ბათუმის მერიაში ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე დაიწყება თუ არა 2026 წელს ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობა.
„2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 100 ათასი ლარი გათვალისწინებულია ე.წ. იაფი სახლის პროგრამისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისამართების შერჩევა, რის შემდეგაც განხორციელდება პროექტის შესყიდვა“ – ეს პასუხი 2026 წლის აპრილში მივიღეთ.
ერთი თვის შემდეგ მერიაში ისევ არ იციან სად და როდის დაიწყება „იაფი სახლის“ მშენებლობა და არც პროექტის შესყიდვაზე გამოუცხადებიათ ტენდერი.
ამის პარალელურად ჯერ ისევ არ დაწყებულა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქითვის ჩამორთმეული კორპუსების საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების პროცესი, როგორც ამას მთავრობა დაჰპირდა უსახლკაროებს.
საუბარია ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე, რომლებიც ბიზსნესმენ გალიფ ოზთურქს ჩამოართვეს.
სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები პერიოდულად აქციებს მართავენ და ამ კორპუსებში არსებული ბინების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემას ითხოვენ.
მერიის ინფორმაციით ამ კორპუსების საცხოვრებლად მომზადებისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის შესყიდვას გეგავენ, „რადგან კორპუსები აშენებულია ყოველგვარი წინასწარი კვლევების გარეშე, შესაბამისად განაშენიანების პარამეტრები არასტანდარტულია“.
2024 წელს მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობის ადგილად ე.წ. გოროდოკის დასახლება დაასახელა, მერიის შესაბამისმა სამსახურმა, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ბაზრის კვლევაც კი ჩაატარა.
დოკუმენტების მიხედვით, მერიას ვოლსკის ქუჩაზე, #13-ში, 200 ოჯახზე გათვლილი კორპუსი უნდა აეშენებინა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
„იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში ბინები ბოლოს მერიამ 2023 წელს გაანაწილა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა დაიწყეს, ამის პარალელურად მერიამ შეცვალა პროგრამის კრიტერიუმები, ხოლო ზოგი დეტალი დააზუსტა.






