მთავარი,სიახლეები

როგორ ხედავენ ბორდის წევრობის მსურველები აჭარის ტელევიზიის განვითარებას

10.10.2018 •
როგორ ხედავენ ბორდის წევრობის მსურველები აჭარის ტელევიზიის განვითარებას

„აჭარის ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოს მეხუთე წევრი უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს. კონკურსი დაიწყო. ბორდის წევრობის 11-მა კანდიდატმა თავისი კონცეფცია არხის განვითარების შესახებ უკვე გამოაქვეყნა. კანდიდატებს 13 ოქტომბერს სპეციალური კომისია გაესაუბრება. კომისიამ მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს დეპუტატებს საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად.

„ბათუმელები“ აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატების კონცეფციებს გაეცნო. კანდიდატებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ზოგადი ხედვა აქვთ წარმოდგენილი. კონცეფციები, ძირითადად, ერთმანეთს ჰგავს – ისინი ძლიერ მაუწყებელს ითხოვენ, რომელიც გავლენებისგან თავისუფალი და მაღალპროფესიონალური იქნება. კონცეფციებში ვერ ნახავთ ან მცირე დოზითაა კანდიდატების ხედვა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა პრობლემა აქვს „აჭარის ტელევიზიას“ დღეს და როგორ, რა გზებით უნდა მოგვარდეს იგი.

არსებობს განსხვავებული ხედვებიც. მაგალითად, ბორდის წევრობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე „აჭარის ტელევიზიას“ „ახალი აზროვნების“ დამკვიდრებას სთხოვს.

„აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა უნდა ემსახურებოდეს ახალი ღირებულებების, ახალი აზროვნების დამკვიდრებას,“ – აღნიშნავს ირაკლი კიკვაძე. კონცეფციაში იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გადაცემები კონკრეტულ სეგმენტს უნდა იყოს მორგებული და კარგი იქნება, თუკი ახალი გადაცემა ახალგაზრდებისთვის მომზადდება. ბორდის წევრობის ეს კანდიდატი მიიჩნევს, რომ ის საზოგადოებაა თანამედროვე სამყაროში ყველაზე წარმატებული, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგად მუშაობს.

„სრულიად ნათელია, რომ დღეს სწორედ ის საზოგადოება ახერხებს ყველაზე პროგრესულ განვითარებას და ექცევა ლიდერის პოზიციაზე, სადაც თანამედროვე მიდგომებით არის შემუშავებული საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციები,“ – აღნიშნავს ირაკლი კიკვაძე.

ნათია სირაბიძე მიიჩნევს, რომ „აჭარის ტელევიზიამ“ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებს და კონკრეტულად – აჭარას უნდა დაუთმოს. ბორდის წევრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ მაუწყებელმა სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისთვის უნდა იმუშაოს. „უნდა იზრუნოს მოსახლეობის სახელმწიფო და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისა და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისთვის, როგორიცაა კანონის უზენაესობა, გამოხატვის თავისუფლება, ტოლერანტობა, თანასწორობა და სხვა“, – წერს კონცეფციაში ნათია სირაბიძე.

რა უშლის ხელს „აჭარის ტელევიზიას“ იყოს წარმატებული – ნათია სირაბიძის აზრით, მოძველებულ ინვენტართან და ინფრასტრუქტურასთან ერთად, პრობლემაა არასაკმარისი ბიუჯეტი, ასევე ხშირი რეორგანიზაცია, არაეფექტური მარკეტინგული სტრატეგია და არასათანადო ონლაინკონტენტი. „აღნიშნული პრობლემების გამოსწორებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო შეძლებს გახდეს ნაციონალურ კომერციულ არხებზე უფრო რეიტინგული მთელი საქართველოს მასშტაბით“, – აღნიშნავს იგი.

ნათია სირაბიძე საკუთარ კონცეფციაში ტელევიზიის მობილური აპლიკაციების აქტიურ გამოყენებაზეც საუბრობს.

„ძლიერ მობილურ აპლიკაციაზე“ ამახვილებს ყურადღებას კონცეფციაში ბორდის წევრობის კანდიდატი ნუგზარ [ბაჩუკი] ჩხეიძეც. მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

ბორდის წევრად არჩევის შემთხვევაში ბაჩუკი ჩხეიძე, სავარაუდოდ, საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლის დროის შეცვლის კუთხით იმუშავებს.

„ნდობის მოპოვება მოსახლეობაში შესაძლებელია მხოლოდ სწორი, სწრაფი, ობიექტური ინფორმირების შემთხვევაში. ახალი ამბები უნდა გადიოდეს ყველაზე უფრო ყურებად დროს. ახალი ამბების გაშუქებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს რეგიონის მოვლენების გაშუქებას, შემდეგ მთლიანი ქვეყნის მოვლენების და ბოლოს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების,“ – ვკითხულობთ ბაჩუკი ჩხეიძის კონცეფციაში. მისივე აზრით, აჭარის ტელევიზიას რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა ჰყავდეს ჟურნალისტი.

„ტელევიზიამ უნდა მოახერხოს და თავისი სტუდიიდან გავიდეს მასებში, ქალაქის უბნებში, რეგიონებში…“ – ასე უყურებს აჭარის ტელევიზიის განვითარებას ბორდის წევრობის კანდიდატი, ემზარ დიასამიძე. ის ბორდის წევრების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს, თუკი არხი „საკუთარ ნიშას ვერ დაიმკვიდრებს“.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი გარანტირებული ფინანსებით მნიშვნელოვანი ფორა აქვს. თუკი ტელევიზია ამ ნიშას ვერ დაიმკვიდრებს, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ გადახდილი თანხა იფლანგება და ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს კონკრეტული პირების, მათ შორის, ბორდის წევრების მიმართ, როგორც ახლა, ისე მომავალში“, – წერს ემზარ დიასამიძე კონცეფციაში.

ემზარ დიასამიძის აზრით, პრიორიტეტების განსაზღვრისთვის დრო არ უნდა დაიხარჯოს და უნდა დაიხვეწოს „პროდუქციის შექმნის მექანიზმები, მაყურებლისთვის მიწოდების ფორმები“.

ემზარ დიასამიძე ასევე მომხრეა ჰონორარული ანაზღაურების შემოღების, შიდაკონკურენციის სისტემის ჩამოყალიბების და „მკაცრი სანქციების ამოქმედების“.

სტერეოტიპების ნგრევაზე აკეთებს აქცენტს თავის კონცეფციაში ბორდის წევრობის კანდიდატი – ნერონ აბულაძე. „მაუწყებელმა ერთმნიშვნელოვნად ხელი უნდა შეუწყოს არსებულ სტერეოტიპებად ქცეული მოვლენების ნგრევის პროცესს“, – აღნიშნავს იგი. თუმცა კონცეფციაში არაა კონკრეტულად მოცემული, რა იგულისხმება „სტერეოტიპების ნგრევაში“, ან რომელი სტერეოტიპის წინააღმდეგ რა ფორმით უნდა იმუშაოს „აჭარის ტელევიზიამ“.

ნერონ აბულაძე კონცეფციას საინფორმაციო სამსახურის გაძლიერებაზე საუბრით იწყებს. იგი მიიჩნევს, რომ „მიუკერძოებლობა და ობიექტურობა უნდა იყოს საინფორმაციო სამსახურის შეუვალი პოზიცია“. ნერონ აბულაძის აზრითაც, ტელევიზიას ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ჰყავდეს ჟურნალისტი.

ნერონ აბულაძე კონცეფციაში ბორდის დანიშნულებაზეც ამახვილებს ყურადღებას: „ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭო არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგადი პრიორიტეტების განსაზღვრით. აუცილებელია, კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა – დიფერენცირება“.

სტერეოტიპების ნგრევაზე კიდევ ერთი კანდიდატი – დიანა ვაშაყმაძე საუბრობს. მისი აზრით, „აჭარის ტელევიზიას“ აქვს რესურსი მოამზადოს გადაცემები ევროინტეგრაციის თემებზე და უმცირესობების საჭიროებებზე.

დიანა ვაშაყმაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის უპირატესობას ხედავს იმაში, რომ არხს ბიუჯეტიდან აქვს გარანტირებული დაფინანსება და იგი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან.

„თვითმიზანი უნდა იყოს არა მაღალი რეიტინგი, არამედ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი. გამომდინარე აქედან, აწარმოოს ან შეიძინოს მაღალი ხარისხის პროდუქტი,“ – მიიჩნევს დიანა ვაშაყმაძე. სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, დიანა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ „აჭარის ტელევიზიამ“ შესაძლოა გარე რესურსებიც აითვისოს.

„აჭარის ტელევიზიის“ დაფარვის ზონაზე ამახვილებს ყურადღებას ბორდის წევრობის კანდიდატი – რაულ ბერიძე. მას მიაჩნია, რომ რადგან ტელევიზია ქვეყანას ფარავს და არა კონკრეტულად რეგიონს, მაუწყებლობაც მხოლოდ რეგიონზე აქცენტირებული არ უნდა იყოს.

„მაუწყებელმა აუცილებლად უნდა წარმოაჩინოს ქართული საზოგადოების და ქვეყნის ეროვნული, მატერიალური და არამატერიალური სიმდიდრე. მაუწყებელმა საზოგადოებას უნდა გაუჩინოს სახელმწიფოს თანამესაკუთრის და სახელმწიფოს აღმშენებლობაში თანამონაწილეობის განცდა… გადაცემები უნდა ემსახურებოდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდას,“ – აღნიშნავს კონცეფციაში რაულ ბერიძე.

რაულ ბერიძის კონცეფციაში ვერ იპოვით კონკრეტულ შეთავაზებებს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები. იგი მიიჩნევს, რომ პრობლემებზე და, შესაბამისად, სტრატეგიაზე სამეურვეო საბჭომ უნდა იმსჯელოს და ის არის პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე.

„მრჩეველთა საბჭოა პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე, შეიქმნას პრეცედენტი მაღალი ხარისხის მაუწყებლობისა,“ – წერს რაულ ბერიძე.

ნდობის აღდგენასა და პოლიტიკურ ძალთა გავლენებისგან გათავისუფლებაზე საუბრობს კონცეფციაში ოლღა ჟღენტი.

„ის უნდა გაემიჯნოს მმართველ თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა გავლენას და აწარმოოს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა… აჭარის ტელევიზიამ უნდა უზრუნველყოს გახსნილი და შეუფერხებელი კომუნიკაცია მაყურებელთან და მსმენელთან. უპირველესად საჭიროა ნდობის აღდგენა და „თანამშრომლობის“ განწყობის მუდმივი, კომუნიკაციური „ველის“ შექმნა.

ის არ უნდა მოქმედებდეს განყენებულად და თვითმიზნურად, საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების ფორმალური დაცვით“, – აღნიშნულია ოლღა ჟღენტის კონცეფციაში.

ბორდის წევრობის კანდიდატი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თეატრს, კულტურას და ამ კუთხით შემეცნებითი გადაცემების მომზადების აუცილებლობას. ოლღა ჟღენტი კონცეფციაში ხაზს უსვამს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების პრობლემებზე სიუჟეტების მომზადების აუცილებლობასაც, თუმცა იქვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს „უნარშეზღუდულებს“ უწოდებს.

„მომზადდეს სიუჟეტები და პროგრამები პენსიონერების, უნარშეზღუდული ადამიანების, უმუშევრებისა და საზოგადოების სხვა დაუცველი ფენების პრობლემების შესახებ,“ – წერია ოლღა ჟღენტის კონცეფციაში.

ტრადიციულ და ლიბერალური ღირებულებებს შორის ბალანსის დაცვის საჭიროებას ხედავს ბორდის წევრობის კანდიდატი იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილი. კანდიდატს მიაჩნია, რომ ამ კუთხით ბალანსის დაცვაზე უნდა იმუშაოს მაუწყებელმა.

„რადგან საზოგადოება ძირითადად შედგება ტრადიციული და ლიბერალური შეხედულებების მატარებელი ადამიანებისგან, აუცილებელია იქნეს დაცული ბალანსი ორთავე შეხედულებების საუკეთესო გამოვლინებებში. ტრადიციებსა და სიახლეების ბალანსი ასევე ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მოსაზრებათა შორის ბალანსი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, დემოკრატიული ღირებულებებისა და პლურალისტური გარემოს განვითარებას და გაძლიერებას,“ – წერია ნიკა ჩხარტიშვილის კონცეფციაში.

ნიკა ჩხარტიშვილი მაუწყებლის განვითარების წინაპირობად დამოუკიდებლობას და „გარედან ჩარევის შესაძლებლობის სრულად გამორიცხვას“ მიიჩნევს. კონკრეტული ამოცანების ჩამონათვალში ნიკა ჩხარტიშვილიც ყურადღებას ამახვილებს ინტერნეტრესურსის გამრავალფეროვნებაზე და ასევე მზა პროდუქციის შეძენის დროს მაქსიმალურ გამჭვირვალობაზე.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციური რეფორმა არ დასრულებულა,“ – მიიჩნევს ბორდის წევრობის კიდევ ერთი კანდიდატი გიგა ჩხარტიშვილი. მას სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ყველაზე ვრცელი კონცეფცია მოუმზადებია და ეხება თითქმის ყველა ვალდებულებას, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული. გიგა ჩხარტიშვილის კონცეფცია სტრატეგიაზე საუბრით იწყება და ბრენდირებით სრულდება.

„პირველ რიგში, უნდა შეიქმნას ორგანიზაციის განვითარების სტრატეგია… აჭარის ტელევიზია და რადიო უფლებამოსილი და ვალდებულია შექმნას დროში გაწერილი, შედეგებზე ორიენტირებული ორგანიზაციული განვითარების და საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილების სტრატეგიული გეგმა, რომლის შემუშავებაში ჩართული უნდა იყოს სტრატეგიის სპეციალისტები, საექსპერტო ჯგუფები და ფართო საზოგადოება,“ – წერია გიგა ჩხარტიშვილის კონცეფციაში.

ბორდის წევრობის ეს კანდიდატი ტელევიზიის „ფუძემდებლურ პრიორიტეტად“ ახალ ამბებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს მიიჩნევს. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ტელევიზიას საკუთარი ანალიტიკური ჯგუფი უნდა ჰყავდეს მყარი დაფინანსებით, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით იმუშავებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა თავისი ყველაზე საუკეთესო ადამიანური რესურსი მიმართოს საინფორმაციო სამსახურის მაღალპროფესიონალური გუნდის ფორმირების, მათი საჭირო უნარ-ჩვევებით, ტექნიკური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნულია კონცეფციაში.

გიგა ჩხარტიშვილი ასევე ფიქრობს, რომ მაუწყებლობას საკუთარი საგამომცემლო სახლი უნდა ჰქონდეს, სადაც საგანმანათლებლო და შემეცნებითი ვიდეორგოლი მომზადდება და სხვადასხვა ტელევიზიაში განთავსდება.

აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობა სულ 11 პირს სურდა. მეორე – გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, ირაკლი ანთიძე ვერ გადავიდა.

მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები:

1. გიგა ჩხარტიშვილი
2. იაკინთე (ნიკა) ჩხარტიშვილი
3. ოლღა ჟღენტი
4. ნუგზარ (ბაჩუკი) ჩხეიძე
5. რაულ ბერიძე
6. ნათია სირაბიძე
7. ირაკლი კიკვაძე
8. ემზარ დიასამიძე
9. ნერონ აბულაძე
10. დიანა ვაშაყმაძე

ამ თემაზე:

უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრს ეძებს – ხელფასი 2625 ლარი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: