მთავარი,სიახლეები

ხულოს მერი უარყოფს ენმ-ის ინფორმაციას მერიის შენობაში მუსლიმური სასწავლებლის გახსნაზე

31.05.2018 • 2583
ხულოს მერი უარყოფს ენმ-ის ინფორმაციას მერიის შენობაში მუსლიმური სასწავლებლის გახსნაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ხულოს მერიის შენობის გასხვისებას აპირებს.

ასმათ დიასამიძის თქმით, შენობის შესყიდვას თურქული კომპანია „მეტრო ჯორჯია“ აპირებს, სადაც ის სასულიერო სასწავლებლის გახსნას გეგმავს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მერიის შენობის გასხვისება იგეგმება. როგორც ვიცით, ამ შენობის ყიდვას კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ მფლობელი აპირებს და ის შენობაში თურქული სასწავლებლის გახსნას გეგმავს.

ვფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემა, რადგან ამ კომპანიამ ბათუმის ახალ ბულვარში გახსნა სასწავლებელი, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას, არის დახურული ორგანიზაცია და ეს არის პრობლემა“, – ამბობს ასმათ დიასამიძე.

ასმათ დიასამიძის თქმით, ხულოს ცენტრში გაიხსნა ორსართულიანი მუსლიმური სკოლა-პანსიონი გოგონებისთვის და დამატებით კიდევ იგეგმება ახალი სასწავლებლის გახსნა.

ასმათ დიასამიძემ აღნიშნული განცხადება დღეს, 31 მაისს, პარტიის ოფისში გააკეთა.

„ბათუმელები“ ხულოს მერს, გოჩა მელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხულოს მერიისთვის განკუთვნილი შენობის რეკონსტუქციის პროცესი უკვე დაიწყო.

„მერიის შენობა უნდა განთავსდეს ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, რომლის მშენებლობა-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. შენობას დაემატება ერთი სართული და ფლიგელები. ამ ყველაფერს აკეთებს კომპანია „მეტრო ჯორჯია“.

რაც შეეხება მერიის ახლანდელ შენობას, ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, უნდა შევხედოთ როგორი იქნება პრიორიტეტები. ათასნაირი ჭორი აგორდა, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მერიის ახლანდელი შენობა არის სახელმწიფოს საკუთრებაში და ჯერ მისი საკითხი გადაწყვეტილი არ არის“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ აპირებს მერია შენობის კომპანიისთვის გადაცემას, გოჩა მელაძე ამბობს, რომ არა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ ნეგატიური კონტექსტი მისცეს ამას, არ არის საუბარი იმაზე, რომ შენობა კომპანიას გადაეცეს, ეს არის სიცრუე. ეს არის კომპანიისგან მეგობრული ჟესტი და მზაობა მაღალმთიანი რეგიონის მხარდაჭერის მიზნით გააკეთოს ეს“, – ამბობს ხულოს მერი.

ხულოს მერიისთვის კომპანია „მეტრო ჯორჯია“ ახალი შენობის აშენებას უსასყიდლოდ რომ აპირებს, ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობამ 22 მაისს გაავრცელა.

ზურაბ პატარაძე, ახალი შენობის მშენებლობის პრეზენტაციის დროს.
ფოტო: მთავრობის ფეისბუქიდან

ზურაბ პატარაძე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ხულოში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობას ააშენებდა მერიისთვის, სადაც  მერიის გარდა სხვა ადმინისტრაციული დაწესებულებებიც განთავსდებოდა.

მაშინ, „ბათუმელებს“ მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, რომ კომპანია მერიის შენობას უსასყიდლოდ, ქველმოქმედების მიზნით ააშენებდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: