ნეტგაზეთი • RU

„ისე შენ დედას შ…“ – მოქალაქის გინებისთვის საკონსტიტუციოს მოსამართლეს შეიძლება უფლებამოსილება შეუწყდეს

„ისე შენი დედას შ… რამდენი შენ სიმართლეს ლაპარკობ,“ – მოქალაქე გია ფაცურია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში მას ზუსტად ამ სიტყვებით მიმართა.

გია ფაცურია სოციალურ ქსელში წერს, რომ მან 2017 წლის 4 ივლისს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული სარჩელით. სარჩელის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია სასამართლოს. გია ფაცურია განმარტავს, რომ ფეისბუქში სასამართლოს მიერ საყვედური გამოხატვის შემდეგ, მოსამართლემ საჯაროდ შეურაცხყო.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა არ უპასუხა. თავისი პოზიცია ამ დრომდე არც საკონსტიტუციო სასამართლოს გამოუხატავს. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომენტარს არც ერთი მოსამართლე არ გააკეთებს.

მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი ონლაინგამოცემა „გურია ნიუსთან“ ადასტურებს, რომ მოქალაქეს სოციალურ ქსელში თავად შეაგინა. „მანდ სამართლებრივი მხარე არაფერ შუაშია. აქ წმინდა ადამიანური მხარეა. მომაყენა შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ, პირველ რიგში, არის ღირსება და მერე დანარჩენი ყველაფერი,“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ „გურია ნიუსს“.

„მოსამართლეს აქვს თმენის ვალდებულება. ასეთი ქმედება აზიანებს, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველ ორგანოს,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. იგი განმარტავს, რომ გინება სოციალურ ქსელში შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. ეს საკითხი სადისციპლინო კომისიამ უნდა განიხილოს, საბოლოო გადაწყვეტილება კი პლენუმმა უნდა მიიღოს.

რას ნიშნავს ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს დუმილი? – გიორგი გოცირიძე ფიქრობს, რომ სასამართლომ საზოგადოებას ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდოს, „თუმცა დუმილი არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა გარკვეული პროცედურები დაიწყო სასამართლომ და შეიძლება დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს“.

2017 წლის 20 დეკემბერს პარლამენტში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს – ნიკა მელიას შეაგინა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი