მთავარი,სიახლეები

კომახიძე გარემოვაჭრეებს: დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად

29.05.2018 • 4707
კომახიძე გარემოვაჭრეებს: დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად

„ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე გეტყვით აქ. დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად იმისთვის, რომ ეს იყოს რეკლამა, მოვიდეს ხალხი და იყიდოს თქვენგან. მეტი ვერაფრით ვეღარ დაგიდგებით გვერდით… ან უნდა გადახვიდეთ, ან უკვე ჩვენ მივმართავთ იმ ზომებს, რა ზომებითაც აღვკვეთთ იქ ყველაფერს“, – ამ სიტყვებით ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ იმ გარემოვაჭრეებს მიმართა, რომლებიც დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ.

წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებზე გარევაჭრობასთან დაკავშირებით, საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერმა იმ შეთავაზებებზე ისაუბრა, რასაც გარემოვაჭრეებს მერია, კომპანია „მეტროს“ ჩართულობით სთავაზობს.

„ძალიან დიდი არის საზოგადოების მოთხოვნა, სამართლიანი მოთხოვნა იმისათვის, რომ გარე ვაჭრობამ საბოლოოდ მიიღოს ნორმალური ჩარჩო და სახე და მოხდეს მისი გადატანა სადმე. ის, რაც ხდება წერეთლის ქუჩაზე და არამარტო წერეთლის ქუჩაზე, ის რაც ხდება ღამის საათებში, იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. ამას არ სჭირდება იმ ქუჩაზე ცხოვრება“, – აცხადებს ლაშა კომახიძე.

ბათუმის მერის განცხადებით, „არის მეორე მხარე, რომელსაც ჩვენ ძალიან განვიცდით: კი ბატონო, ეს არის ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა, მათი შემოსავალი, მათი ფინანსური მდგომარეობა“.

მიუხედავად ამისა, ბათუმის მერი აცხადებს, რომ „ქალაქში გვაქვს იმპორტირებული გარე ვაჭრობა. ხალხი რომელიც ააყენეს გორში, ზუგდიდში, ეს ხალხი ჩამოსულია აქ და როდესაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური იყო ადგილზე, მოვიდნენ ჯიპებით, მათ შორის მე ყველას არ ვგულისხმობ, მოვიდა ხალხი, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ და ხალხი მოიყვანეს ჩამჯდარი მანქანაში. ასეთი ფაქტებიც გვაქ. ამიტომ ეს თემა არის რთული თემა. აქ არის ერთმანეთის გვერდით, როგორც შეჭირვებული ადამიანი, ასევე, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმპორტი გვაქ სახეზე გარე ვაჭრობის… ეს უნდა დასრულდეს და ჩვენ ამას არ ვასრულებთ ისე, რომ არ გავითვალისწინოთ თქვენი მდგომარეობა“.

ბათუმის მერმა საკრებულოს სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მან შესთავაზა გარემოვაჭრეებს გაერთიანდნენ, იქირაონ ქალაქში ფართობები და ქირის გადახდაში თანამონაწილეობას მიიღებს მერია და ჩართავს კერძო სექტორსაც: „მზად ვარ შევიმუშაო პროგრამა, იქირაოთ ფართობი და დაგიმატოთ თანხა, კერძო სექტორსაც ჩავრთავთ, ოღონდ ეს იყოს მაღაზია… თქვენ გაქვთ შიში, რომ გოგოლის ქუჩაზე არ იქნება ხალხი და მე მესმის თქვენი… თუმცა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და დამატებით რა გინდათ, არ მოდიხართ [თანამშრომლობაზე], თქვენ გინდათ იქ ჯდომა და ეს გადაწყვეტილია – იქ ვერ დაჯდებით. ან ავწიოთ უნდა ყველაფერზე ხელი და ხვალ ზეგ იქ კიდევ უფრო მეტი და მეტი ანტისანიტარიის ბუდე [იქნება], ღამით ადამიანები ტელეფონზე ჩაწერილ ვიდეოებს მაჩვენებენ, ფანჯრიდან ვერ გამოუხედიათ და აქედან შეგინება და „შედი თავი არ დაგინახო გამოყოფილი, მიგაჭრი თავს“ დამუქრებები, ნასვამი ადამიანები საკუთარ სავაჭრო ადგილებში… ის, რაც იქ ხდება შეუძლებელია გაგრძელდეს. ამიტომ ჩვენაც გვინდა მაქსიმალურად დაგიდგეთ გვერდით და მოგვეცით საშუალება“.

საკრებულოს სხდომაზე მისული გარემოვაჭრეების თქმით, მათთვის მიუღებელია ადგილი, სადაც მათ გადასვლას მერია სთავაზობს – „მეტროს“ ავტოსადგურის მიმდებარედ არსებული სავაჭრო ცენტრი გოგოლის ქუჩაზე. გარემოვაჭრეების მოთხოვნაა ალტერნატიული ადგილი მერიამ ხალხმრავალ ადგილებში შესთავაზოს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/137496/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: