სიახლეები

აუდიტის მასალები პროკურატურის თაროებზე

01.11.2015 • 2014
აუდიტის მასალები პროკურატურის თაროებზე

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები, ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ და „ბათუმის წყალი“ – ის უწყებები და საწარმოებია, რომელთა შემოწმების [ამ შემთხვევაში მხოლოდ 2013 წლიდან დღემდე პერიოდის] მასალებიც აჭარის პროკურატურაშია გადაგზავნილი.

 

2013 წლიდან დღემდე პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ აჭარის პროკურატურისთვის გადაცემული მასალებიდან [სულ 28 საქმეზე] რამდენზე დაიწყო გამოძიება? დასრულდა თუ არა რომელიმე მათგანზე გამოძიება და რა შედეგით? _ ამ ორ შეკითხვაზე პასუხი, მიუხედავად ოფიციალური მიმართვისა, საქართველოს პროკურატურისგან დღემდე ვერ მივიღეთ.

 

შეკითხვით – ბოლო სამი წლის განმავლობაში დაინტერესდა თუ არა აუდიტის სამსახური იმ საქმეების ბედით, რომლებიც, მის მიერვე გადაგზავნილია აჭარის პროკურატურაში? – სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მივმართეთ.

 

„…სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ ეგზავნება მხოლოდ ის მასალა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი რეალიზაციის ღონისძიებათა შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ აუდიტის სამსახურს,“  –  გვიპასუხეს აუდიტის სამსახურში.

 

ამასთან, აუდიტის სამსახურმა მხოლოდ აჭარის პროკურატურაში 2014 წელს გადაგზავნილ მასალებზე რეაგირების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია [ისიც 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით], რომლის მიხედვითაც პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება აუდიტის მიერ გადაგზავნილ 6 საქმეზე [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, „ბათუმის ბულვარის“, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მასალებზე], ხოლო შპს „ბათუმის წყლის“ მასალებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში.

 

აუდიტი თავის ანგარიშებში, ძირითადად, ხაზს უსვამს ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო სახსრებისა და ქონების არაეფექტიან განკარგვას; ასევე იმას, რომ ხშირად მიღება-ჩაბარების აქტში არ არის იდენტიფიცირებული შესასრულებელი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დასახელება და მოცულობა; კანონშეუსაბამოდ ხდება საბიუჯეტო სამსახურებში თანამშრომლებზე ზეგანაკვეთური ანაზღაურების გაცემა და შტატგარეშეთა აყვანა; ვერ დასტურდება სამსახურების ბალანსზე რიცხული ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და გახარჯული საწვავის მიზნობრიობა და მოცულობა; კანონის შესაბამისად არ ტარდება ინვენტარიზაცია; არის საკითხებისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა; სახელმწიფო შესყიდვები შეუსაბამობაშია სატენდერო და სახელშეკრულებო მოთხოვნებთან და სხვ.

 

აუდიტის შედეგად სახელმწიფო უწყებებში არაერთი კანონდარღვევა და ნაკლოვანებაა გამოკვეთილი. მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014 წლის განმავლობაში, „აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის“ შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა საპროექტო დოკუმენტაციის სამუშაო ვარიანტის შემუშავება, რის შედეგად „2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სესხის სახით გამოყოფილი 3 მილიონი ევრო ვერ აითვისეს და აუთვისებელ ნაწილზე გადასახადის სახით გადახდილია 153 ათას 800 ლარი.

 

სამინისტროში შტატგარეშე მუშაკთა დასაქმების შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებულია ერთი წლითა და მეტი ვადით, რაც ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს… სამინისტროში არასრულყოფილად ხდება მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ დოკუმენტების წარმოება“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

 

აუდიტის მიხედვით, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრმა“, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით, შპს „ბითი ტრანსიდან“ შეისყიდა 61 444 ლარის ღირებულების მეორადი ავტომანქანა. „ირკვევა, რომ მიმწოდებლის მიერ ავტომანქანის შეძენის დროს, სარეალიზაციო ღირებულება შეადგენდა 25 900 ამერიკულ დოლარს, რაც ეროვნულ ვალუტაში 48 951 ლარია, – ცენტრის მიერ გადახდილ ფასთან მიმართებაში 20,3%-ით ნაკლები. შესაბამისად, გადახდილ ფასსა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა მაღალი რისკის შემცველია,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში. 

 

გასულ წელს „მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ შემოსავალმა 55 853 ლარი შეადგინა, რაც სასწავლო სტუდიაში ჩარიცხული ბავშვების სწავლის საფასურია. თუმცა, სახელმწიფო ანსამბლმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია სტუდიებში ფაქტობრივად რიცხულ მოსწავლეთა რაოდენობისა და მათ მიმართ ცალკეულ პერიოდში რიცხული დავალიანებების შესახებ. იგივე პრობლემა იყო „აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ხორუმში“ [შემოსავალი 25 608 ლარი].

 

აუდიტი ამბობს, რომ 2013 წლის 24 აპრილს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეწყვეტილი აუქციონის [ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე სამი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე] გამო განუხორციელებელი დარჩა მოსალოდნელი ინვესტიციები, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები, აუქციონზე ერთი მონაწილის პირობებში, შემცირდა არანაკლებ 1 061 500 ლარით. იმავე დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა ამ ქონების ერთ ლოტად, პირობიანი აუქციონის ფორმით გამოცხადება ან ქონების აჭარის საკუთრებაში გადაცემა. „აუქციონის შეწყვეტიდან გასულია თითქმის 2 წელი, ზემოაღნიშნული ქონების არც პირობიანი აუქციონის ფორმით ერთ ლოტად პრივატიზება და არც ქონების აჭარის საკუთრებაში გადაცემა არ განხორციელებულა,“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში].

 

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო „საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის“ მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში [სავარაუდო ღირებულება 1 388 430 ლარი] საუკეთესო ფასის მქონე პრეტენდენტის შეთავაზებამ შეადგინა 1 მილიონი ლარი. პრეტენდენტისთვის მოთხოვნილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. მას განესაზღვრა სამი სამუშაო დღის ვადა, თუმცა ბიუროს მიერ ასეთი დასკვნის მომზადებას მინიმუმ ხუთი სამუშაო დღე სჭირდება. შესაბამისად, პრეტენდენტი ვერ შეძლებდა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენას, მას მიეცა დისკვალიფიკაცია, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდა მომდევნო ფასის მქონე პრეტენდენტთან, რომლის ღირებულება 299 ათასი ლარით აღემატებოდა საუკეთესო ფასის მქონე პრეტენდენტის ფასს.

 

აუდიტის მიხედვით, ამავე დეპარტამენტის მიერ, მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელ მოწყობილობაზე გამოცხადებული ტენდერი მონაწილეთა არარსებობის გამო არ შედგა, თუმცა დეპარტამენტს განმეორებითი ტენდერი ან სხვა საშუალებით შესაძლო მიმწოდებელთა მოძიება არ განუხორციელებია. სათანადო დასაბუთების გარეშე, აუთვისებელი თანხიდან 46 000 ლარი გადაიტანა სხვა პროგრამაში და 42 658 ლარად დეპარტამენტის აპარატისთვის შესყიდული იქნა მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება „ MITSUBISHI L200 “.

 

საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში კი დეპარტამენტში შტატგარეშე მოსამსახურის მოვალეობებს ასრულებდა 418 პირი, რომლებზეც გაცემულია ხელფასი – 1 404 702 ლარი. აუდიტი აღნიშნავს, რომ „შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებები სათანადოდ არ იძლევა შესასრულებელი სამუშაოს იდენტიფიცირების საშუალებას, რის გამოც, შეუძლებელია შესრულებული სამუშაოს მოცულობის დადგენა და შესაბამისად, შედეგების შეფასება“.

 

ამჟამად ფინანსური აუდიტი მიმდინარეობს ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ასევე, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტები დაწყებულია ბათუმის გამწვანების ღონისძიებებისა და აჭარაში დასაქმების პროგრამის შედეგებზე.

 

 

აჭარის მთავრობის სხდომა /ფოტო:ნათია როყვა/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: