მთავარი,სიახლეები

“ქალებს ყველაფერი შეუძლიათ” – NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი

30.05.2018 • 2285
“ქალებს ყველაფერი შეუძლიათ” – NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი

” საქართველოს მსგავსად სტერეოტიპები ქალებთან დაკავშირებით ამერიკაშიც არსებობს, განსაკუთრებით ქალ მძღოლებთან დაკავშირებით. შტატებშიც იგივეა, ხალხი თავს აქნევს, თვალებს მაღლა მიაპყრობენ და ამბობენ, “ო, ქალი მძღოლი”, მაგრამ, იცით, სტატისტიკა უჩვენებს, რომ ქალები ბევრად უფრო უსაფრთხო მძღოლები არიან, ვიდრე კაცები…” – გვითხრა NASCAR-ის ავტომრბოლელმა ჯენიფერ ჯო კობიმ, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით იმყოფება და დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა, –  „როცა გესმის ასეთი გამონათქვამები და გადარდებს ისინი,  ეს შესაძლოა ბარიერი გახდეს შენთვის. როცა მესმის, რომ  ვინმე რაიმე ცუდს ამბობს ქალების ან პერსონალურად ჩემ შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩემი საქმე, თუ რას იფიქრებენ ისინი ჩემზე, მე ვცხოვრობ ჩემი ოცნებით და ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო”.

ჯენიფერ ჯო კობი პროფესიონალი ავტომრბოლელი, NASCAR-ის გუნდის მფლობელი, სპიკერი და მეწარმეა. მან ავტორბოლა NASCAR-ის შექმნის პირველი დღეებიდან დაიწყო კანზას სიტიში, 1991 წელს. იგი ერთადერთი ქალია, ვინც ამ რბოლის უმაღლეს კატეგორიებში მონაწილეობს.

როგორც ჯენიფერ ჯო კობიმ სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია გოგონებმა წარმატების მიღწევისას არ დაივიწყონ დანარჩენები, “მეც ვცდილობ, რომ სხვა ქალებსაც დავეხმარო, მივცე შანსი, იმიტომ, რომ ბევრი გოგო მომმართავს და მთხოვს, ჩავრთო ამ საქმიანობაში, იქნება ეს მრბოლელი, ავტომექანიკოსი თუ სხვა, რადგან სხვაგან მათ ამის საშუალება არ მიეცათ. ახლა  ნასკარის სისტემის მაღალ რგოლებში სამი ქალია – ბორბლის შემცვლელი,  ბორბლის სპეციალისტი და ნასკარის სისტემის ოფიციალური წარმომადგენელი. გასულ წელს კი მქონდა პატივი, მიმეცა საშუალება სმენის არმქონე ახალგაზრდა კაცისთვის  შანსი, გადმომხტარიყო კედელზე და შეეცვალა ბორბალი ჩემი გუნდისთვის.” – ამბობს ჯენიფერი – ” ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აიხდინოთ ოცნება და ყოველთვის იწვდიდეთ ხელს უკან, რომ ამოქაჩოთ სხვებიც, ყოველთვის იყურეთ ირგვლივ, ვის სჭირდება თქვენი დახმარება, რომ მათაც მიაღწიონ თავიანთ ოცნებას”.

ჯენიფერ ჯო კობიმ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც: „საქართველოში შემაშფოთა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ, თქვენ იცით, რომ 600 ქართველი იღუპება ყოველწლიურად  საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ყოველწლიურად 9000 ქართველი შავდება ავტოსაგზაო შემთხვევებში და მათგან ბევრი, საბოლოო ჯამში, ეტლით მოსარგებლე ხდება. ძალიან ცუდი ჩვევაა,  ავტოსაგზაო შემთხვევებს რომ  შემთხვევებს ვუწოდებთ, რადგან მათი უმეტესობა რეალურად სულაც არაა შემთხვევითობა, ისინი კონტროლირებადი იყო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეთ, როცა ხელები გიდევთ საჭეზე, თქვენი კონტროლის ქვეშ არის არა მარტო თქვენი ავტომობილი, თქვენი თავი და ადამიანები თქვენს მანქანაში, არამედ ყველა თქვენ ირგვლივ.  ყურადღებით იყავით, შეანელეთ სვლა და როგორც შეერთებულ შტატებში ვამბობთ, Arrive Alive [მიდით დანიშნულების ადგილამდე ცოცხლად]”.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: