განათლება,მთავარი,სიახლეები

8 386 მასწავლებელს შესაძლოა საათები შეუმცირდეს

10.10.2018 • 22953
8 386 მასწავლებელს შესაძლოა საათები შეუმცირდეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს სკოლებში სპორტის გაკვეთილებს 10 418 მასწავლებელი ატარებს. მათგან 2 032 მასწავლებელს აქვს მხოლოდ სპორტის გაკვეთილის საათები. თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს, აქედან რამდენ პედაგოგს აქვს სპორტის მასწავლებლის შესაბამისი კვალიფიკაცია. დანარჩენ – 8 386 მასწავლებელი კი სპორტის გაკვეთილებს შეთავსებით ატარებს, ისინი სხვა საგნებსაც ასწავლიან.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე უნდა წარუდგინოს, პედაგოგი, ვისაც არ გააჩნია უმაღლესი ან პროფესიული სპორტული განათლება, სპორტის გაკვეთილებს ვეღარ ჩაატარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ პედაგოგებს, რომლებსაც არ აქვთ ამ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაცია, მაგალითად, დაწყებითის მასწავლებლებს, სპორტის გაკვეთილების საათები მოაკლდებათ. შესაბამისად, მოაკლდებათ ანაზღაურებაც.

ლელა გორგილაძე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პრაქტიკოსი პედაგოგია. ამ დროისთვის მას მხოლოდ ფიზიკური აღზრდისა და ხელოვნების გაკვეთილების საათები აქვს სკოლაში. 13 საათის მიუხედავად, მისი ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარია. ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში კი ის, ფაქტობრივად, საათების გარეშე დარჩება.

„ხელოვნებაში მაქვს ორი საათი და სპორტში 11 საათი. ჩვენთვის, დაწყებითი განათლების პედაგოგებისთვის, ძალიან დიდი დარტყმაა, რადგან თუ კანონი შეიცვლება, შეიძლება ეს საათებიც აღარ მომცენ და უმუშევარი დავრჩე,“ – ამბობს ის.

მისი თქმით, საათების პრობლემა შეიძლება სხვა საგნებშიც გაჩნდეს, რადგან  მუსიკას, ხელოვნებას, სპორტს… თუ დაწყებითი კლასებში მხოლოდ სპეციალისტები ჩაატარებენ, ამ საგნის საათები და, შესაბამისად, ანაზღაურებაც, დაწყებითის ძირითად მასწავლებლებს უფრო მეტად მოაკლდებათ.

„დაგვრჩება მარტო ქართული და მათემატიკა. ამ საგნებში კი იმხელა კონკურენციაა, რომ განაკვეთს ვერ აიღებ“, – ამბობს პედაგოგი.

განათლების სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსმა, ვასილ ლიპარტელიანმა ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არასპეციალისტ მასწავლებლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ სპორტის გაკვეთილების ჩატარების უფლება, თუკი ისინი მინიმუმ რამდენიმეთვიან სპეციალიზებულ კურსს გაივლიან.

„ასეთი კურსები არსებობს უნივერსიტეტების ბაზაზე და ფიზიკური აღზრდის მიმართულებით პედაგოგები შეიძლება გადამზადდნენ,“ -ამბობს ის.

იმ შემთხვევაში, თუკი სპორტის არასპეციალისტი მასწავლებელი ამ კურსებს არ გაივლის, მაშინ მას საათების დატოვება მოუწევს.

„ფიზიკური აღზრდისთვის შესაძლებელია მასწავლებელმა გამოიყენოს თამაშები, მხიარული სტარტები ან მოძრავი თამაშები, სხვადასხვა გამამხნევებელი ვარჯიში და ა.შ. ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს ამაში შეზღუდვა არ აქვს. თუმცა, ეს თამაშები უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ ნორმებს.

გარდამავალი ეტაპი ჩვენ გვექნება სულ მცირე ექვსთვიანი და თუ ამ პერიოდში პედაგოგი გაივლის გადამზადების კურსს და მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს, შეძლებს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ჩატარებას“.

ვასილ ლიპარტელიანი ასევე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფო  უზრუნველყოფს  პედაგოგების გადამზადებას. „შეიქმნება შესაბამისი ჯგუფები და არასამუშაო დღეებში დაიწყება პედაგოგების გადამზადება რეგიონების მიხედვით“.

გადამზადების შემდეგ მიღებულ სერტიფიკატს სამწლიანი ვადა ექნება.

ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ სკოლებში ფიზიკური აღზრდის საათები სამიდან ოთხამდე გაიზრდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: