1929 წლის იანვარში აჭარაში, მაშინდელი ხულოს მაზრის ცენტრში, ხულოელმა ქალმა – ფემბე ხოზრევანიძემ სახალხოდ მოიხადა ჩადრი. „ამ განათლებულ ქვეყანაში ჩადრი რად მინდაო“, – თქვა და მეზობლების თვალწინ დაწვა. ეს მეოცე საუკუნის 30-იანი წლების აჭარაში ერთგვარი რევოლუციური ნაბიჯი იყო, რადგან საუკუნეების მანძილზე ჩადრი აჭარელ ქალთა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კულტურული ზნე-ჩვეულების წინააღმდეგ გალაშქრება ასაკოვანმა ქალბატონებმა დაიწყეს. ე.წ. „ჩადრის ახდის კამპანიას“ უხმაუროდ არ ჩაუვლია, აჭარლები აჯანყდნენ. 1929 წლის აჯანყება სწორედ ქალებისთვის ჩადრის ახდის გამო დაიწყო.