მთავარი,სიახლეები

ერთ გრამამდე ნარკოტიკის ფლობისთვის გასამართლებული სასამართლოში პარლამენტს უჩივის

11.10.2018
ერთ გრამამდე ნარკოტიკის ფლობისთვის გასამართლებული სასამართლოში პარლამენტს უჩივის

ერთ გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის უნდა იხდიდეს თუ არა ადამიანი სასჯელს ციხეში – საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია დღეს, 11 ოქტომბერს, ამ სარჩელზე მსჯელობს. განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ გაირკვევა, განიხილავს თუ არა სასამართლო არსებითად მოქალაქე ნიკოლოზ ექიზაშვილის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ.

ნიკოლოზ ექიზაშვილი 2017 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა 0,000097 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის და 0,00002 გრამი ამფეტამინის ფლობისთვის.

„ეს ოდენობა არათუ გასასაღებლად, არამედ პირადი მოხმარებისთვისაც გამოუსადეგარია,“ – აცხადებს ნიკოლოზ ექიზაშვილი. მას სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი არ ადგენს ამ ნივთიერებებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობებზე. „დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების ის ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, კვალიფიცირდება როგორც დიდი ოდენობა, განურჩევლად იმისა, გამოსადეგია თუ არა იგი მოსახმარად. შესაბამისად, აღნიშნული ოდენობის ამფეტამინისა და მეტამფეტამინის შეძენა-შენახვა არ უქმნის საფრთხეს არც საზოგადოებრივ ჯანდაცვას და არც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

მოსარჩელის აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის ეს კონკრეტული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს, რომლის მიხედვითაც „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.

მოსარჩელე ნიკოლოზ ექიზაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს „ბექა წიქარიშვილის საქმეს“ ახსენებს, სადაც აღნიშნულია: „ამა თუ იმ უკანონო ნივთიერების/საგნის ფლობის, შეძენის, შენახვის დასჯადობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სწორედ მათი ბრუნვაში გაშვებისა და რეალიზაციის რისკებთან. ცალკეულ შემთხვევაში, კონკრეტული საგნის, ნივთის ფლობა, შეძენა, შენახვა, დამზადება რეალიზაციის მიზნების გარეშეც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, თავად ამ ნივთიერების/საგნის ბუნებიდან, თვისებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელთა ფლობისა და შენახვის თავად ფაქტი უკვე, საფრთხის შემცველი რისკის თავისთავად მატარებელია“.

ნიკოლოზ ექიზაშვილი არ შეიძლება იქნას სახელმწიფოს ინსტრუმენტად გამოყენებული, ვინაიდან ქმედება, რომლისთვისაც მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა თავისი არსით და ბუნებით არ შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულს. ნიკოლოზ ექიზაშვილის სახლში აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობები გამოუსადეგარია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე გასაღებისთვის. შესაბამისად, სასჯელის მიზანი რესოციალიზაციის კუთხით და სამართლიანობის აღდგენის კუთხით სახეზე არ გვაქვს; მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზნით ადამიანისთვის სასჯელის დაკისრება წარმოადგენს ადამიანის ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება ღირსების უფლებას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: