მთავარი,სიახლეები

როგორ იყიდება გისოსებს მიღმა დაბადებული იდეები

31.05.2018 • 2373
როგორ იყიდება გისოსებს მიღმა დაბადებული იდეები

ხელსაქმე და საიუველირო საქმიანობა ყოფილი პატიმრებისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ეხმარება.

ქვილინგი – ქაღალდებით დეკორატიული ნივთების დამზადების ხელოვნება, ხეზე კვეთა, საიუველირო საქმე – ასე დამზადებული ნივთები ხშირად ყოფილი პატიმრებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. პროექტი ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს ასეთ შემთხვევებში სახელოსნოსთვის აუცილებელი საჭირო ხელსაწყოებით, საქმიანობისთვის აუცილებელი მასალებით ეხმარება.

ზურა და არჩილი მეგობრები არიან. დაპატიმრებამდე სახელოსნოში ერთად მუშაობდნენ. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ძველ საქმიანობას დაუბრუნდნენ. სხვა მეგობრები დაეხმარნენ სახელოსნოს მოწყობასა და ხელსაწყოების შეძენაში. დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში მინანქრის ღუმელი შეიძინეს, სამკაულების დამზადებას, ძირითადად, ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით აპირებენ. ეს ის ნამუშევრებია, რაც მათ უკვე დაასრულეს.

56 წლის ჯულიეტა ფხაკაძემ რთული წლები დაძლია. 13 წელი გაატარა ციხეში. ქვილინგის ხელოვნება – ფერადი ქაღალდებით დეკორატიული ნივთების დამზადება მისთვის ერთგვარი თერაპიაა. ეს საქმე და ბისერებით მუშაობა მან სწორედ საპატიმროში შეისწავლა. ჯულიეტა ფხაკაძე ფონდ აფხაზინტერკონტის ბენეფიციარია. ფონდი მას „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ქვილინგისთვის აუცილებელი მასალებით დაეხმარა. პროფესიით ბუღალტერია, მაგრამ ახლა ქვილინგია მისი ძირითადი საქმიანობა. ამზადებს მოსაწვევებს, სხვადასხვა კომპანიის ლოგოებს და ა.შ.

გია ფხაკაძეც (სახელი და გვარი შეცვლილია) ყოფილი პატიმარია. დიდი ხანია საიუველირო სალონი აქვს, თუმცა საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ხელსაწყოების განახლება დასჭირდა და დემოკრატიის ინსტიტუტი ამ ფორმით დაეხმარა. ეს მისი ნაკეთობებია:

 

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროცესის ხარვეზების აღმოსაფხვრელად დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ რეგიონულ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროექტს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება დასაქმებაა:

• სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;
• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;
• ბენეფიციართა თვითდასაქმება-საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;
• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;

გარდა დასაქმების მიმართულებისა, დემოკრატიის ინსტიტუტის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: ფონდ თანაზიარის, აფხაზინტერკონტისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის პატიმართა გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:

• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
 • იურიდიულ დახმარებას;

 • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
 • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.

ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს შეუძლიათ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: