მთავარი,სიახლეები

პირველი ივნისიდან კომერციული ბანკი ვალდებულია უძრავი ქონება ახალი ინსტრუქციით შეაფასოს

17.05.2018 • 2512
პირველი ივნისიდან კომერციული ბანკი ვალდებულია უძრავი ქონება ახალი ინსტრუქციით შეაფასოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 14 მაისის ბრძანებით კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქცია დამტკიცდა, რომელიც 2018 წლის პირველი ივნისიდან შევა ძალაში. კომერციული ბანკი ვალდებული იქნება შეფასების პროცესი წარმართოს აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული წესებისა და პრინციპების დაცვით.

„იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ინსტრუქციით არ არის დარეგულირებული უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან/და არ არის მოცემული ტერმინთა განმარტება, კომერციულმა ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით,“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ შეფასების პროცესი განახორციელოს პროფესიონალმა შიდა/გარე შემფასებელმა, განურჩევლად შესაფასებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებისა.

უძრავი ქონების გადაფასება სავალდებულოა, თუ:

  •  სახეზეა ეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილებები. მთლიანი პოპულაციის გადაფასების ნაცვლად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სტატისტიკური შერჩევის მეთოდოლოგია, რეპრეზენტატიული შერჩევის ფორმირებისა და გადაფასებისათვის;
  • კომერციული ბანკის მიერ ხორციელდება მსესხებელზე ვალდებულების/მოთხოვნის რესტრუქტურიზაცია ან/და ზრდა და ბოლო შეფასებიდან გასულია 1 წელი და მეტი;
  • კომერციული ბანკი ფლობს ინფორმაციას უძრავი ქონების ფიზიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ;
  • კომერციული ბანკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეფასება/გადაფასებიდან გასულია 3 წელი;
  • უძრავი ქონების დასაკუთრებისას, უზრუნველყოფის საშუალება უნდა შეაფასოს გარე შემფასებელმა,  როდესაც უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულება მეტია ან ტოლი 1 მილიონი ლარის ან მისი ეკვივალენტის სხვა ვალუტაში.

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

გარკვეულ შემთხვევებში კომერციულ ბანკს მოსთხოვოს შიდა შემფასებლის უფლებების და მოვალეობების შეჩერება/შეზღუდვა მინიმუმ 6 თვის ვადით,

გარე შემფასებელთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების შეჩერება მინიმუმ 12 თვის ვადით (ან მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა),

მოითხოვოს გარე შემფასებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა;

განახორციელოს მოთხოვნებისა და მითითებების დაწესება კომერციული ბანკების მიმართ.

კომერციული ბანკის მიერ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია:

„ბრძანების ძალაში შესვლამდე კომერციულ ბანკსა და გარე/ბანკთან დაკავშირებულ შემფასებელს შორის დადებული საშემფასებლო საქმიანობის ხელშეკრულების წინამდებარე ინსტრუქციასთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან  1 თვის ვადაში.

2019 წლის 1-ელ იანვრამდე შესაფასებელი უძრავი ქონების ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ, თუ კრედიტის თანხა არ აღემატება 80 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. სხვა შემთხვევაში, სავალდებულოა ინსპექტირება განხორციელდეს შემფასებლის მიერ.

ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესებისა და პირობების დარღვევით დადებული ხელშეკრულება არ შეიძლება გახდეს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი“.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/119930/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: