უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან და „ცხელი ხაზი“ ბავშვებისთვის

მეორე წელია ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უფასო ფსიქოლოგიური მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ. ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული. აქ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და იურისტი დაგხვდებათ.

პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამ ფონდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ძალადობის წინააღმდეგ მუშაობის კუთხით.

რა ისტორიებით მიდიან ადამიანები ადვოკატირების ცენტრებში, კონკრეტულად რა მომსახურების მიღებაა აქ შესაძლებელი და რა შემთხვევაში – „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს, ლია სარალიძეს ესაუბრა.

ქალბატონო ლია, უკვე მეორე წელია ახორციელებთ პროექტს – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. ვის შეუძლია ამ პროექტით სარგებლობა? 

ჩვენ მზად ვართ ძალადობის დროს, ნებისმიერი ეჭვის გაჩენისას, მომსახურება გავუწიოთ ბავშვს, მის მშობელს, 21 წლამდე ახალგაზრდას. პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია და მისი მიზანია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა როგორც პრევენციული თვალსაზრისით, ასევე საჭირო მომსახურების მიწოდებით. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერება, რადგან ბავშვზე ძალადობა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შედეგია და, შესაბამისად, პრობლემის მოგვარებას  სხვადასხვა სექტორის ჩართულობა სჭირდება. ნებისმიერი სერვისის მიმწოდებელი ამ სფეროში ვერ იმუშავებს მარტო. მდგრადობის და განგრძობითობის თვალსაზრისით, პროექტი რაღაცის დასაწყისია, ეს არაა  ერთჯერადი საქმიანობა. პროექტის განხორციელებით საფუძველს უყრი მომსახურების გაჩენას და განვითარებას, რომ შემდეგ მისი მდგრადობა შეინარჩუნოს სახელმწიფომ.

რატომ უნდა მოვიდეს ადამიანი თქვენთან, როცა ფსიქოლოგი, ასევე სოცმუშაკი, ჰყავს სოციალური მომსახურების სააგენტოს? 

ჩვენ ამ ტიპის მომსახურებას ვახორციელებთ 2000 წლიდან, იმ დროს საზოგადოებას ჯერ კიდევ არ გვქონდა გაცნობიერებული, რა იყო ძალადობა. როცა ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი, არც სოციალური მომსახურების სააგენტო არსებობდა, არც სხვა სერვისები, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვკრავთ ამას და ვცდილობთ მომსახურების ახალ საფეხურზე აყვანას. 2005 წელს ბათუმი იყო პირველი ქალაქი, სადაც რეფერირების პროცედურების საპილოტე პროგრამა განვახორციელეთ. მაშინ შეიქმნა პირველი საინიციატივო ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროში, სოციალურ სააგენტოში და ასე შემდეგ. ის, რომ დღეს სოციალური მომსახურების სააგენტო არსებობს და იქ ფსიქოლოგი გაჩნდა, ეს შექმნილი საფეხურებია, რომლებიც ერთად გავიარეთ. ამ თანამშრომლობას სჭირდება გაძლიერება, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს. რაც ამ დრომდე გვაკლია ქვეყნის მასშტაბით და ამაზე ვიღებთ რეკომენდაციებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ესაა მომსახურების სერვისების არქონა.

კონკრეტულად რა სერვისის შექმნა რჩება პრობლემად? 

სახელმწიფო სისტემას რეფორმების შედეგად ძალიან ბევრი ამოცანა დაუგროვდა. მაგალითად, სოციალური მუშაკები ბევრ თემაში არიან ჩართულები. ახლა საჭიროა მათი ტექნიკური გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. გასარკვევია, რამდენი ბენეფიციარი უნდა ჰყავდეს სოციალურ მუშაკს, რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი, რით უნდა იმოძრაოს ქალაქში, რომ ეს მუშაობა ეფექტური იყოს. სოციალური სააგენტოს სოციალური მუშაკი გადაწყვეტილების მიმღები პირია, ის მენეჯერია, ხვდება ოჯახებს, რომელთა ნაწილი დესტრუქციულია, სხვადასხვა პრობლემა არსებობს.

ოჯახის მხარდაჭერა ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს. როცა არსებობს მსხვერპლი ბავშვი, მხოლოდ თერაპიული მიდგომა არაა საკმარისი. ამიტომ სააგენტოს მუშაობა ვერ იქნება ეფექტური, ისევე როგორც სამართალდამცავი ორგანოს, თუ არ იარსებებს ქვეყანაში შესაბამისი მომსახურება. ბავშვი რომ კარგად იყოს, ამისთვის ოჯახის გაძლიერებაა საჭირო. მარტო თერაპიას და კონსულტირებას როცა სთავაზობ ადამიანს და ესეც როცა არა გაქვს, ეს საქმეს ვერ შველის. ჩვენი პროექტი გარდა იმისა, რომ კონკრეტულ მომსახურებას სთავაზობს ბენეფიციარებს, ამ სფეროში ჩართული სპეციალისტების – ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, სამართალდამცველების უნარების გაძლიერებასაც უწყობს ხელს. ეს მოიაზრებს  რამდენიმე მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას.

რომელ ქალაქებში გაქვთ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები და როგორია მომართვიანობის მაჩვენებელი? 

პროექტი ხორციელდება თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში, თუმცა შესაძლებელია მოგვმართოს სხვა რეგიონში მცხოვრებმაც. პროექტის მთავარი აპლიკანტია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. ბათუმში გვყავს ორი პარტნიორი: „სთეფ ფორვარდი“ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდში – არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი წვლილი აქვს ამ პროექტში, რადგან ფსიქოლოგიის ცენტრი მოეწყო უნივერსიტეტის შენობაში და ამაში პროექტიდან თანხა არ დახარჯულა. პროექტი 2019 წელს სრულდება. უნივერსიტეტს უკვე აქვს მოლაპარაკება ადგილობრივ მთავრობასთან, რომ შენარჩუნდეს ეს ცენტრი.

თბილისის ოფისში მუშაობს 3 ფსიქოლოგი, ბათუმსა და ზუგდიდში – ორ-ორი. ამას გარდა გვყავს მომსახურების მენეჯერები, ანუ იგივე სოციალური მუშაკები და იურისტი. მომართვიანობა განსაკუთრებით მაღალია თბილისში, კონკრეტულად – სექსუალური ძალადობის შემთხვევები. ბათუმსა და ზუგდიდში თვეში დაახლოებით 10-15 ახალი ბენეფიციარია. ბათუმში ხშირია ფსიქოლოგიური ტრავმები, ოჯახში ძალადობა, ბულინგი…

პროექტში გვყავს ევროპელი პარტნიორებიც. მაგალითად, ცნობილი ფრანგი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი – მარტინ ნისი. ის ინცესტის სპეციალისტია და საქართველოში იშვიათია მსგავსი მიმართულებით ექსპერტის პოვნა. მარტინ ნისი უტარებს პერიოდულად ტრენინგებს ჩვენს ფსიქოლოგებს. კიდევ ერთი ექსპერტი გვყავს საფრანგეთიდან, რომელიც შშმ ბავშვებში სექსუალური ძალადობის გამოვლენაზე მუშაობს. ჩვენ ძალიან ბნელი წერტილი, თეთრი ლაქა გვაქვს ამ მიმართულებით.

რას მოიცავს თქვენი ცენტრის მომსახურება, რამდენი სეანსის გავლაა შესაძლებელი? 

დაახლოებით 10-12 სესია მაინც სჭირდება გარკვეული ეტაპის გავლას, შესაძლოა, გაგრძელდეს სეანსი. კონკრეტულ სიტუაციას სჭირდება გამოკითხვა, ბავშვი და მშობელი ყვებიან ამის შესახებ. ამ პროცესს იწყებს სოციალური მუშაკი და აგრძელებს ფსიქოლოგი. სხვადასხვა შემთხვევაა: ზოგჯერ, შესაძლოა ბულინგის მსხვერპლი აგრესიული ბავშვი გახდეს, ამის ძიება ხდება: როგორი ტიპია სტატუსურად, რამ გამოიწვია ბულინგი, მანამდე რა პროცესი მიმდინარეობდა. ფსიქოკონსულტირება სჭირდება მშობელსაც. ბულინგის შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესის პარალელურად ვცდილობთ კომუნიკაცია დავამყაროთ სკოლასთან, რადგან სკოლაში გარემოს შეცვლის გარეშე ბულინგის პრობლემა ვერ მოგვარდება.

რამდენად გამოდის სკოლასთან მუშაობა?

გააჩნია სკოლას. ზოგან გამოდის, ზოგან – არა. სკოლას სჭირდება თავისი პოლიტიკა, რაც ჩვენ არ გვაქვს… ეს არის კულტურა, როცა შეურაცხმყოფელი, დამთრგუნველი, მჩაგვრელი ურთიერთობები არსებობს მასწავლებლებს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, მოსწავლეებს შორის. ჩვენ დღემდე გვეშინია ვისაუბროთ სკოლაში ძალადობაზე. სკოლამ ბავშვებს დამოკიდებულების ნორმები უნდა შეასწავლოს და ამ ნორმებიდან გადახვევის პრევენცია უნდა მოახდინოს. უნდა საუბრობდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები. ურთიერთობის თემა არ უნდა იყოს დასჯა, მაგალითად, როცა ბავშვს გაკვეთილზე დაეძინა. თემა უნდა იყოს შეკითხვა: რატომ დაგეძინა, ან როგორ გრძნობ თავს? მე ჰოლანდიაში მინახავს გაკვეთილი, როცა თითოეული ბავშვი დაფაზე ხატავს სპეციალური ნიშნებით თავის ემოციას სასწავლო პროცესის დაწყებამდე. ნახატებით მასწავლებელი ხედავს, რა განწყობა აქვთ ბავშვებს და შესაბამისად გეგმავს გაკვეთილს, აქტივობებს. გაკვეთილების დასრულების დროსაც სკოლა ინტერესდება მოსწავლეების განწყობებით.

ახსენეთ, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ძალადობის პრევენციაა. რა აქტივობა გაქვთ ამ მიმართულებით? 

სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია გვაქვს ცნობიერების ასამაღლებლად… უნივერსალური პრევენციაა საზოგადოების მხრიდან იმის გაგება, რომ ძალადობა არ უნდა მოხდეს. ჩვენ დროულად უნდა გავიგოთ, რომ ძალადობასთან გვაქვს საქმე და არ უნდა ველოდოთ იმას, რომ მაინცადამაინც ამ ძალადობის შედეგად ადამიანი მოკვდეს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ძალადობრივი გარემო მთლიანად ცვლის ადამიანს, მის ცხოვრებას, ის შემდეგ ხშირად სხვის ცხოვრებასაც ანგრევს…

2000 წლიდან მუშაობთ ამ მიმართულებით. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების მხრიდან პოლიციისთვის მიმართვიანობა გაიზარდა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ ბოლო წლებში? 

ფაქტია, რომ გაიზარდა მომართვიანობა ოჯახში ძალადობაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი მომსახურება. ჩვენ 2001 წელს დავიწყეთ მოძრაობა ძალადობის წინააღმდეგ, მაშინ რამდენიმე საინიციატივო ჯგუფი გვქონდა რეგიონებში ევროკავშირის დაფინანსებით და საინფორმაციო კამპანიებს ვატარებდით. მაშინ საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ჩვენთან ძალადობა არ იყო ან თუ ხდებოდა სადმე, ეს ჩვენ არ გვეხებოდა.

თქვენ რის გამო გადაწყვიტეთ ამ პროცესში ჩართვა, ესეც მოგვიყევით. 

მე ექიმი პედიატრი ვარ, ვმუშაობდი თბილისის ბავშვთა პირველ საავადმყოფოში. მაშინ ვკითხულობდი სამეცნიერო სტატიებს და მახსოვს, ერთ-ერთი სტატია იყო ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. ეს იყო ძალიან კარგი სტატია. მე პაციენტიც მყოლია ძალადობის მსხვერპლი, ბავშვი, რომელიც მამინაცვალმა მოკლა, ის ჩემს ხელში იზრდებოდა… ეს ისტორიები იყო ჩემში, მაგრამ ამ სათაურით გააზრებული არ მქონდა. მაშინ მე და კიდევ ორმა ექიმმა გადავწყვიტეთ მოძრაობა წამოგვეწყო ამ მიმართულებით.

პირველი კვლევა ბავშვთა ძალადობის მიმართულებით „იუნისეფმა“ ჩაატარა 2007 წელს, რაც ჩვენ განვახორციელეთ. კვლევა 10 წლამდე ბავშვებს მოიცავდა, 10 წლის ზემოთ ასაკს და მშობლებსაც. მაშინ პირველად გამოჩნდა ნათლად, რომ ჩვენც „წარმატებული“ ქვეყანა ვყოფილვართ ძალადობის კუთხით. ეს კვლევა შემდეგ გახდა საფუძველი, რომ რეფორმები სწრაფი ტემპებით წასულიყო. რამდენად ეფექტურად მუშაობს ქვეყანა ძალადობის წინააღმდეგ, ამის ერთ-ერთ ინდიკატორად დღეს მიიჩნევა რეფერირების სისტემა, ანუ გავიგე, რომ ძალადობაა, მაგრამ რა ვქნა ახლა, რამდენად არის სისტემა რეაგირებისთვის მზად? ამ პროცესში ვართ ახლა.

ყველაზე სუსტ რგოლად რა რჩება თქვენი შეფასებით? 

სერვისები. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სერვისის არსებობა, მაგალითად, კრიზისული მართვის ცენტრი ბავშვებისთვის, რაც ბათუმში ამ დრომდე არ არის…

რატომ არ გვაქვს შესაბამისი სერვისები – დიდ ფინანსურ ხარჯთანაა დაკავშირებული, პროფესიონალიზმის პრობლემაა თუ მგრძნობელობის? 

ყველაა, ალბათ. ერთმანეთს მიბმული ამბავია: მგრძნობელობა დაბალია და ფულს არ გამოყოფ, თუ გამოყოფ, სათანადოდ არ გამოყოფ და ასე შემდეგ.

მოგმართავენ თუ არა მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანები? 

იშვიათად. მაღალმთიანეთში სხვა ტიპის მომსახურება უნდა არსებობდეს. ამისთვის სხვადასხვა მოდელი არსებობს. ფაქტია, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანები კვირაში თუნდაც ერთხელ სეანსისთვის ბათუმში ვერ ჩამოვლენ.

თქვენთან მუშაობს ცხელი ხაზი: 116 – 111. რამდენად ხშირად და რა შემთხვევაში გიკავშირდებიან ადამიანები? 

ბავშვთა დახმარების ხაზზე ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღებაც არის შესაძლებელი. მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა, ძირითადად, გვირეკავენ შეტყობინების დატოვების მიზნით. ჰოლანდიაში შესაძლებელია ბავშვი ელოდებოდეს დედის დაბრუნებას, მოიწყინა და რეკავს ბავშვთა დახმარების ხაზზე. ჩვენც, როცა სკოლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გვაქვს, ვეუბნებით ბავშვებს, რომ შეუძლიათ დაგვირეკონ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ არ რეკავენ. ჩვენთან, ძირითადად, ინფორმაციის დასატოვებლად რეკავენ და ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ყველას არ შეიძლება ჰქონდეს მზაობა, ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის უწყებას. ხშირია, როცა, მაგალითად, მასწავლებელს არ სურს მისგან გაჟღერდეს ამბავი და გვირეკავს ჩვენ. ესეც მნიშვნელოვანია – ერთგვარი შუამავალი რგოლის არსებობა.

116-111-ზე დარეკვა მხოლოდ სამუშაო დღეებსა და საათებშია შესაძლებელი. დიდი სურვილი გვაქვს, ბავშვთა დახმარების ხაზის მომსახურება იყოს კვირაში 7 დღე და 24 საათის განმავლობაში. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბავშვები, ძირითადად, დახმარების ხაზზე რეკავენ საღამოს, როცა ისინი სკოლიდან ბრუნდებიან, უფრო ხშირად კი მაშინ, როცა მშობლები იძინებენ და ისინი ცალ-ცალკე რჩებიან ხოლმე.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის დონორი: ევროკავშირი. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational

 

თურქეთიდან დეპორტის მოხსნის წესები და ფასი

2018 წლის 6 თვის მონაცემებით, თურქეთის საზღვარი მილიონზე მეტჯერ გადაკვეთეს საქართველოს მოქალაქეებმა.ისინი თურქეთში სამუშაოდ, სასწავლებლად, სამკურნალოდ ან დასასვენებლად მიდიან.

ბოლო პერიოდში „ბათუმელებს“ არაერთმა მოქალაქემ მომართა შეკითხვით, თუ როგორ შეიძლება ე.წ. დეპორტის მოხსნა და რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო.

ვიზა და დეპორტის მოხსნა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში უვიზოდ მგზავრობენ, დეპორტის მოხსნის დროს აუცილებელია ვიზის მიღება.

დეპორტი მოიხსნება მხოლოდ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. მაგალითად, პირს, რომელსაც ერთწლიანი დეპორტი ჩაურტყეს, თუკი ერთი წლის შემდეგ ისევ მოუნდება თურქეთის რესპუბლიკაში შესვლა, მან უნდა მიმართოს საკონსულოს და მოითხოვოს ტურისტული ვიზა. ვიზისთვის საჭირო თანხა ფიქსირებულია და 50 დოლარს შეადგენს.

ამ თანხაში არ შედის თურქულ ენაზე დოკუმენტაციის მოწესრიგების საფასური.

იმისათვის, რომ მოქალაქემ  ვიზა მიიღოს, საჭიროა შემდეგი დოკუმენტები: ცნობა ნასამართლეობის არ ქონის შესახებ, 1 ფოტოსურათი, დაბადების მოწმობა და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ყველა საბუთი უნდა იყოს თარგმნილი თურქულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული. ვიზისთვის საჭირო დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება 110-120 ლარი ღირს.

თურქეთის ვიზის მიღების მსურველმა ეს დოკუმენტები ბათუმში ან თბილისში თურქეთის საკონსულოში უნდა წარადგინოს.

„როდესაც ადამიანს აქვს დეპორტი, უნდა შემოიტანოს სავიზო განაცხადი. ეს კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი საემიგრაციო სამსახური სწავლობს საფუძველს, თუ რის გამო მიიღო დეპორტი და იმ მიზეზის შესწავლის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას, დაშვებული იქნება თუ არა ამ პირის შესვლა ჩვენს ქვეყანაში.

მდგომარეობის შეფასებისას (მაგალითად, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სასწრაფოდ საჭიროა რეაგირება), თუკი საპატიო მიზეზია, ეს მდგომარეობა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

რაც შეეხება განაცხადის საფასურს, ეს დადგენილია კანონით და ჩვენ არ გვაქვს უფლება გადავახდევინოთ მეტი ან ნაკლები. განურჩევლად ვიზის სახეობისა, განაცხადის შემოტანისას მოქალაქე იხდის 50 დოლარს.

სამუშაო ვიზისთვის დადებითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქე პლუს 100 დოლარს  იხდის. მაგრამ სხვა ვიზის სახეობის შემთხვევაში მეტის გადახდა არ უწევს. ეს შეიძლება იყოს სასწავლო, სამკურნალო, ოჯახის გაერთიანება ან ქორწინება,“ – ამბობს მაქბულე ქოჩაკი, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში. 

საქართველოს მოქალაქეები, ვინც სცადა დეპორტის მოხსნა, ამბობენ, რომ ამ დოკუმენტების წარდგენის შემდეგაც კ ვერ მიიღეს ვიზა. მათი თქმით, საკონსულო ამის მიზეზად ხშირად არაზუსტ თარგმანს ასახელებს.

მსგავს შემთხვევებს იხსენებს ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულიც. მისი ინფორმაციით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად  საკონსულომ გამოცდა ჩაატარა ენის ცოდნის შესაფასებლად. „დაახლოებით რვა-ცხრა ადამიანია, ვინც წარმატებულად გაიარა გამოცდა. ზოგიერთი ნამუშევარი იყო ძალიან ცუდი“, – ამბობს კონსული მაქბულე ქოჩაკი.

მისი ინფორმაციით, ლიცენზირებული თარჯიმნების მონაცემებს მალე გამოაქვეყნებენ, რამაც, წესით, ამ პრობლემის მოგვარებას უნდა შეუწყოს ხელი.

 

მაქბულე ქოჩაკი – თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

შუამავალი კომპანიები

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დეპორტი აქვთ, ვიზის მისაღებად უმეტესად მიმართავენ შუამავალ კომპანიებს. ხშირად ხდება ისე, რომ მათ ოფიციალურ თანხაზე მეტის გადახდა უწევთ. ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკი ამბობს, რომ ვიზის გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ თურქეთის საემიგრაციო სამსახურს აქვს.

„ჩვენ მხოლოდ ვაწვდით მათ შესაბამის დოკუმენტაციას. მეც მსმენია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჰპირდებიან მოქალაქეებს, რომ აუცილებლად მიიღებენ ვიზას, აძლევენ გარანტიას და ითხოვენ დიდ თანხას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები არ ენდონ  ასეთ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ისინი თავისუფლები არიან იმაში, რომ მიმართონ საშუამავლო კომპანიებს, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით, თუმცა მათ შეუძლიათ მოგვმართონ შევსებული ვიზის სააპლიკაციო ფორმით, წარმოადგინონ დოკუმენტები და დაელოდონ პასუხს ვიზაზე.  ვიზის მიღებას დაახლოებით  ერთი თვე სჭირდება. ზოგ შემთხვევაში კი ორი – ორთვე-ნახევარიც შეიძლება დასჭირდეს. გადაუდებელ შემთხვევებს როცა ეხება საქმე, განაცხადის გაგზავნისას აღნიშნულ საკითხსაც ეთმობა ადგილი“.

რა შემთხვევაში გემუქრებათ დეპორტი

დეპორტის ანუ ქვეყანაში შესვლის გარკვეული დროით შეზღუდვის მიზეზი შეიძლება იყოს სავიზო რეჟიმის დარღვევა, არალეგალური მუშაობა, კრიმინალური დანაშაულის ჩადენა ან გადამდები დაავადების ქონა. ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყველაზე ხშირად მოქალაქეები დეპორტს იღებენ ვადაგადაცილებაზე, ანუ როცა ქვეყანაში 180 დღიდან 90 დღეზე მეტი ხნით რჩებიან.

„ათ დღეზე მეტი ვადაგადაცილება არ უნდა იყოს. ათ დღეზე მეტი თუ აქვს ვადაგადაცილება, ამას ახლავს როგორც ფულადი ჯარიმა, ასევე დეპორტი. უცხო ქვეყნის მოქალაქემ დეპორტი მინიმუმ შეიძლება მიიღოს 6 თვით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულმა ბათუმში, მაქბულე ქოჩაკმა.

გარდა სავიზო რეჟიმის დარღვევისა, დეპორტის მიზეზი შეიძლება გახდეს თურქეთის რესპუბლიკაში არალეგალურად მუშაობა. თუ საქართველოს მოქალაქე თურქეთში ნებართვის გარეშე მუშაობს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა  დარღვეული სავიზო რეჟიმი, 5-წლიანი დეპორტით აბრუნებენ ქვეყანაში. გარდა ამისა, დასაქმებული იხდის ჯარიმას – 900 ლირას, ხოლო დამსაქმებელი – 9000 ლირას.

ამ ტიპის დეპორტის მოხსნა ერთ-ერთი რთული პროცედურაა. კერძოდ, ხუთი წლის შემდეგ, როდესაც დეპორტის ვადა ამოიწურება, მისი მოხსნისთვის პირმა შრომის სამინისტროს უნდა მიმართოს იმ ქალაქში, სადაც მუშაობდა. მხოლოდ შრომის სამინისტროდან მიღებული ნებართვის შემდეგ არის შესაძლებელი ქვეყანაში შესვლის უფლების მიღება. სწორედ ამ ტიპის ვიზისთვის იხდის მოქალაქე დამატებით 100 დოლარს.

მესამე მიზეზი, რის გამოც შეიძლება დეპორტით დააბრუნონ საქართველოს მოქალაქე, არის დანაშაულის ჩადენა.

თუკი პირი თურქეთში რაიმე დანაშაულს ჩაიდენს, ის შეიძლება დაადეპორტონ თავის  წარმოშობის ქვეყანაში 1-5 წლამდე ვადით. იმისთვის, რომ დანაშაულის ჩადენის გამო მიღებული დეპორტი მოიხსნას, საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას დაადასტურებს.

ქვეყნიდან გაძევების ყველაზე მძიმე ფორმაა სამუდამო დეპორტი. ამ ტიპის დეპორტს პირს გადამდები დაავადების ან მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო აძლევენ.

თურქეთის გენერალურ საკონსულოში გვითხრეს, რომ მათთან არ ინახება ინფორმაცია, საქართველოს რამდენი მოქალაქეა თურქეთიდან დეპორტირებული 2017-2018 წლებში.

 

ბათუმში პატრულის მანქანა ავარიაში მოყვა

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მანქანას მსუბუქი ავტომანქანა უკანა მხრიდან დაეჯახა.

თვითმხილველის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ამსახველი ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესები მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია, რის გამოც იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად 250 ლარით დაჯარიმდება.

 

მშენებარე სტადიონთან ნახევარ ჰექტარამდე მიწას მერია აუქციონზე 3 მილიონ ლარად გაიტანს

ბათუმის მერია საპრივატიზებო გეგმაში 4 337 კვ/მ მიწინ ნაკვეთის შეტანას და შემდეგ ამ ქონების პირობებიან აუქციონზე გაყიდვას გეგმავს.

მიწის ნაკვეთი ჟიული შარტავას ქუჩაზე [„კარფურის“ უკან] მშენებარე საფეხბურთო სტადიონთან ახლოს მდებარეობს.

ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი მერიის მიერ 3 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

რა პირობებით აპირებს ნაკვეთის გასხვისებას ბათუმის მერია? – „ბათუმელების“ ამ კითხვას ქალაქის მერიაში არ უპასუხეს.

მიწის გასხვისებაზე მერიას საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება სჭირდება. საკრებულო კი ამ საკითხს 31 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს.

აუქციონზე გასაყიდად გასატანი ნაკვეთი ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩაზე

რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის პლაჟი

„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, მწვანე კონცხზე 6 346 კვ/მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ აჭარის მთავრობისგან ითხოვდა. მოთხოვნილ ნაკვეთებზე კომპანია 2 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა.

აჭარის მთავრობისთვის თავის დროზე კომპანიის პირობები მისაღები აღმოჩნდა. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე მუნიციპალური ქონების მთავრობისთვის გადაცემას, შემდგომში ინვესტიციის განხორციელების პირობით, მხარი დაუჭირა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიისთვის პლაჟი აღარ გადაუციათ. მიზეზის გარკვევა ისევ სამინისტროში ვცადეთ.

„მწვანე კონცხის პლაჟი დღეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. შემოსული იყო კომპანიის წერილი, რომლითაც ითხოვდა პლაჟის იჯარით გადაცემას, თუმცა სამინისტროს პასუხი იყო, რომ პლაჟი არის საზოგადოებრივი დანიშნულების, მის მოვლა-პატრონობას სახელმწიფო განახორციელებს, შესაბამისად, პლაჟის გადაცემას მშენებლობის უფლების გარეშე, თუნდაც მისი მოვლა-პატრონობის მიზნით, სამინისტრო არ განიხილავს. ამის შემდეგ პლაჟის საერთო სარგებლობაში დატოვება კომპანიისთვისაც მისაღები აღმოჩნდა და ეს კომპანია თავისი პროექტის განხორციელებას მწვანე კონცხზე ჩვეულებრივად აგრძელებს,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟის ტერიტორია, პირსიდან ზღვაში შეჭრილ კლდემდე [კონცხამდე] მონაკვეთში, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ქონება იყო, აჭარის საკუთრებად 2017 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. ეს ტერიტორია იჯარით არც „ბიზნეს დეველოპმენტზეა“ გადაცემული და არც, როგორც სამინისტროში გვითხრეს – არავისზე. შესაბამისად, გამოდის, რომ  ის პირები, რომლებიც აქ შეზლონგებს აქირავებენ თუ კაფეს ამუშავებენ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და სახელმწიფო ქონებას თვითნებურად სარგებლობენ.

2017 წლის 3 ნოემბერს „ბიზნეს დეველოპმენტს“ პლაჟთან ახლოს ორი ნაკვეთი მიჰყიდეს, ჯამში 421 კვ/მ. ეს, ძირითადად, ის ადგილია, რომელზეც მწვანე კონცხის ყოფილი საბაგირო გზის ჩასასხდომი სადგურის მიტოვებული შენობა დგას.

„ბიზნეს დეველოპმენტის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანიას  დამატებითი ნაკვეთები [მათ შორის პლაჟი] უკვე დაწყებული კომპლექსის მშენებლობის „წარმატებით დასრულებისთვის“ სჭირდებოდა. კომპანია დამატებით რესტორნის, ღია საცურაო აუზისა და ახალი საბაგიროს მოწყობას გეგმავს, რომელიც ბოტანიკური ბაღის ქვედა შესასვლელს და პლაჟს ბაღის ზედა შესასვლელთან დააკავშირებს.

„ბიზნეს დველოპმენტი“ მწვანე კონცხზე მრავალფუნქციურ ტურისტულ კომპლექსს – „მაგნოლიას“ აშენებს. დასასვენებელ კომპლექს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ თავის დროზე ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.

ვადაგასული ტონა ხორცი ბათუმის ბაზრის „გადამალულ 9 მაცივარში“

ვადაგასული ტონა ხორცი 9 გადამალულ მაცივარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააფიქსირა. ბათუმში, მაიაკოვსკის 4-ში მდებარე აგრარულ ბაზარში ვადაგასული ხორცის რეალიზების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრმა მიაწოდა. კონტროლის შედეგად ბიზნესოპერატორი – შპს „ბაკური“ 500 ლარით დააჯარიმეს.

„შემოწმების შედეგად აღმოჩნდა გადამალული 9 საყინულე მაცივარი, სადაც განთავსებული იყო გაურკვეველი წარმომავლობის ვადაგასული ხორცი და სუბპროდუქტები [გაყინული] დაახლოებით 1000 კილოგრამი, ასევე დარღვეული იყო სურსათის მიკვლევადობისთვის საჭირო მოთხოვნები,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მისწერა კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრს.

ამ წერილის მიხედვით, ვადაგასული ხორცის რეალიზაციის შემთხვევა კონტროლის შედეგად არ დაფიქსირებულა. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.

„ბათუმელებმა“ დაჯარიმებულ კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

რას გულისხმობს „გადამალული მაცივარი?“ – სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური განმარტებას დაგვპირდა და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

 

ვადაგასული ხორცი ბათუმის ბაზარში/ ფოტოები: კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი

ქირავდება ბინა დამსვენებლებზე ბათუმის ცენტრში

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს, ქირავდება სამოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა დამსვენებლებზე, კონდიცირებითა და კარგი ბიბლიოთეკით.

შესაძლებელია 5 ადამიანის განთავსება.

ფასი: 80 ლარი

დარეკეთ: 599 45 44 61 

უნდა იყოს თუ არა სენატორ მაკკეინის ქუჩა ბათუმში? [გამოკითხვა]

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩისთვის სენატორ ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების ინიციატივის შესახებ ბათუმის საკრებულოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ 27 აგვისტოს განაცხადა. ინიციატივას „ფეისბუქზე“ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სენატორ მაკკეინის სახელის დარქმევა ქუჩისთვის კარგი იდეაა, ზოგიერთს კი ინიციატივა არ მოსწონს.

თქვენ რას ფიქრობთ?

ამერიკელი სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ჯონ მაკკეინი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სენატორმა მაკკეინმა საქართველოს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. იგი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოთხოვნით გამოდიოდა.

როგორი იქნება „ბათუმობა 2018“ – პროგრამა

სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ შაბათს, პირველ სექტემბერს გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, „ბათუმობა“ წელს წინა წლებისაგან განსხვავებული იქნება – გაცოცხლდება მე-19 საუკუნის მიწურულის ბათუმი, ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩა სპეციალურად მოირთვება 1900-იანი წლებისთვის დამახასიათებელი აბრებით, აფიშებითა და ბილბორდებით.  ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე სპექტაკლები და კოსტიუმირებული წარმოდგენები გაიმართება.

„ბათუმობა“ პირველ სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.

14:00-დან 19:00 საათამდე ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე გაიმართება სპექტაკლები. ამ რუკაზე აღნიშნულია ადგილები, სადაც კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი. მაგალითად:

  • მაზნიაშვილის და გორგასლის, ჟორდანიასა და ზვიად გამსახურდიას და კოსტავასა და მაზნიაშვილის ქუჩების  კვეთებში იქნება ყავის კუთხე, სადაც ქვიშაზე მოხარშული ყავის დაგემოვნება შეგეძლებათ. ორგანიზატორების თქმით, რუკაზე აღნიშნულ ქუჩებზე სულ ყავის შვიდი კუთხე იქნება
  • გამსახურდიასა და ხულოს ქუჩების კვეთაში მოუსმენთ ქალთა კამერული გუნდის ორკესტრს
  • ჟორდანიას ქუჩაზე თუ ჩაივლით, ორ გაცოცხლებულ სცენას ნახავთ ძველი ბათუმიდან: გოგონები აივანზე და ქუჩის კაფე 
  • კოსტავას ქუჩაზე ძველი ბათუმის ცნობილი სასტუმრო „ფრანცია“ გაცოცხლდება. იქვე ახლოს იქნება ცირკი და საბავშვო კუთხე 
რუკაზე აღნიშნულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება

20 საათზე „ბათუმობა“ უკვე პიაცაზე გაგრძელდება კონცერტით, სადაც ბათუმელი მომღერლების მოსმენა შეგეძლებათ, საღამოს 9 საათზე კი საზაფხულო თეატრში „ალილოსა“ და „შვიდკაცას“ კონცერტი დაიწყება. კონცერტებზე დასწრება უფასოა.

ჩაქვში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

დაბა ჩაქვის ცენტრში დღეს, 28 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

„დაშავებური იყო კონტაქტური და გადაყვანილია საავადმყოფოში. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

რას სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ათევენ ღამეს

ბულვარში ისევ შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც პირდაპირ სავალ ბილიკზე წვანან. ისინი ბულვარში, ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს. „ბათუმელები“ ამ პრობლემაზე 25 აგვისტოს წერდა. დღეს, 27 აგვისტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ „რესურსი არ აქვთ, ქუჩებში იარონ“. ბულვარში ბავშვების ღამისთევას არც ბულვარში მყოფი დაცვის პოლიცია იმჩნევს. „სოცმუშაკები პირად საუბარში გეტყვიან, პრობლემაა, მაგრამ სად წავიყვანოთ ეს ბავშვებიო,“ – გვითხრეს მესამე სექტორში.

„ერთი საათის წინ გავიგე ამ პრობლემის შესახებ, ვუთხარი სოცმუშაკებსაც, რომ პოლიციას შეატყობინონ. ჩვენ რესურსი არ გვაქვს, ბულვარში, ქუჩებში რომ ვიაროთ. თუკი ვნახავთ ამ ბავშვებს, მათ შესაბამის სერვისს მივაწვდით,“ – გვითხრა რუსუდან სალუქვაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილემ ბულვარში მყოფი ბავშვების შესახებ. მისი თქმით, ამ დრომდე ბულვარში არც სოცმუშაკებს უმუშავიათ და არც პოლიციიდან შესულა შეტყობინება სოციალური მომსახურების სააგენტოში. მსგავს სიტუაციაში, როგორც წესი, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ერთვებიან.

სად წაიყვანს სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვს, რომელიც ბულვარში ათევს ღამეს? – რუსუდან სალუქვაძემ გვიპასუხა, რომ ბავშვის მშობელს დაუკავშირდება.

„როცა პოლიცია გვატყობინებს, მათთან ერთად ვადგენთ სამოქმედო გეგმას… თუ შესაძლებელია, მაშინვე ვცდილობთ მოვიძიოთ მშობელი, ან ვინმე თანადგომის ქსელიდან, რომელიც ამ ბავშვს მიხედავს, წაიყვანს, მოუვლის… თუ ეს არ ხერხდება, მაშინ ალტერნატიული სერვისები არსებობს, რომლითაც ჩვენ ვერთვებით. შესაძლოა, მინდობით გადაცემა, ან მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ რუსუდან სალუქვაძემ.

„ეს სურათი აჩვენებს იმას, რომ სოციალური მომსახურების სრული ჩავარდნა გვაქვს ამ მიმართულებით. მინდობით გადაცემა გამოსავალი არ არის, ეს უკიდურესი ღონისძიებაა… პირველ რიგში, ოჯახის გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდეს სოციალური მომსახურების სააგენტო და იმ მიზეზების გადაჭრაზე, რის გამოც ბავშვი გარეთ, ქუჩაში რჩება… მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ შესაბამისი სერვისი არ გვაქვს.

მაგალითად, ბათუმში არ არის კრიზისული მართვის ცენტრი, სადაც შესაძლებელია ბავშვის დროებით განთავსება და მისი პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ბავშვი ამ დროს მშიერია, ჰიგიენური მოთხოვნების დაკმაყოფილება სჭირდება და ასე შემდეგ. სოცმუშაკებიც გეტყვიან პირად საუბარში, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ სად წავიყვანოთ ბავშვიო, “ – გვითხრა ანა არგანაშვილმა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.

„კრიზისული მართვის ცენტრი არ გვაქვს, მაგრამ ტენდერი გამოცხადებულია და იგი აუცილებლად შეიქმნება,“ – განმარტავს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე. რუსუდან სალუქვაძე ამ სააგენტოს მიერ ხელახლა გამოცხადებულ ტენდერზე საუბრობს, სადაც დაინტერესების შემთხვევაში რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ბიუჯეტის დაფინანსებით, კრიზისული მართვის ცენტრი უნდა შექმნას ბავშვებისთვის. აქამდე რომელიმე არასამთავრობო ამ შეთავაზებით არ დაინტერესებულა.

„სამინისტრო მეორეჯერ აცხადებს ამ ტენდერს, – გვიყვება ქეთი მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი. – „ჩვენ რეკომენდაციებში გვეწერა, რომ უნდა გაიზარდოს დაფინანსება. რამდენად შესრულდა, არ ვიცი“.

„დაფინანსება არ გაზრდილა, მაგრამ მერია მონაწილეობს უკვე ამ პროექტში და ის გამოუყოფს არასამთავრობო ორგანიზაციას შენობას, ეს მოლაპარაკების საგანია… თუკი აუცილებლობა დადგება, ახლაც არსებობს რესურსი, რომ ბავშვი ქუთაისში ან თბილისის კრიზისულ ცენტრში გადავიყვანოთ,“ – ამბობს რუსუდან სალუქვაძე. არის თუ არა ადგილი ქუთაისსა და თბილისში იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა ბათუმის ბულვარში ათევენ ღამეს და ვერავინ ამჩნევს? – „აუცილებლად გამოიძებნება. მთელი ჩვენი სამსახური ფეხზე დგება, როცა კრიზისული მომენტი დგება,“ – გვითხრა მან.

რუსუდან სალუქვაძის თქმით, პრობლემა უფრო უცხო ქვეყნიდან შემოსული ბავშვები არიან: „ესენი, ძირითადად,  აზერბაიჯანიდან შემოსული ბოშები არიან… მათ არ აქვთ პირადობის მოწმობები, ან არ გაჩვენებენ. მათ არ სურთ რომელიმე სერვისში ჩართვა და ცოტა გვიჭირს ამ მიმართულებით. ჟენევის კონვენციის მიხედვით, ჩვენ თანაბრად გვაქვს ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია,“- გვითხრა მან.

ბავშვთა მდგომარეობის შესახებ მასშტაბური კვლევა „იუნისეფმა“ ჩაატარა. ამ კვლევაში ვრცლად არის საუბარი ქუჩაში მყოფ ბავშვებზე. ქეთი მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის მენეჯერი ქუჩაში მყოფ ბავშვებს სამ კატეგორიად ჰყოფს.

„პირველი, ეს არიან ბავშვები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არიან. ისინი დღისით და ღამითაც ქუჩაში არიან. ერთის მხრივ, ამ კატეგორიის ბავშვებს ერთმანეთთან აქვთ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა და იმავე დროს, არის ვერტიკალური იერარქია, ჩაგვრა. მეორე კატეგორიაა ბავშვები, რომლებიც მხოლოდ დღისით არიან ქუჩაში. მათ ოჯახებში უკიდურესი სიღარიბეა, ან ოჯახის რომელიმე წევრი მძიმედ ავადაა და ეს ბავშვები ირგებენ მარჩენალის ფუნქციას. მესამე ჯგუფია, ძირითადად, აზერბაიჯანიდან სეზონურად შემოსული ოჯახები. ისინი კანონიერად კვეთენ სახელმწიფო საზღვარს, კანონიერი ვადით რჩებიან ქვეყნის შიგნით და შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან. ძირითადად, სამივე კატეგორიის ბავშვები დაკავებული არიან ქუჩაში წვრილმანი ვაჭრობით, მათხოვრობით, ან ქურდობით,“ – ამბობს ქეთი მელიქაძე.

ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი: „როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვს ქუჩაში სძინავს, ამ ბავშვის უფლებები უკვე დარღვეულია. აქ შეფასება არ არის საჭირო, ხომ არ არის რაიმე გამამართლებელი მიზეზი. მთავარი პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო არ იკვლევს იმ მიზეზებს, რის გამოც აღმოჩნდა ბავშვი. პროტოკოლი არსებობს, რეფერირების სისტემა გაწერილია… დადგენილია, ვის რა პასუხისმგებლობა აქვს. ბავშვის უგულებელყოფაც არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. პირველ რიგში, საჭიროა პირველადი შეფასება, ჯანმრთელობის, ოჯახის შეფასება, გადაყვანა ბავშვის, პირველადი საჭიროებების გამოკვლევა. ის, რომ ბავშვი ბოშაა, არავითარ შემთხვევაში სახელმწიფოს არ ხსნის ვალდებულებას. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით და ვერცერთი სხვა ინტერესი ვერ გადაწონის ამას… ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად.“

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ქეთი მელიქაძე ეროვნული ხედვის და პოლიტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს, რაც ქვეყანაში ამ დრომდე არ გვაქვს. მისი თქმით, ამაზე ვალდებულება იუსტიციის სამინისტრომ აიღო. ქეთი მელიქაძე იმ რეკომენდაციების შესახებ გვიყვება, რომელიც „იუნისეფის“ ბავშვთა მდგომარეობის შესახებ ბოლო კვლევის შესაბამისად მომზადდა.

„რეკომენდაცია იყო ისიც, რომ ბათუმში აუცილებელია შესაბამისი სერვისის შექმნა – მობილური ჯგუფი, რომელსაც მყისიერად ექნება რეაგირება… ამ ჯგუფში აუცილებლად უნდა იყოს ე.წ. თანასწორგანმანათლებელი, ვისაც ქუჩაში უცხოვრია და იცის მათი ენა. იქ არსებობს ენის ბარიერი, კულტურული ბარიერი… როგორც წესი, რთულია ამ კატეგორიის ბავშვებთან ნდობის მოპოვება, მათთან კომუნიკაციის დამყარება. შემდეგი ეტაპია უკვე ამ ბავშვების არაფორმალური განათლების სისტემაში ჩართვა, რომ მივაბრუნოთ ისინი სკოლისკენ. ჩვენი კვლევიდან ჩანდა ის, რომ ქუჩაში მყოფი ბავშვებიდან არცერთი არ დადის სკოლაში და კვლევაში გამოკითხული მოზარდების აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ მას სურს განათლების მიღება. ისინი განათლებას უყურებენ, როგორც მომავალ კეთილდღეობას. მხოლოდ კონკრეტულ ცენტრში მოთავსება გამოსავალი არ არის. შემდეგ იქედან გამოიქცევიან და ისევ ამაოდ დახარჯული რესურსი იქნება… მრავალმხრივ უნდა დაიგეგმოს მიდგომა,“ – გვითხრა ქეთი მელიქაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი.

„იუნისეფის“ წარმომადგენლის თქმით, განათლების სამინისტრომ, ბავშვთა კვლევის მომზადების პროცესში, პირობა დადო, რომ შეიმუშავებდა მიდგომას ქუჩაში მყოფი ბავშვების მიმართ და მაგალითად, პროფესიულ კოლეჯში მიღების დროს ქუჩაში მყოფი ბავშვებისთვის სავალდებულო აღარ იქნება არასრული საშუალო განათლება.

ქეთი მელიქაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სერვისების არსებობა ქუჩაში მყოფი ბავშვებისთვის განსაკუთრებით საჭიროა ზღვისპირა რეგიონში. მისი რეკომენდაციაა ასევე, რომ ქუჩაში მყოფ ბავშვებს ფული არ მივცეთ:

„ბავშვები მოყვებიან ტურისტულ ნაკადებს… „ვორლდ ვიჟენს“ ჰქონდა კვლევა, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე და ქართველი ბავშვებიც ამბობდნენ, რომ ბათუმში წამოსვლა მათთვის არამხოლოდ შრომა და დასაქმებაა, არამედ მათ დაიმსახურეს ზღვის პირას წასვლა.

ასევე ვფიქრობ, რომ ქუჩაში მყოფ ბავშვებს არ უნდა მივცეთ ფული. ეს ეთიკური დილემაა და თითოეული ინდივიდის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, ეს ტოვებს ბავშვს ქუჩაში და გრძლევადიან პერსპექტივაში ბავშვისთვის უკიდურესად მავნეა. უმჯობესია, ბავშვს დაველაპარაკოთ, გავუღიმოთ და ზურგი ვაქციოთ. ჩვენ ხშირად ფულს ვაძლევთ მათ, თითქოს ჩვენს ვალს ამით ვიხდით, მაშინვე ზურგს ვაქცევთ და ამით მათ ვრიყავთ…“

 

 

 

 

 

 

ბათუმში ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა

დღეს, 27 აგვისტოს, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ორი დაშავებული გადაიყვანა საავადმყოფოში შემთხვევის ადგილიდან.

ავარიის გამო თამარ მეფის გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

თაზო კუპრეიშვილის ფოტო

„საქართველოს რკინიგზისა“ და „დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორების შეხვედრა ბიზნესმენებთან

გერმანიის ფედერალური კანცლერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართული და გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული „მრგვალი მაგიდის“ მუშაობას საქართველოს რკინიგზისა და „დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორები, დავით ფერაძე და რიჩარდ ლუცი დაესწრნენ.

საქართველოს რკინიგზისა და ,,დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორები, დავით ფერაძე და რიჩარდ ლუცი
საქართველოს რკინიგზისა და ,,დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორები, დავით ფერაძე და რიჩარდ ლუცი

შეხვედრაზე გერმანულ კომპანიებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნეს. შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, საქართველოს რკინიგზა და ევროპის ყველაზე მსხვილ სატრანსპორტო კომპანია „დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ. კომპანიებს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას, მათ შორის, ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რესურსების გაცვლას ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და დასაქმებულების კუთხით.

ბათუმის მერია ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციას გამართავს

ქალაქ ბათუმის მერია და მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, თუ რომელ მუნიციპალურ ხაზებზე გადაანაწილებენ ახალ ავტობუსებს.

„ამის შესახებ ინფორმაციას პრეზენტაციაზე გავაჟღერებთ,“ – განაცხადეს ქალაქის მერიაში. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კი გვითხრეს, რომ დეტალები მერიასთან შეთანხმებული არ არის და ის ჯერ კიდევ ზუსტდება.

ბათუმის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაცია 29 აგვისტოს 14:00 საათისთვის დააანონსა. ღონისძიება, რომელსაც, მერიის ინფორმაციით, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან, ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი სექტემბრიდან იმოძრავებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქში შესაძლოა ახალი სამარშრუტო ხაზი დაამატონ, რომელიც ჭაობის დასახლებას ქალაქის ცენტრალურ უბნებთან [გორგილაძის და სხვა ქუჩებთან] დააკავშირებს. ახალი მუნიციპალური ავტობუსები, სავარაუდოდ, ამ ახალ ხაზზეც იმოძრავებენ. ასევე, ახალი ავტობუსები სავარაუდოდ იმოძრავებენ აეროპორტის [N10 ხაზი] მიმართულებით, ასევე იმ ხაზებზე, რომლებიც ჭაობის დასახლებასა და რუსთაველის ქუჩაზე გადის.

„ისუზუ ატამანის“ მოდელის ცისფერი ავტობუსები უკვე ბათუმშია. 15 ახალი ავტობუსი ბათუმის პორტიდან ქალაქში 22 აგვისტოს შემოვიდა.

ახალი მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში სექტემბრიდან იმოძრავებენ / ფოტო: ბათუმის მერია
ახალი მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში სექტემბრიდან იმოძრავებენ / ფოტო: ბათუმის მერია
ახალი მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში სექტემბრიდან იმოძრავებენ / ფოტო: ბათუმის მერია
ახალი მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში სექტემბრიდან იმოძრავებენ / ფოტო: ბათუმის მერია

ამავე თემაზე:

ახალი ავტობუსები ბათუმში პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ

 

8 სკოლა პირველკლასელის გარეშე და 15 სკოლა თითო პირველკლასელით – აჭარის მთა

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების რამდენიმე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი პირველკლასელების გარეშე, ზოგიერთ სკოლაში კი, ერთი პირველკლასელით დაიწყება.

შესაბამისი რესურსცენტრებიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციებით, პირველკლასელი 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში არ ეყოლება ხულოს ორ საჯარო სკოლას, შუახევის ხუთ და ქედის ერთ საჯარო სკოლას.

თითო პირველკლასელს მიიღებს ხულოს ხუთი და შუახევის ათი საჯარო სკოლა.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ასევე არის სკოლები, სადაც ახალ სასწავლო წელს სწავლას ორი, სამი, ოთხი პირველკლასელი დაიწყებს.

ქედის მუნიციპალიტეტის წონიარისის საჯარო სკოლის სოფელ კანტაურის კლასები კი, კონტინგენტის არარსებობის გამო, დაიხურა. „წელს წონიარისის Iა კლასში მოვიდა მოსწავლე, მაგრამ წონიარისის Iბ [კანტაურის] კლასში არ მოვიდა. ეს კლასი გაუქმდა და არა ვთქვათ, კანტაურის სკოლა. ვინაიდან ეს დასახლება წონიარისის საჯარო სკოლიდან შორსაა, იქ ცალკე კლასებია, ცალკე შენობაში. ანუ კანტაურში არის წონიარისის სკოლის I-IV კლასები. ახალი სასწავლო წლიდან კი აქ არც ერთ კლასში არ იქნება მოსწავლე“, – განმარტავენ ქედის რესურსცენტრში.

კერძო და საჯარო სკოლებში ამ დროისთვის ხულოში, მთლიანობაში, 264 პირველკლასელი ირიცხება, შუახევში – 131, ქედაში  – 172.

კერძო სკოლა არ არის ქედაში. ხულოსა და შუახევში კი თითო კერძო სკოლა ფუნქციონირებს.

 

ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დანიშნეს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, 29 აგვისტოდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება აზერბაიჯანში – შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, 27 აგვისტოს, მოაწერა.

ზურაბ პატარაძე ორი წლის განმავლობაში იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. ბრიფინგზე, სადაც მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, პატარაძემ ხაზი გაუსვა, რომ პოსტის დატოვების მიუხედავად რჩება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად და მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობამდე ზურაბ პატარაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2011-2012 წლებში – საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში, ხოლო 2012- 2013 წლებში – თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.

„ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი „სუბოქსინი“ და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღო.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. ორივე მათგანისგან ამოღებულია 8 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, 700 გრამამდე „ჰეროინი,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთ კვირაში ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავეს.

___________

მთავარი ფოტო არქივიდან

„არ მახსოვს არაფერი“ – ბრალდებულის ჩვენება 4 წლის ბავშვის მკვლელობაზე

„არ მახსოვს არაფერი,“ – ასე უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე დავით მამისეიშვილის შეკითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“.

„4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე“ არსებითი განხილვა დღეს, 27 აგვისტოს, დაიწყო.

საუბარია 13 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე: პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში საკუთარი ხელით მიიტანა და თქვა, რომ 4 წლის გოგო ცემით მოკლა.

პროკურატურის ვერსიით, ბავშვის დედა საქართველოდან თურქეთში რამდენიმე დღით წავიდა, ბავშვი კი, დროებით ბრალდებულს დაუტოვა, ვისთანაც მეგობრობდა. ბავშვის დედას თურქეთში დეპორტი გაუკეთეს და სამშობლოში – უზბეკეთში დააბრუნეს.

მოსამართლემ ბრალდებულ საირახონ მირბობოიევას დღევანდელ პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ჰკითხა, რასაც ბრალდებულმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა: „ნორმალური“.

საქმეში უკვე დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემა აქვს, თუმცა დანაშაულის ჩადენის დროს იგი შერაცხადი იყო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ და იგი სასჯელს გამოჯანმრთელების შემთხვევაში მოიხდის.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, საირახონ მირბობოიევას 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

„ამ ეტაპზე მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ დგას. იგი საპატიმრო დაწესებულებაში გადის მკურნალობას,“ – გვითხრა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ პროცესის დაწყებამდე.

სხდომის მიმდინარეობის დროს ბრალდებულმა ტკივილგამაყუჩებელი ითხოვა. მან ადვოკატს უთხრა, რომ თავი სტკივა.

„თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ სხდომის დარბაზი… ბრალდებულის სასამართლო პროცესზე დასწრება სავალდებულო არ არის,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ.

„არა, დავრჩები,“ – თქვა ბრალდებულმა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ 6 მოწმის ჩვენება მოისმინა, მათ შორის, სამართალდამცველების.

„ბევრი არაფერი უთქვამთ. ორი ქალი მოვიდა ერთად, რუსულად დაგველაპარაკენ… ერთ-ერთს ხელში ეჭირა ბავშვის ცხედარი, ზეწარში გახვეული… თქვა, რომ ბავშვი ცემით მოკლა,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა პოლიციელმა, სულხან ბერიძემ ჩვენების მიცემის დროს.

მოსამართლემ ასევე მოისმინა იმ გამომძიებლების ჩვენება, რომლებმაც ამ საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს ბრალდებულის მონათხრობის მიხედვით.

გამომძიებლების გარდა ამ საქმეში კიდევ 16 მოწმეა და 5 ექსპერტი. ერთ-ერთი მოწმე უზბეკი ქალია, რომელიც ბავშვის მკვლელობის თვითმხილველია. ის ბრალდებულის ახლობელია.

სასამართლო თავად ბრალდებულის ჩვენებასაც მოისმენს. მას ამ დრომდე აღიარებითი ჩვენება გამოძიებისთვის არ მიუცია.

4 წლის გოგოს ცხედარი გონიოს სასაფლაოზე გონიოში მცხოვრებმა ოჯახმა დაკრძალა. ამ ოჯახის წევრი ბავშვის ძიძა იყო, ვისგანაც ბრალდებულმა ქალმა ბავშვი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე წაიყვანა.

სასამართლო 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე მოწმეების ჩვენებებს ისმენს

ამ თემაზე:

4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს სავარაუდოდ ფსიქიატრიულში მოათავსებენ

უცნობი ნივთიერებით სავსე ბიდონი შავ ზღვაში – დაწყებულია გამოძიება

26 აგვისტოს, საღამოს, შეკვეთილში „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა, თაზო კუპრეიშვილმა ზღვაში მოტივტივე ლურჯი ფერის ბიდონი შენიშნა და ნაპირზე გამოიტანა.

„ბიდონი სავსე იყო და მასზე ეწერა, რომ მასში იყო ჟანგის მოსაშორებელი, საშიში სითხე. მეგობარმა, რომელიც მახლდა, თქვა, რომ ეს იყო ტოქსიკური სითხე, რომელსაც გემზე იყენებენ სპეცაღჭურვილობით, რადგან მისი შეყნოსვა და კანზე მოხვედრა არ შეიძლება. 112-ს დავუკავშირდით,“ – ყვება თაზო კუპრეიშვილი. მისივე თქმით, ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა ბიდონს თავი მოხსნეს, იგი სპეციალური საფარით დალუქული არ ყოფილა.

ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

სამართალდამცავებმა ოქმი შეადგინეს და მოწმეები დაკითხეს. ბიდონი ექსპერტმა დალუქა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით დაიწყო – გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა. ბიდონში არსებულ სითხეს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ბიდონზე აღნიშნულია გემის სახელიც –  AZOV CONFIDENCE. ესაა მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ახლა საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში იმყოფება.

AZOV CONFIDENCE. ფოტო: marinetraffic.com

„ბათუმელები“ გარემოს დაცვის ინსპექციასაც დაუკავშირდა. აქ გვითხრეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან.

ბათუმში სამარშრუტო ხაზები 6 კომპანიაზე გადანაწილდა – საკითხს საკრებულო დაამტკიცებს

სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგები ბათუმის საკრებულოს გადაეგზავნა. კონკურსში ექვსი კომპანია მონაწილეობდა და მერიის კომისიამ ექვსივე გამარჯვებულად გამოაცხადა. ქალაქში არსებული 22 სამარშრუტო ხაზი სწორედ ამ ექვს კომპანიაზე გადანაწილდება.

გამარჯვებულ კომპანიებზე შესაბამისი ნებართვების გაცემის საკითხი ბათუმის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. კონკურსის შედეგებზე საკრებულო 2018 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე იმსჯელებს.

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში:

[checklist]

  • ექვსივე კომპანია ვალდებული იქნება, სანებართვო მოწმობის მიღების და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღეში უზრუნველყოს სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით და მგზავრობის ტარიფის გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებებით აღჭურვა.
  • კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებლებზე ნებართვა გაიცემა და ხელშეკრულება გაფორმდება 2018 წლის 7 სექტემბრიდან.

[/checklist]

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში გამარჯვებული კომპანიები სამარშრუტო ხაზების მიხედვით:

[checklist]

  • „ჯორჯიანტრანსი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 24, 25, 44, 45, 46.
  • „ავტოტრანსი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 32, 52.
  • „მწვანე შუქი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 28, 29.
  • „ავტომობილისტი 42“ – სამარშრუტო ხაზები: NN 42, 47.
  • „ირაკლი ჩავლეიშვილი“ – სამარშრუტო ხაზი: N 30.
  • „აჭარტრანსრეგულირება“ – სამარშრუტო ხაზები: NN 20, 21, 31, 33, 34, 36, 39, 40, 49, 56.

[/checklist]

ამ კომპანიებიდან ოთხი კომპანია ადრე გაცემული ნებართვების საფუძველზე ქალაქში დღემდე ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას. არსებული კანონმდებლობით, შესაძლებელია ნებართვის ვადის გაგრძელება, თუმცა საკრებულოში შესულია მერიის წინადადება, რომ ეს პუნქტი ამოიღონ და კონკურსი ნებართვაზე ყოველწლიურად გამოცხადდეს. ნებართვა ერთწლიანია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ქალაქში ყოველდღიურად მუშაობს [სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე] 460 მიკროავტობუსი. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს რაოდენობა ახალი ნებართვების გაცემიდან 250-მდე უნდა შემცირდეს. ანუ, კონკურსგავლილი 564 მიკროავტობუსიდან დღეში ხაზზე 250 უნდა მოძრაობდეს.

იქნება თუ არა მიკროავტობუსების ეს რაოდენობა საკმარისი მგზავრების გადასაყვანად? – მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „როცა დაიწყება მუშაობა, ყველაფერი გამოჩნდება – მიკროავტობუსის დამატება იქნება საჭირო ამა თუ იმ ხაზზე, ან პირიქით შემცირება, მაგის დარეგულირების უფლებაც გვაქვს და თუ საჭიროება მოითხოვს, დავარეგულირებთ“.

ამავე თემაზე:

ახალი სქემით ბათუმში პირველი სექტემბრიდან 564 მიკროავტობუსი იმოძრავებს

რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

ბათუმში Kid Jesus-ის და სიმებიანი კვარტეტის კონცერტი გაიმართება

6 სექტემბერს  ბათუმში KID Jesus-ი და სიმებიანი კვარტეტი  კლასიკური მუსიკის სინთეზით ექსპერიმენტულ ინდი როკ კონცერტს გამართავენ.

“ინდი როკის შესრულება კლასიკური მუსიკის აკომპანირებით ქმნის განსაკუთრებულ და სპეციფიკურ ჟღერადობას, რის გამოც გადაწყდა ამ ექსპერიმენტის ჩატარება. ასევე, KID Jesus-ი შეასრულებს რამდენიმე კომპოზიციას ახალი ალბომიდან, რომელიც სამომავლოდ ვინილის სახით გამოვა,” – ნათქვამია პროექტის ორგანიზატორის,  “EREDELI-ს” მიერ გავრცელებულ რელიზში.  პროექტის მხარდამჭერი აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

KID Jesus-ი  თბილისში 2012 წელს ჩამოაყალიბეს ლევან შანშიაშვილმა (გიტარა, ვოკალი), ცოტნე ჩიქობავამ (ბასი) და არჩილ შიოშვილმა (დრამი), რათა შეექმნათ საუკეთესო ინდი-ჯიზაზ-როკ მუსიკა. მუსიკოსები პირველად „აივანი Season 2“-ზე წარსდგნენ, „თბილისი ივენთ ჰოლში“. 2012 წელს KID Jesus-ი გახდა გამარჯვებული ისეთი მასშტაბური პროექტისა, როგორიცაა Tbilisi Newcomers-ი. 2013 წელს KID Jesus-ი პირველი ქართული ბენდი იყო Tbilisi Open Air-ზე, რომელმაც დაუკრა ისეთი მუსიკოსების გვერდით, როგორებიც არიან: The Subways-ი, Modeselektor-ი და Tricky.

„ბათუმში ლერმონტოვის ქუჩას მაკკეინის სახელი ეწოდოს“ – საკრებულოს წევრის ინიციატივა

„ლერმონტოვის ქუჩას ბათუმში ეწოდოს სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი“ – ამ ინციატივით ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოდის. ინიციატივის განხილვას იგი ბათუმის საკრებულოში აპირებს. მირდატ ქამადაძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელია.

„ლერმონტოვის ქუჩა იმიტომ, რომ სიმბოლურია ქუჩებისთვის სახელის დარქმევა. ლერმონტოვი არ გამოირჩეოდა ქართველების დიდი სიყვარულით, ეს ცნობილია, ხოლო მაკკეინის დამსახურება საქართველოს წინაშე ყველამ იცის. მარტო ის რად ღირს, როცა აგვისტოს ომის დროს თქვა: დღეს ყველა ქართველები ვართ“, – გვითხრა მირდატ ქამადაძემ.

სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.  სენატორმა საქართველოს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდიოდა.

https://netgazeti.ge/news/165803/

 

სარფში 62 000 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო-ვერცხლი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული 232 გრამი ოქროს ნაკეთობები.

ხოლო ორ შემთხვევაში, მოქალაქეები არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების მალულად შემოტანას ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით და ხელბარგში არსებული სამალავის გამოყენებით ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 8 კგ-მდე ვერცხლისა და 480 გრ-მდე ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლო კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად– უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 20-25 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 27 გრადუსია. ტალღის სიმაღლე  5-10 დმ (2-3 ბალი).

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ამინდი ბათუმში შესაძლოა ხუთშაბათს შეიცვალოს – აგვისტოს ბოლო დღეებში ბათუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

__________

თამარ ნერგაძის ფოტო

ოფროუდი – ფოტორეპორტაჟი აჭარის ღია ჩემპიონატიდან

ოფროუდში აჭარის ღია ჩემპიონატი დღეს, 26 აგვისტოს, ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში ჩატარდა. მასში საქართველოდან და თურქეთიდან 25-მდე ავტომობილი  მონაწილეობდა.

აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო

თოჯინების თეატრის შიდა ეზოს მინით გადახურავენ

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის შიდა ეზო გადაიხურება. სამუშაოებისთვის თეატრის ადმინისტრაციას 114 ათას 983 ლარი აქვს გამოყოფილი.

სამუშაოებს, რომელიც შიდა ეზოს გადახურვის გარდა შიდა კედლების დამუშავება-შეღებვასაც ითვალისწინებს, თეატრი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შიდა ეზო გამჭვირვალე ნაწრთობი მინით გადაიხურება, რისთვისაც გამოყენებული იქნება ლითონის კონსტრუქციები. დაგეგმილია დაახლოებით 87 კვ/მ ფართობის გადახურვა.

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე თოჯინების თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასზე სამუშაოების წარმოების ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გაცემულია.

სატენდერო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ შიდა ეზო შენობის სიღრმეშია, შესაბამისად, „მისი გადახურვა აღქმადი იქნება შორი მანძილიდან და შენობას არ უკარგავს თავის არქიტექტურულ იერსახეს“.

თოჯინების თეატრის შიდა ეზოს გადახურვა [ცენტრში] / ესკიზი / სატენდერო დოკუმენტებიდან
შესაბამისი ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. ეზოს გადახურვა და კედლების შეღებვა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 60 დღეში უნდა დასრულდეს.

ოფროუდის მონაწილეები ბაზებმა დაკბინეს – ადგილზე სასწრაფო დახმარება ორჯერ გამოიძახეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში მიმდინარე ოფროუდის ჩემპიონატში აჭარის ღია ჩემპიონატის მონაწილეები მწერებმა, სავარაუდოდ ბაზებმა დაკბინეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადის გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, პირველ გამოძახებაზე ადგილზე სამედიცინო დახმარება 5 ადამიანს აღმოუჩინეს, ამის შემდეგ კი იმავე ადგილიდან ბრიგადა კვლავ გამოიძახეს, თუმცა ამ დროისთვის [16:10 სთ] სხვა დეტალები უცნობია.

ჩემპიონატი დღეს, 26 აგვისტოს, დაიწყო და ის ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მასში საქართველოდან და თურქეთიდან 25-მდე ავტომობილი მონაწილეობს.

როგორც მოგვიანებით „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, ჩემპიონატის ორი მონაწილე სტაციონარში გადაიყვანეს, თუმცა დღის ბოლოს ორივე გაწერეს.

აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში [ფოტო]

ბათუმის „სანდასუფთავება“ ბულვარში სწრაფი რეაგირებისთვის მოტოსკუტერებს ყიდულობს

ბათუმის მუნიციპალური შპს „სანდასუფთავება“ სამბორბლიანი, ორადგილიანი ელექტროსკუტერების შეძენას გეგმავს. კომპანიას ორი ერთეული ელექტროსკუტერის შესაძენად 5 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

„სანდასუფთავების“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ელექტრომოტოსკუტერები კომპანიას ბათუმის ბულვარში სწრაფი რეაგირებისა და მონიტორინგისთვის სჭირდება.

სკუტერების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 4 სექტემბერს დამთავრდება.

მიახლოებითი სტილი – ესკიზი / სატენდერო დოკუმენტებიდან: შესაძენი ელექტროსკუტერის ტექნიკური პარამეტრები – ახალი, ექსპლოატაციაში არ მყოფი; ძრავი – არანაკლებ 1000 W (DC); მაქს. სიჩქარე (კმ / სთ) – არანაკლებ 25; მუხრუჭი ხელით; ბორბლების რაოდენობა – 3; ტვირთამწეობა – არანაკლებ 130 კგ.; სრული დატენვის დრო – არაუმეტეს 8 საათი; დიაპაზონი (კმ) – არანაკლებ 35 კმ.; მოხმარება: ≤1.20 kw/h; განათების მაშუქები წინ და უკან; ტალახდამცავი ფრთა; ორი დამოუკიდებელი სავარძელი; სავარძლის სახელურები; უკანა ხედვის სარკეები; ქარხნული აკუმულატორები; დამტენი; მასა – არაუმეტეს 150 კგ.

 

მწვანე კონცხის პლაჟი, რომელსაც ივანიშვილის კომპანია 49 წლით უსასყიდლოდ ითხოვდა

ბათუმში, მწვანე კონცხის პლაჟი, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. პლაჟზე, ერთ-ერთი ცენტრალური გასასვლელის წინ კი, გუბე დგას, რომელიც თითქმის დაჭაობებულია. აქ წყალი პლაჟზე, მწვანე კონცხის დასახლებიდან გამომავალი მილიდან ღიად მოედინება. წყალზე გადასასვლელად კი სახელდახელო „ხიდია“ მოწყობილი.

პლაჟის ოფიციალური მესაკუთრე საჯარო რეესტრში დაფიქსირებული არაა, თუმცა ის ბათუმის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. პლაჟს ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ 49 წლის ვადით უსასყიდლოდ ითხოვდა.

ბათუმის საკრებულომ გასული წლის სექტემბერში მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის გარკვეული ქონების აჭარის მთავრობისთვის გადაცემას. ამ ქონებაში შედიოდა „ბიზნეს დეველოპმენტზე“, გადასაცემი მწვანე კონცხზე მდებარე 6 346 კვ.მ პლაჟიც, პირობებში კი პლაჟის დასუფთავება, მოვლა-პატრონობა და კეთილმოწყობა შედიოდა.

„პლაჟი იჯარით აღარ გადაგვიცია. პროცესი შეჩერდა. ბოლო დროს კომპანიის მიერ მოთხოვნა აღარ იყო“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

კომპანია „ბიზნეს დველოპმენტს“ მწვანე კონცხზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს, 2017 წლის თებერვალში კომპანიამ  ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] ასევე, მათზე დამაგრებული 13 640 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 4 600 000 ლარად შეიძინა.

მწვანე კონცხის პლაჟი / 25.08.2018 / მილიდან შემომავალი წყალი პლაჟზე
„ჭაობი“ მწვანე კონცხის პლაჟზე  / 25.08.2018 /
„ხიდი“ მწვანე კონცხის პლაჟზე / 25.08.2018 /
მწვანე კონცხის პლაჟი / 25.08.2018 /
მწვანე კონცხი, პლაჟზე ჩასასვლელი  / 25.08.2018 /
ყოფილი საბაგირო გზის ჩასასხდომი ქვედა სადგური მწვანე კონცხის პლაჟთან / 25.08.2018 /

 

ბათუმში კაცი დაჭრეს – სავარაუდო დამნაშავე დადგენილია

25 აგვისტოს, საღამოს, ბათუმში კაცი დაჭრეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ის კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანა. სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს წელის არეში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ამ დროისთვის დაჭრილი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ინციდენტი მელიქიშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, შელაპარაკებას მოჰყვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მისი ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და გრძელდება  სამძებრო სამუშაოები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული ე.კ. სარფში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 28 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

სამინისტროს განცხადებით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში [ფოტო]

ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში აჭარის ღია ჩემპიონატი – „კოლხეთი 2018“ იმართება ოფროუდში.  ჩემპიონატში საქართველოდან და თურქეთიდან 25-მდე ავტომობილი მონაწილეობს.

შეჯიბრი სამ კატეგორიაშია: 2,5-მდე ძრავიანი ავტომობილები, 2,5-ზე მეტი და აბსოლუტური, პროფესიონალური კატეგორია.

ჩემპიონატის ორგანიზატორი აჭარის ოფროუდის ფედერაციაა.

აჭარის ღია ჩემპიონატი იმართება ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი იმართება ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი იმართება ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი იმართება ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო
აჭარის ღია ჩემპიონატი იმართება ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო

ბავშვები ბათუმის ბულვარში – მათ ღამით ქვაფენილსა და სკამებზე სძინავთ (ფოტო)

ზოგს სკამზე სძინავს, ზოგიც პირდაპირ ქვაფენილზეა გაწოლილი. „ბათუმელებმა“ ეს ბავშვები, ოთხი მოზარდი, 25 აგვისტოს, ღამის სამ საათზე დააფიქსირა. ყველა მათგანი გოგოა.

„ბათუმელებმა“ აქამდეც დააფიქსირა რამდენიმე მოზარდი – ბიჭები, რომლებსაც ღამის საათებში ეძინათ ბულვარში სკამებზე.

ჩვენ ვერ  მოვახერხეთ ბავშვებთან გასაუბრება და, შესაბამისად, იმის გარკვევა, სად ცხოვრობენ ისინი, ან რატომ გახდნენ იძულებული, ქუჩაში გაათიონ ღამე.

ბათუმის ახალ ბულვარში 2013 წლის ზაფხულში 16 წლის მარიამ კოჩალიძე მოკლეს.

გოგონა, რომელიც ბათუმის ბულვარში ათევს ღამეს. ფოტო: ჯაბა ანანიძე
გოგონა, რომელიც ბათუმის ბულვარში ათევს ღამეს. ფოტო: ჯაბა ანანიძე

მუსიკოსთა პარკი შეკვეთილში [ფოტო]

„მუსიკოსთა პარკი“ ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს გვერდით მდებარეობს. პარკში მოწყობილია სასეირნო ბილიკები, საპიკნიკე ადგილები, განთავსებულია მომღერლებისა და კომპოზიტორების სკულპტურები, ხეში გამოკვეთილი ფიგურები. მუსიკოსების სკულპტურებთან მიახლოებისას კი მათი სიმღერები და მუსიკა ისმის.

„მუსიკოსთა პარკი“ შეკვეთილში „ქართუ ჯგუფმა“ მოაწყო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ორი წლის წინ, 2016 წლის აგვისტოში გადასცა. პარკში რამდენიმე ქანდაკება იმავე წელს დააზიანეს. ქანდაკებების გარკვეული დეტალები პარკში დღესაც დაზიანებულია.

„ქართუ ჯგუფში“ აცხადებდნენ, რომ „სკულპტურები დამზადებულია ევროპაში ევროპელი სკულპტორების მიერ“.

null

null

null

null

null

null

აზბესტი – კიბოს წყარო სახლების სახურავებზე ბათუმში

ბათუმში, კერძო დასახლებებში, ასევე სოფლებში, ბევრ სახლს ჯერ კიდევ აზბესტის შემცველი „შიფერის“ სახურავი აქვს. კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, აზბესტი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება – ის კიბოთი დაავადების რისკს ზრდის.

ამ დროისთვის 53 ქვეყანაში არის აკრძალული აზბესტის გამოყენება. საქართველოში კი ამ დროისთვის მხოლოდ აზბესტის ბოჭკოს შემოტანა იკრძალება. შესაბამისად, საქართველოში ათასობით ტონა აზბესტის პროდუქცია ისევ შემოდის. მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს საქართველოში 301 500 აშშ დოლარის ისეთი პროდუქცია შემოვიდა, რომელიც აზბესტს შეიცავს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში [2009 წლიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით] კი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში შემოტანილია 10 068 700 აშშ დოლარის ღირებულების აზბესტის შემცველი ნაწარმი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აზბესტით ყოველწლიურად 107 ათასი ადამიანი იღუპება, მათ შორის რამდენიმე ათასი ადამიანი საკუთარ სახლში აზბესტის ზემოქმედებისგან კვდება.

ამის მიუხედავად, „შიფერის“, როგორც ახლის, ისე მეორადის ყიდვა ბათუმში თავისუფლად შეიძლება.

გერმანიის გამოცდილების თანახმად, აზბესტის სახურავების მოხსნა მხოლოდ სპეცტანსაცმლით აღჭურვილ ხელოსნებს უნდა დაუკვეთოთ, რადგან მისი ნაწილაკები და მისგან წარმოქმნილი მტვერი ილექება ფილტვებში, რაც შემდეგ ხდება სასუნთქი გზების კიბოს წყარო.

გარდა ამისა, აზბესტი საქართველოში ფართოდ არის წარმოდგენილი ავტოტრანსპორტის სამუხრუჭე ხუნდებში საფენის სახით, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სპეციალისტების რეკომენდაციით, ავტობუსის გაჩერებისას სასურველია  30 წამის განმავლობაში ჰაერი არ ჩაისუნთქოთ, რადგან დამუხრუჭებისას ის გააფრქვევს აზბესტის ნაწილაკებს.

საქართველოში აქამდე შემოჰქონდათ აზბესტის ბოჭკოსგან დამუშავებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თავსაფრებიც კი. 2009-2016 წლებში 46 600 აშშ დოლარის ასეთი ტანსაცმელი და აქსესუარები იყო შემოტანილი. თუმცა ბოლო ორი წელია მსგავსი ტიპის ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი საქართველოში აღარ შემოუტანიათ.

აზბესტის შემცველი ნაწარმი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა და შემოდის, ძირითადად არის შიფერი, მილები, აზბესტის შემცველი ფრიქციული მასალები და მათი ნაწარმი (მაგალითად, ფურცლები, რულონები, ლენტები, სეგმენტები, დისკოები, საყელურები, შუასადებები) დაუმონტაჟებელი, გამოსაყენებელი მუხრუჭების, შეჭიდულობებისა ან ანალოგიური მოწყობილობებისათვის. ასევე შემოდის აზბესტის ბოჭკოსგან დამუშავებული ქაღალდი, სქელი მუყაო, ქეჩა და სხვა ნაწარმი.

აზბესტის გამოყენება საქართველოში 2006 წლიდან არის აკრძალული. აკრძალვის დადგენილებაში წერია, რომ აზბესტის ბოჭკო შეყვანილია საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხაში: „როტერდამის კონვენციის მესამე დანართით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N133/ნ (26.03.2001 წ.) ბრძანებით (საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვას და მკაცრად შეზღუდულ გამოყენებას დაქვემდებარებული) განსაზღვრული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხა“.

მათ შორის აზბესტის ბოჭკო:

[crosslist]

  • კროკოდოლიტი
  • ამოზიტი
  • ანტოფილტი
  • აქტინოლიტი
  • ტრემოლიტი

[/crosslist]

მთავარი ფოტო: აზბესტის შემცველი „შიფერის“ სახურავები ბათუმში, „ჭაობის“ დასახლებაში

 

 

მერია: უკანონო დაშენებისთვის მოქალაქე გააფრთხილეს

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის #5-ში მოქალაქე დაშენებულ მეექვსე სართულზე მეშვიდე სართულს, მერიის ინფორმაციით, უნებართვოდ აშენებს.

ბათუმის მერიის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, მოქალაქე გააფრთხილეს და მას შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა მოსთხოვეს.

უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა მესაკუთრეს დემონტაჟი არ დაუწყია.

უნებართვო დაშენება ბათუმში / 23.08.2018 / ცაგო კახაბერიძის ფოტო
უნებართვო დაშენება ბათუმში / 23.08.2018 / ცაგო კახაბერიძის ფოტო
Exit mobile version