განათლება,მთავარი,სიახლეები

რაოგორ მუშაობს 2018 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი – ინტერვიუ

12.10.2018 • 4241
რაოგორ მუშაობს 2018 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი – ინტერვიუ

მანანა კაპეტივაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2018 წლის 5 ოქტომბერს გახდა. ის ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების უფროსი მასწავლებელია. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს და რა ხდის პედაგოგს ყველაზე წარმატებულს? წლის საუკეთესო მასწავლებელი „ბათუმელებს“ თავის მოსაზრებებს უზიარებს.

მანანა კაპეტივაძე: პირველი, რაც მასწავლებელმა მოსწავლეებთან ურთიერთობაში უნდა აჩვენოს, ეს ბავშვის მიმართ პატივისცემაა. ბავშვი უნდა დააფასო და მიიღო როგორც პიროვნება. არ არსებობს ცუდი, წარუმატებელი ბავშვი, ყველა მათგანში არის რაღაც ისეთი ნიჭი, რომლის წარმოჩენაში და განვითარებაშიც უნდა დაეხმარო მას.

ჩემი მიდგომა მოსწავლეებთან ურთიერთობაში სწორედ ესაა. მათში პიროვნებას ვხედავ, მათ აზრს პატივს ვცემ და მინდა მათი მეგობარი ვიყო. ბავშვებმაც იციან უკვე, როგორ უნდა მოიქცნენ ჩემთან ურთიერთობაში და ეს მიხარია.

  • საკმაოდ მყარია მოსაზრება, რომ ბავშვებთან ურთიერთობაში აუცილებელია სიმკაცრე. ხშირად მსმენია – „მაგარი მასწავლებელია, კლასი ხელში უჭირავს“ და ა.შ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

დიახ, არსებობენ ასეთი მასწავლებლებიც, მაგიდაზე მუშტის დაკვრა რომ უყვართ, ხმის აწევა, მაგრამ მე არ ვარ ამის მომხრე. მეც გავბრაზებულვარ, მაგრამ  ჩემი გაბრაზება შორს არ მიდის. „მორჩა, დღეიდან აქტივობებს აღარ გავაკეთებთ. ვიმუშავებთ მხოლოდ სავარჯიშოებზე“, – როცა ამას ვამბობ, იციან, რომ გავბრაზდი. თუმცა მეორე დღეს მაინც აქტიური გაკვეთილი მაქვს.

შემიძლია ბავშვს ისე ვუსაყვედურო, რომ არ ვატკინო გული. არ შეძულდეს საგანი, მასწავლებელი, სკოლა ან სხვა რაღაც. ჩვენ არ გვიჭირს ერთმანეთს მოვუხადოთ ბოდიში, თუ ამის საჭიროებას ვხედავთ. როცა გესმის ბავშვის, მერე უფრო ადვილად ლაგდება ურთიერთობები.

  • პედაგოგებისგან ხშირად ისმის პრეტენზია –  როცა კლასში 30-40 ბავშვი გიზის, ყველასთან ვერ მიხვალ, ყველას აზრს ვერ მოისმენ, ვერ იმუშავებ ინდივიდალურად. თქვენ როგორ ახერხებთ ამას?

კარგად უნდა იცნობდე მათ. უნდა იცოდე, ვის რისი უნარი და შესაძლებლობა აქვს. არიან ბავშვები, რომლებსაც სმენითი აზროვნება აქვთ, ზოგს მხედველობითი, ზოგსაც აქტივობების დროს უფრო უადვილდება  სწავლა. აუცილებელია მათი ეს უნარები იცოდე. მერე შეგიძლია ისე დაგეგმო გაკვეთილი, რომ ყველა თავისი შესაძლებლობების მიხედვით დააკავო გაკვეთილზე. ვიღაცას წააკითხო, ვიღაცას მოასმენინო, ზოგს კროსვორდი შეავსებინო და ა.შ.

თუმცა ამისთვის მხოლოდ გაკვეთილი არ არის საკმარისი. ხშირად უნდა იყო მათთან ექსკურსიაზე, მოაწყო ბუნებაში ან სადმე სხვაგან გასვლა, არაფორმალური განათლება ძალიან მეხმარება ამაში.

სკოლის გარდა მე ბაღდათის ინოვაციების ცენტრშიც ვმუშაობ და იქ მიმყავს ბავშვები. პროექტი გვაქვს, რომლის ფარგლებში ბავშვები აკათებენ ვიდეორგოლებს, სიუჟეტებს… ეს ყველაფერი მათ უკეთ გაცნობაში მეხმარება. კლასში ბავშვი სულ სხვანაირი შეიძლება იყოს, არაფორმალურ გარემოში კი – სულ სხვა.

  • ქართულ სკოლებში საკმაოდ მაღალია ბულინგის მაჩვენებელი. თუ არსებობს ისეთი ნდობა, რომ  ისაუბროს მოსწავლემ ჩაგვრის შესახებ, თავისი პრობლემების შესახებ და როგორ ახერხებთ დახმარებას?  

კი, ყოფილა მსგავსი შემთხვევებიც, მაგრამ მე ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ბავშვებთან იმაზე, რომ სხვისი ჩაგვრა არ შეიძლება. ვასწავლი, რომ უნდა შეეძლოთ მეგობრის, თანატოლის აზრის მოსმენა და პატივისცემა. ეს თუ არ იქნება ბავშვებს შორის, ისე ძალიან რთული იქნება ამ ტიპის პრობლემების  მოგვარება. ერთმანეთის მოსმენა ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება დღემდე  ქართულ რეალობაში და არა მარტო ბავშვებსა და მოზარდებში, დიდებს შორისაც ასეა. ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა.

როცა ვამჩნევ ქსენოფობიის, ჰომოფობიის ნიშნებს სკოლაში, ვცდილობ, ვესაუბრო ბავშვებს ასეთ საკითხებზე.

მსოფლიო კალენდარი მაქვს და ყველა მნიშვნელოვანი თარიღის ირგვლივ ვსაუბრობ ბავშვებთან. ვუხსნი რა განსხვავებებია კულტურებს შორის, ვსაუბრობთ დღესასწაულებზე, მათ მნიშვნელობაზე. იქნება ეს დივალის ფესტივალი, შობა, ჰელოუვინი, მადლიერების დღე თუ სხვა.

ერთხელ ჩვენც გავაკეთეთ ჰელოუინი, რადგან იყო მოსაზრებები, რომ ეს რაღაც ბოროტი დღესასწაულია და ა.შ.  მქონდა შემთხვევა, როცა ჰელოუინში მონაწილე ბავშვი მღვდელმა არ აზიარა. მშობლების მხრიდანაც არის ხოლმე სკეპტიკური დამოკიდებულებები, მაგრამ ვცდილობ მათაც ავუხსნა, რომ ეს ყველაფერი არის მრავალფეროვნების ნაწილი.

რთულია სტიგმებთან, სტერეოტიპებთან ბრძოლა, მაგრამ როგორც პედაგოგს, მაინც მენდობიან და იციან, რომ ბავშვებს ცუდს არასდროს გავუკეთებ.

  • სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ბულინგის წყარო ხშირად მასწავლებელია. ახლახან იყო მეხუთეკლასელი ბიჭის დისკრიმინაციის ფაქტი, გრძელი თმის გამო. რას მიჰყავს მასწავლებელი ამ მდგომარეობამდე?   

ვფიქრობ, აქ ცოტა სხვა ფაქტორები მოქმედებს. შეიძლება მასწავლებელს აქვს პირადი პრობლემები, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შენი პირადი პრობლემა არ უნდა მიიტანო ბავშვებთან.

  • პროფესიული განვითარების სქემა პედაგოგს საკმაოდ ბევრ მოთხოვნებს უყენებს კარიერული წინსვლისთვის. მომისმენია ბევრისგან, რომ ეს ვალდებულებები მათ ბევრ დროს ართმევს. ფაქტია ისიც, რომ თქვენ  ბევრად მაღალი სტატუსის გარეშეც გაღიარეს საუკეთესო მასწავლებლად. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

მიმაჩნია, რომ მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის სტიმული საჭიროა. სტატუსიც მნიშვნელოვანია, რადგან გემატება ხელფასიც. რა თქმა უნდა, შემეძლო უფროს მასწავლებელზე  მაღალი სტატუსი მომეპოვებინა, თუმცა ფაქტია, რომ ამისთვის ვერ ვიცლი. მირჩევნია დრო დავუთმო ჩემს მოსწავლეებს. სკოლის შემდეგ ინოვაციების ცენტრში მივდივარ და სულ ბავშვებით ვარ დაკავებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: