მთავარი,სიახლეები

“ნუ მოაწყობთ ჩვენს ქუჩაზე რეზერვაციას” – ღია წერილი ბათუმის მერს

16.05.2018 • 2453
“ნუ მოაწყობთ ჩვენს ქუჩაზე რეზერვაციას” – ღია წერილი ბათუმის მერს

ავტორი: ნათელა გურგენიძე

ბატონო მერო, ჭაობის დასახლებიდან მოგმართავთ. მე ლადო ასათიანის ჩიხში ვცხოვრობ. წესით ალბათ უნდა ხვდებოდეთ, რატომაც მოგმართავთ: ზაფხულობით მტვრის ბუღი გვახრჩობს, უკვე წლებია. ბოლო პერიოდში ამას ისიც დაემატა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად ჩატარებული სამუშაოების „წყალობით“, კვირაში ერთი დღე მაინც, მთელი ქუჩაში კანალიზაციის სუნია. ალბათ ხვდებით, ჩვენს სახლებში რა ხდება. და ეს უკვე ორი წელია გრძელდება.

ამ ამბავს ბოლო კიდევ არ უჩანს.

ჩვენი ქუჩა ბოლომდე მაშინ გადათხარეს, როცა ქალაქის მერი რობერტ ჩხაიძე იყო. თქვენ უკეთ გეცოდინებათ ეს როდის მოხდა, ჩხაიძის შემდეგ მერი გიორგი ერმაკოვი გახდა, ახლა თქვენ ხართ. იმ ორი მერის შემთხვევაშიც ყოველწლიურად გვპირდებოდნენ, რომ შემდეგ წელს ჩვენს ქუჩასაც მოაასფალტებდნენ…  ახლახანს კი სადღაც წავიკითხე თუ მოვისმინე – თქვენი თანამშრომელი ამბობდა, ლადო ასათიანის ქუჩის მოასფალტება შემდეგი წლის გაზაფხულზე იგეგმებაო.

მე კითხვა მაქვს, თქვენ რომ იყოთ ჩვენი უბნის მცხოვრები, ამ დაპირებას დაიჯერებდით?

ჩვენ არ გვჯერა.

ზემოთ თქვენი წინამორბედი ორი მერი ვახსენე. ისე დაასრულეს თავიანთი უფლებამოსილების ვადა, მათთვის თვალიც კი არ მოგვიკრავს. თქვენ მესამე ხართ, ვისაც არჩევნების შემდეგ ჩვენსკენ არ გამოუვლია. უნდა ვივარაუდო, რომ მოხვალთ, რადგან ჯერ კიდევ დიდი დრო გაქვთ მერის თანამდებობაზე. ეგეც რომ არ იყოს, სექტემბერში ხომ საერთაშორისო ოლიმპიადა იმართება ჩვენს უბანში და იქ მაინც ხომ მოხვალთ?!

აი, ახლა კი ჩემს მთავარ სათქმელს მივადექი – ალბათ გეცოდინებათ, თქვენმა თანამშრომლებმა რაც თქვეს – ასათიანის ქუჩის მხოლოდ იმ მონაკვეთის მოასფალტებას აპირებთ თურმე, რაც სპორტული კომპლექსის გარშემოა. ანუ აპირებთ 500 მეტრის სიგრძის ქუჩის ერთ ნაწილი მოაასფალტოთ და მეორე არა? ეს მართლა მეტისმეტია, არ ვაპირებთ ნებაყოფლობით დავთანხმდეთ რეზერვაციაში ცხოვრებას.

რიტორიკულად გკითხავთ – ქუჩის მოუასფალტებელი მონაკვეთის მცხოვრებთ, მეორე მხარეს გადასვლის და ოლიმპიადისთვის თვალყურის მიდევნების უფლებასაც ხომ არ შეგვიზღუდავთ?!

ცოტა კიდევ მოითმინეთ ფული არ გვაქვსო – ამას თქვენი თანამშრომლები ამბობენ. კი მაგრამ, თქვენ კარგო ადამიანო, თუ საამისო ფული ვერ მოიძიეთ, რომ ერთი ქუჩა ორად არ გაყოთ და ასფალტი ბოლომდე დააგოთ, გონიოში ბიზნესცენტრის ასაშენებლად როგორ გამონახეთ 5 მილიონი. ბოლოს და ბოლოს ქალაქის მერიის მოვალეობა ქუჩების მოასფალტებაა თუ ის, რომ მდიდარი ადამიანების, ბიზნესმენების საჭიროებებზე დახარჯოს ქალაქის ფული. პრიორიტეტი ასფალტის დაგებისთვის რომ მიგენიჭებინათ, ეს 5 მილიონი ხომ საკმარისი იქნებოდა ლადო ასათიანის ქუჩის და მიმდებარე პატარა ჩიხების სრულად მოსაპირკეთებლად?!

მე და, როგორც ვიცი, არც ჩემს მეზობლებს, ჭადრაკი დიდად არ გვესმის. შესაბამისად, არც ვაპირებ საჭადრაკო ოლიმპიადის მიმდინარეობას დარბაზიდან ვადევნო თვალი. იმედი მაქვს, რომ არ გავხვდებით იძულებული ქუჩის „მოასფალტებულ მხარეს“ გადავიდეთ.

ბატონო ლაშა, მე გთხოვთ, ნუ მოაწყობთ ჩვენს ქუჩაზე რეზერვაციას, თუნდაც დროებითს.

___________________

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოსაზრებები და შემოსული წერილები შესაძლოა არ ასახავდეს batumelebi.ge-ს პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: