მთავარი,სიახლეები

ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე ხელშეკრულების გაფორმება გადაიდო

16.05.2018
ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე ხელშეკრულების გაფორმება გადაიდო

როდის გაფორმდება ან გაფორმდება თუ არა საერთოდ ისრაელთან შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება – ეს არის საკითხი, რომელიც არაერთ მოქალაქეს აინტერესებს. ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე გასული წლის მაისში შეთანხმდნენ. მოლაპარაკებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, საკითხი ისევ გაყინულია. მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებას ხელი ორ თვეში მოეწერებოდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ ისრაელთან შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმებაზე არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული.

„არის მხოლოდ ხელშეკრულების პროექტი მომზადებული, თუმცა  ჯერჯერობით არ არის ხელმოწერილი,“ – ამბობს ელზა ჯგერენაია.

მისივე თქმით, „საქართველოს მოძიებული აქვს ისრაელის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების  შესახებ ინფორმაცია და დანართის სახით არის ეს ხელშეკრულებასთან ერთად წარმოდგენილი. რაც შეეხება ხელის მოწერის და შემდგომი ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას, ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, მინდა ძალიან ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მოლაპარაკება, ჯერჯერობით, არ არის დასრულებული და არ არის გადაწყვეტილება მიღებული“.

კითხვაზე, რატომ სჭირდება ამდენი დრო ხელშეკრულების გაფორმებას, ელზა ჯგერენაია პასუხობს:

„არიან ჩვენი ქვეყნის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად არიან დასაქმებული ისრაელში. ისრაელის ხელისუფლება სწორედ ამ არალეგალური მიგრაციის მოგვარებას გეგმავს ადგილზე. ამის შემდეგ შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმებაზეც დაიწყოს საუბარი“.

ორი წლის წინანდელი მონაცემით, 2016 წელს ისრაელში საქართველოს 18 437 მოქალაქე შევიდა, აქედან 14 327 ადამიანი უკან დაბრუნდა, ხოლო შეშვებაზე უარი 3 974 ადამიანს ეთქვა. 2017 წლის მონაცემები „ბათუმელებისთვის“ ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: