Batumelebi | უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან და „ცხელი ხაზი“ ბავშვებისთვის უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან და „ცხელი ხაზი“ ბავშვებისთვის – Batumelebi

უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან და „ცხელი ხაზი“ ბავშვებისთვის

მეორე წელია ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უფასო ფსიქოლოგიური მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ. ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული. აქ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და იურისტი დაგხვდებათ.

პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამ ფონდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ძალადობის წინააღმდეგ მუშაობის კუთხით.

რა ისტორიებით მიდიან ადამიანები ადვოკატირების ცენტრებში, კონკრეტულად რა მომსახურების მიღებაა აქ შესაძლებელი და რა შემთხვევაში – „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს, ლია სარალიძეს ესაუბრა.

ქალბატონო ლია, უკვე მეორე წელია ახორციელებთ პროექტს – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. ვის შეუძლია ამ პროექტით სარგებლობა? 

ჩვენ მზად ვართ ძალადობის დროს, ნებისმიერი ეჭვის გაჩენისას, მომსახურება გავუწიოთ ბავშვს, მის მშობელს, 21 წლამდე ახალგაზრდას. პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია და მისი მიზანია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა როგორც პრევენციული თვალსაზრისით, ასევე საჭირო მომსახურების მიწოდებით. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერება, რადგან ბავშვზე ძალადობა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შედეგია და, შესაბამისად, პრობლემის მოგვარებას  სხვადასხვა სექტორის ჩართულობა სჭირდება. ნებისმიერი სერვისის მიმწოდებელი ამ სფეროში ვერ იმუშავებს მარტო. მდგრადობის და განგრძობითობის თვალსაზრისით, პროექტი რაღაცის დასაწყისია, ეს არაა  ერთჯერადი საქმიანობა. პროექტის განხორციელებით საფუძველს უყრი მომსახურების გაჩენას და განვითარებას, რომ შემდეგ მისი მდგრადობა შეინარჩუნოს სახელმწიფომ.

რატომ უნდა მოვიდეს ადამიანი თქვენთან, როცა ფსიქოლოგი, ასევე სოცმუშაკი, ჰყავს სოციალური მომსახურების სააგენტოს? 

ჩვენ ამ ტიპის მომსახურებას ვახორციელებთ 2000 წლიდან, იმ დროს საზოგადოებას ჯერ კიდევ არ გვქონდა გაცნობიერებული, რა იყო ძალადობა. როცა ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი, არც სოციალური მომსახურების სააგენტო არსებობდა, არც სხვა სერვისები, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვკრავთ ამას და ვცდილობთ მომსახურების ახალ საფეხურზე აყვანას. 2005 წელს ბათუმი იყო პირველი ქალაქი, სადაც რეფერირების პროცედურების საპილოტე პროგრამა განვახორციელეთ. მაშინ შეიქმნა პირველი საინიციატივო ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროში, სოციალურ სააგენტოში და ასე შემდეგ. ის, რომ დღეს სოციალური მომსახურების სააგენტო არსებობს და იქ ფსიქოლოგი გაჩნდა, ეს შექმნილი საფეხურებია, რომლებიც ერთად გავიარეთ. ამ თანამშრომლობას სჭირდება გაძლიერება, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს. რაც ამ დრომდე გვაკლია ქვეყნის მასშტაბით და ამაზე ვიღებთ რეკომენდაციებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ესაა მომსახურების სერვისების არქონა.

კონკრეტულად რა სერვისის შექმნა რჩება პრობლემად? 

სახელმწიფო სისტემას რეფორმების შედეგად ძალიან ბევრი ამოცანა დაუგროვდა. მაგალითად, სოციალური მუშაკები ბევრ თემაში არიან ჩართულები. ახლა საჭიროა მათი ტექნიკური გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. გასარკვევია, რამდენი ბენეფიციარი უნდა ჰყავდეს სოციალურ მუშაკს, რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი, რით უნდა იმოძრაოს ქალაქში, რომ ეს მუშაობა ეფექტური იყოს. სოციალური სააგენტოს სოციალური მუშაკი გადაწყვეტილების მიმღები პირია, ის მენეჯერია, ხვდება ოჯახებს, რომელთა ნაწილი დესტრუქციულია, სხვადასხვა პრობლემა არსებობს.

ოჯახის მხარდაჭერა ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს. როცა არსებობს მსხვერპლი ბავშვი, მხოლოდ თერაპიული მიდგომა არაა საკმარისი. ამიტომ სააგენტოს მუშაობა ვერ იქნება ეფექტური, ისევე როგორც სამართალდამცავი ორგანოს, თუ არ იარსებებს ქვეყანაში შესაბამისი მომსახურება. ბავშვი რომ კარგად იყოს, ამისთვის ოჯახის გაძლიერებაა საჭირო. მარტო თერაპიას და კონსულტირებას როცა სთავაზობ ადამიანს და ესეც როცა არა გაქვს, ეს საქმეს ვერ შველის. ჩვენი პროექტი გარდა იმისა, რომ კონკრეტულ მომსახურებას სთავაზობს ბენეფიციარებს, ამ სფეროში ჩართული სპეციალისტების – ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, სამართალდამცველების უნარების გაძლიერებასაც უწყობს ხელს. ეს მოიაზრებს  რამდენიმე მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას.

რომელ ქალაქებში გაქვთ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები და როგორია მომართვიანობის მაჩვენებელი? 

პროექტი ხორციელდება თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში, თუმცა შესაძლებელია მოგვმართოს სხვა რეგიონში მცხოვრებმაც. პროექტის მთავარი აპლიკანტია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. ბათუმში გვყავს ორი პარტნიორი: „სთეფ ფორვარდი“ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდში – არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი წვლილი აქვს ამ პროექტში, რადგან ფსიქოლოგიის ცენტრი მოეწყო უნივერსიტეტის შენობაში და ამაში პროექტიდან თანხა არ დახარჯულა. პროექტი 2019 წელს სრულდება. უნივერსიტეტს უკვე აქვს მოლაპარაკება ადგილობრივ მთავრობასთან, რომ შენარჩუნდეს ეს ცენტრი.

თბილისის ოფისში მუშაობს 3 ფსიქოლოგი, ბათუმსა და ზუგდიდში – ორ-ორი. ამას გარდა გვყავს მომსახურების მენეჯერები, ანუ იგივე სოციალური მუშაკები და იურისტი. მომართვიანობა განსაკუთრებით მაღალია თბილისში, კონკრეტულად – სექსუალური ძალადობის შემთხვევები. ბათუმსა და ზუგდიდში თვეში დაახლოებით 10-15 ახალი ბენეფიციარია. ბათუმში ხშირია ფსიქოლოგიური ტრავმები, ოჯახში ძალადობა, ბულინგი…

პროექტში გვყავს ევროპელი პარტნიორებიც. მაგალითად, ცნობილი ფრანგი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი – მარტინ ნისი. ის ინცესტის სპეციალისტია და საქართველოში იშვიათია მსგავსი მიმართულებით ექსპერტის პოვნა. მარტინ ნისი უტარებს პერიოდულად ტრენინგებს ჩვენს ფსიქოლოგებს. კიდევ ერთი ექსპერტი გვყავს საფრანგეთიდან, რომელიც შშმ ბავშვებში სექსუალური ძალადობის გამოვლენაზე მუშაობს. ჩვენ ძალიან ბნელი წერტილი, თეთრი ლაქა გვაქვს ამ მიმართულებით.

რას მოიცავს თქვენი ცენტრის მომსახურება, რამდენი სეანსის გავლაა შესაძლებელი? 

დაახლოებით 10-12 სესია მაინც სჭირდება გარკვეული ეტაპის გავლას, შესაძლოა, გაგრძელდეს სეანსი. კონკრეტულ სიტუაციას სჭირდება გამოკითხვა, ბავშვი და მშობელი ყვებიან ამის შესახებ. ამ პროცესს იწყებს სოციალური მუშაკი და აგრძელებს ფსიქოლოგი. სხვადასხვა შემთხვევაა: ზოგჯერ, შესაძლოა ბულინგის მსხვერპლი აგრესიული ბავშვი გახდეს, ამის ძიება ხდება: როგორი ტიპია სტატუსურად, რამ გამოიწვია ბულინგი, მანამდე რა პროცესი მიმდინარეობდა. ფსიქოკონსულტირება სჭირდება მშობელსაც. ბულინგის შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესის პარალელურად ვცდილობთ კომუნიკაცია დავამყაროთ სკოლასთან, რადგან სკოლაში გარემოს შეცვლის გარეშე ბულინგის პრობლემა ვერ მოგვარდება.

რამდენად გამოდის სკოლასთან მუშაობა?

გააჩნია სკოლას. ზოგან გამოდის, ზოგან – არა. სკოლას სჭირდება თავისი პოლიტიკა, რაც ჩვენ არ გვაქვს… ეს არის კულტურა, როცა შეურაცხმყოფელი, დამთრგუნველი, მჩაგვრელი ურთიერთობები არსებობს მასწავლებლებს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, მოსწავლეებს შორის. ჩვენ დღემდე გვეშინია ვისაუბროთ სკოლაში ძალადობაზე. სკოლამ ბავშვებს დამოკიდებულების ნორმები უნდა შეასწავლოს და ამ ნორმებიდან გადახვევის პრევენცია უნდა მოახდინოს. უნდა საუბრობდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები. ურთიერთობის თემა არ უნდა იყოს დასჯა, მაგალითად, როცა ბავშვს გაკვეთილზე დაეძინა. თემა უნდა იყოს შეკითხვა: რატომ დაგეძინა, ან როგორ გრძნობ თავს? მე ჰოლანდიაში მინახავს გაკვეთილი, როცა თითოეული ბავშვი დაფაზე ხატავს სპეციალური ნიშნებით თავის ემოციას სასწავლო პროცესის დაწყებამდე. ნახატებით მასწავლებელი ხედავს, რა განწყობა აქვთ ბავშვებს და შესაბამისად გეგმავს გაკვეთილს, აქტივობებს. გაკვეთილების დასრულების დროსაც სკოლა ინტერესდება მოსწავლეების განწყობებით.

ახსენეთ, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ძალადობის პრევენციაა. რა აქტივობა გაქვთ ამ მიმართულებით? 

სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია გვაქვს ცნობიერების ასამაღლებლად… უნივერსალური პრევენციაა საზოგადოების მხრიდან იმის გაგება, რომ ძალადობა არ უნდა მოხდეს. ჩვენ დროულად უნდა გავიგოთ, რომ ძალადობასთან გვაქვს საქმე და არ უნდა ველოდოთ იმას, რომ მაინცადამაინც ამ ძალადობის შედეგად ადამიანი მოკვდეს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ძალადობრივი გარემო მთლიანად ცვლის ადამიანს, მის ცხოვრებას, ის შემდეგ ხშირად სხვის ცხოვრებასაც ანგრევს…

2000 წლიდან მუშაობთ ამ მიმართულებით. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების მხრიდან პოლიციისთვის მიმართვიანობა გაიზარდა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ ბოლო წლებში? 

ფაქტია, რომ გაიზარდა მომართვიანობა ოჯახში ძალადობაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი მომსახურება. ჩვენ 2001 წელს დავიწყეთ მოძრაობა ძალადობის წინააღმდეგ, მაშინ რამდენიმე საინიციატივო ჯგუფი გვქონდა რეგიონებში ევროკავშირის დაფინანსებით და საინფორმაციო კამპანიებს ვატარებდით. მაშინ საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ჩვენთან ძალადობა არ იყო ან თუ ხდებოდა სადმე, ეს ჩვენ არ გვეხებოდა.

თქვენ რის გამო გადაწყვიტეთ ამ პროცესში ჩართვა, ესეც მოგვიყევით. 

მე ექიმი პედიატრი ვარ, ვმუშაობდი თბილისის ბავშვთა პირველ საავადმყოფოში. მაშინ ვკითხულობდი სამეცნიერო სტატიებს და მახსოვს, ერთ-ერთი სტატია იყო ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. ეს იყო ძალიან კარგი სტატია. მე პაციენტიც მყოლია ძალადობის მსხვერპლი, ბავშვი, რომელიც მამინაცვალმა მოკლა, ის ჩემს ხელში იზრდებოდა… ეს ისტორიები იყო ჩემში, მაგრამ ამ სათაურით გააზრებული არ მქონდა. მაშინ მე და კიდევ ორმა ექიმმა გადავწყვიტეთ მოძრაობა წამოგვეწყო ამ მიმართულებით.

პირველი კვლევა ბავშვთა ძალადობის მიმართულებით „იუნისეფმა“ ჩაატარა 2007 წელს, რაც ჩვენ განვახორციელეთ. კვლევა 10 წლამდე ბავშვებს მოიცავდა, 10 წლის ზემოთ ასაკს და მშობლებსაც. მაშინ პირველად გამოჩნდა ნათლად, რომ ჩვენც „წარმატებული“ ქვეყანა ვყოფილვართ ძალადობის კუთხით. ეს კვლევა შემდეგ გახდა საფუძველი, რომ რეფორმები სწრაფი ტემპებით წასულიყო. რამდენად ეფექტურად მუშაობს ქვეყანა ძალადობის წინააღმდეგ, ამის ერთ-ერთ ინდიკატორად დღეს მიიჩნევა რეფერირების სისტემა, ანუ გავიგე, რომ ძალადობაა, მაგრამ რა ვქნა ახლა, რამდენად არის სისტემა რეაგირებისთვის მზად? ამ პროცესში ვართ ახლა.

ყველაზე სუსტ რგოლად რა რჩება თქვენი შეფასებით? 

სერვისები. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სერვისის არსებობა, მაგალითად, კრიზისული მართვის ცენტრი ბავშვებისთვის, რაც ბათუმში ამ დრომდე არ არის…

რატომ არ გვაქვს შესაბამისი სერვისები – დიდ ფინანსურ ხარჯთანაა დაკავშირებული, პროფესიონალიზმის პრობლემაა თუ მგრძნობელობის? 

ყველაა, ალბათ. ერთმანეთს მიბმული ამბავია: მგრძნობელობა დაბალია და ფულს არ გამოყოფ, თუ გამოყოფ, სათანადოდ არ გამოყოფ და ასე შემდეგ.

მოგმართავენ თუ არა მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანები? 

იშვიათად. მაღალმთიანეთში სხვა ტიპის მომსახურება უნდა არსებობდეს. ამისთვის სხვადასხვა მოდელი არსებობს. ფაქტია, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანები კვირაში თუნდაც ერთხელ სეანსისთვის ბათუმში ვერ ჩამოვლენ.

თქვენთან მუშაობს ცხელი ხაზი: 116 – 111. რამდენად ხშირად და რა შემთხვევაში გიკავშირდებიან ადამიანები? 

ბავშვთა დახმარების ხაზზე ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღებაც არის შესაძლებელი. მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა, ძირითადად, გვირეკავენ შეტყობინების დატოვების მიზნით. ჰოლანდიაში შესაძლებელია ბავშვი ელოდებოდეს დედის დაბრუნებას, მოიწყინა და რეკავს ბავშვთა დახმარების ხაზზე. ჩვენც, როცა სკოლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გვაქვს, ვეუბნებით ბავშვებს, რომ შეუძლიათ დაგვირეკონ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ არ რეკავენ. ჩვენთან, ძირითადად, ინფორმაციის დასატოვებლად რეკავენ და ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ყველას არ შეიძლება ჰქონდეს მზაობა, ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის უწყებას. ხშირია, როცა, მაგალითად, მასწავლებელს არ სურს მისგან გაჟღერდეს ამბავი და გვირეკავს ჩვენ. ესეც მნიშვნელოვანია – ერთგვარი შუამავალი რგოლის არსებობა.

116-111-ზე დარეკვა მხოლოდ სამუშაო დღეებსა და საათებშია შესაძლებელი. დიდი სურვილი გვაქვს, ბავშვთა დახმარების ხაზის მომსახურება იყოს კვირაში 7 დღე და 24 საათის განმავლობაში. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბავშვები, ძირითადად, დახმარების ხაზზე რეკავენ საღამოს, როცა ისინი სკოლიდან ბრუნდებიან, უფრო ხშირად კი მაშინ, როცა მშობლები იძინებენ და ისინი ცალ-ცალკე რჩებიან ხოლმე.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის დონორი: ევროკავშირი. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი