კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

როგორ ამოვიცნოთ ინფარქტი და ინსულტი

06.10.2014 • 43644
როგორ ამოვიცნოთ ინფარქტი და ინსულტი

ინფარქტის განვითარების რისკი 50 წლის შემდეგ იზრდება. იგი გულის კუნთოვანი ქსოვილის ნეკროზია, რაც ჟანგბადის დეფიციტით არის განპირობებული, ანუ ამ დროს გულის კუნთს საკმარისი რაოდენობის სისხლი არ მიეწოდება, რის გამოც გულის კუნთი ზიანდება.
ინფარქტამდე რამდენიმე დღით ადრე პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს საერთო სისუსტე და უსიამო შეგრძნება გულის არეში. დასაწყისში პაციენტს ტკივილი აწუხებს ფიზიკური დატვირთვის დროს, “შესაძლოა ტკივილი გადაეცემოდეს მხრებში, მკლავებსა და ყბაში. რა თქმა უნდა, ყველა ტკივილი სტენოკარდია არ არის და ტკივილის დიფერენცირებისთვის პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს კარდიოლოგს”, – ამბობს ექიმი კარდიოლოგი ნაირა კობალაძე. მისივე თქმით, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები, რადგანაც ხშირად მათთან ინფარქტი უმტკივნეულო ფორმით ვითარდება.

კარდიოლოგის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად და სწორად იქნეს შეფასებული სიტუაცია. “ადამიანებს ჰგონიათ, რომ ნამდვილი ტკივილი, რომელიც საშიშროებას უქმნის მათ ჯანმრთელობას, ლოკალიზებულია უშუალოდ გულის არეში. სინამდვილეში კი რეალური კარდიალური, სტენოკარდიული ტკივილი მკერდის ძვლის უკან აღმოცენდება. ეს არის მოჭერითი ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება. იშვიათად ინფარქტის დროს პაციენტს ტკივილი აღენიშნება კუჭის არეშიც“, – ამბობს ის.

გარდა ამისა, თუ პაციენტს აღენიშნება ინფარქტისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნებიც: ზოგადი სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, სიკვდილის ან/და გადაადგილების შიში. კარდიოლოგის რეკომენდაციით, პირველი, რაც შეიძლება მოვიმოქმედოთ, არის პაციენტისათვის წნევის გასინჯვა. მაღალი წნევის შემთხვევაში მიეცით მას ნიტროგლიცერინის აბი (ენის ქვეშ). თუ არის საშუალება, ტკივილის მოსახსნელად გაუკეთეთ პაციენტს ტკივილგამაყუჩებელი ინექცია კუნთში ან ვენაში, შემდეგ კი დაელოდეთ სასწრაფო დახმარებას, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

კიდევ ერთი, გავრცელებული დაავადება იშემიური ინსულტია, რომლის დროსაც ინფარქტისგან განსხვავებით პირველადი დახმარების აღმოჩენა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა. ნევროპათოლოგ ეთერ მარგალიტაძის თქმით, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სიმპტომების დროულად ამოცნობას და სასწრაფო დახმარების გამოძახებას, რადგანაც დაგვიანებული დახმარების შემთხვევაში ხშირია პაციენტის სიკვდილი ან ინვალიდობა – შესაძლოა პაციენტს დარჩეს ხელის, ფეხის ან სახის მძიმე პარეზი (დამბლა).

ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელიც შეიძლება იყოს იშემიური, როცა სისხლძარღვი იკუმშება, რის გამოც ტვინს სისხლი არ მიეწოდება და ჰემორაგიული, როცა სისხლძარღვი სკდება და სისხლი ტვინში ჩაქცევა.

ეთერ მარგალიტაძის თქმით, იშემიური ინსულტის შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე ჰემორაგიული – “ხუთი ერთთან, ასეთია სტატისტიკა. ჰემორაგიული ინსულტის ყველაზე ხშირი მიზეზი ტრავმაა, იშემიური ინსულტის მიზეზი კი შეიძლება გულსისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადება გახდეს”.
იშემიური ინსულტი ძირითადად ხანშიშესულ, 50-60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ, თუმცა თანამედროვე სტატისტიკით იგი საკმაოდ გაახალგაზრდავდა და შესაძლოა 25 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებშიც შეგვხვდეს.

ინსულტის ნიშნები შესაძლოა პაციენტს აღენიშნოს იშემიის დადგომამდე პირველ, ანუ პროგრამულ პერიოდში, რომელიც  რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. ამ პერიოდში პაციენტს აქვს მოვლითი (პაროქსიზმული) თავის ტკივილი, ლოყის, ხელის ან ფეხის მგრძნობელობის დარღვევა. შესაძლოა მოტორიკის (მოძრაობის) დარღვევა, თავბრუხვევა, არითმია, მეტყველების ან მხედველობის დარღვევა, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს როგორც თვალების დაბნელებით, ისე გაორებული მხედველობით.

სიმპტომები დღითითდე უფრო მდგრადი ხდება. თუ თავიდან ისინი რამდენიმე წუთს გრძელდება, შემდეგ მათ გაქრობას რამდენიმე საათი სჭირდება. თუმცა, ნევროპათოლოგის თქმით, ინსულტი ყოველთვის ამ სცენარით არ ვითარდება და სისხლძარღვის იშემია შესაძლოა ყოველგვარი წინასწარი სიმპტომის გარეშე ჩამოყალიბდეს. ამ დროს იშემიური ინსულტის ამოცნობა შესაძლებელია რამდენიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომით, რომელსაც შესაძლოა თავად პაციენტი ვერ ამჩნევდეს:

  • ჩამოკიდებული ლოყა – ამ დროს შეიმჩნევა სახის კუნთის მოშვება და მისი ქვემოთ ჩამოქცევა. სახის ნაწილი დაბუჟებული და მოდუნებულია, ადამიანი ვერ იღიმის თანაბრად.
  • კიდურის სისუსტე – პაციენტს თავიდან დაბუჟების შეგრძნება უჩნდება რომელიმე კიდურში, შემდეგ კი საერთოდ ვერ იმორჩილებს და ვეღარ ამოძრავებს მას.
  • მეტყველების დარღვევა – სავალდებულო არ არის პაციენტი საერთოდ ვერ ლაპარაკობდეს, იგი შეიძლება მეტყველებდეს გაუგებრად, ენის მოჩლექით და მარტივ წინადადებასაც კი ვერ იმეორებდეს გამართულად.

აუცილებელი არ არის პაციენტს ყველა სიმპტომი ერთდროულად აღენიშნებოდეს.

ნევროპათოლოგის თქმით, პირველივე სიმპტომის შემჩნევისას, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის სასწრაფო დახმარების გამოძახება. “პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, ოღონდ ეს მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა, ასეთი პაციენტის გაქანება არ შეიძლება, მთავარია, დროულად ამოვიცნოთ სიმპტომები და დავრეკოთ სასწრაფოში”, – ამბობს ეთერ მარგალიტაძე. -“მას შემდეგ, რაც სასწრაფოს გამოიძახებთ, შეგიძლიათ პაციენტს გაუზომოთ წნევა და დროის მოგების მიზნით, სასწრაფო დახმარების ექიმს პაციენტის შესახებ რაიმე ინფორმაცია დაახვედროთ”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: