მთავარი,სიახლეები

როგორ აითვისა McDonald’s-მა ფეხით მოსიარულეთა სივრცე ევროპის მოედანთან

30.05.2018 • 4415
როგორ აითვისა McDonald’s-მა ფეხით მოსიარულეთა სივრცე ევროპის მოედანთან

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ის გახსნა მაისში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც კომპანიაში გვითხრეს, ობიექტის გახსნა გადაიდო: „ზუსტად არ არის დადგენილი, თუმცა გახსნა გადატანილია 6 ივნისისთვის“.

ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, სადაც ბათუმში „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნი უნდა გაიხსნას, ამჯერად სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპანია „თ და კ რესტორნებმა“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ევროპის მოედანთან 142 კვ/მ ტერიტორიის იჯარით აღებაზე ბათუმის მერიას მიმდინარე წლის იანვარში მიმართა. მერიამ აღნიშნული ტერიტორია კომპანიას 20-წლიანი იჯარით უკვე გადასცა. წლიური საიჯარო ქირა კი 15 500 ლარი იქნება.

იჯარით გადაცემულ ნაკვეთსა და შენობას [სადაც რესტორანი განთავსდება] შორის არსებული ტერიტორია, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაშია. ეს ტერიტორია [ფაქტობრივად, ტროტუარი] კომპანიამ ბეტონით აამაღლა – თუ ადრე შენობაში შესასვლელად კიბის ორი საფეხურის ავლა იყო საჭირო, ახლა ტროტუარიდან შენობაში კიბის გარეშე შედიხარ.

იჯარით აღებულ ტერიტორიაზე კი კომპანია „საზაფხულო, ევროპული სტანდარტების ტერასას“ აწყობს. ტერასა და ამაღლებული ტროტუარი კი, მთლიანად კეტავს გასასვლელს ევროპის მოედანსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის.

ბათუმი, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ევროპის მოედანთან გასასვლელი, სადაც McDonald’s-ი იხსნება / 30.05.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ამავე თემაზე:

როდის გაიხსნება McDonald’s-ი ევროპის მოედანთან 

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ი გაიხსნება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: