მთავარი,სიახლეები

რას ითხოვს ეტლით მოსარგებლე მოქალაქე აჭარის მთავრობისგან – საპროტესტო აქცია და პასუხი

12.10.2018 • 2656
რას ითხოვს ეტლით მოსარგებლე მოქალაქე აჭარის მთავრობისგან – საპროტესტო აქცია და პასუხი

42 წლის ჯემალ ჭელიძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად  მთავრობის სახლთან მეორე ღამე გაათია და ახლაც იქ არის, ამბობს, რომ  პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია:

„49-ე საათი დაიწყო, რაც აქ ვდგავარ. ამ პერიოდში აპარატის უფროსი ჩამოვიდა და მითხრა მეც უსახლკარო ვარო, შაშიკაძემ კი, აჭარის ტელევიზიას კომენტარი მისცა მთავრობის სიკეთეებით უკვე სარგებლობსო. სახელმწიფო სიკეთეები მაქვს ელექტროეტლი და პენსია. ეს ეტლი და პენსიაც უნდა შევფუთო და ბატონ არჩილს საჩუქრად ვუგზავნი.“

ჯემალ ჭელიძე 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც ნინოწმინდაში მისთვის გადაცემულ სახლში მთავრობამ სხვა ოჯახი შეასახლა, საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებას ითხოვს. მისივე მონაყოლით, ის ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ხის სახლში მშობლებთან და ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 2008 წლის შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, „მთავრობამ კეთილი ნება გამოიჩინა“ და  ნინოწმინდაში სახლი მისცა.

ამავე წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა მის არასრულწლოვან შვილს: „ქუსლის ძვალზე ჩირქი ჰქონდა“ და რადგან ნინოწმინდაში საავადმყოფო არ იყო, რომელიც 14 წლის თორნიკე ჭელიძეს საჭირო დახმარებას აღმოუჩენდა, სახლი დაკეტეს და ბათუმში შვილის სამკურნალოდ ჩამოვიდნენ: „თბილისში წასვლას ისევ ბათუმში ვარჩიე, რადგან აქ ნათესავები მყავს და იმედი მქონდა, რომ დამეხმარებოდნენ.“

უკან ნინოწმინდაში ორ თვეში დაბრუნდნენ, სახლში სხვა ოჯახი დახვდათ შესახლებული: „გვითხრეს აქ სახელმწიფომ შეგვასახლაო. ასევე მიპასუხეს რაიონშიც, რადგან ორი თვე სახლი დაკეტილი იყო, სხვა შევასახლეთო“.

ჯემალ ჭელიძის თქმით, ამ დროს მის ოჯახს ელექტროეტლის ჩათვლით ყველაფერი ამ სახლში ჰქონდა. გარდა ამისა, ბოსტანში დათესილი ჰქონიათ კარტოფილი.

ამის შემდეგ ჯემალ ჭელიძემ სამთავრობო სტრუქტურებს ბევრჯერ მიმართა, ითხოვდა როგორც საცხოვრებელ ადგილს, ასევე სამსახურს: „ოჯახი რომ მერჩინა.“ მისვე ინფორმაციით, აქვს პედაგოგიური, ასევე სამედიცინო განათლება, თუმცა რეზიდენტურა არ გაუვლია.

ჯემალ ჭელიძე ამბობს, რომ მას დახმარებას ჰპირდებოდა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძეც:

„სინამდვილეში არაფერი გადაწყვეტილა. ექვსი წელი გავიდა. შეიცვალა არჩილი, შემდეგ ზურაბ პატარაძე და მოვიდა თორნიკე რიჟვაძე. მთელი ამ დროის განმავლობაში ხან ნათესავებთან ვცხოვრობდი, ხან ნაქირავებში,  ახლა სანათესაოში ვარ, ასე დავრძწივარ აქეთ-იქით.“

ჯემალ ჭელიძის თქმით, მას იმის დასამტკიცებლადაც კი მოუწია ბრძოლა, რომ ნამდვილად იყო მთავრობის მიერ შესახლებული ნინოწმინდაში ერთ-ერთ სახლში:

„1000-ლარიანი საჩუქრები მოგვცეს შესახლებისთანავე პირველადი საჭიროებების ნივთების საყიდლად. ამით დავუმტკიცე, რომ მე ნამდვილად იქ ვცხოვრობდი. უნდოდათ თავის მოკატუნება, მაგრამ არ გამოუვიდათ, მას შემდეგ ყოველ დღე დაპირების რეჟიმში ვარ.“

ჯემალ ჭელიძეს აწუხებს ისიც, რომ მას სახელმწიფოს ვალი აქვს – საპატრულო პოლიციის მიერ მისი არასრულწლოვანი შვილისთვის გამოწერილ ჯარიმებს გულისხმობს:

„მართვის მოწმობის არ მქონე ჩემი 15 წლის შვილი იჯდა საჭესთან, რომელმაც საავადმყოფოში წამიყვანა, სანამ სრულწლოვანი გახდებოდა, ახლა უკვე სრულწლოვანია. რადგან სოციალურად დაუცველი ვიყავი, ყადაღა არ გამოუყენებიათ. დღეს აღარც სოციალური შემწეობა მაქვს და ბაზიდანაც ამოღებული ვარ. რადგან ეწინააღმდეგები სახელმწიფოს – ასე გამოვიდა, უკვე მისი მტერი ხარ და მტრად აღგიქვამენ. მე ეკომიგრანტის სტატუსი არ მაქვს, არც  სტიქიით დაზარალებული ვარ და არც მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობდი.“

იგი ყვება, რომ მთავრობა საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით შუამდლომლობას დაჰპირდა, პოლიციას ოფიციალურად მივწერე და ჩვენ გიშუამდგომლებთო, მიუწერია კიდეც, მაშინდელი საპატრულო პოლიციის უფროსისთვის, კახა ბუხრაძისთვის, თუმცა პასუხი – უარყოფითი ან დადებითი დღემდე არ მიუღია.

ჯემალ ჭელიძეს ჰყავს მეუღლე, რომელიც კერძო სტრუქტურაში დამლაგებლად მუშაობს და ხელფასის სახით 150 ლარს იღებს, ორივე შვილი სპორტით არის დაკავებული:

„არჩილ ჩიქოვანმა მითხრა, შენმა თორნიკემ [შვილი] არჩევანი გააკეთოსო, სპორტს თავი დაანებოს და მამას მოგიაროსო, აქედან წაგიყვანოსო.“

თორნიკე ჭელიძე 21 წლისაა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრია.

ჯემალ ჭელიძე გვიყვება, რომ მას საკუთარი საქმის წამოწყებაც უნდოდა, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე პროექტი გააგზავნა, თუმცა უარი უთხრეს: „მოვალეთა რეესტრში ხარო.“

ზაზა შაშიკაძე, რომელმაც აჭარის ტელევიზიასთან ჯემალ ჭელიძისთვის გამაღიზიანებელი კომენტარი გააკეთა, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარეა. აჭარის ტელევიზიასთან მიცემული კომენტარის იმ ნაწილში, რაც ეთერში გავიდა, ის ამბობს:

„აჭარის მთავრობა ეხმარებოდა და კვლავაც დაეხმარება ბატონ ჯემალს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იმ მოთხოვნებზე, რომლებზეც უფლებამოსილება არ გააჩნია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, სამწუხაროდ, ვერ დავეხმარებით. თუ არსებობს ისეთი რესურსი, რითაც ვერ სარგებლობს, მზად ვართ ვუშუამდგომლოთ ნებისმიერ უწყებასთან.“

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა, არჩილ ჩიქოვანმა თავის უსახლკარობაზე კი „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ მოქალაქესთან შეხვედრისას ასე არ უთქვამს:

„ბატონი ჯემალი ამ დრომდე ფიქსირდებოდა სოფელ ტუნაძეებში, სადაც ის იღებდა დახმარებას. როცა მას შევხვდი, ამ თემაზე სამი საათი ვისაუბრეთ. მე არ მითქვამს, რომ უსახლკარო ვარ, ვუთხარი, რომ ამ დრომდე მეც არ მქონია საკუთარი ინდივიდუალური საცხოვრებელი და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვცხოვრობდი. რაც შეეხება იმას, რომ შვილმა არჩევანი უნდა გააკეთოს, არც ასე მითქვამს, მან წამოჭრა ჩემთან საუბარში საკითხი, რა ჩემი შვილი უნდა მოცდეს სპორტს, რომ მე მომიაროსო. მე ვუთხარი, რომ ეს თავსებადია, მთელი დღე ხომ არ ვარჯიშობს-მეთქი. იცით ალბათ, რომ ჯემალ ჭელიძე არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეა და ხულოში შშმ პირების პრობლემებზე მუშაობს.  ჩვენი ინფორმაციით,  მას იქ საცხოვრებელიც აქვს და სოციალური დახმარებაც  იმიტომ მოუხსნეს, რომ ბოლო დროს იქ არ ცხოვრობდა,“ – განმარტა არჩილ ჩიქოვანმა.

ჯემალ ჭელიძემ მთავრობას თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დროს დღეს, 12 ოქტომბრის ექვს საათამდე მისცა. ამბობს, რომ თუ პასუხს ვერ მიიღებს, რადიკალურ ზომებს მიმართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: