მთავარი,სიახლეები

„არ მახსოვს არაფერი“ – ბრალდებულის ჩვენება 4 წლის ბავშვის მკვლელობაზე

27.08.2018 • 1841
„არ მახსოვს არაფერი“ – ბრალდებულის ჩვენება 4 წლის ბავშვის მკვლელობაზე

„არ მახსოვს არაფერი,“ – ასე უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე დავით მამისეიშვილის შეკითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“.

„4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე“ არსებითი განხილვა დღეს, 27 აგვისტოს, დაიწყო.

საუბარია 13 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე: პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში საკუთარი ხელით მიიტანა და თქვა, რომ 4 წლის გოგო ცემით მოკლა.

პროკურატურის ვერსიით, ბავშვის დედა საქართველოდან თურქეთში რამდენიმე დღით წავიდა, ბავშვი კი, დროებით ბრალდებულს დაუტოვა, ვისთანაც მეგობრობდა. ბავშვის დედას თურქეთში დეპორტი გაუკეთეს და სამშობლოში – უზბეკეთში დააბრუნეს.

მოსამართლემ ბრალდებულ საირახონ მირბობოიევას დღევანდელ პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ჰკითხა, რასაც ბრალდებულმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა: „ნორმალური“.

საქმეში უკვე დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემა აქვს, თუმცა დანაშაულის ჩადენის დროს იგი შერაცხადი იყო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ და იგი სასჯელს გამოჯანმრთელების შემთხვევაში მოიხდის.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, საირახონ მირბობოიევას 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

„ამ ეტაპზე მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ დგას. იგი საპატიმრო დაწესებულებაში გადის მკურნალობას,“ – გვითხრა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ პროცესის დაწყებამდე.

სხდომის მიმდინარეობის დროს ბრალდებულმა ტკივილგამაყუჩებელი ითხოვა. მან ადვოკატს უთხრა, რომ თავი სტკივა.

„თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ სხდომის დარბაზი… ბრალდებულის სასამართლო პროცესზე დასწრება სავალდებულო არ არის,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ.

„არა, დავრჩები,“ – თქვა ბრალდებულმა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ 6 მოწმის ჩვენება მოისმინა, მათ შორის, სამართალდამცველების.

„ბევრი არაფერი უთქვამთ. ორი ქალი მოვიდა ერთად, რუსულად დაგველაპარაკენ… ერთ-ერთს ხელში ეჭირა ბავშვის ცხედარი, ზეწარში გახვეული… თქვა, რომ ბავშვი ცემით მოკლა,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა პოლიციელმა, სულხან ბერიძემ ჩვენების მიცემის დროს.

მოსამართლემ ასევე მოისმინა იმ გამომძიებლების ჩვენება, რომლებმაც ამ საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს ბრალდებულის მონათხრობის მიხედვით.

გამომძიებლების გარდა ამ საქმეში კიდევ 16 მოწმეა და 5 ექსპერტი. ერთ-ერთი მოწმე უზბეკი ქალია, რომელიც ბავშვის მკვლელობის თვითმხილველია. ის ბრალდებულის ახლობელია.

სასამართლო თავად ბრალდებულის ჩვენებასაც მოისმენს. მას ამ დრომდე აღიარებითი ჩვენება გამოძიებისთვის არ მიუცია.

4 წლის გოგოს ცხედარი გონიოს სასაფლაოზე გონიოში მცხოვრებმა ოჯახმა დაკრძალა. ამ ოჯახის წევრი ბავშვის ძიძა იყო, ვისგანაც ბრალდებულმა ქალმა ბავშვი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე წაიყვანა.

სასამართლო 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე მოწმეების ჩვენებებს ისმენს

ამ თემაზე:

4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს სავარაუდოდ ფსიქიატრიულში მოათავსებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: