ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე საპირფარეშო ბათუმის მერიის ა(ა)იპი ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის აპრილში გაიტანა. საწყისი ფასი 1160 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი კი – 116 ლარი, ელექტრონულ ვაჭრობაზე ეს თანხა 12 064 ლარზე ავიდა. მყიდველმა ის ათწლიანი სარგებლობის უფლებით შეისყიდა.
აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მყიდველმა საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველზე უნდა განახორციელოს საპირფარეშოს სარემონტო სამუშაოები, უზრუნველყოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და შეინარჩუნოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც მიიღო [სათანადო ცვეთა მხედველობაში არ მიიღება].
იჯარის უფლების მქონე ვალდებულია, ასევე, მომსახურების ღირებულება შეინარჩუნოს [მაქსიმუმ 50 თეთრი], ასევე არანაკლებ სამი წლის ვადით დაასაქმოს ცენტრალურ პარკში საპირფარეშოში მომუშავე თანამშრომლებიდან საჭირო რაოდენობის თანამშრომელი. მან უნდა უზრუნველყოს ასევე საპირფარეშოს გამართული მუშაობა ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 12 საათამდე.
გასულ კვირას იმავე საპირფარეშოს აუქციონზე გატანის მიზნით ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გოგა ლომაძემ საკრებულოში წარადგინა საკითხი საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ. მას საკრებულოს წევრებისთვის არ აუხსნია, რატომ ყიდის მერია უკვე გაყიდულ ქონებას მეორედ, არც საკრებულოს წევრები დაინტერესებულან, მათ საკითხს მხარი დაუჭირეს.
ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ ბათუმის მერიაში გვიპასუხეს, რომ საპირფარეშო ფიზიკურმა პირმა მირანდა დუმბაძემ შეისყიდა, რომელმაც შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა. რა გახდა უარის თქმის მიზეზი, მაშინ, როცა მან ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე საპირფარეშო მაღალი კონკურენციის პირობებში შეისყიდა, მერიაში ამბობენ, რომ „მან ფასი არარეალურად გაზარდა“.
„ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“ ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით, გააუქმეს, ამიტომ ქონებას გასასხვისებლად აუქციონზე ხელმეორედ მერია გაიტანს.