მთავარი,სიახლეები

მერია გარევაჭრობის აღსაკვეთად პოლიციასაც გამოიყენებს

29.05.2018
მერია გარევაჭრობის აღსაკვეთად პოლიციასაც გამოიყენებს

ივნისის თვის დასაწყისიდან წერეთლისა და მის მიმდებარე ქუჩებზე გარევაჭრობის აღსაკვეთად, თუ საჭირო გახდა, მერია პოლიციასაც მიმართავს – აცხადებენ  ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში.

„რა თქმა უნდა, პოლიციაც ჩაერთვება კანონის ფარგლებში და უნდა აღიკვეთოს გარევაჭრობა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ტარიელ გოგიტიძემ, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტმა.

ტარიელ გოგიტიძის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩიდან მათ უკვე მიმართა 30-40-მდე გარემოვაჭრემ, რომლებიც მერიის შეთავაზებაზე თანხმდებიან და მზად არიან, გადავიდნენ ავტოსადგურ „მეტროს“ სავაჭრო ცენტრში.

„ამ ეტაპზე ვაფიქსირებთ ინფორმაციის სახით, რათა გვქონდეს მათი საკონტაქტო, შემდეგ მოვამზადებთ და გავაფორმებთ მათთან ხელშეკრულებებს… არის გარკვეული პროცედურები გასავლელი, ვიდრე საბოლოო შეთანხმება მოხდება. ეს პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და უკვე ივნისის თვის დასაწყისში გარევაჭრობის აღკვეთა დაიწყება“, – აცხადებს ტარიელ გოგიტიძე.

მისივე თქმით, ქალაქში ამ ეტაპზე არ განიხილება რომელიმე ადგილზე გარევაჭრობის დაშვება, ამიტომ „სხვა ალტერნატივაც ქალაქში არ არის და მხოლოდ მეტროს სადგურის ბაზრობა შევთავაზეთ გარემოვაჭრეებს“.

სერვისების სააგენტოში აცხადებენ, რომ ივნისის თვიდან არა მარტო წერეთლისა და მიმდებარე ქუჩების, არამედ, ეტაპობრივად, მონიტორინგი მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება, მათ შორის ისეთ ქუჩებზე, როგორიცაა პუშკინის, ჭავჭავაძის და სხვა ქუჩები.

„მონიტორინგი ეტაპობრივად შეეხება ქალაქის მთელს ტერიტორიაზე გარევაჭრობას, მაღაზიებს, სავაჭრო ობიექტებს, კაფე-ბარებს და ა.შ. ვისაც ნებართვა არ ექნება დაჯარიმდება. მაღაზიებს მოუწევთ ან შეტანა პროდუქციის ფართობში, ან გარეთ ლამაზად დახლის თუ რეკლამის სახით გაკეთება და იქ განთავსება პროდუქციის, ოღონდ აუცილებლად ნებართვით. პირველ ეტაპზე ყველას გავაფრთხილებთ – არა ერთხელ და არა ორჯერ, არამედ მრავალჯერ, ვივლით, არავის დავაჯარიმებთ, როგორც ახლა წერეთლის ქუჩაზე დღეში 4-5-ჯერ მივდივართ, ვეუბნებით, ვესაუბრებით…“ – ამბობს ტარიელ გოგიტიძე.

გარევაჭრობასთან დაკავშირებით მერიის გეგმებზე დღეს, 29 მაისს, საკრებულოში ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემაც ისაუბრა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/138580/

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: