ბათუმი,მთავარი,სიახლეები • • • • •

20 ახალი ელექტროავტობუსი და 30 მილიონი სუბსიდია „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

21.11.2026
20 ახალი ელექტროავტობუსი და 30 მილიონი სუბსიდია „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

ბათუმის მერია აცხადებს, რომ მომავალ წელს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას არ აპირებს, თუმცა, 4,5 მილიონი ლარით ზრდის ქალაქის ბიუჯეტიდან „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებას.  სუბსიიდია 30 მილიონ 390 ათასი ლარი იქნება. დაგეგმილია 20 ახალი ელექტროავტობუსების შეძენაც.

„ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებისთვის ქალაქის ბიუჯეტში წელს 25 მილიონ 815 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა, ბათუმის მერიამ ავტობუსებით მგზავრობის საფასური 30 თეთრიდან 70 თეთრამდე მაინც გაზარდა.

ამ სუბსიდიის გარდა, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეების უფასო მგზავრობისთვის ქალაქის 2027 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 7,5 მილიონი ლარი დაიხარჯება [2026 წელს – „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება“ – 7,6 მილიონი ლარია გაწერილი].

„თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას შეინარჩუნოს მგზავრობის ფიქსირებული მინიმალური საფასური… „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ შემოსავლები არ არის საკმარისი მისი შეუფერხებელი მუშაობისათვის. საწვავისა და სათადარიგო ნაწილების ფასის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, საწარმოს შემოსავლები ხარჯებთან მიმართებაში უარყოფითია.

საწარმოს დაფინანსებით მოიხსნება მიმდინარე პერიოდში არსებული პრობლემები, რაც სამომავლოდ აისახება საქალაქო ტრანსპორტის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე.“ – წერს მერია ქალაქის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტით თვეში საშუალოდ 2 314 600 მგზავრი გადაადგილდება [წლის განმავლობაში 27 775 200 მგზავრი]. წლიურად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი, მერიის გათვლებით, 2030 წლისთვის 28 616 816-ს მიაღწევს.

„მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელი წარმოადგენს ყველაზე იაფ გადაადგილების საშუალებას, რის გამოც საზოგადოების ფართო მასაა მისი მომხმარებელი. ყოველივე აღიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარება“ – წერს ბათუმის მერია, მაგრამ 2030 წლის ჩათვლით ავტობუსების მარშრუტების გაზრდას არ აპირებს.

ქალაქში დღეს არსებული ავტობუსების 29 მარშრუტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება. თუმცა, პროექტის მიხედვით, 2028 წლიდან დაიწყება ავტობუსების მარშრუტების ქსელის საერთო სიგრძის ზრდა და 2030 წლისთვის მთლიანობაში 796 კილომეტრი იქნება [23 კილომეტრით მეტი, ვიდრე დღეს არის].

„ბათუმის ავტოტრანსპორტისა“ და უფასო მგზავრობის სუბსიდირების გარდა, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ცალკე მუნიციპალური ავტობუსებისა და ელექტროავტობუსების შეძენის თანადაფინანსების თანხაცაა ჩადებული – ჯამში 9 მილიონ 743 ათასი ლარი [აქედან 7 038 100 ლარი – ელექტროავტობუსებისთვის და 2 704 900 ლარი – ავტობუსებისთვის].

  • „ავტობუსის შეძენა – 18 ერთეული – მრავალწლიანი პროექტია [2025-2027 წწ.], ღირებულება 10 090 510 ლარი;
  • ელექტრო ავტობუსები [10 მეტრიანი] – 20 ერთეული – მრავალწლიანი პროექტია [2026-2027 წწ] პროექტის სავარაუდო ღირებულება 11 730 300 ლარი.“ – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

20 ელექტროავტობუსთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარე წელს გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები ელექტროავტობუსების შესყიდვაზე და 2027 წელს მოხდება მათი შემოტანა.

18 ავტობუსს რაც შეეხება, ბათუმის მერიამ მათი ყიდვა თვითმმართველობის [2025 წლის 4 ოქტომბრის] არჩევნებამდე ორთვენახევრით ადრე გადაწყვიტა და მაშინ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებაც შეიტანა. განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ავტობუსების შეძენა 2025-2027 წლებში ეტაპობრივად მოხდებოდა [აქედან 10 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი უკვე შემოტანილია და ქალაქში მოძრაობს].

ამ თემაზე: ბათუმისთვის დიდ და პატარა ავტობუსებს იყიდიან – 10,5 მილიონი ლარი 18 ავტობუსისთვის

ბათუმის მერიის მიერ მომზადებული 2027 წლის პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით „მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარებისთვის“ მთლიანობაში:

  • 2027 წელს – 40 133 000 ლარია გათვალისწინებული,
  • 2028 წელს – 42 139 650 ლარი,
  • 2029 წელს – 44 246 633 ლარი,
  • 2030 წელს – 46 458 964 ლარი.

 

მთავარი ფოტო: ელექტროავტობუსი ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: