მთავარი,სიახლეები

70 წლის ქალი ამბობს, რომ ძმა ემუქრება და საკუთარი სახლიდან წასვლას აიძულებს

30.05.2018 • 3579
70 წლის ქალი ამბობს, რომ ძმა ემუქრება და საკუთარი სახლიდან წასვლას აიძულებს

70 წლის ლიანა გიორბელიძე სამი წელია საკუთარ სახლში ვერ მიდის. ამბობს, რომ მასზე ძმა ძალადობს. გიორბელიძე ძმის მხრიდან მუქარაზე, ფიზიკურ ძალადობასა და ჩუქების დოკუმენტზე ხელის იძულებით მოწერაზე საუბრობს. ბათუმში, ბაგრატიონის 55 ნომერში, ორსართულიანი სახლი, სადაც ლიანა გიორბელიძე და მისი ძმა ცხოვრობენ, მათი მშობლების მიერ არის აშენებული.

„სახლი ჩემი მშობლების საკუთრება იყო, როცა მამა გარდაიცვალა, სახლი ანდერძით ჩვენს უფროს და-ძმას ერგო. უფროსმა ძმამ, რომელიც იმ დროს რუსეთში ცხოვრობდა, თავისი წილი უმცროს ძმას მისცა, მე კი ჩემმა უფროსმა დამ მომცა თავისი წილი. ანდერძის მიხედვით, ორსართულიანი სახლი შუაზე უნდა გაყოფილიყო. 84/84-ზე“, – გვეუბნება ლიანა გიორბელიძე. მის ნათქვამს ლიანას და, ნაზი გიორბელიძეც ადასტურებს.

„მე ჩემი ბინა მქონდა, ამიტომ ჩემი წილი დას მივეცი. მოგვიანებით უმცროსმა ძმამ სახლის ზედა სართულის მითვისება გადაწყვიტა და დაზე ფიზიკური ძალადობა დაიწყო“, – გვეუბნება ნაზი გიორბელიძე.

და-ძმას შორის კონფლიქტზე საუბრობს ნაზის შვილი, ციცოც. მას ფიზიკური ძალადობის ერთი შემთხვევა ტელეფონითაც გადაუღია სასამართლოში წარსადგენად, თუმცა სასამართლომ ვიდეო საკმარის მტკიცებულებად არ მიიღო.

„სულ მემუქრება, სახლში ვერ მივდივარ, მეორე სართულზე ჩემს კუთვნილ ოთახში არ მიშვებს, მეუბნება, აქედან გადაგაფრენო. ერთხელ ყელში წამიჭირა და მახრჩობდა, ჩამიმტვრია ნეკნი“, – გვეუბნება ლიანა გიორბელიძე და ექიმის ცნობას გვაჩვენებს, რომლითაც დასტურდება, რომ ნეკნი ნამდვილად გაბზარული ჰქონდა.

„სასამართლომ არც ეს ცნობა მიიღო მტკიცებულებად. ძალადობასთან კავშირს ვერ ვადგენთო. აი, ასეთი სასამართლო გვაქვს. ექსპერტიზაზე დროულად ვერ მივედი, ჩემი დის და დისშვილის ჩვენებები, არც ვიდეო, არც პატრულის გამოძახების ფაქტები სასამართლომ არ გაითვალისწინა და ჩემი ძმა უდანაშაულოდ ცნო“, – ამბობს ლიანა გიორბელიძე.

ნაზი გიორბელიძე და მისი შვილი „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ ძმამ სახლის ნაწილის ჩუქების ხელშეკრულებაზე ლიანა გიორბელიძეს ხელი იძულებით მოაწერინა.

„მოიტანა რაღაც დოკუმენტი და მითხრა, მიწის გაყოფის დოკუმენტებია და ხელი მომიწერეო. არ წამაკითხა, ხომ გითხარი რაც არის და მოაწერეო. სათვალე არ მქონდა. როცა ვუთხარი წაკითხვის გარეშე არ მოვაწერ-მეთქი, მცემა, დამემუქრა და მაინც მომაწერინა.

შემდეგ გავარკვიე, რომ ჩემი წილი სახლის ნაწილი ზედა სართულზე გადაუფორმებია. მე კი სახლის პირველ სართულზე 31.40 კვადრატი, არაკომფორტული ოთახი დამრჩა,“-გვეუბება ლიანა გიორბელიძე.

მან საჯარო რეესტრში განცხადებაც დაწერა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო.

„ფართის ნაწილი უკვე გატარებული ჰქონდა რეესტრში“, –  ამბობს ლიანა გიორბელიძე. ის დოკუმენტზე ხელის იძულებით მოწერის გამო ძმას სასამართლოში უჩივის, თუმცა ლიანას სასამართლოს დიდი იმედი არ აქვს. „მარტოხელა ვარ, სოციალურად დაუცველი, პატრონი არ მყავს, ჩემს ძმას და მეორე ძმა უდგას მხარში, ადვოკატები ჰყავს“, – გვეუბნება ლიანა გიორბელიძე.

ლიანა გიორბელიძე ამბობს, რომ ნეკნის ძვალი ფიზიკური ძალადობის დროს გაებზარა

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტების მიხედვით ლიანა გიორბელიძე მიწის თანამესაკუთრედ მიიჩნევა, ამბობს, რომ ძმა არც მიწის გამოყენების უფლებას აძლევს.

„638 კვარდატული მეტრია მიწა და მწვანილის დათესვის უფლებასაც კი არ მაძლევენ. გადამიჭრა გაზი, წყალი, ყველანაირად მავიწროებს. უნდა, რომ იქ ვეღარ მივიდე“, – გვეუბნება ლიანა.

მან არაერთხელ მიმართა საპატრულო პოლიციასაც. „სახლში მისვლა მინდა და ვერ ვბედავ, მეშინია არ მცემოს, პოლიციას ვთხოვე, მიმყევით-მეთქი და უარი მითხრეს. თუ გცემა, დაგვირეკეო. თუ მცემა ან მომკლა მერე რად მინდა პოლიცია“, – ამბობს ის.

2015 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ სახლის ნაწილი გადაიფორმა, ლიანა გიორბელიძე  კანონით კუთვნილ ოთახშიც კი ვერ ათევს ღამეს და უფროს დასთან იმყოფება. ის ამბობს, რომ თავს დაუცველად გრძნობს სახელმწიფოს მხრიდანაც, რადგან არც სასამართლო და არც პოლიცია მის ინტერესებს არ იცავს, – „ყველა ძლიერის მხარესაა.“

„მთელი ცხოვრება მათ შევალიე. ჩემი ძმების შვილებს ვზრდიდი. ჩემი მშობლები წლების განმავლობაში ლოგინად იყვნენ ჩავარდნილი და  მე ვუვლიდი. ჩემი ძმები სანახავადაც კი არ მიდიოდნენ საავადმყოფოში. არც სახლში უზრუნიათ მათზე. მე ვზრუნავდი ოჯახზე, ჩემი შრომით გაკეთდა ეს სახლიც.

პირადი ცხოვრება არ მქონია, ამათ შევალიე ჩემი ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა, ახლა კი გარეთ მაგდებენ და საკუთარ ოთახში მშვიდად ცხოვრების უფლებასაც არ მაძლევენ“, – ამბობს ლიანა გიორბელიძე.

„ბათუმელებმა“ ლიანა გიორბელიძის უფროს ძმასთან, გურამ გიორბელიძესთან დაკავშირება მოახერხა. ის ამბობს, რომ ლიანა გიორბელიძე რამდენიმე წელია არ უნახავს და ძმის მხრიდან მასზე ძალადობისა და მუქარის ფაქტსაც უარყოფს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიდის თქვენი და თავის სახლში? გურამ გიორბელიძე ამბობს, რომ მას სახლში მისვლას არავინ უკრძალავს.

„მაგას სახლის ნაწილის გაყიდვა უნდოდა და ჩვენ ამის უფლება არ მივეცით. მას აქვს თავისი წილი, რომელიც ჩემმა ძმამ მოუწესრიგა – გაურემონტა და შეუძლია იქ იცხოვროს“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი ლიანა გიორბელიძეს სახლის გაყიდვა უნდოდა, რატომ აჩუქა მაშინ მის ძმას სახლის ნაწილი? გურამ გიორბელიძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„თვითონ მოაწერა ხელი“, – გვეუბნება ის. თუმცა რის სანაცვლოდ, ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: