მთავარი,სიახლეები •

პოლიტპატიმარ მათე დევიძის დედა ევროკომისიას და ევროპის საბჭოს მიმართავს

23.11.2026
პოლიტპატიმარ მათე დევიძის დედა ევროკომისიას და ევროპის საბჭოს მიმართავს

პოლიტპატიმარ მათე დევიძის დედა, თამუნა მჭედლიშვილი ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიმართავს.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ ამ მიმართვას:

„მოგმართავთ როგორც დედა, რომელიც იძულებული გახდა, საკუთარი სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში, პოლონეთში წასულიყო, რადგან საქართველოში ვერ შეძლო ღირსეული შრომითა და ადამიანური პირობებით ცხოვრება.

საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილი, უცხო მიწაზე ვცხოვრობ, მაგრამ ვერც აქ ვპოულობ სიმშვიდეს, რადგან ჩემი შვილი, მათე დევიძე, პატიმრობაში იმყოფება.

მათე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, მაშინ, როდესაც ის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა და საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს, თავისუფლებასა და სამართლიანობას იცავდა.

მას შემდეგ ჩემი ცხოვრება მუდმივ ტკივილად იქცა. იძულებული ვარ, უცხო ქვეყანაში, სამშობლოდან შორს, ვიცხოვრო და ყოველდღიურად იმაზე ვიფიქრო, რომ ჩემი შვილი ციხეშია, მე კი არ მაქვს შესაძლებლობა, ჩავეხუტო, გვერდით დავუდგე და მისთვის ყველაზე რთულ წუთებში დედის სითბო გავუზიარო.

ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა: დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში, ოჯახები დაშორებული და ქვეყნის მომავალი გაურკვეველი. ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ქვეყნიდან წასვლა მაიძულა, ახლა კი ჩემი შვილის თავისუფლებაც წამართვა.

დღეს თქვენ მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ბერკეტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მიმართებით და უმოკლეს ვადაში მიიღოთ ქმედითი ზომები მათე დევიძის დაუყოვნებლივი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის შესაბამისმა ინსტიტუტებმა:

  • გამოყონ პასუხისმგებელი წარმომადგენელი, მათე დევიძის საქმისა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის შესასწავლად;
  • მისი საქმე პირდაპირ განიხილონ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შესაბამის ქართულ სახელმწიფო უწყებებთან;
  • საჯაროდ გამოხატონ პოზიცია მისი პატიმრობისა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნის გარემოებებთან დაკავშირებით;
  • განიხილონ ყველა შესაძლო დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც მისი გათავისუფლების ხელშეწყობას შეძლებს

რამდენი ოჯახი უნდა დაინგრეს კიდევ?

რამდენი დედა უნდა დარჩეს შვილის გარეშე?

რამდენი ადამიანი უნდა კარგავდეს თავისუფლებას იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის მომავალზე საკუთარი აზრი გამოხატა?

მე უკვე დავკარგე სამშობლოში ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.

ახლა ჩემი შვილის თავისუფლებისთვის მიწევს ბრძოლა უცხო ქვეყნიდან, უცხო ცის ქვეშ.

მათე დევიძე უდანაშაულოა. ის პოლიტიკური პატიმარია და მისი ადგილი ციხეში არ არის!

გთხოვთ, მოისმინოთ დედის ხმა, რომელიც ორ წელზე მეტია, საკუთარი შვილის თავისუფლებას ითხოვს. ნუ დაუშვებთ, რომ კიდევ უფრო მეტი დრო დაიკარგოს. ვითხოვ საერთაშორისო საზოგადოების რეალურ ჩართულობას და ჩემი შვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

თავისუფლება მათე დევიძეს!“ – წერს ღია წერილში თამუნა მჭედლიშვილი.

2025 წლის 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, 21 წლის მათე დევიძეს, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მათე დევიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა.

2025 წლის 22 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.