მთავარი,სიახლეები •

უკრაინულმა დრონებმა რუსული სამხედრო გემი „მერკური“ ლიბიის წყლებში ჩაძირეს – ზელენსკი

23.11.2026
უკრაინულმა დრონებმა რუსული სამხედრო გემი „მერკური“ ლიბიის წყლებში ჩაძირეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკრაინულმა ძალებმა რუსულ  სამხედრო გემზე [კორვეტზე] განახორციელეს თავდასხმა.

რუსულ გემზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 22 ნოემბერს გავრცელდა.

„ეს ლიბიის სანაპიროსთან მოხდა. ჩვენმა ჯარებმა შვიდი უკრაინული წარმოების საზღვაო დრონი გამოიყენეს. მტრის წინააღმდეგობის ყველა მცდელობის მიუხედავად, რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაიძირა“, –  წერს ზელენსკი დღეს, 23 ნოემბერს, ტელეგრამზე და თავდასხმის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

ამავე განცხადებაში ზელენსკი წერს, რომ „მერკური“ ექსპლუატაციაში 2023 წელს, რუსეთის უკრაინასთან დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის დროს შევიდა.

ზელენსკის განცხადებით, „მერკურისთან“ ერთად განადგურდა ვერტმფრენი Ka-27, რომელიც თავდასხმისას გამოიყენება.

„ჩვენი მეორე სამიზნე რუსული მშრალი ტვირთმზიდი MV ANGARA იყო“, – აცხადებს ზელენსკი და დასძენს, რომ გემი იარაღის გადასაზიდად გამოიყენებოდა. მისივე თქმით, უკრაინა პასუხობს რუსეთის აგრესიას და გააგრძელებს ოპერაციებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა. მათი განცხადების თანახმად, „მერკური“ ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტს. კორვეტი [სამხედრო გემი] რეგულარულად ახლდა რუსეთის საზღვაო კოლონებს, კერძოდ, იცავდა მშრალი ტვირთის გემ MV ANGARA-ს, რომელიც ოპერაციის მეორე სამიზნე გახდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განაცხადების თანახმად, რუსეთი სანქციებს დაქვემდებარებულ მშრალ ტვირთს სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის იყენებდა.

„ორივე გემი უკრაინისთვის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე იყო, რადგან ისინი პირდაპირ მუშაობდნენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო პოტენციალზე“ – აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

ჯერ კიდევ გუშინ, 22 ნოემბერს, ლიბიის ორმა ოფიციალურმა პირმა Associated Press-ს განუცხადა, რომ საზღვაო ბაზაზე თავდასხმის შედეგად, რუსული კორვეტი „მერკური“ სერიოზულად დაზიანდა და ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ასევე, იმავე დღეს ლიბიამ განაცხადა, რომ უეკიპაჟო კატერებით შეტევა იყო სატვირთო გემზე.

ფოტოზე: კადრი თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალიდან/telegram

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: