მთავარი,სიახლეები • • • • •

„საშინელი სიმწარე განვიცადე“ – 51 წლის ქალი, რომელიც შვილის გაჩენას სუროგაციით გეგმავდა

23.11.2026
„საშინელი სიმწარე განვიცადე“ – 51 წლის ქალი, რომელიც შვილის გაჩენას სუროგაციით გეგმავდა

„სამზარეულოში ვსაქმიანობდი, როცა პირდაპირ ეთერში მოვისმინე, რომ „სუროგაცია სრულად აიკრძალება“. ჯერ მეგონა, მომეყურა-მეთქი, უცბად რომ გავიგე ეს სიტყვები და ის სიმწარე, რაც იმ მომენტში განვიცადე, არასდროს დამავიწყდება.

ამ სიტყვებმა გამაშეშა, ისე ვიყავი თითქოს ხელ-ფეხი წამერთვა, რადგან ძალიან მწარე და მძიმე იყო ეს ჩემთვის და ის მომენტი გამახსენა, როცა მუცელი მომეშალა. მაშინ ვიყავი ასეთი გამწარებული“, – ამბობს ნინო კაპანაძე, 51 წლის ქალი ხარაგაულიდან. რომელიც 7 წელია ცდილობს უშვილობის პრობლემის დაძლევას, მაგრამ სუროგაციის გარდა, ექიმებმა სხვა გამოსავალი ვერ შესთავაზეს.

„7 წლის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე რა რთულ პროცესში ვართ ჩართული, ეს კიდეც ცალკე ამბავია. ოჯახის შექმნის შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ ბუნებრივი გზით ვერ დავორსულდებოდი, რადგან გათხელებული იყო ენდომეტრიუმი და საჭირო იქნებოდა ხელოვნური ჩარევა. ინვიტრო განაყოფიერების გზით მივიღეთ ოთხი ემბრიონი.

ამ გზის გავლა არის ურთულესი და დაკავშირებულია დიდ ფინანსურ ხარჯებთანაც. ორჯერ ავიღეთ სესხი ამისთვის, რადგან ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს, რომ გავხდეთ მშობლები.

ორჯერ გადავიტანეთ ემბრიონი, მაგრამ, სამწუხაროდ, ორსულობა არ დადგა. 2022 წელს ორსულობა დადგა, მაგრამ მუცელი მომეშალა და ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო ჩემთვის.

დროთა განმავლობაში ჩემი საშვილოსნოს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ამიტომ რეპროდუქტოლოგებმა მითხრეს, რომ მკურნალობის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა – გამოსავალი მხოლოდ სუროგაცია იყო“, – ამბობს ნინო კაპანაძე.

მისი თქმით, კლინიკებს თავიანთი სუროგატები ჰყავთ და შესაძლებელი იყო სუროგატი დედის აყვანა, თუმცა ეს პროცესიც ძალიან დიდი ფინანსებთან არის დაკავშირებული.

„ისევ დავიწყეთ ფინანსების მოძიება, გვაქვს ერთი უძრავი ქონებაც, რომლის გაყიდვაც გვინდა და უნდა დაგვეწყო სუროგაციის პროცესი, ამ დროს კი ეს ამბავი გამოგვიცხადეს. მართლა შოკი იყო ჩემთვის, რადგან სუროგაცია იყო ჩემი უკანასკნელი იმედი და ახალ ამ იმედს მართმევენ.

ახლა მარტო ჩემს თავზეც არ ვლაპარაკობ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის, ბევრი ქალის სატკივარზე გიყვებით, ვისთვისაც ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უკანასკნელი იმედი, რომ გახდნენ მშობლები.

ეს მშობლობაც, პირველ რიგში ის არის, რომ შენ გახდე ბედნიერი, შენ იყო უფრო ლაღი და ახალ სიცოცხლესაც მისცე დასაბამი.

მეორეა ის, რომ ისედაც მძიმე დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყანაში, უნდა გვიხაროდეს ახალი სიცოცხლის დაბადება, მარტო ის ხომ არ არის, რომ „ვიღაცამ სიბერეში წყალი მოგაწოდოს“. ეს ბავშვები ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეებად გაიზრდებიან. ამიტომ, როგორ შეიძლებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ამდენი ადამიანის ბედით ასე მანიპულირება და ამდენი ადამიანის ბედის ასე უგულებელყოფა.

ვის ჰკითხეს, ვისთან გაიარეს კონსულტაცია, რომელ სპეციალისტებთან? რეპროდუქტოლოგებთან, სუროგაციის შუამავალ ორგანიზაციებთან, ექიმებთან, თუ იმ უშვილო წყვილებთან, რომლებსაც შვილის ყოლის უფლებას გვართმევენ? მარტო რელიგიურ ინსტიტუციას ჰკითხეს და რა კომპეტენცია აქვთ მათ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ამ ფორმით წყვეტენ“, – ამბობს ნინო კაპანაძე.

დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემაც ახსენა სუროგაციის თემა, მისი თქმით, სუროგაციის აკრძალვა იქნება „წინგადადგმული ნაბიჯი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ“.

რას ფიქრობთ ამაზე? – ვკითხეთ ნინო კაპანაძეს პატრიარქის ამ განცხადებაზე. ნინოს აზრით, სუროგაციაში არაზნეობრივს ვერაფერს ხედავს.

„რა ზნეობაზე ლაპარაკობენ? რომელ ზნეობრივ დანაშაულს ჩავდივართ ჩვენ, უშვილო წყვილები, უშვილო ქალები, როდესაც სუროგატ ქალებს მივმართავთ, რომ დაგვეხმარონ? ჩემი აზრით, სუროგატებიც უაღრესად მადლიან საქმეს აკეთებენ, რადგან ახალი სიცოცხლე იბადება მათი დახმარებით. შვიდი წელია კლინიკებში დავდივარ და ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სისტემა.

რომ დაუხვევიათ ხელზე, – „უცხოეთში გაჰყავდათ“, „უცხოეთში ყიდდნენ“, ის უცხოელიც თავის ბიოლოგიურ შვილს აჩენს აქ და წაიყვანს აბა რას იზამს.

ის უცხოელი წყვილებიც თავიანთი ბიოლოგიური მასალით აჩენინებენ შვილებს, ისევე როგორც მე და ჩემი მეუღლე ვაპირებდით ჩვენი ემბრიონების გადანერგვას. თუ უკანონოდ ხდება რაიმე და ან ქალის უფლება ირღვევა, ან ბავშვები თუ გაჰყავს ვინმეს უკანონოდ, სახელმწიფო რას აკეთებს, რისთვის გვყავს სამართალდამცველები, ადგნენ და გამოიძიონ.

მეც წამიკითხავს არაერთი ჟურნალისტური გამოძიება, რეპორტაჟი, სადაც სუროგატი ქალები ჰყვებიან, რომ შუამავალ კომპანიებს ცუდ პირობებში ჰყავთ, რომ ბევრ ქალს არც თანხას უხდიან და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ასეთი დანაშაულები ხდება, ეს არის გამოძიების თემა.

პირდაპირ აკრძალვით სახელმწიფო აჩვენებს, რომ მას პრობლემების მოგვარება არ შეუძლია.

შეეძლოთ რეგულაციები აემუშავებინათ მაგალითად შუამავალ კომპანიებთან მიმართებაში, იმის კონტროლი ყოფილიყო, რომ ქალების უფლებები არ დაერღვია ვინმეს, ანაზღაურება მიეღოთ ამ ქალებს და ასე შემდეგ და არა ის, რომ ადამიანებისთვის მშობლობის უფლება წაერთმიათ.

სხვათა შორის, კლინიკაში გამოვლაპარაკებივარ სუროგატ ქალებს და არ მსმენია მათგან რაიმე უკმაყოფილება. ის, რომ ქალები სუროგაციას თანხმდებიან, ეს მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ხდება და სჯობს სახელმწიფოს ამაზე ეფიქრა, თუ რატომ უწევთ სიღარიბის გამო ამ ნაბიჯის გადადგმა“, – ამბობს ნინო კაპანაძე.

მისი თქმით, ჯობდა სახელმწიფოს კვერცხუჯრედის ან სპერმის დონორების რეესტრი შეექმნა, რომელიც უფრო პრობლემურია, ვიდრე სუროგაცია.

„ვფიქრობ დონორების რეესტრია სასწრაფოდ მოსაწესრიგებელი და ამისკენ რომ გადაედგათ ნაბიჯები ეს იქნებოდა გამართლებული.

რამდენჯერ გასცა ქალმა ან კაცმა თავისი ბიოლოგიური მასალა დონაციისთვის, ეს აუცილებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ეს დაიცავდა ადამიანებს იმისგან, რომ ბიოლოგიური და ან ძმა არ შეხვედროდა მომავალში ერთმანეთს“, – ამბობს ნინო.

ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია სუროგაციაო, ამბობენ და ალბათ ამ მიზეზსაც მოიყვანენ საპარლამენტო განხილვისას. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? – ვეკითხებით ნინო კაპანაძეს.

„ევროკავშირის ქვეყნების სხვა რეკომენდაციები რომ შეესრულებინათ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ნორმალური ქვეყანა, აღარ მოუწევდათ ადამიანებს რთული ნაბიჯების გადადგმა.

ჯერ ერთი, ყველა ქვეყანაში არ არის აკრძალული, დაშვებულია მაგალითად საბერძნეთში და მეორე, ბევრ ქვეყანაში ხელოვნური განაყოფიერება უფასოა. მაგალითად, გერმანიაში ცხოვრობს ერთი ქართველი გოგო, რომელიც მიყვებოდა, რომ წელიწადში რამდენჯერმე ჰქონდა თავისი ემბრიონის გადატანის უფლება და ყველა მცდელობა იყო უფასო.

40 წლის შემდეგ, ისედაც ბევრ რისკებთან არის დაკავშირებული ხელოვნური განაყოფიერება და ამიტომ აძლევენ ადამიანებს შესაძლებლობას.

ამ 7 წლის განმავლობაში რასაც ვუყურებ, საქართველოშიც ძალიან მაღალ დონეზე ავიდა ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიები და ექიმები ნაბიჯ-ნაბიჯ გვიხსნიან თითოეული პროცედურის შედეგს ან მოლოდინებს.

ამიტომ, თუ ვინმე ჩინეთიდან ან შუა აზიიდან ჩამოყვანილ ქალებს აქ ცუდად ექცევა და არღვევს მათ უფლებებს, ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს გამოიძიოს სახელმწიფომ, საჭიროა მეტი კონტროლო, რეგულაცია ასეთი დარღვევები რომ აღმოიფხვრას და არა ის, რომ ასე ხელაღებით აიკრძალოს სუროგაცია.

მე რა ვქნა ახლა, რომელსაც შენახული მაქვს ემბრიონები? სად წავიღო? კლინიკას ხომ ფულს ვუხდი მათ შენახვაში ყოველთვიურად. ვის თავში დაიბადა ეს იდეა არ ვიცი“, – ამბობს ნინო კაპანაძე.

მას ვკითხეთ, ხომ არ უკავშირდება ეს, საპატრიარქოსა  და „ქართულ ოცნებას“ შორის რაღაც ტიპის პოლიტიკურ გარიგებას? მაგალითად იმას, რომ კაზინოების აკრძალვის ნაცვლად, „ოცნება“ საპატრიარქოს სუროგაციის აკრძალვას დასთანხმდა და ამით დააზარალა არაა სათამაშო ინდუსტრია, არამედ ის ქალები, რომლებიც დედობას სწორედ სუროგაციის გზით ელიან.

„ქალების ჯანმრთელობაზე და ქალების უფლებებზე ამ ქვეყანაში ხელისუფლება არ ზრუნავს. ჩემდა სამწუხაროდ, საპატრიარქოც ისეთი მოწოდებებით გამოდის, რომელიც ქალებს უფრო აზიანებს.

კაზინოების აკრძალვისკენ რომ მოუწოდებდა საპატრიარქო და ეს არ გაითვალისწინა „ოცნებამ“ ეს ყველამ ვნახეთ, ახლა სუროგაციის აკრძალვაზე როგორ შეთანხმდნენ ასე უცებ? სუროგაციაში ძალიან დიდი ფული იხარჯება, ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას აქედან სარგებლის მიღება უნდოდეს, ვიდრე ის, რომ ქალის უფლებებზე ფიქრობენ.

მე მაგალითად, 100 000 ლარამდე მაინც მჭირდება სუროგაციისთვის და წარმოიდგინეთ რამხელა ფინანსური ტვირთის აღება უწევთ ოჯახებს და რამდენია ასეთი ოჯახი, ვინც შვილს ელოდება.

მე და ჩემმა მეუღლემ პირველი კრედიტი რომ ავიღეთ, აბსოლუტურად არ ვფიქრობდით იმ წუთში ფინანსურ ტვირთზე, ისე ვიყავით გახარებული იმ იმედით, რომ მშობლები გავხდებოდით. ამიტომ, მგონია, რომ ვიღაც ამ სფეროს კონტროლს, ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ ცდილობს და არ ის, რომ ოჯახების ბედი ადარდებთ.

გარდა ამისა, საერთოდ სპობენ სამედიცინო ტურიზმს, რადგან ამ ბიზნესის აკრძალვით, სამედიცინო სფეროც ძალიან დიდ შემოსავალს დაკარგავს.

ქართველი წყვილი ვიცი, რომლებიც აშშ-ი ცხოვრობენ და აქ ჩამოვიდნენ სუროგაციისთვის, რადგან იქ ძალიან, ძალიან ძვირია სუროგატის აყვანა. ახლა კი, ამდენ ოჯახს ართმევენ ამ შესაძლებლობას“, – ამბობს ნინო.

ის ასევე საუბრობს არასწორ სახელმწიფო პოლიტიკაზე ქალების ჯანმრთელობის მიმართ, რადგან ქვეყანაში არ არსებობს არცერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე იქნება მიმართული.

„არანაირი პროგრამა არ არსებობს, მკურნალობის პროცესში იმდენი ანალიზი, იმდენი გამოკვლევა სჭირდებათ წყვილებს და სახელმწიფო არაფერს არ აფინანსებს.

ერთი პროცედურა რომ მაინც დააფინანსონ, მაგალითად, ემბრიონის გადატანა, იცით რამხელა შეღავათი იქნებოდა ეს ოჯახებისთვის? სახელმწიფო დაზღვევით ვინც სარგებლობს, ისინიც კი ვერ იყენებენ ამ მიზნებისთვის თავიანთ დაზღვევას. ძალიან ძვირი ღირს მედიკამენტები, რომელსაც ქალები მკურნალობის პროცესში ვიყენებთ.

არაფერი, საერთოდ არაფერი ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. მუნიციპალური ბიუჯეტიდან დამიფინანსეს 1-2-ჯერ ოპერაცია და ეს იყო მხოლოდ. რეპროდუქციული მიმართულებით სახელმწიფოს პროგრამები არ აქვს.

არაერთი სტატია წავიკითხე რომ რეგიონები იცლება, სკოლებში პირველკლასელები აღარ ჰყავთ, ჩვენთანაც მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ. მაგალითად ხარაგაულში, 130 პირველკლასელი იყო 21 სკოლაში და უკან-უკან მიდის საქმე.

ამიტომ ოჯახებს ხელი კი არ უნდა შეუშალონ, რომ მშობლები გახდნენ, პირიქით, დაფინანსება უნდა გაზარდონ და დაეხმარონ წყვილებს“, – ამბობს ნინო კაპანაძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი „ოცნების“ ხელისუფლება მაინც მიიღებს ამ კანონს საბოლოდ? – ვკითხეთ ნინოს.

მისი თქმით, ის მაინც გამოიყენებს ყველა გზას იმისთვის, რომ დედა გახდეს.

„მე ვიცი ერთი რამ, რომ ყველა ღონეს გამოვიყენებ, ყველა ნაბიჯს გადავდგამ იმისთვის, რომ შვილი მყავდეს. კარგია, რომ რეპროდუქტოლოგებმა დაიწყეს ხმის ამოღება, კარგი იქნება თუ ქალებიც გავაპროტესტებთ ხმამაღლა, საპატრიარქოს კი ვეტყვი, რომ სუროგაციაზე უფრო დიდი უზნეობები ხდება ამ ქვეყანაში და სჯობს ამაზე ილაპარაკონ.

ეს უზნეობები თვალხილულიცაა და ამაზე მიუთითონ.

სახელმწიფომ კი გამოასწოროს ის, რაც გამოსასწორებელია, კანონით დაარეგულირონ ეს პროცესი და ნუ დაგვიმატებენ იმაზე მეტ პრობლემებს, ვიდრე ეს ისედაც გვაქვს“, – ამბობს ნინო კაპანაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: