქსიმალურად ითვალისწინებენ ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ფონს და მომსახურების ფასების მოქნილ სისტემას სთავაზობენ პოტენციურ მომხმარებელს.

„სმაილ გალერიში“ მისულ პაციენტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს შედარებით დაბალფასიანი – „ეკონომპაკეტი“ და ძვირადღირებული „პრემიუმპაკეტი“. ფასთა შორის ცვლილება დამოკიდებულია მხოლოდ გამოსაყენებელი მასალების ხარისხზე, მწარმოებელსა და შესასრულებელ აპარატურაზე.

სმაილ გალერის მედიკოსთა გუნდის ნაწილია
„სმაილ გალერის“ მედიკოსთა გუნდის ნაწილი

გაითვალისწინეთ: ჯობია თანხა პროფილაქტიკაში დახარჯოთ, ვიდრე მკურნალობაში-ასე დაზოგავთ ხარჯებსაც და დროსაც!

„ სმაილ გალერი“სტომატოლოგიური ცენტრი რჩეულთათვის!

[highlight color=” red “]წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 577 44 08 06[/highlight]

[highlight color=” red “]ან გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, დ.თავდადებულის ქუჩა N28[/highlight]

 

„ევექსის“ ორ ექიმს სერტიფიკატი გაუუქმდა, ერთს კი სამი თვით შეუჩერდა – თემურ გაბაიძის საქმე

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო.

ოჯახის ცნობით, პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმს, ხათუნა გელაშვილს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სამი თვის ვადით და დაევალა კვალიფიკაციის კურსის გავლა. შპს „უნიმედი აჭარას“ რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს: გიორგი კავთელაძესა და მაია მამისაიშვილს გაუუქმდათ სახელმწიფო სერტიფიკატები სპეციალობებში: ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია.

თემურ გაბაიძის დედა, ნაირა დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი აზრით, უნდა დამდგარიყო არა მხოლოდ ექიმების, არამედ სხვა, ზემდგომი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც:

„საავადმყოფოში მსგავსი რამ ხდება და პასუხს არ აგებს განყოფილების უფროსი, მთავარი ექიმი. გარდა ამისა, ყველაზე მეტად ვისაც უნდა გამოეჩინა ყურადღება, იმას მხოლოდ სამი თვით შეუჩერეს [სერტიფიკატის მოქმედება], ამას არ ვეთანხმები.“

თემურ გაბაიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმეს შს სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით იძიებს, რაც ნიშნავს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.

_________________________________

თემურ გაბაიძე გასულ წელს, კუროტ „გოდერძიზე“ დაშავდა და დაშავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სამედიცინო ისტორია საქართველოს სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და 2017 წლის ნოემბერში რამდენიმე დარღვევა დაადგინა.

კერძოდ:

სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო.

ოპერაციისას, ანესთეზიის დროს, დაშვებული იყო შეცდომა და გამოყენებული იყო მინიმალურ დოზაზე ნაკლები პრეპარატი, ასევე ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის პირობებში. არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია და ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დაინიშნა არაადეკვატური სქემით და ა.შ.

_____________

ამავე თემაზე: 

მინისტრის კომენტარი თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე

თემურ გაბაიძის დაღუპვიდან 14 თვე გავიდა, საბჭოს კი ექიმების პასუხისმგებლობაზე არ უმსჯელია 

ევექსის ექიმების პასუხისმგებლობა თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში – სააგენტოს დასკვნა

კაფეს მიერ სრულად ათვისებული ტროტუარი – როგორ გავიაროთ ფეხით და ეტლით

კაფე „აჭარული ხაჭაპურის სახლს“ ტროტუარი ვახტანგ გორგასლის ქუჩის მხარეს მაგიდებით ისე აქვს ათვისებული, რომ გავლა შეუძლებელია. იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულემ ქუჩის ამ მონაკვეთზე გადაადგილება მოახერხოს, ორი გზაა, ან ველობილიკზე გადავიდეს, ან რკინის კონსტრუქციებით შემოსაზღვრულ კაფეში გაიაროს. გარდა მაგიდებისა, კაფეს კედლის მხარეს  ცარიელი ბოთლებით სავსე ყუთები აქვს ჩამწკრივებული და ტროტუარს სათავსოდ იყენებს.

გორგასლის ქუჩის ამ მონაკვეთზე შეუძლებელია ეტლით მოსარგებლეების გადაადგილება.

„ბათუმელებმა“ კაფეს მენეჯერს, გურამ ხალვაშს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ნებართვა ტროტუარის ამ ფორმით ათვისებაზე. მისი განცხადებით, შესაბამისი ნებართვა მერიიდან მიიღეს. ხალვაშის თქმით, ცარიელი ყუთების ტროტუარზე დასაწყობების ნებართვაც აქვთ.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოახერხოს ქუჩის ამ ნაწილზე ეტლით მოსარგებლემ გადაადგილება, ხალვაშმა გვითხრა:

„რა პრობლემაა, ავიღებ. შარშანაც გვქონდა დადებული და წელსაც დავდეთ. თუ რამე, სეზონის მერე ავიღებთ. ზამთარში არ დევს მაგიდები. დადიან ჩვეულებრივად. არის იქ დატოვებული გზა და გადიან-გამოდიან ჩვეულებრივად“.

ტროტუარი ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე

„ბათუმელებმა“ მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს ჰკითხა, რამდენად კანონიერად ჰქონდა კაფეს მეპატრონეს ტროტუარი სრულად ათვისებული. ზედამხედველობაში გვითხრეს, რომ ობიექტს გადაამოწმებენ და კითხვაზე ამის შემდგომ გვიპასუხებენ.

გასული წლის პრაქტიკის მიხედვით, კაფეები ხშირად სრულად ითვისებენ ტროტუარებს. შესაბამისად, ქვეითები იძულებულნი ხდებიან,  ავტომანქანების სავალ ნაწილზე იმოძრაონ.

საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობებზე ნებართვების გაცემისას მერია ბათუმის საკრებულოს 2011 წლის #8 დადგენილებით ხელმძღვანელობს. ამ დადგენილების მიხედვით, გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის განვითარების ინტერესები: მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი. საკრებულომ დაადგინა ასევე კონკრეტულად რა საზღვრები უნდა დაიცვას მერიამ ტროტუარზე ობიექტის განთავსების ნებართვის გაცემისას.

დადგენილების მიხედვით, დაუშვებელია გარე ვაჭრობისათვის განისაზღვროს ტროტუარის ტერიტორია ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე ან გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთი (ობიექტი) განთავსდეს ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე. გარდა ამისა, მერია უფლებამოსილია გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

ნებართვის გამცემმა გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს, რომ გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა.

ამავე თემაზე:

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

„ბათუმის წყლის“ განმარტება მილიონიან ტენდერთან დაკავშირებით

11 მაისს batumelebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია – „ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები“.  „ბათუმელები“ სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმის წყალს“ რამდენჯერმე დაუკავშირდა და მათი პოზიცია სადავო ტენდერთან დაკავშირებით სტატიაშიცაა დაფიქსირებული. „ბათუმის წყალს“ ამ ტენდერთან სურს დამატებით გააკეთოს განმარტება. კომპანიის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„კომპანია „ბათუმის წყალი“ შესყიდვების განხორციელების დროს ხელმძღვანელობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის დადგენილი ნორმებით, ყოველთვის იცავს სამართლებრივ, ორგანიზაციულ, თუ ეკონომიკურ პრინციპებს.

„ბათუმის წყალმა“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით 2017 წლის 28 დეკემბერს გამოაცხადა ტენდერი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 მილიონ 50 ათას 700 ლარს და მისი ათვისება მოხდება საჭიროებიდან გამომდინარე.

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ – შპს „გ.დრაივმა“ და შპს „თაზუმ“. ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან მომსახურების გაწევის მიზნით ყველაზე დაბალი ფასი შპს „გ.დრაივმა“ დააფიქსირა. შემდგომში ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისა და მოთხოვნილი დოკუმენტაციების წარმოდგენისას შპს „გ.დრაივი“ დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან, რისი ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი გახდა შპს „თაზუს“ მიერ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში შეტანილი საჩივარი.

ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ტენდერში, მეორე ყველაზე დაბალი ფასის შემომთავაზებელი კომპანია იყო შპს „თაზუ“. „ბათუმის წყალმა“ აღნიშნული პრეტენდენტს მიმართა ხარვეზებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტების მიზნით. საბოლოოდ, შპს „თაზუს“ მიერ მოწოდებულ საიჯარო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყო სამართლებრივი ნორმებიდან გადახვევა, რასაც არ ეთანხმებოდა პრეტენდენტი და შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში შეიტანა საჩივარი. დავების საბჭომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 10 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, შპს „თაზუს“ საჩივარი დაკმაყოფილებულ იქნა ნაწილობრივ და შპს „ბათუმის წყალს“ დაევალა გადაესინჯა მიღებული გადაწყვეტილება და მოეხდინა „თაზუს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება.

შპს „თაზუს“ მიერ დაფიქსირებულ განცხადებასთან დაკავშირებით, – „ბათუმის წყალი“ დღემდე არ ახდენს დავების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულებას“, გვსურს გაცნობოთ, რომ „ბათუმის წყალის“ სატენდერო კომისიამ დავების საბჭოს მიერ 3 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2018 წლის 8 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა წერილით, რათა სააგენტოს გაეწია ტექნიკური დახმარება და მოეხდინა ტენდერის ეტაპიდან – „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „შერჩევა-შეფასების“ ეტაპზე დაბრუნება, რაც სააგენტოს მიერ ამ დრომდე არ განხორციელებულა, შესაბამისად „ბათუმის წყალი“ მოკლებულია შესაძლებლობას ეტაპის დასრულებამდე განახორციელოს რაიმე ქმედება“.

„ბათუმის წყლის“ წერილი შესყიდვების სააგენტოს / წყარო: „ბათუმის წყალი“

 

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი ტურისტულ სეზონზე შეიცვლება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს.

გარდა ამისა, ე.წ. ვერცხლისფერ ავტობუსებში მოაწესრიგებენ და ჩართავენ კონდიციონერებს. ყვითელ ავტობუსებში კი, კონდიციონერები საერთოდ არ არის.

„ამას ვერაფერს ვუშველით. სამაგიეროდ ახალი ავტობუსები რომ შემოვა, ყველას ექნება კონდიციონერი,“ – ამბობს ბესო დათიაშვილი, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

ბათუმში ქუჩების გადათხრაზე ნებართვები 2 ოქტომბრამდე აღარ გაიცემა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე ნებართვები აღარ გაიცემა 2018 წლის 25 მაისიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. თუმცა, ეს არ ეხება ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ინფრასტრუქტურული პროექტები ზაფხულის პერიოდშიც შეუფერხებლად გაგრძელდება. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო“.

ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე მერიაში დღეს, 15 მაისს, ქალაქის მერმა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს.

მთავარი ფოტო: გადათხრილი ტროტუარი თავდადებულის ქუჩაზე / „ბათუმელების“ არქივიდან / ფოტო: ლელა დუმბაძე

ზღვის სეზონზე სასწრაფოს სამედიცინო ბრიგადები და მოძრავი ამბულატორია დაემატება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ბათუმში, 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სამი სამედიცინო ბრიგადა დაემატება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ. ამასთან, თითო ბრიგადა ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე, განთავსდება დემეტრე თავდადებულის ქუჩის დასაწყისში [ბულვარის ტერიტორიაზე] და გონიო-კვარიათში.

დემეტრე თავდადებულის ქუჩის დასაწყისში განთავსდება ასევე მოძრავი ამბულატორიაც, სადაც  10:00 საათიდან 22:00 საათამდე, ადგილზე  გაუწევენ პაციენტებს პირველად სამედიცინო მომსახურებას.

ცენტრის ბრიგადები განთავსებულნი არიან შემდეგ ადგილებში:

[checklist]

  • 9 ერთეული – პუშკინის ქ. #154
  • 3 ერთეული – ფრიდონ ხალვაშის ჩიხი #7
  • 1 ერთეული – ბენზეს დასახლება
  • 1 ერთეული – დაბა მახინჯაური
  • 1 ერთეული – გონიო-კვარიათის ტერიტორია
  • 1 ერთეული – ბათუმის ბულვარის ტერიტორია.

[/checklist]

როდის მიიღებს ბუნებრივ გაზს აჭარის მთის მოსახლეობა

ბათუმი-ხიჭაურის გაზსადენის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე 4-6 თვით ადრე დასრულდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სოფლების გაზიფიკაციაც მალე დაიწყება. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, დასახლებული პუნქტების დაქსელვაზე არც პროექტია და არც ფინანსები გამოყოფილი. მეტიც, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ვინ დააფინანსებს შესაბამის სამუშაოებს – საქართველოს, აჭარის მთავრობა თუ მუნიციპალიტეტებსაც ჩართავენ.

მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდე გაზსადენის მშენებლობა დამთავრდება. ხელშეკრულებით კი, მშენებლობის დასრულების ვადა 2019 წლის პირველი მარტია.

„65-კილომეტრიანი გაზსადენიდან 45 კილომეტრი უკვე გაკეთებულია. სამუშაოები ოთხ ნაწილად, სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს. თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს, შევეცდებით სამუშაოები აგვისტოშიც დავასრულოთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ გოჩა გოგიტიძემ, გაზსადენის მშენებელი კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“-ის დირექტორმა.

გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია, რომელიც 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 25 მილიონ 850 ათასი ლარი იხარჯება.

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება ამ გაზსადენის მშენებლობაზეა დამოკიდებული, რომელიც, მომდევნო ეტაპზე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურიდან, შუახევი-ხულოს გავლით, გოდერძის უღელტეხილამდე უნდა გაგრძელდეს.

როდის მიიღებს ბათუმიდან ხიჭაურამდე მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივ აირს? – გოჩა გოგიტიძე ამბობს, რომ მთავარი მაგისტრალის აშენების შემდეგ სოფლების დაქსელვა გაზის მილებით და ოჯახებამდე მიყვანა რთულ სამუშაოს აღარ წარმოადგენს. მისივე თქმით, სოფლების დაქსელვას სხვა რეგიონებში სახელმწიფო აკეთებს, ხოლო გაზის მიმწოდებელი კომპანია, დადგენილი ტარიფების მიხედვით, ახდენს აბონენტების დაერთებას.

რა ფინანსებით, როგორ და ვინ ჩაატარებს ამ სამუშაოებს აჭარის მაღალმთიან სოფლებში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პასუხი ამ ეტაპზე არ აქვთ. ამასთან, გადაწყვეტილი არ არის, მივა თუ არა გაზის მილი სოფლის განაპირა და „ცენტრიდან“ საკმაოდ დაშორებულ ოჯახებამდე. სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს ჯერ კიდევ განსჯის საგანია და თუ დაქსელვის პროექტში ვერ მოხვდება ასეთ ოჯახებამდე გაზის მილის მიყვანა, შესაძლოა, ასეთი ოჯახები სოციალურ პროგრამებში ჩასვან, რომ აბონენტები გახდნენ.

„მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამა, რაც აჭარის მთავრობას აქვს, გულისხმობს ცენტრალური მილსადენის გაყვანას. ეს შემდგომში სოფლების გაზიფიცირების შესაძლებლობას მოგვცემს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ ძნელაძე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი. – „რახან მილსადენი გაჩნდა, ის არცერთ შემთხვევაში არ დარჩება აბონენტების გარეშე“.

მილსადენი ცენტრალურ მაგისტრალს მიუყვება, ამდენად, როცა სოფლების გაზიფიცირება გადაწყდება, ეს, პირველ რიგში, ცენტრალურ მილსადენთან და მასთან ახლოს მდებარე დაბებსა და სოფლებს შეეხება. სამინისტროში აცხადებენ, რომ რელიეფის, სოფლებისა თუ საცხოვრებელი სახლების განლაგების გამო, სოფლების დაქსელვა რთული იქნება. „პირველ ეტაპზე, მაგალითად, დაბა ქედის, სოფელ ერგეს თუ მახუნცეთის დაქსელვა მოხდება, შემდეგ კი მერისის, მაჭახლის, ჭვანას ხეობების. დაქსელვისთვის საჭირო დაერთების კვანძები ცენტრალურ მილსადენზე გათვალისწინებული იქნება“, – ამბობს ნუგზარ ძნელაძე.

ბათუმი-ქედის [სალიბაურიდან-ხიჭაურამდე] გაზსადენის პროექტი აჭარის მთავრობამ მას შემდეგ შეისყიდა, რაც საქართველოს მთავრობამ უარი თქვა თანხის გამოყოფაზე.

„მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ახლო პერიოდში ვერ ფინანსდება აღნიშნულ მონაკვეთზე გაზსადენის პროექტირება-მშენებლობა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არაა წინააღმდეგი აჭარის მთავრობამ შეისყიდოს საპროექტო სამუშაოები. პროექტის შესყიდვა გათვალისწინებულია 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში“, – აღნიშნული იყო აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ნუგზარ ძნელაძის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შეისყიდის ასევე ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთში გასაყვანი ცენტრალური მილსადენის პროექტსაც. ამაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება ადიგენიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით გაზის მილსადენის მშენებლობა, რომელიც ხიჭაური-გოდერძის მილსადენს შეუერთდება. ამით კი აჭარას ბუნებრივი აირის მოწოდების ორი კერა ექნება – ქობულეთისა და გოდერძის მხრიდან.

მთავარი ფოტო: ბათუმი-ქედის მილსადენის მშენებლობა/2017 წლის ოქტომბერი/ აჭარის მთავრობის ფოტო.

ამავე თემაზე:

სად გაივლის ახალი გაზსადენი ბათუმიდან ხიჭაურამდე

 

რა არის ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და რა სარგებელი შეიძლება ნახონ ამით „ბარიგებმა“

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ქართული ნარკოპოლიტიკა შეიძლება დახასიათდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მსოფლიოში და უპირობოდ ყველაზე მკაცრი ევროპის რეგიონში.

საზოგადოების ნაწილი საკანონმდებლო რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებლების გაზრდას გამოიწვევს.

კვლევამ, რომელიც ეყრდნობოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization) მიერ 17 ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებს, დაადგინა: „მსოფლიოში ნარკოტიკების მოხმარება… არ არის დამოკიდებული ნარკოპოლიტიკაზე, რადგანაც იმ ქვეყნებში, რომლებსაც უმკაცრესი ნარკოპოლიტიკა აქვთ მომხმარებლის მიმართ, არ აღინიშნება მოხმარების უფრო დაბალი დონე, ვიდრე ლიბერალური კანონის მქონე ქვეყნებში“.

ნიშნავს თუ არა მეტი დასჯილი ნაკლებ მომხმარებელს, რა არის ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და რატომ არის აუცილებელი დღეს არსებული კანონმდებლობის შემსუბუქება. „ბათუმელები“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის EMC პროექტების კოორდინატორს, გურამ იმნაძეს ესაუბრა.

რას ნიშნავს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა? რა ტიპის ნარკოპოლიტიკა გვაქვს ახლა და რატომ არის საჭირო ცვლილება?

პირველ რიგში, არსებულ მდგომარეობას შევაფასებ. ორ სიტყვაში შეიძლება დავახასიათოთ – ეს არის რეპრესიული და არაეფექტური. რეპრესიულობა გამოიხატება იმაში, რომ განურჩევლად იმისა, ადამიანი მომხმარებელია, თუ შეიძინა და ინახავს გასაღების მიზნით, ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკის მცირე დოზის ფლობისთვის ძალიან მძიმე სამართლებრივი მსხვერპლი ხდებიან. ეს სანქცია შეიძლება იყოს რამდენიმეწლიანი პატიმრობა. ამას ემატება სახელმწიფოსგან მომდინარე სტიგმა ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ. მეორე მხრივ, სახელმწიფოს უმოქმედობა, პასუხისმგებლობის გაუაზრებლობა რეაბილიტაციის, პრევენციის მიმართულებით, საბოლოო ჯამში, იწვევს ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობას, რადგან ნარკოპოლიტიკა არ დგას მხოლოდ ნარკოტიკის გასაღებაზე.

ჩვენ დღეს სახელმწიფოს ვხედავთ სწორედ იმ მექანიზმებით, რომელიც საჭიროა ნარკოტიკის გამსაღებელთან მიმართებაში, მაშინ, როცა ნარკოტიკის მოხმარებას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნარკოტიკის მოხმარებას ძალიან ბევრი შედეგი აქვს, რასაც დასჯა ვერ შველის და ვერ ხედავს სისხლის სამართლის სასჯელი და ამ მიმართულებებით არის საჭირო ღონისძიებების გატარება. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ვისაუბროთ ეფექტურობაზე. ეს რიცხვებითაც ჩანს, როცა ჩვენ წლიდან წლამდე გვეზრდება პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებლის რაოდენობა. და ძალიან ბევრი ადამიანის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობა უარესდება ამ პოლიტიკის პირობებში.

რას მოიტანს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა?

ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ არის საბოლოო მიზანი. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ბაზისი, რომელიც ქმნის კარგ გარემოს იმისთვის, რომ სახელმწიფომ გაატაროს ეფექტური ნარკოპოლიტიკა.

ეს რაში გამოიხატება. მას შემდეგ თუკი ჩვენ ნარკომომხმარებლებს მხოლოდ მოხმარების გამო აღარ დავუძახებთ კრიმინალებს და ამის საპირწონედ მათ ექნებათ შეთავაზებული ადეკვატური სამკურნალო/სარეაბილიტაციო პროგრამები, ადამიანები ამ პროგრამებს მიაკითხავენ, მიხედავენ თავიანთ პრობლემებს. ამავდროულად, აუცილებელია პრევენცია, პრევენცია სასკოლო ასაკიდან.

2016 წლის კვლევებით შედარებული იყო სასკოლო ასაკში ნარკოტიკის მოხმარების დონე მოზარდებში ჩვენი და ევროპის საშუალო მაჩვენებელი. ჩვენ აქაც სამწუხარო მაჩვენებელი გვაქვს, როდესაც მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ინჰალატები და ასე შემდეგ არის თითქმის ორჯერ მეტი მოხმარების დონე სასკოლო ასაკში. ეს არის ტრაგიკული და კატასტროფული.

ამაზე, სამწუხაროდ, სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ დასჯიდან გადავიდეთ სახელმწიფო ზრუნვასა და დახმარებაზე იმ ადამიანების, ვისაც ეს სჭირდება.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ თუ ნარკოპოლიტიკა იქნება ლიბერალური, გამარტივდება ქვეყანაში ნარკოტიკის შემოტანა.

აქ უნდა გაივლოს მკაფიო ზღვარი, თუ რას შეეხება ლიბერალიზაცია. ეს შეეხება ნარკოტიკის საზღვარზე შემოტანას, მის გაყიდვას, თუ ეს შეეხება ნარკოტიკის პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობას. მეორე შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა იგივე საზღვრის კონტროლის კუთხით და თუნდაც ქვეყანაში ნარკოტიკის ამოღების კუთხით სამართალდამცავებს აბსოლუტურად იგივე მექანიზმები რჩებათ.

რაღაც ეტაპზე, ლიბერალიზაციის შემდეგ, როდესაც საზოგადოებაში ეიფორია შეიძლება იყოს, შეიძლება მოიმატოს კიდეც ან მოხმარების დონემ, ან მოთხოვნამ ნარკოტიკებზე მცირე დროის მონაკვეთში, ხოლო მას შემდეგ, როცა უკვე გარკვეული ეფექტები ექნება მეორე მიმართულებით პრევენციულ, სარეაბილიტაციო პროგრამებს, ამ ვითარებაში მინიმუმ შეეძლება სახელმწიფოს, რომ ისაუბროს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაზე და  შორეულ პერსპექტივაში, ასევე ნარკოტიკის მოხმარების რაოდენობის შემცირებაზე.

ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები არ უნდა დაისაჯონ. შესაბამისად, თუ არ უნდა დაისაჯონ ე.ი. უნდა არსებობდეს მიწოდების ლეგალური უფლება. ამ ნაწილში მაინტერესებს, რა როგორ უნდა მოხდეს?

ლიბერალიზაცია აუცილებლად არ გულისხმობს, რომ ნარკოტიკები რაღაც ჭრილში მოექცეს ლეგალურ ფარგლებში. თუმცა, მაგალითად, ჩვენ გვაქვს მეტადონის პროგრამა, ნარკოტიკის მომხმარებლები თავისუფლად იღებენ მეტადონს და ეს პროგრამა ძალიან ბევრი ოჯახის და ადამიანის მშველელი გამოდგა. ეს ადამიანები უკანონო მდგომარეობიდან გადმოვიდნენ ლეგალურ სფეროში, სახელმწიფო ხედავს მათ. სახელმწიფო ხედავს ასევე იმას, თუ რა პრობლემები აქვთ მათ ჯანდაცვის კუთხით, რა გამოწვევები არსებობს და ა.შ. ამიტომ ასეთი პროგრამები თუკი გამრავალფეროვნდება და თუკი უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს წამალდამოკიდებულება, აქაც უფრო ეფექტიან პოლიტიკაზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეთა აზრით, პოლიტიკის შემსუბუქება ხელს შეუწყობს ნარკოტიკის გამსაღებლებს ე.წ. ბარიგებს. რეალურად რა მოხდება ამ მიმართულებით?

ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ძალიან ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს და თუკი არასწორი ფორმით გაკეთდება რეფორმა, ეს შედეგი შეიძლება ნამდვილად მივიღოთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიდგომა შეიცვალოს და ნარკოტიკის მოხმარების პრობლემას სხვა მექანიზმები დავუპირისპიროთ, რაც არის უფრო მეტად ეფექტიანი. სინამდვილეში ამაზე რთული მდგომარეობა მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მივიღოთ.

დღეს სახელმწიფო ვერ ხედავს ამ პრობლემის მასშტაბებს. დღეს სახელმწიფომ არ იცის რა ნარკოტიკს მოიხმარს საერთოდ ქვეყნის მოსახლეობა. ამ კონკრეტულ ნარკოტიკებს რა პრობლემები ახლავს, რა ჯანდაცვის თუ სხვა ტიპის რისკები ახლავს თან. ამაზე რთული მდგომარეობა რთული წარმოსადგენია. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა შემსუბუქდეს, ეს არ არის გამოსავალი.

დეკრიმინალიზაცია რას უნდა შეეხოს და ამაში იგულისხმება  თუ არა კლუბური ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაც?

დეკრიმინალიზაცია არ არის ის, რომ ნარკოტიკი ხდება აბსოლუტურად ან ზოგადად ნარკოტიკი ხდება ხელმისაწვდომი. ამ ადამიანებს აღარ ვეძახით კრიმინალებს, თორემ ნარკოტიკის მოხმარება კვლავაც არის დასჯადი ადმინისტრაციული წესით. ხოლო ნარკოტიკის ფლობა ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება კონფისკაციას და თუ მცირედზე მეტი ოდენობით არის ის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კანონპროექტი რაზეც ვმუშაობდით, ასეთი ხედვა იყო წარმოდგენილი.

ასეთ შემთხვევაში ჩვენი მიდგომაა, რომ, პირველ რიგში, მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებს სჭირდებათ პოლიტიკის მიდგომების შემსუბუქება, რადგან ყველაზე მძიმე ჯანდაცვითი თუ სოციალური პრობლემები მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებს აქვთ. ჩვენ დეკრიმინალიზაცია არ წარმოგვიდგენია ისეთ გამოსავლად, რომ გაკეთდეს დეკრიმინალიზაცია, მათ შორის ისეთ ნარკოტიკებზე, რომელიც არის ნაკლებად საზიანო – იქნება ეს კლუბური ნარკოტიკი თუ მარიხუანა. ამან  შეიძლება არასწორი განწყობები გამოიწვიოს საზოგადოებაში, თითქოს დეკრიმინალიზაცია იმიტომ ხდება, რომ რაღაც ნარკოტიკი არ არის საზიანო და ნორმალურია მისი მიღება და არავითარი რისკები არ ახლავს. ეს ასე ნამდვილად არ არის და ნებისმიერი ნარკოტიკი, ცხადია, განსხვავებული ინტენსივობით და მასშტაბებით, იწვევს ეფექტს, ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ამიტომ ერთიანი მიდგომაა საჭირო და  საჭიროა ზუსტად იმიტომ, რომ მძიმე ნარკოტიკს აქვს ყველაზე მეტი პრობლემები. ამ ადამიანების გამოყვანა ჩრდილიდან… დღეს ისინი იმალებიან და ვერ ხედავს მათ სახელმწიფომ. მათი პრობლემები არის უხილავი და, ბუნებრივია, შეუძლებელია ამ პრობლემების მოსაზრებაზე საუბარი. ამიტომ, პირველ რიგში, უბრალოდ, მე ხაზს ვუსვამ პრობლემის კომპლექსურობას. დეკრიმინალიზაცია უნდა შეეხოს არა კონკრეტულად  რომელიმე მსუბუქ ნარკოტიკს, არამედ ყველა ნარკოტიკის მოხმარებას.

რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში არსებული ნარკოპოლიტიკის მოდელი შეგიძლია მოიყვანოთ მაგალითად?  

იდეალური მოდელი არ არსებობს და ქვეყნებს თავიანთი კონტექსტის გათვალისწინებით აქვთ კონკრეტული მოდელი და კანონმდებლობა შემუშავებული. ჩვენთვის, მაგალითად, საინტერესო იყო პორტუგალიის მოდელი.

მათ აქვთ ეფექტური ინსტრუმენტები პრევენციის თვალსაზრისით. პორტუგალიელებმა შექმნეს ყველა ქალაქში კომისიები, რომლის ერთადერთი მიზანი იყო პრევენცია და ნარკოტიკების მომხმარებლის მხარდაჭერა. თუკი მათ სჭირდებოდათ სამედიცინო დახმარება, ისინი აწვდიდნენ ამ პროგრამებზე ინფორმაციას. თუკი ასეთი საჭიროება არ იყო, უბრალოდ, პრევენციის მიზნით განუმარტავდნენ მოქალაქეებს, რა ზიანი აქვს ნარკოტიკის მოხმარებას და ასე შემდეგ.  ეს იყო ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დამოკიდებული. ასეთი მექანიზმი იქნებოდა ძალიან  კარგი ხიდი სახელმწიფოსა და ნარკოტიკის მომხმარებელს შორის. დღეს ჩვენ ეს არ გვაქვს და ძალიან დიდი უფსკრულია ამ ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის.

პორტუგალიაში, მას შემდეგ, რაც ეს რეფორმა გატარდა, პოლიციური რესურსი გადამისამართდა საზღვრის კონტროლზე. ნარკოტიკის გასაღებაზე და მასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულზე. და თუკი მანამდე პორტუგალიელი სამართალდამცავები იღებდნენ გრამობით უკანონო ნარკოტიკს, რეფორმის შემდეგ მათ დაიწყეს ბევრად მასშტაბური დანაშაულების გახსნა – მათ მეტი რესურსი გაუჩნდათ ამ მიმართულებით საბრძოლველად.

დღეს, მკაცრი ნარკოპოლიტიკის პირობებში, ნარკოტიკი საქართველოში მაინც შემოდის და არც მომხმარებელთა რიცხვი არ შემცირებულა. მიზეზი რა არის ამის?

კვლევებით ნამდვილად დასტურდება, რომ პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა გაზრდილია ქვეყანაში და ამის მიზეზი არის ის, რომ როგორი იდეალური სადამსჯელო ღონისძიებებიც არ უნდა გქონდეს, იმის ილუზია ვერ გვექნება, რომ ნარკოტიკს  მთლიანად გააქრობს სახელმწიფო. პირიქით, ასეთ ვითარებაში ნარკოტიკების შემომტანები ყოველთვის მოიფიქრებენ რაღაც ახალ გზას. თუკი უფრო ეფექტიანი არ იქნება სახელმწიფოს თანამშრომლობა ნარკოტიკების მომხმარებელთან, რომელმაც სინამდვილეში ყველაზე მეტი იცის იმ გამოწვევების და პრობლემების თაობაზე, რაც ამ კუთხით არსებობს, ასეთ შემთხვევაში პრობლემა უფრო გაღრმავდება და დამძიმდება. სწორედ ეს ხდება დღეს საქართველოში.

პრევენციის მექანიზმი – რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რას უნდა აკეთებდეს და არ აკეთებს?

სკოლაში უნდა შევიდეს ინფორმაცია და ეს უნდა გააკეთონ კვალიფიციურმა მასწავლებლებმა – რა რისკები აქვს და რა შედეგები მოჰყვება ნარკოტიკის მოხმარებას. ასევე სამკურნალო მექანიზმები არის გასაძლიერებელი და თუკი არსებობს მეტადონის პროგრამა, შეიძლება როგორც გეოგრაფიული, ისე შინაარსობრივი გაფართოება ამ პროგრამების. ასევე რეაბილიტაციის კუთხით, ფაქტობრივად, არაფერი ხდება და მას შემდეგ, რაც ნარკოტიკების მომხმარებელი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, არაფერი სარეაბილიტაციო პროგრამა არ არსებობს.

 

 

„შენი დუმილი აქეზებს ძალადობას“ – მოსაზრება

ავტორი: თორნიკე აბესაძე 

ოდნავ მაინც თუ გაქვს სურვილი, იცხოვრო არა სიძულვილზე აგებულ სახელმწიფოში, არა ფაშისტურ გარემოში, არ შეგეზღუდოს არჩევანის თავისუფლება,  არ გქონდეთ იმის სურვილი, რომ დატოვო სამშობლო სამუდამოდ, თუ ხვდები, სად უფრო კარგია ცხოვრება, რუსეთში თუ ევროპაში, მაშინ დუმილი დანაშაულია!

აქ ომია იდეოლოგიების, ფაშიზმის და დემოკრატიის და ეს ომი ქუჩაში არ მიმდინარეობს. ეს ომი სულ თან გახლავს, შენს ჯიბეში, ჩანთაში, შენი ტელეფონის Facebook აპლიკაციაში მიმდინარეობს. მოწინააღმდეგეები დაუღალავი და აგრესიულები არიან, მათი მოწოდებები ადამიანების ცემის მუქარით იწყება და სიკვდილით დასჯის მოთხოვნებით მთავრდება. ერთმანეთის პირისპირ დგანან სიძულვილით სავსე, ვითომ ქართული ტრადიციის დამცველები და ლაღი, გონიერი, თავისუფლების მოყვარული ადამიანები.

თორნიკე აბესაძე

თუ დადიხარ კლუბებში, იცოდე, რომ საფრთხე ექმნება შენს გვერდით შენთვის შეიძლებ უცნობ, მოცეკვავე ფერადთმიან გოგოს; თუ ოდესმე მოგისმენია ქართველი დიჯეებისთვის, იცოდე, რომ დღეს საფრთხეშია იმ მუსიკის დამწერი, რომელიც ძალიან მოგეწონა. თუ გაქვს სვირინგი, იცოდე, რომ არტისტი, რომელსაც აქვს დრედები ან პირსინგი, რომელმაც დაგახატა სხეულზე ტატუ, საფრთხეშია; თუ დადიხარ კაფეებსა თუ ბარებში, იცოდე, რომ ასე თუ გაგრძელდა, ამ კაფეებს მომავალი არ აქვთ; თუ იცნობ, მეგობრობ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანთან, იცოდე, რომ ისინი საფრთხის წინაშე დგანან. თუ ქუჩაში შეგიმჩნევია ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭი საყურით, იცოდე, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

შენი დუმილი აქეზებს და შანს აძლევს შენს სამშობლოში სიძულვილს; შენი ყოველი უგუვებელყოფა სიძულვილით სავსე სტატუსისა, უფრო აღრმავებს პრობლემას, ხელს თუ ჩაიქნევ დღევანდელ მოვლენებზე, ეს არასასიკეთო შედეგს გამოიღებს ყველასთვის; იცოდე, რომ სოციალურ ქსელებში შენი გაზიარებული ვიდეოები, რომლის მიზანიც მომიტინგეების დისკრედიტირებაა, აღრმავებს ფაშიზმს. ყოველი გამოტოვებული შესაძლობლობა, როცა შეგიძლია დააფიქსირო შენი აზრი თანასწორობასა და თავისუფლებაზე, ასუსტებს დემოკრატიას.

ასე რომ, იბრძოლე, წერე სტატუსები, დაანახე, რომ შენც არსებობ, დაუმტკიცე, რომ შენთვის სულ ერთი არ არის, დაუსაბუთე, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია, გააგონე განსხვავებული აზრი და გაუჩინე კითხვები.

______________________

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს batumelebi.ge-ს პოზიციას.

ოჯახის წევრი: ვეძებთ გიგა გოგიტიძეს

პოლიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეღვაში მცხოვრებ გიგა გოგიტიძეს ეძებს.

ოჯახის წევრების თქმით, 1995 წელს დაბადებულ გიგა სახლიდან 12 მაისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

თუ შეამჩნევთ მოცემულ ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 577 08 05 48

„ჰავანა“-ს ქობულეთში ორმილიონიან ინვესტიციაზე უარი უთხრეს – კონკურენცია თუ პირადი ინტერესი

შპს „ჰავანას“უკვე არსებული ბიზნესის გასაფართოებლად საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებასა და მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის 15000 კვადრატული მეტრით გაზრდაზე უარი უთხრეს. ის 2-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა ქობულეთში. უარის მიზეზად ნაკვეთის მიმართ მაღალი კონკურენცია და მოსახლეობის ინტერესი დაასახელეს: „ზღვაზე გასავლელი ჩაიკეტება“. კომპანიის მეპატრონე კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დაინტერესებაზე საუბრობს და ამბობს, რომ კონკურენციას ხელოვნურად ქმნიან.

რესტორანი „ჰავანა“ ტურისტულ სეზონზე ქობულეთში ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია. აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა შპს „ჰავანას“ ყოფილმა მეპატრონემ – დავით შავიშვილმა ხუთი წლის წინ მოიწყო და სახელმწიფოსთან აღებული ყველა საიჯარო ვალდებულება შეასრულა. ამის მიუხედავად, მას, როგორც ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს ქობულეთიდან, „პრობლემები ჰქონდა, არ ამუშავეს“. ამ პირებს ღიად საუბარი არ სურთ.

დოკუმენტების მიხედვით კი დავით შავიშვილს კომპანია თავისი საიჯარო ვალდებულებით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, 2017 წლის ივნისში, პაატა რეხვიაშვილისთვის მიუყიდია.

იმის გათვალისწინებით, რომ საიჯარო ხელშეკრულების ვადა წელს იწურება, 2018 წლის 19 თებერვალს პაატა რეხვიაშვილმა ორმილიონიანი საინვესტიციო წინადადებით ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს მიმართა. მან მირიან ქათამაძეს შუამდგომლობა სთხოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან – საიჯარო ვადის გაგრძელებასა და მიმდებარედ 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, ასევე ამ ნაკვეთის გასწვრივ პლაჟის 20-წლიანი იჯარით გადაცემაზე.

კომპანიის მფლობელი პირობას დებდა, რომ ტერიტრიაზე მოაწყობდა მსუბუქ კონსტრუქციას, სადაც განათავსებდა: „კლუბს, კაფეს, რესტორანს, საბილიარდოს, ღია აუზს, სატრენაჟოროსა და ბავშვთა გასართობ კუთხეს“. კომპანია ასევე ჰპირდებოდა მთავრობას, რომ ტურისტული კომპლექსი არა მხოლოდ სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში მოემსახურებოდა მომხმარებელს. პირობების ჩამონათვალში იყო ასევე არანაკლებ 30 ადგილობრივის დასაქმება.

ქობულეთის მერიამ ამ მიწის ნაკვეთის იჯარის წესით გასხვისების შესათანხმებლად  საკრებულოს 5 აპრილს მიმართა. მერის მიმართვის მიხედვით, მერიას მიზანშეწონილად მიაჩნდა მოთხოვნილი ნაკვეთის არა პირდაპირი წესით, არამედ ელექტრონული აუქციონით გასხვისება, ორწლიანი იჯარით. ქობულეთის მერის ინფორმაციით, ნაკვეთის საწყისი საიჯარო ფასის გამოსავლენად მერიამ აუდიტიც კი მიიწვია, რომელმაც ერთი კვადრატული მეტრი 110 ლარად შეაფასა. შესაბამისად, მერიამ მოთხოვნილი 1500 კვადრატული მეტრის საწყის ფასად 40 500 ლარი განსაზღვრა.

მერი საკრებულოსგან ითხოვდა ასევე ტერიტორიის გასწვრივ პლაჟის სახით რეგისტრირებული ნაკვეთის წლიური საიჯარო საფასურის დადგეგნას: „რათა შემდგომში გამოცხადდეს პირობიანი აუქციონი, მიწის ნაკვეთზე მსუბუქი კონსტრუქციის ასაწყობად. კაფე ბარის განთავსების მიზნით“.

მირიან ქათამაძეს საკრებულომ უარი უთხრა – სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ მოთხოვნილი ტერიტორიის ათვისება ზღვაზე გასასვლელს ჩაკეტავს და „გასათვალისწინებელია მოსახლეობის ინტერესები“.

სხდომაზე ამ ნაკვეთთან მიმართებაში სხვა ინტერესებსა და კონკურენტული გარემოს შექმნაზეც იყო საუბარი.

„ჰავანას“ დირექტორი პაატა რეხვიაშვილი კი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ამ ადგილზე  არსებობს „არა მოსახლეობის ინტერესები“, არამედ საკრებულოს ერთ-ერთი წევრის პირადი ინტერესი. პაატა რეხვიაშვილის თქმით, საკრებულოს ამ წევრს შპს „ჰავანასგან“ წლების განმავლობაში  ჰქონია სარგებელი, ვიდრე თითონ არ იყიდა ეს კომპანია. „ახლა მას სურს, რომ ამ ადგილიდან ჩვენ გაგვიშვას“, – ამბობს ბიზნესმენი.

საკრებულოს წევრი, რომელიც ამ საკითხის განხილვისას საკრებულოს სხდომაზე განსაკუთრებით აქტიურობდა, იყო არჩილ დუმბაძე. სხდომაზე ერთადერთი – „ჰავანასთვის“ ნაკვეთის გადაცემა იყო ის საკითხი, რაზეც მან პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირა. „ეს თემა იქცა ყბადაღებულ თემად და მე ამ საკითხს ბოლომდე და ვაჟკაცურად მოვყვები“ – თქვა საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა.

შპს „ჰავანას“ ხელშეკრულების ვადა წელს, 18 ივლისს ეწურება. ხელშეკრულების ვერ გაგრძელების შემთხევაში კომპანიას მისცემენ ათდღიან ვადას, ტერიტორიიდან საკუთარი კონსტრუქცია რომ დაშალოს და გაიტანოს.

თუ პაატა რეხვიაშვილს უარს ეტყვიან ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მერია აუქციონს გამოაცხადებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტერიტორიას 2 მილიონზე მეტად გაასხვისებენ, ახალ მესაკუთრეს მოუწევს ყველაფრის ხელახლა დაწყება – ახალი კონსტრუქციის გამართვა. ეს კი საკურორტო სეზონს ემთხვევა.

არსებობენ თუ არა კონკურენტები

რეალურად არსებობენ თუ არა კონკურენტები, თუ ისინი მართლაც ხელოვნურად გააჩინეს, როგორც ამას „ჰავანას“ მესაკუთრე ამტკიცებს? – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის „ჰავანას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით აღება ორ პირს სურს. საკრებულოსთვის გაგზავნილ მიმართვაში ერთ-ერთ მათგანს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძეც ახსენებს. ეს არის ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში რეგისტრირებული ედვარდ გოგმაჩაძე, რომლის საინვესტიციო წინადადებაც მერმა საკრებულოს  ასევე გადაუგზავნა დანართის სახით.

თავის მხრივ ედვარდ გოგმაჩაძე წერს, რომ რესტორან „ჰავანას“ ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელება რუსეთის მოქალაქე მურმან ჯაფარიძეს აინტერესებს, თვითონ კი მისი მინდობილი პირია.

ედვარდ გოგმაჩაძე ქობულეთის მერს მურმან ჯაფარიძის სახელით ერთი მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება. ჯაფარიძე გეგმავს „ჰავანას“ ტერიტორიაზე რესტორნის, სატრენაჟორო დარბაზს, საბილიარდოს, საპლაჟო ინფრასქტრუქტურის  მოწყობას. ის 70 მოქალაქის დასაქმების პირობასაც დებს.

„ბათუმელებს“ უთხრეს კიდევ ერთი დაინტერესებული მხარის – კახა გოგიტიძის შესახებ. ის ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თანაშემწის, ნინო ჩხეტიას მეუღლეა.

ნინო ჩხეტია შეგვპირდა, რომ გასაუბრების შემდეგ მოგვაწვდიდა ქმრის ტელეფონის ნომერს, თუმცა საბოლოოდ სატელეფონო ზარებს არც თვითონ უპასუხა. შესაბამისად, „ბათუმელებმა“ კახა გოგიტიძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

თავად ედვარდ გოგმაჩაძემ კი გვითხრა, რომ კახა გოგიტიძეს იცნობს, თუმცა მოგვიანებით თავისივე ნათქვამი უარყო.

რაც შეეხება საკრებულოს წევრს – არჩილ დუმბაძე კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის ინტერესს „ჰავანას“ ტერიტორიის მიმართ. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „დაინტერესებულია ნაკვეთი კანონის შესაბამისად, კონკურენტულ გარემოში გაიცეს იჯარის წესით“. საკრებულოს წევრს ასევე ვკითხეთ იმის შესახებ, იცნობს თუ არა „ჰავანას“ კონკურენტებს. „ქობულეთი პატარაა და ყველა ყველას იცნობს“, – თქვა არჩილ დუმბაძემ.

საკრებულოს სხდომა, სადაც სანაპიროს ტერიტორიის აუქციონზე გატანაზე ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს უარი უთხრეს, 10 მაისს გაიმართა. 11 მაისს კი შპს „ჰავანას“ მესაკუთრემ რეესტრს ცვლილების თხოვნით მიმართა – დოკუმენტების მიხედვით, პაატა რეხვიაშვილი აპირებს კომპანიის ასივე პროცენტი ხათუნა მოწყობილს დაუთმოს.

საგულისხმოა ისიც, რომ დოკუმენტებში ფიგურირებს კომპანიის თავდაპირველი დამფუძნებელი დავით შავიშვილიც. მეტიც განცხადება ცვლილებასთან დაკავშირებით რეესტრში დავით შავიშვილს აქვს წარდგენილი.

„ჰავანას“ წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ მზად არიან შემცირებული ტერიტორიის იჯარის წესით მიღებაზეც დასთანხმდნენ მთავრობას. მათ სურთ უკვე დაწყებული ბიზნესი გადაარჩინონ და ამისთვის 2 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებენ. მათ ამ შეთავაზებას არც ქობულეთის მერია გამოხმაურებია და არც აჭარის მთავრობა.

 

ქობულეთის რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ახალ სეზონზე მგზავრებს ქობულეთის რეაბილიტირებული  ვაგზალი დახვდება. საქართველოს რკინიგზამ ორთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა.

შეიცვალა  სადგურის სახურავი, საწვიმარი ღარი და წყალსარინი სისტემა. ვაგზლის ტერიტორიაზე გამოიცვალა ელექტროსადენები, შეიცვალა ბაქანზე არსებული დაზიანებული ფილები და დამონტაჟდა ახალი LED  სანათები. საქართველოს რკინიგზა ეტაპობრივად ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული სადგურებისა და ბაქნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ადგილობრივმა კომპანიამ გაიმარჯვა.

შპს „სტადიონის“ დირექტორად ზურაბ ჭურკვეიძე დანიშნეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ, შპს „სტადიონის“ დირექტორის,  სულხან ხალვაშის განცხადება გადადგომაზე დააკმაყოფილა და  შპს „სტადიონის“ დირექტორად კურორტ გოდერძის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ჭურკვეიძე დანიშნა. შესაბამისი დოკუმენტები ცვლილებასთან დაკავშირებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საჯარო რეესტრში  დღეს, 14 მაისს, წარადგინა.

ზურაბ ჭურკვეიძე კურორტ „გოდერძის“ [ Goderdzi Resorts ] დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ქონების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

შპს „სტადიონის“ დირექტორის ხელფასი 3750 ლარია.

შპს „სტადიონი“ აჭარის მთავრობამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით შექმნა და მოგვიანებით ამ ორგანიზაციას გადააბარა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობაც.

ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემებით კურორტ „გოდერძის“ [ Goderdzi Resorts ] დირექტორი მალხაზ მახარაძე იქნება. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის კურორტ „გოდერძის“ შესყიდვების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა.  კურორტის დირექტორის ხელფასი 3000 ლარია.

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლიდან ორი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლიდან ორი მეშვიდეკლასელი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ბათუმელები“ სკოლის დირექტორს, ნატო გოგუაძეს ესაუბრა.

დირექტორის ინფორმაციით, დაახლოებით 14:00 საათზე ერთ-ერთი გოგონა სკოლაში შეუძლოდ გახდა. „სკოლის ექთანმა ბავშვს წნევა გაუზომა, წნევა მომატებული იყო, შემდეგ კი გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება,“ – გვითხრა დირექტორმა.

ნატო გოგუაძის თქმით, მეორე მოსწავლე შეუძლოდ ემოციურ ნიადაგზე გახდა.

როგორც დირექტორი ამბობს, საავადმყოფოში  მას უთხრეს, რომ ერთი გოგონა მოწამლულია. „ამ დროისთვის ბავშვს გადასხმები უკეთდება“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რას შეიძლება მოეწამლა ბავშვი, დირექტორი ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, სკოლაში ბუფეტი არ ფუნქციონირებს და მოსწავლეებს საკვები გარედან შეაქვთ.

მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდების განრიგი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლის მე-11 კლასის მოსწავლეების სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი ცნობილია:

 გეოგრაფია – 12 ივნისი;

 ბიოლოგია – 13 ივნისი;

 ფიზიკა – 14 ივნისი;

 ქიმია – 15 ივნისი.

2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

ვინ არიან და რა საფრთხეს უქმნიან ნეონაცისტები ქვეყანას – ინტერვიუ

ვინ დგას ნეონაცისტური, ნეოკონსერვატიული დაჯგუფებების უკან, რომლებიც ყველაზე აგრესიული გზავნილებით გამოირჩევიან და პოლიტიკური პროცესების დროს სისხლისღვრის მოწოდებით გამოდიან. დაჯგუფება აცხადებს, რომ ქმნის „სამოქალაქო გვარდიას“და მათი ძირითადი გზავნილები მათთვის მიუღებელი ჯგუფების განადგურება, „მათი პარპაშის დასრულება“ და შევიწროებაა. როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სამართლებრივი რეაგირება ამ დაჯგუფებების მიმართ? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე საუბრობს.

თამთა, გუშინ  ნეონაცისტური დაჯგუფებები ცდილობდნენ  ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ სამოქალაქო აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“  მონაწილეებს. მათი გზავნილები იყო აგრესიული და მუქარის შემცველი: „სიკვდილი მტერს“, „დავამთავრებთ მათ პარპაშს“ და ასე შემდეგ. როცა კონკრეტულ ჯგუფს ასეთი მკვეთრად გამოხატული ძალადობრივი გზავნილები აქვს, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სამართლებრივი რეაგირება?

თამთა მიქელაძე

მათი გზავნილები სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ძალის გამოყენებაზე უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს, რათა მან საზოგადოების უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამდენად, როცა მომდინარეობს ძალადობრივი რისკები, სახელმწიფოს აქვს მათზე სამართლებრივი რეაგირების ვალდებულება.

რატომ არ რეაგირებს მაშინ?

სახელმწიფომ ამ ჯგუფებს საკუთარი რიტორიკით, საჯარო დისკუსიის შექმნით უნდა უპასუხოს, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება და ეს არის პრობლემა. საჯარო პოზიცირების მიმართულებით სახელმწიფოს აქვს სერიოზული ჩავარდნა.

მისი მხრიდან დუმილი, ან მხოლოდ საპოლიციო ენით ლაპარაკი, არის მთავარი პრობლემა, რომელიც შემდგომში სოციალურ კონფლიქტებს აჩენს. სახელმწიფო როგორც რაციონალური პოლიტიკის მკვეთრი აქტორი, ვერ ქმნის პოლიტიკურ ენას, პოლიტიკურ პრევენციას ამ პრობლემების. მან შეიძლება დააკავოს გაბედავა, ფალავანდიშვილი ან ნეონაცისტური დაჯგუფებების სხვა რომელიმე წარმომადგენელი, მაგრამ ის ვერ შექმნის იმ პოლიტიკურ ალტერნატიულ ნარატივს, რომელიც მსგავსი იდეების გავრცელებას ხელს შეუშლის. სწორედ ამ კუთხით გვაქვს ჩავარდნა.

რატომ ვერ ქმნის, გამოცდილება არ ჰყოფნის, თუ ხელისუფლებაც იყენებს მათ არსებობას?

ვერ ქმნის იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების სისუსტე არის ჰომოგენური პოლიტიკური ელიტის არარსებობა. მათ არ აქვთ მკაფიო თანმიმდევრული იდეოლოგიური ხედვა. მეორე მხრივ, ასეთ დაპირისპირებებს ხშირად ხელისუფლება პოლიტიკურად იყენებს და ამით პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას აკეთებს. ამის გამოხატულება იყო ღამის კლუბებზე თავდასხმა.

საზოგადოებაში არსებული სენტიმენტები კიდევ უფრო გააღრმავეს, როცა ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრეს არა წამალდამოკიდებულების პრევენციასა და იქედან გამომდინარე საფრთხეებზე, არამედ ნარკოტიკების რეალიზაციაზე.

ნეონაცისტური დაჯგუფებების უკან ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს. ერთი ნაწილი მიიჩნევს, ისინი არიან გავლენიანი პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფების ხმა. ნაწილი საუბრობს, რომ მათი სტრატეგია რუსეთში არსებულ ანალოგიური დაჯგუფებების მსგავსია. რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ მათ შესახებ?

მე არ ვიცი, ეს ადამიანები ვისგან იღებენ ინსტრუქციას, მაგრამ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ლაგდება და როგორ გადაიკვეთება ხოლმე პოზიციები და სტრატეგიები. მეორე მხრივ, ამ ორგანიზებული, პროვოკაციული ჯგუფების მიღმა არიან გარკვეული პოლიტიკური ძალები და კარგად ჩანს მათი ორგანიზებულობა.

მათ იდეებს მყარი ფეხმოსაჭიდი აქვს ჩვენს საზოგადოებაში არსებული მძიმე სოციალური კონტექსტიდან გამომდინარე. იმის გამო, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ვერ ახერხებს სათანადო განმარტებას იმისა, თუ რა ტიპის პრობლემებია საზოგადოებაში, ვერავინ ვერ ახერხებს სამართლიანი, დემოკრატიული დღის წესრიგის შექმნას, სადაც ადამიანები დაინახავენ, რომ მათი უკმაყოფილება, მათი პრობლემები, ეკონომიკური, სოციალური უთანასწორობა, სიდუხჭირე, სიღარიბე, დემოკრატიის ხარვეზები სათანადოდ არის ასახული ვინმეს დღის წესრიგში.

სწორედ ამით სარგებლობენ  ულტრაკონსერვატიული ჯგუფები და შემოდიან პოპულისტური რიტორიკით – „უცხოელები გვართმევენ მიწებს“, „გვართმევენ ქართველობას“ და ა.შ.

სინამდვილეში, პოლიტიკური ალტერნატივის არქონა და მეორე მხრივ, ძალიან დიდი პოლიტიკური და სოციალური პრობლემების არსებობა ქვეყანაში, ხელს უწყობს ნეონაცისტური განწყობების აღმავლობას.

უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ნეონაცისტური ჯგუფები საკმაოდ მრავალფეროვანია და ზოგჯერ განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმაც აქვთ, მაგრამ დიდი პოლიტიკური მოვლენების დროს ისინი გაერთიანებას ადვილად ახერხებენ.

მაგალითად გუშინ ამ ჯგუფების ორგანიზება და ძალადობის ესკალაციის მცდელობა კარგად გამოიყენა ხელისუფლებამ, რადგან მათგან მომდინარე საფრთხეების გამო მოხდა პროცესების დაჩქარება და  შსს-მ დააყენა საკითხი, რომ რთული იქნებოდა მათგან მომდინარე რისკების დაზღვევა. ამიტომ აქციის, „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორები იძულებული იყვნენ, საზოგადოებაში დიდი გახლეჩისა და სოციალური კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ამ ნაბიჯზე წასულიყვნენ და აქცია შეეწყვიტათ.

ხშირად საზოგადოებას უჭირს პროცესების ანალიზი, გზავნილების სწორად გაგება. ამის მაგალითი იყო გუშინდელი აქციაც, რადგან  სოციალური ქსელების რეაქციებიც აჩვენებდა, რომ ადამიანების ნაწილმა ზუსტად ვერ გაიგო, რას აპროტესტებდნენ „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეები და ეს ხელს უწყობდა ნეონაცისტური დაჯგუფებების მიზნებს. რატომ მოხდა ასე?

სამწუხაროდ, უფრო ცხადი გზავნილები აქციის ორგანიზატორებმა ვერ შემოიტანეს, რადგან ეს აქცია იყო სპონტანური და იქ იყო ძალიან ბევრი ჯგუფი. ამიტომ, გზავნილების სწორად მიწოდებაზე უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ.

საბოლოდ, მაინც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, რადგან სწორედ მან უნდა მოახერხოს, იქნება ეს საპარლამენტო, სოციალური საქმიანობა თუ პოლიციის საქმიანობა, საკუთარი პოზიციების შექმნა და დემოკრატიული, ადამიანების უფლებებზე დაფუძნებული ნამდვილი დისკუსიის შექმნა.

დღეს კი გარკვეულწილად ვართ პოლიტიკურ სიცარიელეში, როდესაც მმართველი პოლიტიკური გუნდი და ვერც პოლიტიკური ოპოზიცია, სამართლიან პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ქმნის.

სწორედ ამ კუთხით არსებული ჩავარდნა, სახელმწიფოს მხრიდან გაუაზრებლობა იმ ღირებულებების, რომლბზეც სახელმწიფო უნდა იდგეს, არის მიზეზი პოლიტიკური სიცარიელისა და ამას იყენებენ ნეონაცისტური ჯგუფები.

თუმცა, მე მჯერა ქართული საზოგადოების გონიერების, რომელსაც აქვს რეალური საფუძველი, რომ იყოს უკმაყოფილო.

სახელმწიფო არ საუბრობს იმ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ქსელებზე, რომლებიც საქართველოშია და რომლებიც ცხადია სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს. მან ყველაზე სუსტი რგოლიდან დაიწყო ამ პრობლემებზე ლაპარაკი და პრინციპში, კლუბებზე თავდასხმა იყო ამის მესიჯი.

 

 

 

 

ინტერნეტის რეაქცია ბერას ახალ სიმღერაზე

ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას Legalize [ლეგალიზება], რომელიც მომღერალმა გუშინ გამოაქვეყნა, იუთუბზე 281 083 ნახვა და 7100 მოწონება აქვს. ფეისბუქზე, ბერას ოფიციალურ გვერდზე გაზიარებულ კლიპს 2700 ზე მეტი დადებითი შეფასება აქვს.

„ვისაც უყვარს და არ ასაღებს..“, „რაც მოდის მიწიდან, ვერ ჩამდებს მიწაში, რამდენი შხამი დევს ამ სინთეტიკაში…” – სიმღერას, რომლის მთავარი მესიჯიც მარიხუანას ლეგალიზების მოთხოვნაა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა:

 

სიმღერის სუბტიტრულ ვიდეოს მინაწერში ამერიკელი ასტროფიზიკოსის ნილ დეგრას ტაისონის ციტატა აქვს დართული – “ვფიქრონ თუ მართლა გააანალიზებთ, იმ რაღაცეებთან შედარებით რაც ლეგალურია, არ არსებობს მიზეზი იმისთვის რომ იგი ოდესმე ყოფილიყო არალეგალური სამართლევრივ სისტემაში. ვგულისხმობ იმას, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მას შეუძლია ბევრად უფრო აგრიოს, ვიდრე რამდენიმე ჯოინთის მოწევამ”.

 

ამავე თემაზე:

ბერა ივანიშვილი მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვს

 

 

მოქალაქე ამბობს, რომ ის ბათუმში საკუთარი სახლიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბათუმში მცხოვრები მერაბ ბლადაძე ამბობს, რომ მას საკუთარი საცხოვრებელი ბინის ეზოში, ფარნავაზ მეფისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაში, 14 მაისს, დაახლოებით 00:30 წუთზე, თავს დაესხა სამი უცნობი პირი და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მერაბ ბლადაძეს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს, სადაც თვითონ მივიდა. მიყენებული აქვს ჭრილობები თავის არეში. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც.

„ღამის პირველის ნახევარზე კარზე დარეკეს ზარი, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდათ და მთხოვეს ჩავსულიყავი ეზოში. ასეთი რამ ხშირად ხდება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და ჩვეულებრივად ჩავედი ეზოში, თუმცა სადარბაზოსთან ეგრევე დამარტყეს სახეში რკინის ჯოხი, მეორეს ხის ჯოხი ეკავა. სულ სამი იყვნენ… მინდა ვთქვა, რომ თავს დაზარალებულად არ ვთვლი, მეც კარგად ვიჩხუბე. დაზარალებული და ნაცემი თავად არიან. ალბათ ერთი წუთი გაგრძელდა და შემდეგ მეზობლებმა ატეხეს ხმაური და გაიქცნენ. სახეზე ვერ ვიცანი, ჩამოფარებული ჰქონდათ. როგორც ვიცი, საქმე აღძრულია, სხვა დეტალები არ ვიცი“, – ამბობს მერაბ ბლადაძე. მისივე თქმით, მას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. „დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სავარაუდო დამნაშავე დადგენილია“, – გვითხრეს სამინისტროში, თუმცა არ დაგვიკონკრეტეს რამდენ სავარაუდო დამნაშავეზეა საუბარი.

მერაბ ბლადაძე ტელეკომპანია „ობიექტივის“ ბათუმის სტუდიის წამყვანი და „21 საუკუნე – საქართველოს მომავლის“ თავმჯდომარეა. ის თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ქობულეთში.

მერაბ ბლადაძე მასზე თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირებს.

„ჯივილი“ საბავშვო სათამაშოების მრავალფეროვან და ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმს გთავაზობთ

საბავშვო მაღაზია “ჯივილი” მომხმარებელს საბავშვო სათამაშოების მრავალფეროვან და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას გთავაზობთ. აქ  ყველა ასაკის ბავშვებისთვის წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის სათამაშოები, მაგალითად:PAL BABY, Bondigo, Vardem, MJO და DOLU  და ა.შ.

გარდა სათამაშოებისა, “ჯივილი” ბათუმელ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან ფასდაკლების აქციებსა და სხვადასხვა პრომოაქტივობას საბავშვო ტანსაცმელსა და აქსესუარებზე.

გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88

“ნიუ ლაიფ ჯორჯიას” ესაჭიროება სუროგატი დედები, ანაზღაურება – 15 200 $

“ნიუ ლაიფ ჯორჯიას“ ესაჭიროება 20-დან 35 წლამდე ჯანმრთელი ქალბატონები სუროგატ დედებად. დაეხმარეთ უშვილო წყვილებს და გამოიმუშავეთ 13200-დან 15200-მდე აშშ დოლარი 9 თვის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 595291011, ნაკო.

სუროგატი დედების გარდა,  “ნიუ ლაიფ ჯორჯიას“ ესაჭიროება 18-დან 30 წლამდე ჯანმრთელი ქალბატონები კვერცხუჯრედის დონორად. დაეხმარეთ უშვილო წყვილებს და გამოიმუშავეთ 600-დან 1500-მდე აშშ დოლარი 2 კვირის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 595291011, ნაკო.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – დროგამოშვებით ხანმოკლე, ძლიერი წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3  – 8 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე უკვე 16,5 გრადუსია.

16-17 მაისს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი. ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში ტემპერატურა კვირის ბოლოს მოიმატებს და 29 გრადუსს მიაღწევს.

______________

მარიამ ქველიაშვილის ფოტო 

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე, ნ.ს-ს ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ 94,09 გრამი შეადგინა, საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი – 5 689 ლარი. ოქროს ნაკეთობები 13 მაისს ამოიღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა შეეფარდა, 5 689 ლარის ოდენობით.

ბერა ივანიშვილი მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვს

რეპერი ბერა ივანიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილია, ახალი სიმღერით მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვს. ახალი სიმღერა ბერას youtube გვერდზე დღეს, 13 მაისს, აიტვირთა.

სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბერა კონკრეტულად მარიხუანას ლეგალიზებაზე აკეთებს აქცენტს, სხვა ე.წ. “სინთეტიკურ ნარკოტიკებზე” კი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს. ტექსტში ახსენებს “ბარიგებს, რომლებიც ბევრ ხალხს კლავენ”. სიმღერის ბოლოს ამერიკელი ასტროფიზიკოსის ნილ დეგრას ტაისონის სიტყვებია:

“ვფიქრობ, თუ რეალურად აანალიზებ, იმ რაღაცებთან შედარებით რაც ლეგალურია, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის ოდესმე კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო. იმას ვგულისხმობ, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მან უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოგაყენოს, ვიდრე მარიხუანას მოწევამ “.

BERA - Legalize

მას შემდეგ, რაც თბილისში სავარაუდოდ დაუდგენელი ნივთიერებით დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, 6 მაისს ბერა ფეისბუქის პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კლუბ “ბასიანში” მომხდარი “მკვლელობების” გამოძიებით დაინტერესებულია:

“ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი “ბასიანი” ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი “მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება. მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას”,- წერდა ბერა.

ამის შემდეგ კლუბებში “გალერი” და “ბასიანი” სამართალდამცავებმა 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყეს.

მოვლენათა ქრონოლოგია


  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიან ღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.

ახალი დადგენილება სუს-ის თანამშრომლების წახალისებისთვის – 10 000 ლარამდე დანამატი ხელფასზე

2018 წლის პირველი აპრილიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს]მოსამსახურეს, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შეუძლია ხელფასთან ერთად სპეციალური დანამატი – მაქსიმუმ 10 ათასი ლარის ოდენობით მიიღოს.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 10 მაისს მიიღო, თუმცა დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ის ამავე წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა.

რა შემთხვევაში შეუძლია სუს-ის მოსამსახურეს მიიღოს სპეციალური დანამატი?

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია:

„სამსახურის მოსამსახურეს თავისი საქმიანობის დროს  განსაკუთრებული უნარების გამოვლენის შემთხვევაში ან/და მის მიერ განხორციელებული/ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან/და საგამოძიებო მოქმედების შედეგად განსაკუთრებული სირთულის ან/და მასშტაბის დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების ან/და აღკვეთის ან ზემოაღნიშნულის განხორციელებისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მიეცეს ხელფასზე სპეციალური დანამატი არაუმეტეს 10 000 ლარისა“.

აღნიშნული სპეციალური დანამატის შესახებ ახალი მუხლი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა [თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების] და ხელფასზე [ფულად სარგოზე] დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესს“ დაემატა.

 

ომი თავისუფლებისთვის

თორნიკე აბესაძე 

თავისუფლება უცებ, ერთ დღეში არ ქრება, მას ნელ-ნელა, წლების განმავლობაში, აჭრიან ნაწილებს, მანამ სანამ ერთ დღეს არ მიიხედ-მოიხედავ და დაფიქრდები წარსულზე, გაიხსენებ, თუ როგორი თავისუფალი იყავი და ეს თავისუფლების მოგონება ისეთ შორეულ რეალობად მოგეჩვენება, შენთვის დასვამ კითხვას: “ნუთუ ასე შეიძლებოდა?”

ზუსტად ასეთი კითხვა დასვა რუსმა ტურისტმა “შავ პარასკევს” განვითარებული მოვლენების შემდეგ. აი ფრაზა: “Stepan Polivanov: У меня с русской выученной беспомощностью главная эмоция: “А что так можно было?”. გაოცებული იყო წინააღმდეგობის შემყურე. მოსკოვის კლუბების რეიდები ჩვეული მოვლენაა და მხოლოდ სოციალურ ქსელებში თუ გააპროტესტებს ერთი-ორი. ზუსტად ამიტომ მეამაყება ყოველი ადამიანი რომელიც ახლა დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე ცეკვავს თავისუფლებისთვის, მათ შორის ჩემი მეგობრები.

ზუსტად ამიტომ, შიშს იწვევს ჩემში ადამიანების კომენტარები, რომლებიც ამართლებენ ხელისუფლების საქციელს, კლუბში სპეცნაზის შესვლას, მაშინ, როცა სახალხო დამცველის განცხადებით, ნარკორეალიზატორები უკვე დაკავებულნი იყვნენ. არ მინდა ერთ დღეს ჩემი თავისუფლებისთვის ბრძოლა ისე წარმოუდგენლად მეჩვენებოდეს, როგორც რუს სტეფანს.

ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც რუსთაველზე დგანან, თანხმდებიან, რომ ნარკორეალიზატორები უნდა დაისაჯონ, უმრავლესობა ამ ახალგაზრდებისა ერთადერთი ჯგუფია, რომელიც აპროტესტებს ოკუპაციას, შრომით პირობებს, უმცირესობების ჩაგვრას, სხვადასხვა სოციალურ ან ეკონომიკურ მდგომარეობას.

“ბასიანი” ერთ-ერთი სივრცეა, რომელიც აძლევს პლატფორმას სხვასხვა მარგინალიზებულ ჯგუფს და ეს რეიდი ზუსტად ამ თავისუფალ სივრცეზე იყო თავდასხმა.

უმცირესობების დაცვა ზუსტად იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაღაც ნიშნით ყოველი ჩვენთაგანი უმცირესობის წარმომადგენელია. იქნება ეს რელიგიური ნიშნით, პოლიტიკური შეხედულებებით, სექსუალური ორიენტაციით და ა.შ. ადამიანი სრულიად თავისუფალი ვერ იქნება, მაგრამ თავისუფლების და ბედნიერების იოტისოდენა გემო რომ შევიგრძნოთ, როგორც მინიმუმ ჩვენს ირგვლივ სოციუმიც თავისუფალი და ბედნიერი უნდა იყოს და ეს სოციუმი უმცირესობებისგან შედგება.

ლიბერალებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს, ძალიან მოვიმწყვდიეთ საკუთარი თავი სოციალურ ვაკუუმში, დავდივართ ერთი და იგივე ადგილებში, კლუბებსა თუ კაფეებში, ვხვდებით და ვხედავთ ჩვენივე აზრის მქონე ადამიანებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უმრავლესობაში ვართ.

სოციალურ ქსელებშიც ვშლით ან ვბლოკავთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ აზრს არ იზიარებენ და შემდეგ გვიკვირს, თუ რამდენი ადამიანია რომელიც “აპრავებდა” ხელისუფლებას და გაფართოებული თვალებით, ბედნიერი უყურებდა, თუ როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. (ასეთი ადამიანებისთვის ერთი კომენტარი მაქვს: თუ შენ სხვა ადამიანზე ძალადობა, ნებისმიერი სახით, ცოტაოდენ ბედნიერებას მაინც განიჭებს, ესე იგი შენში რაღაც “ვერ არის”).

ყოველი სტატუსის შემდეგ: “თუ ეს მოგწონს და ეთანხმები, წაიშალე თავი ჩემი მეგობრებიდან” ჩვენ უფრო და უფრო ვცილდებით რეალობას და ილუზიურ უმრავლესობაში ვრჩებით. ეს პრობლემაა და ამ პრობლემის მოგვარებას ძალისხმევა უნდა. მეც, უმეტესწილად ვარიდებ თავს “facebook კომენტარების ომს”, თუმცა ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ეს არასწორი პოზიციაა.

თქვენ, ვინც ბრაზობთ ცეკვით გამოხატულ პროტესტზე, მისაღებად გეჩვენებათ პარასკევის მოვლენები, არ მოგწონთ ადამიანების ცეკვის მანერა, ბრაზობთ სოციალურ ქსელში თქვენს მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას აქციის მონაწილეების ან მათი მხარდამჭერების მხრიდან, რადგან გიკვირთ – რა უნდათ? რას დაეძებენ? ნუთუ სხვა ხერხი ვერ მოძებნეს?, თქვენ, რომლებსაც ახალგაზრდა ბიჭზე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ძალადობა სასაცილოდ მიგაჩნიათ, რადგან ის ფემინური მანერების იყო, ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მინდა გითხრათ, რომ თუ ეს ბიჭები და გოგონები წააგებენ, შემდეგ თქვენი ჯერიც დადგება, თქვენც გაგაოცებთ და გაგაბრაზებთ რაღაც ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ თქვენთვის “მოცეკვავე” აღარავინ იქნება. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის ამ დღეებში გამართული აქციები, გახსოვდეთ, მათ ამის უფლება აქვთ, მათ გაბრაზების ლეგიტიმაცია აქვთ.

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის “კლუბების ელიტა” გაიაზრეთ, რომ ისინი დღეს სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობის წინააღმდეგ დგანან და ეს თქვენთვისაც არის მნიშვნელოვანი.

ახლა თავისუფლებაზე შტურმის მეორე ეტაპი დაიწყება, ეტაპი, როდესაც ერთად შეკრებილ “მოცეკვავე” ძალის ნებისმიერი მეთოდით დაშლას შეეცდებიან. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ამ ძალაში უმცირესობების წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი კამპანიის აგორება. უკვე შემხვდა ნიუსფიდში, მაგალითად, მთვრალი ტრანსგენდერი ქალის აგრესიულობა პოლიციის მიმართ, აქციის მონაწილის მიერ დიდგორის და ბასიანის ერთმანეთში არევა, ფემინური ბიჭის გინება, ბასიანის ერთ-ერთი დახურული, კოსტუმირებული ივენთის ფოტოების გაზიარება, ამბავი თითქოს გეი აღლუმის ჩატარებას აპირებენ აქციის ორგანიზატორები. ამიტომაც “თავისუფლებისთვის მოცეკვავეთა” მთავარი გასააზრებელი იქნება ის, რომ თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში ნებისმიერი მოკავშირე დაგჭირდებათ, თუნდაც ეს მოკავშირეები თქვენთვის რაღაც ნიშნით მიუღებელი იყოს.

ბევრ “ნიუსს” თუ ვიდეოს ნახავთ ამ დღეებში, ბევრი დაგიპირისპირდებათ და “ბარიგობას” დაგდებენ ბრალად, თქვენთვის მიუღებელ ბევრ პოსტს დაწერს ხალხი და სახელმწიფო ინფორმაციულ ომს გამოგიცხადებთ, გააზიარებენ “ფაქტებს”,  მათ შორის ზოგი სიმართლე იქნება, ზოგი კიდე ფარსი, მაგრამ ვიმედოვნებ ამ უნიჭო კამპანიას არ წამოეგებით.  გახსოვდეთ თავისუფლების გემო, 12 მაისის საღამოს გასინჯული, ნებისმიერ ნარკოტიკზე ძლიერი და წარმატებები ჩვენი საერთო, ბედნიერი მომავლისთვის ომში!

_______

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს batumelebi.ge-ს პოზიციას.

„რესპუბლიკურის“ დირექტორი ახალი კლინიკის გახსნაზე: იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს შევძლებთ

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება საუნივერსიტეტო კლინიკა და მისი გასხვისება ან მართვის უფლებით კერძო კომპანიაზე გადაცემა არ იგეგმება – აცხადებს აჭარის მთავრობა. საავადმყოფოს, რომლის 100% წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, მართვის უფლებით ამ ეტაპზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროზეა გადაცემული. საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურის ჩამონათვალისა და შესაბამისი ფასების დადგენა თავად რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაევალა.

რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე და როდის გაიხსნება ახალი კლინიკა? – ბლიცინტერვიუ საავადმყოფოს დირექტორთან, მალხაზ ხალვაშთან.

ბატონო მალხაზ, რა კუთხითაა ჩართული თქვენი საავადმყოფო ახალი კლინიკის მშენებლობაში?  

სამედიცინო დაწესებულებას თავისი ნიუანსები აქვს, იქ არის აირების, ჟანგბადის და სხვა სისტემები, ამიტომ ამ ეტაპზე გავდივართ საინჟინრო-ტექნოლოგიურ მხარეს. პარალელურად, აღჭურვილობა, რაც იყო ჩადებული პროექტში, მიმდინარეობს იმის გადახედვა-განახლება. ასევე ვმუშაობთ საავადმყოფოს პროექტით თავიდანვე არსებული სტრუქტურის ადაპტირებაზე.

კომუნიკაციების მოწესრიგება მშენებელ კომპანიას ევალება?

დიახ. ასე იყო თავიდანვე ჩადებული, თუმცა სჭირდება გარკვეული დაზუსტებები, იმიტომ, რომ რთული სამედიცინო-საინჟინრო სისტემებია. ჩვენ დაგვავალეს და ვმუშაობთ ამ კუთხით ინტენსიურად.

კლინიკის სამედიცინო აპარატურით აღჭურვას დაახლოებით რა თანხა დასჭირდება?

იმისთვის, რომ  აპარატურისთვის საჭირო ფასი, საბოლოო ბიუჯეტი დაიდოს, საჭიროა ბაზრის კვლევების ჩატარება. დაწყებული გვაქვს ეს პროცესიც, თუმცა ამას რამდენიმე თვე დასჭირდება.

დაახლოებით რა პერიოდი?

დღეს ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში, მოძებნოს კატალოგები და ფასები დადოს, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ობიექტურ ფასებზე გავიდეთ, რომელიც შემდეგ იქნება უკვე სატენდერო ფასები. ანუ, შევქმნათ არა მიახლოებითი და სუბიექტური ფასების ჩამონათვალი, არამედ კანონმდებლობის შესაბამისი და ეს ფასები მივიღოთ ბაზრის კვლევის შედეგად.

ახალი შენობის სამედიცინო აღჭურვილობისთვის საჭირო სავარაუდო თანხა თუ არის გათვალისწინებული წელს რომელიმე [საავადმყოფოს, სამინისტროს, აჭარის] ბიუჯეტში ?

თანხა რომ გამოიყოს, სჭირდება იმ ფასების დადება, რაც ზემოთ აღვნიშნე. თანხის გამოყოფა და ბიუჯეტის საკითხები კი ჩემს კომპეტენციას სცდება, ეს მთავრობის პრეროგატივაა.

თქვენი ინფორმაციით, საბოლოოდ შეჯერდნენ მთავრობაში, რომ ახალი კლინიკა საუნივერსიტეტო იქნება, თუ კიდევ განიხილება ეს საკითხი?

ვფიქრობ, ცოტა არასწორადაა აღქმული ეს საუნივერსიტეტო კლინიკის არსი. საუბარია კლინიკის ისეთი მუშა სტრუქტურის შექმნაზე, რომელშიც გარკვეული როლი აქვს აკადემიურ კომპონენტს. საუნივერსიტეტო კლინიკა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის უნივერსიტეტს ეკუთვნის. რესპუბლიკური საავადმყოფო დღესაც საუნივერსიტეტო კლინიკაა, ჩვენ დღესაც სტუდენტები გვყავს, ტარდება ლექციები. საუბარია მუშაობის სპეციფიკაზე და არა კლინიკის კუთვნილებაზე. ჩვენ და უნივერსიტეტი ვთანამშრომლობთ რამდენიმე წელია და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, უბრალოდ, ახალ კორპუსში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველა დეპარტამენტში იყოს სასწავლო ოთახები. ამასთან, შევეცდებით შევიძინოთ ისეთი აპარატურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გარდა სამედიცინო ფუნქციისა, შეასრულოს სწავლების ფუნქციაც.

დაახლოებით როდისთვის გადავა ახალ კორპუსში რესპუბლიკური საავადმყოფო?

შესაძლებელია ახალი კლინიკა გაიხსნას ძალიან ადრე, შესაძლებელია დროში გაიწელოს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მიმდინარე პროცესებზე. მედიცინას აქვს ძალიან ბევრი ნიუანსი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ გვაქვს. მე რომ სასტუმროს შენობაზე ან საცხოვრებელ სახლზე ვსაუბრობდე, ადვილი იქნება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პასუხის გაცემა ამ ეტაპისთვის გამიჭირდება. ვფიქრობ, რომ ამას დასჭირდება თვეები. მაგრამ რამდენიმე თვე, იმიტომ, რომ უკვე გადავედით ფინალური კომპონენტების სტადიაზე, რაც კლინიკის გახსნას უკავშირდება.

გამოდის, მიმდინარე წელს არ გაიხსნება?

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს შევძლებთ გახსნას.

როდის დასრულდება უშუალოდ ახალი კორპუსის მშენებლობა?

გეგმა-გრაფიკის მიხედვით, კორპუსის მშენებლობის კომპონენტი უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის სექტემბერში. გარდა ამისა, არის ტერიტორიის მოპირკეთების კომპონენტი, შპს „სტადიონს“ შესყიდული აქვს ეზოში პარკის მოწყობის პროექტიც, ანუ რაღაც ნაწილი პროექტის დასრულდება ადრე, ნაწილი კი გაგრძელდება, იმიტომ, რომ ის კორპუსი, სადაც ახლა ვართ, უნდა დაინგრეს, როცა გადავალთ ახალში და აქ ავტოპარკინგი უნდა მოეწყოს. ჯერჯერობით მუშაობა გრძელდება.

აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ ახალი კლინიკა სოციალური პროექტია…

სოციალური პროექტი ნიშნავს, რომ არის სახელმწიფო საავადმყოფო, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის შექმნილი და რომელიც იქნება არამომგებიანი საწარმო. ანუ, არ იქნება მოგების კომპონენტი – არ იქნება მოგებაზე ორიენტირებული და იმუშავებს სახელმწიფო ტარიფებით.

კონკურენციას არ გაუწევს კერძო კლინიკებს?

არანაირ კონკურენციას არ გაუწევს არავის… სოციალურ პროექტზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რაოდენობა შემთხვევებისა, როცა ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, მაგრამ დაფინანსების კომპონენტი არის რთული. ბევრი მოწყვლადი მოსახლეობა გვყავს სამწუხაროდ და ამ ადამიანებს სჭირდებათ სრულყოფილი სამედიცინო დახმარება და ვეხმარებით ჩვენ. არის კატასტროფის კომპონენტები, სხვადასხვა ტიპის შემთხვევები, როცა საჭიროა საავადმყოფოს ჩართულობა და არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ფინანსური კომპონენტისკენ მოიხედო. ამ თვალსაზრისით ჩვენ ყველანაირად მოვემსახურებით მოსახლეობას საჭიროებისამებრ. ესაა კლინიკის სოციალური კომპონენტი.


ახალ საავადმყოფოს კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს, რომელთანაც ხელშეკრულება 22 მილიონ 172 ათას 764 ლარზე, 2016 წლის იანვარში გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა. მშენებლობას სწორედ შპს „სტადიონი“ ზედამხედველობს. თავდაპირველ ხელშეკრულებაში ცვლილება, მშენებლობის მიმდინარეობისას, უკვე ოთხჯერ შევიდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო / 13.05.2018 /
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს/საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებარე კორპუსი / 13.05.2018 /
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს/საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებარე კორპუსი / 13.05.2018 /
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს/საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებარე კორპუსი / 13.05.2018 /

ამავე თემაზე:

იყიდება თუ არა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ნარკოდანაშაულისთვის 12 მაისს ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ასევე ორი პირი გამოკითხა.

უწყების ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 10 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 9 კილოგრამამდე ჰეროინი, 1 კილოგრამი და 200 გრამი კოკაინი, 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი, ასევე, 1 კილოგრამი და 700 გრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 850 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება,“ – განაცხადა შსს-მ.

ევროპის მოედანზე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ემზადებიან [ფოტო]

დღეს, 13 მაისს, ევროპის მოედანზე 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი-2018“-ის მზადებისადმი მიძღვნილი ღონისძიებებია დაგეგმილი. ღონისძიებების დაწყებისთვის ევროპის მოედანზე უკვე ემზადებიან. ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება.

საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ზურაბ აზმაიფარაშვილი, გიორგი გიორგაძე, ნონა გაფრინაშვილი და ნანა იოსელიანი. გაიმართება ერთდროული თამაშის სეანსები დიდოსტატებსა და ადგილობრივ მოჭადრაკეებს შორის.

ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე მოეწყობა:ორკესტრირებული მსვლელობა და შესრულდება სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ფლეშმობი, რომელიც მოახლოებულ საჭადრაკო ოლიმპიადას დააანონსებს; მოეწყობა ფოტო-გამოფენა, სახელდახელო ქვიზ-შოუ, მოწვეული მიმები იზრუნებენ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და სამახსოვრო ფოტოსესიების მოსაწყობად. ღონისძიების დასასრულს კი, საჭადრაკო პროექტი, ონლაინპლატფორმა „მილიონი სვლა“ ჩაირთვება“.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა „ბათუმი 2018“ ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი-2018“-ისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 13.05.2018
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი-2018“-ისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 13.05.2018
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი-2018“-ისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 13.05.2018
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი-2018“-ისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 13.05.2018
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი-2018“-ისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 13.05.2018

 

ფოტორეპორტაჟი საპროტესტო მსვლელობიდან, რომელიც ბათუმში სამი ახალგაზრდის დაკავებას მოჰყვა

დღეს, 12 მაისს, ბათუმში, „ევროპის მოედანზე“, ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გუშინ თბილისში, ღამის კლუბებში სპეცრაზმელების შეჭრას და ახალგაზრდებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებდნენ. აქცია ნახევარი საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

აქცია ბათუმში
აქციის დასასრულს მონაწილეებმა გადაწყვიტეს მემედ აბაშიძის გამზირის გავლით კოლონადებთან მისულიყვნენ.
ინციდენტი სწორედ ამ მსვლელობის დროს მოხდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე – მარი ბეჟანიშვილი პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
აქციის მეორე მონაწილე გიორგი ბოლქვაძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პოლიციას განმარტებას სთხოვდა, თუ რატომ დააკავეს მარი ბეჟანიშვილი.
გიორგი ბოლქვაძის დაკავება
ამის შემდეგ აქციის კიდევ ერთი მონაწილე – კობა სურმანიძეც დააკავეს
სამი აქტივისტის დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ისინი დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
აქცია ბათუმში
აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით  სუს-ის ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა გზად საყვირები შეიძინეს და მსვლელობა გააგრძელეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დაკავებულები გაათავისუფლა.
მას შემდეგ, რაც დაკავებულები გაათავისუფლეს, აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე დაბრუნება გადაწყვიტეს.
მსვლელობა ბათუმის ქუჩებში
აქციის მონაწილეებს მთელი მსვლელობის დროს პოლიცია მიაცილებდა
„სიჩუმე დანაშაულია“ – იძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. ასევე ისმოდა შეძახილები: „ძირს მოძალადე პოლიცია“.

აქცია ევროპის მოედანზე დასრულდა.

Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში: „ეს იყო ცუდად დადგმული შოუ“

12 მაისს, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასება „ბათუმელებმა“ გიორგი გოგიას სთხოვა, Human Rights Watch-ის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში.

გიორგი, როგორ შეაფასებდით თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას? 

სპეცოპერაციამ გააჩინა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მოსახლეობას ჯერ არ მიუღია პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ასეთი სახის სპეცოპერაციის ჩატარება საჭირო სპეცრაზმის გამოყენებით.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ როცა დაიწყო ქალაქში, სხვადასხვა ადგილას სპონტანური შეკრება, ტელევიზიით და სოციალურ მედიაში არაერთი ფაქტი იქნა ნაჩვენები, სადაც აშკარად ჩანს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება. რა თქმა უნდა, პოლიციას აქვს აქციის დაშლის უფლება, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესების დაცვით.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ საათების განმავლობაში არ იყო ინფორმაცია, თუ სად იქნა ეს ხალხი გადაყვანილი. დაკავების მომენტიდან ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, დაუკავშირდეს მესამე მხარეს, ეს იქნება მშობელი, ადვოკატი თუ  ვიღაც სხვა, რომ აცნობოს დაკავების შესახებ. უცნობი იყო დაკავებულების ადგილსამყოფელი, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იყო დაკავებული. შესაძლოა ეს ინფორმაცია უცებ არ ჰქონდათ, რადგან ეს პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ დაკავებულებს უნდა ჰქონოდათ ზარის განხორციელების საშუალება, რომ მესამე მხარისთვის შეეტყობინებინათ თავისი ადგილსამყოფელი.

პოლიციის შეირაღებული სპეცრაზმი შევიდა კლუბებში, სადაც მოიხმარენ ალკოჰოლს, რაც ლეგალურია და, სავარაუდოდ, იქ იქნებოდნენ ადამიანები არაფხიზელ მდგომარეობაში.  რამდენად სწორი იყო სპეცრაზმის ამ ფორმით შესვლა კლუბებში?

იმდენ კითხვით ნიშანს აჩენს ასეთი ფორმით სპეცოპერაციის ჩატარება, რომ აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ხელისუფლების მხრიდან. ეს უფრო ჰგავდა დადგმულ შოუს, ვიდრე სპეცოპერაციას.

თუ არის ინფორმაცია, რომ იქ არის შეირაღებული ხალხი, შეიძლება გაუწიონ წინააღმდეგობა, შესაბამისად, შეიძლება დაიგეგმოს სპეცოპერაცია, მაგრამ თუ შედიხარ კლუბში, სადაც ადამიანი ისვენებს, ერთობა… ეს არ არის იმ კატეგორიის საფრთხე, რომელიც მოითხოვს კბილებამდე შეიარაღებული ხალხის შესვლას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოიძიონ, როგორ დაიგეგმა ეს სპეცოპერაცია, რა საფრთხეები არსებობდა.

რაც ვნახეთ ტელევიზიით, ეს იყო ცუდად დადგმული შოუ, რადგან ვიდეო კადრების მიხედვით ჩანს, რომ პოლიცია მაინც ვერ აკონტროლებდა სიტუაციას და პოლიცია მოქმედებდა ძალის გამოყენებით, შეკრების თავისუფლების ნორმების დარღვევით.

თუ რამდენიმე თვე ხდებოდა თვალთვალი და ინფორმაცია ჰქონდა პოლიციას, რატომ გახდა საჭირო ასეთი სახით სპეცოპერაციის ჩატარება – აუცილებლად უნდა გაეცეს ამ კითხვას პასუხი.

ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის, რომ კბილებამდე შეირაღებული სპეცრაზმი შედის დაწესებულებაში, სადაც დიდი ალბათობით იმყოფებიან ადამიანები ალკოჰოლური თრობის ქვეშ და შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, არასასურველი დაპირისპირება… რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის თავიდან აცილება. გამოძიებამ უნდა აჩვენოს ამ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების დეტალები და დაადგინოს, რამდენად იყოს გათვალისწინებული ეს საფრთხეები.

ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს თქვენი აზრით?

თუ სპეცოპერაცია არასწორად იქნა დაგეგმილი, უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს დაგეგმა. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ასევე ძალის გადამეტების ყველა ფაქტზე.

ავარია ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი

დღეს, 12 მაისს, ბათუმში „კარფურთან“, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაშავება გამოიწვია.

__________

სალომე გერძაძის ფოტო 

„ეს არის აქცია ძალადობის წინააღმდეგ და არა ნარკოტიკების პროპაგანდა“

„დღევანდელ აქციაზე ჩვენ გვინდოდა იმის თქმა, რომ პოლიციის ქმედება არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში, დაკავებაში. დღეს, 11:00 საათზე, ჩვენ შევიკრიბებით კლუბ „ბაქანში“, რომ ყველას ვაჩვენოთ, ეს არის ძალადობის საწინააღმდეგო აქცია და არა ნარკოტიკების პროპაგანდა. ცეკვით, ერთად ყოფნით ვაჩვენოთ ყველას, რომ კლუბური ცხოვრება არ არის ნარკოტიკების პროპაგანდა“ – ამბობს ზურა აბზიანიძე, ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღეს, 12 მაისს, ბათუმში, ახალგაზრდების ჯგუფი თბილისში, კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცრაზმელების შეჭრასა და მოქალაქეებზე ძალადობას აპროტესტებდა.

ბათუმში ქციის სამი მონაწილე პოლიციამ დააკავა, თუმცა მოგვიანებით სამივე  გაათავისუფლეს.

შსს: ბათუმის აქციის დროს დაკავებული სამივე პირი გათავისუფლებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს ბათუმის აქციის სამივე მონაწილე, რომლებიც ცოტა ხნის წინ დააკავეს.

ერთ-ერთი მათგანი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, ხოლო ორი – ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე.

დღეს, 12 მაისს, ბათუმში ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამი პირი – მარიამ ბეჟანიშვილი, კობა სურმანიძე და გიორგი ბოლქვაძე დააკავეს.

ბათუმში პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა [ფოტო, ვიდეო]

მემედ აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობის დროს, პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა. ესენი არიან მარიამ ბეჟანიშვილი, კობა სურმანიძე და გიორგი ბოლქვაძე. აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით სკანდირებენ – „მოძალადეები“.

„სისტემა უნდა დაინგრეს“, „სიჩუმე დანაშაულია“, – გაიძახიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. ასევე ისმის შეძახილები: „ძირს მოძალადე პოლიცია“.

„ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ჩანს როგორ აკავებენ აქციის მონაწილეებს:

საპროტესტო აქცია „ევროპის მოედანზე“ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, ახალგაზრდების ნაწილი გუშინ თბილისში, კლუბ „ბასიანში“ სპეცრაზმის შეჭრას და ახალგაზრდებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებდა.

დაკავება ბათუმში. კადრი „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვიდან
დაკავება ბათუმში. კადრი „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვიდან
დაკავება ბათუმში. კადრი „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვიდან

აქციაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.  დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას შსს-ში ადგენენ. აქციის მონაწილეები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობისკენ მიდიან.

ამავე თემაზე:

ბათუმში ახალგაზრდები ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

Exit mobile version