ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად ბათუმში აქციას გეგმავენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამის მხარდასაჭერად ბათუმში მოქალაქეები აქციას გამართავენ. აქცია დღეს, 18 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება. აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა:

„ბათუმში, ევროპის მოედანზე, 18 საათზე დავდგეთ – მოვითხოვოთ სამართლიანობა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ გაუბედურებულ და სახელმწიფოსგან განადგურებულ მამას!“

„სისტემა არის განუსაზღვრელი ძალაუფლებით, სინდისის და პროფესიული სტანდარტის გარეშე. 18 საათზე ბათუმში, ერას მოედანზე, ვიკრიბებით, ვითხოვთ ჩვენი შვილების სიცოცხლის უფლებას და სამართალს!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოქალაქეები ავრცელებენ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სარალიძის ოჯახი განაჩენით უკმაყოფილოა. ისინი ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციის მართვენ პროკურატურასთან.  გადაწყვეტილებით ასევე უკმაყოფილოა მეორე მოკლულის, ლევან დადუნაშვილის ოჯახი. ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვენ. დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულს მაქსიმუმ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სკოლის მოსწავლეები – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის მიწურულს, ქუჩური გარჩევის დროს მოკლეს. სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ გამოძიება მკვლელობის რეალურ ჩამდენებს ხელს აფარებს.

ბათუმის ცენტრალურ პარკში გაყიდულ საპირფარეშოს მერია ხელმეორედ გაყიდის

ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე საპირფარეშო ბათუმის მერიის ა(ა)იპი ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის აპრილში გაიტანა. საწყისი ფასი 1160 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი კი – 116 ლარი, ელექტრონულ ვაჭრობაზე ეს თანხა 12 064 ლარზე ავიდა. მყიდველმა ის ათწლიანი სარგებლობის უფლებით შეისყიდა.

აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მყიდველმა საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველზე უნდა განახორციელოს საპირფარეშოს სარემონტო სამუშაოები, უზრუნველყოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და შეინარჩუნოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც მიიღო [სათანადო ცვეთა მხედველობაში არ მიიღება].

იჯარის უფლების მქონე ვალდებულია, ასევე, მომსახურების  ღირებულება შეინარჩუნოს [მაქსიმუმ 50 თეთრი], ასევე არანაკლებ სამი წლის ვადით დაასაქმოს ცენტრალურ  პარკში საპირფარეშოში მომუშავე თანამშრომლებიდან საჭირო რაოდენობის თანამშრომელი. მან უნდა უზრუნველყოს ასევე საპირფარეშოს  გამართული მუშაობა ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 12 საათამდე.

გასულ კვირას იმავე საპირფარეშოს აუქციონზე გატანის მიზნით ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გოგა ლომაძემ საკრებულოში წარადგინა საკითხი საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ. მას საკრებულოს წევრებისთვის არ აუხსნია, რატომ ყიდის მერია უკვე გაყიდულ ქონებას მეორედ, არც საკრებულოს წევრები დაინტერესებულან, მათ საკითხს მხარი დაუჭირეს.

ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ ბათუმის მერიაში გვიპასუხეს, რომ  საპირფარეშო ფიზიკურმა პირმა მირანდა დუმბაძემ შეისყიდა, რომელმაც შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა. რა გახდა უარის თქმის მიზეზი, მაშინ, როცა მან ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე საპირფარეშო მაღალი კონკურენციის პირობებში შეისყიდა, მერიაში ამბობენ, რომ „მან ფასი არარეალურად გაზარდა“.

„ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“ ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით, გააუქმეს, ამიტომ ქონებას გასასხვისებლად აუქციონზე ხელმეორედ მერია გაიტანს.

ხულოს მერი უარყოფს ენმ-ის ინფორმაციას მერიის შენობაში მუსლიმური სასწავლებლის გახსნაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ხულოს მერიის შენობის გასხვისებას აპირებს.

ასმათ დიასამიძის თქმით, შენობის შესყიდვას თურქული კომპანია „მეტრო ჯორჯია“ აპირებს, სადაც ის სასულიერო სასწავლებლის გახსნას გეგმავს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მერიის შენობის გასხვისება იგეგმება. როგორც ვიცით, ამ შენობის ყიდვას კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ მფლობელი აპირებს და ის შენობაში თურქული სასწავლებლის გახსნას გეგმავს.

ვფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემა, რადგან ამ კომპანიამ ბათუმის ახალ ბულვარში გახსნა სასწავლებელი, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას, არის დახურული ორგანიზაცია და ეს არის პრობლემა“, – ამბობს ასმათ დიასამიძე.

ასმათ დიასამიძის თქმით, ხულოს ცენტრში გაიხსნა ორსართულიანი მუსლიმური სკოლა-პანსიონი გოგონებისთვის და დამატებით კიდევ იგეგმება ახალი სასწავლებლის გახსნა.

ასმათ დიასამიძემ აღნიშნული განცხადება დღეს, 31 მაისს, პარტიის ოფისში გააკეთა.

„ბათუმელები“ ხულოს მერს, გოჩა მელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხულოს მერიისთვის განკუთვნილი შენობის რეკონსტუქციის პროცესი უკვე დაიწყო.

„მერიის შენობა უნდა განთავსდეს ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, რომლის მშენებლობა-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. შენობას დაემატება ერთი სართული და ფლიგელები. ამ ყველაფერს აკეთებს კომპანია „მეტრო ჯორჯია“.

რაც შეეხება მერიის ახლანდელ შენობას, ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, უნდა შევხედოთ როგორი იქნება პრიორიტეტები. ათასნაირი ჭორი აგორდა, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მერიის ახლანდელი შენობა არის სახელმწიფოს საკუთრებაში და ჯერ მისი საკითხი გადაწყვეტილი არ არის“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ აპირებს მერია შენობის კომპანიისთვის გადაცემას, გოჩა მელაძე ამბობს, რომ არა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ ნეგატიური კონტექსტი მისცეს ამას, არ არის საუბარი იმაზე, რომ შენობა კომპანიას გადაეცეს, ეს არის სიცრუე. ეს არის კომპანიისგან მეგობრული ჟესტი და მზაობა მაღალმთიანი რეგიონის მხარდაჭერის მიზნით გააკეთოს ეს“, – ამბობს ხულოს მერი.

ხულოს მერიისთვის კომპანია „მეტრო ჯორჯია“ ახალი შენობის აშენებას უსასყიდლოდ რომ აპირებს, ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობამ 22 მაისს გაავრცელა.

ზურაბ პატარაძე, ახალი შენობის მშენებლობის პრეზენტაციის დროს.
ფოტო: მთავრობის ფეისბუქიდან

ზურაბ პატარაძე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ხულოში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობას ააშენებდა მერიისთვის, სადაც  მერიის გარდა სხვა ადმინისტრაციული დაწესებულებებიც განთავსდებოდა.

მაშინ, „ბათუმელებს“ მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, რომ კომპანია მერიის შენობას უსასყიდლოდ, ქველმოქმედების მიზნით ააშენებდა.

 

 

როგორ იყიდება გისოსებს მიღმა დაბადებული იდეები

ხელსაქმე და საიუველირო საქმიანობა ყოფილი პატიმრებისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ეხმარება.

ქვილინგი – ქაღალდებით დეკორატიული ნივთების დამზადების ხელოვნება, ხეზე კვეთა, საიუველირო საქმე – ასე დამზადებული ნივთები ხშირად ყოფილი პატიმრებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. პროექტი ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს ასეთ შემთხვევებში სახელოსნოსთვის აუცილებელი საჭირო ხელსაწყოებით, საქმიანობისთვის აუცილებელი მასალებით ეხმარება.

ზურა და არჩილი მეგობრები არიან. დაპატიმრებამდე სახელოსნოში ერთად მუშაობდნენ. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ძველ საქმიანობას დაუბრუნდნენ. სხვა მეგობრები დაეხმარნენ სახელოსნოს მოწყობასა და ხელსაწყოების შეძენაში. დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში მინანქრის ღუმელი შეიძინეს, სამკაულების დამზადებას, ძირითადად, ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით აპირებენ. ეს ის ნამუშევრებია, რაც მათ უკვე დაასრულეს.

56 წლის ჯულიეტა ფხაკაძემ რთული წლები დაძლია. 13 წელი გაატარა ციხეში. ქვილინგის ხელოვნება – ფერადი ქაღალდებით დეკორატიული ნივთების დამზადება მისთვის ერთგვარი თერაპიაა. ეს საქმე და ბისერებით მუშაობა მან სწორედ საპატიმროში შეისწავლა. ჯულიეტა ფხაკაძე ფონდ აფხაზინტერკონტის ბენეფიციარია. ფონდი მას „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ქვილინგისთვის აუცილებელი მასალებით დაეხმარა. პროფესიით ბუღალტერია, მაგრამ ახლა ქვილინგია მისი ძირითადი საქმიანობა. ამზადებს მოსაწვევებს, სხვადასხვა კომპანიის ლოგოებს და ა.შ.

გია ფხაკაძეც (სახელი და გვარი შეცვლილია) ყოფილი პატიმარია. დიდი ხანია საიუველირო სალონი აქვს, თუმცა საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ხელსაწყოების განახლება დასჭირდა და დემოკრატიის ინსტიტუტი ამ ფორმით დაეხმარა. ეს მისი ნაკეთობებია:

 

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროცესის ხარვეზების აღმოსაფხვრელად დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ რეგიონულ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროექტს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება დასაქმებაა:

• სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;
• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;
• ბენეფიციართა თვითდასაქმება-საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;
• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;

გარდა დასაქმების მიმართულებისა, დემოკრატიის ინსტიტუტის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: ფონდ თანაზიარის, აფხაზინტერკონტისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის პატიმართა გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:

• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
 • იურიდიულ დახმარებას;

 • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
 • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.

ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს შეუძლიათ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

აჭარის მუზეუმის დირექტორად თამარ ორაგველიძე დაინიშნა

ახალშექმნილ უწყებას, „აჭარის მუზეუმს“ თამარ ორაგველიძე უხელმძღვანელებს.

თამარ ორაგველიძე აქამდე ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმის დირექტორი იყო. იგი ამ პოზიციაზე მუზეუმის დაარსების დღიდან, 2007 წლიდან მუშაობდა.

აჭარის მუზეუმი ბათუმში მდებარე ოთხ მუზეუმს გააერთიანებს: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმსა და ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს.

აჭარის მუზეუმის დირექტორს ორი მოადგილე ეყოლება, მუზეუმის საკონსულტაციო ორგანო კი მეცნიერთა საბჭო იქნება.

„აჭარის მუზეუმის“ ბიუჯეტი წელს 1 მილიონ 224 ათას 500 ლარია.

აჭარის მუზეუმი ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმის შენობაში განთავსდება.

ფრანების შოუ, მუსიკა და თამაშები ბავშვებისთვის – რა იგეგმება 3 ივნისს ტურისტული სეზონის გახსნაზე

„ზაფხული იწყება აქ“ – 3 ივნისს, ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება ანბანის კოშკის მოპირდაპირედ ზღვის სანაპიროზე.

ფესტივალის განმავლობაში იგეგმება 20-მდე სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი, დღის ფერადი ფეიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის და ცეცხლოვანი შოუ.

დღის განმავლობაში ტერიტორიაზე დაუკრავს დიჯეი ბერლინიდან The Drifter, ასევე დაუკრავენ ქართველი დიჯეები: ლაშა გურული, „Chiki“, გაბუნია, Vako T, ასევე ბენდები: bedford falls-ი და Groove Phoenix-ი იზრუნებენ. საღამოს პროგრამას კი გახსნის გერმანული საცეკვაო დასი „Friedrichstadt Ballett”-ი საკარნავალე შოუთი.

პლაჟზე იმუშავებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.  სტუმრებს სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოდ შეეძლებათ. ფესტივალი ფეიერვერკით დასრულდება.

მთავარ ფოტოზე: ქარისა და ფრანების ფესტივალი ვილია-დე-ლეივაში.

ენ დემ ჯგუფი – სახლი მყუდრო უბანში, 1კვ/მ 777 ლარიდან

თუ ეძებთ  ბინას ბათუმში და გსურთ იყოს მყუდრო უბანში, ჰქონდეს მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ეზო და გათვალისწინებული მიწისქვეშა საპარკინგე ადგილი, აუცილებლად უნდა ნახოთ ჩვენი პროექტი, რომელსაც ქეთევან წამებულის N38-ში ვაშენებთ.

მიმდინარე მშენებლობა

12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს 350 კვ/მ-ზე, სადაც  პირველი სართული კომერციული ფართობებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო სარდაფი – ავტოპარკისთვის. საკუთრივ კორპუსის ეზო შეადგენს 450 კვ/მ-ს.

კომპანიის ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ ყველა კორპუსის,  რომლებსაც ავაშენებთ, ეზო მაქსიმალურად გათავისუფლებული იყოს ავტომობილებისგან, რათა ბავშვებმაეზოში გასვლის დროს  უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.

ჩვენი კომპანია აქცენტს აკეთებს სისწრაფეზე, რის საშუალებასაც თანამედროვე სამშენებლო მასალები იძლევა და ამავე დროს გარანტიას ვიძლევით საიმედოობაზე, ხარისხსა და მყუდროებაზე. შესაბამისად, ვაშენებთ სწრაფად და ბაზარზე არსებული ხარისხიანი სამშებლო მასალებით.

[highlight color=” red “]ფასი: 1 კვ/მ 777 ლარიდან.[/highlight]

[highlight color=” red “]მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება![/highlight]

[highlight color=” red “]ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 591 31 57 77; 571 370 777  ან მოგვწერეთ: endemgroup@gmail.com[/highlight]

სახლი ბარდება შემდეგ მდგომარეობაში:

[checklist]

  • სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული;
  • შენობის ფასადი დასრულებული;
  • სადარბაზო მოპირკეთებული და შეღებილი;
  • დამონტაჟებული ლიფტი;
  • ბინის შესასვლელი რკინის კარი;
  • ექსტერიერზე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა მინაპაკეტებით;
  • წყლისა და კანალიზაციის ვერტიკალური დგარები სველ წერტილებში;
  • ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და სავენტილაციო შახტების ვერტიკალური დგარები.

[/checklist]

ასეთი იქნება პროექტი დასრულების შედეგ
ასეთი იქნება პროექტი დასრულების შედეგ

სამშენებლო კომპანია „ენდ-ემ ჯგუფი“ დაფუძნდა 2017 წლის 3 იანვარს. ამავე  წელს 700კვ/მ მიწის ნაკვეთზე კომპანიამ მიიღო პირველი 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა და დღეისთვის უკვე მეშვიდე სართულის შენება მიმდინარეობს.

კომპანიამ მიმდინარე წლის 20 მაისს ქეთევან წამებულის მეორე ჩიხის 36 ნომერში შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომელზეც დაგეგმილი აქვს ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

შპს „ენ დემ ჯგუფის“ დამფუძნებლები არიან ჯუმბერ შოთაძე და ნათელა ბერიძე.

www.endem.ge

„სოლიდარობის დღე“ – ქედის მერია აქციის ფარგლებში კიდევ ერთ მოქალაქეს დაეხმარა

აქცია სახელწოდებით „სოლიდარობის დღე“ – ქედის მერის ლევან გორგილაძის ინიციატივით ამჯერად სოფელ ჩეტკიძეებში დიასამიძეების ოჯახის დასახმარებლად გაიმართა.

აქცია თვეში ერთხელ იმართება და მისი მიზანია სოციალურად დაუცველი მარტოხელა ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადამიანური რესურსით დახმარება.

თუნუქის ფურცლები დაზარალებულ ოჯახს მერიამ გადასცა.
თუნუქის ფურცლები დაზარალებულ ოჯახს მერიამ გადასცა.

ივანე დიასამიძეს საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად 12 თებერვალს მთლიანად დაიწვა. ღია ცის ქვეშ დარჩენილი 6-წევრიანი ოჯახი მერიამ ქირით გაიყვანა. აჭარის ა/რ მთავრობის მიერ კომპენსირებული თანხით კი ოჯახმა ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო.

მერის წარმომადგენლები, ადგილობრივებთან ერთად, სახლის სახურავის მონტაჟის პროცესში ჩაერთნენ. თუნუქის ფურცლები დაზარალებულ ოჯახს მერიამ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გადასცა.

დიასამიძეებმა მადლიერება განსაკუთრებით ამ ფორმით გამოხატული თანადგომისათვის გამოთქვეს.

ბათუმში სამსაათნახევრიანი ჩხრეკა დასრულდა – ეძებდნენ იარაღს, მაგრამ ვერ იპოვეს

დღეს, ბათუმში, დაახლოებით 17:00 საათიდან პოლიციამ ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კერძო სახლის ჩხრეკის ოპერაცია დაიწყო. „ბათუმელების“ ჟურნალისტის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ჩხრეკის დაწყებიდან თითქმის ოთხი საათის შემდეგ, გამომძიებელი უკვე ადგენს ოქმს იმის შესახებ, რომ დღეს პოლიციას ამ სახლში იარაღი არ უპოვია. „ბათუმელებს“ ამის შესახებ სახლის მესაკუთრეებმა განუცხადეს.

ჩხრეკა დღეს ჯავახიშვილის ქუჩაზე სწორედ იარაღის მოტივით დაიწყო.

პოლიციელები დღისით კერძო საუბრებში ამბობდნენ, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლში ჩხრეკა. თუმცა, მოქალაქეები, მათ შორის მეზობლები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში აქვე იყვნენ შეკრებილები, აცხადებენ, რომ სახლიდან არავითარი იარაღი არ ამოუღიათ. იგივეს იმეორებენ ამ სახლის მესაკუთრეებიც.

დღეს ჯავახიშვილის ქუჩაზე დააკავეს ერთი მოქალაქე, უკანონო იარაღის შეძენა, შენახვა-ტარების ბრალდებით. პისტოლეტი პოლიციამ ავტომანქანიდან ამოიღო. დაკავებული კი აცხადებდა, რომ ეს მანქანა მას არ ეკუთვნის.

 

გასცემს თუ არა ნებართვას კმდს ბულვარში დაგეგმილ მშენებლობაზე?

აშენდება თუ არა ახალი შენობა ბათუმის ბულვარში ძველი ფოტოატელიეს ერთსართულიანი შენობის დემონტაჟის ხარჯზე? – ეს საკითხი საბოლოოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტოს საბჭომ [კმდს] უნდა გადაწყვიტოს.

გუშინ, 29 მაისს, ბათუმის საკრებულომ, მერიის წარდგენით, ბულვარში მიწის ნაკვეთი იჯარის წესით სწორედ ახალი ობიექტის მოწყობის მიზნით გასცა. საკრებულოს წევრებმა საკითხს მხარი ისე დაუჭირეს, არ უსაუბრიათ ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესებზე.

ბულვარში მიწის ნაკვეთზე ფოტოგრაფი ვასილ ოსეფაიშვილი ძველი შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახლის აშენებას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, შენობას მეორე სართულზე ტერასა ექნება.

ბათუმის ბულვარში, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ადგილას, ნებისმიერი სარემონტო და სამშენებლო სამუშაო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს. სააგენტოს თანხმობის გარეშე ბულვარში სამშენებლო სამუშაოების წამოწყებას კანონმდებლობა კრძალავს.

დაგეგმილ ახალ მშენებლობას ბათუმში აქტიურად გამოეხმაურნენ. „ფეისბუქზე“ შენობის ზომის გაზრდასა და იქ კვების ობიექტის მოწყობას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

ვასილ ოსეფაიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ახალი შენობის მოწყობას ნაბართვის მიღების შემთხვევაში აპირებს. მისაღებია თუ არა ორსართულიანი მშენებლობა ბათუმის ბულვარში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საბჭოს წევრებისთვის?

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ჟღენტი ამბობს, რომ პროექტს არ იცნობს და შესაბამისად ვერც კომენტარს გააკეთებს:

„არ ვიცი ამ პროექტის შესახებ. მშენებლობას ბულვარში ზოგადად ვერ განიხილავ, ზოგადად ვერ იტყვი, რომ ეს აუცილებლად დაბალი განაშენიანება უნდა იყოს ან მაღალი. ინდივიდუალურად შესაფასებელია რა ხდება, როგორია გარემო, მიმდებარედ რა სიტუაციაა, აქედან გამომდინარე“.

პროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება საბჭოს წევრი, ორგანიზაცია „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი. მისი თქმით, ასეთი ობიექტის გაჩენა მეტისმეტია იმ სივრცეში, საიდანაც შედიხარ ბულვარის კოლონადებთან:

„ორსართულიანი მითუმეტეს მიუღებელია, რაც არის, ის გაალამაზონ.“

საბჭოს წევრი ზვიად ბურჭულაძე კი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბულვარში საერთოდ არ უნდა აშენდეს მაღლივი შენობები:

„არ მინახავს რა გაბარიტის პროექტია… რაც ვიცით, შეგვიძლია ორი თვალსაზრისით განვიხილოთ, რამდენად ჯდება გარემოში და რამდენად დააზიანებს სივრცეს. რადგან მე არც გაბარიტები ვიცი  და არც იერსახე, ამის გამო მიჭირს თოფი ვესროლო იმის გამო, რომ შეიძლება ცუდს აკეთებს. ვერ ვიფიქრებ რადიკალურად, რომ რაღაც იქცევა – იქნებ არ იქცევა. ბულვარში საერთოდ არ უნდა იყოს მაღლივი შენობები – ამას ვინც ამბობს, ალბათ, არქიტექტორი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ იქ უნდა იყოს კვების ობიექტი, მე, მაგალითად, ის სანაყინეებიც, რომლებიც დგას დღეს იქ, დიდად გულზე არ მეხატება. მილიონი რაღაცაა, რაც არ უნდა იყოს ბულვარში, ჩემი აზრით“.

ამ აზრს გარკვეულწილად საბჭოს წევრი სოფიო ჭანიშვილიც იზიარებს, მისი თქმით, პროექტი ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, დაეთანხმება თუ არა პროექტის დამტკიცებას:

„ძალიან რთულია ასე ზეპირად რაიმეს შეფასება. როცა საბჭოზე შემოვა, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას – ისტორიულ უბანშიც შეიძლება მოხდეს განახლება, მით უმეტეს, თუ ეს შენობა არ არის არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებული და ამ ახალი პროექტით მოხდება ბულვარის გაუმჯობესება.

ორსართულიანს რაც შეეხება, ვერ გეტყვით ვერაფერს, ვიდრე პროექტს არ ვნახავ. თუმცა ისევ ვამბობ, – შესაძლებელია ისტორიული უბნის გაუმჯობესება და იქ რაღაც ახალი არეალის გაჩენაც. უნდა განვითარდეს ქალაქი და რაღაც უბნები, თუნდაც ეს იყოს ბულვარი. თუ არსებული შენობა არ არის ღირებული და ახალი იქნება უფრო გაუმჯობესებული და ბულვარს არ შეუქმნის რაიმე საფრთხეს, ხეები არ მოიჭრება და არ იქნება მსგავსი ჩარევები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია“.

საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე კი მიიჩნევს, რომ ვიდრე ახლის მშენებლობა გადაწყდება, უნდა შეფასდეს არსებულის მდგრადობა და თუ ის საფრთხის შემცველია, შესაძლებელია ახლის მშენებლობაზე ფიქრიც, ოღონდ შენობის მოცულობა არ უნდა გაიზარდოს.

პროექტს არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავჯდომარე, მირზა ცეცხლაძე იცნობს. ის ამბობს, რომ გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესიდან წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ საბჭო გადაწყვეტილებას ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს:

„საკრებულომ რა გადაწყვეტილება მიიღო, საკუთრებაში გასცა თუ იჯარით, ეს არაფერს ცვლის, თუ უნებართვოდ დაიწყება იქ რაიმე, სააგენტო მიადევნებს თვალყურს და აღმოფხვრის ნებისმიერი ლურსმნის მიჭედებასაც კი ობიექტზე. საზოგადოებისთვის სულერთი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სააგენტო ნებართვის გარეშე ძეგლზე სამუშაოებს არ დაუშვებს. დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ და მხოლოდ ძეგლის ინტერესებიდან ამოსული. როგორი სახის პროექტი იქნება წარმოდგენილი, როგორი ვიზუალის და ასე შემდეგ, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ისეთი გადაწყვეტილება იქნება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ძეგლის დაცვის პრინციპი“.

________________________

ამავე თემაზე: 

მოქალაქე ფოტოატელიეს და „სიცილის ოთახს“ ბათუმის ბულვარში ათწლიანი იჯარით ითხოვს

 

EMC: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით მედიაში რელიგიური სიძულვილის ენის შემთხვევები გაზრდილია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას სპეციალურ ანგარიშში აფასებს.

სპეციალურ ანგარიშში  საზოგადოებრივ განწყოებებთან მიმართებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს მედიაში სიძულვილის ენის შემთხვევების ზრდაზე.

ანგარიშის მიხედვით, იანვრიდან ოქტომბრამდე მედია საშუალებების მონიტორინგის შედეგად  გამოვლენილ რელიგიური სიძულვილის ენის 92 შემთხვევაზე, წინა წლის ანგარიშის მიხედვით კი 69 ასეთი შემთხვევა იყო გამოვლენილი.

49 შემთხვევა „ისლამოფობიურ“ და „თურქოფობიურ“ გამონათქვამებს მოიცავდა და ახალი მეჩეთების მშენებლობას შეეხებოდა (წინა წლის მონაცემებით 31), 4 კათოლიკე თემის, 24 იეჰოვას მოწმეების, 2 ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის, 1 ეთნიკურად სომხების და 6 სხვა რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ამ კონტექსტში, ანგარიში იხსენებს ივლისში გამართულ მარშსაც, სადაც ათასობით ადამიანი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მოთხოვნით, ძირითადად მუსლიმური ქვეყნებიდან იმიგრაციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული რელიგიური საქმიანობის შეზღუდვის ინციდენტებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც ცენტრალური მთავრობის ფაქტობრივ კონტროლის მიღმა რჩება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დასაწყისში, მსგავსი შინაარსის ანაგირიში „რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიისა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტმაც გამოაქვეყნა.

რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

წელს ბათუმის მერია სატრანსპორტო სისტემის ძირეულ გარდაქმნას იწყებს. ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტარტეგია,  რომელიც შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის – „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით, ბათუმის საკრებულომ აპრილში მიიღო.

როგორც ქალაქის მერი აცხადებს, დამტკიცდა მიკროავტობუსების ოპტიმიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიკროავტობუსების რაოდენობა 480-დან 250-მდე მცირდება, რისი მიზანიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს განტვირთავაა.

მოძრაობის განტვირთვის მიზნით, დაგეგმილია ასევე სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემომავალი მიკროავტობუსების მკაცრი ადმინისტრირება ბაგრატიონის ქუჩის გავლით ავტოსადგურში.

ქალაქის ტერიტორიაზე, გონიოსა და ქობულეთის მხრიდან, მოეწყობა რეგიონული ტერმინალები და ტურისტული პარკირების სივრცეები. გონიოს მხრიდან, სამრეწველო ზონაში უკვე გამოიყო ადგილი და დაიწყო რეგიონული ტერმინალის დეტალური პროექტირება.

მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ახალი მუნიციპალური ავტოტრანსპორტის პირველი ნაკადი აგვისტოს თვეში შემოვა, წლის ბოლომდე, საერთო ჯამში, ქალაქს დაემატება 40 ერთეული დაბალემისიური და ადაპტირებული ახალი ავტობუსი.

მიკროავტობუსებში, ისევე როგორც მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში, დაინერგება უკონტაქტო გადახდის სისტემა. ქალაქში 6 ადგილზე უკვე დამონტაჟდა შესაბამისი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც ამ ბარათების მიღება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

მიკროავტობუსებისთვის სავალდებულო იქნება GPS სისტემის დამონტაჟება, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს მათ გადაადგილებაზე, ასევე დაინერგება დისპეტჩერიზაციის სისტემა.

დაიწყება ველობილიკების მოწესრიგება და ახალი ველობილიკების მოწყობა. ველოსისტემების განახლება ეტაპობრივად 2019 წლიდან იგეგმება.

ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე, გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით, მოეწყობა ავტობუსისთვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლი, ე.წ ,,bus lane“. აღნიშნული სისტემა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე ამოქმედდება.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში კი, პარკირების საფასურის საათობრივად გადახდის სისტემა დაინერგება, რომელიც 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება. თუმცა, ტექნიკური საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი უფრო ადრეულ ეტაპზე შემოღება.

 

უკვე ერთი საათია პოლიცია ბათუმში იარაღს ეძებს – დაკავებულია ერთი პირი

ამ წუთებში ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, პოლიციამ ერთი პირი – თენგიზ თ. დააკავა. დაკავების ოპერაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს სიახლოვეს ჩატარდა. ამოღებულია ერთი ერთეული პისტოლეტი.

„მე ძმასთან და მის ცოლთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი. ხმაური როცა ატყდა, გარეთ გამოვედით. მე მარტო დავრჩი და ვეძებდი ჩემს ძმას. თენგიზი როცა დავინახე, პოლიციას ჰყავდა დაკავებული“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაკავებულის დამ.

ქალი ირწმუნება, რომ მისი ძმა იმ სახლში მცხოვრებ პირებთან მისალმების გამო დააკავეს, რომელშიც პოლიცია იარაღის ძებნის მოტივით ერთი საათის წინ შევიდა. ქალის თქმით, ამ სახლის მცხოვრებლები მისი ძმის ნაცნობები არიან.

„ბათუმელების“ ჟურნალისტს პოლიციამ უთხრა, რომ იარაღი დაკავებულის ავტომანქანიდან ამოიღეს. თუმცა თავად დაკავებული აცხადებს, რომ ეს ავტომანქანა მას არ ეკუთვნის.

დაკავებული თენგიზ თ. ჯერ კიდევ არ გაუყვანია პოლიციას ტერიტორიიდან.

მთავარი ფოტო: პოლიციის მტკიცებით, ამ ავტომანქანიდან  პისტოლეტი ამოიღეს

“ქალებს ყველაფერი შეუძლიათ” – NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი

” საქართველოს მსგავსად სტერეოტიპები ქალებთან დაკავშირებით ამერიკაშიც არსებობს, განსაკუთრებით ქალ მძღოლებთან დაკავშირებით. შტატებშიც იგივეა, ხალხი თავს აქნევს, თვალებს მაღლა მიაპყრობენ და ამბობენ, “ო, ქალი მძღოლი”, მაგრამ, იცით, სტატისტიკა უჩვენებს, რომ ქალები ბევრად უფრო უსაფრთხო მძღოლები არიან, ვიდრე კაცები…” – გვითხრა NASCAR-ის ავტომრბოლელმა ჯენიფერ ჯო კობიმ, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით იმყოფება და დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა, –  „როცა გესმის ასეთი გამონათქვამები და გადარდებს ისინი,  ეს შესაძლოა ბარიერი გახდეს შენთვის. როცა მესმის, რომ  ვინმე რაიმე ცუდს ამბობს ქალების ან პერსონალურად ჩემ შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩემი საქმე, თუ რას იფიქრებენ ისინი ჩემზე, მე ვცხოვრობ ჩემი ოცნებით და ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო”.

ჯენიფერ ჯო კობი პროფესიონალი ავტომრბოლელი, NASCAR-ის გუნდის მფლობელი, სპიკერი და მეწარმეა. მან ავტორბოლა NASCAR-ის შექმნის პირველი დღეებიდან დაიწყო კანზას სიტიში, 1991 წელს. იგი ერთადერთი ქალია, ვინც ამ რბოლის უმაღლეს კატეგორიებში მონაწილეობს.

როგორც ჯენიფერ ჯო კობიმ სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია გოგონებმა წარმატების მიღწევისას არ დაივიწყონ დანარჩენები, “მეც ვცდილობ, რომ სხვა ქალებსაც დავეხმარო, მივცე შანსი, იმიტომ, რომ ბევრი გოგო მომმართავს და მთხოვს, ჩავრთო ამ საქმიანობაში, იქნება ეს მრბოლელი, ავტომექანიკოსი თუ სხვა, რადგან სხვაგან მათ ამის საშუალება არ მიეცათ. ახლა  ნასკარის სისტემის მაღალ რგოლებში სამი ქალია – ბორბლის შემცვლელი,  ბორბლის სპეციალისტი და ნასკარის სისტემის ოფიციალური წარმომადგენელი. გასულ წელს კი მქონდა პატივი, მიმეცა საშუალება სმენის არმქონე ახალგაზრდა კაცისთვის  შანსი, გადმომხტარიყო კედელზე და შეეცვალა ბორბალი ჩემი გუნდისთვის.” – ამბობს ჯენიფერი – ” ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აიხდინოთ ოცნება და ყოველთვის იწვდიდეთ ხელს უკან, რომ ამოქაჩოთ სხვებიც, ყოველთვის იყურეთ ირგვლივ, ვის სჭირდება თქვენი დახმარება, რომ მათაც მიაღწიონ თავიანთ ოცნებას”.

ჯენიფერ ჯო კობიმ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც: „საქართველოში შემაშფოთა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ, თქვენ იცით, რომ 600 ქართველი იღუპება ყოველწლიურად  საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ყოველწლიურად 9000 ქართველი შავდება ავტოსაგზაო შემთხვევებში და მათგან ბევრი, საბოლოო ჯამში, ეტლით მოსარგებლე ხდება. ძალიან ცუდი ჩვევაა,  ავტოსაგზაო შემთხვევებს რომ  შემთხვევებს ვუწოდებთ, რადგან მათი უმეტესობა რეალურად სულაც არაა შემთხვევითობა, ისინი კონტროლირებადი იყო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეთ, როცა ხელები გიდევთ საჭეზე, თქვენი კონტროლის ქვეშ არის არა მარტო თქვენი ავტომობილი, თქვენი თავი და ადამიანები თქვენს მანქანაში, არამედ ყველა თქვენ ირგვლივ.  ყურადღებით იყავით, შეანელეთ სვლა და როგორც შეერთებულ შტატებში ვამბობთ, Arrive Alive [მიდით დანიშნულების ადგილამდე ცოცხლად]”.

 

 

„ინტერმედიკა“ – ადგილი, სადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას ერთ სივრცეში აგვარებენ

მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკა „ინტერმედიკა“ ბათუმსა და აჭარის რეგიონს უკვე შვიდი წელია სთავაზობს ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი პრობლემის ერთ სივრცეში მოგვარებას. როგორც კლინიკის დირექტორი, ენდოკრინოლოგი თამარ ცხომელიძე ამბობს, კლინიკა მეგობრებმა დააარსეს 2011 წელს. სამედიცინო სივრცის მრავალფუნქციურობა თავიდანვე მათი კონცეფციის ძირითადი ნაწილი იყო.

ულტრაბგერითი კაბინეტი, ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგიური კაბინეტი, მამოლოგია, უროლოგია, ანდროლოგია, ენდოსკოპია, გასტროენტეროლოგია, ნევროლოგია და რეაბილიტაცია, ფსიქიატრია და ფსიქოლოგია, ანგიოლოგია, პედიატრია, კარდიოლოგიური კაბინეტი, თერაპიული კაბინეტი, ოფთალმოლოგია, დერმატოლოგია და სამკურნალო მასაჟი – ეს იმ მრავალფეროვანი მომსახურების ჩამონათვალია, რომელსაც კლინიკა „ინტერმედიკა“ გთავაზობთ.

კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია კვლევის უახლესი აპარატებით.
კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია კვლევის უახლესი აპარატებით.

„კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია კვლევის უახლესი აპარატებით. აქ ყველანაირი ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული, ციტოლოგიური და ა.შ.

გვაქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არაერთგზის გამოცვლილი რენტგენისა და ულტრაბგერითი აპარატები. ეს არის მაღალსტანდარტული, მრავალფეროვანი ლაბორატორია ერთ სივრცეში.

ექოსკოპიური კვლევა
ექოსკოპიური კვლევა

ვცდილობთ ყოველთვის განვაახლოთ აპარატურა და ულტრასონოგრაფიული კაბინეტი.

სწორედ კლინიკა „ინტერმედიკაშია“ ყველასთვის ხელმისაწვდომი ჰელიკობაქტერტესტი, რაც აჭარაში სხვაგან არსადაა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიცინის თანამედროვე მიღწევებისთვის მუდმივი თვალყურის დევნება, ახალი კვლევების შესაბამისად იცვლება მკურნალობის ტაქტიკა, „ინტერმედიკას“ ექიმები ყოველთვის არიან სხვადასხვა ტრენინგ-სემინარისა თუ კონფერენციის მონაწილეები საქართველოშიც, უცხოეთშიც“, – ამბობს „ინტერმედიკას“ დირექტორი თამარ ცხომელიძე.

კლინიკა „ინტერმედიკაში“ განსაკუთრებით პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებებია პედიატრია, თერაპია, ნევროლოგია, გასტროენტეროლოგია და სხვა.

ამბულატორიულ კლინიკაში 25 ექიმია დასაქმებული. პერიოდულად პაციენტებს კონსულტაციებს უწევენ ნევროლოგიის, ექოსკოპიის, დერმატოლოგიის მოწვეული სპეციალისტებიც: თვეში ერთხელ „ინტერმედიკაში“ შესაძლებელია არჩილ ახმეტელის – ექიმი რადიოლოგი, ნევროლოგი – მიშა სანდლერი, დერმატოლოგი ელგუჯა ბერაია – სპეციალისტთა კონსულტაციების მიღება.

მრავალპროფილურ ამბულატორიულ კლინიკა „ინტერმედიკას“ სერვისები ბათუმსა და აჭარის რეგიონში შესამჩნევად მოთხოვნადია, რაც განპირობებულია როგორც ექიმების პროფესიონალიზმით, ასევე პაციენტებისადმი მათი განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და მიდგომით.

თამარ ცხომელიძე
თამარ ცხომელიძე

როგორც კლინიკის დირექტორი, თამარ ცხომელიძე ამბობს, მასთან უამრავი მადლიერი პაციენტი მიდის, რომლებიც ექიმების პროფესიონალური მომსახურების გარდა, მათ მაღალი ეთიკურ სტანდარტსაც უსვამენ ხაზს. კლინიკის ექიმები მიიჩნევენ, რომ „ინტერმედიკას“ პოპულარულობა აჭარაში ბევრწილად ამითაც არის განპირობებული.

„ინტერმედიკა“ არ არის ჩართული სახელმწიფო პროგრამებში, თუმცა დღევანდელი ბაზრის პირობებში, ამ კერძო ამბულატორიულ კლინიკაში ფასები საკმაოდ მისაღებია.

კლინიკა აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. თანამშრომლები ყოველთვიურად ხელფასებიდან მცირედით ეხმარებიან ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფონდს, დიტო ცინცაძის ფონდს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ამოქმედდა, რამაც ჯანდაცვა თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა, არიან ოჯახები, რომლებიც ვერ უმკლავდებიან ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას. ასეთ ადამიანებს, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვხვდებით. ამიტომ, კლინიკის დამფუძნებლის, ნინო ინაიშვილის გადაწყვეტილებით, ინტერმედიკა ყოველთვიური ხელფასით დაეხმარება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ორ ოჯახს, რომელთა ოჯახის წევრებიც შშმ ბავშვები არიან. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2017 წელს, როცა კლინიკას დაარსებიდან ხუთი წელი შეუსრულდა. დახმარება იქნება ხანგრძლივი.

აქ ყველანაირი ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული, ციტოლოგიური და ა.შ.
აქ ყველანაირი ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული, ციტოლოგიური და ა.შ.

კლინიკის ექიმებსა და დირექტორს მათი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ არსად არასდროს განუცხადებიათ. ინტერვიუს ჩაწერისას თამარ ცხომელიძემ აღნიშნა, რომ კერძო სექტორისა თუ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სასურველია მეტად მაღალი იყოს, ვიდრე ახლა არის.

თამარ ცხომელიძე: „კერძო კლინიკებს, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, თუნდაც მხოლოდ აჭარაში, თითო ოჯახის ხანგრძლივი დახმარების პასუხისმგებლობა რომ ჰქონდეს, ჩვენს რეგიონსა და მთელ ქვეყანაში ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა, ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვლებოდა უკეთესობისკენ“.

 

რეორგანიზაცია ხულოს მერიის სამსახურებში

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. გაჩნდა ვაკანტური თანამდებობები, რომელთა დასაკავებლად ჯერჯერობით კონკურსი გამოცხადებული არ  არის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეიცვალნენ სამსახურების უფროსები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა მელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სამსახურების უფროსები არ შეცვლილან.

ხულოს მერიაში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა – ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილება და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

სამივე სამსახურის უფროსს თანამდებობები დაატოვებინეს და უფროს სპეციალისტებად ჩამოაქვეითეს.

„გაუქმდა ჩემი განყოფილება. რეორგანიზაცია მოხდა და პირველი მაისიდან უფროსი სპეციალისტი ვარ“,  – უთხრა „ბათუმელებს“ მალხაზ აბულაძემ, რომელიც მანამდე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

თავისი დაქვეითების ფაქტი უარყო „ბათუმელებთან“ ანზორ ცეცხლაძემ და გვითხრა, რომ მას რეორგანიზაცია არ შეხებია. თუმცა რეალურად ის განყოფილების უფროსი აღარაა და ამჟამად არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში უფროს სპეციალისტად მუშაობს.

ხულოს მერიამ საერთოდ გააუქმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილება, მას სახელწოდება შეუცვალა, მერიის სამდივნო დაარქვა და ყოფილი ხელმძღვანელი უფროს სპეციალისტად ჩამოაქვეითა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში. როგორც მერმა განგვიმარტა, რეორგანიზაციის პროცესი ყველა სამსახურს შეეხო. შეიქმნა ახალი – შესყიდვების განყოფილება, ხოლო ზოგიერთი განყოფილება გაუქმდა. რაც შეეხება ხელმძღვანელ პირებს, ხულოს მერი ამბობს, რომ სამსახურის უფროსები არ შეცვლილან.

„არ შეცვლილან უფროსები. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება იყო ერთადერთი, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქნება სპეციალისტი ამ ეტაპზე,“ – ამბობს გოჩა მელაძე.

რატომ არ ცხადდება კონკურსი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, ვკითხეთ ხულოს მერს.

გოჩა მელაძის თქმით, „ახლა მიდის პროცედურები, კონკურსის გამოცხადება ხანგრძლივი პროცესია, სავარაუდოდ, ივლისის თვისთვის გამოვაცხადებთ კონკურსს 10 ვაკანსიაზე“.

პოლიცია ბათუმში ერთ-ერთ სახლში იარაღს ეძებს

ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, კერძო სახლში პოლიცია ჩხრეკას ატარებს. იქვე შეკრებილი მოქალაქეების თქმით, პოლიცია სავარაუდოდ იარაღს ეძებს. თვითმხილველები ამბობენ, რომ სახლში შესულმა პოლიციამ ოჯახის წევრი ორი ძმა ჩხრეკის დაწყებამდე იატაკზე დააგდო.

„ბათუმელების“ ჟურნალისტი ესაუბრა ოჯახის ერთ-ერთ წერს [18:25 საათზე], სავარაუდოდ, ახალგაზრდა კაცების დედას, რომელმაც თქვა, რომ ვერ ხვდება რას ეძებს პოლიცია.

ახლახან [18:35] ოჯახის წევრი ორ ახალგაზრდა კაცი სახლიდან ეზოში გამოვიდა. პოლიციას მათთვის ჟურნალისტებთან კონტაქტი არ აუკრძალია. „გვითხრეს, რომ თითქოს უკანონო იარაღი გვაქვს. ეძებენ, მაგრამ ვერაფერს იპოვიან, რადგან არ გვაქვს“, – თქვეს მათ.

პერიმეტრზე მყოფმა ერთ-ერთმა პოლიციელმა „ბათუმელების“ ჟურნალისტს განუმარტა, რომ ჩხრეკა ტარდება 236-ე მუხლის შესაბამისად.

ეს მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

როგორ შეიძლება გაიგოს მშობელმა, რომ მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია? – ფსიქოლოგი

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სამ მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა 28 მაისს შეუფარდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული პერიოდულად ძალადობდა მოზარდებზე ისე, რომ მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. რა ნიშნებით შეიძლება გაიგოს მშობელმა, რომ მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია?

„მთავარი რჩევაა მშობელსა და ბავშვს შორის მუდმივი კონტაქტი. თუკი ბავშვი ენდობა მშობელს, ის მოჰყვება ამის შესახებ და გააცნობიერებს, რომ ძალადობის მსხვერპლია. თუკი ბავშვი საკუთარი ემოციების სახელდებას არ აკეთებს და ამას შეჩვეული არ არის, მან შესაძლოა ვერც გააცნობიეროს, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდა,“ – ამბობს ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ პედოფილები ძირითადად ისეთ ბავშვებს არჩევენ, ვისი მშობლებიც ნაკლებად ბრძოლისუნარიანები არიან. ასევე, მათ არ უყვართ ბავშვები, რომლებიც ბევრ კითხვას სვამენ, შეუძლიათ საკუთარი თავის და ინტერესების დაცვა.

„უცებ ვინმემ მოზარდი წაიყვანოს ქუჩიდან, ასე არ ხდება. მოძალადე თანდათან იჩვევს ბავშვს. ამიტომაცაა საჭირო, რომ მშობელი, რაც არ უნდა მოუცლელი იყოს, საღამოობით დაუჯდეს შვილს და მოუყვეს, როგორი დღე ჰქონდა, რა გადახდა თავს, შემდეგ ბავშვს ჰკითხოს, მასთან რა ხდებოდა. მშობელი მუდმივად უნდა ინტერესდებოდეს თამაშის რა სტილს ირჩევს ბავშვი, ვისთან ერთობა. ბავშვები უნდა შევაჩვიოთ ემოციებისთვის სახელების დარქმევას. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ჰკითხავს მშობელს, ასე მომექცა ესა და ეს ადამიანი და არის თუ არა ეს კარგი. ბავშვები, რომლებიც კითხვებს სვამენ, ნაკლებად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგის აზრით, მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ნდობა მშობლის მიმართ, ანუ იმის განცდა, რომ ძალადობის შესახებ ამბის მოყოლის შემთხვევაში მშობელი მას კი არ გაკიცხავს, არამედ გაუგებს, მოუსმენს და ერთად გადაჭრიან პრობლემას. ფსიქოლოგი დაუშვებლად მიიჩნევს მშობლების საკმაოდ დიდი ნაწილის მიდგომას მსგავს სიტუაციაში – „გაჩუმება სჯობს, რადგან გამხელა სირცხვილია“.

ამის პარალელურად ფსიქოლოგი ამბობს, რომ კონფიდენციალობის პირობა დაცული უნდა იყოს, როგორც ფსიქოლოგთან ან ჟურნალისტთან ურთიერთობის დროს, ასევე გამოძიების და სასამართლო განხილვის ეტაპზე.

ირმა ფეიქრიშვილი: „დამალვა არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, რადგან ძალადობა მოზარდისთვის არის სტრესი და თუ მას შესაბამისი რეაქცია არ მოჰყვება, სტრესი გაღრმავდება და შესაძლოა მოზარდი სუიციდამდეც კი მივიდეს. თუ დამალავს მშობელი ძალადობას, ის სამომავლოდ აუცილებლად იჩენს თავს, თან რა ფორმით, არავინ იცის. მოზარდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მშობელს მისი ესმის. მას არ უნდა ჰქონდეს განწყობა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან მიიღებს რეაქციას: რა დაგვემართა, რა გვეშველება და ასე შემდეგ.“

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუკი მას ინფორმაცია აქვს მოზარდზე სექსუალური ძალადობის შესახებ, მაგრამ მოზარდს ამის შესახებ საუბარი არ სურს? – ირმა ფეიქრიშვილი მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგების ჩართვა ამ პროცესში შედეგს გამოიღებს, რადგან ფსიქოლოგები ახერხებენ საუბრის გარეშე, ნახატებითა და სხვა ხერხებით გაიგონ, თუ რა ხდება ბავშვის ცნობიერებაში. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მსგავს შემთხვევებში ფსიქოლოგის ჩართვა, რადგან ბევრი ოჯახისთვის ფსიქოლოგთან ვიზიტი ხელმისაწვდომი არ არის.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ბავშვებისგან განსხვავებით მოზარდებს აქვთ – თავმოყვარეობის განცდაა. ირმა ფეიქრიშვილი განმარტავს, რომ მოზარდობის ასაკში შესაძლოა მსხვერპლი მშობელს ამბავს თავმოყვარეობის გამო აღარ მოუყვეს.

„ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი გადის ოჯახიდან, ეძებს თავის მიკროსოციუმს, ყველა ბავშვს, რომელიც მშობელთან თბილი ურთიერთობა აქვს თუ არა, ენდობა თუ არა, მაინც სოციუმის წევრი ხდება და პატარა შენიშვნაც კი, მისთვის არის მტკივნეული და გამაღიზიანებელი. ალბათ, ამიტომაც ირჩევენ მსხვერპლად მოძალადეები. ამ დროს სხეულიც უკვე მომწიფებულია. შესაბამისად, ეს ყველაზე საფრთხილო ასაკია,“ – გვითხრა ფსიქოლოგმა ირმა ფეიქრიშვილმა.

 

ავარია პატრულის თანდასწრებით

დაახლოებით 16:00 საათზე ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახება საპატრულო ეკიპაჟის თვალწინ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე საპატრულო ეკიპაჟის მანქანა იდგა, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ცალმხრივმოძრაობიანი ქუჩიდან, წესების დარღვევით, ცდილობდა მემედ აბაშიძის ქუჩაზე შემოსვლას, რა დროსაც BMW-ს ტიპის ავტომანქანა შეეჯახა.

 

როგორ აითვისა McDonald’s-მა ფეხით მოსიარულეთა სივრცე ევროპის მოედანთან

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ის გახსნა მაისში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც კომპანიაში გვითხრეს, ობიექტის გახსნა გადაიდო: „ზუსტად არ არის დადგენილი, თუმცა გახსნა გადატანილია 6 ივნისისთვის“.

ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, სადაც ბათუმში „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნი უნდა გაიხსნას, ამჯერად სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპანია „თ და კ რესტორნებმა“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ევროპის მოედანთან 142 კვ/მ ტერიტორიის იჯარით აღებაზე ბათუმის მერიას მიმდინარე წლის იანვარში მიმართა. მერიამ აღნიშნული ტერიტორია კომპანიას 20-წლიანი იჯარით უკვე გადასცა. წლიური საიჯარო ქირა კი 15 500 ლარი იქნება.

იჯარით გადაცემულ ნაკვეთსა და შენობას [სადაც რესტორანი განთავსდება] შორის არსებული ტერიტორია, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაშია. ეს ტერიტორია [ფაქტობრივად, ტროტუარი] კომპანიამ ბეტონით აამაღლა – თუ ადრე შენობაში შესასვლელად კიბის ორი საფეხურის ავლა იყო საჭირო, ახლა ტროტუარიდან შენობაში კიბის გარეშე შედიხარ.

იჯარით აღებულ ტერიტორიაზე კი კომპანია „საზაფხულო, ევროპული სტანდარტების ტერასას“ აწყობს. ტერასა და ამაღლებული ტროტუარი კი, მთლიანად კეტავს გასასვლელს ევროპის მოედანსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის.

ბათუმი, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ევროპის მოედანთან გასასვლელი, სადაც McDonald’s-ი იხსნება / 30.05.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ამავე თემაზე:

როდის გაიხსნება McDonald’s-ი ევროპის მოედანთან 

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ი გაიხსნება

პროექტი, რომელიც ყოფილ პატიმრებს თვითდასაქმებაში ეხმარება

დასაქმება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. პრობაციონერებს ეკრძალებათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. აჭარის რეგიონში, მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა მათი ერთადერთი საქმე თურქეთში თხილის კრეფაა – რისი უფლებაც აღარ აქვთ და ალტერნატიული ვაკანსიის ძებნა საქართველოში ურთულდებათ. ნასამართლობის ცნობას მაღაზიაში კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებისასაც კი ითხოვენ.

ყოფილი პატიმრების დასაქმებაც უამრავ სტერეოტიპთანაა დაკავშირებული, უმრავლეს შემთხვევაში დამსაქმებლები თავს არიდებენ ნასამართლევი პირების დასაქმებას საკუთარ კომპანიებში.

სწავლას მალე მოვრჩები, მაგრამ სად უნდა ვიმუშაო? სუპერმარკეტის კონსულტანტობაც კი პრობლემაა ჩვენთვის, პრობაციონერებისთვის, ყველას ვეზედმეტებით. მხოლოდ რამდენიმე თვით ვიმუშავე ერთ მარკეტში, ისიც მოვიტყუე: არ მითქვამს, რომ ნასამართლევი ვარ. როცა ეს ცნობა მოგვთხოვეს თანამშრომლებს, ავდექი და წამოვედი. მაინც გამომიშვებდნენ და რა აზრი ჰქონდა.– ამბობს გიორგი (სახელი შეცვლილია), 21 წლის პრობაციონერი, რომელმაც პირობითი სასჯელი 3 წელი უნდა იხადოს.

„როცა მიწევს გავამჟღავნო, რომ პირობით სასჯელს ვიხდი, საქართველოში ცოტათი ეჭვის თვალით მიყურებენ, დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაზე ხომ არაფერს ვამბობ, სამომავლოდ ქვეყნიდან წასვლას ვაპირებ,“ – ეს 22 წლის პრობაციონერი ჯაბა მანიაა (სახელი და გვარი შეცვლილია).

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს,  გადამზადებასა და პროფესიის შესწავლაში, საარსებო წყაროების შექმნაში, იურიდიული საკითხების მოგვარებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. პროგრამა კომპლექსურია და მოიცავს ბენეფიციართა საჭიროებაზე დაფუძნებულ სერვისებს.

ნინო ხაჩიძე, პროგრამის კოორდინატორი: ,,გამოვყოფ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის კომპონენტს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბენეფიციარებს უჭირთ მუშაობის დაწყება. ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება საზოგადოებაში არსებული სტიგმაა: დამსაქმებელთა უმრავლესობა თავს არიდებს ყოფილი თუ პირობითი მსჯავრდებულების დასაქმებას. დასაქმების ხელის შემშლელი ფაქტორია ისიც, რომ საპატიმროში გატარებული წლების პარალელურად, შრომის ბაზარზე სტანდარტები, მოთხოვნები იცვლება, ბენეფიციარებს კი უჭირთ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც მათ დაბალკონკურენტიან კადრად აქცევს. სჭირდებათ დრო და რესურსები, რომ დაეწიონ ამ მოთხოვნებს და დამსაქმებლისთვის გახდნენ სასურველი თანამშრომლები.

ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციართა თვითდასაქმების ხელშეწყობას. ეს არის ყველაზე ეფექტური და უმტკივნეულო გზა, რომ ბენეფიციარი იყოს დასაქმებული და ჰქონდეს მუდმივი შემოსავალი. ჩვენთან მოსულ ბენეფიციარებს ვთავაზობთ თვითდასაქმების ხელშეწყობას იმგვარად, რომ მოიფიქრონ საქმე, რომელსაც თავად შეასრულებენ და მათი ოჯახისთვის შემოსავლის წყარო გახდება. ეს საქმე შეიძლება წამოიწყოს ან უკვე არსებული გააძლიეროს, ერთმა ბენეფიციარმა ან რამდენიმემ ერთად. თვითდასაქმების მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოგვმართონ პროგრამის სამიზნე რეგიონებში და მიიღონ პროგრამის მხარდაჭერა“.

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი 2017 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 221 ბენეფიციარი ჩაერთო საარსებო წყაროს უზრუნველყოფის კომპონენტში. საერთო ჯამში დაფინანსდა 200 ბიზნესიდეა.

დაფინანსებულ ბენეფიციართა საქმიანობა მრავალფეროვანია, თუმცა ცალკე მიმართულებად უნდა გამოვყოთ

ხელობა და ხელოსანთა ჯგუფები: ავტომანქანის შეკეთება, სარემონტო საქმე, ელექტროშედუღება.

სოფლის მეურნეობა: მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მესაქონლეობა, მევენახეობა, თხილის მეურნეობა.

ხელსაქმე:  ხეზე კვეთა, სუვენირებისა და სამკაულების დამზადება, ქვილინგი.

ეს ის ძირითადი სფეროებია, რომელთა საშუალებითაც პროგრამის ბენეფიციარები თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას ახერხებენ.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ერთკვირიანი სტაჟირება პოლონეთში უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის

აჭარის განათლების ფონდი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.

კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი ფიზიკის, ოთხი ქიმიის, ოთხი ბიოლოგიისა და ოთხი  ბუნებისმეტყველების პედაგოგი (I-IV და V –VI კლ.) აჭარის საჯარო სკოლებიდან.

პედაგოგების სტაჟირებას სრულად აფინანსებს განათლების ფონდი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არის ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში.

„კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.  პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ პრეზენტაციას“.

კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ კოპერნიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამეცნიერო ცენტრისა (Copernicus Science Centre) და სამოქალაქო განათლების ცენტრის (Center for Citizenship Education)  სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ საინტერესო მასტერ-კლასები საბუნებისმეტყველო საგნების  სწავლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.

გაკვეთილის გეგმა, PP პრეზენტაცია და საჭირო დოკუმენტაცია კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ ელექტრონულ მისამართზე: ajaraedufund@gmail.com მასალის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 10 ივნისი.

______________

მთავარ ფოტოზე: ვარშავა

სამინისტრო გონიო-კვარიათის მთიანი ზონის საკურორტო ადგილების დეტალურ დაგეგმარებას იწყებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გონიო-კვარიათის მთიანი ზონის დაგეგმარებაზე მუშაობს, რისთვისაც, აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, 120 ათასი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა უშუალოდ დაგეგმარების დოკუმენტის შექმნას უნდა მოხმარდეს.

საბოლოოდ, გონიო-კვარიათი-სარფის მთიანი ზონის დაგეგმარების დოკუმენტით უნდა განისაზღვროს საინვესტიციო ნაკვეთები, კ2 კოეფიციენტი და ა.შ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი აღნიშნული მთიანი ზოლის შემდგომი განაშენიანების ხელშემწყობი იქნება.

სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი ამჯერად გონიო-კვარიათის საკურორტო ადგილების მთიანი ზონის ტოპოგრაფიული რუკის შედგენაზე გამოაცხადა. სამინისტროში ამბობენ, რომ რუკა, ტერიტორიის დეტალური დაგეგმარებისათვის არის საჭირო. ამ ეტაპზე გაკეთდება გონიო-კვარიათის, დაახლოებით 63 ჰექტარის ტოპო-რუკა, რისთვისაც 6356 ლარია გათვალისწინებული. გონიოს დანარჩენ ნაწილზე კი ასეთი რუკა, სამინისტროს ინფორმაციით, უკვე არსებობს.

„ტოპოგრაფიული რუკით გამოიკვეთება ის ადგილები, რაც ვერ შევა დაგეგმარებაში. ასეთი იქნება მდინარის ნაპირები, ციცაბო ფერდობები, სახელმწიფო ტყის ზოლი, სადაც მშენებლობები ვერ განხორციელდება. ამასთან გამოიკვეთება და მოხდება საკუთრების ტიპების ანალიზი – აქ არის ქალაქ ბათუმის, აჭარის, ხელვაჩაურის, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები,“ – აცხადებენ სამინისტროში.

გონიო-კვარიათის საკურორტო ადგილის მთიანი ზონის [63 ჰა] ტოპოგრაფიული რუკა ტენდერის დასრულებიდან 10 დღეში უნდა მომზადდეს, რის შემდეგაც დაიწყება მუშაობა, უშუალოდ დაგეგმარების პროექტზე, რაც მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. მომავალ წელს კი, ანალოგიური პროექტი მომზადდება სარფის მთიანი ზონისთვის.

სიტუაციური ნახაზი – გონიოს ნაკვეთი / სატენდერო დოკუმენტაციიდან

ევა გოცირიძე მოსარჩელეებს: მარიხუანას მოწევა არის ანტისოციალური მოვლენა და აზიანებს ოჯახის ინტერესებს?

“თუ ეს ინდივიდუალურია, რატომაა სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული რეგულირება მარიხუანასა და ალკოჰოლის მოხმარებაზე?” – ეს შეკითხვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა დაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური სამსახურის ექსპერტს. ექსპერტის მოწმის სახით დაკითხვა პარლამენტმა მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების კუთხით არსებით განხილვას განაგრძობს.

“მე შემიძლია გესაუბროთ უარყოფით შედეგზე…” – აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა. პაუზა მოსამართლე მერაბ ტურავამ შეავსო:

“ქალბატონი ინგა არაა იურისტი, ის ვერ ისაუბრებს მარიხუანაზე, როგორც თავისუფალი საზოგადოების სიმბოლოზე”, – თქვა მოსამართლე მერაბ ტურავამ, ის სხდომის თავმჯდომარეა.

უხერხულ შეკითხვამდე შსს-ს ექსპერტმა აღნიშნა, რომ მარიხუანას ან ალკოჰოლის მოხმარების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე ინდივიდუალურია და მას “სხვადასხვა შედეგი შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა, ერთი მოხმარებითაც განვითარდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები. ხანგრძლივი მოხმარება იწვევს აპათიას, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, მოკლე მეხსიერებას”.

“თქვენ შეგიძლიათ უარყოთ ეს, რომ მარიხუანას მოხმარება ხელს უწყობს ნარკოტიკების უარყოფით ბრუნვას? ეს ხომ უწყვეტი ჯაჭვია”, – მიმართა მოსარჩელეებს მოსამართლე ევა გოცირიძემ.

“ბრუნვა რომ შევზღუდოთ, ამისთვის ჯარიმა არ არის ეფექტური საშუალება,” – უპასუხა მოსამართლეს იაგო ხვიჩიამ.

მოსამართლე ევა გოცირიძე ასევე დაინტერესდა, იზიარებენ თუ არა მოსარჩელეები იმას, რომ მარიხუანას მოწევა არის ანტისოციალური მოვლენა და აზიანებს ოჯახის ინტერესებს.

იაგო ხვიჩია: “მომხმარებლები ვართ ჩვენც. თუ რამე არის ჩემში ანტისოციალური, ეს არაა დაკავშირებული მარიხუანას მოწევასთან. ჩემთვის ინტერესია ადამიანი და ეს არის თავისუფლების საკითხი. ჩვენ ეს საკითხი არ უნდა განვიხილოთ კოლექტიური მორალის ჭრილში.”

“ოჯახის ინტერესი ზიანდება თუ არა?” – ჩაეკითხა იაგო ხვიჩიას მოსამართლე. კამათში ზურაბ ჯაფარიძე ჩაერთო.

“მე გიპასუხებთ პირადი გამოცდილებიდან. მარიხუანას ვეწევი 17 წლიდან და მას ყოველ საღამოს მოვიხმარდი. 3 უმაღლესი მაქვს დასრულებული, ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებში და ერთი თვე წყვეტა არ მქონია, ლექციებს ვკითხულობდი, პარლამენტის წევრი ვიყავი და ახლა პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. პრობლემა იყო ჩემი მშობლებისთვის იმის ახსნა, რომ მათ ასეთი შვილი ჰყავთ,” – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

სარჩელს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: მაია კოპალეიშილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და მერაბ ტურავა.

 

მოსალოდნელია ხანმოკლე, ძლიერი წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 30-31 მაისს, ბათუმში დღისით მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით კი წვიმა და ჭექა-ქუხილი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი  
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 5-10 გრადუსი სითბო

ბოლო მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია.

მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა.

70 წლის ქალი ამბობს, რომ ძმა ემუქრება და საკუთარი სახლიდან წასვლას აიძულებს

70 წლის ლიანა გიორბელიძე სამი წელია საკუთარ სახლში ვერ მიდის. ამბობს, რომ მასზე ძმა ძალადობს. გიორბელიძე ძმის მხრიდან მუქარაზე, ფიზიკურ ძალადობასა და ჩუქების დოკუმენტზე ხელის იძულებით მოწერაზე საუბრობს. ბათუმში, ბაგრატიონის 55 ნომერში, ორსართულიანი სახლი, სადაც ლიანა გიორბელიძე და მისი ძმა ცხოვრობენ, მათი მშობლების მიერ არის აშენებული.

„სახლი ჩემი მშობლების საკუთრება იყო, როცა მამა გარდაიცვალა, სახლი ანდერძით ჩვენს უფროს და-ძმას ერგო. უფროსმა ძმამ, რომელიც იმ დროს რუსეთში ცხოვრობდა, თავისი წილი უმცროს ძმას მისცა, მე კი ჩემმა უფროსმა დამ მომცა თავისი წილი. ანდერძის მიხედვით, ორსართულიანი სახლი შუაზე უნდა გაყოფილიყო. 84/84-ზე“, – გვეუბნება ლიანა გიორბელიძე. მის ნათქვამს ლიანას და, ნაზი გიორბელიძეც ადასტურებს.

„მე ჩემი ბინა მქონდა, ამიტომ ჩემი წილი დას მივეცი. მოგვიანებით უმცროსმა ძმამ სახლის ზედა სართულის მითვისება გადაწყვიტა და დაზე ფიზიკური ძალადობა დაიწყო“, – გვეუბნება ნაზი გიორბელიძე.

და-ძმას შორის კონფლიქტზე საუბრობს ნაზის შვილი, ციცოც. მას ფიზიკური ძალადობის ერთი შემთხვევა ტელეფონითაც გადაუღია სასამართლოში წარსადგენად, თუმცა სასამართლომ ვიდეო საკმარის მტკიცებულებად არ მიიღო.

„სულ მემუქრება, სახლში ვერ მივდივარ, მეორე სართულზე ჩემს კუთვნილ ოთახში არ მიშვებს, მეუბნება, აქედან გადაგაფრენო. ერთხელ ყელში წამიჭირა და მახრჩობდა, ჩამიმტვრია ნეკნი“, – გვეუბნება ლიანა გიორბელიძე და ექიმის ცნობას გვაჩვენებს, რომლითაც დასტურდება, რომ ნეკნი ნამდვილად გაბზარული ჰქონდა.

„სასამართლომ არც ეს ცნობა მიიღო მტკიცებულებად. ძალადობასთან კავშირს ვერ ვადგენთო. აი, ასეთი სასამართლო გვაქვს. ექსპერტიზაზე დროულად ვერ მივედი, ჩემი დის და დისშვილის ჩვენებები, არც ვიდეო, არც პატრულის გამოძახების ფაქტები სასამართლომ არ გაითვალისწინა და ჩემი ძმა უდანაშაულოდ ცნო“, – ამბობს ლიანა გიორბელიძე.

ნაზი გიორბელიძე და მისი შვილი „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ ძმამ სახლის ნაწილის ჩუქების ხელშეკრულებაზე ლიანა გიორბელიძეს ხელი იძულებით მოაწერინა.

„მოიტანა რაღაც დოკუმენტი და მითხრა, მიწის გაყოფის დოკუმენტებია და ხელი მომიწერეო. არ წამაკითხა, ხომ გითხარი რაც არის და მოაწერეო. სათვალე არ მქონდა. როცა ვუთხარი წაკითხვის გარეშე არ მოვაწერ-მეთქი, მცემა, დამემუქრა და მაინც მომაწერინა.

შემდეგ გავარკვიე, რომ ჩემი წილი სახლის ნაწილი ზედა სართულზე გადაუფორმებია. მე კი სახლის პირველ სართულზე 31.40 კვადრატი, არაკომფორტული ოთახი დამრჩა,“-გვეუბება ლიანა გიორბელიძე.

მან საჯარო რეესტრში განცხადებაც დაწერა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო.

„ფართის ნაწილი უკვე გატარებული ჰქონდა რეესტრში“, –  ამბობს ლიანა გიორბელიძე. ის დოკუმენტზე ხელის იძულებით მოწერის გამო ძმას სასამართლოში უჩივის, თუმცა ლიანას სასამართლოს დიდი იმედი არ აქვს. „მარტოხელა ვარ, სოციალურად დაუცველი, პატრონი არ მყავს, ჩემს ძმას და მეორე ძმა უდგას მხარში, ადვოკატები ჰყავს“, – გვეუბნება ლიანა გიორბელიძე.

ლიანა გიორბელიძე ამბობს, რომ ნეკნის ძვალი ფიზიკური ძალადობის დროს გაებზარა

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტების მიხედვით ლიანა გიორბელიძე მიწის თანამესაკუთრედ მიიჩნევა, ამბობს, რომ ძმა არც მიწის გამოყენების უფლებას აძლევს.

„638 კვარდატული მეტრია მიწა და მწვანილის დათესვის უფლებასაც კი არ მაძლევენ. გადამიჭრა გაზი, წყალი, ყველანაირად მავიწროებს. უნდა, რომ იქ ვეღარ მივიდე“, – გვეუბნება ლიანა.

მან არაერთხელ მიმართა საპატრულო პოლიციასაც. „სახლში მისვლა მინდა და ვერ ვბედავ, მეშინია არ მცემოს, პოლიციას ვთხოვე, მიმყევით-მეთქი და უარი მითხრეს. თუ გცემა, დაგვირეკეო. თუ მცემა ან მომკლა მერე რად მინდა პოლიცია“, – ამბობს ის.

2015 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ სახლის ნაწილი გადაიფორმა, ლიანა გიორბელიძე  კანონით კუთვნილ ოთახშიც კი ვერ ათევს ღამეს და უფროს დასთან იმყოფება. ის ამბობს, რომ თავს დაუცველად გრძნობს სახელმწიფოს მხრიდანაც, რადგან არც სასამართლო და არც პოლიცია მის ინტერესებს არ იცავს, – „ყველა ძლიერის მხარესაა.“

„მთელი ცხოვრება მათ შევალიე. ჩემი ძმების შვილებს ვზრდიდი. ჩემი მშობლები წლების განმავლობაში ლოგინად იყვნენ ჩავარდნილი და  მე ვუვლიდი. ჩემი ძმები სანახავადაც კი არ მიდიოდნენ საავადმყოფოში. არც სახლში უზრუნიათ მათზე. მე ვზრუნავდი ოჯახზე, ჩემი შრომით გაკეთდა ეს სახლიც.

პირადი ცხოვრება არ მქონია, ამათ შევალიე ჩემი ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა, ახლა კი გარეთ მაგდებენ და საკუთარ ოთახში მშვიდად ცხოვრების უფლებასაც არ მაძლევენ“, – ამბობს ლიანა გიორბელიძე.

„ბათუმელებმა“ ლიანა გიორბელიძის უფროს ძმასთან, გურამ გიორბელიძესთან დაკავშირება მოახერხა. ის ამბობს, რომ ლიანა გიორბელიძე რამდენიმე წელია არ უნახავს და ძმის მხრიდან მასზე ძალადობისა და მუქარის ფაქტსაც უარყოფს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიდის თქვენი და თავის სახლში? გურამ გიორბელიძე ამბობს, რომ მას სახლში მისვლას არავინ უკრძალავს.

„მაგას სახლის ნაწილის გაყიდვა უნდოდა და ჩვენ ამის უფლება არ მივეცით. მას აქვს თავისი წილი, რომელიც ჩემმა ძმამ მოუწესრიგა – გაურემონტა და შეუძლია იქ იცხოვროს“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი ლიანა გიორბელიძეს სახლის გაყიდვა უნდოდა, რატომ აჩუქა მაშინ მის ძმას სახლის ნაწილი? გურამ გიორბელიძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„თვითონ მოაწერა ხელი“, – გვეუბნება ის. თუმცა რის სანაცვლოდ, ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

გაუქმდება თუ არა ჯარიმა მარიხუანას მოწევისთვის

მარიხუანას შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ მორიგი სარჩელის განხილვა დაიწყო. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მარიხუანას მოწევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმაც გაუქმდება.

აქამდე მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გააუქმა მარიხუანას მოხმარებაზე.

მოსარჩელეები ამ შემთხვევაში სადავოდ მიიჩნევენ სამართლებრივ ნორმას, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას.

მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს და მარიხუანის მოწევით შესაძლოა ზიანი მიადგეს მხოლოდ მის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

კონსტიტუციურ სარჩელში ასევე წერია, რომ „მარიხუანას მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს“.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

აჭარაში გამოავლინეს საამქრო, სადაც ფალსიფიცირებულ ლიმონათს ამზადებდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარაში ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ახორციელებდა ლიმონათის წარმოებას, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდა სხვა იურიდიული პირის სასაქონლო ნიშანს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული პროდუქციის ეტიკეტზე არსებული მახასიათებლები არ შეესაბამება შიგთავსს – პროდუქცია ფალსიფიცირებულია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ლიმონათი და ტარა.

გამოძიება მიმდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 197-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

მერია გარევაჭრობის აღსაკვეთად პოლიციასაც გამოიყენებს

ივნისის თვის დასაწყისიდან წერეთლისა და მის მიმდებარე ქუჩებზე გარევაჭრობის აღსაკვეთად, თუ საჭირო გახდა, მერია პოლიციასაც მიმართავს – აცხადებენ  ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში.

„რა თქმა უნდა, პოლიციაც ჩაერთვება კანონის ფარგლებში და უნდა აღიკვეთოს გარევაჭრობა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ტარიელ გოგიტიძემ, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტმა.

ტარიელ გოგიტიძის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩიდან მათ უკვე მიმართა 30-40-მდე გარემოვაჭრემ, რომლებიც მერიის შეთავაზებაზე თანხმდებიან და მზად არიან, გადავიდნენ ავტოსადგურ „მეტროს“ სავაჭრო ცენტრში.

„ამ ეტაპზე ვაფიქსირებთ ინფორმაციის სახით, რათა გვქონდეს მათი საკონტაქტო, შემდეგ მოვამზადებთ და გავაფორმებთ მათთან ხელშეკრულებებს… არის გარკვეული პროცედურები გასავლელი, ვიდრე საბოლოო შეთანხმება მოხდება. ეს პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და უკვე ივნისის თვის დასაწყისში გარევაჭრობის აღკვეთა დაიწყება“, – აცხადებს ტარიელ გოგიტიძე.

მისივე თქმით, ქალაქში ამ ეტაპზე არ განიხილება რომელიმე ადგილზე გარევაჭრობის დაშვება, ამიტომ „სხვა ალტერნატივაც ქალაქში არ არის და მხოლოდ მეტროს სადგურის ბაზრობა შევთავაზეთ გარემოვაჭრეებს“.

სერვისების სააგენტოში აცხადებენ, რომ ივნისის თვიდან არა მარტო წერეთლისა და მიმდებარე ქუჩების, არამედ, ეტაპობრივად, მონიტორინგი მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება, მათ შორის ისეთ ქუჩებზე, როგორიცაა პუშკინის, ჭავჭავაძის და სხვა ქუჩები.

„მონიტორინგი ეტაპობრივად შეეხება ქალაქის მთელს ტერიტორიაზე გარევაჭრობას, მაღაზიებს, სავაჭრო ობიექტებს, კაფე-ბარებს და ა.შ. ვისაც ნებართვა არ ექნება დაჯარიმდება. მაღაზიებს მოუწევთ ან შეტანა პროდუქციის ფართობში, ან გარეთ ლამაზად დახლის თუ რეკლამის სახით გაკეთება და იქ განთავსება პროდუქციის, ოღონდ აუცილებლად ნებართვით. პირველ ეტაპზე ყველას გავაფრთხილებთ – არა ერთხელ და არა ორჯერ, არამედ მრავალჯერ, ვივლით, არავის დავაჯარიმებთ, როგორც ახლა წერეთლის ქუჩაზე დღეში 4-5-ჯერ მივდივართ, ვეუბნებით, ვესაუბრებით…“ – ამბობს ტარიელ გოგიტიძე.

გარევაჭრობასთან დაკავშირებით მერიის გეგმებზე დღეს, 29 მაისს, საკრებულოში ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემაც ისაუბრა.

ამ თემაზე:

მერია გარემოვაჭრეებს ახალ ადგილზე ნებაყოფლობით გადასვლის შემთხვევაში 600 ლარს სთავაზობს

 

 

 

 

კომახიძე გარემოვაჭრეებს: დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად

„ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე გეტყვით აქ. დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად იმისთვის, რომ ეს იყოს რეკლამა, მოვიდეს ხალხი და იყიდოს თქვენგან. მეტი ვერაფრით ვეღარ დაგიდგებით გვერდით… ან უნდა გადახვიდეთ, ან უკვე ჩვენ მივმართავთ იმ ზომებს, რა ზომებითაც აღვკვეთთ იქ ყველაფერს“, – ამ სიტყვებით ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ იმ გარემოვაჭრეებს მიმართა, რომლებიც დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ.

წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებზე გარევაჭრობასთან დაკავშირებით, საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერმა იმ შეთავაზებებზე ისაუბრა, რასაც გარემოვაჭრეებს მერია, კომპანია „მეტროს“ ჩართულობით სთავაზობს.

„ძალიან დიდი არის საზოგადოების მოთხოვნა, სამართლიანი მოთხოვნა იმისათვის, რომ გარე ვაჭრობამ საბოლოოდ მიიღოს ნორმალური ჩარჩო და სახე და მოხდეს მისი გადატანა სადმე. ის, რაც ხდება წერეთლის ქუჩაზე და არამარტო წერეთლის ქუჩაზე, ის რაც ხდება ღამის საათებში, იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. ამას არ სჭირდება იმ ქუჩაზე ცხოვრება“, – აცხადებს ლაშა კომახიძე.

ბათუმის მერის განცხადებით, „არის მეორე მხარე, რომელსაც ჩვენ ძალიან განვიცდით: კი ბატონო, ეს არის ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა, მათი შემოსავალი, მათი ფინანსური მდგომარეობა“.

მიუხედავად ამისა, ბათუმის მერი აცხადებს, რომ „ქალაქში გვაქვს იმპორტირებული გარე ვაჭრობა. ხალხი რომელიც ააყენეს გორში, ზუგდიდში, ეს ხალხი ჩამოსულია აქ და როდესაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური იყო ადგილზე, მოვიდნენ ჯიპებით, მათ შორის მე ყველას არ ვგულისხმობ, მოვიდა ხალხი, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ და ხალხი მოიყვანეს ჩამჯდარი მანქანაში. ასეთი ფაქტებიც გვაქ. ამიტომ ეს თემა არის რთული თემა. აქ არის ერთმანეთის გვერდით, როგორც შეჭირვებული ადამიანი, ასევე, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმპორტი გვაქ სახეზე გარე ვაჭრობის… ეს უნდა დასრულდეს და ჩვენ ამას არ ვასრულებთ ისე, რომ არ გავითვალისწინოთ თქვენი მდგომარეობა“.

ბათუმის მერმა საკრებულოს სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მან შესთავაზა გარემოვაჭრეებს გაერთიანდნენ, იქირაონ ქალაქში ფართობები და ქირის გადახდაში თანამონაწილეობას მიიღებს მერია და ჩართავს კერძო სექტორსაც: „მზად ვარ შევიმუშაო პროგრამა, იქირაოთ ფართობი და დაგიმატოთ თანხა, კერძო სექტორსაც ჩავრთავთ, ოღონდ ეს იყოს მაღაზია… თქვენ გაქვთ შიში, რომ გოგოლის ქუჩაზე არ იქნება ხალხი და მე მესმის თქვენი… თუმცა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და დამატებით რა გინდათ, არ მოდიხართ [თანამშრომლობაზე], თქვენ გინდათ იქ ჯდომა და ეს გადაწყვეტილია – იქ ვერ დაჯდებით. ან ავწიოთ უნდა ყველაფერზე ხელი და ხვალ ზეგ იქ კიდევ უფრო მეტი და მეტი ანტისანიტარიის ბუდე [იქნება], ღამით ადამიანები ტელეფონზე ჩაწერილ ვიდეოებს მაჩვენებენ, ფანჯრიდან ვერ გამოუხედიათ და აქედან შეგინება და „შედი თავი არ დაგინახო გამოყოფილი, მიგაჭრი თავს“ დამუქრებები, ნასვამი ადამიანები საკუთარ სავაჭრო ადგილებში… ის, რაც იქ ხდება შეუძლებელია გაგრძელდეს. ამიტომ ჩვენაც გვინდა მაქსიმალურად დაგიდგეთ გვერდით და მოგვეცით საშუალება“.

საკრებულოს სხდომაზე მისული გარემოვაჭრეების თქმით, მათთვის მიუღებელია ადგილი, სადაც მათ გადასვლას მერია სთავაზობს – „მეტროს“ ავტოსადგურის მიმდებარედ არსებული სავაჭრო ცენტრი გოგოლის ქუჩაზე. გარემოვაჭრეების მოთხოვნაა ალტერნატიული ადგილი მერიამ ხალხმრავალ ადგილებში შესთავაზოს.

ამავე თემაზე:

მერია გარემოვაჭრეებს ახალ ადგილზე ნებაყოფლობით გადასვლის შემთხვევაში 600 ლარს სთავაზობს

 

„ისე შენ დედას შ…“ – მოქალაქის გინებისთვის საკონსტიტუციოს მოსამართლეს შეიძლება უფლებამოსილება შეუწყდეს

„ისე შენი დედას შ… რამდენი შენ სიმართლეს ლაპარკობ,“ – მოქალაქე გია ფაცურია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში მას ზუსტად ამ სიტყვებით მიმართა.

გია ფაცურია სოციალურ ქსელში წერს, რომ მან 2017 წლის 4 ივლისს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული სარჩელით. სარჩელის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია სასამართლოს. გია ფაცურია განმარტავს, რომ ფეისბუქში სასამართლოს მიერ საყვედური გამოხატვის შემდეგ, მოსამართლემ საჯაროდ შეურაცხყო.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა არ უპასუხა. თავისი პოზიცია ამ დრომდე არც საკონსტიტუციო სასამართლოს გამოუხატავს. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომენტარს არც ერთი მოსამართლე არ გააკეთებს.

მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი ონლაინგამოცემა „გურია ნიუსთან“ ადასტურებს, რომ მოქალაქეს სოციალურ ქსელში თავად შეაგინა. „მანდ სამართლებრივი მხარე არაფერ შუაშია. აქ წმინდა ადამიანური მხარეა. მომაყენა შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ, პირველ რიგში, არის ღირსება და მერე დანარჩენი ყველაფერი,“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ „გურია ნიუსს“.

„მოსამართლეს აქვს თმენის ვალდებულება. ასეთი ქმედება აზიანებს, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველ ორგანოს,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. იგი განმარტავს, რომ გინება სოციალურ ქსელში შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. ეს საკითხი სადისციპლინო კომისიამ უნდა განიხილოს, საბოლოო გადაწყვეტილება კი პლენუმმა უნდა მიიღოს.

რას ნიშნავს ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს დუმილი? – გიორგი გოცირიძე ფიქრობს, რომ სასამართლომ საზოგადოებას ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდოს, „თუმცა დუმილი არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა გარკვეული პროცედურები დაიწყო სასამართლომ და შეიძლება დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს“.

2017 წლის 20 დეკემბერს პარლამენტში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს – ნიკა მელიას შეაგინა.

 

1183 კვ/მეტრი ტერიტორია ანბანის კოშკთან მერიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფანკლუბის მოსაწყობად გასცა

შპს „ბმ გრუპი“ ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, გეგმავს გააკეთოს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფანკლუბი, რომელიც წელს რუსეთში ტარდება და 14 ივნისს იწყება. კომპანიამ ამისათვის ბათუმის მერიას საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკთან 1183 კვადრატულ მეტრი ტერიტორია და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სთხოვა.

საკითხი მერიამ მოიწონა და საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. იდეას დღეს საკრებულოც დასთანხმდა.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოაწყობენ  სივრცეს, სადაც ადგილობრივებსა და ტურისტებს საშუალება ექნებათ ღია ცის ქვეშ, დიდ მონიტორზე ადევნონ თვალი საფეხბურთო მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს.

პროექტის ფარგლებში ჩემპიონატის რვა ფავორიტი ნაკრების [ბრაზილია, არგენტინა, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, ბელგია, პორტუგალია] ფანკლუბების შექმნაა დაგეგმილი. ყველა ფანკლუბს ექნება ინდივიდუალური სივრცე, სადაც თვალს ადევნებენ საყვარელი ნაკრების თამაშს.

იდეის ავტორი გეგმავს სპორტული და ინტელექტუალური თამაშების მოწყობას ფანკლუბებს შორის, ასევე მოეწყობა ფანების მსვლელობები ქალაქში.

ამ ყველაფრისთვის კომპანიამ 7 ივნისიდან 17 ივლისამდე პერიოდში ბათუმის მერიისგან საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკთან 1183 კვადრატული მეტრი ტერიტორია და მუნიციპალური ქონება – ჯიხურებ, მაგიდები და სკამებს იჯარის წესით, სარგებლობის უფლებით მიიღო. სანაცვლოდ კომპანია ბიუჯეტში 7000 ლარს შეიტანს.

კომპანია „ბმ გრუპი“ 2018 წლის მაისში კახაბერ გოგეშვილმა დააფუძნა.

 

ბსუ-ში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს 29 მაისს, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გვატყობინებს, ცენტრი Erasmus+ -ის საგრანტო პროექტის -„InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education – ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს საინჟინრო სწავლებაში თანამედროვე სამეწარმეო მიდგომების დანერგვას, ინოვაციური კომპეტენციების განვითარებას, სტარტაპებისა და სპინოფების ჩამოყალიბებას.

ინოვაციების ცენტრში შეისწავლება თემები:

1.გუნდის ჩამოყალიბებისა და მოვალეობების გადანაწილების თანამედროვე პრინციპები;

2.მენტორობის განხორციელების ფორმები;

3.თანამედროვე სამეწარმეო მიდგომები საინჟინრო სწავლებაში;

4.ინოვაციური კომპეტენციების განვითარების ხერხები;

5.სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციების დანერგვის საკითხები;

6.ინოვაციური იდეებისა და პროექტების დაფინანსების წყაროების მოძიების საშუალებები;

7.სტარტაპებისა და სპინოფების ჩამოყალიბება.

ინოვაციების ცენტრში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:

კვლევითი ინკუბატორების მუშაობის ძირითადი პრინციპების გამოყენებით სამუშაო ჯგუფების ფორმირება;

ჯგუფში მუშაობის წარმართვა ინოვაციური პედაგოგიკის ძირითადი პრინციპების გამოყენებით;

FINCODA-ს კომპიუტერული სისტემის – „ფინკოდა ბარომეტრით“ განვითარდება და შეფასდება ინოვაციური კომპეტენციები;

კომპიუტერული სისტემის – HEINNOVATIVE-ის გამოყენებით შეისწავლება და შეფასდება საგანმანათლებლო პროგრამის, სასწვლო ჯგუფებისა და სხვა ინსტიტუციების ინოვაციური პოტენციალი;

ინოვაციური პედაგოგიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით მომზადებული სილაბუსების (მეწარმეობა ინჟინრებისათვის, ინოვაციური სისტემები) მიხედვით ჩატარდება ლექციები.

ბსუს-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინოვაციის ცენტრის გახსნას ესწრებოდა ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნეს მენეჯერი იზრაელ გრიოლ ბარესი.

 

ბათუმში მოკლული ორი ბიჭის საქმის განხილვა სასამართლომ დახურა

ბათუმში ორი ბიჭის მკვლელობის საქმე დახურულად გამოცხადდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მიიღო.

საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული 19 წლის გიორგი ხაჭაპურიძისა და 25 წლის ზვიად სახლთხუციშვილის ცხედრები ნაქირავებ ბინაში 8 აგვისტოს იპოვეს. განზრახ მკვლელობას გამოძიება ორ პირს ედავება. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა „კისრის არეში ხელის მიჭერის და სასუნთქი გზის გადაკეტვით მოხდა“.

ბრალდებულები ნიკა ბახტაძე და რუსლან ბედიევი ბრალს არ აღიარებენ. ისინი თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან.

ამ საქმის არსებითი განხილვა დღეს, 29 მაისს დაიწყო. მოსამართლემ ბრალდებულებს პროკურატურის დაზუსტებული ინფორმაცია ბრალის შესახებ კიდევ ერთხელ წაუკითხა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების დროს თავდაპირველად გიორგი ხაჭაპურიძე მოკლეს, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლეს ზვიად სახლთხუციშვილი.

“სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” – მოსამართლის შეკითხვას დღევანდელ პროცესზე ორივე ბრალდებულმა ერთნაირად უპასუხა: “ვიყენებ დუმილის უფლებას”.

ბრალდებულებს მოსამართლემ განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე ელით თავისუფლების აღკვეთა.

პროკურორებმა შესავალი სიტყვის თქმამდე სასამართლო სხდომის სრულად დახურვის შესახებ დააყენეს შუამდგომლობა. მათი განმარტებით, მტკიცებულებების გამოკვლევა, ასევე შესავალი და დასკვნითი სიტყვები პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავს, “რომლის საზოგადოებაში გავრცელება მიზანშეუწონელია,” – თქვა პროკურორმა გიორგი რამიშვილმა.

“არ ვეთანხმები სხდომის დახურვას. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ორიენტაცია. ორიენტაციის გარკვევა არ არის ჩვენი მიზანი,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. მისი თქმით, პროკურატურა დოკუმენტაციის ფალსიფიკაციას ახდენს და ამის დამალვა უნდა საზოგადოებისთვის.

ვიდრე მოსამართლე სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში გარდაცვლილების სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრობს.

ადვოკატი აქცენტს აკეთებს ასევე სატელეფონო ჩანაწერზე, რაც ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ბრალდებულების წინააღმდეგ. ადვოკატი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი მოსამართლის ნებართვის გარეშე და კანონის დარღვევით არის მოპოვებული.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თქვა, რომ ღია მხოლოდ დასკვნითი სიტყვის ეტაპი იქნება. დასკვნით სიტყვებს მხარეები მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამბობენ.

სასამართლო სხდომას გარდაცვლილის ახლობლები არ ესწრებოდნენ. სხდომა უკომენტაროდ დატოვეს ბრალდებულების ახლობლებმა.

პროკურატურა ლეოგრანდის საქმეზე: ხანძარი ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდის” საქვაბე ოთახში ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია…” – ეს ფრაზა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა საბრალდებო დასკვნიდან ამოიკითხა.

„ლეოგრანდის საქმეზე“ დღეს, 29 მაისს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არსებითი განხილვა დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

“ბრალის დადასტურების შემთხვევაში ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით,” – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულებს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხანძარი თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც “თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო.” ასევე არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო.

“სასტუმრო სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა,” – აღნიშნულია საბრალდებო დასკვნაში.

პროკურატურის მტკიცებით სახანძრო უსაფრთხოებაზე კონტროლი შრომის შინაგანაწესის მიხედვით ბრალდებულებს – გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იავუზს ევალებოდა.

“ჩვენ ამოვიღეთ კომპიუტერებიც, საიდანაც ჩანს, რომ ხმოვანი სიგნალიც არ ჩართულა,” – თქვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

“სადაც ცეცხლი გაჩნდა, იმ ოთახთან არანაირი შეხება არ ჰქონია გიორგი მიქელაძეს. დაუდევრობა გახდა ამ ხანძრის მიზეზი და დადგენილი არ არის, რომ გიორგი მიქელაძემ მოისროლა საქვაბეში თამბაქო,” – თქვა პაატა ბოლქვაძემ. იგი ბრალდებულების ინტერესებს იცავს.

ადვოკატმა თავის შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დოკუმენტაციის მიხედვით გიორგი მიქელაძე კონკრეტულ საწყობზე იყო პასუხისმგებელი, სადაც საღებავი ინახებოდა “და ეს საღებავები ხანძარს გადაურჩა,” – აღნიშნა პაატა ბოლქვაძემ.

დაცვის მხარემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ სასტუმრო “ლეოგრანდში” ბრალდებულ გიორგი მიქელაძეს დაქვემდებარებული პირი არ არსებობდა: “მაჩვენეთ ერთი ადამიანი, ვინც გიორგი მიქელაძეზე იყო დაქვემდებარებული. ასეთი ადამიანი სასტუმროში არ არსებობდა… საქვაბეზე სხვა პირი იყო პასუხისმგებელი,” – დასძინა ადვოკატმა.

სასამართლოს უშუალოდ მიმართა მეორე ბრალდებულმაც – ფათიჰ იავუზმა. იგი “ლეოგრანდში” ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

“მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. ელექტრონულ სისტემას ხარვეზი არ ჰქონდა და ამის შესახებ მე თვითონ მივაწოდე ინფორმაცია პროკურორს. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მუშაობდა”, – თქვა ფათიჰ იავუზმა.

შემდეგ სხდომაზე სასამართლო “ლეოგრანდის” საქმეზე მოწმეების ჩვენებებს მოისმენს.

 

საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში [ანონსი]

30 მაისიდან პირველ ივნისამდე ბათუმში, საბილიარდო კლუბ „პირამიდაში“, საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში, სახეობა – „თავისუფალი პირამიდა“.

საბილიარდო კლუბი „პირამიდა“ მდებარეობს ტ.აბუსერიძის 73 ნომერში.

Exit mobile version