თურქეთიდან დეპორტის მოხსნის წესები და ფასი


2018 წლის 6 თვის მონაცემებით, თურქეთის საზღვარი მილიონზე მეტჯერ გადაკვეთეს საქართველოს მოქალაქეებმა.ისინი თურქეთში სამუშაოდ, სასწავლებლად, სამკურნალოდ ან დასასვენებლად მიდიან.

ბოლო პერიოდში „ბათუმელებს“ არაერთმა მოქალაქემ მომართა შეკითხვით, თუ როგორ შეიძლება ე.წ. დეპორტის მოხსნა და რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო.

ვიზა და დეპორტის მოხსნა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში უვიზოდ მგზავრობენ, დეპორტის მოხსნის დროს აუცილებელია ვიზის მიღება.

დეპორტი მოიხსნება მხოლოდ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. მაგალითად, პირს, რომელსაც ერთწლიანი დეპორტი ჩაურტყეს, თუკი ერთი წლის შემდეგ ისევ მოუნდება თურქეთის რესპუბლიკაში შესვლა, მან უნდა მიმართოს საკონსულოს და მოითხოვოს ტურისტული ვიზა. ვიზისთვის საჭირო თანხა ფიქსირებულია და 50 დოლარს შეადგენს.

ამ თანხაში არ შედის თურქულ ენაზე დოკუმენტაციის მოწესრიგების საფასური.

იმისათვის, რომ მოქალაქემ  ვიზა მიიღოს, საჭიროა შემდეგი დოკუმენტები: ცნობა ნასამართლეობის არ ქონის შესახებ, 1 ფოტოსურათი, დაბადების მოწმობა და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ყველა საბუთი უნდა იყოს თარგმნილი თურქულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული. ვიზისთვის საჭირო დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება 110-120 ლარი ღირს.

თურქეთის ვიზის მიღების მსურველმა ეს დოკუმენტები ბათუმში ან თბილისში თურქეთის საკონსულოში უნდა წარადგინოს.

„როდესაც ადამიანს აქვს დეპორტი, უნდა შემოიტანოს სავიზო განაცხადი. ეს კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი საემიგრაციო სამსახური სწავლობს საფუძველს, თუ რის გამო მიიღო დეპორტი და იმ მიზეზის შესწავლის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას, დაშვებული იქნება თუ არა ამ პირის შესვლა ჩვენს ქვეყანაში.

მდგომარეობის შეფასებისას (მაგალითად, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სასწრაფოდ საჭიროა რეაგირება), თუკი საპატიო მიზეზია, ეს მდგომარეობა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

რაც შეეხება განაცხადის საფასურს, ეს დადგენილია კანონით და ჩვენ არ გვაქვს უფლება გადავახდევინოთ მეტი ან ნაკლები. განურჩევლად ვიზის სახეობისა, განაცხადის შემოტანისას მოქალაქე იხდის 50 დოლარს.

სამუშაო ვიზისთვის დადებითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქე პლუს 100 დოლარს  იხდის. მაგრამ სხვა ვიზის სახეობის შემთხვევაში მეტის გადახდა არ უწევს. ეს შეიძლება იყოს სასწავლო, სამკურნალო, ოჯახის გაერთიანება ან ქორწინება,“ – ამბობს მაქბულე ქოჩაკი, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში. 

საქართველოს მოქალაქეები, ვინც სცადა დეპორტის მოხსნა, ამბობენ, რომ ამ დოკუმენტების წარდგენის შემდეგაც კ ვერ მიიღეს ვიზა. მათი თქმით, საკონსულო ამის მიზეზად ხშირად არაზუსტ თარგმანს ასახელებს.

მსგავს შემთხვევებს იხსენებს ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულიც. მისი ინფორმაციით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად  საკონსულომ გამოცდა ჩაატარა ენის ცოდნის შესაფასებლად. „დაახლოებით რვა-ცხრა ადამიანია, ვინც წარმატებულად გაიარა გამოცდა. ზოგიერთი ნამუშევარი იყო ძალიან ცუდი“, – ამბობს კონსული მაქბულე ქოჩაკი.

მისი ინფორმაციით, ლიცენზირებული თარჯიმნების მონაცემებს მალე გამოაქვეყნებენ, რამაც, წესით, ამ პრობლემის მოგვარებას უნდა შეუწყოს ხელი.

 

მაქბულე ქოჩაკი – თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

შუამავალი კომპანიები

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დეპორტი აქვთ, ვიზის მისაღებად უმეტესად მიმართავენ შუამავალ კომპანიებს. ხშირად ხდება ისე, რომ მათ ოფიციალურ თანხაზე მეტის გადახდა უწევთ. ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკი ამბობს, რომ ვიზის გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ თურქეთის საემიგრაციო სამსახურს აქვს.

„ჩვენ მხოლოდ ვაწვდით მათ შესაბამის დოკუმენტაციას. მეც მსმენია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჰპირდებიან მოქალაქეებს, რომ აუცილებლად მიიღებენ ვიზას, აძლევენ გარანტიას და ითხოვენ დიდ თანხას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები არ ენდონ  ასეთ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ისინი თავისუფლები არიან იმაში, რომ მიმართონ საშუამავლო კომპანიებს, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით, თუმცა მათ შეუძლიათ მოგვმართონ შევსებული ვიზის სააპლიკაციო ფორმით, წარმოადგინონ დოკუმენტები და დაელოდონ პასუხს ვიზაზე.  ვიზის მიღებას დაახლოებით  ერთი თვე სჭირდება. ზოგ შემთხვევაში კი ორი – ორთვე-ნახევარიც შეიძლება დასჭირდეს. გადაუდებელ შემთხვევებს როცა ეხება საქმე, განაცხადის გაგზავნისას აღნიშნულ საკითხსაც ეთმობა ადგილი“.

რა შემთხვევაში გემუქრებათ დეპორტი

დეპორტის ანუ ქვეყანაში შესვლის გარკვეული დროით შეზღუდვის მიზეზი შეიძლება იყოს სავიზო რეჟიმის დარღვევა, არალეგალური მუშაობა, კრიმინალური დანაშაულის ჩადენა ან გადამდები დაავადების ქონა. ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყველაზე ხშირად მოქალაქეები დეპორტს იღებენ ვადაგადაცილებაზე, ანუ როცა ქვეყანაში 180 დღიდან 90 დღეზე მეტი ხნით რჩებიან.

„ათ დღეზე მეტი ვადაგადაცილება არ უნდა იყოს. ათ დღეზე მეტი თუ აქვს ვადაგადაცილება, ამას ახლავს როგორც ფულადი ჯარიმა, ასევე დეპორტი. უცხო ქვეყნის მოქალაქემ დეპორტი მინიმუმ შეიძლება მიიღოს 6 თვით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულმა ბათუმში, მაქბულე ქოჩაკმა.

გარდა სავიზო რეჟიმის დარღვევისა, დეპორტის მიზეზი შეიძლება გახდეს თურქეთის რესპუბლიკაში არალეგალურად მუშაობა. თუ საქართველოს მოქალაქე თურქეთში ნებართვის გარეშე მუშაობს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა  დარღვეული სავიზო რეჟიმი, 5-წლიანი დეპორტით აბრუნებენ ქვეყანაში. გარდა ამისა, დასაქმებული იხდის ჯარიმას – 900 ლირას, ხოლო დამსაქმებელი – 9000 ლირას.

ამ ტიპის დეპორტის მოხსნა ერთ-ერთი რთული პროცედურაა. კერძოდ, ხუთი წლის შემდეგ, როდესაც დეპორტის ვადა ამოიწურება, მისი მოხსნისთვის პირმა შრომის სამინისტროს უნდა მიმართოს იმ ქალაქში, სადაც მუშაობდა. მხოლოდ შრომის სამინისტროდან მიღებული ნებართვის შემდეგ არის შესაძლებელი ქვეყანაში შესვლის უფლების მიღება. სწორედ ამ ტიპის ვიზისთვის იხდის მოქალაქე დამატებით 100 დოლარს.

მესამე მიზეზი, რის გამოც შეიძლება დეპორტით დააბრუნონ საქართველოს მოქალაქე, არის დანაშაულის ჩადენა.

თუკი პირი თურქეთში რაიმე დანაშაულს ჩაიდენს, ის შეიძლება დაადეპორტონ თავის  წარმოშობის ქვეყანაში 1-5 წლამდე ვადით. იმისთვის, რომ დანაშაულის ჩადენის გამო მიღებული დეპორტი მოიხსნას, საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას დაადასტურებს.

ქვეყნიდან გაძევების ყველაზე მძიმე ფორმაა სამუდამო დეპორტი. ამ ტიპის დეპორტს პირს გადამდები დაავადების ან მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო აძლევენ.

თურქეთის გენერალურ საკონსულოში გვითხრეს, რომ მათთან არ ინახება ინფორმაცია, საქართველოს რამდენი მოქალაქეა თურქეთიდან დეპორტირებული 2017-2018 წლებში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი