მთავარი,სიახლეები

ევა გოცირიძე მოსარჩელეებს: მარიხუანას მოწევა არის ანტისოციალური მოვლენა და აზიანებს ოჯახის ინტერესებს?

30.05.2018
ევა გოცირიძე მოსარჩელეებს: მარიხუანას მოწევა არის ანტისოციალური მოვლენა და აზიანებს ოჯახის ინტერესებს?

“თუ ეს ინდივიდუალურია, რატომაა სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული რეგულირება მარიხუანასა და ალკოჰოლის მოხმარებაზე?” – ეს შეკითხვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა დაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური სამსახურის ექსპერტს. ექსპერტის მოწმის სახით დაკითხვა პარლამენტმა მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების კუთხით არსებით განხილვას განაგრძობს.

“მე შემიძლია გესაუბროთ უარყოფით შედეგზე…” – აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა. პაუზა მოსამართლე მერაბ ტურავამ შეავსო:

“ქალბატონი ინგა არაა იურისტი, ის ვერ ისაუბრებს მარიხუანაზე, როგორც თავისუფალი საზოგადოების სიმბოლოზე”, – თქვა მოსამართლე მერაბ ტურავამ, ის სხდომის თავმჯდომარეა.

უხერხულ შეკითხვამდე შსს-ს ექსპერტმა აღნიშნა, რომ მარიხუანას ან ალკოჰოლის მოხმარების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე ინდივიდუალურია და მას “სხვადასხვა შედეგი შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა, ერთი მოხმარებითაც განვითარდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები. ხანგრძლივი მოხმარება იწვევს აპათიას, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, მოკლე მეხსიერებას”.

“თქვენ შეგიძლიათ უარყოთ ეს, რომ მარიხუანას მოხმარება ხელს უწყობს ნარკოტიკების უარყოფით ბრუნვას? ეს ხომ უწყვეტი ჯაჭვია”, – მიმართა მოსარჩელეებს მოსამართლე ევა გოცირიძემ.

“ბრუნვა რომ შევზღუდოთ, ამისთვის ჯარიმა არ არის ეფექტური საშუალება,” – უპასუხა მოსამართლეს იაგო ხვიჩიამ.

მოსამართლე ევა გოცირიძე ასევე დაინტერესდა, იზიარებენ თუ არა მოსარჩელეები იმას, რომ მარიხუანას მოწევა არის ანტისოციალური მოვლენა და აზიანებს ოჯახის ინტერესებს.

იაგო ხვიჩია: “მომხმარებლები ვართ ჩვენც. თუ რამე არის ჩემში ანტისოციალური, ეს არაა დაკავშირებული მარიხუანას მოწევასთან. ჩემთვის ინტერესია ადამიანი და ეს არის თავისუფლების საკითხი. ჩვენ ეს საკითხი არ უნდა განვიხილოთ კოლექტიური მორალის ჭრილში.”

“ოჯახის ინტერესი ზიანდება თუ არა?” – ჩაეკითხა იაგო ხვიჩიას მოსამართლე. კამათში ზურაბ ჯაფარიძე ჩაერთო.

“მე გიპასუხებთ პირადი გამოცდილებიდან. მარიხუანას ვეწევი 17 წლიდან და მას ყოველ საღამოს მოვიხმარდი. 3 უმაღლესი მაქვს დასრულებული, ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებში და ერთი თვე წყვეტა არ მქონია, ლექციებს ვკითხულობდი, პარლამენტის წევრი ვიყავი და ახლა პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. პრობლემა იყო ჩემი მშობლებისთვის იმის ახსნა, რომ მათ ასეთი შვილი ჰყავთ,” – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

სარჩელს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: მაია კოპალეიშილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და მერაბ ტურავა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: