მთავარი

ბათუმში სამსაათნახევრიანი ჩხრეკა დასრულდა – ეძებდნენ იარაღს, მაგრამ ვერ იპოვეს

30.05.2018 • 4012
ბათუმში სამსაათნახევრიანი ჩხრეკა დასრულდა – ეძებდნენ იარაღს, მაგრამ ვერ იპოვეს

დღეს, ბათუმში, დაახლოებით 17:00 საათიდან პოლიციამ ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კერძო სახლის ჩხრეკის ოპერაცია დაიწყო. „ბათუმელების“ ჟურნალისტის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ჩხრეკის დაწყებიდან თითქმის ოთხი საათის შემდეგ, გამომძიებელი უკვე ადგენს ოქმს იმის შესახებ, რომ დღეს პოლიციას ამ სახლში იარაღი არ უპოვია. „ბათუმელებს“ ამის შესახებ სახლის მესაკუთრეებმა განუცხადეს.

ჩხრეკა დღეს ჯავახიშვილის ქუჩაზე სწორედ იარაღის მოტივით დაიწყო.

პოლიციელები დღისით კერძო საუბრებში ამბობდნენ, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლში ჩხრეკა. თუმცა, მოქალაქეები, მათ შორის მეზობლები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში აქვე იყვნენ შეკრებილები, აცხადებენ, რომ სახლიდან არავითარი იარაღი არ ამოუღიათ. იგივეს იმეორებენ ამ სახლის მესაკუთრეებიც.

დღეს ჯავახიშვილის ქუჩაზე დააკავეს ერთი მოქალაქე, უკანონო იარაღის შეძენა, შენახვა-ტარების ბრალდებით. პისტოლეტი პოლიციამ ავტომანქანიდან ამოიღო. დაკავებული კი აცხადებდა, რომ ეს მანქანა მას არ ეკუთვნის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: