ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სამ მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა 28 მაისს შეუფარდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული პერიოდულად ძალადობდა მოზარდებზე ისე, რომ მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. რა ნიშნებით შეიძლება გაიგოს მშობელმა, რომ მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია?
„მთავარი რჩევაა მშობელსა და ბავშვს შორის მუდმივი კონტაქტი. თუკი ბავშვი ენდობა მშობელს, ის მოჰყვება ამის შესახებ და გააცნობიერებს, რომ ძალადობის მსხვერპლია. თუკი ბავშვი საკუთარი ემოციების სახელდებას არ აკეთებს და ამას შეჩვეული არ არის, მან შესაძლოა ვერც გააცნობიეროს, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდა,“ – ამბობს ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ პედოფილები ძირითადად ისეთ ბავშვებს არჩევენ, ვისი მშობლებიც ნაკლებად ბრძოლისუნარიანები არიან. ასევე, მათ არ უყვართ ბავშვები, რომლებიც ბევრ კითხვას სვამენ, შეუძლიათ საკუთარი თავის და ინტერესების დაცვა.
„უცებ ვინმემ მოზარდი წაიყვანოს ქუჩიდან, ასე არ ხდება. მოძალადე თანდათან იჩვევს ბავშვს. ამიტომაცაა საჭირო, რომ მშობელი, რაც არ უნდა მოუცლელი იყოს, საღამოობით დაუჯდეს შვილს და მოუყვეს, როგორი დღე ჰქონდა, რა გადახდა თავს, შემდეგ ბავშვს ჰკითხოს, მასთან რა ხდებოდა. მშობელი მუდმივად უნდა ინტერესდებოდეს თამაშის რა სტილს ირჩევს ბავშვი, ვისთან ერთობა. ბავშვები უნდა შევაჩვიოთ ემოციებისთვის სახელების დარქმევას. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ჰკითხავს მშობელს, ასე მომექცა ესა და ეს ადამიანი და არის თუ არა ეს კარგი. ბავშვები, რომლებიც კითხვებს სვამენ, ნაკლებად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
ფსიქოლოგის აზრით, მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ნდობა მშობლის მიმართ, ანუ იმის განცდა, რომ ძალადობის შესახებ ამბის მოყოლის შემთხვევაში მშობელი მას კი არ გაკიცხავს, არამედ გაუგებს, მოუსმენს და ერთად გადაჭრიან პრობლემას. ფსიქოლოგი დაუშვებლად მიიჩნევს მშობლების საკმაოდ დიდი ნაწილის მიდგომას მსგავს სიტუაციაში – „გაჩუმება სჯობს, რადგან გამხელა სირცხვილია“.
ამის პარალელურად ფსიქოლოგი ამბობს, რომ კონფიდენციალობის პირობა დაცული უნდა იყოს, როგორც ფსიქოლოგთან ან ჟურნალისტთან ურთიერთობის დროს, ასევე გამოძიების და სასამართლო განხილვის ეტაპზე.
ირმა ფეიქრიშვილი: „დამალვა არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, რადგან ძალადობა მოზარდისთვის არის სტრესი და თუ მას შესაბამისი რეაქცია არ მოჰყვება, სტრესი გაღრმავდება და შესაძლოა მოზარდი სუიციდამდეც კი მივიდეს. თუ დამალავს მშობელი ძალადობას, ის სამომავლოდ აუცილებლად იჩენს თავს, თან რა ფორმით, არავინ იცის. მოზარდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მშობელს მისი ესმის. მას არ უნდა ჰქონდეს განწყობა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან მიიღებს რეაქციას: რა დაგვემართა, რა გვეშველება და ასე შემდეგ.“
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუკი მას ინფორმაცია აქვს მოზარდზე სექსუალური ძალადობის შესახებ, მაგრამ მოზარდს ამის შესახებ საუბარი არ სურს? – ირმა ფეიქრიშვილი მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგების ჩართვა ამ პროცესში შედეგს გამოიღებს, რადგან ფსიქოლოგები ახერხებენ საუბრის გარეშე, ნახატებითა და სხვა ხერხებით გაიგონ, თუ რა ხდება ბავშვის ცნობიერებაში. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მსგავს შემთხვევებში ფსიქოლოგის ჩართვა, რადგან ბევრი ოჯახისთვის ფსიქოლოგთან ვიზიტი ხელმისაწვდომი არ არის.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც ბავშვებისგან განსხვავებით მოზარდებს აქვთ – თავმოყვარეობის განცდაა. ირმა ფეიქრიშვილი განმარტავს, რომ მოზარდობის ასაკში შესაძლოა მსხვერპლი მშობელს ამბავს თავმოყვარეობის გამო აღარ მოუყვეს.
„ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი გადის ოჯახიდან, ეძებს თავის მიკროსოციუმს, ყველა ბავშვს, რომელიც მშობელთან თბილი ურთიერთობა აქვს თუ არა, ენდობა თუ არა, მაინც სოციუმის წევრი ხდება და პატარა შენიშვნაც კი, მისთვის არის მტკივნეული და გამაღიზიანებელი. ალბათ, ამიტომაც ირჩევენ მსხვერპლად მოძალადეები. ამ დროს სხეულიც უკვე მომწიფებულია. შესაბამისად, ეს ყველაზე საფრთხილო ასაკია,“ – გვითხრა ფსიქოლოგმა ირმა ფეიქრიშვილმა.